ქარდავა დათო

 

ქვრივი ქალის მუცელი

 

 

თქვა პასუხად ესთერ დედოფალმა: თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, მეფევ, და თუ ინებებს მეფე, მომეცეს ჩემი სიცოცხლე ჩემს სათხოვარში და ჩემი ერი ჩემს სახვეწარში. რადგან გაყიდული ვართ მე და ჩემი ერი დასაღუპად, ამოსაწყვეტად და მოსასპობად.

 

          ძველი აღთქმა

       ესთერი. თავი 7

 

 

სხვების დაუხმარებლად მოძებნა მშობლების სახლი – დიდი, ჭერმაღალი და... ცარიელი. კრამიტით გადახურული, წითელი აგურით აშენებული და მერეღა გახუნებული, გზის პირას იდგა. გასაღები არ ჰქონდა, არც მეზობლებში მოუკითხავს, თუმცა კარის გაღებაზე ბევრი არ უწვალია. წლების განმავლობაში შენობის შიგნით მზის სინათლესთან ერთად პირველად შეიხედა ადამიანმა.

 

ყველა ოთახი, სხვენი და საღებავაცლილი ფანჯრების კუთხეებში გაბმული ობობის ქსელიც კი ცარიელი იყო. იატაკიც სიცარიელის ციურ მანანას – ხორბლისფერ მტვერს დაეფარა...

გარეთ გამოვიდა, სადაც მეტი ჰაერი და ნაკლები სიცარიელე იყო. დაინახა, რომ ფოლადის მავთულით შემოკავებულ გარემოს არათანაბრად გაზრდილი ბალახი მოდებოდა. მაშინ კრინტი არ დაუძრავს, მხოლოდ მერეღა თქვა, ბევრი თვე რომ გავიდა, უსინდისო დალაქის გაკრეჭილს ჰგავდაო.

 

დავეთანხმე. კარგად მახსოვდა, მისი მშობლების მოუვლელ ეზოს ალაგ-ალაგ ჭაღარასავით რომ ეყარა ალუბლის ყვავილები. წინ მიდიოდა და ხმას არ იღებდა. სახეს ვერ ვხედავდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, მის გულში კარგი არაფერი ხდებოდა.

 

– ძაან დაიგვიანე, – ვუთხარი მშობლების საფლავთან ჩამომჯდარი რომ ვნახე. მდინარის გაღმა წყალდიდობის შემდეგ კენტად დარჩენილი ვერხვი შრიალებდა.

ქარის ყოველ დაბერვაზე თვალისმომჭრელად უელავდა თეთრი სხეული. გამარჯვებულებს უჭირთ დაბრუნება და ჩემი რატომ გიკვირსო, თავი იმართლა.

 

* * *

სექტემბრამდე ორი თუ სამი თვე იყო დარჩენილი. ჯერ არ იცოდნენ, ომი დასასრულს რომ უახლოვდებოდა. ხელი მოეწერა რაღაც ხელშეკრულებას და მოულოდნელად ჩამოწოლილი მშვიდობის შეტკბობას ცდილობდნენ, თუმცა მცირე პოზიციურ ბრძოლებს მაინც ჰქონდა ადგილი.

 

აუცილებელი სამი-ოთხი დღე წინა ხაზზე, და შემდეგ ზურგში სულის მოსათქმელად დაბრუნებაც შეიძლებოდა. ზოგი მთელი კვირა რჩებოდა სანგრებში, მაგრამ ვისაც სველ თხრილში ჩაცუცქულს მოფსმა მობეზრდებოდა, შეეძლო სახლში დარეკვა, ანდა მუცლის ტკივილი მოემიზეზებინა და ქვემოთ სოფელში ან სულაც ოჩამჩირეში ჩასულიყო.ჩასვლით ადვილად ჩადიოდნენ, ამოსვლა კი უჭირდათ. დიდ დროს ანდომებდნენ და აღმართი აქ არაფერ შუაში იყო.

