7.

  თეონას დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა, ბებას და მამას ნერვიულ ლაპარაკს ყური რომ მოჰკრა. დერეფანში იყო, დიდი სარკის წინ იდგა და თავზე ბერეტს იხურავდა, ლურჯი ხავერდის წითელ ბაფთიან ბერეტს.

თეონას მალვით მიპარვა და მოსმენა, საერთოდ, არ ახასიათებდა. ბოლო დროს ივიკოსაც აღარ უგდებდა ყურს. ამჯერადაც წყნარად გაიხურავდა კარებს და მუსიკის გაკვეთილზე წავიდოდა. (სადმე შორს კი არა, იქვე, პირდაპირ კორპუსში, აგრაფინა ანატოლიევნასთან (ამ სახელის სწრაფად წარმოთქმა უჭირდა და დანაწევრებით წარმოსთქვამდა : " აგ-რა-ფი-ნა ანა-ტოლი-ევ-ნა). წავიდოდა მუსიკის გაკვეთილზე და გამებში ივარჯიშებდა კატის ფსიტის სუნიან შავ პიანინოსთან, რომელსაც ოქროსფერი ასოებით წარწერა "Красный Октябрь" ამშვენებდა. რამდენი წელი გავიდა და თეონას იმ სახლის ყველაფერი ახსოვს: ბრინჯაოს ჯაჭვებზე დაკიდებულ დისკოზე ბროლებჩამოკონწიალებული ჭაღი, იქვე, პიანინოსთან კედელზე ახეული შპალერი, შიგნით რომ წინა შპალერის ფერი იყო შერჩენილი – ღია მწვანე. ახსოვს აგრაფინა ანატოლიევნას სუნამო “Красная Москва”-ს მძაფრი სუნი.

სიამის კატაც კი ახსოვს, და კატის სახელიც, კუსა. ყველაზე კარგად კი ის დღე ახსოვს, აგრაფინა ანატოლიევნასთან გადასასვლელად რომ ემზადებოდა და დერეფანში დიდი სარკის წინ ლურჯი ხავერდის წითელბაფთიან ბერეტს რომ იხურავდა, ბებას და მამას ნერვიულ ლაპარაკს რომ მოჰკრა ყური, როგორ შეყოვნდა. მართალია, ფეხაკრეფით სიარულიც დიდად არ ახასიათებდა, მაგრამ მაინც მიიპარა კარებთან და ყური მიუგდო.

  – არ ვიცი, ზურა, დაფიქრდი! მერე ესეც სანანებელი არ გაგიხდეს, თავს არ აპატიებ, ადამიანო! თეონასთვის თუ მაინც გინდა კარგი, ამ ბავშვისთვის თუ მაინც გინდა კარგი და ამ ბავშვმა რა დააშავა?! გამოიყვანე ბალეტიდან! აღარ გაუშვა! თორემ ესეც დედამისის კვალს გაჰყვება, იცოდე! მე შენ გამიფრთხილებიხარ, ზურაბ!

  – ოოოოჰ! – მუშტი მაგიდაზე დაარტყა გაბრაზებულმა მამამ და დაიგმინა – ჰოოოო!.. მაგრამ მეცოდება, გაიგე? მე-ცო-დე-ბა!

  – ნუ გეცოდება! – ბებამაც ხმას აუწია – შესაცოდი მერე იქნება, მერე!

  – სულ არ ჩაიკეტოს, მეშინია, სულ არ გამიუცხოვდეს!

  – არაფერი არ გაგიუცხოვდება! ცოტა ხანი ინერვიულებს, დაწყნარდება.. გადაუვლის... სანამ ბავშვია, გადაუვლის!

  თეონას მართლა გადაუარა. ოღონდ გაცილებით გვიან, ვიდრე ამას სხვები წარმოიდგენდნენ, მაგრამ მაინც გადაუარა და არც თავისთავში ჩაკეტილა მაინცდამაინც.

მამას კი გაუუცხოვდა, თავს არიდებდა, გაურბოდა კიდეც. ყველაფერ ამას კი ბებას, ბაბასა და ბაბისთვის მარტივი ახსნა ჰქონდა – “ბავშვი გაიზარდა”

  თეონა მართლა გაიზარდა.

ეგაა მხოლოდ, რომ სულ შეყვარებულის თვალები ჰქონდა, შეყვარებულსმონატრებული თვალები; ზოგჯერ უიმედობაგამჯდარი, ზოგჯერ კი, პირიქით, იმედის სხივით გაბრწყინებული, მაგრამ მაინც შეყვარებულის მომლოდინე თვალები.

  თეონას ბალეტი ენატრებოდა. ენატრებოდა პუანტების ვარდისფერი ატლასის თასმების ფეხებზე შემოხვევა, შავი ტრიკო, გედისბუმბულიანი დიადემა და ლიუდმილა ალექსანდროვნას წიკვინი.

  კიდევ ბევრი რამე ენატრებოდა თეონას და სულ ელოდებოდა, რომ ეს ყველაფერი თვითონ მოვიდოდა მასთან, თუნდაც აგრაფინა ანატოლიევასთან მუსიკის გაკვეთილზე მიმავალს გზაზე გადაეღობებოდა და გაიტაცებდა სარკეებიან დარბაზში, სადაც თავბრუსდამხვევად იცეკვებდნენ. იცეკვებდნენ გაუჩერებლად და არაფერი არ იარსებებდა ამ ცეკვის გარდა – არც სკოლა, არც მასწავლებლები, არც ივიკო, არც მამა, ბება, ბაბა და ბაბი, არავინ, ამ ქვეყანაზე.

  მერე მონატრებამ სასოწარკვეთილება დაბადა, რომელიც გაიზარდა, გაიზარდა და დაძაბულობად იქცა, თვალებში განგაში გამეფდა და თეონას მართვა მოსალოდნელი საფრთხის საშიშროებამ დაიწყო, რისგან თავისდასაღწევადაც თეონამ თამაში გამოიგონა – “ციფრობანა”.

  ამ თამაშს მხოლოდ ერთი მოთამაშე თამაშობდა, სამწუხაროდ, ვერავინ შეეჯიბრებოდა თეონას მის მიერ მოგონილ თამაშში, მაგრამ მარტო თამაშიც სახალისო იყო. სახლიდან სკოლაში, მერე სკოლიდან სახლში ან მეგობართან მიმავალი თეონა გზად შემხვედრი მანქანის ოთხნიშნა ნომერს მომდევნო მანქანის ნომერზე ამრავლებდა და მესამე მანქანის ნომერზე ყოფდა. მიღებული ციფრი თუ კენტი იქნებოდა, მაშინ თეონას სურვილი, რომელსაც თამაშის დაწყების წინ ჩაიფიქრებდა, ასრულდებოდა, თუ ლუწი – არა! არასდროს შეუმოწმებია, სრულდებოდა თუ არა სურვილი, მაგრამ მთავარი ხომ ეს არ იყო, მთავარი ის იყო, რომ თეონა იმ წუთებში სხვაზე არაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ ციფრები არსებობდა – ერთმანეთზე გამრავლებული და გაყოფილი, შეკრებილი და გამოკლებული.

  თეონას თამაშის აზარტი დღითიდღე იზრდებოდა და იზრდებოდა...

მოთხოვნილებადქცეული სურვილი ქუჩებში იკრიბებოდა, მრავლდებოდა და იყოფოდა. იკრიბებოდა, მრავლდებოდა და იყოფოდა კორპუსისა და ეზოების ნომრები მოპირდაპირე და ერთის გამოკლებით ნომრებზე. ითვლებოდა კიბეების საფეხურები და რიკულები. ციფრებადქცეული მსოფლიო ბრუნავდა თეონას ღერძის გარშემო. ბალეტი კი ამ სათვალავში არ შედიოდა. ის ნელ-ნელა პატარავდებოდა, მცირდებოდა, შორდებოდა, სცილდებოდა ფოკუსს, სანამ საბოლოოდ არ მიიმალა და გაქრა, დაბნელდა.

 

  8.

 სანდრო ობოლაძემ თვალები დახუჭა და რამდენიმე წამს არ გაუხელია. მერე მაგიდაზე დადებულ ფოტოს გახედა.

ცოტა მოშორებით კონვერტი იდო, ფულით. " – ახალი შეკვეთაც მოვიდააა..." – მოსალოდნელი სიხარულის ადგილი უცნობ სევდას დაეკავებინა.

  "ყველაფერი ამ ქალის შესახებ!" – იყო მოთხოვნა, მოკლედ და კონკრეტულად. “მაგრამ სანდროს შეეშალა, “ნოუ პრობლემ” კი არ უნდა ეძახა, კეთილი უნდა ენება და ეკითხა: “ყველაფერი რა? ის, რომ თეონა გუნია 1970 წელსაა დაბადებული, ორნაქმარევია, ორშვილიანი და ერთ-ერთი საუკეთესო თარჯიმანი, ამ ინფორმაციაში გადაუხდიდნენ ფულს? ხო, სურათები გადაუღეო, რა დრო დაგიდგა, სანდრო ობოლაძე?! თეონა გუნიას თვალთვალში და მერე ვიღაც უფროსისთვის მოხსენებაში გადაგიხდიან ფულს!” – სიმწრით გაიფიქრა ტყავგადაკრულ სავარძელში ღრმად ჩამჯდარმა მაძებარმა და კეფა მოიფხანა, მწარე ღიმილი გათეთრებულ სახეს არ შორდებოდა. ამის მრავალი მიზეზი არსებობდა, უმთავრესი კი ის იყო, რომ თეონა ვიღაცისთვის მნიშვნელობას წარმოადგენდა. ის, უბრალოდ, ნევროტიკი მარტოხელა დედა კი არა, თვალთვალის ობიექტი ყოფილიყო, რაშიც ვიღაც დამკვეთი ფულს იხდიდა, ორ დღეში 500 დოლარი, “დანარჩენი მერეო”, ზაალმა, “ – სანდრომ ნაცემი ძაღლივით ძლივს აითრია სხეული და ფანჯარას მიუახლოვდა. გარეთ თებერვლის ქარი იბრძოდა. “რა, უარზე ხარ?” – საკუთარი თავის გაუკვირდა.

“შეგიძლია, ეს შეკვეთა სულაც არ აიღო და ზრდილობიანი მობოდიშებით ფული უკან დაუბრუნო, 500 დოლარი. სამაგიეროდ, წყნარად იქნები, თეონასთან შეხვედრის ალბათობას როგორც ბოლო ხუთი წელია თავიდან იცილებ, ასევე გააგრძელებ და იცხოვრებ წყნარად შენს ცისფერთვალება ცოლთან ერთად. ყოველ დილით მშვიდად დალევ ყავას, მიირთმევ ტორტის ნაჭერს და სამსახურში წახვალ, შენს საქმეებს გააკეთებ, სხვებს უთვალთვალებ, სხვისი ცხოვრების გაქექვაში აიღებ ხელფასს და იქნები წყნარად, რომ ის სხვა თეონა გუნია კი არ არის, შენი ძველი სიყვარული, რომელიც ხუთი წელია თვალით არ გინახავს და ვინ იცის, კიდევ, რომ არა ეს დაკვეთა, როდის ნახავდი. თუმცა, შენთვისაც ხომ საინტერესოა, როგორ გამოიყურება, ხუთ წელს ბევრი რამის შეცვლა შეეძლო, ბევრის”.

  სანდრო ობოლაძეს მეხსიერების დაძაბვა არ დასჭირვებია, ისეთი სიზუსტით გაახსენდა თეონას ბიოგრაფიის დეტალები: თეონას პირველ ქმარს იცნობდა, გერა ფოცხვერაშვილი. მასთან თეონამ სამი წელი იცხოვრა და გაშორდა, გერამ მეორე ცოლი მოიყვანა და მეორე ცოლთან ორი შვილი ჰყავს, ეს დამკვეთს, ალბათ, ნაკლებად დააინტერესებდა, თუმცა, ვინ იცის.” – სანდრო უკვე ჩამოყალიბდა, რა თანმიმდევრობით უნდა მიეწოდებინა ინფორმაციები დამკვეთისათვის. “მეორე ქმარი მოსკოვში წავიდა და დაიკარგა, იმასთანაც თითქმის სამი წელი იცხოვრა თეონამ, სამი წელიც ჩემთან გაატარა,” ამას კი აღარ მოყვებოდა, ეს დამკვეთის საქმე არ იყო, ეს დიდი ხნის წინ დამთავრებული ურთიერთობა იყო, როგორც რუსები ამბობდნენ, “это было давно и ниправда”. “მაგრამ, ზაალმა, ყველაფერიო,” – სანდრო ობოლაძემ თავი ნერვიულად გააქნია და ოთახიდან გავიდა.

 

  9.

 

  თეონამ მეორე ღერი სიგარეტი ჩააქრო და ფანჯარაში გაიხედა; გარეთ ქარი ჰაერში ათამაშებდა შიშველ ტოტებს.

" – მეზიზღება ასეთი ამინდი". მესამე ღერი სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან და მოუკიდა. "ხვალ ხუთშაბათია!" – რაღაც ისე არ გაუხარდა. დილიდან დედაზე ფიქრით დამძიმებულს სიყვარულის ხასიათზე დადგომა გაუჭირდა. არადა, როგორ ელოდებოდა ნანატრ ხუთშაბათს. "ხუთშაბათობები" შეარქვეს გასაიდუმლოებულ სასიყვარულო შეხვედრებს თეონამ და ირაკლი ნოზაძემ, სერიოზული მინისტრის სერიოზულმა მოადგილემ, პატივცემულმა პროფესორმა, უამრავი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორმა, უცხოეთის სამეცნიერო წრეებში კარგად ცნობილმა ახალგაზრდა მეცნიერმა, კომპოზიტორი მამისა და მსახიობი დედის შვილმა, მწარე ენისა და დიდი იუმორის პატრონმა, საკმაო პოპულარობის მქონე ადამიანმა, რომელთანაც თეონას სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.

  თეონას ირაკლი უყვარდა.

უყვარდა მშვიდად, მორჩილად და მორწმუნოებრივ-შემგუებლურად, აუღელვებლად, უხმოდ, ულაპარაკოდ, უყვარდა თვალებით, ყურებით, გულით და სულით, უყვარდა და მეტი არაფერი.

  არასდროს, მთელი ამ სამი წლის მანძილზე თეონას არც ერთხელ უსაყვედურია ირაკლისთვის იმის გამო, რომ მას ცოლი ჰყავდა, ცოლი და სამი შვილი. მესამე შვილი რომ უკვე მათი “ხუთშაბათობების” დროს ჩაისახა და გაჩნდა, არც ამაზე ამუღია ხმა. მილოცვაც ვერ შესძლო, მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა, ბავშვის დაბადება არ გამიხარდაო, საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ის წყენა, როცა ვიღაცას მისი შვილების არსებობა სწყინდა. თეონა ირაკლის არაფერს სთხოვდა, მისთვის ის ორი საათიც საკმარისი იყო, რომელსაც საბურთალოს ქუჩაზე ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში კვირაში ერთხელ ირაკლისთან ერთად ატარებდა.

  10.

  უკანასკნელი მოდელის ციფრულ ფოტოკამერას უამრავი ფუნქცია ჰქონდა, სამწუთიანი მიკროფილმის გადაღების ჩათვლით. სანდრო ობოლაძე კამერის ძირითად ფუნქციებში ერკვეოდა, რაც მისი მოღვაწეობისთვის სრულიად საკმარისი იყო.

  კერძო დეტექტივმა კამერა სასურველ რეჟიმზე დააყენა და მანქანა დაქოქა. სანდრო ობოლაძეს მისი პროფესიისთვის შესაფერისი თვისებები გააჩნდა: სიფრთხილე, წინდახედულობა, აუჩქარებლობა, მოთმინება და, რაც მთავარია, მაძებრის ალღო. თვლიდა და სავსებით სამართლიანადაც, რომ თუ ეს თვისებები საკმარისი დოზით არ ექნებოდა, ვერაფრით იქნებოდა წარმატებული და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის წითელი დიპლომი სხვა მისი კოლეგების მსგავსად, მასაც “ოხრად დარჩებოდა”.

  სანდრო ობოლაძე აფორიაქებული იყო და რაც უფრო უახლოვდებოდა თეონას სახლს, შფოთვა კიდევ უფრო უმძაფრდებოდა.

საკუთარ თავზე გაბრაზდა, “აკი, დარწმუნებული იყო, რომ თეონა მის ცხოვრებაში მხოლოდ ეპიზოდური მოვლენა იყო და არაფერი სერიოზული მათ შორის არ შეიძლებოდა ყოფილიყო?! მარტო იმიტომ კი არა, რომ ორნაქმარევი და ორშვილიანი ქალის ცოლად შესართავად დიდ სიყვარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებაც იყო საჭირო! სანდრომ ეს არ გააკეთა და არც არასდროს უნანია. თეონა ის არ იყო, ვისი გულისთვისაც მოისმენდა დედის გაუთავებელ საყვედურებს. არც ის იყო გამორიცხული, რომ ერთადერთ ვაჟიშვილზე თავდავიწყებით შეყვარებულ დედას სუიციდის მცდელობაც კი ჰქონოდა, ამას კი საყვარელი შვილი არ დაუშვებდა.

  “მარტომ გავზარდე, მამინაცვალი არ მოვუყვანე, ბიჭის თავმოყვარეობას გავუფრთხილდი!” – ყველასთან ეს ჰქონდა სალაპარაკო თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის შეუცვლელ დირექტორს, რომლის შესაშინებელ გარეგნობასა და სიმკაცრეზე ქალაქში ლეგენდები დადიოდა.

  “ხომ არ აწყენინა დედას, ბოლომდე დაუფასა ამაგი და არჩევანიც მისი მოსაწონი გააკეთა. და არც უნანია. ახლა რა ემართება?! რამ აუჩქარა გულისცემა და გაუხშირა სუნთქვა?! სირცხვილია, პატარა ბიჭი ხომ არ არის!” – გაბმულმა სიგნალის ხმამ გამოაფხიზლა.

  უკვე დიდი ხანია, რაც მწვანე შუქი ანთებულიყო შუქნიშანზე, სანდრო კი გაჩერებული მანქანით უძრავად იდგა და რომ არა სამარშრუტო ავტობუსის მძღოლის გინება, ალბათ, კიდევ დიდხანს იდგებოდა არასასურველ მოგონებებში გადასროლილი.

  – შენი დედაც...

– პასუხი დაუბრუნა მძღოლს და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა.

  თეონას სახლს უახლოვდებოდა. “იქნებ, აქ აღარ ცხოვრობს? ბინა გაყიდა, სხვაგან გადავიდა?..” მანქანა მიშენებულ-მოშენებულ ლოჯიებსა და ავტოფარეხებს შორის მოხერხებულად შეაყენა და ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო. თეონას ბინის ტელეფონის ნომერი ზეპირად ახსოვდა და შეუცდომლად აკრიფა. გულის ცემამ იმატა და მოულოდნელად სანდრო სარკეში საკუთარ დაბნეულ თვალებს გადააწყდა, ნაცნობი ხმის გაგონებამ სუნთქვა შეუკრა და მობილური ტელეფონი გვერდით სავარძელზე მოისროლა.

 

  11.

 

  ივიკომ იცოდა ასე, დარეკავდა და ხმას არ ამოიღებდა. თეონასთვის ძმის ასეთი საქციელი გაუგებარი იყო. " – თუ რეკავ, ამოიღე ხმა, რას გაჩუმებულხარ?" – ბევრჯერ უკითხავს სიჩუმისთვის.

მალე ივიკოც გამოჩნდებოდა "აქვე ვიყავი და შემოგიარე" მიზეზით და "ფული მასესხე ორშაბათამდე" თხოვნით. თეონამ ერთხელ ვერ მოითმინა და ძმის მორიგი ასეთი სვლით გაღიზიანებულმა პირდაპირ ჰკითხა: “ვერ გავიგე, რომ რეკავ, ხმას რატომ არ იღებ? ან დაუკითხავად რომ მოდიხარ, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ სახლში ვარ ან კი შენი ნახვის ხასიათზე ვარ და თან ფული რომ მოგცე, მაქვს?!” – ამან ძმის აღშფოთება გამოიწვია, აქაოდა, და-ძმას შორის ეგეთი ლაპარაკი ვისი მოგონილია და რა სისულელეა, მე არ დამირეკია, თუ დავრეკავდი და რა, შენი მეშინია თუ რა, ხმას არ ამოვიღებდიო? – ივიკომ თვალის თვალში გაყრა და მზერის ჯიუტად გაჩერება ბავშვობიდან ისე იცოდა, თანამოსაუბრეს თვალს თუ არ დაახრევინებდა, იმას მაინც აფიქრებინებდა, რას ვერჩი ამ პატიოსან ადამიანსო. მაგრამ თეონას შემთხვევაში ეს არ ჭრიდა, ვინ-ვინ და, თეონა საკუთარ ძმას კარგად იცნობდა.

  მაგრამ ამჯერად ივიკო არ იყო, ის ზუსტად შვიდი წლის მკვდარი იყო. “ხვალ შვიდი წელი სრულდება, რაც ივიკო დაკრძალეს, მაშინაც ხუთშაბათი იყო.” – გაიფიქრა თეონამ და ტელეფონის ყურმილიანი ხელი მორჩილად დაუშვა.

  გასვენებაში მყოფნი გაოცებას ვერ ფარავდნენ თეონას სახის გამომეტყველების შემყურენი; შავებში ჩაცმულ ბებას, ბაბასა და ბაბის შორის ჩამდგარი, შავი გრძელი პალტოთი და შავბაფთებიანი შავი ფეხსაცმელებით სასაფლაოსკენ მიმავალი თეონა ყველას გასაოცრად, იღიმებოდა.

  თეონას დამაჯერებელი სიზუსტით ახსენდებოდა ბავშვობიდან მოყოლებული ყოველი წყენა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ძმისაგან თუ მიუღია, ყოველ შემთხვევაში, აბსოლუტურად დაუმსახურებელი, მისი ბრალი რომ არ ყოფილა და ამიტომაც ძალიან, ძალიან რომ სწყენია.

  თეონა საკუთარ ბავშვობას უღიმოდა. ბავშვობას, რომელიც მხოლოდ მისით არასდროს ყოფილა შემდგარი. ყველგან ყოველთვის გვერდით ძმა ჰყავდა, მასზე ორი წლით უმცროსი ძმა, რომელთან ერთად ერთ სახლში ცხოვრობდა. ჯერ, სანამ პატარები იყვნენ, ერთ ოთახში ეძინათ.

თავიდან გვერდიგვერდ ედგათ საწოლები. მერე გამუდმებული ჩხუბების გამო მშობლებმა ტუმბოთი დააშორეს და ბოლოს უზარმაზარი კარადაც კი ჩაუდგეს შუაში. მაგრამ არ არსებობდა ბარიერი, რომელიც მათ გამუდმებულ ჩხუბებს დაუსვამდა წერტილს. “გაიზრდებიან, დაწყნარდებიან” იმედმა არ გაამართლა და ბაბა იძულებული გახდა თავისი საძინებელი, სადაც ვარდისფერი ატლასის ფარდები და ბროწეულისფერი აბაჟურიანი ჭაღი ეკიდა, დაეთმო და დასაძინებლად სასტუმრო ოთახში გადაბარგებულიყო.

ბაბას ყოფილ რეზიდენციაში ივიკომ დაიდო ბინა, თეონას მხოლოდ ვარდისფერი ფარდები არგუნეს, ისიც იმიტომ, რომ ივიკომ ლურჯი ფარდების დაკიდება მოითხოვა, ვარდისფერი არ მინდა, გოგო კი არა ვარო.

  მაგრამ იმ დროისთვის თეონა ივიკოსთვის უპირატესობების მინიჭებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ბიჭი იყო და თანაც პატარა, უკვე მიჩვეული იყო და აღარ სწყენია.

  აი, პირველად რომ გულამოსკვნილმა იტირა, ის წყენა მერე ბევრჯერ გაუხსენა მშობლებსაც, ბებიებსაც და ივიკოსაც, მაგრამ ამან უკვე აღარაფერი შეცვალა, ის კი არა, ივიკომ ისიც კი უთხრა, დაგაგოიმეო.

  შვიდი წლის იყო ივა, ზუსტად შვიდის, მშობლები რომ მოსკოვში წავიდნენ, უფრო სწორად, ჯერ მამა წავიდა ახალგაზრდა კარდიოლოგთა სიმპოზიუმზე და მერე დედამაც ჩააკითხა. “დედა მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო, თითქმის ჩემხელა, მე კი მაშინ რამხელა ქალი მეგონა, მამაჩემი 30 წლისაც არ იქნებოდა, მე კიდევ, პატარა ბავშვს, კაცი მეგონა!” – თეონას გაეცინა და გაოცებული თვალების რიცხვმა იმატა.

  “ეეჰ, ბრალი მისი, ვინც მოკვდება!” – ვიღაცამ სადღაც ვითომ თავისთვის, მაგრამ სხვების გასაგონად ჩაილაპარა. ვიღაცეები თავის ჩუმი დაქნევით დაეთანხმნენ, ზოგს ვითომ არც კი გაუგია, თეონას კი ნამდვილად არაფერი ესმოდა, მას ამისთვის არ ეცალა, მას წყენები ახსენდებოდა, რამდენიმე ერთდროულად, მერე გამოტოვებულად, დანაწევრებული. ივიკო მოსვენებას არ აძლევდა, იმ პირველი მნიშვნელოვანი წყენიდან მოყოლებული, დაგაგოიმეო, მოგვიანებით რომ აუხსნა. მაგრამ ის დღე ტრაგიკული თეონასთვის კი არა, ივიკოსთვის ყოფილა თურმე, რადგან იმ საბედისწერო დღეს ივიკო გუნიამ პირველი ბოროტმოქმედება ჩაიდინა, მისი ყველა სხვა დანაშაულიც იმ პირველი დანაშაულის გაგრძელებები იყო.

  ბება ივანე ბაბაუას პენსიას 30 მანეთს აკლებდა და ცალკე ინახავდა, თვის ბოლოს დამლაგებელისთვის რომ მიეცა. ფულს სასადილო ოთახში მდგარ კაკლის ხის კომოდის უჯრაში დებდა, რაც მარტო თვითონ იცოდა, არც ბაბას და არც ბაბის ამის შესახებ არაფერი სცოდნიათ. ბება თვლიდა, რომ ოჯახის წევრებს რაც ნაკლებად ჩაახედავდა მის პირად საქმეებში, მით უკეთესი იქნებოდა ყველასთვის, მაგრამ ყველა დანარჩენის ცხოვრების დეტალები მისთვის საინტერესო იყო. ამ მხრივ პრობლემას მხოლოდ რძალი უქმნიდა, რომელიც თავისი გულგრილი თავაზიანობით მოხერხებულად იცილებდა დედამთილის გამომცდელ მზერას და მის ცნობისმოყვარეობას ბოლომდე არასდროს აკმაყოფილებდა.

ბებამ ისიც იცოდა, რომც გადაეხსნა გული რძლისთვის, მას მაინც ვერაფრით დააინტერესებდა, თინიკოსთვის ერთადერთი სასაუბრო თემა მხოლოდ ბალეტი იყო, რაშიც დედამთილი კომპეტენტური თანამოსაუბრე ვერასდროს იქნებოდა.

  “დედაშენს ხომ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია, მაგისთვის “გედების ტბაზე” მნიშვნელოვანი არაფერია, არც ქმარი ადარდებს და არც შვილები, ამხელა სახლის დალაგება როგორ ხდება, წარმოუდგენია, საერთოდ?! ნინა რომ არ გვყავდეს, ამდენი უსაქმური ჭუჭყში ამოლპება", – ამ სიტყვებით გადათვალა მიღებული პენსია ბებამ და რადგან თვითონ წელი სტკიოდა და ვერ იხრებოდა, დამლაგებელ ნინასთვის მისაცემი ფული იქვე შემთხვევით აღმოჩენილ თეონას გაუწოდა: “ ქვემოდან მეორე უჯრაში ჩადე ეს ფული!” – კომოდისკენ თვალით ანიშნა დედის გამუდმებული კრიტიკის მოსმენით შეწუხებულ შვილიშვილს. თეონას ეს ამბავი იმავე საღამოს ივიკოსთან წამოსცდა, მაგრამ მალევე ინანა, ძმის გრძელი ენის ამბავი რომ იცოდა, შეეშინდა, დედასთან არ წამოსცდენოდა, ბებია რომ “უსაქმურად” მოიხსენიებდა და გააფრთხილა: “ დედასთან არ წამოგცდეს, იცოდე, თორემ თავს გაგიხეთქავ!” ივიკო სულაც არ აპირებდა დედისთვის რაიმეს მოყოლას, “მეტი საქმე არა მაქვს, ქალების საქმეში ჩავერევი!” – ივიკოსთვის მნიშვნელოვანი ბებიის მიერ დედის ლანძღვა სულაც არ იყო, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენდა და დედას რომც გაეგო, ყურადღებასაც არ მიაქცევდა, ივიკო კი შეიძლება გალახულიყო, და თანაც მაგრად, თეონას ფრჩხილების სიმწარე გამოცდილი ჰქონდა, ივიკოსთვის მნიშვნელოვანი ფულის შესანახი ადგილის აღმოჩენა იყო, “ქვემოდან მეორე უჯრაში, ქვემოდან მეორე უჯრაში”, – გუნებაში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ დავიწყებოდა და შესაფერისი დროის დადგომას დაელოდა. როცა მშობლები მოსკოვში წავიდნენ და შვილებს ფლომასტერების, სუნიანი საშლელებისა და სათამაშოების ჩამოტანას დაჰპირდნენ, ივიკოს დის ნათქვამი გაახსენდა, – “ბებამ დედაზე ესე თქვა, უსაქმურიო და 30 მანეთი კომოდის ქვემოდან მეორე უჯრაში ჩამადებინა.”

  მშობლების ჩამოსვლამდე ერთი დღე რჩებოდა, როცა ივიკო ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგა. თეონა მართალი აღმოჩნდა, კაკლის კომოდის ქვემოდან მეორე უჯრაში სამი ტკიცინა ლენინისთავიანი წითელი ათმანეთიანი იდო. თეონა აბაზანაში ბანაობდა და მთელი მონდომებით მღეროდა, “ო-ლე-ი-უ, ო-ლე-ი-უ, ო-ლე-ი-უ, ო-ლე...” “იმღერე, იმღერე, მალე გამღერებენ ყველა ენაზე!” – სიცილს ვერ იკავებდა ივიკო და უჯრიდან ამოღებულ ფულს თეონას ლეიბის ქვეშ მალავდა. “ესეც ესეე...” ოთახიდან გამოვიდა თუ არა, იატაკზე გაიშხლართა და ღრიალი დაიწყო დერეფნის ბოლოში დალანდული ბაბას სილუეტის ყურადღების მისაპყრობად. “წავიქეციიი...

ვაააა...” – არ ჩერდებოდა ივიკო და შეშინებულ ბაბას ეხუტებოდა. “ადექი, ბიჭო, რა გატირებს, პატარა ხომ არა ხარ, დედა, არ გამიხეთქა გული?” – შფოთვას უზიარებდა ბავშვის ყვირილზე ოთახიდან გამოვარდნილ ბაბის და ივიკოს მუხლზე კოცნიდა, ბებას სახლში მოსვლამდე წუთებიღა რჩებოდა. თეონა აბაზანიდან გამოსვლას არ ჩქარობდა და სიმღერას განაგრძობდა. ბებას მოსვლისთანავე ივიკო ბაბას ხელიდან დაუსხლტა, კოჭლობით ბებასთან მიირბინა, ფეხის წვერებზე აიწია და ყურში წასჩურჩულა: “თეონამ კომოდის უჯრიდან რაღაცა ფული მოგპარა და თავის ლეიბის ქვეშ დამალა, ოღონდ არ უთხრა, რომ გითხარი, თორემ მცეეემს...” და სახე სატირლად დაღრიჯა.

  “ქურდობაში მხილებული” თეონა საჯაროდ გაკიცხეს ჯერ ბებიებმა, შემდეგ კი მოსკოვიდან დბრუნებულმა მშობლებმა. “შენგან ამას არ მოველოდით!” – სასჯელი ფორმა თეონასთვის დამამცირებელი, ხოლო ივიკოსთვის სახეირო აღმოჩნდა, – თეონასთვის ნაყიდი საჩუქრები ივიკოს დემონსტრაციულად გადაულოცეს და ერთი კვირით ტელევიზორის ყურება და ეზოში ჩასვლა აუკრძალეს.

  “ქურ-დო, ქურ-დო! ქურ-დო, ქურ-დო!” – სამგლოვიარო პროცესიის სიჩუმეში ჩაესმა თეონას შვიდი წლის ძმის წკრიალა ხმა და და შეშინებულმა გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ მხოლოდ გაოცებული თვალები დაინახა, მისკენ მოპყრობილი ბევრი წყვილი თვალი, გაოცებული, გაკვირვებული, შეშფოთებული, ყველგან, მის გარშემო, მის ახლოს, გვერდით, წინ, უკან, მარჯვნივ, მარცნივ, დატრიალდნენ, წრეში ჩაებნენ, ფერხულს ცეკვავდნენ, ერთმანეთს ცვლიდნენ, ერთმანეთის ადგილს იკავებდნენ, ციბრუტივით ტრიალებდნენ, ერთმანეთს არ აცდიდნენ, მისკენ მოიწევდნენ, იზრდებოდნენ...

  “წყალი, წყალი, ნიშადური ვისა აქვს, ვაიმე, თეონა, თეონა!” ვიღაცამ ამოიოხრა: “ეჰ, ძმა იყო მაინც!”

  “ – ქურ-დო, ქურ-დო!…

  – გაჩერდი! 

  – მაშინ “ჟუვაჩკა” მომეცი!

  – არა!

  – არა?

  – არა!

  – ვთქვაა?

  – რა?

  – ვიტყვი, იცოდე!

  – ოოო, თქვი და მერე მეც ვიტყვი!

  – რაა?

  – რა და, რაც გაიგე!

  – ქურ-დო, ქურ-დო! აააა!..

დე-და, მიშველეეე, თეონა მცეეემს..

  – თეონა, თე-ო-ნა! არ გრცხვენია, ამხელა გოგოს? დაანებე ამ ბავშვს თავი, ვერ ხედავ, პატარაა, მორჩა! დასჯილი ხარ, ერთი კვირა ეზოში არ ჩახვალ!”

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია