ქურხული ბექა

 

მოხუცი და ბიჭი

 

 

ბიჭი გაჩერებაზე იდგა.

მის წინ რკინისგისოსებიან ფანჯარას, რომლიდანაც ძველი, ჭუჭყიანი

კონდიციონერი იყო გამოჩრილი, ხის ტოტი ეფარებოდა.

თვითონ ხე არ ჩანდა, ტოტი კი წვრილი, გამხმარი, შავი და დალეწილი ბადესავით გადაჰფარებოდა ფანჯარას. ფანჯარა ეკუთვნოდა დიდ, ყვითელ, ალაგ-ალაგ ბათქაშდამსკდარ და ძველ ჩამოჟამებულ, წვიმისაგან ჩამორეცხილ, ჩუქურთმებიან შენობას.

  ქვეყანაში სამი დიდი ომი იყო, აფხაზეთში, ცხინვალში და სამოქალაქო.

წვრილ-წვრილი ომები და შეტაკებები კი, როგორც სულ ახლახანს – ბავშვობაში ამბობდნენ: – «უთვალავები და უთვალავები». . ამიტომ აღარც არავინ ითვლიდა, უბრალოდ ან იბრძოდნენ ან გარბოდნენ. დათვლა მერე დაიწყეს, ომების მერე, მაგრამ ვერავინაც ვერ დათვალა. შემდეგ ის გაქცეულებიც დაბრუნდნენ და იმის გამო რომ ცოცხლები იყვნენ თავს დახოცილებზე უკეთესად გრძნობდნენ.

  მანმადე კი ქვეყანაში სამი დიდი ომი იყო, ზამთრისპირი, წვიმა სროლა და კომუნისტების მიერ დაჩუქურთმებული, ჩამოსველებული ყვითელი შენობა გისოსებიანი ფანჯრით, ჭუჭყიანი კონდიციონერით და ზედ გამჭვარტლული დალეწილი ხის ტოტებით.

შენობიდან მოხუცი ქალი გამოვიდა. ძველი ნაცრისფერი პიჯაკი ეცვა

იდაყვებზე ველვეტის საკერებლებით, ძველი, შალის ქვედაკაბა და ძველი ჩანთა ეკიდა.

დროდადრო ბაწრის შინნაქსოვი ხელთათმანიანი ხელი ცხვირთან მიჰქონდა.

  შორიახლო გაჩერდა. ცოტა ხანს გაუბედავად ათვალიერებდა ბიჭს, მერე

ფრთხილი ნაბიჯით მიუახლოვდა! 

– ერთი წუთით შვილო! . .

ბიჭი შემობრუნდა.

– ძალიან კარგი ჯაყვა მაქვს იქნება იყიდო. გამიჭირდა შვილო. . . კარგი

დანაა, არავინ კი არ ყიდულობს, იქნებ ნახო? . .

  ქალს თვალები დაუსველდა. ცერად წვიმდა.

– აბა მაჩვენე – დაბნეულად ამოღერღა ბიჭმა.

მოხუცი გახარებული მიუახლოვდა, გახსნა თავისი ძველი ჩანთა, ამოიღო

პატარა საფულე, საფულიდან კი, თავისავით და საფულესავით საცოდავი ოცკაპიკიანი და ცისფერტარიანი დანა.

  ბიჭმა მექანიკურად გამოართვა.

  დანას ტარი უყანყალებდა. პირი უვარდებოდა, მაგრამ ისე იყო გალესილი, თმას გაჭრიდა.

– რა ღირს? – ჰკითხა ბიჭმა.

– სამი ლარი მომეცი შვილო, მეტი არ მინდა, სულ სამი ლარი.

– ერთი ლარის მეტი რო არა მაქვს? – ბოდიშის ნიშნად ცალყბად გაუღიმა

ბიჭმა.

– არა შვილო ერთი ლარი ცოტაა, არ მეყოფა! – დაღონდა მოხუცი. თითქოს

წასასვლელად დაიძრა, მერე ისევ გაჩერდა, ვეღარ გადაეწყვიტა რა ექნა.

წვიმამ იმატა. ორივეს აწვიმდა.

ბიჭს უცებ გაახსენდა. კურტკის ქვეშ, ქამრიდან უზარმაზარი ტყავის ქარქაშიანი

ბებუთი ამოიღო და მოხუცს გაუწოდა.

– აი, მომისმინე, აჰა აიღე, ამას მართლა ძვირად გაყიდი და ადვილად! . .

  ბიჭმა ქარქაშიდან რქისტარიანი დანა ამოიღო – აი ნახე ბებო, მართლა

მაგარი დანაა, ყველა იყიდის, უცებ გაყიდი და სახლშიც მალე წახვალ! . .

– არა შვილო მე ამას ვერ მივეკარები! შეშინებული მოხუცი უაზროდ

შეჰყურებდა წვიმაში, ბუნდად აპრიალებულ დანას.

  ბიჭმა ბებუთი და ქარქაში ცალ-ცალკე მიაჩეჩა მოხუც ქალს, შებრუნდა და წავიდა. იმ ხეს გასცდა ტოტი რომ მოუჩანდა და ნაქსოვი, წვიმისაგან უკვე გაჟიებული ქუდი თვალებზე ჩამოიფხატა.

  ხალხით შეხუნძლულმა ტროლეიბუსმა ჩამოიარა. კიბეზე ჩამოკიდებული ხალხიდან ვიღაცამ დაუძახა ბიჭს. ბიჭმა უაზროდ გახედა ერთმანეთს შებობღილი ხალხიდან გამოშვერილ ხელს და ძმაკაცის ნაცნობ ცხვირს. მერე უცებ შებრუნდა და გაიქცა. გზადაგზა ყველაფერს ზედ ახტებოდა.

  მოხუცი ქალი ისევ იქ იდგა და აწვიმდა. ცალ ხელში ტყავის ქარქაში ეჭირა, მეორეში, უზარმაზარი, ლამაზი და საშინელი ბებუთი.

  მის წინ შორს ბიჭის ზურგი მიფრიალებდა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქურხული ბექა / მოხუცი და ბიჭი