ღაღანიძე ეკა

 

კვირაში ხუთჯერ

 

 

 

ბებიაჩემი სამჯერ იყო გათხოვილი. ეს – ოფიციალურად. მისი სამჯერადი სამოქალაქო ქორწინება, ტიტულიანი და ბეჭდიანი მოწმობით დადასტურებული, ჩვენი საგვარეულოს ქილიკის საბაბი გამხდარიყო. ისე, რა დასამალია და, ბევრი თანამგზავრი ჰყავდა. სწორედ რომ – თანამგზავრი, რადგან არასდროს ჩერდებოდა ერთ ადგილზე. მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი.

 

სად არ უცხოვრია. ქვეყნის ყველაზე გადაკარგული სამხრეთიდანაც მიგვიღია ბებიაჩემის მიერ გამოგზავნილი შობა-ახალი წლის მისალოცი ბარათები. როცა ერთმანეთი გაგვაცნეს, მისი პირველი ქმარი, ანუ ბაბუაჩემი, დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და ორმოცდაათი წლის ქალს, მორიგ თანამგზავრთან ერთად, ჩვენს ქალაქში დასახლება გადაეწყვიტა. ასე რომ, იმ დროისათვის ქალაქიდან ქალაქში არა, მაგრამ ბინიდან ბინაში გადაბარგებით იყო დაკავებული. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მაინც იწყებდა მუყაოს ყუთების მომარაგებას და სიის წერას.

 შვიდი წლის ვიყავი პირველად ბებიასთან რომ მიმიყვანეს. ჩვენთან რატომღაც არ მოდიოდა.

 

თავად უნდა ვწვეოდით და თანაც, აუცილებლად ბინის დაცლის დროს. სამუდამოდ დამამახსოვრდა ტანმორჩილი, მკერდსავსე ქალი როგორი სიმკაცრით, მოკლე-მოკლე ფრაზებით მიმართავდა ავეჯის გადამზიდებს. გენერალსიმუსივით ხელგაშვერილი წითელთმიანი ქალბატონი იძლეოდა ბრძანებებს, დაბნეული ჯარისკაცები კი აქეთ- იქით დატყაპუნობდნენ. ეზოში სატვირთო მანქანა იდგა. კაბინაში მჯდარ მძღოლს კარი გამოეღო, კისერწაგრძელებული, ჩემსავით თვალმოუშორებლად უყურებდა ბებიაჩემს და მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კაცსაც ბებიას წელზე შემოხვეულ ცისფერ, ატლასის ლენტზე ასხმული გასაღებები მოსწონდა, ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ასე უცნაურად რომ ჩხარუნობდა. გასაღებებზე თითების შეხების სურვილით აცეტებული მშობლების მაგრად ჩავლებული ხელებიდან დასხლტომას ამაოდ ვცდილობდი. ვიკლაკნებოდი, მზად ვიყავი, ორივეს ხელები დამეკბინა, ოღონდ დამესწრო იმ კაცისთვის და ცისფერ, ატლასის ლენტს პირველი შევხებოდი.

 

 ასეთი სურათები მრავალჯერ მეორდებოდა. იცვლებოდა მხოლოდ წელიწადის დრო და ჩემი ასაკი. ბებიაჩემი კვლავ და კვლავ ახალ ბინაში გადადიოდა. ისევ იდგა ეზოში ავეჯითა და თავგადასკოჩილი მუყაოს ყუთებით გაძეძგილი სატვირთო მანქანა. მე და ჩემს მშობლებს მხოლოდ უკომენტაროდ მოვლენების თვალის დევნება გვევალებოდა. ბებია კი, როგორც ყოველთვის, ფუთავდა ნივთებს, ანაწილებდა ყუთებში, დარბოდა და დაჭახჭახებდა.

 მერე ბინის სანახავად ავდიოდით.

 

რაც უფრო მაღალ სართულზე იყო ბინა, მით უფრო სიხარულით მივხტუნავდი. ორ საფეხურზე ერთად ახტომას ვცდილობდი. სანამ ჩემი მშობლები ბინას ათვალიერებდნენ, მე და ბებია ცარიელ, ფართო ოთახში მუყაოს ყუთებზე ვსხდებოდით და ვსაუბრობდით:

 – მომიყევი, ძვირფასო, შენს ახალ მეგობრებზე.ენის გაუჩერებლად ვყვებოდი ჩემს ახალ მეგობრებზე, რადგან ძალიან ადვილია ილაპარაკო არარსებულზე. თამამად ვიგონებდი ისტორიებს.

 

 ბებია რომ იწყებდა ლაპარაკს, მეგონა, ლამაზ ღილებს ვყლაპავდი. ვუსმენდი. რაღაც მნიშვნელოვანს რომ ამბობდა, ვხვდებოდი, მაგრამ – რას, ვერ ვიგებდი. მისი სიტყვები ბრჭყვიალა ღილებივით მეჩხირებოდა ყელში.

 

 – გირჩევ, ადამიანებთან ზედაპირული ურთიერთობები იქონიო. ჩარბენის პრინცინით. ასეთ შემთხვევაში ვერ ასწრებენ ღალატს. ახალ-ახალი, დროებითი ურთიერთობები უფრო გულახდილია... დაიმახსოვრე, ძვირფასო... ამ “ძვირფასოს” კრუტუნით წააგრძელებდა. მაშინ არ მესმოდა, რას ნიშნავდა გაფრთხილება “არ ენდო კაცს, რომელიც ორკარიანი სახლის აშენებას დაგპირდება”. მიკვირდა, რატომ უნდა აეშენებინა ვინმეს სახლი ჩემთვის და ისიც ორი შესასვლელ-გამოსასვლელით?! კითხვებს მაინც არ ვსვამდი, თავს ვუქნევდი და ნერვიულობისგან ხელისგულები მიოფლიანდებოდა. ბოლოს ბებიაჩემი დაამთქნარებდა, დავიღალეო, იტყოდა, თავს კედელს მიაყრდნობდა და თვალებს ხუჭავდა.

 

ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ჩვენი შინ დაბრუნების დრო დამდგარიყო.

 

 ამ ვიზიტების მერე ღამე ვერ ვისვენებდი, საწოლში ვწრიალებდი. გვერდით ოთახიდან გამოღწეული დედაჩემის აღელვებული ხმა ღამეს უფრო აუტანელს ხდიდა.

 

 – საშიში ქალია! ... რას ასწავლის ბავშვს!... – ვერ მშვიდდებოდა. ცხელ, ზეთიან ტაფაზე მჯდარივით შიშხინებდა. – ეგ გადაჭრილი რემბო, ეგა! ... მე და ჩემი შვილი აღარ წამოვალთ, მორჩა...

 

მაინც მივდიოდით.

 

 წლები გადიოდა. ამ მოუსვენარი ქალის რჩევა– დარიგებების რიტუალს, რომელიც წვნიანის ჩანგლით ჭამას ჰგავდა, თანდათანობით ვეჩვეოდი და უკვე აღარ მეშინოდა, პირიქით, მეღიმებოდა ჯიუტი მოხუცის ახირებებზე.

 

 ბებიაჩემი სამჯერ იყო გათხოვილი. მე ერთხელ გავთხოვდი და ისიც ძლივს... ბებია მუხადგვერდის სასაფლაოზე წევს და ალბათ, ჩემი ქმრის გახსენებაზე დღესაც აკრობატულ ბრუნებს აკეთებს საფლავში. სამოცდაათი წლის დაპატარავებული, ჩამრგვალებული, მაგრამ მაინც ამაყი და თავაწეული, წითელთმიანი ქალი ისევ იჯდა მუყაოს ყუთზე, რომანიკო რომ გავაცანი. რაღაც ვერ მოუვიდა თვალში. სიძემ თავის მოწონება სცადა.

 

კომიკური რევერანსის მერე ყავისფერხალებიან ხელზე ეამბორა. ხელოვნერად, თითქმის დაცინვით გამოუვიდა. ბებიაჩემი არ განძრეულა. არც კი შეუხედავს მისთვის. დავიღალეო, თქვა და თვალები დახუჭა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მეც, მისმა საუკეთესო შვილიშვილმაც კი, ჩემი არჩევანით იმედები გავუცრუე და სიცოცხლის მიწურულს ამპარტავან ქალბატონს სადღესასწაულო სუფრის მაგივრად ვახშმის ნარჩენებივით შევრჩი ხელში.

 სახლი, რომელიც ჩვენი თანაცხოვრების მესამე წელს შევიძინეთ, მართლაც, ორკარიანი აღმოჩნდა. ეს ფაქტი გვიან დავუკავშირე ბებიაჩემის მონოლოგებს.

 

მანამდე არც ბებია გამხსენებია და არც მისი გაფრთხილება.

 

 ის ხანა, როცა ჩემი თითები რომანიკოს თითებში მოქცეულიყო, მისი თითები – მისივე ქურთუკის ჯიბეში, და მე და რომანიკო ჩვენი ქალაქის ქუჩებში დავყიალობდით, გვეგონა უსასრულოდ გაგრძელდებოდა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, ძალიან ადრე დასრულდა. ჩვენი ქალაქიც თითქოს თან იყო და თან აღარ იყო. თითქოს უცხვირპირო უცხო პლანეტელებით დასახლდა. მე და რომანიკოს იზოლირებული თავშესაფარი გვჭირდებოდა. მათგან გამიჯვნის მიზნით, მაღალგალავნიანი სახლის ძებნა დავიწყეთ. თუმცა ამ მეთოდმა უკუპროცესი დააჩქარა.

 

 მოკლედ, სახლს ორი კარი ჰქონდა.

 

ერთი – ძირითადი, შემოსასვლელი, რკინის კარი, მოჩუქურთმებულ-მოვარაყებული რაზით და კოჭაკით; მეორე – ხისჩარჩოიანი, ვიტრაჟული მინით, რომელიც სამზარეულოდან ვერანდის გავლით ბაღში გიხსნიდა გზას.

 

ორი საძინებელი, ერთი ბუხრიანი სასტუმრო ოთახი, კაბინეტი და დიდი სამზარეულო – სავსებით საკმარისი ფართი იყო წყვილისათვის, მანამ სანამ თანაცხოვრებას თანაარსებობა არ ჩაენაცვლა და ფილოსოფიურად მოაზროვნე ჩემს ქმარს ცხოვრების შეცვლის, ყოფიერების გადახალისების სურვილი არ გაუჩნდა. ძველი, კამაროვანფანჯრებიანი, აგურით ნაგები ერთსართულიანი სახლი ვიღაც ბიოლოგისგან ვიყიდეთ. ეზოს მისი ხელი ნამდვილად ეტყობოდა. ხეხილის ბაღში ბოსტნეულის კვლების ორი რიგი ჯუჯა მთაგრეხილივით გაწოლილიყო. ეზოს მაღალი ღობის თავზე მეზობლის ეზოს ბინადარი კედრის ხეების კენწეროები ძლივს ჩანდა. ღობის მთელ გაყოლებაზე სუროს ფოთლები მიცოცავდა.

 

თავიდან ძალიან მოგვეწონა, მოგვეწონა კი არა, შეგვიყვარდა აქაური სიმყუდროვე. საქეიფო დანიშნულების, წნელისგან შეკრული ფაცხა ჩვენ შეშის შესანახ ფარეხად ვაქციეთ. ქართული, მამა-პაპური სუფრების შლის მოყვარულები არ გახლდით. იმ ბიოლოგმა ფაცხის კუთხეში დაბზარული, თიხის ქოთნები დაგვიტოვა. მიწაჩამხმარი ქოთნები გადავყარეთ, მაგრამ ყვავილების მოვლის იდეა ჭკუაში დამიჯდა. ხალისით შევიძინე პლასტმასის ფერად-ფერადი ქოთნები და ეზოში გადავანაწილე ალუბლის ხეებისა და დაფნის სურნელოვანი ბუჩქების ქვეშ. ენთუზმიაზმით შევუდექი ყვავილების დარგვას.

 

რომანიკო მოლბერტს ეზოში გამოიტანდა, ცერეცოს ქოლგებს გვერდში ამოუდგებოდა და ხატავდა. მეც იქვე ვიყავი, ან ყვავილებს ვრწყავდი, ან რომელიმე მოწყენილ მცენარეს მიწას ვუცვლიდი. საღამოებს ბაღში ვატარებდით. კატა არ გვყავდა, თუმცა მეზობლის კატები ხშირად გვსტუმრობდნენ. შინაურულად დასეირნობდნენ ჩვენს ბაღში. ახლაც არ გვერიდებიან, პირდაპირ ვერანდაზე ეძლევიან ნეტარ, ზაფხულის ძილს. რომანიკოს ხასიათის ცვალებადობის გამო ერთი-ორჯერ ამოპანღურებულები, მაგრამ მაინც კუდაწკეპილები, ტანზნექვით დღესაც გვერდით ჩაგვივლიან ხოლმე, თითქოს ამ სახლის პატრონები ჩვენამდეც იყვნენ.გარემონტებული, სუფთა სახლი იყო.

 

მაინც გადავღებეთ კედლები, სააბაზანოში კაფელი და მეტლახი ავყარეთ. ჩვენი გემოვნებით შევარჩიეთ კედლების, ფარდების, კიბის მოაჯირის ფორმა, თუ ფერი. ორ თვეში მოვრჩით შენობის შიდა ინტერიერის გადაკეთებას და ჩვენი ნახელავით ვტკბებოდით. უფრო და უფრო მოგვწონდა ჩვენი სახლი და ამიტომაც, ნამდვილად ვეღარ დავთმობდით. გადავწყვიტეთ, რომ არ გავყიდოთ. შევთანხმდით, რომ პრობლემებს ჩხუბისა და ისტერიკის გარეშე მოვაგვარებთ. რომანიკომ სწორედ ასე სთქვა: „ისტერიკის გარეშე“.

 

 ესე იგი, არავის ჩავრევთ. განსაკუთრებით, დედაჩემსა და ჩემს ორ დეიდას გულისხმობს, რადგან ბევრი სმენია ქალთა კოლექტიური ყიჟინის მომწამვლელ ზეგავლენაზე.

 

 მართალია, ბებიაჩემი რომანიკოს ცხვირს უბზუებდა, მაგრამ ის მაინც კარგი მხატვარია. მისი ნახატები წარმატებით იყიდება სანაპიროზე. ბევრს და ხარიახიანად ხატავს. კარგადაც უხდიან.

 ჩემი ქმარი შემოქმედია.

 

მისთვის აუცილებელია მარადიული წვა, ლტოლვა. მოკლედ – ახალი ქალი. დრო თავისას შვება და რაღაც-რაღაცების გადაფასების და გამო, მიხვდა – მე აღარ ვუყვარვარ, თუმცა პატივს მცემს და ეს გრძნობა საკმარისია იმისათვის, რომ ერთ ჭერქვეშ ვიცხოვროთ. ერთმანეთს ვჭირდებით და მეგობრებად ვრჩებით. ის, რაც ჩვენ დაგვემართა, ჩვეულებრივი რამაა. მისაღებია ნებისმიერი ცოლ-ქმრისათვის, მარგამ არამაც და არამც ჩვენთვის. ვერ შეეგუება სიყალბეს, ვეღარ მოიტყუებს თავს და მითუმეტეს, ჩემი მოტყუება არ სურს.

 

 რომანიკო ამბობს, რომ კომპლექსიანი მამაკაცი კი არაა რომ სექსში პარტნიორები იცვალოს, არამედ ხელოვანია და შთაგონება სჭირდება. ასე მიხსნის იმ მრავალრიცხოვან ქალთა არმიის დანიშნულებას, თითქმის ყოველდღე ჩვენი სახლის კიბეზე რომ არბი-ჩარბიან და კეთილი სალმით გვერდს მივლიან. გამომიტყდა, რომ არაა დაზღვეული ვინმე შეუყვარდეს კიდეც, რომ სიყვარულისაგან თავს ვერ შეიკავებს, რადგან სიყვარული გავსებული შარდის ბუშტი არაა.

 

 რომანიკო ამბობს, რომ უმადური ადამიანი არაა – იცის ჩემი ფასი. რა თქმა უნდა, დამეხმარება მომავლის გააზრებით დაგეგმვაში. არც მე ვარ ბნელი და გონებაშეზღუდული და იმედოვნებს, რომ გავუგებ.

 

 თავს ვუქნევ, არც სახე მეღრიცება და არც ცრემლებით ვცდილობ ჩემდამი სიბრალულის გამოწვევას.

 

უბრალოდ ვეკითხები:

 

– შენი აზრით, ახლა რა უნდა ვქნა?

 

იწყებს ახსნას. ხმის ინტონაციაზე ვატყობ, რომ ახარებს, მარადიული მორჩილების მორიგი სცენა:

 

 – ვიცი, როგორც უნდა მოიქცე: მოძებნი ისეთ სამსახურს, სადაც შეძლებ გამოავლინო შენი უნარი. დამიჯერე, შრომა მოგანიჭებს შინაგან კმაყოფილებას. უნდა განთავისუფლდე ეგოიზმისაგან. რომანიკო მართალია. არასდროს მიმუშავია. დიასახლისობაც რაღაც არ გამომდის.

 

 – გეყოფა ქათამივით მიწაში ქექვა! ჯობია სერიოზულ საქმეს მოკიდო ხელი.

 

არ მოგბეზრდა ერთი და იგივე : ყვავილებს დარგავ – გაახარებ, დარგავ – გაახარებ?! ... გარეთ უნდა გახვიდე, ხალხში. ასე ცხოვრება აღარ მეგონა, პირიქით, ამ სახლში ჩავიკეტებოდით ორნი და ერთმანეთი გვეყოფოდა. რასაკვირველია, ვცდებოდი.აქ დასრულდა ჩვენი დიალოგი, რომელიც შედგებოდა მისი ვრცელი დარიგებებისაგან და ჩემი მრავალჯერადი პასუხისაგან – „დიახ”... საშინაო საქმეები გავინაწილეთ. შევადგინეთ ცხრილი და მაცივრის კარზე მივაკარით. განრიგის მიხედვი ყოველ მეორე დღეს მიწევს საოჯახო საქმიანობა. თუ აქამდე მხოლოდ მე უნდა მეკეთებინა სადილი, მერეცხა თეთრეული, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მძულდა და ამის და გამო ნესტისაგან დაობებული, ამჟავებული სარეცხი კვირაობით ეყარა საკუჭნაოში, ახლა შრომის გადანაწილების შედეგად თეთრეულიც დროულად ირეცხება და სამზარეულოს ნიჟარაში პირამიდებად დახვავებული ჭურჭელიც.

 

ნაგვის ყუთიც ყოველ დილით ასე რომ, დღეს ჩვენ გაყრილები ვართ და ერთად ვცხოვრობთ იმ სახლში, რომელიც ნამდვილად გვიყვარს.

 

 – გაიცანი, ჩემი ცოლია, – ასე აცნობს რომანიკო ჩემს თავს მეგობარ ქალებს, შინ თუ დავხვდი. ყოფილიო – არ აყოლებს. ალბათ, ქალებმა ჩვენს სახლში მოსვლამდე იციან ჩემი ფიქტიური სტატუსი...

 

 თვითშემოწმების აუცილებლობამ მარტივი და მოკრძალებული ქალი მიზანდასახულ ქალად მაქცია. ყოველი მეორე დღე შემიძლია წინასწარ დავგეგმო და დილიდან საღამომდე რაც მინდა ის ვაკეთო. არავითარი ვალდებულებები... არავის მიმართ... მხოლოდ საკუთარ თავზე ვზრუნავ.

 

თავიდან გამიჭირდა, ახლა უკვე მივეჩვიე თავისუფალ დროს ყაირათიანად ვიზოგავ. თუ მინდა, მაღაზიებს, გამოფენებს ვლაშქრავ, ან სტუმრად დავდივარ. ღამ-ღამობით ჩემს საძინებელ ოთახში პირდაღმა მწოლიარე რომანიკოს რჩევით ნაყიდ უფასო განცხადებების გაზეთებს მუქი ფერის ფლომასტერით ვაჭრელებ. სამსახურს ვეძებ. თითქმის ერთი თვე გავიდა. მოთმინებით ვფურცლავ გაზეთებს. დასაქმების ბიუროსაც მივაკითხე.

 

ხეირიანი ვერაფერი შემირჩიეს. ზოგან ასაკს მიწუნებდნენ, ზოგან გარეგნობას. ამას უცხო ენისა და კომპიუტერის უცოდინარობა ემატებოდა. მალე მივხვდი, არაფერი გამომდიოდა. ისღა დამრჩენოდა – საწოლზე პირაღმა მწოლიარეს, განცხადებებიდან ამოკითხული ინფორმაციული ქაოსით გაბრუებულს ჭერში მეცქირა და ჩამქრალი ვულკანის ჩავარდნილი კრატერივით ჭიპში თითის ტრიალით გამერთო თავი. ვატყობდი, ცოტაც და, ავფეთქდებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბაქანზე ვიდექი, ჩაქროლებული მატარებლის ბოლო ვაგონს უნდა შევხტომოდი, მე კი – დაბზარული ფაიფურის თოჯინასავით ბაქანის ფილას მიწებებული განძრევას ვერ ვბედავდი...

 

დილით ისევ გავდიოდი ქუჩაში, ისევ ყურადღებით ვათვალიერებდი ყველა ბოძზე მოფრიალე განცხადებას. დამლაგებლობაზეც არ ვიტყოდი უარს, ოღონდ საკუთარი თავი გამომეცადა. დღესაც იგივე მიზნით სუპერმარკეტთან ვიდექი, კარი რომ გაიხსნა და ქაღალდის ჩანთებით დატვირთულმა ქალბატონმა ჩემს გვერდით ჩავლა სცადა. ხილით სავსე ჩანთა თეძოზე გამკრა. გავხედე, გავუღიმე.

 – უკაცრავად. – თქვა მან. თავი დავუკარი.

 

ისევ გავაგრძელე შუშის კარზე მიმაგრებული განცხადების კითხვა. ის კი, რატომღაც წასვლას არ ჩქარობდა.

 

 – საოცარი ღიმილი გაქვთ. – შუახნის ქალს წითელი, ტალღოვანი თმა ასაკის შეუფერებლად მოშიშვლებულ, მსუქან მხრებზე ეყარა.შევიშმუშნე.

 

 – შენ კი ბებიაჩემს ჰგავხარ. – მინდოდა მეთქვა. დროულად შევიკავე თავი.ქალმა ჩანთები ტროტუარზე დადო და ჩემსავით განცხადებას მიაცქერდა. – სამუშაოს ეძებთ? – მკითხა გახარებულმა და ხელჩანთიდან ამოღებული სავიზიტო ბარათი გამომიწოდა. – გამომართვით, იქნებ დაინტერესდეთ. მადლობის ნიშნად კვლავ გავუღიმე. ბარათზე არც დამიხედავს ისე გამოვართვი, ზურგი შევაქციე და ნაბიჯს ავუჩქარე, თითქოს გამოკიდებას აპირებდა ვინმე!

 

 რომანიკო სახლში დამხვდა, ოღონდ სტუმარი ჰყავდა.

 

ის და მისი მეგობარი ქალი კაბინეტში მუსიკას უსმენდნენ. რომანიკოს საამაყო ფირფიტების კოლექციიდან სამოციანი წლების ჯაზური მუსიკა ამოერჩიათ. ტამტამებისა და საქსაფონის ერთმანეთში არეული რიტმის ხმამაღალი ჟღერა სიყრუეს მოგანდომებდა. მე რომ იმ ქალის მაგივრად ვყოფილიყათი ოთახში, ვნებიან და ცეცხლოვან ტანგოს ვამჯობინებდი. წყალი გადავივლე, სამზარეულოში მოვკალათდი ჩაის დასალევად. კარი ნახევრად ღია დავტოვე, რათა სტუმრის წასვლა არ გამომპარვოდა.რომანიკო ამბობს, რომ სექსუალური პრობლემები უმნიშვნელო ნიუანსივითაა და სწრაფად მოგვარებადია. სათესლე ჯირკვლების დაცლა– არდაცლამ არ უნდა შეარყიოს ჩვენი ურთიერთობა, რომელიც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტიმი სანთლების შუქზე, მსუბუქი სასმელი და მუსიკის სმენა...

 

ტელევიზორი ჩავრთე. კაბინეტიდან გამომავალი ხმების ჩასახშობად ხმას ავუწიე და ესპანურ სერიალს ჩავუჯექი.დღევანდელი ახალი ამბის მოყოლის სურვილის გამო მოუსვენრად ვიჯექი მაგიდასთან, ჩაის ვსვამდი, ქიშმიშიან ორცხობილას ვახრამუნებდი, ბარათს დავყურებდი და სტუმრის წასვლას ველოდი. „სიცილის თერაპია“ – ეწერა ბარათზე. ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?! მესამე ფინჯანი ნახევრამდე დავიყვანე. მოთენთილს თვალები მეხუჭებოდა. ისევ ბებიაჩემი გამახსენდა. „იდეალური ქმარი – მკვდარი ქმარია” – მასწავლა მან.

 

იქნებ მომეკლა კიდეც... წარმოვიდგინე რომანიკოს მოწამლული, თვალღია სხეული, გაკვირვებულ-შეშინებულმზერიანი სახე, სიმწრით დაკვარჩხული თითები, ტუჩის კიდეზე შემხმარი თეთრი ქაფი... გამაჟრჟოლა. უკვე ვბოდავდი. საათს ავხედე, ხუთ საათში გათენდებოდა. რომანიკოს სტუმარი ალბათ, ჩვენთან რჩებოდა. დილამდე სამზარეულოში ჯდომას მეც არ ვაპირებდი.

 

ამიტომ ჩემს საძინებელ ოთახში შევიკეტე. გადავწყვიტე. ხვალ წავიდე “სიცილის თერაპიის” ოფისში. რომანიკოს კი მერე მოვუყვები ყველაფერს. “სიცილის თერაპიის” ოფისს ფეშენებელური შენობის მეხუთე სართულზე ერთმანეთში გამავალი, მინის ტიხრებიანი ოთახები ეკავა. ყველაზე დიდ და ნათელ ოთახში შემიყვანეს. წრეზე მდგარ სკამებზე მსხდარი უმუშევრები აღფრთოვანებითა და ცნობისმოყვანეობით შუყურებდნენ ჩემს ნაცნობ ქალბატონ ფსიქო-თერაპევტს.

 

ის კი ქვიშრობთა მბრძანებელივით დასტრიალებდა რკინის სკამებს აკრულ, ქვიშის მოუხელთებელი მარცვლებივით მცქმუტავ ადამიანებს. როგორც მჩვევია, აქაც დავიგვიანე. წითელთმიანმა ქალბატონმა მარაოიანი ხელით ცარიელ სკამზე მიმითითა, თვითონ ბორბლებიანი სავარძელი შემოაგორა და ოთახის ცენტრში დაჯდა ისე, რომ ყოველ ჩვენთაგანს შეძლებოდა მისი შეთვალიერება. დავაკვირდი. მისი თმა, რომელიც არაბუნებრივად წითლად ელავდა, ხნით შეღებილი ჭაღარა აღმოჩნდა, სახე კი – “ლიფტინგის” თორმეტსაათიანი კრემით გადაჭიმული. გაბრაზებულ გულზე ფურცელს რომ დაკუჭავ, მერე კი სიფიცხეგადავლილი, ისევ გაასწორებ, გაატკიცინებ, შეიძლება უთოც გადაატარო ზევიდან – სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა მისი მოვლილი სახე. აშკარად ჩანდა, რომ ქალი ახალგაზრდობას კატის კლანჭებით ებღაუჭებოდა.

 

თუმცა ვაშლის ჩირივით ყვითელ და მოპრუჭულ ხელის კანს ვერას შველოდა.

 – მოგესალმებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. – ქალმა დაკეცილი მარაო ხელისგულზე მსუბუქად დაირტყა. – მე გახლავართ ინსტრუქტორი. დღეიდან ჩვენ უბრალო თანამშრომლები კი არა, პარტნიორები და მეგობრები ვხდებით. თითოეული თქვენგანის მონაცემები საფუძვლიანად შევისწავლეთ და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ თქვენ გეძებდით. ბედმა გაგვიღიმა – იქ მოხვედით, სადაც ისეთ რამეს შეისწავლით, რის საშუალებითაც სხვებსაც დაეხმარებით და თავადაც დაკმაყოფილდებით.

 

თქვენ შეგიძლიათ სამყაროს შეცვლა. თქვენი ღიმილი ბევრ ადამიანს სჭირდება. ჩვენი დანიშნელებაც ხომ ესაა – ვემსახუროთ კეთილ საქმეს. მისი სიტყვებით გათამამებულები ავმოძრავდით და ერთმანეთს თანხმობისა და უცნაური საიდუმლოს განდობის ნიშნად ღიმილით გადავხედეთ. მარაოიანი ქალის ასისტენტმა, გრძელთმიანმა ყმაწვილმა მინერალური წყალი ჩამოგვირიგა. დაძაბულობა სრულად მოგვეხსნა.

 

 – ღიმილს რომ უდიდესი ძალა აქვს, უჩემოდაც მშვენივრად მოგეხსენებათ.

 

მაგრამ ის თუ იცით, რომ არსებობს ერთადერთი სახისმიერი გამომსახველობითი ნიშანი, რაც ძალიან შორი მანძილიდან, თითქმის ორმოცი მეტრის სიშორიდანაც კი ჩანს.

 

აბა, რა არის ეს? ... ესაა თქვენი ღიმილი! არა აქვს მნიშვნელობა ამ დროს ბედნიერი ხარ, თუ არა. მთავარია – გაიღიმოთ. ღიმილის დროს თქვენს სხეულში სასიკეთო ცვლილებები მიმდინარეობს: სისხლის წნევა დაბლა იწევს, გულის ცემა შენელებულია, სხეული ისვენებს, სრულ რელაქსაციას განიცდის. სიცილი სიცოცხლეს გიხანგრძლივებთ. კანი ელასტიური ხდება. მერწმუნეთ სიცილი წამალზე უკეთესია.

 

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სამოცწამიანი სიცილი ორმოცი წუთის ძილს უდრის...

–        თუკი არ მეცინება ?! – იკითხა ერთმა კაცმა.

 

 – საინტერესო კითხვაა. გიპასუხებთ. – ჩვენმა ინსტრუქტორმა წყალი მოსვა. მარაო კვლავ გაშალა და ააფრიალა. – გაგიკვირდებათ, მაგრამ აგიხსნით, რომ არსებობს ნამდვილი და ცრუ ღიმილი. ეს თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ. ნამდვილი ღიმილი ოთხი წამი გრძელდება, ცრუ კი – რამდენ ხანსაც გენებოთ.

 

ცრუ ღიმილს ვხვდებით იმ პოლიტიკოსების სახეზე, რომელთაც წააგეს არჩევნები, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ, ან ჩვენი მეზობლების სახეზე, შუაღამით კარზე რომ მივადგებით რაიმეს თხოვნით, ის კი – ღიმილით ცდილობს გვაჩვენოს, რომ მოხარულია ჩვენი ხილვით. აბა, გამოტყდით, განა ხშირად თქვენც არ იღიმებით მათ მსგავსად?... საერთოდ, ტვინი ვერ ანსხვავებს: ცრუდ იღიმებით, თუ ნამდვილად გეცინებათ. ორივეს ბედნიერება მოაქვს ადამიანისათვის. კარგი სიცილის დროს ჩვენ ვიუმჯობესებთ ორგანიზმის იმუნურ სისტემას.

 

 აქ ჩვენ შეგასწავლით სიცილის დროს სწორ სუნთქვას. ამ დროს ტვინი იკვებება სიამოვნების ელემენტებით... მაშ ასე, ორკვირიანი დახელოვნების კურსს გაივლით და მერე შეუდგებით საქმეს.

 

ყველაფერს დაწვრილებით აგიხსნით. მთავარია, რწმენით მოეკიდოთ დაკისრებულ ვალდებულებებს და დაიჯეროთ საკუთარი ძალები.ახლა კი, ჩემი ასისტენტი – ოთარი გვერდით ოთახში გაგიყვანთ და პროგრამაზე გაგესაუბრებათ. წამოვიშალეთ.

 – სავალდებულო არაა, მაგრამ გირჩევთ, რომ შეიძინოთ. – სხვათაშორის თქვა ჩვენმა ინსტრუქტორმა და სტელაჟზე ჩამწკრივებულ თხელყდიან ბროშურებზე მიგვითითა.

 ხუთი ლარი გადავიხადეთ და იღლიაში ბროშურაამოჩრილებმა დავტოვეთ “სიცილის თერაპიის” ოფისი იმ იმედით, რომ მომდევნო სეანსი კიდევ უფრო საინტერესოდ წარიმართებოდა.თბილისი, მაისის თვე, დღე – ხუთშაბათი, საღამოს 21 სთ. 15 წთ. მაღალგალავნიანი კერძო სახლის სასტუმრო ოთახი.ქალს ტელეფონის ყურმილი უჭირავს ხელში.

 

 – რომანიკო, ახალი ამბავი მაქვს შენთვის.

 

– ჰოო?

 

–        სამსახური ვიშოვე. თანაც მგონი, ძალიან კარგი სასმსახური.

 – ყოჩაღ! კარგი გოგო ხარ!... ასეც ვიცოდი!... მერე ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი.

 – გვიან დაბრუნდები?

 – დღეს აღარ მოვალ. ხვალ საღამოს კი აუცილებლად აღვნიშნოთ... შამპანიური მაცივარშია. – კარგი. ხვალ იყოს...

 – ახლა რას აკეთებ?

 – არ ვიცი... არაფერს...

 – ჯობია დაწვე და დაიძინო.

ადრე ადგომას უნდა მიეჩვიო. უკვე საქმიანი ქალი ხარ!

 – ჰო, დავწვები.

 ძილი ნებისა,ძვირფასო.

 – ნახვამდის.

 თბილისი, მაისის თვე, დღე – ხუთშაბათი, საღამოს 21 სთ. 15 წთ. „სიცილის თერაპიის“ ოფისი.

 შუახნის ქალი ტელეფონზე ლაპარაკს ამთავრებს და ყურმილს კიდებს. გრძელთმიანი ახალგაზრდა კაცი ორ ჩაის ფინჯანს მაგიდაზე დგამს და ჩაფიქრებულ, თუმც კმაყოფილსახიან ქალს გვერდით უჯდება.

 – დავიღალე. – ნაზად, გაპრანჭვით ამბობს ქალი. მერე კაცისკენ იხრება და დაძარღვულ კისერსა და მხარს შუა გარუჯულ კანზე კოცნის.

 – კიდევ ერთი ჯგუფი დაგვემატა. კარგად ავაწყეთ ჩვენი ბიზნესი, არა?

 – ასე თუ გავაგრძელებთ, დაფინანსებას გაგვიზრდიან და შეიძლება კარიბის ზღვაზე ერთ გემრიელ კრუიზსაც გამოვკრათ ხელი.

 – სულ გამოთაყვანდა ეს ხალხი! მართლა სჯერათ რასაც ვეუბნებით?

 – სჯერათ რომელია!...

უსარგებლო ნივთების ბაზარზე მგონია თავი! ხარხარი მოგინდება ამდენი გულუბრყვილო სახის დანახვაზე... – ტყავის სავარძლის საზურგეზე თავგადაგდებული ქალი სიგარეტს ეწევა და ჭერისკენ ამავალ ბოლის რგოლებში საჩვენებელი თითის გაყრით ერთობა.

 – ცოტათი მეცოდებიან კიდეც...

 – როგორც ჩვენი შეფი ამბობს, შებრალების გზა დახშულია ჯოჯოხეთის კარიბჭით, როცა საქმე ფულს ეხება. რაც მთავარია, კლიენტურა კმაყოფილია.

 – უცნაურია.

 – არაფერია ამაში უცნაური. ადამიანს თუ სჭირდება, სისულელეს ადვილად იჯერებს.

 – არ ვიცი, არ ვიცი...

 – ჰოდა, რომ არ იცი, ჩემო კარგო, მე უნდა დამიჯერო, თორემ სამსახურს დაკარგავ.წითელთმიანი ქალი ამთქნარებს. – აღარ წავიდეთ?

 – ჩაი დავლიოთ და წავიდეთ.

 ვინ იცის, რამდენი დრო დამჭირდებოდა იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს სიმშვიდეში ვყოფილიყავი.

რომ არა რომანიკო, იქნებ კვლავ ძველებურად სახიფათო ცხოველებით დასახლებულ ზოოპარკში ჩავრჩენილიყავი და მცდარი წარმოდგენებით მეცხოვრა.ახლა ვიცი, რომ მყავს ერთგული მეგობარი – ჩემი ყოფილი ქმარი, რომანიკო. ეს სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ უშფოთველად ვიძინო. დილით კი, როცა სამსახურში წასვლის წინ სამზარეულოში შევდივარ, მაგიდაზე სახელდახელოდ ჩემთვის გამზადებული, ფოლგაში შეფუთული ბუტერბროდები მხვდება. თუ ღამე შინ რჩება, დილისათვის საგზალს მიმზადებს. მსიამოვნებს მისი ყურადღება. ადრე ხომ ასეთი არაფერი ხდებოდა. ადრინდელი ჩვენი თანაცხოვრება ცხელი წყლით სავსე ქვაბში თითის ჩაყოფას ჰგავდა.

ყველაფერზე ვფიქრობდი და ვდარდობდი. ახლა წყალიც გაგრილდა და ფიქრიც განელდა. არაფერზე და არავიზე ვნერვიულობ.

 არც ისე იშვიათად მეც დავდივარ პაემნებზე. კაცებს ინტერნეტით ვეცნობი. მათ ვხვდები წყნარ, ბნელ კაფეებში და ვაკვირდები. არ უნდა შევიჩვიო, დავიახლოვო, თუ რაღაც ამის მსგავსი.

ერთჯერადი სექსის პარტნიორი არ უნდა გამომეჩხიროს ყოველდღიურობაში, რომელიც მისი არსებობის გარეშე მაქვს დაგეგმილი. მე ჯერ ეს არ მჭირდება. მერე ვნახოთ... მამაკაცს ვირჩევ მხოლოდ ფიზიკური მონაცემების მიხედვით. არ მაინტერესებს არც მისი ვინაობა, არც მისი სოციალური მდგომარეობა, არც პროფესია და ასაკი ხომ მით უმეტეს... საკმაოდ ბევრნი დაგროვდნენ. გამოცდილებაც მომემატა და უფრო თავდაჯერებულიც გავხდი.

ჩემი და ჩემს მიერ შერჩეული მამაკაცის ერთად გატარებული ერთადერთი საღამო მხოლოდ დროებით სიამოვნებაზე, ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზეა გათვლილი. ცხელ ზაფხულში ბანანის ნაყინის ჭამის მსგავსად. აირჩევ, შეჭამ, გაგრილდები. მერე კვლავ შეჭამ. ოღონდ ამჯერად შეიძლება მარწყვის ან სულაც შოკოლადის ნაყინი ამჯობინო. არაფერის ამაში უცნაური და მიუღებელი.  ასე რომ, სხვისი ბუდის კიდეზე ჩამომჯდარი ჩიტი კი არ ვარ! საკუთარი სახლიც მაქვს და საქმეც. სასარგებლო საქმე.

დარწმუნებული ვარ – ვჭირდები ადამიანებს. საქმიანი ქალის იმიჯი მშვენივრად მოვირგე. ძალიან მარტივია ადამიანების კეთალგანწყობის მოპოვება – მხოლოდ გაიღიმე...კვირაში ხუთი დღე, შაბათ-კვირის გარდა, ძალიან დაკავებული ვარ. უამრავი გამოძახება მაქვს, რადგან უკვე პროფესიონალი მცინარა ვარ. გასამრჯელოს ფასად მოვალ თქვენს ოჯახში, შეუსვენებლად ვიცინებ თქვენთვის. ზოგჯერ ორმოცი წუთითაც მიწევს სიცილი. მერე რა, სულაც არ ვიღლები! მე ვიცინი.

შენ კი, გინდა თუ არა, მაინც იწყებ სიცილს. ამყვები ისე, რომ არც კი იცი – რაზე იცინი და არცა აქვს ამას მნიშვნელობა. მთავარი აქ სულ სხვაა. მთავარია: სტრესული დაძაბულობა გეხსნება და ფრჩხილში ჩარჩენილი ჭუჭყივით იშორებ დარდს.

 შაბათ-კვირას ძირითადად შინ ვრჩები. რომანიკოს ვეხმარები. ბევრი სახატავი დაუგროვდა. შეკვეთების რაოდენობა იზრდება და იზრდება.

უქმე დღეებში ბაღში გავდივართ. რომანიკო ცერეცოს ქოლგებთან მოლბერტს მიწაში არჭობს და ხატავს. მე ან ყვავილებს ვრწყავ, ან ტილოს ქვეჩარჩოზე ვჭიმავ. თუ დაურეკეს და წასასვლელი გახდა, მე ვრჩები და ვაგრძელებ ტილოს დაგრუნტვას. თუ დამიბარებს რომანიკო, ფერსაც დავადებ, ფონს გავუმზადებ მოსვლამდე, რათა მექანიკურ სამუშაოზე არ გაცდეს და რაც შეიძლება თავისუფლად ხატოს.

 ბებიაჩემი სამჯერ იყო გათხოვილი და მთელი ცხოვრება მოგზაურობდა. მე კი – ერთხელ, მაგრამ მივხვდი, რომ სულაც არ არის აუცილებელი ქალაქიდან ქალაქში, ან ბინიდან ბინაში იწოწიალო, რათა ადამიანებს გაექცე. ანდაც – რა საჭიროა გაქცევა? ჩვენ, ყველანი ჩვენი სურვილებითა და მოქმედებებით ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

მართლაც, ძალიან სასაცილოა გაუბრაზდე სხვას იმაზე, რასაც თავადაც აკეთებ.

 ვცხოვრობთ მე და რომანიკო ერთ სახლში, რომელიც გვიყვარს, გვაქვს საქმე, გვყავს მეგობრები და გართულებების გარეშე ენაცვლება თვე თვეს. ისე, სხვათა შორის, შაბათ– კვირას ნუ შემაწუხებთ, რომანიკოს ვეხმარები. ხოლო კვირის დანარჩენ ხუთ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ საათზე შემიძლია გეწვიოთ და სიამოვნებით ვიცინებ თქვენთვის.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ღაღანიძე ეკა / კვირაში ხუთჯერ