საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

 

გამოცხადებულია ტფილისში, სასახლის თეთრს დარბაზში 1918 წელს, 26 მაისს, კვირას, ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთზემრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

ღუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება სექმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დაუტევა ამიერკავკასია.

დარჩნენ თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარე ზალტა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოიკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული საქართველოს ეროვნული ყრილობის მიერ, აცხადებს:

1) ამიერიდგან საქრთველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2) დამოიკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3) საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4) საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილობა დაამყაროს, განსაკუთრებითკი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.

6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.

 

7) დამფუძნებელ კრების სეკრებამდე მთელის საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

(საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული. 1918-1921 წწ. თბ., 1990, გვ. 3-4)

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დოკუმენტები / უავტორო / საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.