ღაღანიძე ეკა

სტუმარ-მასპინძელი 

 

 

  ძმას

 

 ნოემბრის თვეში ხუთსართულიანი სახლის სარდაფში მცხოვრები გიჟი სონას მეგობარი ხუთი კატიდან ერთ-ერთი ხეზე აძვრა და ვეღარ ახერხებდა ჩამოსვლას. ჭრელი, ფუშფუშა, გუნდა ბრჭყალებით ებღაუჭებოდა მსხვილ ტოტს და საშინლად ჩხაოდა. კატის დადარდიანებული პატრონი ბუტბუტითა და გრძელი ჯოხის ქნევით ხეს გარშემო უვლიდა. ხან ჯოხს უკაკუნებდა, ხანაც ჯაჯგურით ცდილობდა ალვის ხის შერხევას. ბავშვებმა მიანებეს თავი ბურთის თამაშს და სონასთან ერთად გარს უვლიდნენ ხეს – „ფისო, ფისო, ჩამოდი”-ს ძახილით. რამდენიმე დღის ხვეწნამ არ გაჭრა. შეშინებული კატა კენწეროსაკენ მიიწევდა და კვლავ აგრძელებდა ჩხავილს, რაც ღამღამობით ძილს უფრთხობდა კორპუსის მცხოვრებლებს. საბოლოოდ, ბავშვების მშობლები იძულებული გახდნენ, აქტიურად ჩაბმულიყვნენ კატის გადარჩენის კეთილშობილურ საქმეში. ხელდახელ შეიქმნა ჯერ ფონდი, მერე გეგმა. მოიყვანეს ამწე და სპეცტანსაცმლიანი მუშა კარგა ხანს ექაჩებოდა ტოტზე ბრჭყალებით ჩაბღაუჭებულ კატას, რათა შემდგომ უკვე ტაშით დაჯილდოებული ძირს დაშვებულიყო, კომბინეზონი ამაყად დაეფერთხა და მანქანის კაბინიდან ენერგიულად ექნია ხელი ჟივილით გამოდევნებული ბავშვებისათვის.

  ნოემბრის თვეში მეზობლები ღიმილით ულოცავდნენ ერთმანეთს კატის გადარჩენას, ნელ-ნელა იშლებოდნენ და უბრუნდებოდნენ ღამის მშვიდობიან ძილს.

 უკვე სადავო აღარაა ეს გარემოება და სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებენ – მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ერი ქართველი ერია. ქართული ოჯახი, რომელიც არქაულ ადათ-წესებზე დაფუძნებით იქმნება, საუკუნეობით ინარჩუნებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ საამაყო თვისებას – სტუმარ-მასპინძლობის ჩვევას. სტუმრის მიღება-დახვედრა-გასტუმრება არავისგან გვესწავლება.

  მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ერის ისტორია ჯოყოლა ალხასტაისძის ოჯახით იწყება. ჯოყოლა – ოცდაათი წლის დროებითი უმუშევარი თბილისელია, რომლის ორკაციანი ოჯახი მუდამ მზადაა სასურველი თუ უსურველი სტუმრის მისაღებად.

  კანალიზაცია-ვენტილაციის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე დასრულდა სტიპენდიის მიღებით ჯოყოლას საოჯახო ბიუჯეტში მოკრძალებული წვლილის შეტანის ოთხწლედი. ეგ შენი დიპლომი დახიე და ქერტლად გადაიყარე თავზე. არც ერთი მისი თანაკურსელი არ მუშაობდა სპეციალობით, დრო იყო ასეთი. ასე რომ, არავის გაჰკვირვებია წითელდიპლომიანის უმუშევრობა. ჯოყოლა რისი ჯოყოლა იყო, ნადირობა და, აქედან გამომდინარე, ხეტიალი რომ არ ჰყვარებოდა. ხოლო თუკი დავკონკრეტდებით, ქალაქის მასშტაბით და მარტივი ახსნითაც დავკმაყოფილდებით – ფეხით სიარული უყვარდა. ხშირად დადიოდა. უფრო ხშირად, ვიდრე თვით სიტყვა „ხშირად” იტევს ამ მნიშვნელობას. ძილშიც დადიოდა, ტელევიზორის ყურებისასაც დადიოდა. თუმცა, ყველაზე მეტად მკვდარ ქალაქში დადიოდა. ფეხით. გზის ფულიც ეზოგებოდა და ჯანმრთელობაც. ძირითადად, ძველ უბნებს ეტანებოდა. მკვდარი ქალაქი მართლაც რომ ეპასუხებოდა მის უცვლელ განწყობილებას. მტკვრის მარცხენა სანაპიროსთან კლდეზე გადმოკონწიალებული ორსართულიანი სახლების დამსკდარი კედლები ნაპრალებით უღიმოდნენ და უბანივით დაძველებულ, ნახევრად ჩაშლილ აგურებს უჩენდნენ. იდგა და ათვალიერებდა ხის კიბის ნარჩენებს ან ხელში ატრიალებდა მიწიდან აღებულ, მისი ვარაუდით, მოაჯირის ყოფილ რიკულს. შემთხვევით, თუკი ბავშვების მოყიჟინე ლაშქარი ჩაურბენდა ან ვიღაც, ზედა სართულის დიასახლისი გადმოასხამდა ტაშტით საპნიან წყალს, მხოლოდ ნაკადის ჩხრიალი ან გვერდით ჩაქროლილთა ღრიალი აფხიზლებდა და იგიც დამფრთხალი, ტალახის შხეფებით დაწინწკლული შარვლის ტოტების ფართხუნით ტოვებდა ახლობელ, ღია სიძველეთსაცავს, რომლის დარაჯი სადღაც გამქრალიყო ან საერთოდ გადაეტანა თავისი სადარაჯო პუნქტი სხვა უფრო სარფიან ალაგას, თუნდაც ვიგინდარებივით მომრავლებული ბეტონის, ვიტრაჟული მრავალფეროვნებით დამშვენებული შენობების დასაცავად.

  ძველი თბილისიდან გამოღწეული რუსთაველის პროსპექტისაკენ აუყვებოდა ქუჩებს. თანამდებობიან ნაცნობებს ჩამოუვლიდა, მოიკითხავდა, ისე, სხვათა შორის, ჰკითხავდა – საჩემო არაფერი გაქვთო? ისინი ჰპირდებოდნენ, ბეჭებზე ხელებს უტყაპუნებდნენ, ცოტა ხანში გამოგვიარეო – ისტუმრებდნენ. ჯოყოლაც დადიოდა. აკი არ ეზარებოდა სიარული. თუმცა არც ისეთი სულელი იყო, ვერ მიმხვდარიყო, რომ სხვისი გასაჭირი სადარბაზოს ფანჯრის რაფაზე შემოგდებული სიგარეტის დაცლილი კოლოფივით რომაა, რომელსაც იმ შემთხვევაში ენიჭება მნიშვნელობა, ნდომის ობიექტი ხდება და მონატრების სურნელი ეძლევა, თუ ჯიბეში ხურდაც არ გიყრია. თუმცა, სხვა დროს ფილტვებდამტვერილი ვერც კი ამჩნევ მის არსებობას რაფაზე.

  უმუშევრობაში შემოლეული იმედი ჯოყოლას თანდათანობით წელში ხრიდა. ნაცრისფერი ასფალტის ცქერით თვალები იმიტირებული მიწისფერი უხდებოდა. რცხვენოდა, რომ ცოლი ინახავდა. ხანდახან დროებით სამუშაოს შოულობდა. სადღაც ბოთლებს რეცხავდა, სადღაც ფიცრის ყუთებს ტვირთავდა. ცოლის უჩუმრად დაძვრებოდა და მოპარული დენი გადაჰყავ-გადმოჰყავდა შემკვეთის სურვილისამებრ. ამაში ყველაზე კარგად უხდიდნენ. ორ კვირაში ან უკეთეს შემთხვევაში, თვის ბოლოს გასამრჯელომიღებული სიხარულით მოარბენინებდა სანოვაგით დატენილ პარკებს სახლში. ერთ მუჭა საღეჭ რეზინას ეზოს ბავშვებს ურიგებდა. აღაზას მოსვლამდე სადილის მომზადებასაც თუ მოასწრებდა, იმ საღამოს პატარა ბავშვივით ფანჯარასთან ატუზულს ცოლის მოლოდინში თვალები და კოხტად დავარცხნილი თმა ერთნაირად უბრწყინავდა. მერე რა, რომ საყვარელი სილუეტის დანახვისას კარისკენ გაქცეული ჯოყოლა შემთხვევით სკამს წამოჰკრავდა ფეხს, გადაყირავებული სკამი მაგიდას ეჯახებოდა, მაგიდიდან ფორთოხლის წვნიანი გრაფინი ვარდებოდა, იმსხვრეოდა, ხოლო აღაზას საყვარელი, საგანგებოდ მისთვის ნაყიდი სითხე იატაკზე იღვრებოდა და მართლაც საგანგებო ყურადღების ღირსი ხდებოდა. სამსახურიდან დაბრუნებული აღაზა ოთახში შემოსვლისთანავე ჟაკეტსა და დაღლილობას ერთდროულად იძრობდა მხრებიდან და ცოლ-ქმარი სიცილითა და ტილოთი დასდევდა პარკეტზე რვაფეხას საცეცებად გასრიალებულ ყვითელ სლიპინა სითხეს. ტილო ისრუტავდა გემრიელ სითხეს და არავინ იყო ამ ოთახში უკმაყოფილო. ცოლ-ქმარი ბედნიერი იყო. მეტი არც არაფერი უნდოდათ. იმ დღეებში აკვიატებული აზრი: „კიდევ კარგი, შვილი არა გვყავს"-არ ახსენდებოდა ჯოყოლას. ეს სხვა დღეებში ხდებოდა. მაშინ, როცა დროებითი სამუშაო არ იყო. დროებითი სამუშაო კი უფრო ხშირად არ იყო, ვიდრე იყო. და ეს დამთრგუნველი აზრიც სწორედ ამ გაყინულ დღეებში არსებობდა. როცა ჯერჯერობით ცხოვრების ფსკერზე არა, მაგრამ ჭიქის ფსკერზე დანახული საკუთარი სახე საშინლად სძულდა. მართლაც რომ აკრთობდა თვალის მოძრავი გუგები და წარბებს შუა გამკრთალი კლაკნილი. ჩაის სვამდა თუ ყავას, სველი ფაიფური მშვენივრად ირეკლავდა მუქ ჩრდილებს. ჯოყოლას მეტად აფორიაქებდა ჩრდილად ქცევის შიში. არც თავმოყვარეობა ასვენებდა. თუმცა არავინ აყვედრიდა ლუკმას. აღაზა უწყინარი ქალი იყო, გაკვეთილებზეც კი არ უყვიროდა თავგასულ მოსწავლეებს. მუდამ იღიმოდა. მაშინაც ცდილობდა გაღიმებას, როცა ღამით შემთხვევით გამოღვიძებული ჯოყოლას ჭერისკენ მიმართულ მზერას შენიშნავდა. ქმრისკენ გადატრიალებული მკლავებით კისერზე ეხვეოდა და აჩქარებული სუნთქვით ამოძრავებულ მკერდს უკოცნიდა. „სულ ასე ხომ არ ვიქნებით. მალე ყველაფერი კარგად იქნება”, – ეჩურჩულებოდა თვალებდაჭყეტილ ქმარს. „რა თქმა უნდა”, – ეთანხმებოდა ჯოყოლა და საფეთქლებზე ჩამოცურებული ცრემლები ყურებს უწვავდა.

    სტუმარი უკვე ჰოლში იდგა და ფიცრის ღობესავით გამხდარ ხელს უწვდიდა. დიასახლისმა სველი თითები უხერხულად შეითვალიერა, მცირე ყოყმანის შემდეგ ღიმილი და მოხრილი მაჯა ერთდროულად შეაგება მოსულს. ჯოყოლას ბავშვობის მეგობარი ცოტათი ჩამოჰგავდა კიდეც თავად მას. მოკლედ შეკრეჭილი თმა ყვრიმალებთან კოხტად გამოყვანილ მოგრძო ბაკებს ეყრდნობოდა. თვალების, თმის, ტყავის პიჯაკის ერთფეროვნება მას წაბლისფერი ყუთიდან თავამოყოფილ წაულას ამსგავსებდა. სიგარეტის საშოვნელად უბანში გასულ და შემდეგ უკან მობრუნებულ ჯოყოლას მოჰყვა იგი, ცქმუტვითა და პერანგის საყელოს ხშირი სწორებით ააფორიაქა ორთა სამყოფლის მინავლებული არსებობა.

  აღაზამ დუჟმომდგარი, გაცოფებული სარეცხის მანქანა სასწრაფოდ მოსწყვიტა დენის უსასრულო წყაროს, მოხსნილი წინსაფარი ნახევრად გარეცხილ თეთრეულს დააბერტყა, შალგადაკრულ ფერდებზე თითების მშრალებით თვალმოჭუტული ჩააკვირდა სარკეს.

  სავარცხლით თავი მოიქექა, სინათლის ჩაქრობამდე ერთხელ კიდევ გახედა საკუთარ პროფილს და აბაზანის კარი კმაყოფილმა გამოიხურა. სამზარეულოს არეულობამ ცოტა არ იყოს შეაშფოთა, მაგრამ თავი დაიმშვიდა, სტუმარს აქ რა ესაქმებაო, გადმოტრიალებულ, გასაწმენდად გამზადებულ ფეხებაშვერილ სკამებს გადაალაჯა და კარგამოღებულ ბუფეტამდე მიღწეული დოინჯშემორტყმული და შუბლშეჭმუხნილი ჩააკვირდა კარადის შიგანში შეყუჟულ მწირ სანოვაგეს. საკარაქეში უშნოდ გაზეპილ ყვითელ მასას დანის გადასმით ზედაპირი გადაუსწორა. პურის ხუთიოდე ნაჭერი თეფშზე დიაგონალურად განალაგა. გაქვავებულ-გაყავისფრებული ლიმონი დასუნა და ისევ თაროზე დააბრუნა. ჩაიდანის აშიშინების მოლოდინში გაირინდა. აღაზამ ყური მიუგდო სასტუმრო ოთახიდან მომავალ ბგერებს. ბავშვობის მეგობრები ხან ჩურჩულით, ხანაც ხმამაღალი სიცილით დასდევდნენ მოგონებებს სკოლის დერეფნებში, სახურავებზე, მაშინდელ გაუჩეხავ ბაღებში. ქალს ესიამოვნა ქმრის ხმამაღალი სიცილი. ათასგვარი აზრით დახუნძლულს განსაკუთრებით არ ასვენებდა სხვისთვის გაუგებარი დანაშაულის კომპლექსი ჯოყოლას მიმართ. ამიტომაც ახარებდა ყოფით სიტუაციებში შემოჭრილი იშვიათი სიხარული – განსხეულებული მოულოდნელი სტუმრის სახით.

  „ჩაის ხომ დაგვალევინებ?” – ჯოყოლას ლაღი შეკითხვა სასიამოვნოდ ჩაესმა. „ახ-ლა-ვე” – წაიმღერა, გაზქურა გამორთო, სინზე განაწილებული ფინჯნები ერთხელ კიდევ შეასწორა და სამზარეულოდან სასტუმრო ოთახამდე ფრთხილი ნაბიჯებით გაემართა.

  იჯდა ორ მამაკაცთან ერთად, ჩაის სვამდა და მთელი დღის შრომით დაღლილ კუნთებს ასვენებდა. მამაკაცები გაცხარებით კამათობდნენ მათემატიკის მასწავლებლის მიერ შემუშავებულ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. ქალს ისღა დარჩენოდა, რომ მხოლოდ ესმინა, რადგან იმ შორეულ წარსულში არც ერთი მათგანის არსებობაზე არაფერი იცოდა, მით უმეტეს, მათი კაპარჩხანა მათემატიკის მასწავლებლის შესახებ საიდან უნდა სცოდნოდა. ასე რომ, დრო იხელთა და მობოდიშებით, რვეულები მაქვს გასასწორებელიო, სამზარეულოში გავიდა. სტუმარმა თანაგრძნობით გააყოლა თვალი ჯოყოლასთვის უნაზეს, სკოლის ბავშვებისთვის კი, ვინ იცის, უსაშინელეს არსებას.

  ჩამობნელდა. თებერვლის სუსხი ფანჯრებზე ზღაპრულ ფიგურებს ხატავდა. ლამპასა და აღაზას თავები ჩაეხარათ რვეულებისაკენ. ერთნაირი ინტერესით ჩასცქეროდნენ მეხუთეკლასელების აბდაუბდას. უეცრად აღაზა ჩვეულ საქმიანობას მხარზე მოხვეულმა ქმრის მკლავმა და შუბლზე სისველედ შერჩენილმა კოცნამ მოწყვიტა. „ჩვენთან რჩება” – ჩაიდუდუნა ჯოყოლამ და ცოლის ტუჩებს ეძგერა. „ჩუუ, სირცხვილია”, – აღაზამ ხელი აუქნია და თვალი გააპარა სასტუმრო ოთახისაკენ, საიდანაც სტუმარი შიკრიკად გზავნიდა მოკლე-მოკლე ხველებას და ადასტურებდა მათთან დარჩენის აუცილებლობას.

  შუაღამის დაწყებას ხუთი წუთი აკლდა. წვრილ ბაგირზე წიწილის ნაფეხურებად გამომწკრივებულ ასოებს ერთხელ კიდევ ჩააკვირდა და წითელი მელნით მოხაზულ ნიშანს მოხსნილი სათვალე დააფარა. შუშიდან თავი თამამად გამოყო ორმაგად გაბერილმა ხუთიანმა. აღაზამ თითები გაატკაცუნა და წამოდგა. ასანთი და სანთელი ქვედატანის ჯიბეში ჩაიდო. სინათლის ჩაქრობამდე თეთრეულის სასტუმრო ოთახში გატანა უნდა მოესწრო. ასე რომ, მოგონებების საფარში შეყუჟული მამაკაცები რომ არ დაეფრთხო, ფრთხილად აწყობდა ჯერ გახამებულ თეთრეულს დივანზე, მერე სახვალიო გეგმებს: სკოლაში წასვლამდე ჩაირბენს მაღაზიაში, ნისიად აიღებს კვერცხს, ძეხვს, პურს. ოჯახის ბიუჯეტის გათვალისწინებით აირჩევს პროდუქტის ხარისხიანობას. საუზმეს მოამზადებს, რათა გაღვიძებულებს სამზარეულოში გაშლილი სუფრა დახვდეთ დიასახლისის მაგივრად. ძალიან თუ გათამამდება, შეიძლება რძის ნაწარმის ამოტანაც.

  როგორც იქნა, დაწვნენ. სტუმარი სასტუმრო, ხოლო ცოლ-ქმარი საძინებელ ოთახებში განაწილდნენ და თავიანთი შესაფერისი სიზმრებიც გადაინაწილეს. სიჩუმე, დამწვარი სანთლის სუნი, ბავშვობის მოგონილი მოჩვენებები ხელიხელგადახვეულები მსუბუქი რწევით გარს უვლიდნენ საბნებიდან ადენილ სუნთქვას.

  აღაზას მიერ ჩაფიქრებული საუზმის მომზადებამდე ხუთ საათზე მეტი რჩებოდა, როდესაც კარებზე ატეხილმა რახუნმა ერთდროულად წამოყარა სტუმარ-მასპინძელი. გაოცების დრო აღარ რჩებოდა. ღამისპერანგიანი აღაზა კარებს ლოყით მიკვროდა და ამაოდ ცდილობდა მხრებზე მოგდებულ ხალათში ხელის გაყრასა და აურზაურის მიზეზის გარკვევას. „ვინ არის? ვინ არის?” პასუხად – „გააღეთ კარები, მილიციაამ. კარზე რკინის ნივთის დაკვრამ და გასაღების ღრიჭოში შემოვარდნილმა მკაცრი ტონის ტალღამ უკან დახია ქალი. ის ზურგით მიასკდა ლოგინიდან ტრუსისამარა წამომხტარ სტუმარს. სანთლის ძებნაში ჯოყოლასაც დაეჯახა. ქმარი აჩქარებით იცვამდა შარვალს.

  „გავაღებთ, გავაღებთ”, – ქალი ვედრებით ეჩურჩულებოდა კარის შემომტვრევის მუქარით გამძვინვარებულ მომხდურებს.

  „ნუ გეშინია, რაღაც გაუგებრობაა, ალბათ...” – ჯოყოლა ხელის ცეცებით ეძებდა კარის სახელურს.

  კარის გაღება – შემოლეწვას, ხოლო კანონის მცველთა არმია დამშეულ ხროვას ჰგავდა. ოცამდე მაინც იქნებოდნენ. იარაღის ჟღარუნით შემოდიოდნენ, ზრდილობიანად უთმობდნენ ერთმანეთს გზას და ფრთხილად ალაჯებდნენ კარებთან ჩამჯდარი ქალის ფეხიდან წამძვრალ ცალ ქოშს. ფეხშიშველა სტუმარს შარვლის ამოცმა კი, მაგრამ აივნიდან გადახტომა ვეღარ მოესწრო. რკინის მოაჯირზე გადამჯდარს მიუსწრეს და ხელებგადატრიალებული ჰოლში შემოათრიეს.

  „მკვლელს იფარავთ, თქვენი დედა...” – იღრიალა ფორმიანმა, მერე ქუსლებზე შემოტრიალდა და ბრძანა: „ესეც წამოიყვანეთ”. გაფითრებული მასპინძელი სტუმარს ამოუყენეს გვერდით.

  „რა ხდება, გამაგებინეთ?”.

  „არ იცი არა?! უხ...შე, ნაბიჭვარო!” – მრავალწახნაგა მუშტი პასუხად ჯოყოლას.

  როცა ხელებგადატრიალებული ბავშვობის მეგობრები წაათრიეს, აღაზა კვლავ იატაკზე იჯდა და ცდილობდა მომხდურთა გაავების მიზეზის შეტყობას. „კაცი მოკლა, თანამშრომელი მოგვიკლა მაგ ნაბიჭვარმა... შენი ქმარიც მაგისნაირია... აბა, რა უნდოდა თქვენს სახლში?” – მოძღვრავდა ერთ-ერთი და ჯერ სტუმრის მიერ აივნიდან გადაგდებულ, ხოლო მერე პოლიციელის მიერ ნაპოვნ პისტოლეტს ნათქვამის დასადასტურებლად თვალებში თხრიდა ქალს.

  „ის... სკოლიდან... ბავშვობის მეგობრები... სიგარეტის სათხოვნელად ჩასულს შეხვდა...” ამის საპასუხოდ – „ქალო, რეებს ჩმახავ! ვის გაუგია ოცდაათი წლის კაცი სიგარეტის სათხოვნელად ქუჩაში გავიდეს?”

  ფეხშიშველი ორი დამნაშავე გისოსებიან შავ მანქანაში ჩატენეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. მკვლელის ასე ადვილად აყვანით კმაყოფილი გამომძიებელი უკვე სასტუმრო ოთახში იჯდა და ჩხრეკის დაწყებამდე დიასახლისთან გასაუბრების მოლოდინში კალამს აკაკუნებდა მაგიდის გალაქულ ზედაპირზე.

  აღაზა წამოდგა, კოჭლობით გავიდა ფორმიანებით გავსებულ აბაზანაში, ონკანი მოუშვა, სახეზე ჩამოისვა სიცივითა თუ შიშით აკანკალებული თითები და სასტუმრო ოთახში შებრუნდა.

  – ჩემი ქმარი არ არის დამნაშავე, – მშვიდად უთხრა აღაზამ გამომძიებლის კალამს.

  – დაწყნარდით, ყველაფერი გაირკვევა, – უპასუხა კალამმა და საქმიანად ამოძრავებულმა ლურჯი ასოები გაამწკრივა ფურცელზე.

  მოწმეებად შემოყვანილი მეზობლები უტყვი თანაგრძნობით აკვროდნენ მათთვის მიჩენილ კედელს. სადაცაა პროჟექტორებს მოიტანდნენ და ჩხრეკასაც დაიწყებდნენ.

  – ჩხრეკის ორდერი თუ გაქვთ? – გაუბედავად იკითხა აღაზამ, მით უმეტეს, რომ უკმეხ პასუხს „საგანგებო მდგომარეობისას ორდერს არ ვსაჭიროებთ”, ისედაც ელოდა. რაღა მალაპარაკებსო, მოიბუზა და იქვე, კუთხეში ჩაჯდა. სკამისკენ ნაბიჯის გადადგმა უფრო ძნელი იყო, ვიდრე უცხო მამაკაცების თვალწინ იატაკზე გაშხლართვის სირცხვილის დაძლევა. ქალმა თვალები დახუჭა, ნაოჭებში ჩამხმარ და ჩამუქებულ დერმაკოლივით ძნელად მოსაშორებელ რეალობას გულგრილად მიუგდო ყური.

  აქამდე მხოლოდ ეკრანზე ნანახი პოლიციის უფროსის ქვედა ტუჩი და ღაბაბჩამოგრძელებული სახე აღაზას კუთვნილ სავარძელში განფენილა. შუბლშეჭმუხნილი ბოსი იარაღის არსენალის ამოღებითაა დაინტერესებული და ფეხს არ იცვლის. ზის და მხედველობის არედან არ უშვებს დაფაცურებულ მჩხრეკელთა არც ერთ მოძრაობას.

  „ოქროულობა პარკში ჩააწყვეთ და ხელში გეჭიროთ”, მითითებაზე აღაზა ხმარებისგან გაცვეთილ, გალეულ, ოქროსრგოლწამოცმულ თითს ზევით სწევს და აცხადებს, რომ მხოლად ესაა მისი ქონება.

  შავ პალტო-ქუდიანი კაცი ქშენით იკვლევს გზას ფორმიანებს შორის, თავის დაკვრით ესალმება უფროსს, რის შემდეგაც იწყებს თავისი სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებას. ფარნებმომარჯვებული რიგითები შავ პალტო-ქუდიანს დასდევენ და ცდას არ აკლებენ, რათა კარგად გაუნათონ ოთახის ყველა საეჭვო კუთხე-კუნჭული.

  ასეთი რამ იშვიათად ხდება. არაფერი არ უნდა გამოგეპაროს. აღაზა თითებშუა მოქცეული თვალებით ასცქერის შავ პალტო-ქუდიანის თითებს და უეცრად უჩნდება პროტესტი სწრაფად მოძრავი თითების მიმართ. ეს თხელი თითები კლავიშებიან ინსტუმენტზე შეხებით მიღებული სიამოვნებისათვის უფროა შექმნილი, ვიდრე ლეიბსა და საწოლს შუა სრიალისათვის. პატრონისგან განსხვავებით, ფერმკრთალი თითები ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეულ, დაფასოებულ ნარკოტიკს. უფრო სწორად, პოულობდნენ და მერე ეძებდნენ  ნარკოტიკს. ან იქნებ ჯერ აფასოებდნენ, მერე ეძებდნენ. ან ჯერ ეძებდნენ, აფასოებდნენ და მერე პოულობდნენ კიდეც. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, თუკი ცხოვრებაში ფაქტების არითმეტიკული გადანაცვლებით არ იცვლება შედეგი. შედეგი კი სახესა და ხელზე იყო. ქალის დამფრთხალ სახესა და კაცის ხელზე. შავ პალტო-ქუდიანის ყოველი თითის საზიარო ხელისგულზე ესვენა ვერცხლისფერ ქაღალდზე გაშლილი თეთრი ფხვნილი და ამავე კიდურის პატრონი ნესტოებით ეხებოდა სათუთად.

  „აჰაა... ნარკოტიკი ამოვიღეთ!” – ლურჯი ფერი კვლავ განაგრძობდა ასოების გადაბმას ფურცელზე.

  ნარკოტიკი... ნარკოტიკი... ბევრისმთქმელი სიტყვა მარცვალ-მარცვალ გაბნეული კედელს შეასკდა და ინერციით უკან დაბრუნებული ქალის სხეულის ბუნდოვან ლაბირინთში ჩაინთქა.

  ჩხრეკა გრძელდებოდა. ფორმიანები კვლავ ბორიალობდნენ არეული ოთახების უსივრცობაში. აღაზა კი კვლავ იჯდა და უყურებდა, თუ როგორ დაგორავდა გადაყირავებული ვაზა წრეზე. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ოქროსფერი ყვავილები. ლოყებდაბეჟილი ვაზა ფორმიანებს ფეხებში ებლანდება. ამიტომაც თავიდან მათ რისხვიან პანღურებს, ხოლო შემდეგ კარადის თავზე შემოდგმასაც კი იმსახურებს. პატრონივით გვარიანად დაბეგვილი, თუმცა პატრონისგან განსხვავებით უემოციოდ ზევიდან დაჰყურებს მომხდურთა ბორიალს.

  აღაზამ სხეული ძლივსძლივობით აითრია და სხვებივით ისიც აედევნა შავ ქუდ-პალტოიანის ამალას, რათა მცირე განმარტებები მაინც მიეწვდინა მის კუთვნილ ნივთებში მქექავთათვის.

  „ეს გამხმარი პიტნაა”, – ბუფეტის გამოღებულ კარს ლოყით მიეყრდნო.

  „გადი, რა ქალო!” – ღმუის მჩხრეკელი, რომელიც მორიგეობით ჰყოფს ცხვირსა და თითებს რკინის ყუთში. ყურადღებით სრესს ღეროებიან ფოთლებს. ყნოსავს. რამდენიმე წამში ინტერესს უკმაყოფილება ცვლის და მალე გაწბილებული, პიტნის სუნის ფრქვევით ტოვებს არეულ-დარეულ ბინას.

  თითქოს ამას ელოდნენო, განრისხებულმა ფორმიანებმა კარები გაიჯახუნეს და გინებით ჩაათავეს სახლის კიბეებიცა და ჩხრეკაც. მოწმეებად მოყვანილი მეზობლებიც გაიხვეტნენ და თან გაიყოლეს თანაგრძნობით დაბრეცილი სახეები. ოროთახიანი ბინის მარტოდ დარჩენილი დიასახლისი სასტუმრო ოთახის შუაგულში იდგა, აყრილ-დაყრილი ნივთებიდან პეპლებად აფარფატებული მტვერი ტანსაცმელზე ეყრებოდა, ხოლო დაოსებული თვალებიდან ჩამოცვენილ ცრემლს სიჩუმეში წკაპაწკუპი გაუდიოდა იატაკზე გაშლილ, ალბომიდან ამოცვენილ წარსულის ნაცნობ ფოტოებზე.

    საღამო ხანს ესა თუ ის ოჯახი სრული შემადგენლობით მიუჯდება ტელევიზორს. სწორედ ამ დიქტორის ეკრანზე გამოჩენისას სენსაციების მოყვარულნი ხელებს იფშვნეტენ. მის ორატორულ ნიჭში არაერთხელ დარწმუნებულნი გაფაციცებით ელიან დიქტორის მონოლოგს, რომელიც ასე გაიჟღერებს: „ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო თანამემამულენო, მოგმართავთ თქვენ, ყოველ თქვენგანს, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ბოლო დროს გახშირდა ნაძირალების დაუნდობელი თარეში. და აი, კიდევ ერთი საზარელი ფაქტი: მოკლულია პოლიციის თანამშრომელი. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს? საჭიროა კანონის გამკაცრება. მთელმა საზოგადოებამ უნდა აიმაღლოს ხმა... თუმცა არ სძინავთ კანონის დამცველთ: დაკავებულია ბოროტმოქმედთა ბანდა, მხილებულნი არიან ნარკოტიკების რეალიზატორები... მათი ბინიდან ამოღებულია ნარკოტიკები. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებს აქტიური მუშაობისთვის...”

  დიქტორის მონოლოგი იქნება გრძელი, მთლიანად მოიცავს თბილისელთა რამდენიმე დღის სალაპარაკო თემას და არავის არაფერი ეცოდინება პოლიციის განყოფილების ერთ-ერთი საკნის რადიატორზე ბორკილებით მიბმულ, ნაცემ, ნეკნებჩამტვრეულ, ჩაიში გახსნილი ჰალუცინატორებით გამოთაყვანებულ ჯოყოლა ალხასტაისძის არსებობის შესახებ.

  თებერვლის თვეში ხუთსართულიანი სახლის სარდაფში მცხოვრები გიჟი სონას მეგობარი ხუთი კატიდან ერთ-ერთი ხეზე აძვრა და ვეღარ ახერხებდა ჩამოსვლას. ჭრელი, ფუშფუშა, გუნდა ბრჭყალებით ებღაუჭებოდა სქელ ტოტს და საშინლად კნაოდა. არსად ჩანდნენ არც კატის დადარდიანებული პატრონი, არც ეზოში მოთამაშე ბავშვები.

  თებერვლის ხუთდღიანი ქარიშხალი შხუილით ალეწავდა ტოტებს ალვის ხეებს. ერთ დროს ყოფილი შინაური ცხოველის კნავილი არავის ესმოდა. მხოლოდ შემთხვევითი გამვლელი თუ ახედავდა ხეს. წამიერ გაოცებას გულგრილი მზერა ცვლიდა. „რა უტვინო კატაა...” – ხალხის გაღიზიანება უფრო ათამამებდა გამძვინვარებულ ქარს.

  ხუთი დღის განმავლობაში გლეჯდა ქარი ტოტებს. ხუთი დღის განმავლობაში შეუსვენებლად კნაოდა კატა.

  თებერვლის თვის ბოლოს ქარიშხალი ჩადგა და კატის ჩხავილიც აღარ აწუხებდა ადამიანის ყურს. ალბათ, ქარმა ჩამოაგდო და გადარჩა

 

2000  წელი

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ღაღანიძე ეკა / სტუმარ-მასპინძელი