ქურხული ბექა

ლოჭინის ხიდთან

 

 

გიო ლოჭინის ხიდთან ჩამოხტა.

– აბა კარგად! – გასძახა უკვე მიმავალი ავტობუსის კართან მდგარ სოსოს.

გვარდიის ფორმაში გამოწყობილი თვალებზე კეპჩამოფხატული სოსო შვეიკს ჰგავდა.

გიო იდგა. გაჰყურებდა გამურულ, აბღუილებულ ავტობუსს.

სოსომ ხელი დაუქნია.

ავტობუსი ძლივს მიფოფხავდა ხიდზე და დამწვარი ბენზინის ანარეკლს ტოვებდა მზეზე. შორს პატარა გამხმარი ხე, გაჩერებული მანქანა და პოლიციელის ზურგი მოჩანდა.

გიო შემობრუნდა და ქალსა და. . . ბავშვს შეეფეთა.

ქალი დიდ, უძრავ ჩემოდანზე იჯდა. ბავშვი, ოთხი-ხუთი წლის გოგონა, იდგა და თვალებზე ჩამოყრილი ჭუჭყიანი თმიდან გიოს აჰყურებდა. გიომ ქალი შეათვალიერა.

– მწვანე ბლუზა ეცვა, მწვანე თვალები და კახპის გამომეტყველება ჰქონდა.

– შენც ჯარში ხარ? – მოფერებით და მზრუნველი სიბრალულით ჰკითხა გიოს,  თან რატომღაც გოგოს ექაჩებოდა. მერე უცებ ისე აკოცა ბავშვს, გიოს გააჟრჟოლა. მტვრიანი შავი თმიდან თმის სამაგრი გამოიძრო, ტუჩებით დაიჭირა და თმის შესწორება დაიწყო.

– რაო ბიჭო არ მელაპარაკები? – ჰკითხა ისე, რომ თვალი არ მოუცილებია.

არც თმის სამაგრი გამოუღია პირიდან, ისე გაუღიმა.

  გიოს გაეცინა და წყნარად უთხრა:

– არა ვარ ჯარში.

გოგონამ დედას ხელი წაართვა და გიოს შემოუარა.

– რატომ არა ხარ მერე, გიტყდება თუ გეშინია? – ქალმა სათვალე გაიკეთა.

ერთადერთი თვალები ჰქონდა კარგი. ახლა თვალებიც აღარ უჩანდა.

– მეშინია – უპასუხა გიომ.

– რომ არ გავხარ მშიშარას? – ქალმა გაიცინა.

– «კბილები ლამაზი ჰქონია» – აპოკრიფი გაახსენდა გიოს მკვდარ ძაღლზე.

– გოგონა ცოტა ხანს მიმავალ მანქანებს გაჰყურებდა. მერე გიოს მიუბრუნდა და თვალიერება დაუწყო.

– დედა სახლში შამპუნი გვაქვს? – იკითხა მოულოდნელად, თან ისევ გიოს აჰყურებდა.

– კი დედა, შამპუნის მეტი რა გვაქვს? – ქალმა სათვალე შუბლზე აიწია.

– წამო გადავიდეთ, სიგარეტის მოწევა მინდა. . . შენ დარჩი, დედიკო, ჩემოდანს უყარაულე – უთხრა ბავშვს ქალმა. ბავშვი ერთ ადგილას გაჩერდა, თავი ჩაღუნა და ცხვირში თითი გაიჩარა.

  გიოს შეეცოდა:

– წამოვიდეს, რას ერჩი, მაგ ჩემოდანს მაინც არავინ მოიპარავს.

– რა იცი?

– ვერ დაძრავენ.

– დაძრავენ! – თქვა ბავშვმა და ჩემოდანზე ჩამოჯდა.

  ჩემოდანი მაღალი იყო, ბავშვი ფეხებს მიწამდე ვერ უწვდენდა.

  იჯდა თავჩაღუნული, რაღაცაზე თვალმიშტერებული და ფეხებს იქნევდა. საწყლად მოძრაობდა ჭუჭყიანი, წვეტიანი მუხლისთავები.

  გიო ქალს გაჰყვა.

  ბუჩქებში ჩასხდნენ. სიგარეტს მოუკიდეს.

– რა გქვია? – ჰკითხა გიომ.

– თებრო – ქალმა თვალებში შეხედა გიოს. გიომ თვალები მოჭუტა, თითქოს სახეში შეაჭყიტესო.

– დედას გაფიცებ. . .

– მართლა. . .

– კარგი სახელი გრქმევია.

– სახელს რა აზრი აქვს.

– ჩემს ცხოვრებას არც ისე აქვს აზრი, არც ასე.

  გიო ქალისკენ არ იყურებოდა, რომ შეეხედა აწყენინებდა და მერე ამის ცოდვა მოსვენებას აღარ მისცემდა, ამიტომ ისეთი დაძაბული იყურებოდა გზისკენ, თვალები ეტკინა. მერე მშვიდად უთხრა:

– ქალი რაც უფრო სულელია, მით უფრო კუდიანია. . .

– საიდან იცი ეგეთი ამბები? – ჰკითხა ქალმა.

– «Я всё знаю о жизни, что о нём только можно знать», – აათესა ისააკ ბაბელს ფროიმ გრაჩისთვის ნათქვამი ფრაზა.

– მართლა?

გიო შეცბუნდა. ეჭვით შეხედა, ხომ არ მამჩნევს, ყველაფერი რომ არ ვიციო.

– მართლა – თქვა და კეფა მოიფხანა.

ფერდობზე ჯერ ბავშვის თავი გამოჩნდა, მერე თვითონ ბავშვიც.

– წამო დედა, მანქანები მოდიან, თან მზეც ჩადის! – დაკაწრულ ფეხებს იფხანდა.

  ცოტა ხანში გიო, ქალი და ბავშვი ისევ ჩემოდანთან იდგნენ და ისევ მანქანას ელოდებოდნენ.

ისმოდა მიმავალი მანქანების, პოლიციელის სასტვენის და ხიდის თავზე მოყრანტალე ყვავების ხმა. ეს ხმები გადაფარა ხიდს ზემოთ გადაფრენილმა დიდმა, ლამაზმა, განათებულმა თვითმფრინავმა.

  მანქანა გაჩერდა.

– წამოხვალ? – ჰკითხა ქალმა გიოს. გოგონამ ჩაიმუხლა და მანქანას ახლოდან

დაუწყო თვალიერება.

– არა – უპასუხა გიომ.

ქალმა ხელით ანიშნა მძღოლს არ მოვდივარო.

მანქანა წავიდა.

ხიდის ქვეშ, საღამოს ბინდ-ბუნდში დამტვრეული მანქანის ჩონჩხი აილანძა.

ვიღაცამ მანქანა დაამუხრუჭა. წითელმა, გვერდებშემობეჟილმა «რენომ» უკან დაიხია.

– ე, გიო? . . მოდიხარ? მანქანის კარი თავგადახოტრილმა ბიჭმა გამოაღო.

გიო მანქანის კართან შეჩერდა. . . და ქალს ხელის აწევით დაემშვიდობა.

კარის ხმა ვისოცკის სიმღერამ ჩაახშო.

შორიდან კიდევ ერთი ლამაზი თვითმფრინავი გამოჩნდა.

ქალი ზურგით დადგა. მერე მოპირდაპირე მხარეს გაიხედა. გოგო დედას აჰყურებდა – გაოცებული, მთლიანად მისკენ შებრუნებული.

მზე მართლა ჩავიდა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქურხული ბექა / ლოჭინის ხიდთან