ყურაშვილი თამარ 

 ხვალ ხუთშაბათია     

 

 

  ეძღვნება ჩემს მეგობრებს

 

  1.

მაღვიძარამ ჩვეულ დროს დარეკა – ზუსტად რვა საათზე. მაგრამ თეონას უკვე ეღვიძა. სიმართლე ითქვას და მაღვიძარა სულაც არ სჭირდებოდა, თავისით შეეძლო ნებისმიერ დროს გაღვიძება, იმისდა მიუხედავად, თუ როდის დაიძინებდა. შეეძლო, სულ არ დაეძინა, მაგრამ უკვე აღარ სჭირდებოდა ღამის თენება – ბავშვები გაიზარდნენ და მუცელი აღარ სტკიოდათ, მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, თარგმნას დღისითაც ასწრებდა და არც ლოგინში ეწვინა საყვარელი ადამიანი, მასთან ალერსში რომ დასთენებოდა.

 თეონა გუნია ორი შვილის მარტოხელა დედა იყო.

პირველი ქორწინებიდან ჩვიდმეტი წლის გოგო ჰყავდა, რომელიც ქალაქ ბოსტონის საბალეტო სკოლაში სწავლობდა და თეონას ბავშვობის მეგობარ მარიკასთან ცხოვრობდა. მარიკა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იყო და თავისუფლად შეეძლო საქართველოში ჩამოსვლა და მერე ისევ უკან დაბრუნება, მაგრამ ამას არ აკეთებდა. ბოლო რვა წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იყო თბილისში, ისიც დედის გარდაცვალების გამო. ეგ იყო და ეგ.

  “მე მაგ ქვეყანამ ყველაფერი წამართვა, ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებმა ომსა და უბედურებაში გაიარა. ჩვენ დაკარგული თაობა ვართ, კრეტინი პოლიტიკოსების ინტერესებს შეწირული თაობა, ნავთის და პურის რიგში მდგარი თაობა, რომელსაც არც ჰკითხეს, ისე ჩაურეცხეს უნიტაზში ცხოვრების საუკეთესო წლები და შენ გინდა, რომ მე მაგ ჯოჯოხეთში დავბრუნდე? არასოდეს! ჩემი სამშობლო იქაა, სადაც მე ბედნიერი ვარ, ვერავის შევეწირები!” შეწირვას არც არავინ სთხოვდა. თეონა მეგობარს არც ეკამათებოდა და არც ეთანხმებოდა. “ერთადერთი, იმას გთხოვ, ნანიკოსთან მაინცდამაინც ნუ გალანძღავ ამ ჩვენს საწყალ სამშობლოს, შენს ჭკუაზე არ გადაიყვანო!” – თეონას სათხოვარზე მარიკა პასუხობდა, რომ ნანიკო უკვე დიდი გოგოა და იმაზე მეტი ესმის, ვიდრე ამათ ესმოდათ და გაეგებოდათ ჩვიდმეტი წლის ასაკში და ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს იქ, სადაც უნდა და თუ ნანიკო ამერიკაში ცხოვრებას გადაწყვეტს, არაფერი ამაში ტრაგიკული არ უნდა იყოს.

“საქართველოში რომ ეპატიჟები, რას სთავაზობ, უკაცრავად?” – ბრაზდებოდა მარიკა, “ერთი შენობა ჰქონდა საბალეტო სკოლას და ისიც დაინგრა, რა ქნას ნანიკომ, დაელოდოს, როდის ააშენებენ?” კიდევ ბევრ სალანძღავ სიტყვას იტყოდა მარიკა საქართველოსა და ქართველების მისამართით და კიდევ ერთხელ ეტყოდა აკანკალებულ თეონას: – ნუ გეშინია, შენი შვილი არ დაიკარგება, რაც მთავარია, მაქაურობას გამოასწროო. თეონა თავს იმით იმშვიდებდა, რომ ნანიკოს მომავლისთვის ასე სჯობდა, “ინგლისურსაც კარგად ისწავლის, დაამთავრებს სკოლას და ამასობაში აქაურობასაც იქნებ ეშველოს, აბა, როდემდე ვიქნებით ასე?” – ფიქრობდა თეონა და მთელი მზრუნველობა მეორე შვილზე გადაჰქონდა. ზუკა მეხუთე კლასში სწავლობდა, მამა არც კი ახსოვდა.

  თეონას მეორე ქორწინება პირველთან შედარებით ხანმოკლე აღმოჩნდა, – ის დაქვრივდა და ორი შვილით გაყინულ და ჩაბნელებულ თბილისში აღმოჩნდა, რაც ოცდახუთი წლის ადამიანისთვის საკმაოდ მძიმე იყო. მდგომარეობას სამი მოხუცებულიც უმძიმებდა, ბებია და ბებიის დები, ბაბა და ბაბი.

 

  2.

ბეატრისა ჭკადუა ვანელი გლეხის, ბელეფონტე ჭკადუას, უფროსი ქალიშვილი იყო და თბილისში ცხოვრებაზე თავისი სხვა თანასოფლელი გოგო-ბიჭების მსგავსად, ისიც ოცნებობდა. სწორედ ამ ოცნებამ ჩაალაგებინა ტანსაცმელი პატარა ჩანთაში და დედაქალაქისკენ მიმავალი ავტობუსის მგზავრობის ბილეთი აყიდინა. მთელი ღამის უძინარს თვალები ეხუჭებოდა, ცოტაც და, ძილი კისერს მოსწყვეტდა და ღრმად ჩააძინებდა, მაგრამ ითმენდა, საკუთარ თავს უძალიანდებოდა, – ემანდ, ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩნდესო. ცხადზე უცხადესი იყო მისი თბილისში ჩასვლა, სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩარიცხვა, იქ პროფესორ ივანე გუნიას გაცნობა და მასზე გათხოვება.

უმცროსი დებიც არ დაივიწყა და სათითაოდ თბილისში ჩამოლალა. ჯერ ბაბალე ჩამოიყვანა და პირველსავე დღეს სახელი შეუცვალა, თბილისურ ყაიდაზე მოჭრა და ვინაიდან მეუღლე მოფერებით "ბებას" ეძახდა, ბაბალეს ბაბა დაარქვა და ასე წარუდგინა მოსამსახურეს, ლიუდმილა ნიკალაევნას. როცა გაზქურასთან დგომით ლოყებაწითლებულმა ფაშფაშა ლიუდმილა ნიკალაევნამ თეთრმაქმანებიანი წინსაფარი შეისწორა და მათი ოჯახის ახალ წევრს რუსულად მიესალმა, ბაბა-ბაბალემ ვერაფერი გაიგო და უფროს დას დამფრთხალი ცხოველივით მიაჩერდა. ისედაც, რაც ამ ზღაპრულ ქალაქში ფეხი შემოდგა, დაბნეულობისა და დაფეთების შეგრძნება არ მოშორებია. არც მისაღები გამოცდების ჩაბარებამ შეუცვალა სახის გამომეტყველება – ვერა და ვერ მოიშორა დაბნეულობის მუდამ თანმდევი კომპლექსი, რის გამოც თანაკურსელები ზურგსუკან “შტეროსაც” ეძახდნენ. პროფესორ-მასწავლებლებიც შეძლებისდაგვარად ერიდებოდნენ მის გაძახებას, მისი გაუბედავი ბლუყუნის მოსმენის თავი არ ჰქონდათ და ბატონ ივანე გუნიას ხათრით ნიშანს პირდაპირ უწერდნენ. ბაბალე (ბაბა) ჭკადუას მთელი მისი ინსტიტუტში სწავლების პერიოდში არც ერთხელ უპასუხია, მაგრამ ყველა საგანში ხუთიანი ჰყავდა და წითელი დიპლომითა და ბატონ ივანეს რეკომენდაციით ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში განყოფილების გამგეობასაც ასევე უპრობლემოდ გამოჰკრა ხელი.

მაგრამ არც ამან უშველა, თბილისის ნახვამ რომ დააბნია, ეს გამომეტყველება დარჩა და დარჩა ბოლომდე.

სამაგიეროდ, ბაბას ფეხდაფეხ თბილისში ჩამოსახლებულმა ბაბილინამ უცებ აუღო ალღო ახალ ცხოვრებას – ყველას “ბაბით” ეცნობოდა და სამედიცინო ინსტიტუტის კიბეებს კეკლუცად აირბენ-ჩაირბენდა. მომავალი პროფესიაც განსაზღვრული ჰქონდა – “ვინაიდან ადამიანებს ყველაზე ხშირად კბილები აწუხებთ, სტომატოლოგი ვიქნები, პაციენტები ყოველთვის მეყოლება.” მოგვიანებით, იმ დროისათვის გათხოვება და გაშორებაც უკვე მოესწრო ( ქმარს არ მოსწონდა ბაბის გამუდმებული კეკლუცი და გაუთავებელი შენიშვნებით ორივე დაიღალა!), ბაბიმ აღმოაჩინა, რომ სახის კანის მოვლა უმთავრესია ცხოვრებაში და ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს. სახის გამწმენდი და მკვებავი მალამოების მომზადებით გატაცებულ ბაბის სახე მუდამ აპრიალებული ჰქონდა – განსაკუთრებით თვალების გარშემო, სიგარეტის მოწევასაც ისე მიეჩვია, ვერც კი წარმოედგინა თავი უსიგარეტოდ. მის კაბინეტში თამბაქოსა და ვარდის ზეთის სუნი გამუდმებით ტრიალებდა.

“რა არის ქალების ცხოვრებაში მთავარი? ღიმილი და მომხიბვლელობა. მე ერთიც მაქვს და მეორეც” – პომადიანი ტუჩებით ღრმა ნაფაზს არტყამდა და თვალებს ნაბავდა, – “მაგრამ სად ჰქონდათ კაცებს თვალები? თუ ვინმე იყო კარგი და, ცოლიანი, ცოლის ნერვები კი საკუთარი და სხვისი კბილებისა და სახის კანის მოვლა-პატრონობით დაკავებულ ბაბის არ ჰქონდა. აბა, ისაა კარგი, ბებამ რომ ივანეს ოჯახი დაუნგრია? დაუნგრია, აბა, არ დაუნგრია?!” – ასე საკუთარ თავს მიმართვადა ხოლმე თამბაქოსა და ვარდის ზეთის გამაბრუებელ სუნში ჩაძირული ბაბი, ამას სხვასთან როგორ იტყოდა: “რა საერთო უნდა ჰქონოდა ორმოცს კარგაგადაშორებულ მელოტ პროფესორთან სოფლიდან ქალაქში ჩამოსულ ჯანმრთელ ლამაზ თვრამეტი წლის ქალიშვილს? მერე ბება-ბეატრისამ იმდენი ატარა წინ და უკან ენები, იმდენ ვინმეს იმდენი რაღაც მოუგონა და დააბრალა, სანამ თავისი არ გაინაღდა – ბინიან-მანქანიან-აგარაკიან-შუბებიან-ბრილიანტებიანად.

ივანემ საბოლოოდ გაწყვიტა შვილთან ურთიერთობა, იმან ცოლი ისე მოიყვანა, მამას არც შეატყობინა, ბოლოს კი რუსეთში გადაიხვეწა. საქმეა ეხლა ეს?!” – წუხდა და ამის გამო დამნაშავედაც კი გრძნობდა თავს ბაბი, მაგრამ, აბა, გაებედა და ხმამაღლა ეთქვა, რა დღე დაადგებოდა ბებასგან – შე უმადუროო, – ეტყოდა, – სოფლიდან მე ჩამოგათრიე, სამედიცინოზე მოგაწყვე, გიპატრონე, გაგათხოვე, მერე შენი ქარაფშუტობის გამო იქიდან გამოგდებული ისევ სახლში მიგიღე, ოთახი დაგითმე, კაბინეტი გაგახსნევინე და იმის მაგივრად, ფეხები მიკოცნო, რამეში მამტყუნებო?! – ბაბი არასოდეს ათქმევინებდა უფროს დას ამ სიტყვებს, ბაბი ბაბა არ იყო, ენაზე კბილის დაჭერა შეეძლო. “ბაბას ბრალია, გააჩუმოს ენა და რაც თავში მოუვა, ნუ ეუბნება, ჰოდა, ბებაც აღარ გაუბრაზდება, ივლის იმ თავის პოლიკლინიკაში, დაჯდება დირექტორის სავარძელში და მოაწერს ხელს საბუთებს, გასცემს განკარგულებებს, აუცილებლად გალანძღავს რომელიმე ექთანს და მის დანახვაზე დაფეთებული თანამშრომლები შეიკეტებიან კაბინეტებში “ჟანდარმი მოდისო” ჩურჩულით. არა, სულელია ბაბა! ვინ ეკითხებოდა, სიტყვით რომ გამოვიდა, რას უწუნებთ თინიკოს, მშვენიერი გოგოაო? ხომ კარგი პასუხი მიიღო ბებასგან: – შენი გაჩენილი რომ არაა ზურიკო, იმიტომ გემეტება ყველასთვისო. ბოროტი ხარ და შურიანიო! – ჩააკმენდინა ხმა? არა, ბება ტყუის, მართლა რა უჭირს ამ თინიკოს, გამხდარიაო, რომ აუჩემებია. ბალერინაა და აბა, მსუქანი ხომ არ იქნება?! გრძელი ცხვირი აქვსო, გინდა თუ არა, ამტკიცებს. -კაი, ბატონო, შენ თუ ასე გსიამოვნებს, აქვს, მაგრამ მე ეგ გრძელი ცხვირიც მომწონსო, – რამ ათქმევინა ბაბას, გადაირეოდა ბება, აბა, არ გადაირეოდა?! იმიტომაც უთხრა, შენ შენთვის გრძელცხვირიანიც ვერ ნახე და ამიტომ გემეტება გრძელცხვირიანი ჩემი შვილისთვის, აბა, შენი შვილი ყოფილიყო ზურიკო, თუ მოგეწონებოდა მაგ ჭლექიანის ცხვირიო.

– ჭლექიანი მაინც რამ ათქმევინა, როგორ შეუძლია ბებას ადამიანს ყველაფერი დააბრალოს!” – ამას და კიდევ ბევრ სხვა რამეს ფიქრობდა თამბაქოსა და ვარდის ზეთის გამაბრუებელ სუნში ჩაძირული ბაბი და დროის გასვლას ტკივილით ხვდებოდა. დრო კი გადიოდა და ყოველ დღე გული სულ უფრო მეტად სწყდებოდა, რომ არავინ გამოჩნდა ბიძინა კარბელაშვილის გარდა, უცოლო, მანქანიანი, ბინიანი, რომ წაეყვანა ბაბი ამ უზარმაზარი სახლიდან, სადაც მოსაბეზრებელი ერთფეროვნებით ერთმანეთს ცვლიდნენ ტყუპებივით მსგავსი დღეები.

 

  3.

“ჯარისკაცის ფსიქოლოგია” – ასე ხსნიდა საკუთარ პუნქტუალობას თეონა, რაც ყოველ დილით დროზე ადრე გაღვიძებასა და შეხვედრაზე, სულ მცირე, ხუთი წუთით ადრე მისვლაში გამოიხატებოდა. თეონას არსად არასდროს დაუგვიანებია. არც ახლობლების დაბადების დღე დავიწყებია და არც პირადი ბლოკნოტი ჰქონია, ისედაც ყველას ტელეფონის ნომერი ზეპირად ახსოვდა, კლასელების ჩათვლით, რომელთა უმრავლესობა, რაც სკოლა დაამთავრეს, არც კი უნახავს.

“იცი, მე სამკურნალო ვარ, ციფრების ავადმყოფობა მჭირს!” – ერთხელ გაბედა და ხმამაღლა აღიარა მეგობართან, ეგონა, მეგობარი ხელს დაავლებდა და ფსიქოთერაპევტთან ძალით წაიყვანდა, აუცილებელი განკურნების იმედს გაუჩენდა. თეონა თავიდან გაუძალიანდებოდა, ერთი აჩეჩვა მხრებს აიჩეჩავდა და თავისთვის ჩაიბურტყუნებდა, რა ვქნა, არ მჯერა ამ ფსიქოთერაპევტებისო, მაგრამ მეგობარს მაინც დაჰყაბულდებოდა და ფსიქოთერაპიული კურსის ჩატარების შემდეგ ციფრების ნაგავსაყრელს სამუდამოდ მოშორდებოდა, განთავისუფლდებოდა მშრალი ორნიშნა, სამნიშნა, ოთხნიშნა, ხუთნიშნა.. ციფრებისაგან და დილით მაღვიძარა რომ დარეკავდა, ტკბილი ხუთი წუთის ხათრით ძილს შეიბრუნებდა, მერე სადმე აუცილებლად ხუთი წუთით მაინც დააგვიანდებოდა და მისი დაგვიანებით გამოწვეულ განგაშს ღიმილით შეხვდებოდა. მერე ყველა ნელ-ნელა შეეგუებოდა იმ აზრს, რომ თეონამ თავისი ტალანტი დაკარგა და რა ცუდია! თეონა კი იცხოვრებდა არხეინად.

მაგრამ ასე არ მოხდა.

“არაფერი სამკურნალო არა ხარ, გაჩერდი! ეგეთი ნიჭი, ნეტა, ყველას ჰქონდეს!” – უთხრა მეგობარმა და ის შემთხვევა გაიხსენა, როცა, რომ არა თეონას ფენომენალური მეხსიერება, ვერ იპოვიდნენ მეზობლის მოტაცებულ სიძეს, რომელსაც დილის 7 საათზე მოაკითხეს ჭუჭყიანი მანქანით, რომლის ნომრის დამახსოვრებაზე ყურადღება სულაც არ გაუმახვილებია ძაღლის გასასეირნებლად დილაუთენია ქარსა და ყინვაში გამოსულ თეონას.

  ეს ძველი ამბავია. გამტაცებლები თეონას წყალობით მალევე იპოვეს, გატაცებულ ვარლამთან ერთად ქეიფობდნენ პანტიანის რესტორანში. “სულელი ვარლამი! რა ეგონა, რომ სიმამრი დაუფიქრებლად შეელეოდა წლობით ნაგროვებ ქონებას და საყვარელი სიძის გამოსახსნელად ფულს გადაიხდიდა, მერე ვარლამს და მის ძმაკაცებს რომ კარგად ეგულავათ, თუ რა?!” – მხრებს იჩეჩავდნენ ცნობისმოყვარეობასაყოლილი მეზობლები და თეონას, როგორც გმირს, ისე უყურებდნენ.

თეონას კი არ უყვარდა ამ ამბის გახსენება. თავს ვარლამის შვილების წინაშე დამნაშავედ გრძნობდა. რომ არა თეონა, ვარლამის შვილებს მამა გვერდით ეყოლებოდათ და ყოველ ცელქობაზე გალახულებს წამოსაძახებელი არ ექნებოდათ, თქვენი აფერისტი მამაო.

  თეონას ფენომენალური მეხსიერება რომ არა, თვითონ თეონა იქნებოდა კარგად. დილით მაღვიძარა რომ დარეკავდა, ტკბილ სიზმარს წვალებით გამოაგლეჯდა მძინარე თავს და ზოზინ-ზოზინით გაახელდა თვალს. ახლა კი თვალებდაჭყეტილი იწვა და ელოდებოდა, როდის დარეკავდა მაღვიძარა, ლოგინიდან მარდად რომ წამომხტარიყო და დილა დაეწყო.

 

  4.

 – დე, რატომ სვამ შენ ყოველ დილით ყავას და მე რატომ მაჭმევ ფაფას, ა, დე? – კოვზი შვრიის ფაფაში ამრეზით ამოურია ზუკამ და დედას შეხედა.

– იმიტომ, რომ ფაფა სასარგებლოა ბავშვებისათვის, ყველა ბავშვი ჭამს ფაფას, მე რომ პატარა ვიყავი, მეც ფაფას ვჭამდი.

– ნიკუშა და იკაკო ფაფას არ ჭამენ! – ზუკამ ფაფიანი კოვზი პირში უგემურად ჩაიდო.

  – ბევრს ნუ ლაპარაკობ!

  ზუკამ ფაფა მაინც არ დაამთავრა და თეონასაც აღარ დაუძალებია, გაახსენდა, მთელი ბავშვობა როგორ ეზიზღებოდა ფაფა, კარაქიანი პური და ორცხობილაჩაფშხვნილი ტკბილი რძიანი ჩაი.

  “არა, ფაფა მაინც სასარგებლოა” – საკუთარი თავი უფრო დაარწმუნა და საათს შეხედა.

ყველა საათი თეონას ხუთი წუთით წინ ჰქონდა დაყენებული, მაგრამ იმ ხუთ წუთს არც ანგარიშობდა. მისთვის რელური დრო ის დრო იყო, რომელსაც საათი აჩვენებდა.

  – დე, რატომ მივდივართ ჩვენ ყოველთვის პირველები გაჩერებაზე და მერე ვდგევართ, ვდგევართ და ველოდებით ავტობუსს, ა, დე?

  – ვდეგევართ კი არა, ვდგავართ, რით ვერ დაიმახსოვრე, რა უბედურებაა “ვდგევართ”. ის დგეს? თუ დგას?

  ზუკას გაეცინა, მაგრამ მაინც უკმაყოფილო სახით გააგრძელა წუწუნი: – ვდგავართ და ვდგავართ და ველოდებით. არ შეიძლება ცოტა გვიან რომ გავიდეთ?

  ზუკა ამ კითხვით დედას მაშინ მიმართავდა, როცა ცუდი ამინდი იყო, ამჯერადაც, სადარბაზოდან გამოსულს ქარი დაეჯახა და ჩანთა ხელიდან გააგდებინა.

  – გადაიკიდე ზურგჩანთა! – პასუხს თავი აარიდა თეონამ და ხელები ქურთუკის ჯიბეებში დამალა. ციოდა.

  – ჯობია ჩვენ ველოდოთ, ვიდრე სხვა გველოდოს. – უკვე მერამდენეჯერ აუხსნა თეონამ შვილს, მაგრამ ზუკას ქარში ქუჩაში დგომა არ უნდოდა და აპროტესტებდა.

  –სულ ჩვენ რატომ უნდა ველოდებოდეთ? მარიკა და გიორგი სულ ჩვენს მერე მოდიან და არასდროს დაუგვიანებიათ. ხუთი წუთით გვიან რომ გავიდეთ, არ შეიძლება?

  – არა! და შენ დღეს ძალიან ბევრს ლაპარაკობ! – ხმას აუწია თეონამ, ვითომ გაბრაზდა, სინამდვილეში კი პასუხს დაუწყო ძებნა, ვერაფერი მოიფიქრა თავის გასასამართლებელი და ყველა მშობლისთვის ნაცად ხერხს მიმართა, ბავშვი დატუქსა.

  ზუკა გაჩუმდა და გადასასვლელამდე ისე მივიდნენ, ხმა არ ამოუღია.

  –მომკიდე ხელი! – ნერვიულად ჩაავლო შვილს მარჯვენა ხელი და გადასასვლელისკენ გააქანა.

  – დე, ნუ მიმარბენინებ ასე, დე, მეტკინა ხელი, დე-და! – თეონამ ისე გადაარბენინა ზუკა, მისი წკმუტუნისთვის ყურადრება არ მიუქცევია.

 გიორგი და მარიკა მოგვიანებით მოვიდნენ, თეონას მათი მოსვლა არ შეუმჩნევია, მანქანებით სავსე გზას გაჰყურებდა და ფიქრობდა.

“ არა, ნამდვილად ჯობია, თვითონ ელოდოს, ასე უფრო წყნარადაა”. ზუკა სკოლიდანაც ავტობუსით ბრუნდება, ხუთის ნახევარზე, ან ცოტა მოგვიანებით, მაგრამ თეონა ხუთის ოც წუთზე უკვე გაჩერებაზეა. “რა იცი, რა ხდება? ავტობუსი დროზე ადრე რომ მოვიდეს და თეონა იქ არ დახვდეს? ბავშვს ხომ შეეშინდება? არა, ზუკა ისეთი ბავშვია, მაინც არ შეეშინდება, მაგრამ ეს საშინელი გადასასვლელი. შუქნიშანიც ხან მუშაობს, ხან – არა. არა! ასე უფრო წყნარადაა.”

  თეონამ ავტობუსის მძღოლი სწავლის დაწყების პირველსავე დღეს გააფრთხილა, არავითარ შემთხვევაში არ დაერთო ზუკასთვის ავტობუსიდან ჩასვლის ნება, თუ თეონა გაჩერებაზე არ იდგებოდა. “თუ მე არ ვიქნები, ზუკა ისევ სკოლაში წაიყვანეთ და დარაჯს ჩააბარეთ!” – თეონამ მძღოლს მობილური ტელეფონის ნომერიც სთხოვა.

  – ჩაიწერეთ! – თავაზიანად უთხრა მძღოლმა აკანკალებულ თეონას და “გიჟია ეს ჩემისაო” – გაიფიქრა.

  მძღოლის გასაკვირად თეონას ტელეფონის ნომერი არ ჩაუწერია. “დავიმახსოვრებ!” და დაიმახსოვრა, ზეპირად ახსოვდა დარაჯის ტელეფონის ნომერი და ყველა იმ ბავშვის, რომლებიც ამ ავტობუსით მგზავრობდნენ.

მართალია, არც ერთ მათგანთან დარეკვა ერთხელაც არ დასჭირვებია, მაგრამ ყველას ნომერი მაინც შეუცდომლად ახსოვდა.

  – აბა, შენ იცი, დედიკო! – ავტობუსის დანახვაზე შვილს მიეფერა თეონა. “ამ ბოლო დროს ისე ვეღარ ეფერება, ზუკაც თავს აღარ აფერებინებს, იზრდება.

  თეონა გაუნძრევლად იდგა და სკოლისკენ მიმავალ ავტობუსს გაჰყურებდა. როცა ავტობუსი თვალს მიეფარა, ჯიხურში სიგარეტი იყიდა და ჩქარი ნაბიჯებით გადასასვლელზე გადავიდა.

 

  5.

 

  სანდრო ობოლაძე საკუთარი ბიზნესით კმაყოფილი იყო – ბოლო დროს შეკვეთებმა იმატა და ახალი მანქანაც იმაზე ადრე იყიდა, ვიდრე ამას გეგმავდა. ძველი “ფოლკსვაგენი” ცოლს გადაულოცა და ახალი “ბეემვეს” საჭეს უჩვეულო სიამაყის შეგრძნებით მიუჯდა. “თუ ასე გაგრძელდა, მალე გავმდიდრდები!” – ცოლმა ვარაუდი შესაძლო გამდიდრების შესახებ ლოყაზე კოცნით მოუწონა და ცხელი ყავა და ტორტის ნაჭერი მიართვა.

  ყოველი დილა სანდრო ობოლაძის ცხოვრებაში ყავით იწყებოდა. ბოლო დროს, როცა საქმეები კარგად წავიდა, დილის მენიუში ტორტის ნაჭერიც გაჩნდა და ცოლის მხრიდან კრიტიკული შენიშვნების გაქრობის ხარჯზე კომპლიმენტებმა (ხშირად უადგილომ და უაზრომ) იმატა.

  სანდრო ობოლაძე თავს სრულფასოვან მამაკაცად შეიგრძნობდა და ეს შეგრძნება თავბრუს ახვევდა – თითქოს სადღაც გამქრალიყო დამამცირებელი წუხილი უშვილობის გამო. თავისმომაბეზრებელმა გაუთავებელმა უშედეგო მკურნალობამ ის შედეგი გამოიღო, რომ სანდრო ობოლაძეს მობეზრდა იმაზე ფიქრი, თუ რას დაარქმევდა მემკვიდრეს და ნელ-ნელა შეეგუა აზრს, რომ ბევრი ოჯახია, სადაც არ იზრდება ბავშვი, მაგრამ ადამიანები ცხოვრებას მაინც აგრძელებენ და თავფეხიანად საქმეში გადაეშვა.

ბევრი იშრომა, იმაცადევინა, მოინდომა და კერძო სადეტექტივო სამძებრო "თქვენი დეტექტივი" გახსნა. ბავშვობისდროინდელი ოცნებები შერლოქ ჰოლმსსა და ექიმ უოტსონზე რეალური გახადა. როგორც სერიოზული საქმიანობით დაკავებულ ადამიანს, ოფისიც ჰქონდა და მდივანიც ჰყავდა, რომელსაც ყავის მოდუღება, ოთახის დალაგება და სამუშაო საათების დროს მუდამ მომღიმარი სახით ჯდომა ევალებოდა, – ხელფასს ამაში იღებდა და, ბევრი მისი კოლეგისგან განსხვავებით, დროულად და იმდენს მაინც, რომ ძალდატანებული და ჯერვერშეჩვეული ღიმილის დროს სახის კუნთების დაჭიმვა აეტანა.

  – ბატონი სანდრო მალე მოვა, დაბრძანდით, დაელოდეთ... – ზრდილობად დაიღვარა ახალშემოსულის წინაშე ელზა და მისთვის დამახასიათებელი თვალების სხარტი მოძრაობით აათვალიერ-ჩაათვალიერა კარებში მდგომი შავ გრძელ პალტოში გამოწყობილი წითელლოყება აყლაყუდა. 

  – შემობრძანდით! შემობრძანდით! – ძალდაუტანებელი ღიმილით შემოიპატიჟა სანდრო ობოლაძის მდივანმა მოსული და თვალებით სკამზე მიანიშნა, დაბრძანდითო.

  აყლაყუდა დაჯდა. ელზა კომპიუტერს მიუბრუნდა. სტუმრისკენ გამოხედვა საჭირო აღარ იყო, თავიდან ბოლომდე შეთვალიერებული ჰყავდა – "მდიდარი ბოსი ჰყავს, ეტყობა", – გაიფიქრა თავისთვის და კომპიუტერზე ბეჭდვა განაგრძო.

  ცოტა ხანში დერეფანში ნაბიჯების ხმა მოისმა და კარი თამამად გაიღო – აყლაყუდა წამოდგა და გაკვირვებულ სანდროს ხელი გაუბედავად ჩამოართვა.

  – გისმენთ! – მოსასმენად მოემზადა ტყავგადაკრულ სავარძელში საქმიანად მოკალათებული სანდრო ობოლაძე.

  აყლაყუდამ ჯერ ოთახში მიმოიხედა და დაბნეული მზერით წინ მჯდომ დეტექტივს მიაშტერდა.

  – გისმენთ! – დეტექტივის ხმაში საქმიანმა ნოტებმა გაიჟღერა, რამაც უთუოდ გაჭრა, რადგან იქამდე ჩუმად მყოფმა სტუმარმა პალტოს შიდა ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო და სანდროს მიაწოდა.

  სანდრო ობოლაძემ სარკესთან საგულდაგულოდ დამუშავებული პროფესიონალის გამომეტყველებით სტუმარს ფოტო გამოართვა და გაშრა.

  – ამ ქალის ვინაობა ჩვენთვის ცნობილია, – ბლუყუნით დაიწყო მოსულმა.

  –თქვენთვის, ვისთვის? – ხმა დაუბრუნდა სანდროს.

  – ჩემი უფროსისთვის.

მე ზაალი მქვია, ჩემი უფროსის ვინაობას ხვალ გაიგებ. ეხლა კი, ამ ქალის შესახებ ინფორმაციებიო, უფროსმა, ყველაფერი... სად დადის, რითია დაკავებული, მაგასთან ვინ მოდის, მოკლედ, ყველაფერიო, უფროსმა, სურათებიც გადაუღოსო, დანარჩენი მერე... – ზაალმა პალტოს ჯიბიდან თეთრი კონვერტი ამოიღო და მაგიდაზე დადო. “ფული” – გაიფიქრა სანდრომ და დაბნეულობის დაფარვა წამოდგომით სცადა, ოთახში გაიარ-გამოიარა, შემდეგ სკამზე გაუნძრევლად მჯდომ ზაალს შეხედა, გაუღიმა და საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ადამიანის ხმით წარმოსთქვა: “ნოუ პრობლემ!”

  აყლაყუდა წამოდგა და წასვლა დააპირა, მაგრამ წამით შეყოვნდა და სანდროს უთხრა: “უფროსმა, იმ ქალმა არაფერი გაიგოს!”

  –ნოუ პრობლემ! – დაპირება შეაგება სტუმარს და გასასვლელისკენ გაუძღვა. 

 

  6.

  თეონამ ელექტროჩაიდანი ჩართო და ჭიქაში ყავა და შაქარი ჩაყარა, ცოტაცდა, წყალიც ადუღდება.

  "რაღაც ვერ ვარ კარგად" – ხმამაღლა გამოუვიდა ფიქრი. განწყობილება დაუმძიმდა, ასეთ ცუდ ხასიათზე დედაზე ფიქრი აყენებდა, მის გახსენებას წარსულში ხეტიალი მოჰყვებოდა, უთავბოლო და უმისამართო, ყოველგვარ მიზანს მოკლებული წარსულის ჩხრეკა, ძველი სატკივარის მუდმივი განახლებით რომ ახსენებდა თავს თეონას.

  მეექვსე კლასში იყო თეონა, სკოლიდან სახლში დაბრუნებულ და-ძმას სადარბაზოში აქოშინებული დათო ბიძია რომ შეეჩეხათ.

არასდროს დაავიწყდება დათო ბიძიას თვალები – დაბნეული, შეშინებული, დამორცხვებული, აფორიაქებული, ცრემლიანი, ტკივილიანი თვალები. მერეც, პანაშვიდებზე მოსულ ხალხს, ყველას თვალებში უყურებდა, მათ თვალებს აკვირდებოდა – ზოგს ცრემლიანი ჰქონდა, ზოგს კი, უბრლოდ, ცივი, მწუხარე მზერით შემოდიოდნენ გრძელ მწკრივად, წრეზე იკვრებოდნენ და საპანაშვიდო სიმფონიას თავისებურად აყოლილნი ისევ იქ ბრუნდებოდნენ, საიდანაც შემოდიოდნენ სამძიმარზე მოსულნი. თეონა იჯდა ბებას, ბაბასა და ბაბის შორის და თითოეულ შემომსვლელს თვალებში უყურებდა – არავის დათობიძიასნაირი თვალები არ ჰქონდა.

  თეონა იჯდა ჭირისუფალში და შემომსვლელების თვალებს ითვლიდა, მიღებულ რიცხვს ორზე ყოფდა და ციფრს იმახსოვრებდა. გასვენების დღეს მისთვის რომ ვინმეს ეკითხა, რამდენი ადამიანი იყო მოსული მთელი ამ ხნის მანძილზეო, აბსოლუტური სიზუსტით იტყოდა, მაგრამ თეონას ამ კითხვას არავინ დაუსვამდა.

  დედის სიკვდილის მიზეზი მოგვიანებით გაიგო.

  თინა ტურძელაძე საყვარელმა მოკლა ლოგინში, მერე წავიდა და მილიციას ჩაბარდა, თავად აღიარა ყველაფერი – მეორე ბიჭი ჩემგან ჰყავდა და სულ მატყუებდა, ცოტაც მაცადე და გავშორდები ქმარსო. ის კაციც ელოდებოდა წლები, ბოლოს, ლოდინით დაღლილმა ლოგინში დაახრჩო.

  სირცხვილმა და მწუხარებამ ერთდროულად შემოაბიჯა გუნიების ოჯახში.

  გაირკვა, რომ ივიკო გუნია დიდი ივანე გუნიას გვარ-სახელის ღირსეული გამგრძელებელი კი არა, ლოთი მსახიობის, თენგიზ ჯაშის, უკანონო შვილი ყოფილა.

თვითონ თენგიზიც ყომარბაზ ოთარა ჯაშის უკანონო შვილი იყო ვორონცოველ მკითხავ დოდოსთან გაჩენილი. თბილისში კარგად ცნობილი ამ სკანდალური წყვილის ნაშიერს მშობლების გარეგნობა გამოჰყვა – მისმა გასაოცარმა სილამაზემ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტის მანდატი და უამრავი თაყვანისმცემელი შესძინა. გოგოები გიჟდებოდნენ მისი გულისთვის. “ჰოლივუდის გარეგნობის” ბიჭს შეხვედრაზე უარს არც ერთი გოგო ეტყოდა, მაგრამ პირველ კურსზე რომ შეუყვარდა ბალერინა თინიკო ტურძელაძე, ბოლომდე მას უერთგულა.

  სასამართლომ მხედველობაში მიიღო დამნაშავის მიერ საკუთარი დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება და თენგიზ ჯაშს დახვრეტის ნაცვლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია