ღაღანიძე ეკა
კვირაში ორჯერ
ჩვენ ერთმანეთს კვირაში ორჯერ ვხვდებით. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი გასაღები აქვს და შეუძლია სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს მივიდეს იქ. თუმცა ასე არასოდეს ხდება. ვხვდებით საბითუმო აფთიაქის წინ, შუქნიშნის ბოძთან. ნაცნობი ნაცრისფერი ავტომანქანის გამოჩენისთანავე ვძაბავ ყურადღებას, რათა მოვასწრო ნელი სვლით მომავალი „ოპელის” კარის გამოღება, პალტოს კალთების აკეცვა, კაბინაში შეძრომა ისე სწრაფად, რომ მოძრაობის წუთიერი შეფერხებით გაღიზიანებულმა მძღოლებმა დამაყრუებელი სიგნალებით არ ამიკლონ, თან ნუგზარის კმაყოფილი ღიმილიც დავიმსახურო.
ჩვენ იქ ერთად დავდივართ. ნაცრისფერი ავტომანქანით, რომელსაც მეტად მოხერხებული, რბილტყავიანი სავარძლები აქვს და რომლითაც სიამოვნებით ვისეირნებდი ღამის, თუნდაც ჩაბნელებულ, მაგრამ მაინც ლამაზ, სევდით მონისლულ ქალაქში, რომელსაც აქა-იქ მაინც უცინის მორცხვად მბჟუტავი ნათურა. ხოლო თუ ვარსკვლავებიც იგიჟიანებენ თავებს, ქალაქი ხომ ქალწულივით იწყებს კეკლუცს და სქელ ნაწნავ-მტკვარში სურნელოვან ფიფქებად იბნევს ციმციმა ნაპერწკლებს. თუმცა მე ვიცი, რომ სურვილი მხოლოდ იმიტომაც არის სურვილი, რომ კვლავ სურვილად უნდა დარჩეს და რომ ქალისა და კაცის ურთიერთობაში გარემოებებთან შეგუება ცხვირის ჩამოშვებასთან შედარებით უფრო მომგებიანია. ასე რომ, კომფორტულ ავტომანქანაში მჯდარი ვცდილობ დავტკბე იმ ხედის თვალიერებით, რომელიც ორი წელია მინაზე მიკრული ფირივით უცვლელი რჩება. ვეგუები ხედივით უცვლელ შთაბეჭდილებას, რომ დღის ქალაქი ისევე მოსაწყენია, როგორც ყოველდღიურად ერთი და იმავე საწოლის სწორება და თან რამდენიმე სეზონნატარები ფეხსაცმელივით გაცვეთილი.
ნუგზარი გზად ან ნამცხვრის რამდენიმე ნაჭერს ყიდულობს, ყოველთვის ორ-ორ ერთნაირს, ან ნაყინსა და ფორთოხლის წვენს. სასმელი მაცივარშია. ყავაც. თანაც მუდმივად. არ ილევა, არც ყავის მარაგი და არც სასმელი. ნუგზარს გული აწუხებს. არითმია თუ რაღაც ამის მსგავსი. ჩვენ იშვიათად ვწრუპავთ: ის არაყს, მე ლუდს. ცოტ-ცოტას. ისიც იძულებით, რადგან რომელიღაც საერო ან საეკლესიო დღესასწაული აუცილებლად ემთხვევა კვირის იმ ორი დღიდან ერთ-ერთს, როცა ჩვენ ქალაქის გარეუბნის ბლოკის კორპუსის მეექვსე სართულის ერთოთახიანში ვიმყოფებით ორი-სამი საათით. ვსხედვართ და ვისრუტავთ პირით სასმელს, ყურებით სიჩუმეს, თვალებით ერთმანეთის მდუმარე სახეებს. ეს ხდება სინათლის მოსვლამდე. ასე ვისვენებთ, ლიფტის მოშლის გამო მეექვსე სართულზე ფეხით ასვლით დატვირთვის განმუხტვით და ენერგიის აღდგენით გამართლებული ჩვენი დროებითი სიმშვიდისას მე ვფიქრობ კროსვორდების შეუვსებელ ლაბირინთებზე, ნუგზარი მანქანის ზეთზე, ან დოლარის მერყევ კურსზე. ნამდვილად ასეა და სრულიადაც არ მეპარება ეჭვი ჩემს ინტუიციურ მონაცემებში. სხვა რა უნდა გააკეთო?! ვსხედვართ და სინათლის მოსვლას ველოდებით. სანთლის ან ლამპის შუქზე კარტს ვერ ითამაშებ, ტელევიზორსაც ვერ უყურებ. მაგნიტოფონის ელემენტები კი უმრავლეს შემთხვევაში დამჯდარია, მათ დაჭყლეტაც ვეღარ შველით, რადგან აუდიო კომაში ჩავარდნილივით ხრიალებს. ვსხედვართ, ვსვამთ. უფრო ხშირად ჩაის, ვეწევით სიგარეტს. ნუგზარს არ უყვარს ლაპარაკი, მოსმენა ურჩევნია. მამაკაცების უპირატესობა ხომ კარგად განვითარებული სასმენი ორგანოებია. ამიტომ თითქმის ყოველთვის მე ვმეტყველებ. ვუყვები ჩემი სამსახურის ამბებს. რაღაც-რაღაცებს ვიტყუები კომიქსებში ამოკითხულის ინტერპრეტაციით. ვცდილობ გავართო, თორემ თუ მობეზრდება, შეიძლება გასაღები გამომართვას. მე კი კვირაში ორჯერ აქ სიარული მირჩევნია, არსად წასვლას. ზოგჯერ ტელეფონი რეკავს. სახეს თუ ძაბავს და ყვრიმალთან ნერვი უხტის, ესე იგი მისი ცოლია. ძირითადად, სატელევიზიო გადაცემების პროგრამის, ან ჭურჭლის სარეცხი ჟელეს ყიდვას ავალებს. ნუგზარიც თანხმდება და გათიშულ მობილურს მაგიდაზე დებს. ისიც, მობილურიც, მწვანე თვალს მიკრავს და ბაასის გაგრძელების უფლებას მაძლევს.
აი, უკვე ცხრამეტი და კიდევ ორი საუკუნე. კვლავ ნავთის ქურა. ღაღანებს „ფუჯიკი” და დაწითლებულ თითებს შამფურივით ვატრიალებ, თან ვცდილობ, გავიხსენო რაიმე ბებიის მონაყოლიდან ნავთის ქურაზე. არაფერი გამომდის. ნავთისა და ნავთის ქურის ამბავი იმდენად ძველია, რომ ბებიებსაც კი აღარ ახსოვთ.
არც ისე იშვიათად გვშივდება კიდეც. სამზარეულოში გავდივართ. იქ მე კვლავ ვლაპარაკობ, სიგარეტს ვეწევი, უზურგო სკამზე ჩამომჯდარი დროს არ ვკარგავ, კისრის ვარჯიშებს ვაკეთებ ტკაცატკუცით, თან ნუგზარს ვუყურებ, როგორ ჭრის ძეხვს, თქვეფს კვერცხს, აზავებს საწებელს. მერე ათუხთუხებული ტაფის სახელურს სვიტრის ჩამოწელილი მკლავის მეშვეობით ეჭიდება, დათუთქვას აცილებული ხელის მოქნილი მოძრაობით მაგიდაზე დგამს უცნაურ ტაფამწვარს, თითებზე სულს იბერავს და „ჩააქრე”, – მეუბნება სიგარეტზე. ვჭამთ მადიანად. თუმცა ჩვენი ყბების ნელი და ხანგრძლივი მოძრაობა, თეფშებზე გასრიალებული დანა-ჩანგლის მცირე წკარუნი, ეთიკის ყველა ნორმის დაცვით სრულდება. ერთმანეთს ვეპრანჭებით... ყოველთვის მომწონდა მამაკაცები სამზარეულოში. ვჭამ და წამიერ ნაფიქრს ვუღიმი: ჩვენ ორნი კვირაში ორჯერ კი არ დავდივართ ამ ბინაში, არამედ აქ ვცხოვრობთ საერთოდ. „რა კარგია”, – ვაქებ მის ნახელავსა და ჩემს ნატვრას.
სააბაზანოში მორიგეობით შევდივართ. ცხელ წყალში ჩაწოლილი ნეტარებას დიდი ხნით ვერ ვეძლევი, რადგან კარზე კაკუნით მიხმობს და მეც აბაზანიდან იძულებით ამომძვრალი, ნახევრად მშრალი თბილ ქვეშაგებში შეკუნტვით ველი სურნელოვან ქაფში მისი ჯერი ჭყუმპალაობის დასასრულს. „უსაფრთხო სექსი”, ამბობს ნუგზარი ქაღალდის გახევისას ერთი და იმავე ტონით. სექსი პრეზერვატივით. აუტანელია. მაგრამ ისე ვიქცევი, როგორც მას სურს. შეხვედრამდე ვყიდულობ ერთი-ორს. იქვე აფთიაქში და ხელჩანთაში ვინახავ. დროებით. გამყიდველი გოგონა ჩემი დანახვისთანავე უთქმელად ირჯება, დახლის ქვედა თაროდან გამოღებულ ზუსტად იმ რაოდენობას მაწვდის, რაც მინდა. მეც ყოველთვის მზად მაქვს ფული, ისე, რომ ხურდის დაბრუნებაზე წვალება არ მოუწიოს. უხერხულია. ადრე, ბავშვობაშიც ვყიდულობდი ასეთ ჭრაჭუნა ქაღალდში გახვეულს. ოღონდ ის საღეჭი რეზინა იყო, აფთიაქის მაგივრად გასტრონომის მოხუცი გამყიდველისათვის მიწევდა ხურდის მიწოდება და ეს ორი გამყიდველი ისევე არ ჰგავს ერთმანეთს, როგორც ჩემი წარმოსახვა და ჩემივე ცხოვრება, რომლებიც წარმატებით ახერხებენ ურთიერთდანესტვრას.
„შენთან ვიგრძენი თავი ნამდვილ ქალად”, – აი, ფრაზა განკუთვნილი ნუგზარის თვითკმაყოფილებისათვის. და სულაც არ მრცხვენია, რომ ვიტყუები. სიცრუე საჭიროა, რათა კარგად გამოიკეტო საკუთარ თავში და მსუსხავი კითხვებით არ შეგაწუხონ. თუმცა, არა მარტო ის, შენც კარგად ხარ მოკალათებული. საფერფლეში უკვე არაფრისმომცემ სიგარეტის ნამწვსა და დარდს ერთდროულად სპობ. დაკლაკნილი ემბრიონივით ყრია გამჭვირვალე ბროლის თასში და რომ ამჩნევ, თავადაც კმაყოფილი ხარ, რადგან უპენსიო სიბერე გაზეთებისა და ათას ერთი წვრილმანის გაყიდვით შენ არ გემუქრება. ჯერ კიდევ კარგად ხარ. შუაღამით არ გეღვიძება, ხელები არ გიბუჟდება. არც უნებლიე ნერწყვით ასველებ საურს. მელასავით მისუნსულებ. იმედებით ამოხორხლილ ტვინს კოხტად დავარცხნილი თმის ქვეშ მალავ და ცხოვრების შარა-შუკები კი არა, ახალ გაუთოებულ-გაპიწკინებული გზატკეცილები გიღიტინებს ქუსლებზე.
კვირაში ორჯერ, საღამო ხანს ნუგზარი სიმეტრიული სიზუსტით გადანაწილებულ ამბორს სხეულზე მიტოვებს და ჩემს მუცელზე თავჩამოდებული თვლემას იწყებს. მე თითებს დავუცურებ თმაში და ვისმენ ფშუილითა და ტუჩების ცმაცუნით დადასტურებულ მის ნახევარსაათიან ძილს. ამ ბინაში კედლები ძალიან თხელია. სამზარეულოს კედლის საათის რეკვა თავისუფლად აღწევს ჩვენამდე. ბომ, ბომ, ისე ომახიანად რეკავს, თითქოს საუკუნეებს გამოღწეული ბერიკაცი იყოს. არადა ერთი ციდა, თეთრი პლასტმასის ფურცელივით თხელი და მსუბუქი ჩინური საათია. ერთი ან ორი წლის თუ იქნება. ზარების რაოდენობა გვაგებინებს, როდის გვაგვიანდება. ვისურვებდი, რომ ეს ბინა სქელკედლებიანი ყოფილიყო, ან ეს საათი გაჩერდებოდეს მაინც... ვიცმევთ აჩქარებით, ჩავრბივართ კიბეებზე, ვსხდებით ნაცრისფერ „ოპელში» და გზაში მე აღარ ვლაპარაკობ. ისევ აფთიაქის წინ, შუქნიშნის ბოძთან ჩამოვდივარ და შინ ვბრუნდები.
ჯიბეებში ხელები, საყელოში ცხვირ-პირჩაყოფილი სახლისკენ ფეხით მიმავალი ხანდახან მაინც ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ არ მინდა ნუგზარის ცოლის ნახვა და როგორ მინდა – ის ქალი ჩემზე ბევრად ლამაზი იყოს, რადგან დამტანჯავდა იმის გაგება, რომ ყოველთვის მასთან ბრუნდება.
