ქურხული ბექა

დავითო

 

 

დავითოს ცხენი გადაეჩეხა.

ბილიკზე მოდიოდა, ხევის პირას.

აღვირით მოჰყავდა. მიწა უცებ ჩაიშალა და გადაიჩეხა.

  იჯდა ახლა ქვაზე და თავის გატყავებულ ხელს დაჰყურებდა. ვერ მოასწრო აღვირისთვის ხელის გაშვება და გადაეყვლიფა. კიდევ კარგი გაწყდა აღვირი, თორემ გადაიყოლებდა.

იჯდა ქვაზე. პაპიროსს ეწეოდა.

ცხენს შეხედა. ცხენი უკვე მკვდარი იყო. ჩიჩვირიდან სისხლი ჟონავდა.

ყველიანი გუდა გახეულიყო და ყველი მიწას შერეოდა. ცხენი გუდის სიმძიმეს გვერდზე გადაეხარა და ფეხები აეშვირა.

დავითო იჯდა და არ იცოდა რა ექნა. არც უნდოდა რამე ექნა. ცხენის ქვეშ მოყოლილ თოფს მოებღაუჭა. ეგრევე, მჯდომარე. ვერ გამოაძრო.

დაეზარა ადგომა. თოფს ხელი გაუშვა და იქვე დაგდებული მათრახი აიღო.

მათრახი გატეხილიყო. დაენანა.

ლამაზი მათრახი იყო, დაჭრელებული.

  «ყარაჯალელმა თათრებმა მაჩუქეს 1960-ში, შერიგებისას. ოცდახუთი წელია ხელში მიჭირავს.»

  გატეხილი ნაწილები შეაერთა. დაჰყურებდა ძალით გამთელებულ მათრახს.

  «ეს მაინც არ გატეხილიყო. შეჩვეული ვიყავ, როდის გავა კიდევ ოცდახუთი წელი.»

  დავითომ უცებ მოისროლა მათრახი. «ერთი ამისიო».

  მათრახი ჰაერში ორად გაიყო და სხვადასხვა ადგილას ჩავარდა.

  უკვე ჩამავალი მზე ღრუბლებს წითლად ჭრიდა.დაენანა გადაგდებული მათრახი.

 

«რაღას ვაგდებდი.» ადგა ვითომ მოსაძებნად. «ერთი მაგისიო», ისევ გაიფიქრა. გაფხრეწილ გუდასთან მივიდა, დაიხარა. მიწიანი ყველი მოტეხა, გაწმინდა და მოკბიჩა. მიწამ კბილებში კნაწაკნუწი დაიწყო.

ღეჭავდა ყველს დავითო და მკვდარ ცხენს დაჰყურებდა.

«მუშა ცხენი იყო, – გაიფიქრა, – სულ ერთად დავდიოდით. სად არ დადგმულა ამის ფეხი და აი, სად ამოუვიდა სული. ჭკვიანი ცხენი იყო, ჭკვიანი და მუშა.

დროზე უნდა მოვხსნა უნაგირი, თორემ დამიღამდება.»

მლაშე ყველმა წყალი მოაწყურა. Mიბრუნდა, წვეთ-წვეთ ჩამომდინარე წყაროსთან მოძებნა ბუერის ფოთოლი და წყლის მოგროვებას დაელოდა. მერე მუცელზე დაწვა და დალია.

ადგა. წყურვილს ისევ გრძნობდა. ისევ დაელოდა წყლის მოგროვებას.

დალია და გამობრუნდა.

«უნდა მოვხსნა უნაგირი, თორემ დამიღამდება».

მაგრად ეზარებოდა მკვდარ ცხენთან ჩალიჩი. «ერთსაც მოვწევ ბარემ,» ისევ იმ ქვაზე დაჯდა.

იჯდა და აფურთხებდა. დაფურთხებულს ფეხით შლიდა.

უცებ პაპისეული ხანჯალი გაახსენდა. ისიც უნაგირზე ეკიდა. წამოხტა, ცხენს ეცა.

ხანჯალი აღარ იყო. კბილების კრაჭუნით დატრიალდა. სიმწრისგან ყბის კუნთები დაებურცა. სწორედ იმ ქვის უკან დაინახა, რომელზეც წეღან იჯდა. თითქოს უკნიდან მოჰპარვოდა.

შვებით გაიღიმა და დასწვდა ხანჯალს.

დიდი ხანჯალი იყო. პაპისეული, ქისტური, ყუიანი, ქარქაშში ბოლომდე ვერ ჩადიოდა. პაპამისს გიჟ იაკობას ეძახდნენ. თათრების უბანზე რომ ამოივლიდა, თათრები ლამფებს აქრობდნენ შიშით.

დავითომ უნაგირი მოხსნა. თოფიც გამოაძრო, ორივე ზურგზე მოიკიდა და დაიძრა. აღვირს მოხედა. ჯერ დაეზარა მოხსნა, მერე დაენანა და მობრუნდა.

მოხსნილი აღვირი კისერზე ჩამოიკიდა.

უნაგირი ისევ ზურგზე მოიგდო და ნაშალზე აფოფხდა. ბილიკამდე ააღწია და ზევიდან გადმოხედა ჩაჩეხილ ცხენს.

მიტოვებული ცხენი ცუდი საყურებელი იყო. თითქოს ახლა მიხვდა, რომ ცხენი მოუკვდა. შეცბა.

გაბრუნდა და გზას დაადგა.

უკვე ბნელდებოდა. ჰაერი ტურის კივილმა გაჰკვეთა.

დავითო შედგა. უნაგირი დააგდო და თოფი მოიხსნა.

ცალი ლულა მიწით იყო სავსე. Mმიწა გამოყარა და შესამოწმებლად იმ ლულიდან გაისროლა.

  «კარტეჩმა» მთებს იქით გაიბაგუნა. დავითომ თოფი ისევ გატენა. ვაზნები ჩანთიდან ამოიღო და ჯიბეში ჩაიყარა, უფრო მარჯვედ რომ ჰქონოდა. მერე ისევ აიკიდა თოფი, უნაგირი და გზას გაუყვა.

ტალახიანი ხევი გატოპა და მეორე ხევს აუყვა.

აღმართში ტვირთი უფრო ემძიმა. ერთი უზანგი მწარედ მოხვდა ფეხში.

 «ძნელია უცხენობა,» გაიფიქრა დავითომ. «რა უნდა ქნას მწყემსმა კაცმა უცხენოდ.

ის ყველი მაინც წამომეღო, გავყიდდი, შემეშველებოდა, მაგრამ მძიმე იყო ის ოხერის ტიალი. ორივეს ვერა ვთრაქავდი. რა ვქენ ვითომ ახლა ჩემს უჭკუო ჭკვითა? თუმცა მაგის დედაც ვატირე, გუდა გახეული იყო და შემაღონებდა. თან ცხენს რომ ვიყიდი, უუნაგიროდ ხომ ვერ დავიტოვებ. ვერც ვერავის ეთხოვები, ახლა ყველას თავისი უჭირს.

დაიღალა.

«ჯერ რა დროს დასვენებისაა?» – ედავებოდა თავის თავს.

«გუდამაყრელი ჩიოდა, გუდამ შეჭამა ყველიო,» – ამოიმღერა დავითომ.

ძალიან გაბზარული ხმა ამოუვიდა და ამიტომ გუნებაში გააგრძელა სიმღერა.

აღმართი აათავა.

აქედან სწორი გზა მიუყვებოდა მთის ფერდს. მერე თავქვე ეშვებოდა.

ჩალიან ხევს გაუყვებოდა. ერთ მთასაც გადაივლიდა და სოფელიც გამოჩნდებოდა.

«როგორ გადამეჩეხა ცხენი, მაგის დედა ვატირე, უცებ ჩაიშალა მიწა და დაგორებულ ცხენსღა ვკიდე თვალი. მობრუნებაც ვერ მოვასწარი.»

  გაახსენდა რომ გადაყვლეფილი ხელი ეწვოდა.

«რა ცუდი სანახავია დაგორებული საქონელი. რა საცოდავად შლიდა ფეხებს. სულ იმ წვიმების ბრალი კი იყო. სამი დღე წვიმდა. დაალბო მიწა. სწორედ იმ დღეს დასცხო, რო მოვდიოდი და სამი დღე გამაჩერა. დღეს კი ვითომ გადაიდარა, მაგრამ მაინც მიწია წერა-მწერალმა. არადა ცხენი რომ არ გადამვარდნოდა, აქამდე სახლში ვიქნებოდი და ჩემი დედიძმა ელიზბართან ხინკალსაც შავხვრეტდი.»

  დავითოს მუცელი დაეწვა შიმშილისგან.

სულ უფრო და უფრო აბრაზებდა იმაზე ფიქრი, ეს ცხენ-ტიალა რომ არ გადავარდნოდა, უკვე სახლში იქნებოდა ლამაზ-თბილად. დასვენებული და ნასვამ-ნაჭამი.

«რა ჩემ საავდროდ უწვიმია მაგ მამაძაღლისას, ეგეც ჩემი ბედი?!»

დავითო უკვე ჩალიან ხევის პირს იყო.

ახლა კი უნდა დაესვენა, თორემ ფეხს ვეღარა სძრავდა.

კი არ დაჯდა, ეგრევე გადაწვა ფერდაზე და ჩაბნელებულ ცას შეხედა.

ჯერ მთვარე არ ამოსულიყო. ვარსკვლავებს ქვემოთ ჩარიგებული ღრუბლები ჩუმად მოსდევდნენ ერთმანეთს. ჩამუქებულ ჩალიან ხევში განუწყვეტლივ ისმოდა ათასგვარი ხმები.

  «ნეტა რა ჭკვაზე შეჰქმნა არსთა გამრიგემ ეს ქვეყანა,» – ფიქრობდა დავითო. დამძიმებულ ფეხებში ყრუ, ტკივილისმაგვარ რაღაცას გრძნობდა. მერე აიბამბღვლა და ფეხარეული რაცრაცით გაუყვა რიყეს.

რიყის ქვა ჩხრიალით მიჰყვებოდა დავითოს ნაბიჯს. გვერდზე მთიდან წამოსული ტალახიანი ხევი მოთხლიშინებდა. ხევის ხმაზე ისევ მოსწყურდა დავითოს. გზიდან გადაუხვია და მთას შეუყვა.

  ამ მთის იქით მისი სოფელი იყო.

დინჯად ადგამდა ფეხს, ძირს არც იყურებოდა, მთელი ცხოვრება ამ ბილიკზე გადად-გადმოდიოდა და ფეხი უკვე თვითონ გრძნობდა ნაცნობ ბილიკს.

ზაფხულობით ამ ხევში მოდიოდნენ საბანაოდ ბავშვობაში. «რამდენჯერ გამივლია ეს მანძილი.

ახლაც გავივლი და მორჩა. აქედან უკვე ახლოა.»

  ქვევით, ხევში ნადირმა გაიჯლიგინა.

«რა საკბილო დავუტოვე მგლებს. გამოსკდებიან ამაღამ. შეიძლება ახლაც ახტებიან ერთმანეთს. დაჰღაღავებენ და დაჰხარიან ჩემს ცხენს.»

უცებ ბოღმა და ბრაზი მოაწვა ყელში.

«ყველიც რომ დავუტოვე, ნეტავ სჭამენ მგლები ყველს? არა მგონია. ანდა, რა ვიცი... რომ მოშივდებათ მიწასა სჭამენ და ყველს რატომ არ შესჭამენ? ამდენი ხანია ცხვარში ვარ და ისიც კი არ ვიცი, სჭამენ თუ არა მგლები ყველს. სჭამენ ნეტა?»

ქვევით სოფლებში სინათლეები გამოჩნდა. დავითომ ნაბიჯს უმატა.

«შემჭამს დარეჯანი,» – გაიფიქრა. – «შემჭამს და გავადენ ტყროშს, მაგის თავი მაქვს კიდე,» – გაიფიქრა გაბრაზებულმა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. «არა, ვერ გავადენ ტყროშს, ორი თვეა არ მინახავს, დავსწუხდი უკვე მაგისკენა, ორი თვეა ისედაც შავ ნაბადს შავყურებ. რომ ვიჩხუბო, საბძელში მომიწევს ძილი.

ისევ სჯობია ჩემს დედიძმა ელიზბარს შევუარო, ის გააგებინებს, რომ ჩამოვედი, იქ ხომ ვერ დამიწყებს ჩხუბს და ამასობაში გადაუვლის, როგორ დავსწუხდი მაგისკენა... მართლა ელიზბარს ვკითხავ, სჭამენ მგლები ყველს თუ არა! ეგ ნავალი კაცია, ეცოდინება. სჭამენ ნეტა?

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქურხული ბექა / დავითო