ქურხული ბექა

თოვა, ფანჯარა, კაცები...

 

 

 კოჭამდე თოვლი იდო. ქარი ქროდა. ხეები ქანაობდნენ. ქარი ზუზუნით ავსებდა ქუჩას.

ქუჩის გადაღმა, პატარა დახლთან ხილ-ბოსტნეულის გამყიდველებს ცეცხლი აენთოთ, ცეცხლი ცალკე იზნიქებოდა ქარისაგან, ესენი ცალკე, ვითომ თბებოდნენ.

იდგა და გზას გაჰყურებდა;

იგვიანებდა. სიგარეტს ეწეოდა. იქვე ორ ნაბიჯზე «ფოლქსვაგენ-გოლფში» გოგო და ბიჭი ისხდნენ, ისინიც ეწეოდნენ, მანქანის სალონში ორი წითელი წერტილი ენთო და ნელა მოძრაობდა.

ხედავდა გოგონას გრძელ თმას და ბიჭის სიგარეტის ნაკვერჩხლისაგან განათებულ პროფილს.

ქუდს ქვემოდან, სიბნელეში, მგელივით იყურებოდა.

ზამთარში ქალაქი საიქიოს ჰგავდა. ცხოვრება არეული იყო როგორც ჰუსარების ქეიფის შემდეგ მაგიდის შერჩენილი კარტის «კალოდა», ჯვრის ტუზი, გაღუნულ დეზთან ერთად რომ გდია იატაკზე.

ყოველი ახალი დილა წინაპრებისაგან მემკვიდრეობით დატოვებული კიდევ ერთი ძველი, თითქოს მივიწყებული, მაგრამ ამავე დროს თავიდან აღმოჩენილი კითხვით ილანდებოდა ფანჯრებში, ჩნდებოდნენ ძველი საყდარივით გვერდზე გადახრილი და მომთხოვნი საგვარეულო ცოდვები. . . ვერ დაიხსნიდა თავს, უნდა ეომა. . .

ყველას წინაპარი მიდის, ამისები კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ დახვრეტილები, გალოთებულები, დაკარგულები, რესტორანში დანით მოკლულები, უკან ბრუნდებოდნენ და ყველაფერს თავიდან იწყებდნენ.

სადავო სახნავები, სადავო სათიბები, ვენახები, სახლები, ნასახლარები, სარდაფში, მტვრიან ყუთში ჩამალული, ზეთიან ტილოში გახვეული გადაჭრილი «ვინტოვკა» და ლულაგამრუდებული «პარაბელუმი», ან ამათი ტყვიები სადღა უნდა იშოვოს კაცმა, «ვინტოვკას» კიდევ ეშველება, იჩალიჩებს კაცი, «პარაბელუმი»? . .

არა, უნდა წახვიდე შორს, ლაპლანდიაში, ჩაუკორეშდე თეთრ დათვებს, იმათთან ერთად დახვდე იქიდან საშობაოდ წამოსულ თოვლის პაპას, წაართვა რაც «კაფენტები» აქვს, დააყაჩაღო იმ ირმებიანი და ეჟვნებიანი მარხილიდანაც გადმოსვა და გამოუშვა ფეხით. ატყუებს აქ ხალხს! . .

კიდევ ერთი «მარშრუტკა» გაჩერდა. ვიღაც ჩამოვიდა. განათებულ «მარშრუტკაში» მგზავრები ვიტრინაში გამოფენილებს ჰგავდნენ.

მოქალაქემ ქუჩა გადმოჭრა. კაცი იყო.

ბიჭი შეტოკდა, მაგრამ არ წასულა. კიდევ ერთი სიგარეტი ამოიღო. კაცს დიდი კეპი ეხურა, დიდი სათვალე ეკეთა და ორივე ხელში პარკები ეჭირა. ფრთხილად, შეშინებულმა გამოხედა სარგადაყლაპულივით მდგარს. . .

ციოდა. თანდათან ბრაზდებოდა.

სიგარეტი თვალისდახამხამებაში იწვებოდა.

იმ კაცმა სადარბაზოში შეუხვია: – მივა სახლში, შეჭამს მანდარინს, იქნება თავისთვის...»

«ფოლქსვაგენის» სალონში წითელი წერტილები აღარ ჩანდა.

შურდა მა რა. . .   «გადამაგდო!» – გაიფიქრა და მაგრად ჩასწყდა გული.

გაიყინა. თოვლის ფიფქები გამოჩნდნენ. ლამპიონის შუქზე ცალ-ცალად, თითო-თითო მოფრინავდნენ, ირიბად მოფრიალებდნენ, წაგებული ბრძოლიდან დაბრუნებულებივით ერიდებოდნენ ერთმანეთს.