 

ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებოდნენ. ზოგს ნაცნობი ამოაკითხავდა სხვა ნაწილიდან, ეტყოდა, ამათთან რა გინდა, ჩვენთან მაგარი ბიჭები არიან, არაფერი გაგიჭირდება და ეს ყველაფერი საკმაო წონიანი არგუმენტი იყო დისლოკაციიის ადგილის შესაცვლელად.

 

პოზიციები სოფლის განაპირას, ჩაის პლანტაციების თავში ეკავათ. სანამ ომი დაიწყებოდა, ნამგლებითა და ცელისოდენა დანებით შეიარაღებული მეგრელი ქალები ლამის სამი საუკუნის წინ ჩინეთიდან შემოტანილ ამ მცენარეს წლის განმავლობაში სულ ცოტა ორჯერ მაინც აშიშვლებდნენ, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ ჩაის კრეფა აზრად არავის მოსვლია – ჯერ ერთი ჩამბარებელი არავინ იყო და მერე მეორეც – ჩაიში შესვლა სიცოცხლისათვის იყო სახიფათო. არადა, გაუსხლავ ბუჩქებში ლამის ცხენიანი კაცი დაიმალებოდა. ფხიზლად თუ არ იქნებოდნენ, მოწინააღმდეგეს თავისუფლად შეეძლო მიპარვა და ოცდაათიოდე ნაბიჯიდან ხელყუმბარის სროლა.

 

თუმცა, დღისით იერიშზე გადასვლა სიკვდილის ტოლფასი იყო, შეტევა და შეტევის იმიტაცია, როგორც წესი, გვიან ღამით იწყებოდა ხოლმე. ამის გამო, ჯარისკაცები სანგრებში ღამით ფხიზლობდნენ, დღისით კი სოფლის განაპირას მდებარე ორსართულიან სახლებში ისვენებდნენ.

 

გიო და კიდევ რამდენიმე ჯარისკაცი სოფლის ერთადერთი ვეტერინარის, ბატონი ღვეტის სახლში იყვნენ გაჩერებული. მასპინძელი, სამოცს მიტანებული ზორბა მამაკაცი სხვათა შორის იტყოდა ხოლმე, რომ მისი სახლი – თოთხმეტი-ჩვიდმეტზე, სანამ ორი თვის წინ მოწინააღმდეგის ჭურვი “სტალავოის” – სასადილო ოთახის ნახევარს მოანგრევდა, სოფელში ყველაზე დიდი იყო.

 

“ამ აბშივკას რომ უყურებ, სულ ლისტვინიცა და მაკაგონია”, – უთხრა ერთხელ გიოს იდუმალი ხმით, “თქვენამდე ბიჭები რომ იყვნენ... გაზაფხულზე კი არა, მანამდე, კაცო, რიჟა რომ ჰყავდათ მეთაური, где то под нови год, числа двадцатсем-двадцатвосем... ნუ, ვინც იყვნენ, არა აქვს მნიშვნელობა... ვითომ მაშინებდნენ, შეშა არ მოგვაკლო, თორემ ბუხარში დაგწვავთო”.

 

ბატონ ღვეტს არ უყვარდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ცოლ–შვილი ზუგდიდში ბიძაშვილთან ჰყავდა გახიზნული. ომს ქალები და ბავშვები ისე სჭირდება, როგორც უდაბნოს წვიმაო, თავს იმართლებდა.

 

თვითონ კი ტერიტორიულ მთლიანობას საკუთარ სახლში, თანაბრად გაკრეჭილი კოინდარით დაფარულ ეზოში იცავდა.

მოულოდნელად ჩამოწოლილმა მშვიდობამ ბატონი ღვეტი გაახარა. “რომელი სტალინგრადი ოჩამჩირე ნახეს, დღე ისე არ გავა, რომ არ დაბომბონ! – წუხდა იგი, თუმცა ყველაზე მეტად ადამიანებზე ნადირობას ვერ ეგუებოდა. ჩიტი ხომ არ არის, მიეპარო და მოკლაო, შესჩივლა გიოს.

 

ბატონი ღვეტი მისი მეზობლის, ნერონ ლაგვილავასგან განსხვავებით, ასპროცენტიანი პაციფისტი იყო, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამდე თავის მრწამსს შეძლებისდაგვარად მალავდა.

 

– პაციფისტი არ ვიცი მე, – ამბობდა დროებითი ზავით გულმიცემული ბატონი ღვეტი, – პოლიტიკოსი, ჩემო გია, სიმართლე თუ გინდა, მეთევზესავით უნდა იყოს! ო, მეთევზესავით და არა მონადირესავით, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ! მე რომ მიყურებ, სულ ასეთი კი არ ვიყავი, თავის დროზე ასობი ატდელს შავ სიაში ვყავდი შეტანილი, როგორც ნებლაგონადიოჟნი და გარკვეულ წრეებში გარკვეული ავტორიტეტითაც ვსარგებლობდი! აქ ზოგიერთი დაბადებული არ იყო, მე რომ პოდმოსკოვიეში სამოთახიან ბინას ვქირაობდი და ელექტრიჩკაში “პრავდით” შენიღბული სოლჟენიცინის წერილს ვკითხულობდი! – თქვა და წიგნებში ქექვა დაიწყო, სადღაც მქონდა ეს ფურცელი შენახული, ახლავე გაჩვენებო.

ეს “ახლავე” ათი, თხუთმეტი და მეტი წუთი რომ გაგრძელდა, ხელი ჩაიქნია.

– დიდი განსხვავებაა მონადირესა და მეთევზეს შორის, შეიძლება ითქვას, ეგზისტენციალური, კვინტესენციალური და გნოსეოლოგიური თვალსაზრისითაც კი!.. – დაასკვნა ბატონმა ღვეტმა, – მონადირეს, ბოდიში და, სისხლი წყურია! თუ არ მოკლა, თუ ტყვია არ ჭედა შუბლში, თავს უბედურად იგრძნობს, ხელი მომეცარაო, იტყვის დანანებით.

მეთევზე კი თავის საქმეს ჩუმად აკეთებს, პრიმანკით აღწევს მიზანს, სატყუარათი, უხმაუროდ და უსისხლოდ, რასაკვირველია! მერე კიდო, მონადირე ნამეტანს რისკავს, შეიძლება ნადირმა აჯობოს და გააფუჭოს კაცი... მეთევზე კი წაუგებელ თამაშს თამაშობს, არაფერს რისკავს, მამაძაღლი!

ამ დროს ეზოში ფორმიანები შემოლაგდნენ. ბატონი ღვეტი სტუმრებს მიეგება, აქეთ მობრძანდითო. მერე ჯარისკაცები ლეღვის ძირში დატოვა, თვითონ კი სახლში შევიდა, სტალავოის პატარა რომ არ მივხედო, თავზე დამენგრევაო, თქვა.

გიოც მიხვდა და სხვებიც, რომ დანგრეული “სტალავოი” საბაბი იყო მხოლოდ – ბატონ ღვეტის ბოლნისელი ზურა არ მოუდიოდა თვალში. სულ ბაბა-სქუას ეძახდა და ამბობდა, ცუდი ბიჭი არ არის ზური, მაგრამ ნამეტანი ცუდი სიმთვრალე აქვსო. არადა, სიმთვრალე არაფერ შუაში იყო.

ზურას ადგილობრივებზე ჰქონდა გული აყრილი. არ ომობენ, იმალებიან და ჩამოსულების იმედად არიანო. ღვეტის ბიჭს გულისხმობდა, ცხადია. გიოს ორი დღის წინანდელი ამბები გაახსენდა. მაშინ მთვრალ ზურასთან მარტო ისტორიის მასწავლებელმა გაბედა შელაპარაკება.

– სამშობლოს რომ დასჭირდა, პირველივე დაძახილზე ჩამოვედი, ძმაო, – ყვიროდა თვალებდაწითლებული ზურა და ორმოცდახუთიან მჭიდს რძისფერ მაგიდას გამეტებით ურტყამდა, – ახლაც აქა ვარ და ასი წელი არ წავალ!

ასეთი რამეები ფხიზელმა თქვა, მერე არაყი რომ მოეკიდა, ბევრი იგინა, თქვენი კურდღელი დედაო!

ბიჭებმა ივარგეს, თორემ ნერონ ლაგვილავას ავტომატი უკვე გადატენილი ჰქონდა. გიომ, კარგი რა ნერონი ძია, ვერ ხედავ როგორი მთვრალია, რას უსმენო, ხელები დაუჭირა, დანარჩენებმა კი ზურა გაათრიეს ოთახიდან.

ნერონ ლაგვილავა, სანამ სასწავლო პროცესი ჩაიშლებოდა, სოფლის საშუალო სკოლაში ისტორიას ასწავლიდა. ამ კაცმა თავისი ცხოვრების მეექვსე ათწლეულში მარტოკამ – ცოლისა და შვილების გარეშე შეაბიჯა.

ადგილობრივები ამბობდნენ, თავის დროზე ნერონზე ლამაზი ბიჭი არ დადიოდა რაიონში, რომელ გოგოსაც ხელს დაადებდა, ის გაყვებოდა ცოლადო, მაგრამ ვიღაც დიდი კაცის ცოლს გადაეკიდა და სანამ ვერაგულად არ მოწამლეს რაღაც ტოქსიკური ფხვნილით, რომელიც ბალიშის პირზე მიმოუფანტავს დაქირავებულ მკვლელს, დიდი კაცისთვის რქების დადგმა არ მოიშალაო. ქალი იოლად გადარჩენილა. გასაგები ამბავია, მთელი ღამე, როგორც თვინიერ კახპას შეჰფერის, გულაღმა გდებულა. ხან ქალსა და ხან ბალიშზე დამხობილმა ნერონმა კი, გამართული მტვერსასრუტივით დილამდე ისუნთქა შხამი.

ბედად იმ დილით ნაცნობი ექიმი მორიგეობდა ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში. ხელოვნურმა სუნთქვამ და გულის კუნთის მასაჟმა რომ ვერაფერი უშველა, ალალბედზე შერჩეული ანტიდოტი შეუყვანა ვენაში. კვირაზე მეტი იყო უგონოდ, მაგრამ გადარჩა. თუმცა, როგორც ქალაქელები ამბობდნენ, ეს ის ნერონი აღარ იყო – ერთ დროს ლაღი, თავქარიანი და იმედისმომცემი ახალგაზრდა სტუდენტობის დროინდელ მეგობრებსაც კი ვეღარ ცნობდა.

რაღაცნაირად მოეშვა და მოდუნდა. ვიღაც ენაკვიმატმა ისიც კი თქვა, ეს ნერონი კი არა, ცრუნერონიაო.

სოფელში დაბრუნებულ ნერონ ლაგვილავას მშობლიურ სკოლაში, სადაც ისტორიას შეთავსებით ხან გეოგრაფიის, ხან ქიმიის და ხანაც ფიზკულტურის მასწავლებელი ასწავლიდა, მუშაობის დაწყება არ გაჭირვებია. ოღონდ პარტიის ყრილობის მასალებს, რასაც განათლების საკავშირო სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამა ითხოვდა, არც თანმიმდევრობით ასწავლიდა და არც მნიშვნელობის მიხედვით. ბავშვებმა ტელევიზორიდან უფრო იცოდნენ, რომ “არის ასეთი პარტია”, ვიდრე ფედენკოს რედაქციით გამოცემული სახელმძღვანელოდან. ნერონ ლაგვილავა ყველაფერს ეხებოდა – ილიონის ციკლს, ძველ ეგვიპტეს, მინოსის ცივილიზაციას, რომს, შუა საუკუნეებს, საფრანგეთის ყველა რევოლუციას, მაგრამ არა საკავშირო

კომუნისტურ პარტიას, თითქოს არც რსდმპ მეორე ყრილობა ყოფილა, არც პიროვნების კულტის მხილება და საერთოდ: თითქოს დედამიწის მეექვსედზე არც რევოლუციურ იდეებს გაუმარჯვია და არც მუშათა მოძრაობას, თითქოს სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა...

– საიდან იცი, რომ სამშობლომ დაგიძახა! – ყვიროდა სოფლის მასწავლებელი, – საერთოდ თუ გაქვს სმენა, სამშობლოს ხმა რომ გაიგო! რამდენ ტონს არჩევ?! ტოჟე მნე რომანოზ ტკბილად მგალობელი! სამშობლოს ხმა რომ გაიგო, ყურები არ კმარა, ყურები ზღარბსაც აქვს! სამშობლოს ხმა რომ გაიგო, გული უნდა გქონდეს! ბევრი რომ ხართ და ძალიან ხმამაღლა რომ ყვირით, ეგ არაფერს ნიშნავს. სამშობლო სულ სხვა ხმაზე ეძახის თავის შვილებს! ...მერე ამ თქვენ ყაყანში როგორ გაიგოს კაცმა სამშობლო ეძახის თუ ათას სარზე გადაფხრეწილი ვიგინდარა!

ნერონ ლაგვილავა დილამდე ყვიროდა, კითხვა ხო იცით, წაიკითხეთ საქართველოს ისტორიაო, მაგრამ დროებითი ზავის მიუხედავად, ისტორიული ფოლიანტების გასაშლელად არავის ეცალა...

ბატონი ღვეტი ლეღვის ჩრდილში მალევე დაბრუნდა. ზურამ, რაღაც თევზაობაზე საუბრობდი ბიძაჩემოო, მასპინძელს მიმართა.

– არაფერი ისეთი, ზურის ვენაცვალე, – შეწუხდა ბატონი ღვეტი, აქაოდა, ახლა ამან ისევ არ დაიწყოს ყველაფერი თავიდანო, – ახალგაზრდობა გავიხსენე, ნამეტანი მიყვარდა თევზის ჭერა!

გიომაც, სხვა მიმართულებით რომ წაეყვანა საუბარი, მასპინძელს თვალი ჩაუკრა და სიცილით ჰკითხა, ახალგაზრდობაში თევზაობდი, მერე ეს ამხელა სახლი ააშენე, ცოლიც, შვილებიც... კი მაგრამ, ქალებში როდისღა ასწრებდიო...

– ოოო, – გამხიარულდა ბატონი ღვეტი, – აქეთ მისმინე, ბიჭი, მე გვარი მაქვს ისეთი, რომ თავის მტვრევა არ მჭირდებოდა იმაზე, როგორ შემება ქალები... არა გჯერა, ხომ? აი, ნახე, – პასპორტს იღებს გულისჯიბიდან, – ჩემი გვარი ანკესზე წამოგებულ ცოცხალ პრიმანკასავით არის... იცი შენ, როგორი უნდა იყოს პრიმანკა, კარგი ულოვი რომ გქონდეს?.. მთავარია, თევზი არ დააფრთხოს... და, განა, ქალიც თევზივით არ არის?

ბატონი ღვეტის პრიმანკა, როგორც გიომ მოგვიანებით შეიტყო, გვარი ყოფილა. თავიდან, გაცნობის პირველ წუთებში, არ უჯერებდნენ ჩრდილოელი ქალები – ჩტო ზა ფამილია დჟახუიაო, კვდებოდნენ სიცილით. მერე კი პასპორტს რომ აჩვენებდა, ერთი ხანობა გაოცებულები მარცვალ-მარცვალ კითხულობდნენ, სულ ბოლოს კი რომელიმე ანცი იკივლებდა: დევოჩკი, ტუტ უ ნას მუჟიკ პაიავილსა სკაკოიტა სტრანნოი ფამილეი დჟახუია!

ამას რომ იტყოდნენ ჩათვალე, რომ რიბკა კლუნულა, იხსენებდა ბატონი ღვეტი. იყო დრო, ვასკრესენსკში ჩემზე ლეგენდები დადიოდაო.

ვიღაც ლოკალური მასშტაბის ბარდს ბატონ ღვეტზე ჩასტუშკაც კი დაუწერია: პრიეხალ ს კავკაზა დჟახუია, ვიიბალ დევოკ დო ხუია!

ღამით პოზიციებზე ბიჭების შესაცვლელად რომ გადიოდნენ, ბატონმა ღვეტიმ თქვა, ჩვენ ვგავართ მეთევზეს, მგელზე რომ ნადირობს ანკესითო.

 

მარტო გიო მიხვდა, რა იგულისხმა ღვეტი ჯახუამ – ომის დაწყებამდე სოფელში ყველაზე დიდი – თოთხმეტი-ჩვიდმეტზე – სახლი რომ ედგა, შიგნიდან ლისტვინიცითა და მაკაგონით გაწყობილი...

* * *

ყველა მშვიდობა მყიფეა და ეს კანონზომიერება არც იმ ზაფხულს დარღვეულა. ჯერ იმათმა გახსნეს ცეცხლი, მერე ამათმა უპასუხეს. ძნელი სათქმელია, იყო თუ არა პასუხი ადეკვატური. ერთ ღამეში ექვსი კაცი დაკარგეს, დაჭრილებს დაკარგულებად თუ არ ჩავთვლით. მერე, როგორც იქნა, გაახსენდათ, რომ ზურგში ლაფეტებდაცლილი გაუბიცა ჰქონდათ. კინდღიდან დაძრულ ტ-55-ს კი შავფორმიანი სამხედრო პოლიციელები მოყვნენ.

– დღეს კიდე დაგვარტყამენ! – თქვა ოჩამჩირიდან მოსულმა წვერებიანმა მაიორმა და თავის ბიჭებს პოზიციების დაკავება უბრძანა. მერე თითქოს სხვების წინაშე თავი იმართლა, ატარაარმიანსკაიას და ახალდაბის აღებას აპირებენ და რომ არ გავახაროთ, აქ უფრო გამოცდილი მებრძოლები დავრჩებითო.

ზურამ თავი გაიგიჟა, ოჩამჩირეში რა ვაკეთოო. არც გიოს უნდოდა წასვლა, მაგრამ სამი ღამის უძილო იყო, შიოდა, თავიც ზომაზე მეტად ეცოდებოდა და ნატკენი ფეხიც აუტანლად აწუხებდა.

იფიქრა, ჩავალ, ფეხსაც ვაჩვენებ ვინმეს და ცოტასაც გამოვიძინებო. თან ის ექვსი მოკლული და თხუთმეტი დაჭრილიც ხომ უნდა ჩაეყვანათ...

ოჩამჩირეში პურის მანქანითა და სამხედრო პოლიციელების გაზ–66–ით დაბრუნდნენ. პურის მანქანაში დახოცილები დაასვენეს, დაჭრილები და საღები კი სატვირთოზე ალაგდნენ. ნახევარი საათი იყანყალეს გრუნტის გზაზე, ვიდრე ჰოსპიტალს არ მიადგნენ. დაჭრილები ზევით აიყვანეს, მკვდრები კი იქვე ეზოში დატოვეს. პროზექტურა პირველ სართულზე იყო, თუმცა პათოლოგოანატომი შენობაში არ დახვდათ. წუთი-წუთზე დაბრუნდებაო, უთხრეს.

დაიარა დერეფნები, ორივე სართული, იქნებ ერთი მოცლილი სანიტარი ან ექთანი მაინც ვნახოო, მაგრამ მისთვის არავის ცხელოდა, არადა ფეხი, როგორც თვითონ შენიშნა, ჩექმაში აღარ ეტეოდა.

ამასობაში მთვრალი პათოლოგონატომიც დაბრუნდა. სატირალში ვიყავიო, თავი

იმართლა. წადით, მოისვენეთ, ბიჭებს მე მივხედავ, ხვალ დილისთვის ფორმაში იქნებიანო, დაამშვიდა და რკინის კარი ხმაურით მიიხურა. კარზე თეთრი საღებავით რუსულად ეწერა: “ომი ეს ბევრი ოფლი, ბევრი სისხლი და ბევრი ცრემლია.” ცოტა ქვემოთ სხვა ხელს მიეწერა: “...და ბევრი ძღნერი, რომელსაც ყოველდღე ვჭამთ”.

გიო რკინიგზისკენ დაეშვა, მაგრამ ბევრი ვერ იარა. ფეხმა შეაწუხა და იქვე გამხმარი პალმის ძირში ჩაჯდა.

– აქ რას აკეთებ?.. – ჩამავალი მზე მოუჩრდილა ზურამ.

– მეძინება! – უპასუხა თავაღერებულმა და ზურგჩანთაზე მოხერხებულად მიწვა. სიცხე ჰქონდა, თვალებიც ეწვოდა. – სადმე დამაძინა...

– ხმამაღლა თქვა. ზურას არ გაჰყვა, დალევის თავი არჰქონდა.

რკინიგზის სადგურში დიდი ხალხმრავლობა და ხმაური იყო. იქაურებს რაღაც სახელდახელო ბაზრობასავით ჰქონდათ გამართული. ბევრი შაოსანი ქალი და ბავშვი ირეოდა. ვინ თხილს ყიდდა, ვინ ბრინჯს, ვინ კი ხისგან გამოჩორკნილ აფრებიან გემებს.

ფეხი გულივით ფეთქავდა. ძლივძლივობით გაიძრო ჩექმა და ისევ მიწვა. ცოტას დავისვენებ და ჰოსპიტალში მერე ავალო, გეგმები დააწყო, მაგრამ ვერ დაიძინა. წამოჯდა.

ისევ აიკაპიწა შარვალი და ისევ შეათვალიერა ნატკენი ფეხი. ზურგჩანთა გახსნა, რაღაც ბინტის მაგვარი ამოიღო და მჭიდროდ შემოიხვია. თავიდან თითქოს შვება იგრძნო, თითქოს დაუამდა, მაგრამ მერე უარესად ასტკივდა. მოიხსნა ეს ბინტი თუ დოლბანდი და იქვე მიაგდო. “ჰოსპიტალში უნდა დავბრუნდე!” – მოულოდნელად გადაწყვიტა. საღ ფეხს დაეყრდნო, ხელით პალმას მოეჭიდა და როგორც იქნა წამოდგა.

ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ ქუსლში საშინელი ტკივილი იგრძნო, თითქოს ლურსმანი შეერჭო. მიხვდა, ცოტაც და დამოუკიდებლად სიარულს ვეღარ შეძლებდა.

უნდა ეჩქარა.

ნაცნობ სახეებს დაუწყო ძებნა. ბაქნის კიდესთან შეკრებილ ჯარისკაცებს მიაჩერდა.

ხმამაღლა იცინოდნენ და მაღალ შაოსან ქალს რაღაცას თხოვდნენ. ქალიც ერთი ხანობა გაუჩერდა სამხედროებს, შემდეგ კი დაუმშვიდობებლად გაშორდა. გზად კიდევ რამდენჯერმე დაყოვნდა და სხვა ფორმიანებსაც გამოელაპარაკა. აქეთ-იქით იყურებოდა, თითქოს სადგურზე ვიღაცას ეძებსო. ამასობაში გამხმარ პალმასაც გაუსწორდა.

– გტკივა? – რუსულად ჰკითხა გაწითლებულ ფეხზე.

– მტკივა! – უპასუხა გიომ.

ახლოს მოვიდა და ფეხს დაუწყო თვალიერება.

– თუ არ მიხედავ, სისხლი მოგეწამლება და მოკვდები! – ქართულად, ოღონდ მკვეთრი აქცენტით უთხრა.

ქალი იქნებოდა 30 წლის – მაღალი, გამხდარი, მაგრამ რაღაცნაირად შემართული. შავი თავსაფრიდან დამალული ქერა თმის ძირები მოუჩანდა.

– ჰოსპიტალში ვიყავი... ახლაც იქ მივდივარ, – თქვა გიომ ქალის გასაგონად.

– იქ დაჭრილებიც ეყოფათ! – შაოსანი წელში გაიმართა, – მე ექთანი ვარ... მიხვდა, თან რომ უნდა გაყოლოდა.

– შორს მივდივართ? – იკითხა.

– აქვე, საწყობთან ვცხოვრობ, – თქვა ქალმა. მალე ფართო ქუჩიდან ჩაუხვიეს და პატარა ეზოში შევიდნენ.

პატარა იყო სახლიც, ერთსართულიანი, დასავლეთში ბელეტაჟს რომ ეძახიან. კატა გამოეგებათ. ქალმა ხელში აიყვანა და სამივენი ჩაბნელებულ ოთახში შევიდნენ. მერე ლამფა და სანთელი აანთო, გიო კი უკითხავად იქვე ოთახის კუთხეში მიდგმულ დივანზე ჩამოჯდა.

– მცივა! – თქვა და კანკალის შეკავება სცადა.

– სიცხე გაქვს, – უთხრა ქალმა ოთახიდან გასვლის წინ, – ასე იცის ტემპერატურის აწევის წინ.

რომ დაბრუნდა, ერთ ხელში პოლიეთილენის თეთრი პარკი ეჭირა, მეორეში – მაღალყელიანი ბოთლი. შარვალი გახადა და მტკივნეული ფეხი სკამზე დაადებინა.

ოთახი იოდისა და არყის სურნელით აივსო.

– დალიე, – ჭიქა ბოლომდე გაუვსო, – ნოვოკაინსაც გაგიკეთებ, მაგრამ მაინც დალიე!

ქალმა ერთი ხანობა კიდევ აწვალა მტკივანი ფეხი, მერე საიდანღაც ლანცეტი ამოიღო და გიოს მოეჩვენა, თითქოს რამდენჯერმე ჩაარტყეს, ზემოდან ქვევით – მუხლიდან კოჭისკენ. ჩირქმა და სისხლმა იფეთქა. ლამის გონება დაკარგა, ისე ძალიან ეტკინა.

ქალი კი ფეხს არ ეშვებოდა. ორივე ხელით ზემოდან ქვემოთ წურავდა.

გიო ყვიროდა, შეეშვი, მაგის დედაო, ის კიდევ, ვსიო, ვსიო, ცოტაც და დაისვენებო! ჭრილობაში ტამპონების ჩატენვას რომ მორჩა, გიოს აღარაფრის თავი ჰქონდა. ეგდო გულაღმა, ნახევრად შიშველი, ჩირქის, სისხლისგან და ენერგიისგან დაცლილი.

ქალმა მეზობელი ოთახიდან ბალიში შემოიტანა და თავქვეშ ამოუდო, ტანზე კი ნაკეცებწაუშლელი ზეწარი დააფარა.

ეცადე დაიძინოო, დაარიგა.

– აქვე ვიქნები, – ბავშვს რომ ანუგეშებენ ძილის წინ, ისე დაუყვავა, – თუ ტკივილმა ძალიან შეგაწუხა, დამიძახე. ესთერი მქვია, თქვენებურად ეთერი, არ მოგერიდოს!

გიომ დაინახა, როგორ ჩაუწია ლამფას ქალმა და როგორ გავიდა ჭიქაში ჩადგმული სანთლით მეზობელ ოთახში. ერთი ხანობა ეძინა, მაგრამ მერე, ეტყობა, წამალი გაუნელდა სისხლში და ისევ ააკანკალა. კბილს-კბილზე აცემინებდა და თვალები ისე ეწვოდა, თითქოს მზისთვის გაესწორებინოს. ნელ-ნელა ქუთუთოები დაუმძიმდა, ბურანში გაეხვია, მკაფიოდ ვეღარაფერს ხედავდა. არადა, კარგად ახსოვდა, ქალმა ლამფა ანთებული რომ დატოვა...

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქარდავა დათო / ქვრივი ქალის მუცელი