12.

 

  სანდრო ობოლაძემ მანქანის ძრავა არ გამორთო; ღუმელი სასიამოვნოდ უთბობდა გაყინულ თითებს. თებერვლის პირქუში ქარი ხეებს ტოტებს ატეხდა და წელში ხრიდა. "ისეთი ამინდია, ძაღლი ქუჩაში არ გაიშვება", სანდრომ სიცივისგან გალურჯებული თითები ღუმელთან ახლოს მიიტანა, ვერა და ვერ გათბა. " – ჯანდაბა! ეხლა უნდა ვიდგე აქ და ამ ქალბატონს ველოდო!" “თეონა რა შუაშია, შენი პროფესია ეგაა, ძმაო!” – საკუთარ თავს შეუძახა და მოსალოდნელ ხანგრძლივ ლოდინს შეგუებულმა მანქანის მაგნიტოფონი ჩართო. რადიოს ტალღების მომართვა დაიწყო და ნაცნობ ხრინწიან, მხიარულ ხმას რომ მოჰკრა ყური, გააჩერა.

  –მადლობა ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გისურვებთ მშვიდობას რადიო “მშვიდობა” და განვაგრძობთ ვიქტორინას. ის, ვინც პირველი დარეკავს სტუდიაში და სწორ პასუხს გაგვცემს კითხვაზე, მოიგებს ორ ბილეთს ფილმზე “ალექსანდრე”. მაშ ასე, შეკითხვა: ჩინეთში შაბით გამურულ სათვალეებს ატარებდნენ მოსამართლეები.

რატომ ხდებოდა ეს? ა) დაეფარათ სახის გამომეტყველება. ბ) ყოფილიყვნენ მშვიდი სათვალის მეშვეობით, გ) არ მოეხდინა განსასჯელს ზემოქმედება თვალების მეშვეობით თუ დ) აეცილებინათ თავიდან ჰიპნოზი. მაშ ასე, შეკითხვა დასმულია და მე შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომერს.

  ნუციკო ბარბაქაძის მხიარულმა ხმამ სამალავში საგულდაგულოდ თავშეფარებულ მაძებარს თამაშის აზარტი გაუღვიძა და ერთი წამით დაავიწყა კიდეც თუ რა საქმეზე იყო მოსული, მან ნუციკოს ნაკარნახევი ნომერი აკრიფა. მის გასაკვირად, ყურმილი აიღეს. სანდრო ობოლაძისთვის პასუხი ამ მარტივ შეკითხვაზე, სანამ ვიქტორინის წამყვანი სწორი პასუხის შესაძლო ვარიანტებს ჩამოთვლიდა, უკვე ცნობილი იყო. რა თქმა უნდა, ბრძენი ჩინელი მოსამართლეები ამას იმიტომ აკეთებდნენ, რათა დაეფარათ სახის გამომეტყველება, რომლის შეცვლის რისკი საკმაოდ დიდი იყო, ადამიანებს ხომ ყოველთვის არ გამოსდით თამაში!

  სანდრო ობოლაძის ცხოვრებაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მან ტელევიქტორინაში მონაწილეობა მიიღო. პასუხი, რა თქმა უნდა, სწორი აღმოჩნდა და გამარჯვებულს ისღა დარჩენოდა, სტუდიაში მისულიყო და მოგებული ბილეთები მიეღო.

  “კარგად დაიწყო! ნუციკოს კარგად იცნობს, მარტო თეონასგან – არა.

ნუციკოს უფროსი ძმა და სანდრო ერთად თამაშობდნენ კალათბურთს ბავშვობაში. თეონაზე ინფორმაციებსაც მოიძიებს. პირველ რიგში, მობილურის ნომერს გამოართმევს. დიდი ამბავი! რა მოხდა, მერე, ძველი სიყვარული გაიხსენოს?!”

  შუქნიშანზე წითელი ფერი აინთო და სიხარულით აღელვებულმა სანდრომ ალალ ბედზე დაამუხრუჭა.

  ფიქრებში წავიდა. “რაო-რაო? ძველი სიყვარულიო? შენ ის ბიჭი არა ხარ, თეონა გუნიას გახსენებაც არ მინდა, უბრალო გატაცება იყოო, საკუთარ თავს რომ უმტკიცებდი?” წარსულის გახსენებამ სანდრო გაამხიარულა და ტელევიზიამდე სულ ღიღინ-ღიღინით მივიდა.

  ბილეთებით ხელდამშვენებული ვიქტორინაში გამარჯვებული ტელევიზიის შენობიდანაც გახარებული გამოვიდა. ბევრი საჭირო ინფორმაცია მოიძია, დილიდან უმართლებდა: ავანსად 500 დოლარი მიიღო, თვალთვალის ობიექტსაც კარგად იცნობდა, მასზე იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე მოეთხოვებოდა, თეონა ისევ ძველ მისამართზე ცხოვრობდა და ტელეფონის ნომერიც იგივე ჰქონდა. “სასწაულია! აბა, რა! მაინცადამაინც რადიო “მშვიდობა” რომ ჩართო, კითხვაც ისეთი იყო, პასუხი დანამდვილებით იცოდა, და დარეკა! და გავიდა! და მოიგო!” – ასეთი სიხარულის დაფარვა ძნელი იყო.

“რაღა მაინცდამაინც ნუციკო შეხვდა, ამასაც ხომ ბედი უნდოდა, თეონას მეგობარი ნუციკო, რომელმაც, მართალია, სანდროს დანახვაზე ბევრი იცინა, შეიძლება, დასცინა კიდეც, (ნუციკო ხომ ზედმეტად ცინიკური იყო), მაგრამ მაინც ხომ დაუკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა პრიზის მისაღებად მისულ ძველ ნაცნობს:

  – თეონა კარგად არის, ნანიკო ამერიკაშია, იქ ცეკვავს, ზუკა უკვე დიდი ბიჭია, 10 წლის გახდა. მოკლედ, რა ვიცი, შენ რა გაინტერესებს?

  სანდრო ობოლაძემ უწყინრად მხრები აიჩეჩა და ნუციკოს მეგობრულად გაუღიმა. ღიმილი სანდროს ერთგული იარაღი იყო, არ ახსოვს, ოდესმე მისთვის ემტყუნოს. ამჯერადაც გამოადგა. სიხარული კიდევ უფრო გაიზარდა, როცა თეონას მობილური ტელეფონი სწორედ იმ კომპანიაში აღმოჩნდა ჩართული, სადაც სანდროს მეგობარ გუგას ცოლი ნინო მუშაობდა. ნინოს არასდროს უთქვამს სანდროსთვის უარი მისთვის საინტერესო აბონენტის მიერ გაკეთებული ზარების ამობეჭდვაზე, არც სანდროს დავიწყებია ნინოს დაბადების დღე, ახალი წელი და ნინაობა. “ტელეფონით ამ საკითხზე ნუ დამელაპარაკები, უმჯობესია, ოფისში მოხვიდე,” – ნინოს თხოვნას სანდრო ყოველთვის ითვალისწინებდა და ახლაც პირდაპირ ოფისში მივიდა.

თან მარტო თეონას გამავალი ზარები კი არა, ყველა იმ ადამიანის ვინაობა აინტერესებდა, რომლებთანაც თეონა ტელეფონით კონტაქტობდა, შესაძლოა, ისინიც ამ კომპანიის აბონენტები ყოფილიყვნენ.

  სანდრომ ხელები მოიფშვნიტა და მინის კარი შეაღო.

 

  13.

  ბებიებისგან სახლში დაბრუნებული თეონა ვერა და ვერ გათბა, გაზის გამათბობელთან ახლოს დადგა და ფანჯარაში გაიხედა. “ისეთი ამინდია, ძაღლი ქუჩაში არ გაიგდება” – გაიფიქრა. საათს დახედა, – “ჯერ ადრეა, ძალიან ადრე.” 

  დილიდან ცუდ ხასიათზე იყო, ღამე რაღაც სიზმარი დაესიზმრა და ვერაფრით გაიხსენა, – რა. მერე დედა გაახსენდა, ივიკოზე ფიქრმაც ტრადიციულად დაუმძიმა ხასიათი, ბოლოს ნუციკომ დაურეკა და სიცილით უთხრა, – დღეს სტუდიაში აბა, თუ მიხვდები, ვინ მოვიდა, დილის ვიქტორინაში გაიმარჯვა და ორი ბილეთი მოიგო კინოთეატრში, შენზეც რაღაცეები მკითხა, რას აკეთებს, რას საქმიანობსო, შენი მობილურის ნომერიც გამომართვა, მეც რა მექნა, ბავშვები ხომ არა ვართ, ავდექი და მივეცი, ასე რომ, დღეს თუ დაგიროკოს და კინოში დაგპატიჟოს, არ გაგიკვირდესო, – და თეონას გასაკვირად, ეს ვიღაც აღმოჩნდა სანდრო ობოლაძე, – ხასიათი ამან კიდევ უფრო დაუმძიმა. თეონას სანდროს გახსენება არ უყვარდა, საერთოდ, არ უყვარდა წარსულის გახსენება, მით უმეტეს, წარსული წყენების, მაგრამ არც ივიწყებდა, ახსოვდა და ამ ხსოვნის ხელის შეხებას შეძლებისდაგვარად ერიდებოდა.

  “რაღა დროს სანდრო ობოლაძეა! კინოში დამპატიჟებს? ახლა, როცა ამდენი წელი გავიდა, დამირეკავს და ბილეთებით დამადგება? აბსურდი! ისე, უბრალოდ, ზრდილობის გამო მომიკითხა და მეტი არაფერი!”

  სანდრო ობოლაძეზე ფიქრი ბებიების გახსენებამ შეცვალა.

თეონას ბებიების ექვსოთახიანი ბინა ბარნოვზე უცხოელზე ჰქონდა გაქირავებული, ბინის ქირა ბებიების გაძლიერებულ კვებასა და მათი ფსიქოტროპული წამლებით მომარაგებას ხმარდებოდა, თვითონ ბებიები კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ ვერაზე, იტალიურ ეზოში. თეონა იქ უკვე ცუდ ხასიათზე მივიდა, ამერიკელმა მდგმურმა დაურეკა და გააფრთხილა, თვის ბოლოს ამერიკაში ვბრუნდები და გასაღებს ჩაგაბარებო.

 ბებამაც კიდევ უფრო ცუდ ხასითზე დააყენა მოსალოდნელი სიკვდილის მუქარით, არც ბაბამ და ბაბიმ დააკლეს, მათმა მომვლელმა ზაირამაც ნერვები მოუშალა, 50 ლარით გამიზარდე ხელფასი, ამათი ატანა შეუძლებელია, ბება სიმულიანტია, წამოგორებულა ლოგინში და ნებივრობს, სადისტია, სიამოვნებს სხვები რომ იტანჯებიანო, ვითომ თეონამ არ იცოდა(!) თუ არა და, წავალო. – თეონასაც რა ექნა, მოუმატა ხელფასი, “აბა, თვითონ გაათიოს ერთი ღამე მათთან! ან კი, რატომ? რა დააშავა თეონამ? ბავშვობა ხომ გაუმწარეს, განსაკუთრებით ბებამ და ბაბიმ, ბაბას რას ერჩის, მას ხომ არაფრისთვის არ ეცალა, ყოველ დღე ვიღაც არჩილს სწერდა წერილებს და მერე ეს წერილები ისევ უკან უბრუნდებოდა, ამა და ამ მისამართზე ესა და ეს არ ცხოვრობსო, მაგრამ იყო კი რელური ეს ვიღაც არჩილი? მისი მნახველი და ნაცნობი თბილისში არავინ იყო. “იგონებს, მთელი ცხოვრება რაღაცეებს იგონებდა, ეხლა არჩილი აიჩემა, ფანტაზიორია”, – უთხრა თეონას ერთხელ ბაბიმ და თეონას ბაბა შეეცოდა, დღემდე იმ სიბრალულით ეცოდება ბაბა. თეონას ხასიათის დამძიმებაში მასაც მიუძღვის ბრალი, დაიმარტოხელა თეონა თუ არა, ჩუმად წასჩურჩულა ყურში: “ორსულადა ვარ, მაგრამ არ ვიცი საიდან, ექვსი თვეა კაცთან არ ვყოფილვარ”. თეონამ ვეღარ მოითმინა და ჰკითხა, – ექვსი თვის წინ ვისთან იყავიო? უკვე აღარ ეცინებოდა ბაბას ასეთ განცხადებებზე, აღარც უკვირდა. ეს პირველად იყო, რომ შეეშინდა და შიშისაგან სიცილი აუტყდა, ბაბამ რომ საზეიმოდ ხმამაღლა გამოაცხადა: “Дамы и Господа! Выступает Народная Артистка Советского Союза Бабале Чкадуа и исполняет арию Татьяны из оперы «Евгений Онегин» და არიის შესრულება დაიწყო.

  წამლებს დროულად ვასმევო, – იფიცება ზაირა. რა ქნას? სჯერა, ფსიქიატრიც არ ატყუებს, რომ ეუბნება თეონას, ამათი იზოლაცია საჭირო არ არის, ესენი, უბრალოდ, ფსიქოპატები არიანო.

მაგრამ ბებიები ისევ ისე აგრძელებენ: ბება იმუქრება, მოვკვდები და გეტირებათ ყოფაო, ბაბა შეყვარებულია და ბაბის «რა ვჭამოთ?» კითხვის მეტი არაფერი აწუხებს.

  თეონა ამას დიდი ხანია შეეგუა და ამჯერადაც შეეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, როცა ბებამ ყვირილი დაიწყო, დამიბრუნე ჩემი ბინაო. «კი ბატონო, გადააბარგებს ამათ ისევ ექვსოთახიან ბინაში ვაკეში, ისედაც მიდის ის ამერიკელი და რას შეჭამენ, ერთი ვნახოთ!»

  ზუკას დასახვედრად წასვლის დროც დადგა. სადარბაზოში ქარის ღმუილი ისმოდა. გარეთ გამოსულ თეონას ქარმა სახეში მტვერი შეაყარა, თითქოს, უკან უპირებდა შეგდებას. თეონა სუფსარქისის ქარს გაებრძოლა და სირბილით გაიკვლია გზა გადასასვლელისაკენ. ჯიხურის გვერდით ისე არ მძვინვარებდა ქარი, «ავტობუსი ათ წუთში მოვა.»

 

  14.