მკვრივი ფიფქები დიდხანს არ დნებოდა. არავინ მოდიოდა.

გამყიდველებისკენ წავიდა, ცეცხლი მოძლიერებულიყო, არხეინი რწევა რწევით გადადიოდა ქუჩაზე, მანქანაში მჯდომ გოგოს ეპრანჭებოდა.

  სამნი იდგნენ ცეცხლთან, დახლი არ აელაგებინათ, ხილს ფიფქები ეფინებოდა. ყურძენი კიდევ ჰო, ბანანი კი მაზალოდ ჩანდა თოვლში. მანდარინებიც კაცურად გამოიყურებოდნენ. ყველაზე მოზრდილი დაითრია და მეოთხე კაცად მიეფიცხა ცეცხლს. ფცქვნიდა მანდარინს და ქერქს პირდაპირ ცეცხლში ყრიდა. გაფცქვნა და გამყიდველებსაც შესთავაზა.

გამყიდველები «ვზროსლები» იყვნენ, თავჩაღუნულები ჩაჰყურებდნენ ცეცხლს.

– ჭამე, ჭამე, ჩვენ მაგის მეტს რასა ვჭამთ! . . .

ბევრი აღარ უფიქრია, ეგრევე გადასანსლა.

– ელოდები ვინმეს? – ჰკითხა ერთ-ერთმა.

ჩუმად დაუქნია თავი.

– ეჰ! – ამოიოხრა მეორემ.

ცეცხლის ალი თვალებში ეცა, სახე გვერდზე გასწია და ცერად გამოხედა სამივეს. სამოც წელს მიტანებულები იყვნენ, სიმაღლითაც თითქმის ტოლები, ორს ქუდი ეხურა, ერთს არა. ამათ თაობაში უმეტესობა ეგეთია, საშუალო ტანის, მსხვილი მაჯებით, მსხვილი თითებით და ნაკოლკებით.

მძიმე ბათინკები ეცვათ, ცეცხლისკენაც ისე წახრილიყვნენ. ტვირთს რო წამოიკიდებ, ძალიან მძიმე როა, წელში ვერ აიმართები, მაგრამ მაინც დასძრავ, გაუმაგრდები.

იდგნენ, გამოეშალათ ცეცხლისკენ ხორციანი, მძიმე ხელები, ცეცხლის ალი წითლად ედებოდათ, უქუდოს გრძელი ცხვირი ჰქონდა.

დაღონებულები იდგნენ. ბიჭმა შუბლზე ჩამოფხატული ქუდი აიწია, სიგარეტი ამოიღო, ჩაიჩოქა და ნაკვერჩხალზე მოუკიდა.

«ფოლქსვაგენი» დაიქოქა.

ნელა დატრიალდა, ნელა ჩაიარა და წავიდა. კარგა ხანს ჩანდა სიბნელეში ფარების შუქი.

დარჩნენ ოთხნი. მარტოობა იგრძნო. ქუდი ისევ თვალებზე ჩამოიფხატა.

მჭვარტლი ერეოდა.

– ეს არის ახალი წელი! ვიმურებით. – თქვა ერთმა.

თავჩაღუნულებს სახე არ უჩანდათ, ორი ქუდი და ერთი შემელოტებული შუბლი, თავის შუაზე გადაღუნული ცხვირით, ეგ იყო. ოთხივეს წრიულად მიეშვირათ ცეცხლისთვის ხელები, თითქოს ფიცსა სდებენო.

– რატომ არ აბარგებთ? – იკითხა.

ჩუმდა იდგნენ. ელოდებოდნენ ერთმანეთს, ეზარებოდათ პასუხის გაცემა.

მერე უქუდომ უხალისოდ თქვა:

– «ხაზეინს» ველოდებით. . . თერთმეტზე უნდა მოვიდეს, ჩაიბაროს აბა. . . ეგ არი?

– აღარც ახალი წელი მიხარია, აღარც 7 ნოემბერი, ორი ნატეხი პური სახლში მივიტანო, დავწვე, დავიძინო და მორჩა. . .

– მაინც «პრაზდნიკია» – თქვა მესამემ, პლასტმასის ბოთლიდან ჭიქაში არაყი ჩაასხა.

– დალევ?

– დავლევ.

– რაც ესენი მოვიდნენ, სუ ფეხზე მდგარი ვთვრები, «სტოლთან» პურის ჭამა მომენატრა – თქვა უქუდომ და ამოიხედა, ცოტა ხანს თვალები ჰქონდა დახუჭული – კვამლი შემოეხვია, მერე ქარი შეიცვალა და ბოლი ცეცხლშივე ჩაბრუნდა.

– აბა ჰა, თქვი რამე – უთხრა უქუდომ და შეხედა. მოულოდნელად კეთილი თვალები ჰქონდა და დაბლა დაწეული, მძიმე კორსარების ნიკაპი.

  ვიღაცამ ვეღარ მოითმინა და ბახტრიონიდან «რაკეტნიცა» ბუთქა. ცა წითლად განათდა, მაშხალა ცოტა ხანს კორპუსის ზემოთ დაეკიდა, მერე ნაპერწკლები გაყარა და გაქრა.

– «ტრევოგისაა» – თქვა ბიჭმა.

– დაიწყეს უკვე. . .

– ჯერ რა დროისაა?

– წითელი – «ტრევოგაა» – გაიმეორა ბიჭმა. თავი მოიწონა.

ყურადღება არავინ მიაქცია. არყის ჭიქა ისევ ხელში ეჭირა.

– გაგვიმარჯოს, მომავალი წელი უკეთესი ყოფილიყოს, ღმერთი გვფარავდეს! .

– მიდი, მიდი, გაიხარე!

ჭიქაში ბლომად ესხა, ჭაჭა იყო, ცოტა სიმჟავე ჰქონდა შეპარული, ყლუპებით დალია.

– აი «მალადეც»! – უთხრა იმან, ვინც ჭიქა მიაწოდა, გამოართვა, თვითონაც ბლომად დაისხა, ხელის თითებზე ციფრები ჰქონდა ამოსვირინგებული – «1937» ფიცრის ნატეხი ბათინკის წვერით მისწია ცეცხლისკენ.

– კაი სამწვადე ნაკვერჩხალი დაყარა.

– ჰოო, მამა გვიცხონდება. . .

– აბა, ეს მწარეა, ჩვენ ტკბილი ვიყოთ! 

– მაშ, იქნები! – ის მეორე, ქუდიანი იყო, ბუზღუნა.

პირველმა ყურადღება არ მიაქცია. ეგრევე გადაუშვა არაყი, მერე შვებით

ამოისუნთქა, ქუდი ქეჩოზე მოიგდო, დაასხა და ბუზღუნას გაუწოდა.

– აჰა. . .

გამოართვა, ცოტა ხანს ცეცხლს უყურა, მერე გაიხედ-გამოიხედა და შეთქმულის იერით თქვა:

– ვინც ჩვენ გვიშველის, იმას გაუმარჯოს! – არყის ჭიქას ჩააჩერდა, არაყში  შიგ ჩავარდნილივით ხტუნავდა წითელი ცეცხლი.

– ჰე დალიე ახლა, მეც ვთქვა ორი სიტყვა – უთხრა უქუდომ.

ჭაჭამ უცებ გაახურა, ცეცხლ ორი ნაბიჯით მოშორდა, კიდევ მოუნდა მანდარინი, მაგრამ მოერიდა.

ცეცხლი აქეთ-იქით აწყდებოდა, ცდილობდა არ ჩამქრალიყო.

გაიხედ-გამოიხედა, შესაკეთებელი აღარაფერი იყო, გაახსენდა გზის იქით მაცივრის მუყაოს დიდი ყუთი რომ ეგდო, გადავიდა, გადმოათრია, ზოლ-ზოლად დახია და შეუკეთა. ცეცხლი ისევ მოძლიერდა.

– სავსეა თურმე აქაურობა ჩვენი ხალხით, აღარაა ტევა. . . – ამბობდა უქუდო.

– რჩება მაინც რამე?

– გამომიგზავნა ცოტა რაღაც საახალწლოდ, ახლა მშენებლობაზე ვმუშაობო, ამაზე უკეთესად კი იქნება კაცი ყველგან.

– ეჰჰ. . .

– მაგრამ გემო არა აქვს აქაურს არაფერსო, არც წყალს, არც ხორცს, არც პურსო.

– ჩვენი სულ სხვაა, რას ამბობ! . .

– აბა რა! . .

– სად არის რო წასული? – იკითხა ბვიჭმა, თან მუყაოს ნახევებს უმარჯვებდა ცეცხლს.

– უქუდომ გაკვირვებით შეხედა, თითქოს ახლა დაინახაო.

– საბერძნეთში.

დასცხა და ქუდი მოიხადა.

– სავსეა იქაურობა ჩვენი ხალხით – გაიმეორა ცხვირგაღუნულმა.

სულ უფრო და უფრო ხშირად ეკიდებოდა ქალაქის თავზე გირლიანდები.

მაშხალებს ისროდნენ, წამოვიდოდა სტვენით, გაიშლებოდა პარაშუტივით, ყვითელი, წითელი, მწვანე, ირეოდნენ, გადადიოდნენ ერთმანეთში, წვიმაში არეული თოვლი ცალკე მოდიოდა. იპოდრომის მხრიდან სანადირო თოფმა გადაიბაგუნა.

– ვინც წლევანდელ ახალ წელს ვერ დაესწრო. . . «1937» მჭიდროდ შემოტმასნოდა ჭიქას.

შეეტყოთ სასმელი, გამოცოცხლდნენ. ბიჭი ჩუმად იდგა და უსმენდა, ჩუმადვე სვამდა.

ახლა ადვილი იყო ლოდინი, გადაგდების მოლოდინიც კი, ერთი ეგ იყო, მანდარინს არ აჭმევდნენ.

  იმატა თოვამ, მოიფრქვეოდა ფიფქები, ბარდნისო, ვერ იტყოდი, მაგრამ რაღაცნაირად მკვრივად უშენდა, შრიალი ისმოდა, გამოივლიდა მანქანა, გაატარებდა ანთებული ფარების შუქში ფიფქებს. წავიდოდა, გაუბერავდა პავლოვისკენ, მიიკარგებოდა, მიჩუმდებოდა და ისევ მობრუნდებოდა ფიფქების შრიალი.

ცისკენ აიხედა, მოდიოდნენ და მოდიოდნენ, ისე გაებნენ, დიდხანს თუ უყურებდი, მოგეჩვენებოდა, რომ აქედანაც მიდიოდნენ, გაახსენდა: მაღლა, მოდიოდნენ და მიდიოდნენ. . .

  კაცები მოხასიათდნენ, უკვე მეორე ბოთლი გაიხსნა და ერთმანეთს ლაპარაკს აღარ აცლიდნენ. ჭიქა მის გვერდით ბუზღუნას ეჭირა, დაობდნენ:

  «ე ბიჭო, ჩემი სადღეგრძელოა და რაფერ! . .»

  «მარშრუტკამ» რომ ჩაიარა, მერე გაიგო ფეხის ხმა. იცნო და მოიხედა.

  ქუჩაზე გადადიოდა.

«შენი დედა ვატირე» – გაიფიქრა გახარებულმა. უყურებდა თითქოს ეშინოდა სადმე არ მიიკარგოსო.

  ცა მაშხალამ გაანათა. ესეც «ტრევოგისა» იყო, წითელ შუქზე პალტო არ ეცნო. «სხვა ხომ არ არის» – გაიფიქრა, მაგრამ სხვა არ იყო. ის იყო..

  ბუზღუნას მერე მისი ჯერი იყო, მაგრამ ესენი ისევ დაობდნენ. ცხვირგაღუნული ღიმილს მალავდა.

– ეი! – დაუძახა.

გოგო შეშინებული შემობრუნდა.

ახალი პალტო ეცვა. პატარა გოგოსავით ფეხისწვერებზე ხტოდა და თვალები უბრწყინავდა.

– დიდხანს გალოდინე?

– არა.

– რა კარგი თოვლია არა?

– ხოშიანი – უპასუხა – ხოშიანად თოვს. . .

რჩეულიშვილი გაახსენდა. «მანანას ხოშიანად ეცვა»... ბოშა გოგო დაწყვეტილსიმებიან გიტარაზე უკრავდა.

– ფანჯრიდან ვუყუროთ თოვლს, კარგი? ე, სად დალიე?

– აგე იქ – ცეცხლისკენ მიახედა. მთვრალი ბიძების ხმები ისმოდა.

– აბა, ახლა ჩამოვედიო?

– სად იყავი აქამდე? – ბიჭს ის ვერდალეული არაყი ენანებოდა, ბოლო ჭიქა ყველაზე ნაღდია.

– ჰა, სად იყავი? . .

გოგომ ღიმილით ახედა და ორივე ხელით ჯიბეში ჩაუძვრა. განათებულ სადარბაზოში შევიდნენ.

ცა მაშხალებით იყო სავსე. მოიფრქვეოდა თოვლი. მოდიოდნენ, მოჰქონდათ მძიმე, მძიმე, ძველებური შრაშუნის ხმა.

თორმეტ საათზე მაგარი სროლა იყო მოსალოდნელი.

 

2002 წ.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქურხული ბექა / თოვა, ფანჯარა, კაცები...