ღაღანიძე ეკა

წითელი ციცინათელები

 

სადაც არ უნდა წახვიდე, ყველა ქალაქში იპოვი მართკუთხა, ცარცისფერ კორპუსს, რომელსაც ადამიანების მოდგმის ორფეხა არსებები შესევიან დასაპყრობად. თუ დრო გაქვს, შეიძლება ცოტათი გაირთო თავი. გირჩევ დადგე კორპუსის წინ, თვალები დააჭყიტო და წამწამების დაუხამხამებლად უცქირო დაგრუნტული ტილოსფერი კორპუსის კედლებს. დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ასეთ კორპუსებს გარშემო მოცემენტებული ეზოები ერტყმის. ნაცნობი ქალაქური პეიზაჟის სახასიათო შტრიხია სქელი, გლუვი, თანაბრად ბრტყელი, საიმედოდ მყარი ცემენტი და არა ფხვიერი მიწა, რომელზეც სავსებით შესაძლებელი და სავარაუდოა, ფეხი დაგიცდეს, წაიბორძიკო და, ბოლოს და ბოლოს, წაიქცე კიდეც. აქ არ გამოვა. დგახარ მყარად და არც მოულოდნელად თავს დამტყდარ ქარიშხალს შეუძლია გაყანყაროს. ბეტონის კედლები გიცავს. გაუმარჯოს კედლებმაგარ პროგრესს, რომელიც ბუნების საძულველ მოვლენებს აგარიდებს და შენი სურვილის მიხედვით შეიძლება გაქრეს კიდეც. ერთი სიტყვით, დგახარ თვალებმიშტერებული, წარბშეურხეველი და ფეხები თუ არ გიმტყუნებს, სასწაულიც მოხდება. უფრო სწორად, არავითარი სასწაული არ არსებობს, დგახარ, ზუსტად ასრულებ მითითებებს და შედეგიც აღარ აყოვნებს. ცარცის კორპუსი, როგორადაც არ უნდა მედიდურობდეს შენ თვალწინ, უფერო მასად გაიდღაბნება და აორთქლილი შეუერთდება ასევე უფერო, საკმაოდ დიდი ხნით მომლოდინე ცას. მაგრამ ამჯერად ნუ იჩქარებ, ცოტა მოიცადე. სწორედ ეგ კორპუსი, რომლის წინაც დაყუდებულხარ, ძალიან მჭირდება, რათა რაღაც, ასევე გასართობი გიამბო.

  დღისით ეს რვასართულიანი მართკუთხა კორპუსი – უჯრებგამოღებული, თეთრეულგადმოკიდებული კომოდი, საღამოს უკვე სარეცხაკრეფილი, პირღია უჯრებით, ფარდასა და ფანჯრის ჩარჩოს შუა გამომძვრალი ვერტიკალური შუქით ცდილობს კორპუსის ძირში გართხმული მუქი სიმყუდროვის დაფრთხობას. ხელოვნური სინათლის მართკუთხა ყუთი, რომლის მომცრო კოლოფებად დატიხრულ სადგომებში ათობით ერთნაირი ადამიანი მიყუჟვია დაგროვილ სითბოს. ეს სადგომი კი არაფერია იმაზე მეტი ან ნაკლები, რაზეც ქალაქის ურბანიზაციის დაგეგმარებით დაკავებულნი თითებს იმტვრევენ ქალაქპროექტის ასევე უნიჭოდ ნაგებ შენობაში.

  ამ და არა მარტო ამ ცარცისფერი კორპუსის ნებისმიერ ოთხკუთხა სადგომში სიმშვიდეს ჩასაფრებია ადამიანი, რომელიც კარზე დაკაკუნებას უყრუებს, რათა თავისი წილი სიამოვნების მოცილე არ შერჩეს ხელში. სტუმარი მაშინ არის სასურველი, როცა გცივა და გშია, რათა წუწუნით ყურებდასიებულმა და თავგამოჭედილმა წასვლის წინ შარვლის ან პალტოს (რა თქმა უნდა, თუკი აცვია. იმ პალტოზე არ არის ლაპარაკი, შემოსასვლელში ხისკავიან საკიდზე რომ კიდია) ჯიბეები ამოიბრუნოს, მეტროს პლასტმასის ჟეტონიც ზევიდან დაადოს ქაღალდის ფულს და შვებით გაიხუროს სადგომის კარი, რათა ფეხით წაცუნცულდეს თავის კორპუსამდე. კეთილის მქმნელისათვის არაფერია ფეხით რაღაც ორი-სამი კილომეტრის გავლა ბნელ ქალაქში. თითქმის არაფერია. სულ მთლად არაფერი. ხვალ კი გადარჩენილი ადამიანები პირსა და კუჭს გამოიტენიან შენი (ექსშენი) ფულით ნაყიდი პურით. ეს ცოტა არ არის. არც ისე ცოტაა. იქნებ იმაზე მეტიც იყოს და იმად ღირდეს კიდეც, რომ იმავე „ხვალ” ლიმონათის ბოთლების (რა თქმა უნდა, თუ დაგრჩა სარდაფში) ჩაბარება არაფრად მიიჩნიო და სულ ცუხცუხით გასწიო „მინის ტარის მიმღებ პუნქტამდე”, რათა ერთი-ორი ლუკმა შენც... მთავარია, კეთილი საქმის კეთების შნო არ დაკარგოს ამ ხალხმა.

  ჩემი რჩევაა, ეცადეთ არასოდეს ესტუმროთ ამ კორპუსის მცხოვრებთ საღამოს, გრაფიკით სინათლის მიწოდების ჟამს. ნამდვილად ინანებთ. დარჩით საკუთარ სადგომებში. ეს ისე, სხვათა შორის.

  ისევე, როგორც სამყაროში, ამ კორპუსის ერთ-ერთ ოთახში მეც მიკავია ჩემი კუთვნილი ადგილი. ხანდახან მეჩვენება, რომ ცარიელი ოთახი მთლად ცარიელი არ უნდა იყოს. თითქოს სავსეა რაღაც გამჭვირვალე ფიგურებით, ცელოფანის ადამიანებით, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო მოჩვენებებთან. ისინი წვიმიან დღეს ფანჯარას აკრულნი აცხიკინებენ და რჩევებს იძლევიან: ფეხსაცმლის ნაცვლად, რომელშიც გამოყენების ვადაგასულობის გამო წყალი შედის, მაღალყელიანი ბათინკის ჩაცმის თაობაზე. უსაქმურობისაგან თავგამოლაყებულს, როცა დღის განმავლობაში მეხუთედ შევდივარ აბაზანაში და საათობით ვდგავარ გრილი წყლის ჭავლის ქვეშ, უტიფრად მიჭყიტინებენ და იცინიან. ხოლო თბილისური ზამთრის საზიზღარ დღეებში წელქვევით ბეწვაბურძგნილპლედშემოხვეულს უკმაყოფილოდ მებუზღუნებიან. ჩაცმულობას მიწუნებენ თავიანთი ცარიელი თავების კანტურით. გარდა ამისა, თავხედურად მეცილებიან მომუჭულ ხელისგულებშუა მოხელთებულ სათბურა ფინჯან ჩაიში, რომლის ცხელი ორთქლი, ყველა სიკეთესთან ერთად ცხვირსაც მითბობს. ყოველი დღის რვა საათიდან თორმეტ საათამდე კვერცხიდან ახალთავამოყოფილი მატლივით ვიკლაკნები ტელევიზორის წინ და ტერფების ერთმანეთზე ტყაპუნით ვცდილობ სიცივისა და ცელოფანის ფიგურების განდევნას. გამჭვირვალე ადამიანები ჩემთან არიან. როცა მინდა, მაშინ მიდიან და როცა მსურს, კვლავ ბრუნდებიან. ამით განსხვავდებიან ნამდვილი ადამიანებისაგან. იმათგან, რომლებიც მტოვებენ და რატომღაც არასოდეს ბრუნდებიან.

  ჩემი მოუწესრიგებლობა აჩქარებული, სტრესული დროისა და ამ კორპუსის ბრალია, რომელშიც ყველანი ერთად და ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ვცდილობ არსად დამაგვიანდეს, არაფერი გამომრჩეს. ხუმრობა ხომ არ არის, სინათლის მოსვლისთანავე ერთდროულად ვიწყებ კერძის მზადებას და ინფორმაციის ყურადღებით მოსმენას. დაძაბულ ყოველდღიურობას წონასწორობიდან გამოვყავარ და ამიტომაც ხდება ის, რის გამოც ცელოფანის კაცუნები ოთახის კუთხეებში მიყუჟულნი მხოლოდ მითვალთვალებენ უხმოდ. სანამ არაჟნის ცარიელი ქილის მაგივრად ურნაში მოსროლილ კოვზს ვეძებ, მანამ ტაფაზე შესაწვავად დაწყობილი სოსისები დამწვრობის ცენტრში წასაყვანნი ხდებიან, მაგრამ პატრონის გულგრილობის გამო სამზარეულოს ფანჯრიდან მეზობლის ავტომანქანის კაპოტამდე მანძილს, ზევიდან ქვევით მიმართულებას, იძულებით ფარავენ. ან უფრო საინტერესო და რომანტიკული მოგზაურობა კედლებჩამორეცხილ ბინაში. გაკვირვებასაც ვერ ასწრებ აყრილ პარკეტთან ერთად ოკეანეში ამოტრიალებულ გემებად მოტივტივე საკუთარი ჩუსტების ხილვით და უცებ ქეჩოში ხელის წავლებით მიგათრევენ ექსკურსიაზე. ძლივს არ მოგეცა შესაძლებლობა ახლოს გაეცნო მეზობელს, გიდივით დაგყვება ოთახებში და გიყვება, თუ გიხსნის რაღაცას, შენდა გასაკვირად, ძალიან აღშფოთებული. რეგვენი ბავშვივით ხელჩაკიდებულს დაგატარებს ოთახიდან ოთახში, ლამის შუბლი გარტყმევინოს ბათქაშჩამოშლილ, შპალიერჩამოცვენილ კედლებზე. ეს ყოველივე ხდება წყალკანალსრესის მიზეზით, რა თქმა უნდა. წყალს რომ არ წყვეტდნენ, ონკანიც მოშვებული არ დაგრჩება. თორემ სხვა რა უნდა იყოს ამ მასკარადის მიზეზი. გასაბრაზებელია, აბა, რა ჯანდაბაა.

  არსებობს მეზობლების გაცნობის, მათთან დაახლოების, გულწრფელი საუბრის არაერთი მეთოდი. ამაზე ცოტა ქვემოთ.

  მამაკაცები ჩვენს ბინაში არასოდეს ცხოვრობდნენ. დანამდვილებით არც იმის თქმა შემიძლია, თავიანთი მამრობითი მოვალეობის შესასრულებლად თუ უწევდათ იმ საძინებელ ოთახში შესვლა, რომელიც თაობებს მორიგეობით გადაეცემოდა – ბებიიდან დედას, დედიდან მე. მამაკაცები მხოლოდ ჩარჩოში ჩასმულ სურათებად არსებობენ და მშვიდად უცქერიან ბებიაჩემის, დედაჩემისა და ჩემს ოცდახუთწლიან თანაცხოვრებას. ადრე რა იყო, ეს მე არ ვიცი. ბაბუაჩემი სამამულო ომში დაიკარგა, სადღაც ყირიმთან. მამაჩემი გეოლოგიური ექსპედიციიდან უკან აღარ დაბრუნებულა. ამ ორი პიროვნების გაქრობის მიზეზების დაკონკრეტებაზე არც ერთ ქალს არ უზრუნია დიდად. მე ხომ – მით უმეტეს. ხოლო რაც შეეხება ჩემს ქმარს, ის ჯერჯერობით წარმოსახულ, უმშვენიერეს სასიძოდ არსებობს ბებიაჩემისა და დედაჩემის მონოლოგებში, რიგრიგობით რომ ავითარებენ ხელსაყრელ დროს. იარსებოს. მე ხელს არავის ვუშლი. მით უმეტეს, ლაპარაკში და მით უმეტეს, საყვარელ ადამიანებს. ის კი, ჩემი საქმრო, სწორედ მაშინ აორთქლდა, როცა ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტე ოჯახის წევრებისათვის გამეცნო. ქალაქგარეთ გასეირნებიდან შინ მიბრუნებულმა ავტომანქანის კარი გამოვაღე და გადმოსასვლელად გამზადებულმა რამდენიმე დღით ადრე საგანგებოდ მისთვის გამზადებული მიპატიჟება ჩამოვმარცვლე. გამოსამშვიდობებელი ამბორისათვის მომზადებული ტუჩები იდიოტურ ღიმილად გახსნა და გამოთაყვანებული მომაჩერდა. საზიზღარ მუსიკას ჩემი საქმროს ლუღლუღი ერთვოდა. ხმები ერთნაირად არაფრისმთქმელნი. გული მხოლოდ იმაზე დამწყდა, რომ ეს ერთადერთი უწყინარი წინადადება ორი წლით ადრე არ წარმოვთქვი და ჩემდა სამარცხვინოდ იმაზე სულაც აღარ მინაღვლია, როცა საკუთარ გრძნობებში გარკვევის საბაბით გაუჩინარებულმა ჩემმა საქმრომ ერთი კვირის თავზე ჩემს ნაცვლად სხვა გოგო ჩაისვა მანქანაში, ცდუნებას ვეღარ გაუძლო და მმაჩის ბიუროში ამოყო თავი.

  მაღიზიანებენ მტირალა მამაკაცები. ზოგჯერ მგონია შარვალიცა და სხვა პრივილეგიებიც თავად მამრებმა აგვწაპნეს დროის გაბუნდოვანებულ მონაკვეთში. თორემ როგორ ამიხსნით იმ ეპიზოდურ როლში გამოცხადებული ძლიერი სქესის წარმომადგენლის ქცევას: გალახული, წკვლინტიანი მცირეწლოვანივით მოსლუკუნე, აქეთ რომ გაბრალებს თავის შეცდომებს. იმაზე სასეირო რაღა უნდა იყოს, როცა სასმელით გამობრუჟული, თვალებდასისხლიანებული მამრი ერთგულების დემონსტრირების სურვილით თითქმის მუხლებზე დახოხავს და ხელების ქნევით ცდილობს მომხდარი შენ გადმოგაბრალოს. თურმე შენი ბრალი ყოფილა მისი აცეტება და სხვა გოგოს საწოლში ჩაკოტრიალება.

  მართლაც, იშვიათია იხილო პარკში შეყუჟულ კოცნაობით გართულ წყვილებს შორის ხეებსა და დამშრალ აუზს შუა ქოთქოთით მორბენალნი. იშვიათია და სახალისოც. სხვებივით სკამის კუთხეში ჩამომსხდარნი კი არ მიტმასნიან ერთმანეთს. არა, უკაცრავად. დარბიან. ერთგულების გამოხატვის მისეული ჟესტი: ოქროს ბეჭდის თითიდან წაძრობა და მოსროლა. გოგოს თვალებგაფართოებული ძრომიალი სკამებსა და ბუჩქებს შუა, რათა ოქროს რგოლი – დამადასტურებელი „სხვას ვეკუთვნი” – ისევ თითზე დაუბრუნოს. არადა თაფლობის თვე არცაა გასული. შენი ყოფილი საქმროსი და იმ სხვა გოგოს თაფლობის თვე. შენდა გასაკვირად უკვე ძალიან გეცოდება ის სხვა გოგო. გეცოდება შენს სიყვარულზე მეტად, იმ სიყვარულზე მეტად, რომელიც მარილმოყრილ ლოკოკინასავით სველ ლაქადღა გრჩება სამახსოვროდ, რომელიც ცრემლივით მლაშეა და შენი ცელოფანის კაცუნებივით აწ უკვე მზერაგამტარია და ჰაერივით უხილავი, მნიშვნელობადაკარგული. უკვე ეგ სიყვარული წვიმიანი და ნოტიო ამინდივითაა, როცა სახსრების ტკივილი ხანდახან თუ შეგახსენებს თავს ბავშვობაში მოტეხილი მარჯვენა ხელის ყრუ ტეხით, მაგრამ ეს არაფრისმთქმელი დეტალია მოთხრობისათვის და აქ აღარ შევჩერდები.

  საუკუნის დასასრულის ფონზე, როცა გულგრილობა და ემოციური სიმსუბუქე უფრო მოდაშია, ვიდრე სექსუალური რევოლუცია, შეუძლებელია შეუმჩნეველი დაგრჩეთ ჩემი უსაზღვრო სიკეთე და პასუხისმგებლობის დახვეწილი გრძნობა. ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად ცხოველების გამოკვება მიმაჩნია. ამიტომ ორ დღეში ერთხელ, საღამოობით პლასტმასის წითელი, თუმცა თეთრსახურავიანი (პატივს ვცემ კონტრასტულ ფერებს) ვედროთი ხელში გამოვდივარ სადარბაზოდან, ბავშვების თამაშით ახმაურებულ, თან აივნებიდან მათი მშობლების გადმოძახილებით მოჭაჭყანე ეზოს ცხვირაწეული და ცალგამაშჩაწეული (დაუდევრობა მოუცლელობის დედაა) ვკვეთ და ქეთევან წამებულის გამზირზე (კარგად ჟღერს!) გამოსული, ნაგვის თუ მანქანების ბოლის სუნით კვლავ ცხვირაბზუებული ველოდები თავაზიანი მძღოლის გამოჩენას, რათა გაღიმებულმა, ჩუსტების ფლატაფლუტით გადავირბინო გამზირი (ისევ კარგად ჟღერს!) და გასტრონომის კუთხეში დადგმულ რკინის ორ, კივისფერ სანაგვე ყუთში, ან ყუთთან დავცალო წითელი, თუმცა თეთრსახურავიანი პლასტმასის ვედრო. დავცალო ვედრო და, აქედან გამომდინარე, ორი ზედა კიდური გავითავისუფლო სიმძიმისაგან იქ, სადაც დანიშნულ დროს პაემანზე მელოდებიან საჭმლის მომლოდინე ძაღლები და კატები. ხანდახან ადამიანებიც. მოხუცი ქალი სავსე, არ ვიცი რით, პარკით ან ჯოხიანი ბავშვი, ისიც პარკით სავსე, კვლავ რომ არ ვიცი, რით. მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალია და ამიტომ აქ აღარ შევჩერდები. ისე, სხვათა შორის, მე ჯერ ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ ესეც ვერაფერი დეტალია, როცა იწყებ კორპუსზე წერას. აქ ნამდვილად ვერ შევჩერდები. მით უმეტეს, როცა შეყოვნება მაინც მიწევს ცარიელი ვედროთი ეზოში მიბრუნებულს, რადგან არც ისე ხშირად შეიძლება იხილო სათამაშო მოედანზე მორბენალი ორმოციოდე წლის ქალი და ოთხიოდე წლის ბიჭუნა. დედა-შვილის გატაცებული გართობა ბურთით. ფეხბურთობანა ერთობ ქანცის გამწყვეტია, როცა მამას არ სცალია ან უვადო მივლინებაში იმყოფება.

  ხოლო რაც შემეხება მე, იმდენად მოცლილი არა ვარ, რომ ვიმუშაო. სად მცალია სახელმწიფო დაწესებულებაში ან კერძო ოფისში ყოველდღიური სიარულისთვის.

  მე დამკვირვებელი ვარ. ვაკვირდები კორპუსებს, ადამიანებს, ბუნების მოვლენებს, ფლორასა და ფაუნას და ზოგიერთი ინტრიგანის ღიმილის საპასუხოდ – კარგადაც გამომდის. მაგალითად, ზუსტად თხუთმეტი წუთი ვაკვირდებოდი მეოთხე სართულზე მობინადრე დეიდა ნუნუს აივანზე თუნუქის კაუჭებით დამაგრებულ ხის ყუთს, რომლის ზედაპირი გვიმრის ერთიანად გადაყვითლებულ ფოთლოვან საფარს დაეფარა. საბრალო გვიმრა. მწვანე, საღებავშერჩენილი ძველი ფუნჯის ფოჩს უფრო ჰგავდა, ვიდრე ოდესღაც თავმომწონე მცენარეს. თხუთმეტი წუთი თვალი ვერ მოვწყვიტე ნაპრალებად დამსკდარი მიწის ზედაპირზე მიმობნეული, მზესუმზირის ქერქივით გამხმარი გვიმრის წვრილ-წვრილ ფოთლებს. ნანახის მიზეზი კი თურმე გვერდითი აივნის მეზობელი ყოფილა, რომელსაც მდუღარე წყალი შეუსხია დიასახლისის საყვარელი გვიმრისთვის. „წარმოგიდგენიათ?”, წიოდა ნუნუ დეიდა. „თავისი აივნიდან ჩემს აივანზე ტოლჩიანი ხელი გადმოყო და დამიმდუღრა. შეშურდა. წარმოგიდგენიათ?~ წიოდა და წიოდა. „აი, ასე”, მოთქვამდა მარტოხელა დეიდა ნუნუ და ფეხის თითებზე აწეული და მეზობლის აივანზე წელამდე გადაყუდებული ბოროტქმედების ინსცენირებას ლამობდა. მერე გასუქებული ბალერინასავით ხელების ქნევით დაქროდა აივან-სცენაზე და თანხმობის ვერპოვნით მოთმინებიდან გამოსული უფრო და უფრო უწევდა ხმის ტემბრს, უფრო და უფრო ზრდიდა ისედაც მრავალფეროვანი სალანძღავი ლექსიკის არსენალს. მე – ნუნუ დეიდას აივანზე მდგარი, ხოლო დანარჩენი ადამიანები ზედა და ქვედა აივნებზე გადმოკიდებულები, ინტერესით ვისმენდით მის მორიგ გამოსვლას. ყველას ძალიან გვენატრებოდა ავი მეზობლის გამოჩენა, მაგრამ ამაოდ. მე რა მეთქმოდა. იმის მტკიცება, რომ ჩამომხმარი გვიმრის გარდაცვალება წყალნაკლებობის ბრალი იყო, უადგილოდ და ზედმეტად მივიჩნიე. ხმის ამოუღებელი თანაგრძნობით მოვისმინე ნუნუ დეიდას გულის წუხილი, რის შედეგადაც, სრულიად დამსახურებულად მივიღე ერთი ფინჯანი ლიმონიანი ჩაი და შინ გამომცხვარი, ქიშმიშითა და ნიგვზით კარგად გავსებული კექსის ორი ნაჭერი. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის აუცილებელი მოსაუბრისათვის შენი ანტიპოზიციის დაფიქსირება. მე განსწავლული დიპლომატი და დამკვირვებელი ვარ. გემრიელად ვყლაპავდი ლუკმებად დაქუცმაცებულ კექსს და სულაც არ მეჩხირებოდა ყელში ნუნუ დეიდას ჩურჩული: „მავიწროებენ, მმტრობენ, შურთ ჩემი ქონება, ჩემი ერთი ოთახი უნდათ მიიერთონ, ვერ მივართვი!” – იქადდა წვრილნიკაპიანი და არ იშურებდა ჩემთვის, როგორც საუკეთესო მსმენელისათვის, ტკბილეულობის დაუყვედრებლად მორთმევას.

  გრძელთმიანი და მოკლეფეხებიანი მარიკო მოკლეთმიანი და გრძელფეხებიანი ვალიკოს და არის და ამის სამუდამოდ უარყოფა არც ერთს არ შეუძლია. თვეზე მეტია, რაც მარიკო და ვალიკო მეხუთე სართულის ოროთახიან ბინაში ერთმანეთის მონაცვლეობით ეძლევიან მარტოობის სანუკვარ ტკბობას. ეს რომ მიდის, ის მოდის. მხოლოდ კვირაობით ხვდებიან ერთმანეთს სასტუმრო ოთახში და თუ აღარსად წაესვლებათ, ნებაყოფლობით უსმენენ ტელეგადაცემის დიქტორს. თავზე პირსახოცშემოხვეული მარიკო ტახტზე ზის და ციყვივით აწკაპუნებს ჩიპსებს. პირამიდა-საშრობი თავს უმძიმებს, თუმცა გმირულად უძლებს. ხუთი წუთიღა დარჩა. ნაფხვენებს ნიკაპთან მიტანილ მუხლებზე იყრის და ჩუმ-ჩუმად უთვალთვალებს ძმის მოუხერხებელ მოძრაობას საუთოო მაგიდასთან. ოჰ, ერთი დაეწვას შარვალი, ნატრობს მარიკო.

  გარდაცვლილი მშობლების მეგობრებმა ვალიკო კომერციულ ბანკში განყოფილების უფროსად მოაწყვეს და დის პატრონობაც მას გადააბარეს. მარიკო რომელიღაც ფირმაში კომპიუტერის ახალ-ახალი თამაშებით ირთობს თავს.

  კვირაში ორჯერ მარიკო ძმის პირის საპარს აპარტს იპარავდა და საკუთარი ფეხების მოწესრიგების შემდეგ კვლავ აბრუნებდა თეთრი პლასტმასის კარადის ერთ-ერთ, აპარატისათვის მიჩენილ თაროზე. ორჯერ შვიდ დღეში. მეტჯერ არ გეგონოთ. ერთხელ, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვით გართულს თავზე წამოადგა ვალიკო და წყლით პირამდე სავსე აბაზანაში ჩააყოფინა საპარიკმახეროში თხუთმეტ ლარად დავარცხნილი და დაუთოებულთმიანი თავი. ერთსისხლიანი მოსისხლე მტრებად ქცეული და-ძმის ორთა ბრძოლის სცენარს მეზობლები კედლებზე მიდებული ჭიქა-ხმის გამაძლიერებლით აგროვებდნენ საღამოსათვის საჭირო მასალად.

  კარგად პატრონობს. ჭკუასაც შეძლებისდაგვარად ასწავლის.

  ერთი თვეა ღიმილით ვადევნებ თვალს გაბუსხული და-ძმის თანაცხოვრებას. ერთმანეთს უცხოებივით უვლიან გვერდს სადარბაზოში. ის რომ მიდის, ეს მოდის. ისიც ვიცი, რომელიმე მათგანი დილაუთენია წამომხტარი მხოლოდ თავისთვის იმზადებს საუზმეს და ნიანგივით ყლაპავს ყველაფერს, რაც თეფშზე რჩება. ერთ ნაჭერ პურსაც არ ტოვებს. გასაბრაზებლად. სადამდე გაძლებენ ასე დათითოებულნი ძალიან მაინტერესებს.

  ამრეზით ნუ უყურებთ ამ კორპუსს. მეექვსე სართულზე გენერალი ცხოვრობს. მას დაწკრიალებული ოთახები და საზღვაო დურბინდი აქვს. კოპიტის სარკიან კარადაში ეპოლეტებიან და მედლებიან სამხედრო ფორმას ინახავს. ჯიბეებში ჩაწყობილ კაკლის ფოთლებს ხშირ-ხშირად ცვლის. ჩრჩილი ვერას დაგვაკლებს, დაგვაკლებს, დაგვაკლებს... ხომ არ გგონიათ, რომ მარტოდმარტოა. არა. მისი მოხალული ფქვილისფერი სიამის კატა მედიდურად დასეირნობს გენერლისა და მეზობლების აივნებზე. მოაჯირზე მოკალათებული გემრიელად იტლეკს ყავისფერ თათებს და „აცხა, აცხა”-ს ძახილით ხელებისქნევია მეზობლებს აინუნშიაც არ აგდებს. ორივეს განსაკუთრებით უყვარს თევზი. მარტო გენერალს როდი უწევს სადილზე ზრუნვა. კატასაც მოაქვს ხოლმე სხვის აივანზე, თოკიდან აწაპნილი გასახმობად ჩამომწკრივებული მყრალი სასუსნავი. ტერორით თავმოყვარეობაშელახული მეთევზის ცოლი მუქარით, ერთხელაც იქნება გატყავებულ ქურდს დაგიკიდებთ კარებთანო, რვასართულიან კორპუსს იკლებს. გენერალი არაფრად აგდებს დედაკაცის როტვას. ქირქილებს და ცელქს ნანადირევს უმოწმებს.

  ნამდვილი გენერალი, ოღონდ ყოფილი, ჩემს დანახვაზე კარებსა და პირს ფართოდ აღებს და მანამ დგას თვალებმოპრუწული, სანამ მის ფეხებშუა გამომძვრალი სიამის კატა კაპრონის წინდაზე მეგლისება. გენერალი მაკვირდება. მგონი აღარც ახსოვს, პურის ამოტანა რომ მთხოვა თონედან. გული მიწუხს. ამ ფუმფულა ცხოველის ლაქუცი შეიძლება წინდის გაფუჭებით დამთავრდეს. გენერალი კი დგას და მაკვირდება. რაში ენაღვლება. გამომართვით ეს თქვენი ცხელი პური და სულ კარგად ბრძანდებოდეთ... მაგრამ არა. კუდში წვდომით აჩხავლებულ კატას ოთახისკენ ისვრის და სანამ ჩემთვისაც არ წაუვლია ფეხებში ხელი, ნებაყოფლობით ვემორჩილები შეპატიჟებას. ბატონი დავითი ნამდვილი გენერალია. არ ვიცი, საზღვაო თუ სახმელეთო ჯარის. აი, დურბინდი კი მართლაც აქვს. სავარძლის თავზე ლურსმანზე უკიდია და ალბათ, ტელევიზორის ყურებისას იყენებს.

  ოღონდ სტუმარი მოვიდეს, გაპრიალებული ოცთეთრიანივით ბზრიალებს. სკამზე დაშვებამდე გაზქურაზე გასაცხელებლად შემოდგმულ ქვაბთან ერთად ქოთქოთებს და სანამ ნატურალური პროდუქტებით მომზადებული ნატურალური სადილით გაგიმასპინძლდება, მისი ჩასმული, ღრძილებთან ჩალურჯებული კბილების დათვლის შესანიშნავი საშუალება მეძლევა. მოხუცი როცა გიღიმის, მის პირის ღრუში შეძრომას ჯობია კედელზე მიკრული ოცდაათიანი წლების ფოტოები ათვალიერო. ხისჩარჩოიანი ფოტოები. მათზე, არც მეტი და არც ნაკლები, ათიოდე წლის ჩემი ნაცნობი გენერლის ბავშვობა ნათესაურ სუფრასთან დგას ცისკენ შემართული ღვინის ჭიქით; ან ბუნების ფონზე ხეზე აკრული კინომსახიობივით დოინჯშემოყრილი და კეპმოგდებული თვალს გიკრავს. გენერალი ამაყობს ამ ანცი ბიჭით, რომელიც ხელისგულებზე ნიკაპჩამოდებული გადმოსცქერის საკუთარ სიბერეს.

  „მესტუმრეთ ხოლმე”, მოხუცის გაუბედავი ნატვრით ნირწამხდარი მზად ხარ კვირაში სამჯერ მოისმინო ქალაქ ვილჰელმსბრიუკის ბრძოლის ცხრანაირი ვარიანტი...

  მუხანათი წუთისოფელი, როცა არ ელი, მაშინ გიმტყუნებს. ბებიაჩემის მზითევი – ხის ყავის საფქვავი მოიშალა და რა ხანია ყავის სურნელოვან მარცვლებს ფილთაქვაში დანაყილსა და შემდგომ ჩაის საწურში გატარებული ნაყენის სახით ვაწვდით კუჭს. თუმცა დედაჩემისა და ბებიაჩემისგან განსხვავებით, კბილებშუა ხრაშუნა ყავა, ბოლოს და ბოლოს, მაცოფებს და ნინისთან ჩავრბივარ. ნინი და ნიკი – ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მეშვიდე სართულიდან, ისეთივე წყვილია, როგორიც არაერთია ამ კორპუსში თუ ქალაქში. ნინი და ნიკი ხელოვნებათმცოდნენი არიან და აღფრთოვანებულნი ყვებიან პარიზზე, რომზე, ლუვრზე, დრეზდენის გალერეასა და ერმიტაჟზე. ორხმაში ხოტბა იტალიელი ბანოვანისადმი მიძღვნილი... ლურჯისა და მწვანის ჰარმონიული შერწყმა... ფერთა საოცარი თანხმობა... უნდა დავემორჩილო თვითმხილველთა აზრს, თორემ ილუსტრაციებზე ნანახმა თავკომბალა, უწამწამო მონა ლიზამ როგორ უნდა მომხიბლოს.

  არც ისე იშვიათად ახალშეუღლებულნი ჩემი გამოჩენისთანავე იწყებენ დაუსრულებელ ზაყზაყს და ერთმანეთის დაბეზღებას. ნინი პროტესტს აცხადებს ნიკის წინდების გარეცხვაზე. ნიკის ეზარება ბაზარში სიარული. ნინი არ აუთოებს თეთრეულს, ნიკის ჩვეულებად არა აქვს უნიტაზის ჩარეცხვა, რის გამოც ნინის ყოველ დილით ქმრის ნაცვლად წყლის ზედაპირზე განფენილი ქაფიანი შარდი ესალმება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...

  „ყავა? ყავა კი არა. სუპსაც გაჭმევ, არ გინდა?” – ნიკის ჩემი გამოჩენა რატომღაც ძალიან უხარია. „არ მინდა”-ს საპასუხოდ იგი თავმომწონედ იწყებს: „ჩემმა ცოლმა არაჩვეულებრივი სუპის გაკეთება იცის”.

  მგონი თვალთმაქცობს.

  სუპის გაკეთება მეც ვიცი. ამით მაინც შემიძლია ვიამაყო.

  „ბუზის სუპი იცი? ააა, გეკითხები, იცი?” – ნიკის ძალიან უნდა რომ დამაბნიოს, – „არ გეცოდინება. აი, ნინიმ კი იცის”.

  გაბრწყინებული ნიკი კოვზით მიახლოვდება. წვნიანში მოტივტივე შავ მწერს ფრთები გაუშლია და ცხელი სითხის ზედაპირზე მისცემია სამუდამო შვებას.

  „აი, შენ!” – ნინი ძლიერად მოქნეულ თეფშს ხელს უშვებს. ნიკი მარჯვედ იცილებს თეფშს, თუმცა კოვზიდან მაისურზე გადასხმული ცხიმიანი წვენი გაცილებით ძნელი მოსაცილებელი ხდება. სანამ ესენი ერთმანეთს დასდევენ, მე ყავას ვსვამ. ჩვეულებრივი კინკლაობა. ხან ურტყამენ ერთმანეთს, ხან კოცნიან. სულელსაც არ ჰგონია ნამდვილი ეს ჩხუბი. ჩქარ-ჩქარა ვხვრეპ ყავისფერ სითხეს. უნდა გავასწრო, თორემ ესენი თავიანთი სექსუალური აქტის დამსწრედაც მაქცევენ.

  ხომ გითხარით, არსებობს მეზობლებთან ურთიერთობის ათასნაირი მეთოდი.

  ბარემ გაიცანით ეთეროც – მერვე სართულის ერთოთახიანის ბინადარი მიტოვებული ქალის სტატუსით. აქვს ალუბლისფერი ხვეული თმა და ჰყავს ექვსი წლის გოგონა ნუცი-ცუნცი, ასევე ხვეული, თუმცა დედისგან განსხვავებით, ქართული ფერის თმით. ეთეროს უყვარს ტირილი, წვიმა და ბებიაჩემთან ბაასი. ხშირად სამივე ერთად. ხანდახან მგონია, რომ ოცდარვა წლის ეთერო და სამჯერ ოცდარვა წლის ბებიაჩემი ტოლები არიან. ასე მარტო მე არ მგონია. თქვენც ასე გგონიათ, როცა ნავთის ქურასთან მიმჯდარი ორი ქალის მეოცნებე სახეს წარმოიდგენთ. ქალები ერთმანეთს ტკივილის დათმენითა და ნაოჭების სიმრავლით ჰგვანან. სამწუხაროა, რომ ასე მარტო მე არ მგონია.

მეზობლების გარდა, მეგობრებიც მყავს, მაგრამ მათ ერთ მოთხრობაში რა ჩატევს. ერთ-ერთი მათგანი – თაბე – ჩემი მეზობლებისგან განსხვავებით რვასართულიან კორპუსში არ ცხოვრობს. ხუთიოდე წლის წინ კორპუსის ბინა გაყიდა. ნახევარი ფული შეჭამა, ან სხვას შეაჭამა, მაგისას რას გაიგებ, ხოლო მორჩენილი თანხით ძველი სახლის მეორე სართულზე ბორდოსფრად გადაღებილიატაკიანი და ობობის ქსელით მოხატულჭერიანი ბინა იყიდა. ცხოვრობს ამ ოროთახიან ბინაში ცოლთან ერთად და როცა მოესურვება, რიკულებიან აივანზე გასული გვერდულად გაჰყურებს ხან რუსთაველის პროსპექტის აჩქარებულ მოძრაობას, ხან კი აღმავალი ქუჩის ბოლოში აყუდებული ბაყაყისფერი მთის პატარა ნაგლეჯის მდუმარებას. თუმცა ეგეც საკმარისია ქალაქელი მწერლისათვის, რომელსაც ნამდვილად ძალუძს საბუნებისმეტყველო ტრაქტატის ჩამოყალიბება მთის კუთხის ცქერით. თაბე მწერალია. საწოლში წერს. ჩვევაა რაღაც ასეთი, უჩვეულო. მშვენივრად წერს, მაგრამ ბოლო დროს, დილაობით მის ცოლს დაცლილი კალმები და ყინულის ნატეხებად მიმოყრილი დაჭმუჭნილი ფურცლები ხვდება საწოლის გარშემო.

  ზაფხულობით დღის პირველი ნახევარი, საცურაო აუზის საშვის უქონლობის გამო, კედლიდან ჩამოხსნილ, იატაკზე დაფენილ ფარდაგზე წოლითა და ცივი ყავის წრუპვით გამყავს. შვილის უზნეო საქციელით აწიკვინებული დედაჩემი ბიძგებით ცდილობს საფენის წართმევას. უშედეგოდ. თუ არ ვუღრიალებ, შეუძლია დაუსრულებლად იზუზუნოს ვენტილატორთან ერთად. საიდან ამდენი ენერგია ამ კაფანდარა ქალში? პირდაპირ მაკვირვებს მისი შეუგუებლობა წლების მატებასთან. მისი საშინაო სამოსელი ჩემი ბავშვობის დროინდელი სარაფანია, მუხლებზემოთ გადაჭრილი. ასაკით უარყოფილი მინი შინ კვლავ პოპულარული რჩება. მინი, რომელიც არ ფარავს წვრილ ფეხებზე ლურჯ ბაწრებად ამობურცული ვენების სიმრავლეს. ერთი თვალის შევლებით თოთხმეტწლიანის მელანწაცხებული, დასვრილი კანჭები გეგონება. ხანდახან თვითონაც ავიწყდება ოთხჯერ თოთხმეტი წლის რომაა. ასე მაშინ ვფიქრობ, როცა ვბრაზობ. ის კი ტუჩების აწრუპვით მტოვებს და თავის ოთახში მიბრძანებული დედამისს უკითხავს გი დე მოპასანის პროზას, რომლის დეკლამაციით ადრე მე მიბურღავდა ტვინს. უსუსური გარყვნილი ქალების ერთნაირად კუჭისამშლელი ამბები, ანდა ორი ანდროფობი მშვიდად ზის პირისპირ, თავ-თავიანთი საფერფლეები უწყვიათ მუხლებზე და სიტყვების მაგივრად ბოლისფერ ქულებს უგზავნიან ერთმანეთს. როგორ არ ბეზრდებათ ამ სიცხეში სიგარეტის წევა.

  მე ვისვენებ ფარდაგზე. ჩემკენ მოტრიალებულ ვენტილატორს დროდადრო ვუშვერ სახესა და იღლიებს. გაგრილებულს უფრო მიადვილდება დროის უგულებელყოფა. დღესაც დამეზარა ექიმთან წასვლა. ხვალ იყოს.

  საღამოს მსუბუქად ჩაცმული ჭრაჭუნა კიბეებს ავივლი და ხის კარებზე მუშტების ბრაგუნით ვცდილობ მასპინძლის ყურადღების მიპყრობას. კარი იღება თუ არა, მოშვერილ წვერიან ლოყას ვკოცნი და ოთახში შესული რაიმე საინტერესოს ძებნას ვიწყებ. დღის გამოყოლილი სიცხისგან გათანგულს აღარ მაინტერესებს თაბეს ქილიკი: ,, კაბის ჩაცმა დაგვიწყებია.” მე ვიცი, რომ წყნარი ოკეანის ქვიშიანი სანაპიროები შორეული ოცნებაა და რომ ამ ქალაქის ქუჩებში თვალს უტიფრად გაყოლებენ, თუკი ჭიპი და მუხლები გიჩანს. მართალი გითხრა, მიკვირს, არ ეზარებათ ამ სიცხეში კისრების ტრიალი?

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ღაღანიძე ეკა / წითელი ციცინათელები