საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდება.

 

ახალი რედაქცია.

 

I პრეამბულა.

 

საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება, როგორც მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება შექმნილია 1926 წელს. 1992 წლის 22 მაისს საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება ამ პერიოდში მოქმედი კანონების მოთხოვნის დაცვით ხელმეორედ იქნა რეგისტრირებული საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს კოლეგიის #1915 დადგენილებით.

1997 წელს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების მოქმედი წესდება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი სამოქალაქო კოდექსთან, კერძოდ დაზუსტებული იქნა ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსი და მართვის ორგანიზაციული სტრუქტურა. აგრეთვე გათვალისწინებული იქნა ახალი სამოქალაქო კოდექსის სხვა მოთხოვნები.

ამრიგად ხელახალი რეგისტრაციის საფუძველზე რეგისტრირებული საქართველოს უსინათლოთა კავშირი წარმოადგენს ადრე რეგისტრირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების უფლებამონაცვლე სამართალმემკვიდრეს.

II ტერმინთა განმარტება.

1 უსინათლო ნიშნავს სრულიად უსინათლოს ან ნარჩენი მხედველობის მქონე პიროვნებას.

2 ფილიალი ნიშნავს კავშირის სტრუქტურულ ერთეულს საქართველოს რეგიონში ან ქვეყნის გარეთ, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

3 დაწესებულება ნიშნავს კავშირის მიერ შექმნილ ორგანიზაციას, სადაც მიმდინარეობს კულტურულ - საგანმანათლებლო, სპორტული და სხვა სახის არასამეწარმეო საქმიანობა.

4 საწარმო ნიშნავს უსინათლოთა კავშირის მიერ დაფუძნებულ ან მის მიერ არანაკლებ 51% - სა წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც მოქმედებს მეწარმეთა შესახებ კანონის შესაბამისად.

III სახელწოდება, ადგილმდებარეობა.

3 - 1 ორგანიზაციის სახელწოდება საქართველოს უსინათლოთა კავშირი, შემდგომში კავშირი.

3 - 2 კავშირი არის არასამთავრობო და არასამეწარმეო ორგანიზაცია, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამოქალაქო კოდექსისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

3 - 3 კავშირი წარმოადგენს იურიდიულ პირს.

3 - 4 კავშირის ადგილსამყოფელია საქართველო, თბილისი, ბოჭორმის ქუჩა #23.

 

 

IV კავშირის საქმიანობის მიზნები და ამოცანები.

 

4 - 1 კავშირის მიზანია: უსინათლო მოქალაქეთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო, ინტელექტუალური, სოციალურ - ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, ზნეობრივი სრულყოფა, კულტურულ - საყოფაცხოვრებო მომსახურებაზე.

4 - 2 ამ მიზნის მისაღწევად კავშირი:

ა) ახორციელებს უსინათლოთა სოციალური დახმარების პროგრამებსა და პროექტებს.

ბ) პოპულარიზაციას უწევს კავშირის საქმიანობას.

გ) აღრიცხავს უსინათლოებს და აწევრიანებს მათ კავშირში, უზრუნველყოფს კავშირის ერთიანობის შენარჩუნებას.

დ) ხელს უწყობს უსინათლოებს განათლების მიღებაში, ზრუნავს უსინათლოებისთვის ბრაელის სისტემის წერა - კითხვის სწავლებისათვის.

ე) ხელს უწყობს უსინათლოებს საწარმოო კვალიფიკაციის ამაღლებასა და დასაქმებაში.

ვ) ზრუნავს უსინათლოთა ჯანმრთელობაზე, საკურორტო მკურნალობასა და დასვენების ორგანიზაციაზე.

ზ) იღებს ზომებს უსინათლოთა საბინაო - საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, საჭიროების შემთხვევაში უწევს მათ მატერიალურ დახმარებას.

თ) აფინანსებს და ორგანიზაციას უწევს კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს.

ი) უზრუნველყოფს საწარმოებში მომუშავეთა შორის უსინათლოთა არანაკლებ 50% - ს დასაქმებას.

4 - 3 კავშირს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

V წევრობა.

 

5 - 1 კავშირის წევრი შეიძლება გახდეს ყველა ის პირი ვინც სცნობს და აღიარებს კავშირის წესდებას, სარწმუნოების, ეროვნების, სქესის, სოციალური მდგომარეობის განურჩევლად.

ა) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლოები.

ბ) მხედველები, რომელთაც აქვთ უსინათლოთა კავშირში მუშაობის სტაჟი არანაკლებ 2 წლისა და 2 უსინათლო წევრის რეკომენდაცია, ამასთან მათი საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კავშირის ფილიალის წევრთა 10%.

გ) იურიდიული პირები, რომლებიც აღიარებენ კავშირის წესდებას და იხდიან საწევრო შენატანს.

5 - 2 კავშირის წევრად მიღება ხდება მსურველთა მეურვეთა წერილობითი განცხადების საფუძველზე,კავშირის ფილიალის ან კავშირის გამგეობის მიერ, ორივე შემთხვევაში ამ ფაქტს ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

5 - 3 კავშირის წევრი გაერთიანებული უნდა იყოს კავშირის ფილიალში საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

5 - 4 კავშირში გაწევრიანების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა იმ პირს ვისთვისაც კავშირის წევრობა წარმოადგენს საარსებო, სოციალური ან სხვა პრობლემების გადაწყვეტის ძირითად წყაროს და მისი წევრობა არ ეწინააღმდეგება კავშირის ძირითად პრინციპებს.

5 - 5 პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს კავშირის საქმიანობას შეიძლება მიღებულ იქნას კავშირის საპატიო წევრად.

საპატიო წევრზე არ ვრცელდება კავშირის წევრზე ამ წესდებით დადგენილი უფლება - მოვალეობანი.

 

VI წევრობის წყვეტა.

 

6 - 1 კავშირის წევრობის შეწყვეტა ხდება შემდეგ შემთხვევაში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე.

ბ) უსინათლოობის კატეგორიის გაუქმების ან ვადის გასვლის შემთხვევაში.

გ) საწევრო შესატანის ზედიზედ 2 წლის გადაუხდელობის შემთხვევაში, იურიდიული პირისათვის 1 წელი.

6 - 2 წევრობის გადაცემა სხვა პირისათვის ან მისი მემკვიდრეობით გადასვლა არ დაიშვება.

6 - 3 კავშირის წევრი შეიძლება გარიცხული იქნას კავშირიდან თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კავშირის მიზნებს და ლახავს კავშირის სახელსა და ღირსებას, აგრეთვე ქვემოთ მითითებული შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

ა) კავშირის ინტერესების უხეშად დარღვევის შემთხვევაში.

ბ) კანონითა და წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

6 - 4 წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის ყრილობა ფილიალის ან კავშირის გამგეობის წარდგინებით.

 

VII წევრის უფლებები და მოვალეობები.

 

7 - 1 კავშირის წევრს უფლება აქვს:

ა) მიიღოს მონაწილეობა კავშირის ორგანოების საქმიანობაში.

18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ აირჩიოს და არჩეულ იქნას კავშირის ორგანოებში.

გ) მონაწილეობდეს კავშირის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად.

დ) მიიღოს კავშირში არსებული ყოველგვარი ინფორმაცია და ასევე ინფორმაცია კავშირის ხელმძღვანელი ორგანოებისაგან მათი საქმიანობის შესახებ.

ე) ისარგებლოს კავშირის საკუთრებაში არსებული ინფორმაციით და მატერიალურ - ტექნიკური საშვალებებით.

 

ვ) ისარგებლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული და საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ დაწესებული ყველა შეღავათით.

7 - 2 კავშირის წევრი მოვალეა:

ა) ყოველწლიურად გადაიხადოს საწევრო შესატანი.

ბ) შესაძლებლობისა და ინტერესების შესაბამისად მონაწილეობდეს კავშირის საქმიანობაში.

გ) გაუფრთხილდეს კავშირის ღირსებას და ავტორიტეტს.

დ) აქტიურად შეუწყოს ხელი კავშირის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტას.

ე) გაუფრთხილდეს კავშირის ქონებას.

7 - 3 წევრის მიერ წესდებით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა გამოიწვევს წინამდებარე წესდების VI - ს 4 პუნქტით გათვალისწინებულ სამართლებლივ შედეგებს.

 

VIII საწევრო შესატანი.

 

8 - 1 საწევრო შესატანი გამოიყენება კავშირის მიერ საწესდებო ამოცანების დასაფინანსებლად.

8 - 2 შესატანის ოდენობა განისაზღვრება კავშირის გამგეობის მიერ.

 

IX კავშირის ორგანოები.

 

 კავშირის ორგანოებია:

1 კავშირის ყრილობა.

2 კავშირის გამგეობა.

 

X ყრილობა.

 

10 - 1 კავშირის ყრილობა, შემდგომში ყრილობა მოიწვევა კავშირის გამგეობის მიერ წელიწადში ერთხელ მაინც.

10 - 2 კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე ყრილობა შეიძლება მოწვეულ იქნას დელეგატთა ერთი მესამედის ან კავშირის გამგეობის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მიზნისა და საფუძვლის მითითებით.

10 - 3 ყრილობის მოწვევის შესახებ ფილიალებს უნდა ეცნობოს წერილობით ან კავშირის ბეჭვდით ორგანოში ინფორმაციის გამოქვეყნებით ყრილობის ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 კვირისა, შეტყობინებაში აღინიშნება ყრილობის ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი. იმ შემთხვევაში თუ ყრილობის მიერ განხილულ უნდა იქნეს კავშირის გაუქმების საკითხი ყრილობის მოწვევის შესახებ ფილიალებს უნდა ეცნობოს წერილობით არა უგვიანეს 30 დღისა, შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს წერილით, ფაქსით ან ელ - ფოსტით.

10 - 4 ყრილობა ტარდება დელეგატების მონაწილეობით.

10 - 5 კავშირის ყრილობის დელეგატებად აირჩევიან კავშირის ფილიალების  წევრები 5 წლის ვადით კავშირის გამგეობის მიერ დადგენილი კვოტის მიხედვით, დელეგატები აირჩევიან ფილიალების კრებებზე ფარული ან ღია კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ალტერნატივის შემთხვევაში ტარდება ფარული კენჭისყრა, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი რომელიც მოაგროვებს მეტ ხმას.

10 - 6 ყრილობას წარმართავს კავშირის თავმჯდომარე, მის მიერ ამ უფლების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ყრილობას უძღვება თავმჯდომარის მოადგილე.

10 - 7 ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება დელეგატთა არანაკლებ ორი მესამედისა, იმ შემთხვევაში თუ ყრილობა აღმოჩნდება გადაწყვეტილებაუუნარო მაშინ იგი განმეორებით მოიწვევა 7 დღის შემდეგ იმავე წესითა და დღის წესრიგით. განმეორებით მოწვეული ყრილობა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარი მაინც.

10 - 8 ყრილობაზე დასწრებას უთანაბრდება დელეგატის წერილობითი მონაწილეობა კენჭისყრაში. დაუსწრებლად კენჭისყრაში მონაწილეობისა და საკუთარი მოსაზრების შესახებ დელეგატმა გამგეობას უნდა აცნობოს ყრილობის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღისა.

10 - 9 ყრილობაზე კენჭისყრის უფლება აქვს ყველა დელეგატს.

10 - 10 ყრილობა გადაწყვეტილებებს იღებს ფარული ან ღია კენჭისყრით, კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს ყრილობა.

10 - 11 ყრილობის ჩატარების დროს დგება ოქმი, რომელშიც მითითებულია ყრილობის ჩატარების ადგილი, დრო, დელეგატთა ოდენობა, დღის წესრიგი, განხილული საკითხების არსებითი შინაარსი და ყრილობის გადაწყვეტილებები, ოქმს ხელს აწერს კავშირის თავმჯდომარე და მდივანი.

 

XI კავშირის ყრილობის კომპეტენცია.

 

11 - 1 ყრილობის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) კავშირის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

ბ) კავშირის მიზნის შეცვლა.

გ) გამგეობის წევრთა რაოდენობის განსაზღვრა და არჩევა.

დ) წლიური ანგარიშის, წლიური მოხსენებისა და კავშირის ბიუჯეტის დამტკიცება.

ე) კავშირის საპატიო წევრად მიღება.

ვ) კავშირის თავმჯდომარის არჩევა, ამასთან თავმჯდომარედ არჩეული უნდა იქნას მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შ შ მ უსინათლო, რომელსაც აქვს კავშირის წევრობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი.

ზ) თავმჯდომარის წარდგინებით თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების) არჩევა , ამასთან კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული უნდა იქნას კავშირის წევრი.

თ) თავმჯდომარის წარდგინებით მოადგილის (მოადგილეების) ვადამდე გადარჩევა.

ი) კავშირის რეორგანიზაცია და გაუქმება (ლიკვიდაცია).

 

კ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება.

ლ) სარევიზიო კომისიის არჩევა, მისი დებულების დამტკიცება, ასევე მისი ანგარიშის მოსმენა  და დამტკიცება.

11 - 2 კავშირის თავმჯდომარის არჩევა ხდება 5 წლით ღია ან ფარული კენჭისყრით დამსწრე დელეგატების ხმათა უმრავლესობით.

ალტერნატივის შემთხვევაში კავშირის თავმჯდომარის არჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, ამასთან ერთი და იგივე პირი თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ არაუმეტეს 2 ვადისა.

ყრილობის მიერ ჯერ აირჩევიან თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, რომლებიც ჩაითვლებიან გამგეობის წევრებად, გამგეობის თავმჯდომარე, მოადგილე, ხოლო მათი არჩევის შემდეგ დელეგატების შემადგენლობიდან აირჩევიან გამგეობის დანარჩენი წევრები. კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს ყრილობა.

11 - 3 გადაწყვეტილება წესდების შეცვლის, აგრეთვე გამგეობის ან მისი ცალკეული წევრის გაწვევის თაობაზე მიიღება დამსწრე დელეგატთა ხმების არანაკლებ ორი მესამედისა. კავშირის მიზნის შეცვლის შესახებ  გადაწყვეტილება საჭიროებს ყველა დელეგატის ხმათა ოთხ მეხუთედს. კავშირის გაუქმების ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ყრილობაზე დამსწრე დელეგატთა ხმების სამი მეოთხედი.

11 - 4 კავშირის ყველა დელეგატს კენჭისყრისას აქვს თითო ხმა, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში განხილული საკითხი მიიჩნევა უარყოფილად.

 

XII კავშირის გამგეობა.

 

12 - 1 კავშირის გამგეობა, შემდგომში გამგეობა შედგება კავშირის თავმჯდომარის, მოადგილის (მოადგილეების) და წევრებისაგან. გამგეობის წევრთა შემადგენლობაში მხედველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გამგეობის წევრთა ერთ მეოთხედს.

12 - 2 გამგეობას ირჩევს ყრილობა 5 წლის ვადით დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით, ალტერნატივის შემთხვევაში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი რომელიც მოაგროვებს მეტ ხმას.

12 - 3 გამგეობის სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც, სხდომის მოწვევას ორგანიზებას უწევს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე.

12 - 4 განსაკუთრებულ შემთხვევაში გამგეობის სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნას თავმჯდომარის მიერ, ან გამგეობის წევრთა ერთი მეოთხედის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

12 - 5 გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მასესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

12 - 6 გამგეობის მიერ გადაწყვეტილება მიიღება გამგეობის დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის, მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილის ხმა.

12 - 7 გამგეობის სხდომის დროს დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება სხდომის ჩატარების ადგილი, დრო, მონაწილეთა რაოდენობა, განსახილველი საკითხების არსებითი შინაარსი და გამგეობის გადაწყვეტილება.

ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე და მდივანი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოადგილე და მდივანი.

 

XIII გამგეობის კომპეტენცია.

 

13 - 1 გამგეობა უფლებამოსილია:

ა) განსაზღვროს კავშირის საქმიანობის პრინციპები.

ბ) განსაზღვროს გამგეობის წევრთა ფუნქციები.

გ) მიიღოს და დაამტკიცოს კავშირის წევრები.

დ) მოიწვიოს ყრილობა წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

ე) დააფუძნოს და გააუქმოს საწარმოები და ფილიალები, გადაწყვიტოს სხვა საწარმოებში წილობრივი მონაწილეობის საკითხი, დაამტკიცოს დაფუძნებული საწარმოების წესდებები, დებულებები, დანიშნოს და გაათავისუფლოს საწარმოთა ხელმძღვანელები.

ვ) განსაზღვროს ხელმძღვანელთა უფლება - მოვალეობანი წინამდებარე წესდების მიხედვით.

ზ) განკარგოს კავშირის ქონება, ასევე მოახდინოს ამ უფლების ნაწილობრივი დელეგირება ფილიალებზე.

თ) განსაზღვროს კავშირის თანამდებობის პირებისა და მომსახურე პერსონალის საშტატო ერთეულები და ხელფასის ოდენობა კავშირის ბიუჯეტის ფარგლებში.

ი) წარმართოს კავშირის საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.

კ) დაამყაროს კულტურულ - ეკონომიკური ურთიერთობები საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, შექმნას ერთობლივი საწარმოები.

ლ) დაამტკიცოს ან დანიშნოს ფილიალების ხელმძღვანელები.

მ) მოისმინოს და დაამტკიცოს ფილიალების ყოველწლიური ანგარიშები.

ნ) დაამტკიცოს კავშირის ფილიალების ბიუჯეტი.

ო) დაამტკიცოს ბეჭდების, შტამპების და საწევრო წიგნაკების ნიმუშები.

პ) განახორციელოს კავშირის ლიკვიდაცია.

13 - 2 გამგეობის სხდომის ჩატარების შესახებ გამგეობის წევრებს უნდა ეცნობოთ გამგეობის სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 3 დღისა.

 

13 - 3 გადაწყვეტილების მიღებისას გამგეობის ყველა წევრს აქვს 1 ხმა.

13 - 4 თუ გამგეობის წევრი ვერ ესწრება სხდომას მან შეიძლება ხმა მისცეს გადასაწყვეტ საკითხს დაუსწრებლად.

13 - 5 კავშირის გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს ანალოგიური მიზნის მქონე სხვა კავშირის გამგეობის წევრი.

13 - 6 კავშირის ქონების მდგომარეობის თაობაზე გამგეობამ უნდა შეადგინოს ანგარიში შესაბამისი ფორმით.

13 - 7 გამგეობა ვალდებულია დაიცვას და გაუფრთხილდეს კავშირის ქონებას.

 

XIV ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა.

 

14 - 1 კავშირის ხელმძღვანელობას და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებენ კავშირის თავმჯდომარე და მოადგილე (მოადგილეები) ცალცალკე, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის კონკრეტული საკითხები განიხილება გამგეობის შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს გამგეობა.

14 - 2 კავშირის ხელმძღვანელები და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები საქმეს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდნენ, იმ შემთხვევაში თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას კავშირის წინაშე პასუხს აგებენ მიყენებული ზიანისათვის.

 

XV სარევიზიო კომისია.

 

15 - 1 კავშირის მიმდინარე საქმიანობის კონტროლი და წლიური ბალანსის ანგარიშის შემოწმება ევალება სარევიზიო კომისიას.

შემოწმების შედეგებს სარევიზიო კომისია წარუდგენს ყრილობას.

15 - 2 სარევიზიო კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან.

სარევიზიო კომისიას ირჩევს ყრილობა 5 წლის ვადით დამსწრე დელეგატთა ხმების უმრავლესობით. ერთი და იგივე პირი სარევიზიოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ არაუმეტეს ორჯერ.

15 - 3 სარევიზიო კომისიის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს გამგეობის წევრი.

სარევიზიო კომისიის წევრი უნდა იყოს კავშირის წევრი.

 

XVI კავშირის ფილიალი.

 

16 - 1 საქართველოს სხვადასხვა ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში რაიონში, ქალაქში, ქალაქის რაიონში, აგრეთვე საზღვარგარეთ კავშირმა შეიძლება შექმნას ფილიალი, შემდგომში ფილიალი.

16 - 2 ფილიალის სტრუქტურა და საქმიანობა განისაზღვრება კავშირის გამგეობის მიერ დამტკიცებული დებულების მიხედვით.

16 - 3 ფილიალის მართვის ორგანოა ფილიალის კრება, შემდგომში კრება, რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც.

 

კრება შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე კავშირის გამგეობის მოთხოვნით.

16 - 4 კრება უფლებამოსილია თუ მასში მონაწილეობს ფილიალის წევრთა კრების დელეგატთა არანაკლებ ნახევარი მაინც, კრების დელეგატთა კვოტას განსაზღვრავს ფილიალის გამგეობა და ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

16 - 5 ფილიალის მუშაობას ხელმძღვანელობს ფილიალის თავმჯდომარე ან დირექტორი, რომელთანაც იდება შრომის ხელშეკრულება. შრომის ხელშეკრულებას კავშირის სახელით ხელს აწერს კავშირის თავმჯდომარე ან მოადგილე.

16 - 6 იმ ფილიალში სადაც აღრიცხვაზე იმყოფებიან კავშირის წევრები უნდა შეიქმნას ფილიალის გამგეობა, რომლის წევრებსაც ირჩევს კრება და ამის შესახებ აცნობებს კავშირის გამგეობას.

კრება თავდაპირველად ირჩევს ფილიალის თავმჯდომარეს, (ალტერნატივის შემთხვევაში ტარდება ფარული კენჭისყრა), რომელიც ჩაითვლება გამგეობის წევრად, ხოლო შემდეგ კი გამგეობის დანარჩენ წევრებს 5 წლის ვადით  ან მომდევნო საარჩევნო ყრილობამდე .

გამგეობის წევრთა რაოდენობას და კენჭისყრის სახეობას განსაზღვრავს კრება.

ფილიალის თავმჯდომარის არჩევას ამტკიცებს კავშირის გამგეობა.

16 - 7 ფილიალის დირექტორი ან თავმჯდომარე უნდა იყოს მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შ შ მ უსინათლო, კავშირის წევრობის არანაკლებ 3 წლის ვადით.

16 - 8 ფილიალის დირექტორი ან თავმჯდომარე ხელმძღვანელობენ ფილიალის საქმიანობას.

ფილიალის დირექტორს (ფილიალის თავმჯდომარეს) უფლება აქვს განკარგოს ფილიალის ქონება კავშირის გამგეობის მიერ დადგენილ ფარგლებში.

 

XVII წლიური ბალანსი და ანგარიში.

 

17 - 1 წლიურ ბალანსს და ანგარიშს შეიმუშავებს კავშირის გამგეობა და წარუდგენს ყრილობას დასამტკიცებლად.

17 - 2 ყოველი წლის ბოლოს კავშირის გამგეობა განიხილავს კავშირის ფინანსურ მდგომარეობას და ადგენს სავარაუდო ბიუჯეტს მომავალი წლისათვის. აღნიშნულ ბიუჯეტს ამტკიცებს ყრილობა.

 

XVIII კავშირის ქონება.

 

18 - 1 კავშირის ქონება წარმოიქმნება:

ა) კავშირის წევრთა საწევრო  შენატანებიდან.

ბ) დაფუძნებული ან მათი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან მიღებული მოგების, დივიდენდებისა და შემოსავლებისაგან.

გ) სხვა საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა შემოწირულობებისაგან.

 

დ) სხვა წყაროებიდან, რომლებიც აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.

18 - 2 კავშირის რეგისტრაციის მომენტისათვის უსინათლოთა საზოგადოების კუთვნილი ქონება წარმოადგენს კავშირის ქონებას.

18 - 3 კავშირის ქონება გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნებისათვის.

18 - 4 კავშირის წევრები არ იღებენ არავითარ წილს კავშირის ქონებიდან.

მიღებული ქონება მოხმარდება კავშირის მიზნებს.

18 - 5 კავშირის გამგეობა შემოსავლებიდან ქმნის სარეზერვო, საქველმოქმედო და სხვა ფონდებს.

 

XIX კავშირის ხანგრძლივობა.

 

კავშირი შექმნილია და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.

 

XX კავშირის რეორგანიზაცია და გაუქმება (ლიკვიდაცია).

 

20 - 1 კავშირის რეორგანიზაცია, მიერთება, შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

20 - 2 კავშირის გაუქმება ხდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) გაკოტრებისას ან რეგისტრაციის გაუქმებისას.

ბ) თუ კავშირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე.

გ) ყრილობის გადაწყვეტილებით.

დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

20 - 3 კავშირიდან რომელიმე წევრის გასვლა არ გამოიწვევს კავშირის გაუქმებას, გარდა იმ შემთხვევისა თუ წევრის გასვლა გამოიწვევს კანონით განსაზღვრული აუცილებელი რაოდენობის შემცირებას, ასეთ შემთხვევაში კავშირის წევრის გასვლის ძალაში შესვლამდე მიღებული უნდა იქნეს ახალი წევრი.

20 - 4 კავშირის ლიკვიდაციას ახორციელებს კავშირის გამგეობა. ლიკვიდაციის განხორციელება შეიძლება დაევალოს გამგეობის ერთ ან რამდენიმე წევრს.

20 - 5 კავშირის ქონების ლიკვიდაცია ხორციელდება კანონით დადგენილი წესით.

20 - 6 კავშირის ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების მქონე არაკომერციულ ორგანიზაციას, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას გამოიტანს კავშირის გამგეობა.

 

XXI დავის გადაწყვეტა.

 

21 - 1 კავშირის წევრებს, ასევე კავშირსა და მის წევრებს შორის წარმოქმნილი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო.

21 - 2 კავშირსა და მესამე პირებს შორის წარმოშობილი დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

XXII დასკვნითი დებულებები.

 

22 - 1 ამ წესდების რომელიმე დებულების ბათილობა არ გამოიწვევს მთელი წესდების ბათილობას, იგივე წესი იმოქმედებს როდესაც წესდებაში რაიმე ხარვეზი იქნება დადგენილი.

22 - 2 ბათილი დებულების მაგივრად ხარვეზის შესავსებად შეთანხმებული უნდა იქნეს შესაბამისი მოწესრიგება რომელიც მასთან უფრო ახლოა და სასურველია კავშირის წევრებისათვის, აგრეთვე შეესაბამება წესდების არსსა და მიზანს.

22 - 3 წესდება მიღებულია 1998 წლის დეკემბერს, საზოგადოების XII მოწვევის 3 - ე პლენუმის მიერ და ძალაში შედის სასამართლოში რეგისტრაციის დღიდან.

 

სუ კავშირის თავმჯდომარე რ. მაისურაძე.

 

დადგენილება 25 ოქტომბერი, 2002 წელი თბილისი ისანი - სამგორის რაიონული სასამართლო, მოსამართლე ტურავამ გამვიხილე საქართველოს უსინათლოთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარის მაისურაძის განცხადება კავშირის წესდებაში ცვლილებების შეტანისა და დამატებების რეგისტრაციის შესახებ. გამოვარკვიე საქართველოს უსინათლოთა კავშირი რეგისტრირებულია ისნის რაიონის სასამართლოს მიერ 1998 წლის 25 დეკემბერს #79 - 18 დადგენილებისთ საქართველოს უსინათლოთა კავშირის XIV ყრილობის 2002 წლის დადგენილების , კავშირის წესდება ცვლილებებით და დამატებებით .

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელე რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 34 - ე მუხლით დავადგინე დამტკიცდეს საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდება ახალი რედაქცია დადგენილი სახით.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / დოკუმენტები / უავტორო / საქართველოს უსინათლოთა კავშირის წესდება.