მივდივარ და ვფიქრობ. მივდივარ და ვფიქრობ.
მერე მბეზრდება სევდიანობა.
მივდივარ და აღარ ვფიქრობ.
დღევანდელი შეხვედრით ნასიამოვნები მესამეკლასელივით ასკინკილით ვიწყებ მოძრავ ფილებთან კლასობანას თამაშს.
შინ ვბრუნდები.
სურვილი, რომელიც ოცი წლის მანძილზე ყოველი დეკემბრის თვის დადგომისას ერთგულად მიბრუნდება, არადა არ კარგავს სიძლიერეს. სუსხიან ზამთარში, როცა ჩემი ცხვირი, ან რომელიმე ყური, მოყინვის სწორუპოვარი კანდიდატურა, წითლდება და მძლავრი მოქნევის შედეგად შესაძლოა დამზრალ მიწაზე დაეპერტყოს, მე მურა დათვივით მინდება ძილი. გამოვიძინებდი სამი თვით და გაზაფხულზე მოსუქებული, გვერდებგამომთბარი კვლავ მხარში შევუდგებოდი ყოველდღიურობას. თუმცა, რაღა დაგიმალოთ და არც მიწაა ამ ქალაქში, არც გაუსაძლისი ყინვა და დათვობამდე ხომ შორი ევოლუციური გზა მაქვს გასავლელი... ვუწყრები თბილისურ ზამთარს, რომელიც ხელს არ მიწყობს სეზონური გულისთქმის განხორციელებაში. აქაურ ამინდს ფუნქციური მოშლილობა -ანტერორეტროგრადული ამნეზია დაემართა. გათავხედებული მზე ოცგრადუსიან სხივებს ისვრის. ბერძნებისგან გაბრიყვებულს მართლა ჰელიოსი ჰგონია თავი. თბილა, იანვრის შუა რიცხვებია და უსაქმურობით ხელებფხანია დიასახლისები საბნებს ამზეურებენ. მე ნუდისტური ურცხვობით ვდგავარ სამზარეულოს ფანჯარასთან და თხუთმეტწუთიან ლოდინს სიგარეტის წევით ვუმკლავდები. არც თვალის ვარჯიში მავიწყდება. კითხვით თავს მაინცდამაინც არ ვიტვირთავ. მით უმეტეს, რომ წასაკითხიც აღარაფერი იწერება. კარგა ხანია დაიწერა და წაიკითხა კიდეც. მაინც შემომეჩვია თვალის ასიმეტრია. გუგების ტრენინგები: ჯერ შუშაზე დაჭერილ ნაკაწრს ვაკვირდები, შემდეგ შორეული ხეივნის ზოლს. მერე თვალისჩინის ხვრელის წრიული მოძრაობები მარცხნიდან მარჯვნივ და საპირისპიროდ. თვალის დახუჭვა-გახელა, დახუჭვა-გახელა. აი, მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო მეთოდი.
ჩვენი სამზარეულოს ფანჯრიდან მხოლოდ კორპუსები ჩანს, შორეული მთის ფერდობსა და ერთ ციცქნა ხეივანს თუ არ ჩავთვლით. მხოლოდ მიჯრით მიწყობილი კორპუსები. სიდიდით – ფანჯრის ჩარჩოში ჩატეული. ფერით – გამოუხეხავი კბილების მსგავსი. ისე, სხვის ფანჯრებში ცქერა დიდი ვერაფერი თავშესაქცევია – უცნობი ფიგურები ნაცნობი, თითქმის შენი მოძრაობებით...
ჰაააა! ... – გაბმულტონიანი შორისდებული და უეცარი ხილვა ორას ოცი ვოლტით მარტყამს, რადგან სრულიად მოულოდნელად ვაწყდები მის სახეს. „თვალებპაჭუნა, პირაშკმული შიშველი ქალი სიგარეტით ხელში – საინტერესო სანახავიან, ამას მერე ვფიქრობ, შუაღამით საწოლში აწრიალებული. მანამდე კი, მისი დანახვისას ლამის საფერფლე მივარდება ხელიდან, ისეთი სისწრაფით ვხტები განზე. ფარდას ამოფარებული ვეღარ ვბედავ განძრევას. საკუთარ გულისცემას ჯერ ყელში ვგრძნობ, მერე ნიკაპს მიცახცახებს. დახრილი, მეტლახზე გახოხებით უკვე ფანჯრის მეორე მხარეს ვახერხებ წელში გასწორებას და წამების წინ ნავარჯიშევ თვალს ფრთხილად ვაპარებ იმ ფანჯრისაკენ, საიდანაც ახალგაზრდა კაცი კვლავ მიღიმის. ესე იგი, არ მომლანდებია. წინ გადმოხრილი სილუეტი შეჭმუხნილი შუბლით მინას მიკვრია და ჩვენი სამზარეულოს შიგნით იმზირება. მეძებს. კისერზე ორჯერშემორკალული ჭაობისფერი შარფის ბოლოები ცალი ხელით მუცელზე მიუკვრია და ისევ იღიმება. გაოგნებული უკან-უკან ვიხევ, ასეთი სვლით დაახლოებით სამი ნაბიჯი უნდა მაშორებდეს კარამდე. კედელ-კედელ თუ ვიმოძრავებ და თანაც არ წავიბორძიკებ, შეუმჩნევლად გავალ. ასეც ვიქცევი. სამზარეულოდან გასული ნუგზარის მიერ სახელდახელოდ გაშლილ ტახტზე გადაფარებულ პლედში კუდმოწყვეტილი ხვლიკივით შესრიალებული ვყუჩდები. ველოდები ნუგზარს. ვერაფრით ვერ ვმშვიდდები. არა, ნუგზარს არაფერს ვეტყვი. კაცებს არ სიამოვნებთ, როცა მათ კუთვნილებას ეპოტინებიან, თუნდაც მზერით. ვინ არის? სავსებით დასაშვებია, რომ სხვა დროსაც მხედავდა. მე ხომ ასეთი ქარაფშუტული ქცევა მაქვს – ვდგავარ ფანჯარასთან შიშველი და ვეწევი სიგარეტს. აქამდე მეგონა, არავინ მხედავდა. ვწევარ და ვერ ვწყნარდები.
– რა გჭირს? – ნუგზარისათვის ზედმეტად აფორიაქებული ვჩანვარ.
– არაფერი, – ვცდილობ დავმშვიდდე და კეთილსინდისიერად შევასრულო ის მოვალეობა, რაც ორი წელია მაკისრია.
წასვლის წინ ვბედავ ფანჯრიდან გახედვას. მოპირდაპირე ფანჯარაში არავინაა. იქნებ არც იყო. მომეჩვენა. რადგან მოჩვენებები არასოდეს ისადგურებენ ჩემნაირ მოსაწყენ ადამიანებთან. ფანჯრის პაემნები კვლავ გაგრძელდა. ნუგზარის მიერ შხაპის მიღების პერიოდში, ახლა უკვე ხალათწამოსხმული სიგარეტით ხელში ვდგები სამზარეულოს ფანჯარასთან. ჭაობისფერკაშნეანი მამაკაცი უკვე ხელსაც მიწევდა. ვიდექი, ვეწეოდი, ვიცინოდი, ცოტაც და ვირწმუნებდი, რომ სწორედ ის იყო. ის ერთადერთი, რომლისთვისაც ღამეებს გავათევდი სიურპრიზად ჩემი ხელით ნაქსოვი ჯემპრის შესაქმნელად, კულინარიის წიგნის ფურცლებს გავცვეთდი უგემრიელესი სადილის მოსამზადებლად. ის კი, კისერზე ჭაობისფერკაშნეშემოგრაგნილი, სავარძელში გადასვენებული გაზეთს იკითხავდა იმ იდუმალი ღიმილით, რომელსაც უშურველად აფრქვევდა.
კვირის თავზე ვიცოდი, რომ მის ოთახში ერთი საწოლი და ერთი სკამი იდგა. ერთი სკამი ზედ დახვავებული ტანსაცმლით, რომელიც ავანგარდის წარმატებულ შედევრს ჩამოჰგავდა. ვხედავდი მაგიდის კიდეს აბაჟურმომტვრეული ლამპით, ჩაის ჭიქით, თიხის ქოთანს ფანქრებისა და კალმების ფერადი ხით. მწვანე ფარდის ნაწილი ჩემგან განსხვავებით, მორცხვად ატუზულიყო ფანჯრის კუთხეში და მთელი სივრცე თეთრი დღის ფარდისათვის დაეთმო. მის ოთახში სინათლე არასოდეს ინთებოდა. მე კი მსურდა ოთახის უფრო უკეთ დათვალიერება, ფეხის თითებზე დგომა და კისრის მარჯვე მოძრაობები არ მშველოდა.
ხუთიდან ექვსის თხუთმეტ წუთამდე. თხუთმეტწუთიანი უცნაური შუალედი, როცა შემეძლო მისი ხილვა. ვინ იყო? მინდოდა, ძალიან მინდოდა ამის გაგება. ვიდექი მისთვის შეუმჩნეველი შინაგანი ღელვით, ღიმილს ღიმილით ვპასუხობდი და ფიქრით დავძვრებოდი ამ ახალგაზრდა კაცის კუთვნილ სამყაროს იმ ნაგლეჯში, სადამდეც აღწევდა ჩემი ყოვლისშეტყობის მოსურნე მზერა. ნუგზარმა არაფერი იცოდა. არც უნდა სცოდნოდა. ხუთიდან ექვსის თხუთმეტ წუთამდე... აღარ მაღიზიანებდა ჩემი საყვარლის აბაზანაში განმარტოება. ვნატრობდი, ამ პერიოდის თუნდაც წამებით გახანგრძლივებას. აბაზანის კარის ჭრიალი თითქოს მიჯნავდა ჩემს იმედსა და ჩემივე ნებით წამოკიდებულ მოვალეობას. უკვე ვხვდებოდი, რომ უკან აღარ დავიხევდი. ბედნიერება ფანჯრის მინის იქით მელოდა. ვბრაზობდი, გაზქურაზე უყურადღებოდ მიტოვებული ჩაიდანივით ვთუხთუხებდი. მაგრამ ვგრძნობდი, რომ ცოტა კიდევ უნდა მომეთმინა. სულ ცოტა და მერე ამაყად შემეძლო მიმეხალა ნუგზარისათვის ყოველივე, რასაც ვფიქრობდი მასსა და მის კვირის ორჯერად სექსუალურ აქტებზე. ნუგზარი ჩემს ირონიულ ღიმილს იწვევდა. უცებ აღმოვაჩინე, რომ ის ერთი საცოდავი, ულამაზო, ღიპიანი და მელოტი კაცი იყო და მიკვირდა – აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი მის უამრავ ნაკლს, რაც დღითი დღე აშკარავდებოდა. პურს ჭრიდა – ღიპი უთახთახებდა, ჭამის დასრულებისთანავე ასანთის ღერით კბილებს ისუფთავებდა და პირის წკლაპუნით ყლაპავდა პირის ღრუში ჩარჩენილ საკვებს, კიბეებზე მისი ასაკისათვის შეუფერებელი ტინგიც-ტინგიცით არბოდ-ჩარბოდა და დაბანის მიუხედავად, იღლიები უყარდა. ვეღარ გამეგო, რატომ ვიყავი მასთან ამდენ ხანს? ალბათ, მებრალებოდა. სხვა რაღა უნდა ყოფილიყო?!... ცოტა კიდევ უნდა მომეთმინა. მანამდე კი ვხარობდი, მჯეროდა, რომ მოპირდაპირე კორპუსში სწორედ ის ცხოვრობდა, ის ერთადერთი... საიდუმლო მქონდა და არავინ მეგულებოდა ჩემი სასიხარულო გულისთქმის დამცხრობი.
ორი კვირის თავზე მისი ფანჯრიდან გადმოკიდებულმა გრძელმა ფორმატმა კიდევ ერთხელ შემაშინა. „ხვალ შვიდ საათზე ოპერის ბაღთან” – წითელი ფერის მტკაველა ასოები. სწრაფად დავუქნიე თავი, არ გადაიფიქროს-მეთქი. მას არც კი შეუმჩნევია ჩემი მოძრაობა, ქაღალდს ახვევდა. ამ საღამოს ბევრი ვაცინე ნუგზარი, ვყვებოდი და ვყვებოდი არ ვიცი ტვინში საიდან შემოფრენილ ანეკდოტებს, სიცილისგან ცრემლები მცვიოდა, ფეხებს ვაბაკუნებდი და მხვალ შვიდ საათზე» – კარგად ვიმახსოვრებდი.
იმ საღამოს, როგორც არასდროს, ისე მიმეჩქარებოდა შინისაკენ. უამრავი საზრუნავი მქონდა. მომზადებისათვის რაღაც ოცდაოთხი საათი მრჩებოდა. ეს კი არაფერია ოცნების მამაკაცთან შეხვედრისათვის მოსაწესრიგებლად. მისი ოთახის ფარდა მწვანე ფერისაა. უნდა ვივარაუდო, რომ ეს მისი საყვარელი ფერია. ამიტომ ჩემს გარდერობს კარგად გადავქექავ. აუცილებლად მექნება მწვანე კაბა, ან სვიტერი მაინც. უთუოდ მექნება. თუ არადა რომელიმე მეგობარს ვეთხოვები. ღამე გვერდიდან გვერდზე წრიალში გავატარე. მგონი მეძინა კიდეც, რადგან სიზმრად პაემნის დღეს ვხედავდი: თბილი თოვლი მოდიოდა, ბაღში ვიჯექით გრძელ სკამზე და ფეხებისგან განსხვავებით ხელის თითებზე მთბილოდა, რადგან მას ჩემი ხელები ჩაებღუჯა და პირთან მიტანილს სუნთქვით მითბობდა. „მე შუათითზე მეჭეჭი მაქვს, აი, ნახე”, ვიცინოდი და თითებზე შეორთქლილ სითბოს, ნაკადულებად ფეხებისაკენ ჩასრიალებულს ვეღარ ვუძლებდი. მერე მე თეთრი ბლის მურაბის კურკას ენის წვერით, ის კი მაგიდის ქვეშ შემძვრალი, ჩემი მეგობრის გოგონას ეთამაშებოდა. და ახლა უკვე ვხარხარებდი და ვერაფერს ვპასუხობდი ჩემი დაქალის მიმიკებით დასმულ შეკითხვას ამ უცხო მამაკაცის შესახებ.
დილით ცხრის ნახევარზე დავრეკე სამსახურში. ავადმყოფობის მომიზეზებით ხველებით ავიკელი ყურმილი. გამათავისუფლეს. სად მქონდა სამუშაოს დრო! შვიდ საათამდე ცოტა დრო მრჩებოდა. მწვანე კაბა მართლაც აღმომაჩნდა სახლში. არც ისე ახალი, მაგრამ არა უშავდა რა. რაც მთავარია, მწვანე იყო. აი, მთავარი ატრიბუტი კაბის სილამაზის განმსაზღვრელი, რასაც ვერავითარი ფერი ვერ დაჯაბნიდა დღეს. ლამის ტუჩებიც მწვანედ შემეღება. თვალები ხომ ვერ გადაურჩა მწვანე ლინზების ტარებას. დღეს ასე იყო საჭირო. დღეს მე ლამაზი უნდა ვყოფილიყავი. ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს...
ეპიზოდი ორთა შეხვედრით დაინტერესებულთათვის
მოქმედების ადგილი: ჩაის სახლი.
მოქმედების დრო: შვიდი საათი და თხუთმეტი წუთი.
მოქმედი პირები: ქალი – ოცდაექვს წლამდე, მწვანეთვალება და მწვანეკაბიანი. კაცი – იმავე წლოვანების, ჭაობისფერკაშნეიანი.
მოქმედება: ჩაის სმა.
სურათი ერთადერთი.
კაფე ერთი ოფიციანტითა და ორი კლიენტით. ისმის ნებისმიერი ჩუმი მუსიკა.
დუმილს კაცის რბილი ხმა არღვევს.
კაცი: მიხარია, რომ შევხვდით.
ქალი: მეც.
კაცი: ნამცხვარი ხომ არ აგვეღო?
ქალი: ოოო, არა! ექვსის მერე არ ვჭამ.
კაცი: იმიტომაც ხართ ასეთი მშვენიერი გარეგნობის.
ორივე იღიმება.
ქალი: შენობით არ ვილაპარაკოთ?
კაცი: ვილაპარაკოთ.
კვლავ ღიმილი.
კაცი: იქ, იმ სახლში რას აკეთებთ?
ქალი: (ჩაის მოზრდილ ყლუპს ხმაურით ყლაპავს) იცი, ეს თავისებური პროფესიაა... მე მხატავენ... როგორ აგიხსნა...
კაცი: გასაგებია. მეც ასე ვფიქრობდი. ბევრნი არიან?
ქალი: არც ისე ბევრნი.
კაცი: კარგად გიხდიან?
ქალი: საკმაოდ.
კაცი: რაღაც უნდა გთხოვო.
ქალი: (ფინჯანს ლამბაქზე დგამს, ღრმად სუნთქავს და ცდილობს დამშვიდდეს: ღმერთო ჩემო, რა უნდა მთხოვოს. სახლში თუ დამპატიჟებს, აუცილებლად წავყვები. ხომ არ გაუკვირდება, პირველივე თქმაზე რომ ვთანხმდები? რა მოხდა?!...) გისმენ.
კაცი: როგორ გითხრა... პირველად რომ დაგინახე, მაშინვე გამიჩნდა შენი გაცნობის სურვილი. ვიცი, რომ დამეხმარები... მეც მინდა პოზირება. უთხარი იმათ, არ სჭირდებათ მამაკაცი? ყოფილი წყალბურთელი ვარ და სხეულიც საკმაოდ დაკუნთული მაქვს... ცოტა ფულს მეც ვიშოვი. ამ დროში... ხომ ხვდები?... არ მაწყენდა. რას ფიქრობ, გამოვა?
ქალი: გამოვა. გამოვა, აბა რა!
ფარდა არ არის საჭირო. მით უმეტეს, მწვანე.
ძალიან ვმარტოობ.
იშვიათად, მაგრამ მაინც მინდება ტირილი.
გავიღვიძე. ჩემი ოთახი. სქელი ფარდებით გამაგრებული ღამის სიბნელე.
როგორც კი ინათებს, კატას მოვძებნი. სადმე იქნება შემძვრალი. მაინც ვიპოვი. დავალევინებ რძეში გარეულ დიხლოფოსს. ცოტას მოვეფერები და ისიც მოკვდება. ჩემს ფლოს (ასე ერქმეოდა კატას, რომ გადარჩენილიყო) ვეფხვივით ზოლები აქვს. გადავუთვლი. მე იმდენნაირად დავიტირებ, რამდენი ზოლიც აქვს და გულიც დამეღლება. დაღლა კი მათავისუფლებს მარტოობის დარდისაგან...
დღისით თავს უკეთ ვგრძნობ. ტვინს, გამარგლულს სარეველა აზრებისაგან, მსუბუქად ვკვებავ გაზაფხულის მოსვლის იმედით და აღარ ვმარტოობ.
ამას წინათ „მზიურთან” ჩავიარე. სიღრმიდან მუსიკა და მიკროფონთან ჭიდილში დაწყვეტილი ხმა აღწევდა. ახალგაზრდების ნაკადს მეც ჩავყევი. სცენის გარშემო მომრგვალებულ-დააფრაკებული სკამები ჭრელაჭრულა ხალხით ივსებოდა. არაბივით თეთრ ზეწარში გახვეულ ფიგურას მივუჯექი. სიგარეტს მოვუკიდე. სანამ ერთი ღერი მოვწიე, იმის გაგება მოვახერხე, რომ რაღაც ფესტივალი ტარდებოდა ღია ცის ქვეშ. ბაღის ქვედა ნაწილში მხატვრები დასეირნობდნენ, დროდადრო საკუთარ ნახატებს ათვალიერებდნენ. ამ სცენაზე კი ლექსებს კითხულობდნენ. ვისაც არ ეზარებოდა. ერთი შორტიანი ბიჭი, მონგრეული ფეხებითა და კევის ღეჭვით მიკროფონს არწევდა და „ვისაც ჩემი ლექსები არ მოგწონთ, აი, აქ მკიდიხართო”, – ფეხებშუა გვითითებდა. მე შემეცოდა ტაშის დამკვრელები. სანამ ესენი პოეზიის კითხვაში ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, მხიარული გოგონები მუყაოს ყუთებით პრეზერვატივებს არიგებდნენ. მუჭით ამოვიღე და წამოვედი. ნაგვის ყუთში გადაყრამდე ერთი-ორი დღით ჩანთით ვატარე. ისევ აფთიაქში ყიდვა მირჩევნია. ისევ ხურდას ვამოწმებ და გაშლილ ხელისგულს ნაცნობ გოგონას ვუწვდი ხოლმე.
ჩვენ შეგვეძლო ჩემთან შევხვედრილიყავით. ჩემს სახლში. ნუგზარს არ სურს. ამბობს, ქალაქის გარეუბანში შეხვედრა უფრო საიმედოაო. იყოს საიმედო. რახან მას ასე სურს... კვირაში ორჯერ ვდგავარ საბითუმო აფთიაქის წინ, შუქნიშნის ბოძთან, ნაცრისფერ „ოპელს” ველოდები და გული მიფანცქალებს, ვაითუ, არ მოვიდეს.
2001 წელი, 9 აპრილი