ქურხული ბექა

 

მივბრუნდები და სხვა მხარეს წავალ

 

 

მოვდიოდი ფეხით. წინ შორი გზა მედო. მეტეხის დაღმართს დავუყევი. ბარათაშვილის ხიდის კუთხიდან ზემოთ ამოყოლებაზე გაბეზრებული იდგნენ სახელმწიფო დაცვის პოლიციელები.

სხვათაშორის გადაეკიდათ «AKC»-ები და შუაღამის ლამპიონებით განათებულ ქუჩებში მოწყენილები აყოლებდნენ თვალს ჩაშხუილებულ მანქანებს.

  დაგრძელებული ნაბიჯებით ვებერებოდი დაღმართზე, თან საკუთარი ფეხსაცმლის ჭვინტს ვალივერებდი. სიბნელეში ყოველთვის ხოშიანად გაცვია.

  ჩემს გოგოსთან ავედი. დავაკაკუნე ფანჯარაზე. სად უნდა ყოფილიყო ღამის სამ საათზე. ვიფიქრე, სძინავს მეთქი და ვუკაკუნე რაც შემეძლო.

  კაკუნსა და ხმაურზე მეზობლები აფუსფუსდნენ. ვხედავ შუქები აინთო და ერთი «დვიჟენია» ატყდა. ჩუმად გამოვიძურწე და ზევით ავუხვიე.

  გუნებაში ეგრე მაქვს – ზემოდან უნდა დავუარო და პარალელური ქუჩიდან დავითესო.

  ბნელა.

თვალთან თითს ვერ მიიტან. უკვე უნდა შევუხვიო და ვხედავ, «არკიდან» იმ უბნის ბრიგადა გამოიშალა და იასნია, ქვემოთ იყურებიან. რა იციან, რა მელიასთან აქვთ საქმე.

  მოკლედ, გავედი და წავედი, მაგრამ გიჟი მელია გინახავთ? არც მე. რავი რა ეშმაკი შემიჩნდა, მოვბრუნდი და ისევ იმ ქუჩას დავუყევი არხეინი ნაბიჯით.

  სასტავი ისევ ქვემოთ იყურებოდა.

  სიგარეტი არა გაქვთ-მეთქი, ისე ვკითხე, თითქოს ჩემი გარე ბიძაშვილები ყოფილიყვნენ.

– სიგარეტი კი არა, ამ ეზოში რა გინდოდა, ვისთან იყავი – მკითხეს.

– რომელ ეზოში – ვუპასუხე.

– წამო აბა, მეორე მხარეს გადავიდეთ – მითხრეს.

– წამო გადავიდეთ. – ჯერ არაფერი, ისევ მაგარ ხასიათზე ვარ, აშვებული

მაქვს აფრები. ხუთი-ექვსი სული შემომდგარა გარშემო. პირით დაღმართისკენ ვდგავარ.

  ერთი კარგად შეკრული, ჯმუხი ბიჭი მიდგას წინ და «დასტოინად მაკაჩავებს».

– რა უბნელი ხარ? – მკითხა

  ვუპასუხე რა უბნელიცა ვარ.

– საიდან მოდიხარ, ვისთან იყავი? – მეკითხება.

«მერე რა რომ სახლში არ დამხვდა და მღალატობს.»

– არსად არ ვყოფილვარ – ვუპასუხე.

– ბიჭოო, «რიჟას» ნუ ბაზრობ, თქვი, ეზოში რა გინდოდა და ვისთან იყავი? –

წყნარად მელაპარაკება, არხეინად.

  დარტყმა უკვე შეიძლებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, ყველაფერი წინ იყო და აღარ ავმხტარვარ.

– არ ვიცი, ვისთან ვიყავი – ვპასუხობ.

– არ იცი? . . . ახლა სადა ხარ იცი? – მეკითხება.

– ვიცი – ვპასუხობ.

– მერე სადაც იქნები ეგეც იცი?

– კარგი – ვუპასუხე თუ არა, დამსკდარი ასფალტიდან ღამის სიბნელეში

შავად ამოსული ბალახი დავინახე და იმ ბალახს დავადგი ფეხი.

პირისპირ მდგომი მელაპარაკება. დანარჩენებს ჩუმად აქვთ წრე დარტყმული. ხელმარცხნივ, წელზევით შიშველი ბიჭი იდგა. ეტყობა, სიჩქარეში პერანგის ჩაცმა ვერ მოასწრო.

– ეზოში რა გინდოდა?! – ახლა იმან მკითხა.

«დაიწყო» – ვიფიქრე. არა, ჯერ კარგ ხასიათზე ვარ.

– არ ვყოფილვარ ეზოში – ვპასუხობ.

– რა არა, ბიჭო! – და მივხვდი, მარტყამდა.

არც შემოვბრუნებულვარ, როგორც ვიდექი ეგრევე გადავიწიე მარჯვნივ. მაინც მომწვდა ქამრის «ბლიახა» ყურის ძირში და იმავე ყურში გავიგონე ჭახანის ხმა.

  ქვემოდანვე ამოვანათე ყბაში. თარგზე მოჭრილივით მოერგო და ეგრევე დაჯდა. ქვაფენილზე დაცემული «ბლიახის» წკრიალიც კი გავიგე, კარგად დაჯდა.

  ჯერ იმდენი ვერაფერი, მაგრად ბნელოდა და თან ერთმანეთსაც უშლიდნენ ხელს. მაგრამ წრე უფრო და უფრო იკვრებოდა. «ჩამჩეხავენ» – გავიფიქრე და შემეშინდა. მოძრაობაზეც შემეტყო, ფეხს აღარ ვიცვლიდი.

  ჩხუბი რაც უფრო მეტხანს გრძელდება მით უფრო მეტად გიჟდები და ბოლოს ცხოველი ხარ, რა. . . მხეცი. . . ფეხებზე გკიდია. ესენიც რაც მეტი დრო გავიდოდა, მით უფრო გადაირეოდნენ.

წავიქცეოდი თუ არა გადამივლიდნენ, მაღლა აღარ ამომახედებდნენ, არადა, უარესი – დამშტირავდნენ, უეჭველი წამიყრიდა რომელიღაცა.

  წელზევით შიშველმა ტიპმა ერთი კიდევ დამიკატავა «ბლიახა». დამარტყა თუ ამაცილა ვერც გავიგე.

  უკვე მიმეტებდნენ. ისევ იმ დამსკდარი ასფალტიდან ამოსული ბალახების დანახვა ვცადე. ვეღარ მოვკარი თვალი. ტროტუარიდან ქვაფენილზე ჩამოვსულვართ.

  უცებ «არკიდან» ქალები გამოცვივდნენ. ეტყობა ამათი დედები და ეგრე. . . მახსოვს, ერთ-ერთი წინ მოდიოდა და ხალათის ქამარს იკრავდა გზა და გზა.

  იმედი მომეცა. კინაღამ გავიქეცი და იმ თეთრხალათიანს მივეხუტე. თუ გგონია შემრცხვებოდა. მბრიდავდნენ.

  ორი კაცი ჩამომეხსნა და გნიასით შეყარეს ქალები ეზოში. «არკასთან» დადგნენ და აქეთ აღარ უშვებდნენ.

  რაც ის ორი ბიჭი გავიდა წრე უფრო შეიკრა და მეტი მხვდებოდა. მოგერიებას აზრი აღარ ჰქონდა.

დავიღალე. ჩხუბში სხვანაირად იღლები. სუნთქვა რაღაცნაირად შიგნიდან გიხშირდება და თუ გაჩერების და თამაშიდან გასვლის შანსიც არა გაქვს, თუ ყოველ წუთას სხეულში ნაცნობის და უცხო სიცივის გამოჩენასაც ელი, მაშინ ერთი შანსიღა გრჩება – თავით გაანგრიო და გახვიდე. გააღწიო სანამ ის სიცივე რომელიმე ნეკნს ქვემოთ არ შემოსულა და მუხლებიც ისე არ ჩაგკრეფია, თითქოს აქამდე სხვისი იყო.

  სანამ ის ორი ტიპი ქალებს იგერიებდა, მანმადე უნდა მოვხეულიყავი, თორემ ეგენიც რომ მობრუნდებოდნენ, «იასნია» უარესად აკრეფილები, მერე ვეღარ გავაღწევდი აქედან. შეიძლება ვეღარასოდეს. უნდა გამენგრია. . . დავაპირე, მაგრამ შიშმა თოკზე გამობმულივით გამაჩერა. . .

  ისევ დაღმართზე ვიდექი და ჩაბნელებული ქუჩის ბოლოს გაწოლილ, განათებულ პროსპექტს ვხედავდი. მანქანები მოძრაობდნენ. განათებული მინიმარკეტები და ჯიხურები, წინ დიდი გაშლილი ქოლგით ნაყინი და რამე. . . ნაყინი. ქალები ისევ კიოდნენ. დავაპირე. . . გავჩერდი და თან ეგრევე ავიწიე ჰაერში.

 წინ ისევ ის, შეკრული, ჯმუხი ბიჭი მედგა, პირველად ვინც მებალამუტებოდა. ეგ მიღობავდა გზას. დაბალში იდგა. მუქი პერანგი ეცვა. მგონი, ლურჯი და სანამ წიხლს ჩავაზელდი, თეთრი ღილები დავინახე და მერე იმ თეთრ ღილებზე საკუთარი ფეხსასცმელი. ეტყობა კარგა მაღალზე ავხტი. ეგრევე გადავაფრინდი იმ ტიპს და თავქვე დავენთე.

  ქვაფენილზე ერთი რომ წავბორძიკებულიყავი, ან ფეხი გადამბრუნებოდა, კარგად მეყოლე!

  ტროტუარზე ავხტი, დავზუილდი განათებნული პროსპექტისკენ, სადაც მანქანები მოძრაობდნენ, მინიმარკეტები ჩამწკრივებულიყვნენ და ნაყინი ცხოვრობდა ქოლგის ქვეს. . . და გეტყვი მე შენ – მივქროდი და საკუთარი ფეხის ხმა მაყრუებდა.

  ჩამოვვარდი პროსპექტზე. თან აქეთ-იქით ვიყურები.

  სიგარეტი ამოვიღე ჯიბიდან. ასანთი არა მაქვს. მოკიდება მინდა, მაგრამ ახლა კაცის დანახვას მირჩევნია, შვიდი უცხოპლანეტელი დავინახო.

  იმ ქოლგიან ჯიხურთან მივედი, იქიდან რომ ვხედავდი.

ვიღაც დეიდა იჯდა წითელ, პლასტმასის სავარძელში და თვლემდა.

  ისეთი ვიდექი იმ ჯიხურთან, ქოლგის ქვეშ, როგორც ევერესტზე. მეყოფა ქოლგის ქვეშ დგომა მეთქი და გამოვედი.

რატომღაც გავბრაზდი.

  მეძინებოდა და ყველაზე მეტად ის მაცოფებდა, რომ ვიცოდი, გზა კიდევ კარგა ხანს არ დამთავრდებოდა.

  მწყუროდა. ფანტანი კი იქვე იყო «პადზემკასთან». . . არ მინდოდა ცუდ ხასიათზე ყოფნა; წყალი დავლიე.

  ჩემი ფეხის ხმა ისევ მკვეთრად ისმოდა ღამის ქუჩაში, ოღონდ ისე ხოშიანად აღარ, როგორც ბარათაშვილილის დაღმართზე.

  ვიღაც ბიჭი გამოძვრა სიბნელიდან. მომაკიდებინე მეთქი. მომაკიდებინა.

თან ქვევიდან დაკვირვებით მიყურებს.

  «ე-მეთქი» – ვიფიქრე.

– მოუკიდე? – მკითხა.

კი-მეთქი, – ვუპასუხე. თან ზევიდან ვუყურებ.

არაფერი. წავიდა და სწორედ იმ ქუჩას აუყვა, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ

მე გამოვვარდი.

ერთი თუ დავფრთხი და შემეშინდა, მორჩა. შემიძლია, შუა ქალაქში ხეზე ავიდე და აღარ ჩამოვიდე. ვიჯდე ეგრე მთელი დღე კატასავით კენწეროზე.

ტაქსი გამოჩნდა. გავაჩერე და ჩავჯექი. ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე და

ღრმად ამოვისუნთქე.

კეფა მტკიოდა. კარგა ხანია მტკიოდა, მაგრამ ეხლა ვიგრძენი. კარგა ხანს რომ მტკიოდა, იმასაც ახლა მივხვდი. ხელი მოვისვი ყურისძირში.

შესიებული მქონდა.

მძღოლმა სალონში შუქი აანთო და დაკვირვებით შემომხედა. კაი «ბიტი»

თბილისელი ბიძა ჩანდა. მიყურა, მერე უცებ მოხასიათდა და ეგრევე მივხვდი რაღაცას მომიყვებოდა.

ვუსმენდი და არაფერი მესმოდა. ცოტა ხანს კმაყოფილი ვიჯექი და ლოყებს

ვბერავდი.

მერე გამახსენდა, როგორ შემეშინდა, როგორ გამიცივდა შიშისგან ზურგი, როგორ მოვფრინავდი დაღმართზე და საკუთარი სხეული აღარ მომინდა.

სადარბაზომდე ფეხის ხმა აღარ ისმოდა. . .

  ეგრე ხდება:

როცა აგებ, ფეხის ხმა წყდება. იცი და მაინც შენსას უბერავ, იმიტომ კი არა

რომ ეგეთი თავზეხელაღებული ხარ. სხვანაირად არ შეგიძლია. ვერ ერევი. მძიმეს როცა ვერ ძრავ, მაშინ გაფრენა ადვილია.

აქ კი სამართლიანია ცხოვრება; ყოველთვის ისეთ ნაფეხურებს გაყოლებს, როგორ ფეხსაც დგამ, და როგორც ადგამ.

  მარტო ძილის წინ გახსენდება, რომ კიდევ ერთხელ ეთამაშე საკუთარ თავს,

შენივე დანიშნული კარტით. . .

შენივე ნებით ნახულობ საშინელ სიზმრებს – «ვიღაცას ჭრელი ხალათი ეცვა»

და. . . აღარ გახსოვს. . . რაღაც «ჟუტკი» ხდებოდა.

ძილბურანშივე იწერ პირჯვარს, როცა რაღაც ისეთი დაგაფრთხობს, რაც აღარ

გახსოვს, ვერარ იხსენებ. . .

მარტო ძილის წინ გახსენდება: ტოვებ ქალებს, რომლებსაც უყვარხარ, უარს

გეუბნებიან ქალები, რომლებიც გიყვარს და თან ფეხზე დგახარ, მთელ სიმაღლეზე გაშლილი. . .

აი, ე სარის სრული და პატიოსანი საფასური იმისა, რომ უფლება მოგეცეს,

იცხოვრო, წერო, როცა უეცრად მოვარდნილი ფრაზა ქვაფენილზე დაცემულ «ბლიახასავით» გაიწკარუნებს, თითქოს გულისჯიბიდან რაღაც წამოგვარდა.

ასე შორს ვერ წახვალო...

შორს რა მინდა...

მივბრუნდები და სხვა მხარეს წავალ...

მერე გავიქცევი.

დავრბივარ მაგრად.

მოსვლაც შეგვიძლია.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქურხული ბექა / მივბრუნდები და სხვა მხარეს წავალ