ქარდავა დათო

 

უსასრულო ხემი

 

 

 

„ყოველ წამს სული სავსეა შავი წერტილებით, რომლებიც მზად არიან გაიზარდონ ან გაქრნენ.“

 

პოლ ვალერი

 

 

ნიკუშას მამიდა ზრდიდა, ლამაზი, მაგრამ უიღბლო ქალბატონი, რომლის მფრინავი ქმარი პატარა ბიჭს სულ სამ-ოთხჯერ თუ ჰყავდა ნანახი.

 

 

 

ძია ევგენი

 

 

ძია ევგენი წელიწადში ათი თვე ბგერაზე უსწრაფეს თვითმფრინავებს დააქროლებდა შორეული აღმოსავლეთიდან ბალტიის ზღვის ნაპირებამდე, თუმცა ცის უკიდეგანო სიცარიელეს შეჩვეულს მიწაზე სიარული უჭირდა. თვითონაც არაერთხელ უთქვამს, უსარგებლო საგნებით გადავსებულ სივრცეში წონასწორობას ვკარგავო. მიწაზე დაშვებული კი ადგილს ვერ პოულობდა, სულმოკლე ადამიანივით ცქმუტავდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაბრუნდებოდა უკან, სადღაც სტრატოსფეროსა და იონოსფეროს შორის, სადაც მარტო იყო და საიდანაც დედამიწა მართლაც ღმერთის შექმნილსა ჰგავდა.

 

ძია ევგენი კოსმონავტობაზე ოცნებობდა, საგანგებო რაზმშიც ჩაეწერა, მაგრამ თითქმის ერთწლიანი წვრთნის შემდეგ ისე დაიწუნეს, მიზეზი არ უთქვამთ. ძალიან განიცადა, როცა საკუთარ გვარს კოსმოდრომზე გასამგზავრებელ ოფიცერთა სიაში ვერ მიაკვლია. ფრენა კი არა, სიარულის თავი აღარ მქონდაო, იხსენებდა წლების შემდეგ ვერშემდგარი კოსმონავტი.

 

პირველად მაშინ გამოთვრა: გამოცდილი მფრინავების რჩევით გრანულებიანი მაღალი ჭიქა სულმოუთქმელად დაცალა და სასწაულის მოლოდინში გაირინდა. ალკოჰოლმა ნამარხულები სხეულის ყველა უჯრედი მოიარა და წუთის წინ თავზარდამცემი ამბით დამძიმებულმა საოცარი სიმსუბუქე იგრძნო: თითქოს დედამიწის მიზიდულობა გაქრა, ორბიტაზე გავიდა და უწონობაში ამჩატდა.

 

იმ დღიდან მოყოლებული ძია ევგენი ზემძლავრი ტურბინების გარეშეც ახერხებდა გრავიტაციის დაძლევას და ცაში ფრენას.

 

– პაიეხალი! – იტყოდა გადაკვრის წინ და საავიაციო ნავთზე უფრო ენერგოტევადი სითხით გამართული, როგორც წესი, მთელი კვირით, ხან კი მთელი თვით აიჭრებოდა ცაში, ვიდრე პოლიტგანყოფილების უფროსი არ ჩამოაგდებდა, ანდა, როგორც თვითონ ამბობდა, მოტორი არ უმტყუნებდა.

 

როცა ნიკუშას მამიდამ ქმარს არჩევანი შესთავაზა, ფრენა ან ოჯახიო, გამოცდილმა მფრინავმა მშვიდად თქვა, რომ არჩევანი წლების წინ გააკეთა, როცა ხელისგულისოდენა ცის წყვილი ნაჭერი – მფრინავის ლაჟვარდოვანი სამხრეები დაიბნია.

 

პასუხად, მამიდამ გალოთებული მფრინავი მიატოვა და მშობლების სახლში დაბრუნდა. ქმრისთვის გული რომ ეტკინა, დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფრანგული ბულდოგი სახელად პორთოსი, რომელიც უპროპორციო სხეულისა და სველი ლაშების გამო, არასოდეს ჰყვარებია, თან გაიყოლა.

 

მფრინავიც, თბილისში რომ ჩამოდიოდა, ჯერ პორთოსს მოიკითხავდა, მერეღა – გაქცეულ ცოლს. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ვიდრე ერთხელაც ნიკუშას მამიდამ მოძულებულ ქმარს ცუგას ახალი პატრონი არ დაახვედრა.

 

 

 

 

ქურთიევი

 

 

მამიდამ თენგიზ ქურთიევი ნევრასთენიის მორიგი შეტევის დროს გაიცნო. წინამხრებსა და მუხლისთავებზე ჩაქუჩის საგულდაგულო კაკუნის შემდეგ, ქალაქში ცნობილმა ნევროლოგმა მამიდას, საბჭოთა მოქალაქეებისათვის ჯერ კიდევ ეგზოტიკური ხილი, ნემსთერაპიის ორკვირიანი კურსი შესთავაზა.

ქურთიევი ორმოცდაათსაგადაცილებული, საშუალოზე მაღალი, ჭაღარა მამაკაცი იყო. რეპროდუქციული თვალსაზრისით ნაყოფიერი წლები დაუკმაყოფილებელი, ნევროზიანი ქალბატონების დევნაში გაელია, მაგრამ სიბერის ზღურბლზე მდგომმა, მოულოდნელად შენიშნა, რომ დაყოლიების მცდელობისას ფერტილურობის ასკის ვნებისაღმძვრელი ქალბატონები არაბუნებრივად რეაგირებდნენ. თუმცა სულ სხვანაირად მოიქცა ნიკუშას მამიდა, რომელიც საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებულ ნევროლოგს სამკურნალო კურსის დასრულებამდე დანებდა.

ჯვარი არ დაუწერიათ, თუმცა ქორწილი გადაიხადეს...

თამადამ, ცნობილმა ექიმმა და თბილისის საპატიო მოქალაქემ, 500 გრამიანი მენზურა და „ერთი ჩვეულებრივი ჩაქუჩი” მოითხოვა.

ჩაქუჩის სადღეგრძელო მისი თამადობის საფირომო ნიშანი იყო და კარგად ინფორმირებული მასპინძელი, როგორც წესი, წინასწარ იჭერდა თადარიგს, მაგრამ ადრე, სანამ კრემლის ვარსკვლავი თვალისმომჭრელ სიკაშკაშეს დაკარგავდა, ცნობილი ექიმი და თბილისის საპატიო მოქალაქე ჩაქუჩთან ერთად, სუფრაზე წითელი დროშის შემოტანასაც ითხოვდა, სადღეგრძელო კი ასე იწყებოდა: „ყურადღებით შეხედეთ სხვადასხვა ქვეყნის დროშებს, და თითქმის ყოველთვის მათზე ნახავთ გარეულ მხეცებსა თუ მტაცებელ ფრინველებს. საბჭოთა კავშირის დროშაზე კი ჩაქუჩი და ნამგალია დახატული.

ათასი წლების განმავლობაში ოცნებობდნენ ხალხები მშვიდობასა და მშვიდობიან შრომაზე...”

ასეთი იყო სადღეგრძელოს შესავალი ადრე, რამდენიმე თვის წინ, მაგრამ მერე ამინდივით დროც გამოიცვალა და ცნობილმა ექიმმა და თბილისის საპატიო მოქალაქემ სუფრის წევრებს ჩაქუჩის განახლებული სადღეგრძელო შესთავაზა.

„არ მეგულება ოჯახი, სადაც ერთი, თუნდაც ტარმორყეული ჩაქუჩი არ მოიძებნება. უნდა გითხრათ, რომ ეს ამბვავი სულაც არ არის შემთხვევითი. განა, რა სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის? სამი რამ: სახლი, რომელიც ჩვენი ციხესიმაგრეა! სამშობლო, რომელიც ჩვენი ხატია! და ჯანმრთელობა, რომელსაც ვერ იყიდი! სახლის ასაშენებლად დურგალია საჭირო, დურგალი კი ჩაქუჩის გარეშე რა დურგალია? საკუთარ სამშობლოში, თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში რომ იცხოვრო, უნდა იბრძოლო. ბრძოლას მახვილი, მახვილს კი ნაწრთობი ფოლადი და მჭედლის მძიმე ჩაქუჩი სჭირდება. მერე კანონებია დასაწერი, მერე კი – ამ კანონების სამართლიანი აღსრულება. და ვინ გააკეთებს ამას თუ არა მოსამართლე, რომელიც სამართალს ასევე ჩაქუჩის ცემით გააჩენს ხოლმე! და ბოლოს, ჯანმრთელობა და ნევროლოგის ჩაქუჩი, რომელიც, ერთი შეხედვით, მსუბუქია, ჰაეროვანი და გაღუნული ლურსმნის გასწორება არ შეუძლია, მაგრამ, აბა, ერთი კარგად დააკვირდით, რა სასწაულს ახდენს იგი გამოცდილი ესკულაპის ხელში, როგორ ცოცხლდება ვითარცა კოდალა – ბუნების მისტიური მკურნალი და როგორი მზრუნველობით უკაკუნებს ადამიანის დასნეულებულ სხეულს და, როგორ ტარმოუდრეკლად დგას სიცოცხლის სადარაჯოზე!

ჩაქუჩი, ეს ერთი შეხედვით შრომის მარტივი იარაღი და პრიმიტიული სამედიცინო ხელსაწყო, მოთმინებით ელის თავის ჰომეროსს, რუსთაველსა და შექსპირს, რათა, ბოლოს და ბოლოს, აღსრულდეს სამართალი და მიეზღოს კეისარს კეისრისა.

მაშ გაუმარჯოს ჩაქუჩს, ხისა და რკინის ჰარმონიულ კავშირს, კავშირს წარსულსა და მომავალს, ტრადიციასა და პროგრესს შორის! გაუმარჯოს ჩაქუჩს, რომლის გარეშე ვერ გვექნებოდა თავზე ჭერი, ვერ იქნებოდა წესრიგი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ იჯანმრთელებდნენ ქვეყნისთვის თავდადებული ვაჟკაცები და უსათნოესი ქართველი მანდილოსნები.

ასე რომ, ჩუქუჩს გაუმარჯოს და ჩაქუჩის ხელში დამჭერნი არ დალეულიყვნენ ღვთისმშობელს მიბარებულ ჩვენს ქვეყანაში! ჩაქუჩს გაუმარ-ჯოს! გაუმარ-ჯოს! არ ვარგა, კიდევ ერთხელ... გაუმარ-ჯოს! ჯოს! ჯოს! კარგიააა... ”

ამ იგავმიუწვდომელი ქორწილიდან იქნებოდა წელიწადი თუ წელიწადნახევარი გასული, მამიდის მფრინავმა ქმარმა კარი რომ შეაღო და მოვედიო, რომ თქვა.

ტყავის მძიმე ჩემოდანი ზღურბლთან დატოვა და პორთოსის ყეფაზე კრემლის კურსანტებს რომ შეშურდებოდათ, იმხელა ნაბიჯი შედგა, თუმცა მანამდე შეამჩნია, რომ მის გამოჩენამდე საყვარეული ნაგაზი უცნობ მამაკაცს ულოკავდა თმიან ხელს.

ერთ ჭერქვეშ ორი რაყიფის შეხვედრამ, იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ნიკუშაზე, რომ ძილის წინ ლექსიც კი დაწერა:

ცხოვრობდა ერთი მფრინავი,

(მასზე გულადი ვინ არი?!)

ერთხელაც ადრე დაეშვა,

ღამით რომ ძაღლი აეშვა.

...ამას რას ხედავს მფრინავი?

ცუგას პატრონი შინ არი!

 

 

 

პაგანინი, ბეთჰოვენი და ტატიანა ჩალაური

 

ნიკუშა ლექსებს მანამდეც თხზავდა, მაგრამ მამიდამ რატომღაც მაინც მუსიკალურ სასწავლებელში შეიყვანა.

თანაც აიჩემა, გინდა თუ არა, ჩემი ბიჭუნა ვიოლინოს ჯადოქარი უნდა გამოვიდესო.

ნათელა ქეცბამ, საშუალო ასაკის მწითურმა ქალბატონმა, რომელიც ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში ასწავლიდა და რომელსაც მოსკოვის კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული, გასინჯა თუ არა, შეიცხადა: წუთის დაკარგვა არ შეიძლება, ბავშვს აბსოლუტური სმენა, ფანტასტიური რექცია და უნატიფესი თითები აქვსო.

– ასეთი თითების პატრონს უფლება არ აქვს ხემი არ ეჭიროს! – ბრძანა ქალბატონმა ნათელამ და იმ წუთიდან დაიწყო ნიკუშას ტანჯვა. ვიოლინოს ისე მიათრევდა, როგორც გოლგოთის გზაზე შემდგარი მაცხოვარი ჯვარს – ტანჯვითა და მოთმინებთ. ესმოდა რომ გზას, რომელიც სადარბაზოდან იწყებოდა და მუსიკალური სკოლის მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში, ბათქაშჩამოცვენილ ოთახში, შემაღლებულ კათედრაზე სრულდებოდა, მის მაგივრად სხვა ვერავინ გაივლიდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რას ერჩოდნენ უბნელი ბიჭები. სანამ მამიდა „სკრიპკაზე შეიყვანდა”, სანამ ამ წყეულ, გახუნებულ შალითაში ჩადებულ პატარა ინსტრუმენტს (ნაღდი ვიოლინოს სამმეოთხედს) ხელში დაიჭერდა, ერთად აგროვებდნენ მარკებს, ერთად იტყავებდნენ მუხლებს ფეხბურთის თამაშის დროს და ერთად აწყობდნენ ნაგავსაყრელზე გადაგდებულ ველოსიპედებს. ახლა ის ხან პაგანინია, ხან კი ბეთხოვენა; ხან პანჩურებს ურტყამენ და ხანაც ქვებს ესვრიან, თუმცა ყოველივე ამას ნიკუშას მამიდა ვერ ამჩნევდა.

– უ მოეგო კოლენკი, – ექაქანებოდა მეზობლად მცხოვრებ ტატიანა ჩალაურს, – ლუტშიე დანნიე ჩემ უ სამოგო იაში ხეიფეცა!

– ვა, პრავდა? – პირს აღებდა მეზობელი.

ტატიანა ჩალაურმა ქალიშვილობის გვარი კუზნეცოვა ამ ოცდაათიოდე წლის წინ ქალიშვილობასთან ერთად დაკარგა, როცა ყამირის გასატეხად ჩასულმა ახალგაზრდა პარტიულმა მუშაკმა ვასილ ჩალაურმა ცელინოგრადის ერთ-ერთ საერთოსაცხოვრებელში დაიმარტოხელა.

– ცელინუ ნეტ, ნო ცელკუ ტოჩნო სლამალ! – სევდანარევი ღიმილით იხსენებდა ქალბატონი ტატიანა გარდასულ დროთა ტკბილადმოსაგონარ დღეებს, რომელთა კვალი ცხოვრების ქარტეხილებს თითქმის სრულად წაეშალა, თუ არ ჩავთვლით გივიკოს, ტატიანასა და ვასილის ერთადერთ შვილს, საგადასახადო ინსპექციის ყოფილ თანამშრომელს, უსაშველო სიმაღლის გამო მეზობლები „ჟირაფს“ რომ ეძახდნენ.

ტატიანას სულ უნდოდა ეკითხა, ეს იაშა ხეიფეცი ვინ ოხერიაო, მაგრამ მამიდა ამ უცნაური სახელისა და გვარის კაცს ისეთი სიხშირითა და სითბოთი ახსენებდა, რომ ვერ გაბედა: ვაითუ, ნათესავად ეკუთვნის, ანდა კიდევ უფრო უარესი, საყვარელია?!

ნიკუშას მამიდას კი ერთი სული ჰქონდა, როდის გაიზრდებოდა მისი ბიჭუნა, როდის მოირგებდა ფრაკს, როდის შემართავდა ხემს და როდის დაინგრეოდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი აპლოდისმენტებით.

– იოჰან სებასტიან ბახი. ჩაკონა. – ყურში ჩაესმოდა მამიდას ბრიოლინში ნაბანავები კონფერანსიეს დაბალი ბანი, – ასრულებს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კურსდუმთავრებული, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსის ლაურეატი ნიკოლოზ ქურციკიძე.

...ნიკუშა კი მილასლასებდა ქუჩაში და მიათრევდა მუყაოს სქელ ბუდეში ჩასვენებულ ვიოლინოსა და ხემს...

 

 

ზებედე

 

უბნელებიდან ნიკუშას ყველაზე მეტად ერჩოდა ზებედე, უპატრონო ბიჭი, სხვენს რომ აფარებდა თავს და ქალაქში უგზო-უკვლოდ დაკარგული მამის, მამანტი გაბედავას მოსაძებნად რომ ჩასულიყო. თუ ბაზარში არ იყო და სეზონის მიხედვით კარტოფილსა და ხახვს, ანდა საზამთროსა ნესვს არ ეზიდებოდა, მაშინ ქუჩის თავში იდგა, სიგარეტს ეწეოდა, დაბზარულ ასფალტზე აფურთხებდა და მუსიკალურ სასწავლებელში მიმავალ ნიკუშას სიცოცხლეს უმწარებდა. გასტაცებდა შალითაში ჩაკეტილ ვიოლინოს და იწყებდა დედამიწის ზურგზე ყველაზე უსამართლო თამაშს – ყველას ერთის წინააღმდეგ. ზებედეს თავხედობითა და მხარდამჭერების სიმრავლით დამფრთხალი ნიკუშა გაუბედავად მისდევდა ბიჭებს, რომლებიც გამოცდილ მორაგბეთა მსგავსად ხელდახელ ბურთაობდნენ მუსიკალური ინსტრუმენტით და, ვიდრე არ მობეზრდებოდათ, ოფლში გახვითქულ ნიკუშას აქეთ-იქით დაარბენინებდნენ.

მამიდამ კერძო რეპეტიტორთან რომ მიიყვანა, ამგვარი მძიმე დღეების რიცხვი ლამის გაუორმაგდა: ორშაბათის, ოთხშაბათისა და პარასკევის შემდეგ, დასვენების ნაცვლად შაბათ-კვირასაც მეცადინეობაში, მეზობელ ქუჩაზე მცხოვრები მოხუცი პროფესორის ერთოთახიან ბინაში ატარებდა. მამიდამ აიჩემა, ჩემი ნიკალაშა ტაშტში ჭყუმპალაობით ცურვას ვერ ისწავლისო და მიაბარა მაესტრო მიხეილ ლეოპოლდის ძე ვერჟბილოვიჩ-მიქელაძეს, რომელიც, მამიდის მტკიცებით, ზღვა კი არა, ნამდვილი ოკეანე იყო.

 

 

პროფესორი ვერჟბილოვიჩ-მიქელაძე

 

მაღალ, ძალიან გამხდარსა და ოთხმოცდაათსმიტანებულ პროფესორს თხემიდან გადავარცხნილი ჭაღარა თმა შემელოტებულ კეფას ვერ უფარავდა, რქისჩარჩოიან სათვალესა და ნებაზე მიშვებულ ასევე ჭაღარა ულვაშს კი ერთმანეთისგან უზარმაზარი ცხვირი ჰყოფდა. მართალია, აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ლამის სამი ათეული წლის წინ შეეშვა, მაგრამ გოფილექტის ბაღში ჯერ კიდევ შეხვდებოდით კლასიკური მუსიკის პროფესიონალ თუ მოყვარულ თაყვანისმცემლებს, რომლებსაც კარგად ახსოვდათ ვირტუოზი ვერჟბილოვიჩ-მიქელაძე, ორიგინალური და პოეტური შესრულების გამო „ვიოლინოს შოპენს“ რომ უწოდებდნენ...

– აბა, რა გასწავლეს... დაუკარი, არ მოგერიდოს, სულიკო, – მოხუცი პროფესორი სავარძელში გადაწვა.

სულ მალე, პედაგოგის გამოცდილმა მზერამ შეამჩნია, რომ ბიჭს, დამწყები მევიოლინეებისაგან განსხვავებით, არც სამზადისის დროს და არც ინსტრუმენტზე დაკვირსას, არ ტანჯავდა შინაგანი დაჭიმულობა.

„საოცარია”, – გაიფიქრა მასპინძელმა, – „მარცხენა ხელიც ამ ასაკის ბავშვისთვის უჩვეულოდ აქვს განვითარებული!”

დეკემბრის პირველი, მშრალი დღეები იდგა და ოთახში ჯერ არ ციოდა. მოხუცმა პროფესორმა, ართრიტთან მებრძოლი თითებით ცომის პაატა გუნდას რომ ზელდა, თვალები დახუჭა და ვიოლინოს სულსა და დეკებს შორის მომწყვდეული ჰაერის რხევას მიაყურადა.

„აქ, ბგერა ვერ არის სრულყოფილი,” – შენიშნა მოხუცმა მევიოლინემ, -„ინსტრუმენტიც არ არის სახარბიელო მდგომარეობაში; მგონი, ჯორაკი სხვა ვიოლინოსგან უნდა იყოს ნასესხები... ხემსაც არ აწყენდა ცოტათი დაჭიმვა...”

კმარაო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ მოულოდნელად პროფესორს მოეჩვენა, რომ ოთახი თვალისმომჭრელი სითეთრითა და ყინულის ნამცეცებზე არეკლილი სინათლის სხივებით აივსო, ჰაერი გაცივდა და სუნთქვა გაიოლდა. უნებურად, გაახსენდა ბავშვობა, პირველი თოვლით გამოწვეული სიხარული და მშობლები, რომლებიც ციდან დაცვენილი მანანის ჭამას არ ანებებდნენ...

შეცბუნებულმა გაახილა თვალები, მიმოიხედა და მიხვდა, რომ არ ჩაძინებია. მართალია, თოვლი და ელვარე სითეთრე აღარსად იყო, მაგრამ პირში ისევ ედგა თოვლის უცნაური გემო, შორეული ბავშვობა და დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მშობლები რომ გაახსენა.

ნიკუშა ვივალდის „ზამთარს” უკრავდა...

 

 

მა-მან-ტი

 

ზებედეს მამა, მამანტი გაბედავა გონს რომ მოვიდა, არაფერი ახსოვდა. არ ახსოვდა ის, თუ როგორ ლივლივებდა გვალვისგან დაჩაგრული სიმინდის ყანა, როგორ უბაკუნებდა აგვისტოს ხვატში დამსკდარ მიწას ოროყიან თოხს, როგორ სვამდა ზებედეს მოტანილი დოქიდან ჭის წყალს, როგორ გრილდებოდა მისი ცოლ-შვილი იქვე, შორიახლო მოჩუხჩუხე პატარა მდინარეში, როგორ აბურთავებდა მოვარდნილი ნიაღვარი მეგრული ოდებისხელა ქვის ლოდებს, როგორ უმწეოდ ზმუოდნენ მუცელგაბერილი კამეჩები, როგორ წაიღო კავკასიონის კალთებზე ნაგროვებმა წვიმის წყალმა საყვარელი მეუღლისა და ზებედეზე ორი წლით უმცროსი ტყუპი ქალ-ვაჟის სიცოცხლე, ღმერთის ნაბოძები რომ იყო და, რატომღაც, სიმინდზე იოლად მოსათხრელი რომ აღმოჩდა...

თვეების მერე, გონს რომ მოვიდა, ზებედე აჩვენეს. გაუღიმეს, შენი შვილია, თუ იცანიო. მე თვითონ ვინ ვარო, იკითხა. მამანტი ხარ, ზებედეს მამა, მამანტიო...

„მა-მან-ტი” – დამარცვლით გაიმეორა და თითქოს სინათლეც ჩაუდგა თვალებში, მაგრამ ექიმებიდან დაბეჯითებით ვერავინ თქვა, რა იყო ეს, ზებედეს ნახვით გამოწვეული სიხარული, თუ უგზოუკვლოდ დაკარგულ ცოლშვილს დადევნებული ცრემლი. თუმცა, სულ მალე მამანტი გაბედავაც ისევე გაქრა, როგორც მისი ოჯახის წევრები აგვისტოს მზიან დღეში...

ოთახში, სადაც მთელი სამი თვე დაჰყო, დასალაგებლად შესულმა სანიტარმა მოისაკლისა მხოლოდ გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოების ნაჩუქარი ოთხთავი და მაუდის შავი გადასაფარებელი, რომელსაც, როგორც ჩანს, ზამთრის სუსხიან დღეში გზასდამდგარი მწირისათვის მოსასხამის მაგივრობა უნდა გაეწია...

ცხოვრობდა გარეჯის უდაბნოში მარტოდმარტო, ღია ცის ქვეშ, ერთ მაღალ მთაზე, საიდანაც ყველა მიმართულებით გამხმარი ბალახითა და ქვიშით დაფარული ველი იშილებოდა, მაგრამ დაღუპვის ნაცვლად, როგორც ბერებმა შენიშნეს წლების შემდეგ, საკვირველი ხელმწიფება მოიპოვა ბუნების ძალებზე. მის სამყოფელთან ყოველდღე იკრიბებოდნენ უდაბნოს მკვიდრი მხეცები და საოცარი თვინიერებით ისმენდნენ წმინდა სახარების კითხვასო.

იკვებებოდა მხოლოდ იშვიათად მოსული წვიმის წყლითა და გზააბნეული თხების რძით, რომელსაც დარში ღია ცის ქვეშ ხვრეპდა, ავდარში კი თავს აფარებდა მთის თხემზე, უზარმაზარი ლოდის ქვეშ გამოთხრილ სოროს, სადაც ადამიანის გარდა ეტეოდა მხოლოდ უდაბნოს კიდეზე მოთხრილი ბალახის მცირე ბულული და ხელისუგულისოდენა სიპი ქვა...

მამანტი გაბედავამ არ იცოდა რამდენი ხანი დაჰყო უდაბნოში. ამაზე არც უფიქრია, ვიდრე თეთრწვერა მოხუცმა, რომელმაც უძილო ღამეების გრძელი ჯაჭვი გაწყვიტა, მთელი წარსული არ გაახსენა და არ ამოასუნთქა მძიმე სატანჯველისგან. გაღვიძების წინ დაანახვა წალკოტი მშვენიერი და ყვავილთა მტილში მოთამაშე ნორჩი ქალ-ვაჟი, რომლებსაც ნეტარი ღიმილით თავს ევლებოდა ლაჟვარდოვანი მაფორით მოსილი ახალგაზრდა ქალი – დიდებული როგორც ღრუბლებში გასხივოსნებული ცისარტყელა.

ნუ დრტვინავო, უთხრა მოხუცმა, მხოლოდ ბოროტად ცხოვრებულნი სულნი იტანჯებიან ცეცხლისა შინა მწარესაო.

ამის მერე, თეთრწვერება მოხუცმა სულ სხვა ალაგას დაანახვა ზებედე და კიდევ ერთი ყმაწვილი და უთხრა, აკეთე შენი საქმე და საზღაურს დროულად მიითვლიო...

უდაბნოს საზღვარი რომ მოიტოვა, ცხელმა ჰაერმა ხმა დააწია, არ დავიწყო, სხვისი ობოლიც არ დაივიწყოო...

 

 

 

დამსხვრეული სამკუთხედი

 

მამიდის, სამხედრო მფრინავისა და ნევროლოგის უგვანი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ზამთრის ერთ მზიან დღეს საქმეზე ხუთი წუთით გასული მამიდა შინ ცოცხალ-მკვდარი მიასვენეს. ზუსტად არავინ იცის, რა მოხდა. ერთნი ამბოდნენ მარჯანიშვილის ხიდზე გადადიოდა, როცა ვიღაც მამაკაცი მიეპარა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყაო.

სხვათა მტკიცებით, მიდიოდა თავისთვის, უცბათ ფეხი გადაუბრუნდა და მოცელილივით დაეცა. ბევრმა სანდოდ სწორედ ეს უკანასკნელი ვერსია მიიჩნია, რადაგანაც სოლიდური ასაკის მიუხედავად, მამიდა ვერ ელეოდა ახალგაზრდობაში შეძენილ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს. რას იკლავ თავსო, ხშირად უკითხავს ტატიანა ჩალაურს, მაგრამ ხეირიანი პასუხი არასოდეს მიუღია. არადა, ფრანგული ლიტერატურის მოტრფიალე მამიდა ითვალისწინებდა პროფესორ ჰადოკის კვლევას, რომელიც იმდენად დიდი ხნის წინ ჰქონდა წაკითხული, რომ მისი შინაარსი აღარც კი ახსოვდა, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვეულება ჰქონდა, მაღალ ქუსლზე დგომას აღარ იშლიდა.

კვირის თავზე, ნეიროქირურგმა, ჭაღარა ბალნით დაფარულ უპროპორციო სხეულს ხშირი რეცხვისგან გაცრეცილი მწვანე ხალათი რომ უფარავდა, ოჯახის წევრებს დიაგნოზი გააცნო.

ექიმი იყურებოდა განზე და ლაპარაკობდა ემოციის გარეშე, სვენებ-სვენებით. როგორც ჩანსო, ამბობდა იგი, თავის ტვინის ქერქია დაზიანებულიო, მაგრამ ტვინის ღარი მთლიანიაო და სწორედ იქიდან ხდება ფიზიოლოგიური ფუნქციების – სუნთქვის, ძილის, სიფხიზლის, საჭმლის მონელების კონტროლიო.

თვალებს რომ ახელს, ეს სუფთა მექანიკური მოქმედებაა, ტვინი არ მუშაობს, მასში არ არის არც აზრი, არც გრძნობაო.

ექიმმა სულ ბოლოს ისიც თქვა, რომ ავსტრიაში წაიყვანეთ, თუ უშველიან იქ უშველიან, თუ არადა ის მაინც გეცოდინებათ, რომ გადარჩენის შანსი არ ჰქონდაო.

და რა დაჯდება ავსტრიის მოვლაო, იკითხა ძია ევგენიმ.

– ათი ან თხუთმეტი ათასი... – თქვა ნეიროქირურგმა და მზერა ფანჯრიდან ჭერზე გადაიტანა.

– ათი თუ თხუთმეტი? – დაზუსტება სცადა.

– შესაძლოა ათი, შესაძლოა თხუთმეტი და მეტიც...

– ხმას აუწია ექიმმა.

ძია ევგენი მიხვდა, რომ ძალიან ცუდად იყო საქმე. არადა, ქურთიევსაც აღარაფერი შეეძლო. ცხინვალში გავარდნილი პირველი ტყვია გაცივებული არ იყო, რომ მინისტრის მოადგილედ დაწინაურებულმა ცნობილმა ექიმმა და დედაქალაქის საპატიო მოქალაქემ კაბინეტში დაიბარა და განცხადების დაწერა მოთხოვა. ქალაქში ხმა დადის ფულს აგროვებთ და ორჯონიკიძეში იარაღის შესაძენად აგზავნითო.

ქურთიევმა პასუხად ხელები გაშალა, მინისტრის მოადგილემ კი ზურგი შეაქცია.

– აი, ნიმუში, – გამოსძახა მხარსუკან და სქელი საქაღალდიდან ფურცელი ამოიღო.

ქურთიევმა ნიმუში ხმამაღლა წაიკითხა: „გთხოვთ, საკუთარი სურვილის საფუძველზე გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან...”

დერეფანში გასული ავტომატიანმა კაცებმა კუთხეში მიიმწყვდიეს და იდუმალი ხმით უთხრეს, ჩვენ ყველაფერი ვიცითო.

ქურთიევმა ვერ მოითმინა და ერთ-ერთ ავტომატიანს, ცნობილი მსახიობი ქალის შვილი რომ იყო, ჰკითხა, დაგიჯერებ ყველაფერი რომ იცი, თუ მეტყვი, რამდენი აბორტი აქვს დედაშენს გაკეთებული მამაშენის გაცნობამდეო.

ქურთიევი ისე გააგდეს საქართველოდან, რომ სამსახურში მისვლა და მუხლისთავებზე ხშირი კაკუნისგან გაცვეთილი ჩაქუჩის წაღებაც კი არ აცალეს.

რჩებოდა უკანასკნელი იმედი: ტატიანა ჩალაურის მეუღლე...

ვასილ ჩალაურს არჩევნებში გამარჯვებული მოძრაობის ლიდერებმა უზარმაზარი ყვითელი შენობის მარცხენა ფლიგელში ოთახი გამოუყვეს, ხოლო კარზე, რომლიც ადრე არაერთხელ აეჭედათ, აბრა დაამაგრეს:

 

ვასილ კონსტანტინეს ძე ჩალაური

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

ვასილ ჩალაური

 

ტატიანა ჩალაურის ქმარი, ვიდრე ეროვნულ მოძრაობაში ჩაებმებოდა, ვიდრე მიტინგებზე მგზნებარე სიტყვებს წარმოთქვამდა, ვიდრე თანამშრომლებში კრემლის აგენტების გამოაშკარავებას დაიწყებდა, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში ხულიგნობისა და ნაციონალური შუღლის გაღვივების ბრალდებით დააკავეს. პროფკავშირების საკავშირო ყრილობაზე, ვიღაც დელეგატს, შესვენების დროს ნება-ნება რომ აბოლებდა ტალონით შეძენილ არომატიზებულ „ტემპს”, უთქვამს, საქართველო ძალიან ჰგავს მხეცს, რომელსაც მომთვინიერებელი სჭირდებაო. თუ მომთვინიერებელი არა ჰყავს, თავსაც ვნებს და სხვებსაცო.

იმის გამო, რომ ქართველებს რუსთაველის გამზირზე ლაღიძის წყლების ნაცვლად, ერთმანეთის სისხლი ჯერ არ ჰქონდათ დალეული, ამ მომთვინიერებლის ამბავმა ვასილ ჩალაურს გულწრფელად ატკინა გული. ორიგინალური იდეის ავტორს სილა გააწნა და უწმაწურად შეიგინა. ის ვიღაცა, სახაზინო „ტემპს” რომ აბოლებდა და ქართველებზე საუბრისას ანთროპოლოგიას ეტოლოგიაში რომ ურევდა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ქერქის ინსტიტუტის პროფკავშირის თავმჯდომარე და საკავშირო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი აღმოჩნდა. ატყდა ერთი ამბავი. ვასილ ჩალაური წითელსამკლაურიანმა დრუჟინიკებმა ხელებამოგრეხილი გაიყვანეს პროფკავშირების სასახლის ფოიედან, რომელიც, ბედის ირონიით, ქართველი მხატვრის მიერ იყო გაფორმებული და ფერადი კენჭებით აწყობილ უზარმაზარ პანოს „ჩრდილოეთის მზე” ერქვა.

პროფკავშირების ყრილობიდან გაძევებულ ვასილ ჩალაურს ეროვნული მოძრაობის ლიდერები ალექსეევკის აეროპორტში დახვდნენ, ჯერ მცხეთაში, სალობიეში წაიყვანეს, შემდეგ კი -კონსპირაციულ ბინაში.

პირველივე მიტინგზე, უნივერსიტეტის პანთეონში, ვასილ ჩალაურმა მოსკოვიდან ჩამოყოლილი სანთებელათი საჯაროდ დაწვა ჯიბეში ხშირი დებისგან კუთხეებაპრეხილი პარტბილეთი და წაიკითხა ილია ჭავჭავაძის ლექსი, რომელიც, რატომღაც, აკაკი წერეთლისა ეგონა.

სულ ხუთი თუ ათი წუთი ილაპარაკა, მაგრამ წვიმაში მოყოლილი მგზავრივით დასველდა, შეეშინდა, ამდენ ხალხში ვინმემ არ მიცნოს და რუსი ქალი რომ მყავს, არ წამომაძახოსო.

მეორე დღეს ვასილ ჩალაურმა თავისი თამარა მილიციის განყოფილებაში მიიყვანა და განცხადება დააწერინა, პასპორტი დავკარგე და გთხოვთ ახალი მომცეთო. ჯარიმის, ათი მანეთის გადახდის შემდეგ, ტატიანა ჩალაურს ხელახლა შეავსებინეს ფორმა #47, სადაც გრაფაში „ეროვნება”, ქმრის დაჟინებული მოთხოვნით, „უკარაინელი” ჩაწერა, თუმცა ერთი წლის თავზე, როცა უკანასკნელ საბჭოთა არჩევნებზე ვასილ ჩალაურის გვარ-სახელი პარტიულ სიაში შეიტანეს, მეუღლე დაარწმუნა, რომ მათთვის და, შესაბამისად, მათი შვილისთვისაც უკეთესი იქნებოდა, თუკი ოცდაათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაიყრებოდნენ.

ეს როგორ პანიმატო, იკითხა ტატიანამ, ასე იგი, რაზვოდიო?

ახ ტი შტეროჩკაო, გაუცინა ვასილ ჩალაურმა, რა თქმა უნდა, ფორმალნო და, რა თქმა უნდა, ვრემენნო, საარჩევნო გარიაჩკის ჩამთავრებამდეო... 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქარდავა დათო / უსასრულო ხემი