ისევ მოხუცი პროფესორი

 

ქვედა დეკა ნეკერჩხლის ნაცვლად ნაძვისგან იყო გამოთლილი და ფორმითაც ვერ იყო სათანადოდ დახვეწილი, მაგრამ ამის მიუხედავად, მოწაფის ვიოლინო ნიკუშას ხელში იმაზე უფრო კეთილშობილ და გულშიჩამწვდომ ბგერებს გამოსცემდა, ვიდრე ინსტრუმენტს შეეძლო...

მოხუცმა მასწავლებელმა ნიკუშას დახმარებით გამოაღო კედელში დატანებული რკინის მძიმე კარი.რომ მოტრიალდა, წინგაშვერილ მოცახცახე ხელებზე საოცარი სილამაზის ვიოლინო ესვენა...

– ნამდვილია? – იკითხა ბიჭმა.

პროფესორი დარწმუნებული იყო, რომ სულ მალე ნიკუშას კონცერტზე მისული მსმენელი ვეღარ გაარჩევდა ხემის მოძრაობის მიმართულების შეცვლას და სმენას დაიტკბობდა უწყვეტი, უსასრულო ბგერით, რომელიც გარემომცველ ჰაერთან ერთად ადამიანთა სულების ათრთოლებასაც შეძლებდა. მანამდე კი, მოხუცი პედაგოგის თხოვნით, ნიკუშამ საკუთარი ნაწარმოები შეასრულა...

...ეს იყო ამბავი ობოლი ბიჭისა, რომელსაც ბეღურის გული ჰქონდა, მაგრამ ფრენა არ შეეძლო. ალბათ, სხვებივით ისიც ისწავლიდა ცხოვრებას, წინააღმდეგობის დაძლევას, მარტო რომ არ ყოფილიყო და გარეთ გასვლის რომ არ შინებოდა.

სიცოცხლის ბოლომდე ასეც იქნებოდა, არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მოულოდნელად ამოვარდნილმა ქარიშხალმა გზად ყველაფერი დალეწა და ბიჭიც თან გაიყოლა... მერე მუსიკალური თემა თანდათან გაფართოვდა და ბიჭის ბედ-იღბალი შეცვალა. ერთი ხანობა ფრენის სისწრაფისგან გაშეშდა, უსაზღვრო სივრცემ აზროვნების უნარი წაართვა, მაგრამ მალევე მოეგო გონს, გაკადნიერდა, ხელები გაშალა და ჰაერის ნაკადს მიუშვირა სახე.

ასე იდგა უძრავად, ვიდრე ძალა არ მოიკრიბა და ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით არ გადადგა ნაბიჯი. საოცარი ნეტარება იგრძნო, სიხარულმა თითქოს ფრთები შეასხა. საკუთარ თავზე აღარ ფიქრობდა, ადამიანებთან შეხვედრის სურვილი ძალას მატებდა...

...მოხუცი პროფესორი დაძარღვული თითებით ისტერიულად ზელდა ცომის პატარა გუნდას. ადრე, წლების წინ სტუდენტები რომ ჩააცივდნენ, რატომ ცომიო, უპასუხა, პლასტილინის ასაკიდან დიდი ხნის წინ გამოვედი და ტალახით თამაში რითაც დამთავრდა თქვენც კარგად მოგეხსენებათო.

ერთ-ერთ ლექციაზე ისიც უთხრა სტუდენტებს, რომ ვიოლინო ოცნებაა სრულყოფილ ადამიანზეო.

– კი მაგრამ, რას ნიშნავს სრულყოფილი? – იკითხეს დაბნეულმა სტუდენტებმა, – ადამიანებს ხომ სხვადასხვა ოცნებები და შეხედულებები აქვთ?

სრულყოფილი მხოლოდ შეყვარებული ადამიანი შეიძლება იყოსო, უპასუხა პროფესორმა, ვიოლინო ერთი ჩვეულებრივი უსულო საგანია, მხოლოდ სიყვარული აქცევს მას სრულყოფილებადო.

სიყვარული რაღა არისო, აღარ გაჩერდნენ პროფესორის გულახდილობით გახალისებული სტუდენტები.

– სულების, სხვათა სულების ჭვრეტა, – მოკლედ მოჭრა, – რაც, სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია...

– რატომ არ შეუძლია? – აღარ მოეშვნენ.

– მარტივი მიზეზის გამო, – თქვა პროფესორმა, – სიყვარულისთვის ჭვრეტის განსაკუთრებული ორგანოა საჭირო. ერთი-ორი ამ ორგანოთი იბადება, დანარჩენები კი დაუღალავი შრომით მოიპოვებენ!

...მოხუცი მასწავლებელი ხვდებოდა, რომ ნიკუშა სწორედ ამ, სხვათა სულების საჭვრეტი ორგანოთი იყო აღჭურვილი...

 

 

 

„აგენტი და კოსმონავტი დედა...“

 

ვასილ ჩალაური მთელი წლის უნახავ შვილსა და მის თანმხლებ ოფიცერს ხაზგასმული კეთილგანწყობით შეეგება. ორცხობილის, ჩაისა და თითო ღერის შემდეგ, მანსპინძელმა მაჯის საათზე დაიხედა.

ნიკუშას მამიდის ამბავი შვილისგან შეიტყო, ძია ევგენის კი სულ ტყუილად უქნია თავი, მისი ნაამბობიდან ერთი სიტყვაც კი არ შეუშვა ყურში. სამხედრო მფრინავის მოხდენილმა სააღლუმო ფორმამ და ორდენებით სავსე მკერდმა, ძია ევგენის მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ვასილ ჩალაური გულგრილი დატოვა: სამხედრო ფორმებს ქუთაისის საფეიქრო ფაბრიკაშიც კერავდნენ, ბრჭყვიალა საბრძოლო ორდენები კი უკვე ბლომად ეყარა მშრალ ხიდზე ვერცხლის კოვზებსა და უხეშად დარჩილულ სამოვარებს შორის.

გული რომ გაუკეთა, მონაცემები მისაღებში დატოვეო, რომ უთხრა; დამშვიდობებისას, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, დაგირეკავთო, რომ დაჰპირდა და მხარზე ხელის ტყაპუნს რომ მორჩა, მდივანი გამოიძახა.

„კარგად დააკვირდი? სხვაში ხომ არ შეგეშლება? გვარი სწორად ჩაინიშნე?”

დადებითი პასუხი რომ მიღოო, იყვირა: რაც უნდა გითხრას, რამდენჯერაც უნდა დარეკოს, ეგ კაცი აღარ დამანახვო,მაგისთვის არ ვარსებობ,მაგის აგენტი ლიოჩიკ-კოსმონავტი დედაცო...

 

 

 

სწავლული ჟირაფი

 

ძია ევგენიმ თქვა, რომ იმედი აღარ არისო.

გივიკომ კი ერთი სათადარიგო ვარიანტი მაქვს, ბაქოში კაცი მეგულება მოხუცი პროფესორის ვიოლინოში ოცდაათიათას რომ გადაიხდისო.

მერეო, ძია ევგენიმ.

რაღა მერე, ვიოლინო უნდა ავიღოთო.

არ მოგვცემსო.

გივიკომ, წავართვათ, საიქიოში სიმფონიური ორკესტრი მაინც არ არისო.

ნიკუშამ ყურებს არ დაუჯერა. ჟირაფივით მაღალი გივიკო ეზოში ყველაზე კეთილი კაცი ეგონა. ტატიანა ჩალაურიც იმას ამტკიცებდა, პატიოსანი რომ არის ჩემი სინოჩეკი,კრტამს რომ არ იღებს, იმიტომ გააგდეს სამსახურიდანო.ნიკუშას უწყინარ ჟირაფზე,ძია ევგენისთან ერთად ხშირ-ხშირად ლუდს რომ წრუპავდა,ლექსიც კი ჰქონდა დაწერილი:

„ცხოვრობდა სწავლული ჟირაფი,

ლუდის უყვარდა მას ქაფი.

აფრიკა ენატრებოდა,

ძილშიც კი ესიზმრებოდა.

ჩლიქზე აკრული ტალახი,

ეს იყო მისი ალაფი”.

რა ეფექრა, არ იცოდა. ძალიან უყვარდა მამიდა, მისი ავადმყოფობაც უკლავდა გულს, მაგრამ არ ეგონა ერთი ადამიანის სიცოცხლე მეორისას თუ გამორიცხავდა.

დამპალი ლეღვის სუნი ეცა და პირი ნერწყვით აევსო...

გათენებას დაველოდოთო, გივიკომ, ღამით კარს არ გაგვიღებსო.

სხვა რა გზააო, ძია ევგენიმ...

 

 

 

„ლეღვი ერთი გზასა ზედა“

 

მაშინაც ასე დაემართა, როცა მამა გარდაეცვალა ბაზარში, უეცრად, შუაზეგახლეჩილი ლეღვით ხელში.

 

თუ არ გავსინჯე, როგორ გავიგო რას ვყიდულობო, თქვა სულის ამოსვლამდე რამდენიმე წამით ადრე და გადამწიფებული ნაყოფით ნიკუშასაც ამოუვსო პირი.

ახსოვს, დედა ტიროდა და გამვლელებს ექიმის მოყვანას თხოვდა. თვითონაც ტიროდა, თუმცა გაურანდავი ფიცრებისგან შეკრულ მაგიდაზე დასვენებელი მამის ცხედარი არ უნახავს. დახლებს შორის ტომრების ხერგილს ამოეფარა, მაგრამ შიშს – ძლიერსა და ყოვლისმომცველს, მაინც ვერ დაემალა: სწორედ იმ დღეს ჩაუსახლდა სხეულის სიღრმეში და მას შემდეგ ეს მყუდრო ალაგი აღარ დაუტოვებია. მეტიც, შიში, რომელსაც დამპალი, სიმჟავეშეპარული ლეღვის სუნი და გემო ჰქონდა, ბატონობდა ნიკუშაზე, რის გამოც ხშირად ოფლიანობდა, ერეოდა გული და უმძიმდებოდა სწორი ნაწლავი...

ახლაც იგივე დაემართა. გარეთ, ჰაერზე რომ არ გასულიყო, გული აერეოდა.

მიხვდა, რომ რამდენიც უნდა ეცოცხლა, თუ ახლა ვერაფერს შეცვლიდა, ამ დამპალი ხილის სიმყრალეში ამოხდებოდა სული!

სკოლაში წაკითხული გაახსენდა, ძე ღმრთისა მოვიდა და მოგვცა ჩვენ გონება, რათა ვიცოდეთ ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთიო.

– სად არის ღმერთი, – ატირდა ნიკუშა, – რატომ არ მეხმარება?

მერე დედა გაახსენდა, რატომღაც მისი იმედიც ჰქონდა...

– რატომ არ მოდის? – იკითხა ერთხელ ძილის წინ, – მიმატოვა?.

– რას ამბობ, – შეიცხადა მამიდამ, – დაიმალა, შეეშინდა და დაიმალა... შენც ხომ დაიმალე, როცა შეგეშინდა!

 

 

 

გულხარბი და მოჩხუბარი

 

კიბეები რომ ჩაათავა, ადევნებული პორთოსი და ეზოში მდგომი ზებედე მერეღა შეამჩნია. ოდნავ წინ გადახრილმა ვიოლინო პალტოში ჩამალა და გახედა ეკლესიას, რომლის ნაცრისფერი გუმბათი ქუჩის გასწვრივ ჩალაგებულ სახლებს შორის მოჩანადა.

აქეთ მოიწიო, დაუძახა ზებედემ.

 

არ შეშინებია. მხოლოდ იმის გამო, რომ დრო არ დაეკარგა, გაიქცა. ზებედე ადრევე დაეწეოდა, მაგრამ პორთოსი გამოენთო. ყეფითა და ღრენით გადაუდგა წინ, ერთი-ორჯერ შარვლის ტოტშიც წვდა, მაგრამ დრუნჩში რომ მოხვდა, წკმუტუნით გაშორდა იქაურობას.

ეკლესიის კართან დაეწია...

ნიკუშა მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გარეშე, დაკარგავდა ვიოლინოს, რომელიც ისე სჭირდებოდა ახლა, როგორც არასდროს.

მოქნეული მუშტი მარცხენა ლოყაში მოხვდა.

ეტკინა, მაგრამ სახის დამალვა არ უცდია. დაიხარა და კისერდაჭიმული შეუვარდა წელში. დაჯახებამდე, ვიდრე მოწინააღმდეგის ნეკნები მის თავზე გაიდრიკებოდა,ძალები მოიკრიბა და მთელი ტანითაც გახტა წინ...

ზებედეს ყმუილის მაგვარი აღმოხდა...

კიდევ რამდენჯერმე გაიბრძოლეს. ის იყო ზებედეს უკან უნდა დაეხია, რომ ნიკუშას ცრემლები წასკდა. ვერ მიხვდა, რა ახლოს იყო გამარჯვებასთან და მოწინააღმდეგეს ზურგი შეაქცია, იქვე, ეკლესიის კართან აყუდებულ ვიოლინოს დაწვდა და ორივე ხელით ჩაიკრა გულში, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ამ გზით ინსტრუმენტს ვერ შეინარჩუნებდა.

ყველაფერი ასეც იქნებოდა, რომ არა უცნობი, ძონძებსა და საკუთარ თმა–წვერში გაბურდული მამაკაცი, რომელიც სიბნელეს გამოეყო და ბიჭებს მიუახლოვდა.

– ნუ იქნებით გულხარბი და მოჩხუბარი, – უცნობს მშვიდი და ლამაზი ხმა ჰქონდა, – არამედ იყავით კეთილი და მართალი სიტყვის მიმდევარი, ისეთი რომ ძაღლიც კი გილოკავდეთ წყლულებს...

ზებედემ ვიოლინოს ბუდეს ხელი გაუშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. გვარიანად რომ შეერია სიბნელეს, მერეღა შეაქცია ზურგი მოულოდნელად გამოჩენილ მამაკაცს და „არა, არა”-ს ძახილით,მეტი სიბნელისკენ გაიქცა.

უცნობმა გამოდევნება სცადა, მაგრამ მალევე ჩეიქნია ხელი და ნიკუშასთან დაბრუნდა.

– რას გერჩის?

– არ ვიცი, – თავი ჩაღუნა, – არაფერი დამიშავებია...

ეკლესიის მძიმე, რკინით შეჭედილი კარი უცნობის დახმარებით შეაღო და მხოლოდ ჩაბნელებული ხატების წინ დარჩენილს გაახსენდა, რომ არც სანთელი ჰქონდა და არც ლოცვა იციდა.

თუ გწამსო, უცნობმა.

ნიკუშამ კიო, მაგრამ პასუხი დაუგვიანა.

უცნობმა, თუ ჩვენ არ გვწამს, ის მაინც რჩება სარწმუნოდ, რადგან საკუთარ თავს ვერ უარყოფსო.

არა, არა, მწამსო, ნიკუშამ და ტირილი მოუნდა.

უცნობმა თავზე ხელი გადაუსვა.მალე მოვალო, უთხრა.

დაბრუნებისას, ერთ ხელში მოციმციმე კანდელი ეჭირა, მეორეში კი თაფლის წვრილი სანთელი.

– მარტო დაგტოვებ, – გაუღიმა და თეთრი კბილები გამოაჩინა, – მე უნდა ვიცნო ჩემი და ჩემმა უნდა მიცნოს მე...

წავალ, სადმე აქვე იქნება...

 

 

 

ვარსკვლავებისკენ...

 

მარტო დარჩენილმა რიყის ქვით აშეენებულ საყდარს მოავლო თვალი. სიბნელის გამო, იქნებ სიძველისგან, კედლის მხატვრობის გარჩევა გაუჭირდა, მცირე ზომის საკუთრთხევლიდან ორივე მხარეს კი საფლავის ქვებიც შენიშნა.

მზერა ღვთისშობლის განათებულ სახეზე შეაჩერა და ყოყმანის შემდეგ დაუკრა ისე გულღიად, ისე გულწრფელად როგორც კი შეეძლო...

ნიკუშა ჩიოდა მკვრივი, მძიმე საგნებით სავსე სამყაროზე, რომლის მამოძრავებელი ძალა მრისხანე და შეურიგებელი იყო სასოწარკვეთილი, დაძაბუნებული ადამიანების მიმართ და, რომ ეს ადამიანები, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, სულის ნაცვლად ქვის ნატეხებს ატარებდნენ...

მონდომებით უკრავდა, თუმცა ხვდებოდა, რომ მეტი სიმძლავრე, მეტი თავდადება იყო საჭირო, რათა მომხდარიყო სასწაული და ძალას, რომელსაც რკინის ხუფის ქვეშ ჰყავდა დამწყვდეული სიკეთე, უკან დაეხია და გზა დაეთმო...

„ღმერთო, გადაარჩინე! ღმერთო, არაფერი დაუშავდეს!..“

ნიკუშამ იგრძნო, რომ მარტო არ იყო, რომ ის ადამიანები ვისთვისაც ლოცულობდა, ვისი სიცოცხლეც მასზე იყო დამოკიდებული, იქვე, კანდელით განათებულ საყდარში იდგენ და მის გამხნევებას ცდილობდნენ. ჩემი სჯერათო, გაიფიქრა და ძალის მოზღვავება იგრძნო. ვიოლინოც თითქოს გაცოცხლდა, უმშვენიერესი ბგერები დაბადა და ლოცვას მეტი სასოება, გუწრფელობა შემატა…

მოგვიანებით ნიკუშა მიხვდა, რომ ჰანგების ჰარომონიულ მდინარებას თავად ინსტრუმენტი წარმართავდა და არ გაკვირვებია, როცა დეკებს შორის მოქცეულმა „ვიოლინოს სულმა“ უხილავი კარი გაგლიჯა და ტყვეობიდან გათავისუფლდა...

„ღმერთო, გადაარჩინე! ღმერთო, არაფერი დაუშავდეს!..“

…ხემი კი არ ჩერდებოდა, მღეროდა, განწირულის ხმით ეძახდა გათავისუფლებულ სულს და როგორც ჯადოსნური საქუსალი, ათრთოლებული ჰაერისა და სანთლის მკრთალი სხივებისგან ბეჭდა ჰაეროვან, მანათობელ ქსოვილს, რომელიც თანდათანობით იშლებოდა, არღვევდა იდუმალ ბურუსს და შარავანდედითვით ეკვროდა ეკლესიას, შემდეგ კი მიიწიევდა ზევით, ცის ეკრანზე ანთებული ვარსკვლავებისკენ...

„ღმერთო, გადაარჩინე! ღმერთო, არაფერი დაუშავდეს!..“

მიტოვებულ საყდარში ჩურჩულით ნათქვამი ეს სიტყვები უსასრულობაში გაიბნა და დედამიწაზე მტრედისფერი განთიადის სახით დაბრუნდა...

 

 

 

უსასრულო ხემი

 

ეზოში გამოსულმა, საოცარი შვება იგრძნო. გათენებულიყო, მაგრამ ციური მექანიკის საწინააღმდეგოდ, მზეს ვერ დაეწვა მოციმციმე მნათობები.

ნიკუშას კი წლების მერეც ახსოვდა: ხემი რომ დაუშვა და გარეთ რომ გამოვიდა, იისფერ ზოლად დაფენილ დღისა და ღამის გასაყარზე სულ სხვანაირად ელავდა დილის ვარსკვლავი...

მამიდამ თვალი გაახილა და ბიჭი სად არისო, იკითხა.

აი, ბოჟე მოი, სასცაულიო, ტატიანა ჩალაურმა კივილით მოაბრუნა საქმეზე მიმავალი, გრძელ პალტოებში იარაღჩამალული ძია ევგენი და გივიკო. გაიგვიდზა, გაიგვიდზა, სასცაული მოხდაო.

ნამდვილი სასწაული იყოო, გაიფიქრა მოხუცმა პროფესორმაც, ვიდრე ნანახი სიზმარი დაავიწყდებოდა. მთლად ბავშს ეცვა თეთრი ქათქათა პერანგი და ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი და ბედნიერი მშობლების თხოვნით სკამზე შემდგარი უკრავდა უმშვენიერეს მელოდიას, რომელიც არ მთავრდებოდა და შვილის ნიჭიერებით აღფრთოვანებულ ისედაც ლამაზი და ბედნიერი მშობლების სახებას გაქრობის საშუალებას არ აძლევდა.

სასწაული გივიკომ და ძია ევგენიმაც დაიჯერეს, მაგრამ მალევე ამოუვარდათ მეხსიერებიდან.

იმ დღეს, ნიკუშას მამიდან თვალი რომ გაახილა, ყვითელ შენობას, რომლის მარჯვენა ფლიგელში ვასილ ჩალაურს უზარმაზარი კაბინეტი ეკავა, გულმოსულმა გვარდიელებმა ქვემეხის ლულა დაუმიზნეს...

ძია ევგენიმ, მოსაკლავიაო.

გივიკომ, რაც უნდა იყოს, მაინც მამაჩემიაო.

გაიყო მათი გზები, თუმცა შინ არცერთი მიბრუნებულა, არც იარაღი შეუნახავს რომელიმეს...

სასწაულიო, გაზეთებმაც აიტაცეს მეორე დღეს. მხოლოდ ქირურგმა, თმიან, უპროპორციო სხეულს გაცრეცილი ხალათი რომ უფარავდა, გაზეთის ორად გაკეცილ გვერდს გაუპასავი სახე მოარიდა და უკმაყოფილომ ჩაილაპარაკა, სასწაული!.. ამ აპარატურით სწორი დიაგნოზი რომ დაგვესვა, სასწაული ეგ იქნებოდაო!..

ნიკუშა კი ხვდებოდა, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა. თითქოს, ერთ ღამეში გაიზარდა, თითქოს, შიშმაც, სიცოცხლეს რომ უწამლავდა, უკან დაიხია.

შინ დაბრუნებულს, დედა გაახსენდა, მაგრამ კარადიდან მისი ნივთების გამოლაგება აღარ უფიქრია. იცოდა, რა უნდა ექნა, იცოდა, როგორ უნდა მიეწვდინა ხმა ყველაზე ძვირფასი და სანატრელი ადამიანისთვის, რომელსაც შიშმა თავგზა აუბნია და შინისაკენ მიმავალი ყველა გზა დაავიწყა...

„ისე დავუკრავ, აუცილებლად გაიგონებს.“, თქვა და აივანზე გასულმა დაწყვეტამდე დაჭიმულ სიმებზე ნელა დაუსვა ხემი, რომელიც ღამის განმავლობაში არაბუნებრივად დაგრძელებულიყო და გამხდარიყო ლამის ისეთივე უსასრულო, როგორც პატარა, ათი-თორმეტი წლის ბიჭის სიცოცხლე...

უკრავდა დაბალ ხმაზე, მხოლოდ ერთი ადამიანის გასაგონად, რომელიც, მისი აზრით, ეგდო სადღაც ჯურღმულში, იქნებ მიუვალი კოშკის რომელიღაც საკნის კუთხეში, იტანჯებოდა და ელოდა მხსნელს...

ბგერები ისე მჭიდროდ და უწყვეტად იგრიხებოდნენ ერთმანეთში, რომ მუსიკალური ჰანგებისგან ნაქსოვი ეს ბაგირი ყველაზე ღრმა ხაროსა თუ ჯურღმულის ფსკერს ჩაწვდებოდა, გაუძლებდა სიმტკიცის ნებისმიერ გამოცდას და სამშვიდობოზე გამოიყვანდა ადამიანს, ვინც სიცოცხლე აჩუქა და, ვინც ასე უსამართლოდ იტანჯებოდა...

...უკრავდა ნიკუშა და მზად იყო მთელი ცხოვრება არ გაჩერებულიყო... მაგრამ მოულოდნელად ჰაერი, რომელშიც იბადებოდა და ვრცელდებოდა ვიოლინოს ჯადოსნური ჰანგები, საშინელი ხმით უკუიქცა, თან გაიტაცა უნაზესი ბგერები და აზრი დაუკარგა ხემის წინ და უკან სრიალს.

კვემეხის ხმა იკოო, დაიჩემა აივანზე გადმომდგარმა ტატიანა ჩალაურმა...

 

 

 

ათი-თორმეტი წლის ბიჭის სიცოცხლე

 

კვირის თავზე რუსთაველის გამზირზე მისულმა ნიკუშამ შეიტყო, რომ გულმოსულმა გვარდიელებმა მართლაც მიიტანეს იერიში ყვითელ შენობაზე, რომლის მარჯვენა ფლიგელი უკვე დაეცალა ვასილ ჩალაურს და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად, რუსეთის გავლით, ფინეთში გაქცეულიყო...

დაცლილი ჰილზებით, დალეწილი ტოტებითა და ნახანძრალი მანქანებით დანაგვიანებულმა გამზირმა ნელ-ნელა დაიწყო შევსება, თუმცა კრიჭაშეკრული ადამიანები დიდხანს გაურბოდნენ ერთმანეთის მზერას და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ ლაპარაკობდნენ. ერთკვირიანი ომის შემდეგ ჩამოვარდნილ სიჩუმეს არღვევდა მხოლოდ ძონძებსა და საკუთარ თმა-წვერში გაბურდული მამაკაცი, რომელსაც თავი ცისკენ აეღერა და ხმამაღლა მოთქვამდა. ქალაქის კომენდანტმა ცემა დაუპირა, მაგრამ ქაშუეთის ეკლესიიდან მღვდელმა არ დაანება, არ დაარტყათ, გუშინწინ მაგ უბედურს შვილი მოუკლეს ჩიტაძის ქუჩაზეო...

მერე გვარდილებმა იზეიმეს გამარჯვება. დანგრეული შენობის ფონზე სურათები გადაიღეს, მუჯლუგნები გაცვალეს და იანვრის უღრუბლო ცაში ნასროლი ტყვიებით ომის ღმერთს მადლობა შეუთვალეს.

გამარჯვებულთა შორის იყო ძია ევგენიც.

ხელით ანიშნა, მოდიო.

არ ეგონა, ასე მარტივი თუ იყო ავტომატიდან სროლა.

დაუმიზნა. ტყვიების ერთმა ნაწილმა ცეცხლისგან დაბზარული ბეტონის სვეტი მოანგრია, დანარჩენმა კი გამურული კედლის ზედაპირზე ნატყვიარების რიცხვი გაამრავლა...

შეეშინდა, მაგრამ არ გაოფლიანებულა, არც გული არევია და არც სწორი ნაწლავი დამძიმებია. წელში გაიმართა, ჯერ ძია ევგენის შეხედა, მერე – გვარდილებს.

ყოჩაღო, გამოსძახეს.

თვალი ნეკერჩხლის ფესვებზე მიყუდებული ვიოლინოსკენ გაექცა. მუსიკაზე მეჩქარებაო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ გვარდიელების მოერიდა.

კიდევ ერთხელ მასროლინეო, შეეხვეწა ძია ევგენის იმის იმედად, რომ გაუწყრებოდა.

აბა, მოუსვი აქედან, შენ სკრიპკასა და კომპოზიტორებს მიხედეო, ასეთ პასუხს ელოდა, ძია ევგენიმ კი კიბეებზე ჩამომჯდარ გვარდიელს გასძახა, ტყვიები თუ გაქვსო.

იმდენი, რომ მთელი წელი ეყოფაო.

„მთელი წელი?“ – დაიჯერა ნიკუშამ, – „მთელი წელი როგორ უნდა ვისროლო, ხომ დავიღლები?“

ბევრი იცინეს ბიჭის ნათქვამზე.

რა დაგღლის, შენ ხომ მაგარი ხარო, უთხრეს გვარდიელებმა და კიდევ ერთხელ ასროლინეს...

არ დაღლილა, არც იმ და არც მომდევნო დღეებში, რომელთა რიგმა, ნიკუშასთვის უცნობი კანონზომიერებით, უსაშველოდ დაიწყო გამრავლება და მალე თითქმის სრულად შეავსო ათი-თორმეტი წლის ბიჭის სიცოცხლე – თავიდან უსასრულო რომ ეგონა და ასაკის მატებასთან ერთად თვალსა და ხელშუა რომ გაილია. არადა, ნიკუშას წლების მერეც ახსოვდა ძონძებსა და თმა-წვერში გაბურდული მამაკაცის მოთქმა: “შევყურებ შენს ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარეს და ვასკვლავებს, შენ რომ დაადგინე და ვფიქრობ, რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი და რომ ზრუნავ მასზე. რა არის, რომ კინაღამ ღმერთი გახადე და დიდებითა და პატივით დააგვირგვინე...”

მაშინ გაიფიქრა, გიჟი უნდა იყოს, რას გადამეკიდაო. წლები რომ გავიდა, მერეღა შეიცვალა აზრი.

აიჩემა, არც ის კაცი ყოფილა, არც ეს სიტყვები უთქვამს და, საერთოდ, ყველაფერი ჩემი ავადმყოფური ფანტაზიის ნაყოფიაო.

ერთხელ, ეჭვების გასაფანტად, ვიოლინოზე დაკვრაც სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ხომ ვამბობდიო, ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და ინსტრუმენტი პატრონს, მიწისქვეშა გადასასვლელში გაცნობილ მევიოლინეს დაუბრუნა.

– მართალი ხარ, არ უნდა იდარდო, – უთხრა მუსიკოსმა, – ხალხს ქუჩის მუსიკოსებზე მეტად ხეიბრები ეცოდება... მგონი, დაყრუვდნენ, ვერც კი გვამჩნევენ...

ნიკუშამ გამვლელებს დაუწყო თვალიერება, აკვირდებოდა მათ ქცევას, სახის კუნთების მოძრაობას, იმას თუ როგორ რეაგირებდნენ მუსიკის ჰანგებზე, ყვირილსა თუ სხვა სახის ხმაურზე და სულ უფრო მეტად რწმუნდებოდა მიწისქვეშა გადასასვლელში მდგომი მუსიკოსის სიტყვების სიმართლეში: დაყრუებულიყვნენ და ეს არ იყო ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის ბრალი. ნიკუშა ხვდებოდა, რომ ბუნებრივ სიყრუესთან ჰქონდა საქმე და არავინ იყო „ჰე, უფალოს“ მთქმელიც...

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქარდავა დათო / უსასრულო ხემი