  თეონას მობილური ტელეფონიდან დარეკილი ზარების ამონაბეჭდმა კერძო დეტექტივს ახალი თავსატეხი გაუჩინა – მეგობრებთან და შვილთან ამერიკაში დარეკილი ზარების პარალელურად იყო ერთი მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც კერძო პირზე არ იყო გაფორმებული, “სამინისტროს ბალანსზეა აყვანილი” – ხმადაბლა უთხრა ნინომ, როცა მეუღლის მეგობრის თხოვნაზე, მოეძებნა ამ ნომრის პატრონის ვინაობა, კომპიუტერისგან უარი მიიღო.

  – იქნებ, მაინც გეცადა და სამინისტროს თანამშრომლების სია გენახა, დავიჯერო, სამინისტრო ყველა თანამშრომელს უხდის მობილურით სარგებლობის საფასურს? – არ დაიბნა სანდრო და ნინომაც კომპიუტერზე სამინისტროს თანამშრომლების სია გახსნა.

  – შენ მართალი ხარ, ჩვენი კომპანიით სარგებლობს სულ შვიდი თანამშრომელი, მინისტრი, მისი სამი მოადგილე და სამიც დეპარტამენტის უფროსი, აქედან ყველა კაცია! – და სანდროს მრავალმნიშვნელოვნად გადმოხედა.

  მეგობრის ცოლის კარნახის გარეშეც ეჭვიანობამ კინაღამ დაახრჩო სანდრო, როცა ამობეჭდილი ნომრების ნუსხაში ყველაზე ხშირად ერთი ნომერი იყო აკრეფილი, პირდაპირ თვალში მოსახვედრად და სანდროს გულის გასახეთქად.

სანდრო საკმაოდ კარგად იცნობდა თეონას. “ესე იგი, სიყვარულია, გრძნობა, რადგან თეონა არ არის ის ადამიანი, ყველაზე ახლო მეგობარსაც კი ყოველ დღე დაურეკოს. მეგობრებიც სულ იმას საყვედურობდნენ, ჩვენ თუ არ დაგირეკეთ, შენ არც კი გაგახსენდებითო, თეონა კი იცინოდა და სანდროს ეუბნებოდა: გიხაროდეს, ერთადერთი ადამიანი შენ ხარ, რომლის ხმის გაგონებაც არასდროს მომბეზრდებაო. ახლა ვიღაც სხვისი ხმა ენატრებოდა თეონას, დღეში რამდენჯერმეც ურეკავდა. “რა თქმა უნდა, უყვარს.” – ასეთმა დასკვნამ სანდრო ააწრიალა. თვითონაც დაინტერესდა, აბონენტი უთუოდ ერთ-ერთი მათგანი უნდა ყოფილიყო. ყველა ნაცნობი სახე აღმოჩნდა, ტელევიზიის ეკრანზე ხშირად რომ ჩნდებიან სოლიდური გარეგნობითა და გამოსვლებით.

“არ არის გამორიცხული, მინისტრიც იყოს, მაგრამ არა! თეონა მამის ტოლ კაცს არ შეიყვარებდა, არც დაბალ და მსუქან კაცთან გააბამდა რომანს, ერთ მოადგილეს ულვაშები აქვს, მეორეს – წვერები, თეონა არც მათ მოიწონებდა. “სახე უნდა იყოს სუფთა!” – ეს მისი უპირველესი მოთხოვნა იყო. როგორ უყვარდა სანდრო, მაგრამ თუ სუფთად არ იყო გაპარსული, ახლოს არ გაიკარებდა. “სახის თმაზე ალერგია მაქვს, რომ მომედო, დამფოთლავს.” – სანდროც იძულებული იყო მისთვის ასე არასასურველი პროცედურა ჩაეტარებინა, თანაც დილაობით, რადგან “ღამე რომ გაიპარსავ სახეს, დილისთვის თმა მაინც ცოტათი ამოსული იქნება, ასე რომ, დილით გაიპარსე, კარგი?” – ეს თეონას თხოვნა იყო, რომელსაც სანდრო მთელი მათი სამწლიანი შეხვედრების მანძილზე მორჩილად ასრულებდა. აქედან გამომდინარე, თეონა მათ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიიკარებდა. დარჩა ორი სავარაუდო კანდიდატი, ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარე და ერთიც მინისტრის მოადგილე, ორივე ახალგაზრდა, სიმპათიური და ინტელექტის პატრონია. "ნეტავი რომელია?” – ამაზე ფიქრმა საღად მსჯელობის უნარი დაუკარგა.

“რომელია? რომელია?” თანდათან ზიზღით ივსებოდა უკვე აშკარა მეტოქის მიმართ, ჯერ დამარცხებული და მერე შურისძიების სურვილით შეპყრობილი კაცის გაჭირვებული ღიმილით დაემშვიდობა მეგობრის ცოლს და მანქანაში ჩაჯდა.

 მანქანის ძრავა ჩართო და გახურებას დაელოდა. “მაინც რომელია? ირაკლი ნოზაძე თუ ლაშა დამენია? რომელი?” ირაკლის კარგად იცნობდა, დედამისის სკოლაში სწავლობდა, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, უნივერსიტეტში პირდაპირ მეორე კურსზე დასვეს და საქართველოში ყველაზე ახალგაზრდა აკადემიკოსია, ცოლი ჰყავს და შვილები... ცოლშვილიანი კაცის სიყვარულს გაბედავდა თეონა? თუ ცოლიანზე თანახმა იქნებოდა, სანდრო ამას ვერასოდეს დაუშვებდა, “შენ რომ ცოლი მოიყვანო, მე მოვკვდები, დავწვები ლოგინში, გადავიფარებ საბანს თავზე და სიკვდილს ისე დაველოდები.” და თეონამ თავზე საბანი გადაიფარა, სანდრომ თავზე აკოცა: “სულელო, მე ცოლის მოყვანას არ ვაპირებ!” დღემდე არ იცის, სხვა რა უნდა ეთქვა, მაგრამ თეონა ამ პასუხმა ცუდ ხასიათზე დააყენა, ხმა არ ამოუღია, ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი უთხრა, და როცა ცოლის მოყვანას დააპირებ, წინასწარ გამაფრთხილე, შენი სახის დავიწყება რომ დავიწყო, მე შენ ცოლიანი აღარ მეყვარებიო. სანდრომ გაიცინა და საბნის ქვეშ თავი შეჰყო, სიბნელეში თეონას თვალები რომ დაინახა, შეეშინდა, მხოლოდ დამღუპველი სტიქიის შემყურეთ თუ აქვთ ასეთი მზერა. სხვა დროს არასდროს უნახავს თეონას ასეთი გამომეტყველება, მაგრამ საბნის ქვეშ რბილ სიბნელეში ანთებული თვალები დღემდე არ დავიწყებია.

  სანდრო ობოლაძე დარწმუნებული იყო, თეონა ცოლიანი კაცის სიყვარულს ვერ შესძლებდა, ისევ მისი ხასიათიდან გამომდიანრე, იქნებ ლაშა დამენიაა? მაგრამ ლაშაზე ამბობენ, კაზინოში თამაშობსო, თეონას კი მოთამაშეებიც სძულდა, “კაზინოს პაციენტებს” ეძახდა, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ გავლილმა წლებმა თეონას ხასიათი შეუცვალა?” – ამან თეონას ნახვის სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა და მისი სახლისკენ მიმავალი საკუთარ თავს გამოუტყდა იმაში, რომ თეონა მისთვის სულაც არ ყოფილა სულერთი. 

  15.

  ტელევიზიის ბარში დღის ნებისმიერ დროს ყველა მაგიდა დაკავებულია, მაგრამ შემოსულები დაჯდომას მაინც ახერხებენ, თვალებით ეძებენ ნაცნობებს და პოულობენ, ყველა იცინის და კარგ ხასიათზეა.

თუ ოდესმე ვინმე შეხებია ტელევიზიას, ამ ჯადოსნურ რეალობას, არასდროს დაავიწყდება ის თავბრუდამხვევი სუნი, რომელიც ჯერ შორიდან გიტრიალებს, მერე მოგიახლოვდება, შემოგეჩვევა და თავს ისე შეგაყვარებს, მის დავიწყებას ვერასდროს შეძლებ. სწორედ ამ სუნს ვერ ელევიან ტელევიზიის ბარში მსხდომნი, მაღალ კიბეებზე ამავალნი და ჩამავალნი, სამონტაჟოში, საგრიმიოროში ან კი უბრალოდ, ფოიეში მდგომი ადამიანები. არსად იმდენ სიგარეტს არ ეწევიან და იმდენ ყავას არ სვამენ, რამდენსაც ტელევიზიაში, არსად ისე ბედნიერები არ არიან, როგორც ტელევიზიაში, – ასე ფიქრობს ტელევიზიის ყველა პატრიოტი, ვერც შეედავები.

  ნუციკო ბარბაქაძისთვის რომ გეკითხათ, ტელევიზიის ხსენებაზე აუცილებლად დაიჯღანებოდა, მაგრამ, ამავე დროს, ტელევიზიის ერთ-ერთი თავგამოდებული პატრიოტი იყო. დაბადებული იყო იმ ცხოვრებისათვის, რასაც ტელევიზია იძლეოდა, არასდროს უძებნია სხვა სამსახური, ოცი წელი შესრულდა, რაც ნუციკომ ბავშვობის ნატვრა აისრულა და ტელევიზიის ეკრანზე გამოჩნდა. მაშინ თვითონაც ბავშვი იყო, მეშვიდე კლასში სწავლობდა და სულ არ ელოდებოდა, ისე შემოვიდნენ კლასში რუსულის გაკვეთილზე ორი უცნობი მამაკაცი. ერთს წვერები ჰქონდა და დიდი სათვალე ეკეთა, მეორე უფრო ახალგაზრდა იყო და ირმებიანი ჯემპრი ეცვა.

უცნობებმა რუსულის მასწავლებელი გალინა ლვოვნა ოთახიდან ზრდილობიანად გაიხმეს. მერე სამივე ერთად დაბრუნდა და ახლა ნუციკოს დაუძახეს. შიშით ნიკაპი უკანკალებდა დირექტორის კაბინეტისკენ მიმავალ ნუციკოს, უცნობი კაცებიც უხმოდ მოუყვებოდნენ გრძელ დერეფანს. “მარტო სკოლებში დგას ასეთი სიჩუმე” – ერთმა მეორეს გადაულაპარაკა, სათვალიანმა თავი დააქნია და გაიღიმა. დირექტორის გაღიმებული სახე რომ დაინახა, თეონამ შვებით ამოისუნთქა, მისი სკოლიდან გაძევების საშიშროება გამოირიცხა. ნუციკო საკუთარ ყურებს არ უჯერებდა, როცა უცნობმა კაცებმა, ერთს ბატონი მიშა ერქვა, მეორეს – ნოდარი, სკოლის დირექტორს ახალი საყმაწვილო გადაცემის წამყვანობაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ნუციკოს გამოშვება სთხოვეს. “ეს, პირველ რიგში, ჩვენი სკოლის პრესტიჟია.” – პატივი შეიფერა დირექტორმა და ისე გაუღიმა ბატონ მიშას, ნუციკომ თვალებს არ დაუჯერა.

“თურმე, ჩვენი დირექტორი იღიმება!” – სასწაული ხდებოდა ნუციკოს გარშემო, თავი ზღაპარში ეგონა, ამდენი საქებარი სიტყვა მისი მისამართით ჯერ არასდროს მოუსმენია, გალინა ლვოვნას საყვარელი მოსწავლე რომ იყო, ეს ისედაც იცოდა და არ გაჰკვირვებია ნოდარის სიტყვები, – რუსულის მასწავლებელმა მარტო ეს ბავშვი გვირჩია, ეგეთი რუსულის მცოდნე მთელ სკოლაში არა არისო, მაგრამ დირექტორისგან უკვირდა მისი მისამართით ნათქვამი საქებარი სიტყვების კორიანტელის მოსმენა. – ეს ისეთი მშობლების შვილია, ცუდი ვერ იქნება, ბრწყინვალედ იცის ყველა საგანი, საპატიო დაფაზეა გამოკრული, ამას წინათ ოლიმპიადაზე გაიმარჯვაო. “ალბათ, ვიღაცაში ავერიე”, – ნუციკოს გული დაწყდა, რატომ არ სწავლობდა ხუთებზე, რატომ იგვიანებდა გამუდმებით, რატომ შეეპასუხა ქიმიის მასწავლებელს, რომელმაც შენიშვნა მისცა, ფანჯარაში რატომ გაიხედე, მე უნდა მიყურო თვალებშიო, რატომ გამოყვა წინა სემესტრში ალგებრაში ორი, აბა, ოლიმპიადაზე ვინ გაუშვებდა ოროსანს? მოგვიანებით მიხვდა სკოლის დირექტორის ტაქტიკას, რომელიც თვალის დასანახად ვერ იტანდა ნუციკოს მშობლებს და ნუციკო ერთი-ორჯერ გალახულიც კი ჰყავდა დასვენებაზე, რატომ ხმაურობო, მაგრამ სკოლის პრესტიჟს ხომ გაფრთხილება სჭირდებოდა! ასე რომ, ქვეყანაზე რომ სასწაულები ხდება, ამის წყალობით ნუციკო ბარბაქაძე ტელევიზიაში მოხვდა.

  შუშებიან შენობაში მოხვედრილ ბავშვებს ლოყები აწითლებული ჰქონდათ, სიხარულს ვერ ფარავდნენ. კონკურსი სამ დღეს გრძელდებოდა. ბოლო დღეს სამნი დარჩნენ და სამივეს წამყვანობის პატივი ერგო წილად. გადაცემა სამ ენაზე უნდა გასულიყო; ქართული გამოშვების წამყვანად პირველსკოლელი გიორგი გაფრინდაშვილი დაამტკიცეს, ნუციკო რუსულ ენაზე წაიყვანდა გადაცემას, ხოლო ინგლისურ ენაზე – თეონა გუნია.

  ნუციკო და თეონა იმ დროიდან მეგობრობენ. ეს იყო ორი ერთმანეთის ანტიპოდი. ერთი გამუდმებით იგვიანებდა, ტექსტი ავიწყდებოდა და გადაღების დროს სიცილი უტყდებოდა, მეორე კი გადაღებაზე ყველაზე ადრე მოდიოდა, ტექსტებს ერთი წაკითხვით შეუცდომლად იმახსოვრებდა და პირველივე დუბლი წარმატებული გამოსდიოდა.

ორივემ სიგარეტის მოწევა და ბიჭების თვალიერება ტელევიზიაში დაიწყო, უფროსებზე ჭორებსაც პირველად ტელევიზიაში მოჰკრეს ყური და გაოცებისგან ორივემ პირი დააღო, როცა გაიგეს, რომ ნოდარს საყვარლად კაცი ჰყოლია.

  გადაცემამ გოგოებს პოპულარობა მოუტანა. ნუციკომ სკოლა ოთხებზე დაამთავრა; ვერც ერთმა მასწავლებელმა ვერ გაბედა პოპულარული წამყვანისთვის ის ნიშანი დაეწერა, რასაც ის იმსახურებდა, მაშინ ხომ ნუციკო სკოლას ვერასდროს დაამთავრებდა! “მაინც მაგათზე მეტი ვიცი, მთელი რუსული მწერლობა წაკითხული მაქვს, ქართულიც და მსოფლიო კლასიკაც, სულაც არ მჭირდება კოსინუს-სინუსი და ნიუტონის კანონები ცხოვრებაში, რა, არა ვარ მართალი?” – ეკითხებოდა საკუთარ თავს ნუციკო და გულს იმით იწყნარებდა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მათემატიკა არ ბარდებოდა.

  არც თეონას ცხოვრებაში ჩაუვლია უკვალოდ ტელევიზიაში მოღვაწეობას. სწორედ ეკრანზე ნახა თეონა პირველად გერა ფოცხვერაშვილმა და მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა.

“სკოლას როგორც კი დავამთავრებთ, მოვიტაცოთ!” – ერთად მოილაპარაკეს გერამ და მისმა მეგობრებმა და ჩანაფიქრი ბოლო ზარზე განახორციელეს.

  “გათხოვილი ქალი საყმაწვილო გადაცემას ვერ წაიყვანს!” – მწუხარებით თავი გადააქნია-გადმოაქნია ბატონმა მიშამ და თეონას გადაცემის წამყვანობიდან განთავისუფლების ბრძანებას ხელი მოაწერა. მაგრამ ნუციკოს არ გაუწყვეტია კავშირი თეონასთან, ისევე, როგორც ტელევიზიასთან. თეატრალურ ინსტიტუტში სწავლებასთან ერთად ნუციკო ტელევიზიის უშტატო თანამშრომლად ირიცხებოდა, ხან თეატრალურში იყო, ხანაც – ტელევიზიაში, სხვაგან არსად დადიოდა, უბრალოდ, ვერ მოასწრებდა სცენისა და ეკრანის იქით არსებობას. არც გათხოვებამ შეუშალა ხელი და არც შვილის გაჩენამ, ბოლომდე უერთგულა საყვარელ საქმეს. როცა მთავარ რედაქტორთან იჩხუბა და იძულებული გახდა ეკრანს ჩამოშორებოდა, ტელევიზიის შენობაში დარჩენის გამოსავალი მაინც იპოვა – რადიო-დეპარტამენტში გადავიდა და დილის წამყვანობასაც დათანხმდა. როგორ არ მოინდომა, მაგრამ მაინც ვერ ასწრებდა სტუდიაში ზუსტ დროს გამოცხადებას, მესამე საყვედურის გამოცხადების შემდეგ გაგდებასაც სასწაულებრივად გადაურჩა და დაიფიცა, აღარასოდეს დაიგვიანებდა. თავიდან გაუჭირდა მაღვიძარას ხმაზე თბილ ლოგინთან განშორება და ცივ აბაზანაში შესვლა, მაგრამ ბოლოს შეეჩვია და აღარ დაუგვიანებია.

მაგრამ როცა არ უნდა ეკითხათ, ტელევიზიის ხსენებაზე ნუციკო სულ იჯღანებოდა და ცხვირს იბზუებდა.  

  – ხო, ტელევიზიაში ვაგდივარ! – აგდებით უთხრა ნუციკომ თეონას, რომელმაც ვერ მოითმინა და სანამ ზუკას გაჩერებაზე ელოდებოდა, ნუციკოს მობილურით დაურეკა. – რა უნდოდა სანდრო ობოლაძეს ტელევიზიაში? ხომ გითხარი, ვიქტორინაში გაიმარჯვა – მეთქი, – რა ვიქტორინაში? – ვერ გავიგე, შენ რა, ჩემს გადაცემებს არ უსმენ? – ვითომ გაბრაზდა ნუციკო.

  – ვერ ვახერხებ, – თავი იმართლა თეონამ. – მითხარი წესიერად, ვიქტორინა მიგყავს რადიოთი და იმან დაგირეკა? გაგიჟდა? – გაეცინა თეონას.

  – და როდის იყო რო დალაგებული? ჩემთან, სხვათაშორის, ძალიან ნორმალური ხალხი რეკავს, ზოგი იგებს, ზოგი – არა! – ღადაობის ხასიათზე დადგა ნუციკო.

  – რა კითხვას გასცა პასუხი? – არ ეშვებოდა თეონა.

  – მეზარება ეხლა მაგის მოყოლა, შენ კიდევ მობილურით რეკავ და გაიწეწე.

  – კარგი, ჩემზე რა გითხრა, ეგ მაინტერესებს.

  – ჰოოო... შენ თვითონ გახსენა, მკითხა, აქეთ არისო? რა კრეტინია, ვითომ არ იცის, აქ რომ ხარ, მოკლედ, ორი ბილეთი მოიგო, შენი ტელეფონიც დიდის ამბით გამომართვა, ერთი, თუ დაგირეკავს, მომიყევი მერე და ვიცინოთ.

  – რაზე უნდა ვიცინოთ? – თეონას სანდრო ობოლაძის ხსენებაზე არასდროს გასცინებია.

  – რაზე, ჩემო თეონა და, იმაზე, რომ ამ კაცებს მაგრად აკლიათ, და ჩვენ, ქალებს, როცა ამას ვერ ვამჩნევთ, ჩვენც მაგრად გვაკლია, ამიტომაც, ყველაფერს შეხედე ზედაპირულად, ნუ აღრმავებ ხოლმე შენებურად, სანდრო ობოლაძე გინდა ეხლა შენ? ყველაფრის თავიდან დაწყება გინდა? უნდოდა ცოლი? მოიყვანა? ჰოდა, ნუღარ აიწეწავს ცხოვრებას, უთხარი! კინოში გაყოლას ხომ არ აპირებ, ა? რას გაჩუმებულხარ?

  – არა, ვფიქრობდი.

  – ჰოდა, იფიქრე! წავედი, წავედი ეხლა მე და ვნახოთ, თუ გვიან არ განვთავისუფლდი, მოვალ. იქნები სახლში?

  – კი.

  – ეხლა სადა ხარ?

  – გაჩერებაზე.

ზუკას ველოდები.

  – რა თქმა უნდა, ნახევარი საათით ადრე ხარ მიფეთებული, არა? კაი, წავედი და მოვალ.

  თეონა ნუციკოს დაემშვიდობა და საათს დახედა, “ნეტავი მალე მოვიდეს ზუკა, საფიქრალი დრო ნაკლები ექნება, არ უნდა ფიქრი, არაფრის გახსენება არ უნდა ეხლა. სანდრო ობოლაძე, რატომ გამახსენე თავი?” – ფიქრი ჯიუტად მოდიოდა, ავტობუსი კი, თეონას ჯინაზე, არ ჩანდა. ადრე უფრო მტკივნეულად ენატრებოდა სანდრო, ტკივილამდე, ყოველ წამს და წუთს, ძილშიც და ცხადშიც, ეგონა, მთელი ცხოვრება ასე დაიტანჯებოდა. მერე ნელ-ნელა შეეგუა ახალ ცხოვრებას, თუმცა, ბევრი არც არაფერი შეცვლილა; დილით ისევ იმ დროს იღვიძებდა, ისევ იმ სამსახურში მიდიოდა და ისევ იმ ხალხს ხვდებოდა ყოველდღიურად, სამსახურიდან სახლშიც იმავე გზით ბრუნდებოდა და ისევ იმდენი სათარგმნი ჰქონდა, – როგორც ადრე. ერთადერთი, სანდრო გაქრა ყოველდღიურობიდან. გაქრა ერთხელ და სამუდამოდ.

  დრომ მართლა უმკურნალა თეონას ტკივილს და მოარჩინა, მისი ახლანდელი ცხოვრება კი მაშინდელისგან ბევრი რამით განსხვავდებოდა, თეონას მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, არც სათარგმნი ჰქონდა ბევრი, დრო კი ძველი სიჩქარით გადიოდა, უკანმოუხედავად. თეონას ის დრო დაენანა, რომელიც ყოველ დღე იხარჯებოდა და ერთხელაც იქნებოდა, გამოილეოდა.

“აი, სანდროზე ფიქრს სულ ეს უიმედობა მოჰყვება, სიკვდილის სიახლოვე და დაბერების შიში, არ უნდა იფიქროს სანდროზე, ირაკლიზე იფიქროს, ურჩევნია! ან ირაკლიზე რაღას იფიქრებს, რაც უკვე ათასჯერ ნაფიქრი და განსჯილი აქვს. შეჩვეულია ყველაფერს, ჩუმ შეხვედრებს, ორსაათიან ალერსს, სადარბაზოდან ჯაშუშივით გამოსვლას და ქუჩის კუთხემდე ჩქარი ნაბიჯებით მისვლას, ვინმემ არ დაინახოს! თორემ, ხომ იცი, თბილისი პატარა ქალაქია და როგორც ყველა პატარა ქალაქი, ჭორების ქალაქი. ყველა ერთმანეთს იცნობს და ერთ საათში შეიძლება გაგიბაზრდეს ის, რის შენახვასაც წლები შეალიე. ეს კი, პირველ რიგში, ირაკლის ავნებს, ირაკლის არ აწყობს და რადგან ამით ირაკლი დაზარალდება, თეონასაც არ უნდა, ვინმემ მათი ურთიერთობის შესახებ იცოდეს.

ზედმეტი შარია – სხვა თუ არაფერი, ცოლი ჰყავს ირაკლის, ცოლი და სამი შვილი.”

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია