16.

  "ამ კაცებს რომ თავში ტვინი ჰქონდეთ!" – არც მაინცდამაინც ყველას გასაგონად, მაგრამ არც მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა ნუციკომ, როცა თეონასთან ტელეფონით საუბარი დაასრულა. მერე იმ წუთის მოსულ ხმის რეჟისორ ნინო გალდავას მოუბრუნდა და ჰკითხა:

  – ნინო, გახსოვს თეონა? გადაცემა რომ მიგვყვდა ბავშვობაში, ხოდა, ადრე, ძალიან ადრე რომანი ჰქონდა ერთ ბიჭთან, მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, ვისთან, იმან ცოლად არ მოიყვანა. ხომ იცი, თბილისური პონტები, განათხოვარი, შვილიანი, თან თეონა ორჯერ განათხოვარი ორი შვილით, მოკლედ, იმ ბიჭმა ცოლად არ მოიყვანა, დედიკოსი შეეშინდა, სხვა მოიყვანა, მოკლედ, ერთმანეთი ხუთი წელია არ უნახავთ და დღეს ეს კრეტინი, ამხელა კაცი, დილაუთენია რეკავს ჩემთან სტუდიაში, ვიქტორინაში იღებს მონაწილეობას, იგებს ორ ბილეთს კინოში და არ ეზარება, მოდის ამ ორი ბილეთის წასაღებად და რა?! რაც ყველაზე მთავარია, ბედავს და თეონას მობილური ტელეფონის ნომერსაც მართმევს, ნორმალურია ეხლა ეგ? არაა გამორიცხული, დღეს ბილეთებით დაადგეს და კინოში დაპატიჟოს.

არა, მე დღეს აქედან ადრე დავტყდები და თეონასთან წავალ, მაგ შანსს ვერ გავუშვებ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდე კაცების ერთუჯრედიანობაში, ა, შენ რას იტყვი? 

  ნინოს არაფერი უთქვამს, უბრალოდ, თანხმობის ნიშნად თავი დააქნია, გულში კი ეცინებოდა, რამდენიც არ უნდა ემალა ნუციკოს სანდრო ობოლაძის ვინაობა, ნინო თავიდანვე მიხვდა, ვინც იყო ის “კრეტინი”, თეონა ცოლად რომ არ მოიყვანა. დედიკოსი შეეშინდაო, თან დილით შორიდან მოკრა კიდეც თვალი ფოიეში მდგომ სანდროს. ნინო, უბრალოდ, ვერ წარმოიდგენდა, ამხელა კაცს თუ საქმე არ ჰქონდა და ვიქტორინაში დასარეკად ეცალა. “ესე იგი, ორი ბილეთი კინოზი, არა?” – ჩაცინებით დაასრულა ნუციკოს მონაყოლზე ფიქრი და ტელევიზიის ბარიდან გამოსვლისთანავე მობილურით ჯერ თამუნას, მერე კი სალომეს დაურეკა და თეონას შესახებ ისეთი ამბავი “გახეთქა”, ყველას “გადაუჯოკრა”. 

  17.

     სანდრო ობოლაძემ ფეხდაფეხ მიასწრო. შეაყენა თუ არა მანქანა დილით შეგულებულ ადგილას, სადარბაზოდან თეონაც გამოვიდა. კი არ გამოვიდა, გამოვარდა.

ისე სწრაფად და ისე მოულოდნელად, სანდრომ ფოტოკამერის ხელში აღება ვერც კი მოასწრო, როცა გაახსენდა, თეონა უკვე შუქნიშნისკენ მიდიოდა, კი არ მიდიოდა, მირბოდა.

“რა სჭირს?” – გაფიქრება ძლივს მოასწრო სანდრომ, ცოტაც და, ამდენი ხნის უნახავი ადამიანის ზურგიც კი დაეკარგებოდა და სასწრაფოდ მანქანა დაქოქა და თეონას ნელი სვლით უკან გაჰყვა. “ეხლა უკვე ვეღარ დამეკარგება!” – კმაყოფილმა გაიფიქრა და მანქანა გააჩერა, ფოტოკამერაზე კადრი ახლოს მიიყვანა და ჯიხურთან მდგომ თეონას სურათი გადაუღო. მზერა გაუქვავა ნაცნობი სახის დანახვამ. “ძალიან გამხდარია, მაშინაც გამხდარი იყო, “შეყვარებული როცა ვარ, ვხდები” – თეონას სიტყვების გახსენებამ გული მოუკუმშა და კამერის ეკრანზე აღბეჭდილი სახის ხელებში მომწყვდევა მოუნდა ისე, როგორც ადრე, პირველად რომ აკოცა, გაუბედავად და ფრთხილად. 

  18.

 

     სანდრო ობოლაძის მეორე ნახევარი, ირინა თავხელიძე, პროფესიით ეკონომისტი იყო და მთავარი ბანკის სათაო ოფისში მუშაობდა ბუღალტრად. მამაც ბუღალტერი ჰყავდა და დედაც. ირინას ძმა დათი აფხაზეთის ომში მოხალისედ წავიდა და მალე დავბრუნდებიო, დაიბარა.

პირველსავე დღეს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა, მაგრამ ცხედრის ჩამოსვენება მხოლოდ ორი კვირის შემდეგ გახდა შესაძლებელი. შვილის დაღუპვის შემდეგ დედამ მუშაობას თავი დაანება და საბურთალოს საძმო სასაფლაოს ყოველდღიური სტუმარი გახდა, თუმცა, ის უფრო მასპინძლობას უწევდა მისსავით უბედურ დედებს, ომს რომ ამ სასაფლაოზე სამუდამოდ სასიარულოდ ამოერჩია; ზოგის შვილი ტაშისკართან დაცემულიყო, ზოგის – გაგრაში, სოხუმში გმირულად დაღუპული ბიჭების დაკრძალვაზე სხვა დედებივით იდგა და მოთქმით ტიროდა, ამ დროს ყველა თავის მკვდარს დასტიროდა, გმირადქცეულ ბავშვებს, ჯერ კიდევ გუშინ რომ ეზო-ეზო დარბოდნენ ხისგან გამოჩორკნილი ჯოხებით და აივნებზე გადმომდგარი მშობლების დაძახებას უკმაყოფილო სახით ისმენდნენ. “ – ზურიკო, გეყოფა თამაში, უკვე გვიანია!” “ – გოგა, ამოდი სახლში, არ ჩამომიყვანო, იცოდე!” “ლევან, აღარ გაგიშვებ, იცოდე, ეზოში!” “– დათი, რამდეჯერ უნდა დაგიძახო, ძილის დროა უკვე, დათი!”

  “ – დე, ხუთი წუთიც, რა?” “ – აუ, გთხოვ, დედა, ცოტა ხანი...” “ჯერ არ დაგვიმთავრებია თამაში, რა?”

  შვილების გმირადქცევით გაუბედურებული დედები დაუსრულებლად იხსენებდნენ ეპიზოდებს შვილების ცხოვრებიდან, რითაც მათი არსებობის გაგრძელებას ასაბუთებდნენ. ასე გადიოდა დრო საბურთალოს საძმო სასაფლაოზე, სანამ ეს დრო ციცინო თავხელიძისთვის სამუდამოდ არ გაჩერდა – შვილის საფლავზე გადამხობილი მისი ცხედარი მასსავით უბედურმა დედამ ლამარა გალდავამ ნახა, მომკვდარა ეს უბედურიო, – თვითონაც ვერ გაიგო, შეშურდა თუ გაუხარდა, როცა სხვისი სიკვდილით გამოწვეულმა ელდამ გადაუარა. შვილთან წავიდაო, – ეჰ, მე როდისღა მეღირსება ჩემი პაატას ნახვაო, – მოსთქვამდა, მაგრამ შვილიშვილი რომ ცრემლიან ლოყაზე ბუნჩულა ხელით მიეფერებოდა, აღარ ემეტებოდა სააქაო დასათმობად, ისეთი თბილი და ტკივილის დამაამებელი ხელი ჰქონდა პაატას სიკვდილის დღეს დაბადებულ პატარა პატიკოს. “ამის გულისთვის უნდა ვიცხოვროო” – თავისთვის, გულში იტყოდა და დამნაშავესავით თვალებს დახრიდა, სცხვენოდა, სული რომ ეტკბილებოდა. ციცინოს პანაშვიდებზე საბურთალოს საძმო სასაფლაოს დედები ერთად მოდიოდნენ, ყველას რაღაც ჰქონდა დასაბარებელი თავის მკვდართან და ახლა ციცინოს ცხედარი იყო მათი ამქვეყნად დარჩენილი იმედი საიქიოში მათ შვილებს ზრუნვასა და პატრონობას რომ არ დააკლებდა.

  ლამარა გალდავა ქალიშვილებთან და რძალთან ერთად მოვიდა, ირინა მათ შორიდან იცნობდა, უფრო დედის მონაყოლიდან ახსოვდა, – ერთი ქალიშვილი ტელევიზიაში მუშაობს, მეორე – მხატვარია, რძლით მაინცდამაინც კმაყოფილები არ არიანო, მაგრამ დედამთილის მიერ გამოთქმული აზრი რძლის შესახრებ ნაკლებად დაიჯერებოდა და ირინა მალევე დაუახლოვდა თამუნას, პაატა გალდავას ქვრივს, საერთო მეგობარიც აღმოაჩნდათ, სალომე დავითაია, გერა ფოცხვერაშვილის მეორე ცოლი, თეონა გუნიას პირველი ქმრის მეორე ცოლი.

 გოგოები თეონაზე იშვიათად საუბრობდნენ, მაგრამ თუ რომელიმე მათთაგანი რაიმე ფორმით მაინც ახსენებდა, – აუცილებლად ცუდად და ამის მიზეზი სამივეს ჰქონდა. სალომე დავითაიას პოზიცია გასაგები იყო, – თეონა მარტო მისი ქმრის პირველი ცოლი, “ახალგაზრდობის შეცდომა” კი არ იყო, ის ამავე დროს ნანიკოს, მისი დედამთილ-მამამთილის საყვარელი შვილიშვილის დედაც გახლდათ. სალომეს კარგად ახსოვდა გერას დედის მწარე ნათქვამი, – სულელი ჩემი შვილი, რა ოჯახი დაანგრიაო, – იმასაც მშვენივრად ხვდებოდა, ეს საკუთარი შვილის კრიტიკა რომ ნაკლებად იყო, ახალი რძლით უკმაყოფილების გამოხატვის თავისებურ ფორმას წარმოაგენდა.

  თამუნა კიკნაძის მიერ თეონას კრიტიკასაც ახსნა ჰქონდა – ეს ზიზღი ბავშვობიდან იღებდა სათავეს, იმ დროიიდან, როდესაც ტელევიზიაში საყმაწვილო გადაცემის წამყვანობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება თეონას ხვდა წილად, “ისიც იმიტომ, რომ “ზუბრიაჩკა” იყო და წერტილ-მძიმის ჩათვლით ყველაფერს იმახსოვრებდა”. – რამდენი წელი გავიდა, მაგრამ თამუნას მაინც არ განელებოდა ის შური და ბოღმა, თორმეტი წლის ასაკში რომ ეგრძნო პირველად და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, თეონას შესახებ სალანძღავი სიტყვა რომ ეთქვა.

  რაც შეეხება ირინა თავხელიძეს, ის სულ არ იცნობდა თეონას, მაგრამ მის შესახებ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდა. მეგობრებისგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ახსენებდა თეონას, მისი სახელის ხმამაღლა წარმოთქმას ერიდებოდა, სანდროსთან ერთხელაც არ უხსენებია, არც კარგად და არც ცუდად. თამუნას და სალომეს მიერ წამოწყებულ საუბარს თეონას შესახებ ყოველთვის ირინა ასრულებდა: “არ გვინდა მაგ იდიოტკაზე ლაპარაკი, გვეყოფა!”

  ნინოს მონაყოლმა სანდროს მიერ თეონას დაინტერესების შესახებ თამუნა და სალომე იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ირინას აუცილებლად უნდა გაეგო. ეს მისია საკუთარ თავზე სალომე დავითაიამ აიღო და ირინას პირდაპირ სამსახურში დაურეკა.

 

  19.

 

  "მეცოდება ყველა ის ქალი, ვინც ასაკს იკლებს, ესე იგი რაღაცის გაკეთება ვერ მოასწრო ცხოვრებაში, დააგვიანა." – როცა თეონა ამას ამბობდა, სანდრო ობოლაძის დედას, შეიძლება, სულაც არ გულისხმობდა, მაგრამ სანდრო დარწმუნებული იყო, თეონა ამას იმიტომ ეუბნებოდა, რომ იცოდა სანდროს დედის პოზიცია – მას კატეგორიულად არ უნდოდა ორნაქმარევი, ორშვილიანი, თინიკო ტურძელაძისა და ზურა გუნიას ქალიშვილი, მათი ოჯახის სირცხვილი ხომ მთელმა ქალაქმა იცოდა და "რაღა მაინცადამაინც ჩემი დედისერთა შვილი მოუნდა. წავიდეს, სხვა ნახოს, დედამისის შვილს არ გაუჭირდება, სადაც ოცდაექვსი წლის ასაკში ორჯერ გათხოვება მოასწრო, არც მესამედ გაუჭირდება.” – დედა რომ ამ სიტყვებს ამბობდა, სანდრო დგებოდა და ოთახიდან გადიოდა, ესმოდა დედის გაბოროტება; ის სამოცდარვა წლის იყო და ერთხელაც ვერ გათხოვდა, – ქმარი ადრე დამეღუპა, სანდრო ჯერ დაბადებულიც არ იყოო – ამასაც ცრუობდა. იცოდა სანდრომ, არავის უთქვამს, თვითონ მიხვდა, რომ ამ ქალის შვილი არ იყო, რომელიც როცა ლოყაზე კოცნიდა, გულისრევის მჟავე გემო უდგებოდა პირში. აყვანილი იყო სანდრო, სიბერეში აყვანილი შვილი!

  “ჩვიდმეტი წლისაა უკვე ნანიკო!” – სანდრო გააოცა ფოტოკამერის ეკრანზე გამოსახული ჯინსისშარვლიანი და კეტებიანი გოგო ჩვიდმეტი წლის ქალიშვილის დედა რომ იყო, “ნანიკო ეხლა რომ გათხოვდეს, თეონა ბებია გახდება. ეს უკვე მეტისმეტია, თეონა და ბებია?” – სანდრომ თავი გააქნია, თან თეონას სურათისთვის თვალი არ მოუშორებია, ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაყოფილ და სიცივისგან მხრებში აწურულ თეონას ქარი თმას უწეწავდა. “თმის ფერი შეუცვლია, ახლა წაბლისფერი აქვს, იქნებ, სულაც ესაა მისი თმის ნამდვილი ფერი? როდესაც სანდრომ თეონა გაიცნო, მაშინ თეონა წითლად იღებავდა თმას, როცა უკანასკნელად ნახა, შავი თმა ჰქონდა, თვალებიც შავად უელავდა, ისე, თვალებიც წაბლისფერი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ზოგჯერ ეცვლება თვალის ფერი, როცა გაბრაზებულია, უმუქდება, როცა შეყვარებულია... ნეტავი, რა ფერის თვალები აქვს ახლა? მისი თვალის ფერით შეიძლება დავადგინო, მართლა შეყვარებულია თუ არა,” – მაგრამ თეონას თვალებზე თმა ჰქონდა ჩამოყრილი და უცებ სანდრომ მისი თმების სახეზე მიკარება იგრძნო.

ეს თმა გზის მეორე მხარეს მდგარ თეონასთან შემაერთებელ ბეწვის ხიდად იქცა და ახლა სანდროს ისღა დარჩენოდა, ეს ხიდი გაევლო, რადგან ხიდის ბოლოს დიდი ხნის წინ ნაპოვნი, მაგრამ მერე ხსოვნის კუთხეში დაკარგული ნივთი იყო, რომელსაც ახლა სხვა პატრონი გამოსჩენოდა. სანდროს გუნებას ისიც უშხამავდა, რომ იმ სხვის ვინაობა მისთვის უცნობი იყო, ისევე, როგორც უცნობი იყო ის ვიღაც “უფროსი”, რომელიც იმით ინტერესდებოდა, რაც ადრე სანდროს საკუთრებას წარმოადგენდა და ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ამით ფულის გაკეთებაც კი შეიძლებოდა. მაგრამ სანდრო უნდა გარჯილიყო, თეონასთვის ეთვალთვალა, მალვით სურათები გადაეღო, მისი სატელეფონო ზარები შეემოწმებინა და ბეწვის ხიდზე გავლა ვერ გაებედა. არც წარსულის გახსენებით დაეწყვიტა გული, რადგან უკვე ვერაფერს შეცვლიდა, მერე რა, რომ დედა სამი წელია, რაც მომკვდარიყო, სანდრო მარტო არც ახლა იყო, – ახლა მით უმეტეს არ ჰქონდა მისასვლელი პირი, მას ცოლი ჰყავდა, ოქროსფერთმიანი და ცისფერთვალება, პატიოსანი ოჯახიშვილი, მშვიდი ხასიათისა და სუფთა წარსულის მქონე, მის სასიყვარულო თავგადასავლებზე მოსაყოლი და საჭორაო რომ არაფერი არსებობდა იმ გასაგები მიზეზის გამო, რომ ჩვიდმეტი წლიდან სანდრო ობოლაძეზე იყო შეყვარებული, ეს კი მის ქმრისადმი ერთგულებას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.

  პირველი კურსის სტუდენტი იყო ირინა, ჯგუფელის დაბადების დღეზე სანდრო ობოლაძე რომ გაიცნო. გაცნობა და შეყვარება ერთდროულად მოხდა და თუ ეს გრძნობა წლების მანძილზე ცალმხრივი და უპასუხო რჩებოდა, ამით ირინას გადაწყვეტილებას, – მაინც გავხდები მაგისი ცოლიო, – არაფერი აკლდებოდა. პირიქით, ძალებს იკრეფდა და მის პატრონს ამ გადაწყვეტილების უტყუარობაში კიდევ უფრო არწმუნდებდა.

  საწყენი იყო, რა თქმა უნდა, სანდრო მას რომ ვერ ამჩნევდა, ოქროსფერთმიანსა და ცისფერთვალებას, თაყვანისმცემლები რომ არასდროს აკლდა და თავი რომ მხოლოდ სანდროსთვის ემეტებოდა და თუ სანდრო მას ვერ ამჩნევდა, ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ირინას საკუთარ განზრახვაზე ხელი აეღო.

არც სანდროს და თეონას დიდხნიანმა ურთიერთობამ დაახევინა უკან, პირიქით, ამან კიდევ უფრო გააძლიერა, ბრძოლისუნარიანი გახადა და მეგობრებთან ერთად იმ ბარში სიარული დაიწყო, სადაც სანდრო და თეონას უყვარდათ ყოფნა.

მართალია, ერთმანეთის ცქერით გაუმაძღარი წყვილი მას ჯერ კიდევ ვერ ამჩნევდა, მაგრამ ეს დროც აუცილებლად დადგებოდა, ამის იმედი ირინას არც არასდროს დაუკარგავს. და ახლა, როცა ყველა ბრძოლა მოგებული იყო, როცა სანდრო ირინას ცხოვრების აუცილებელ და მთავარ ნაწილად ქცეულიყო, ის “მესამე” ისევ გამოჩენილიყო და წლების მანძილზე ნაგროვები ბედნიერების წართმევას უპირებდა. ეს, პირველ რიგში, უმადურობა იქნებოდა სანდროს მხრიდან, რომლის უშვილობასაც დედობასმონატრებული ირინა ხმისამოუღებლად შეგუებოდა. არასდროს უკითხავს საკუთარი თავისთვის, როგორ მოიქცეოდა სანდრო, პირიქით რომ ყოფილიყო, მე შენ მიყვარხარ და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისიაო, ეტყოდა? სანდროს არ ჰქონდა ირინას ღალატის უფლება, არავისთან, მით უმეტეს, თეონა გუნიასთან, რომლის სახელი და გვარი ჟანგიანი ლურსმანივით ჩარჭობოდა ირინას მეხსიერებას და სისხლს უწამლავდა. 

  უმოქმედობა არ შეიძლებოდა, მაგრამ სიფრთხილე მართებდა, რომ არ დაეფრთხო მისგან გასაქცევად გამზადებული ნადირი, მიპარვით ჯობდა გალიის კარი დიდი რაზით გადაეკეტა და მერე სულ თვალი ფხიზლად ეჭირა, რომ არ გაპარვოდა ერთხელ უკვე გასაქცევად მომზადებული თანაგალიელი. 

 

  20.

 

  სანდრო ობოლაძემ კიდევ ერთი ფოტოს გადაღება მოასწრო, როცა თეონამ ქურთუკის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოიღო და სადღაც დარეკა.

“ნეტავი ვის ელაპარაკება? ან ვის ელოდება? რა უნდა ამდენი ხანი გაჩერებაზე?” თეონა რომ ავტობუსში ვერ ჯდებოდა, გაახსენდა, ასევე, ეშინოდა ლიფტში ჩაჯდომისა და სიმაღლის, “ნეტავი, ამერიკაში როგორ გაფრინდა?” – ფიქრებში წასულ სანდრო ობოლაძეს სევდიანად გაეღიმა. “მაინც რამ დააყენა ცუდ ხასიათზე? ეს ხომ დიდი ხნის წინ დამთავრებული ამბავია? და თუ თეონა ახლა სულაც საყვარელს ელოდებოდა, ეს სანდროს საქმე სულაც არ იყო, თეონას უფლება ჰქონდა სხვა ყვარებოდა და სანდრო სამუდამოდ დაევიწყებინა, ისევე, როგორც ეს სანდრომ გაკეთა. მაგრამ მაინც რატომ ეკუმშებოდა ასე გული იმ “სხვის” გახსენებაზე?” – საკუთარ თავთან კამათით გართული მაძებარი მობილური ტელეფონის ზარმა შეაკრთო, გზის მეორე მხარეს მდგომმა თეონამ ტელეფონით საუბარი დაასრულა და მობილური ტელეფონი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო.

  მაძებრის ალღომ სანდრო ობოლაძეს უკარნახა ცოლის ზარისთვის არ ეპასუხა. “რა უნდა? რატომ მირეკავს?” – უკმაყოფილო სახით დაელოდა როდის შეწყდებოდა ტელეფონის ზარი.

  თეონამ ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ბოლთის ცემას შეუდგა, ვიღაცასთან საუბარი თეონას უეცარი აღელვების მიზეზს წარმოადგენდა.

 

  21.

 

  თეონას ერთდროულად გაუხარდა და გაუკვირდა კიდეც თამრიკო ჩუბინიშვილის ხმის გაგონება. ყოველთვის, თამრიკოს დანახვაზე, ხმის გაგონებაზე, ან კი, უბრალოდ, ხსენებაზე, თეონას დედა ახსენდებოდა, რაც სავსებით ბუნებრივი იყო.

თამრიკო დედამისის ბავშვობის მეგობარი და ის ადამიანი იყო, ვინც ახლობლებიდან უკანასკნელმა ნახა თინიკო ცოცხალი, ერთი საათის შემდეგ თინიკო გარდაიცვალა, უფრო სწორად, მოკლეს. ეს ისტორია თეონამ იცოდა, თამრიკოს მონაყოლი ახსენდებოდა ყოველთვის: “ჩემი ბრალია, მე არ უნდა გამეშვა, გადაწყვეტილება რომ მიიღო, წავალ, ყველაფერს ავუხსნი, გამიგებს და წერტილს ერთად დავსვამთო, კი არ უნდა შემეგულიანებინა, მართალი ხარ, სისულელეა თქვენი ურთიერთობა და რაც უფრო მალე დაამთავრებ, მით უკეთესი ორივესთვისო, არ უნდა გამეშვა, მუხლებში ჩავვარდნილიყავი, დაფიქრდი, იქნებ სხვანაირად აჯობებსო, მეთქვა, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, ის არამზადა და არაკაცი თუ დაახრჩობდაო”, თეონა თამრიკოს ამშვიდებდა, შენი რა ბრალია, ეგრე ეწერა, ალბათ, საცოდავ დედაჩემსო, მაგრამ თამრიკოს ხსენებაზე დედა, განსაკუთრებით კი დედის გარდაცვალება ახსენდებოდა.

  ამჯერადაც დედა გაახსენდა და თამრიკოს აღელვებული

ხმის მოსმენამ ააფორიაქა;

  – რა მოხდა, რა შეწუხებული ხმა გაქვს?

  – სადა ხარ, თეონა? – თამრიკო მართლა ღელავდა.

  – რა იყო?

  – სახლში არა ხარ?

  – არა, ქუჩაში ვარ.

  – ეხლა მომისმინე, სანდრო ობოლაძის ცოლი აპირებს დღეს შენთან მოსვლას და მზად იყავი.

  – ჩემთან?.. ჩემთან რა უნდა? – ხმა გაუწყდა თეონას.

  – მოკლედ, დღეს ბანკში ვიყავი ფულის გამოსატანად მისული და ლაპარაკს მოვუსმინე შემთხვევით. ეგ გოგო, ირინა თავხელიძე, ხო? კაბინეტიდან გამოდიოდა და ვიღაცამ დაურეკა, არ ვიცი, რა უთხრა, ამან, – თეონა გუნიას დედას ვუტირებო, დაიმუქრა, დღესვე სახლში მივუვარდებიო, მოკლედ, რა უთხრეს, არ ვიცი, შენ მაინც მზად იყავი, ან კი, სულაც, ჩემთან გამოდი, ზუკაც გამოიყვანე...

  – რა სისულელეა!– თითქმის იყვირა თეონამ, – ხო არ აფრენს, რა სახლში უნდა მომივარდეს, მაგისი ქმარი 5 წელია, თვალით არ მინახავს! – თეონა თავს იმართლებდა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა.

  – არ ვიცი, ჩემო გოგო, მე რაც მოვისმინე, მოგიყევი, შენ ნერვები არ აიშალო! ჯობია, სახლში სულაც არ დახვდე, გამოდი ჩემთან.

  – არა, ვერ გამოვალ, ეხლა ზუკას ველოდები სკოლიდან, მერე ნუციკო უნდა მოვიდეს, შენ ვერ გამოხვალ?

  – მე დღეს არ შემიძლია, ხვალ – კი, ბატონო, ის ქალბატონი თუ მობრძანდა, ნერვები არ აიშალო.

  – არა, ერთი მოვიდეს, მაინტერესებს, რა უნდა მითხრას, ჩემთან რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს? ხვალ 5-ის მერე სახლში ვარ და გამოდი, კაი? – თეონას მხნეობა დაუბრუნდა და დედის მეგობართან საუბრის დასრულებისთანავე ნუციკოს ტელეფონის ნომერი აკრიფა, მაგრამ აბონენტი მიუწვდომელი აღმოჩნდა და სანდრო ობოლაძეზე ფიქრმა ისევ თავი შეახსენა.

  “სანდრო ობოლაძე. რატომ ამოტივტივდა თეონას ცხოვრებაში ისევ ეს სახელი და გვარი?! ან ირინა თავხელიძეს რა უნდა თეონასაგან? მივუვარდებიო! რა უფლებით?! რა საქმე აქვთ თეონასთან, ან ერთს და ან მეორეს?! ან კი, რატომ გადაწყვიტა ირინამ, რომ მისი ქმარი აუცილებლად თეონასთან გამოიქცეოდა ხელში ბილეთებით?” – ავტობუსი ნელი სვლით მიუახლოვდა თეონას და მის პირდაპირ გაჩერდა. ღია კარებში ზუკას გაბურძგნილი თავი გამოჩნდა, “ ეტყობა კიდევ ვიღაცას ეჩხუბა ავტობუსში.” – შიშით გაიფიქრა თეონამ და შვილს რომ შეხედა, გული შეუქანდა, ზუკა ისე ჰგავდა მამამისს, ლაშა გაახსენდა.

 

  22.

 

  ლაშა ანდრონიკაშვილი ახალი დაბრუნებული იყო აფხაზეთის ომიდან, თეონა რომ გაიცნო. მაშინ თბილისი ჩაბნელებული ქალაქი იყო, ღამით ისროდნენ და ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა, დღისით თუ გამოვიდოდნენ, ისიც – აუცილებელ საქმეზე, ერთადერთი ტრანსპორტი მეტრო იყო, სადაც ვაგონები ხშირად შუა გვირაბში ჩერდებოდა და ხალხი ფეხით მოუყვებოდა სადგურებს.

ტროლეიბუსებით მგზავრობის მსურველნი შიგნით რომ ვერ აღწევდნენ, გარედან ეკიდებოდნენ და როცა ტროლეიბუსის ბიგელი ვარდებოდა, მძღოლის გადმოსვლა საჭირო არ იყო, თვითონ ხალხი ასწორებდა და ეს არავის აკვირვებდა. დაუნანებლად იჩეხებოდა ხეები ქალაქის ცენტრში და შეშად იჭრებოდა, რომელზეც წყალი დუღდებოდა და რკინის ჭიქებში ისხმებოდა, სიცივისგან გაყინული და შიმშილისგან გაფშეკილი კუჭის გასათბობად. ეს იყო დრო, როცა თვეში ოცდაათ დოლარად ოჯახს არსებობა შეეძლო და იმ ოცდაათი დოლარის მისაღებად წლობით ნაგროვები ქონება ისრაელში მიმავალ ებრაელებზე კაპიკებად იყიდებოდა, ის “შავი დღე” დამდგარიყო, რომლის წარმოსადგენადაც იქამდე ფანტაზია არავის ეყოფოდა. “მხედრიონისა” და “გვარდიის” ან კი, სულაც, მათი სახელით ქუჩაში საავაზაკოდ გამოსული ქართველების შიშით ოჯახის წევრები ერთმანეთს ქუჩაში გასვლას უკრძალავდნენ, რადგან გამუდმებული სროლის დროს გავარდნილი ტყვია არ მოხვედროდათ.

  ლაშა ანდრონიკაშვილი “მხედრიონელი” იყო.

17 წლიდან იბრძოდა, ჯერ ოსეთში, მერე – თბილისში, ზვიად გამსახურდია რომ ჩამოაგდეს, პირველი ეგ შევარდა მთავრობის სასახლეში ღრიალითა და ავტომატის სროლით. შემდეგ აფხაზეთის ომი დაიწყო, ლაშას კანტუზია ახალი გადატანილი ჰქონდა და ბრძოლა არ შეიძლებოდა, ჩემი ბიჭები იქ არიან, მეც იქ უნდა ვიყოო, – მოუბოდიშა დედისერთა შვილის დაკარგვის შიშით ნაადრევად დაბერებულ დედას და ომში წავიდა.

  წაგებულმა ომმა მუხლის ტკივილი დაუტოვა სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ მებრძოლს და თავის ნათესავ ელენე ერისთავთან კოჭლობით შემოვიდა. ნავთქურის გარშემო მსხდომნი ახალშემოსულს მიესალმნენ, ერთ-ერთი მათგანი თეონა იყო, თმები მოკლედ ჰქონდა შეჭრილი და ჯინსის “შლაქსები” ეცვა. ყველაზე მეტ სიგარეტს ეწეოდა და ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობდა, სწორედ ამით მიიქცია ახალშემოსულის ყურადღება. “ერთი უშნო გოგოა, წვეტიანი ნიკაპი და იდაყვები აქვს, ხისგან გამოჩორკნილ თოჯინას ჰგავს.”– გაიფიქრა, მაგრამ როცა ხისგან გამოჩორკნილი “შლაქსებიანი” სხეული სკამიდან წამოდგა და წვეტიანმა მუხლებმა ჰაერი გააპო, ნავთის ლამფის ჯანგისფერ ლაქებად მოციმციმე სინათლემ წვეტიანი ნიკაპის აყოლებაზე ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხეში კეკლუცად ჩამჯდარი ხალი არეკლა და ლაშამ მოულოდნელად გულისა და კუჭის გასაყარზე პეპლების ფრთხიალი იგრძნო, ჯერ გაუკვირდა, ომებით დაღლილს ასეთი ნაზი შეგრძნება ესიამოვნა და გაირინდა, პეპლებისთვის ხელის შეშლა არ უნდოდა, “ნეტავ რა არის?” “სიყვარულია?” მაგრამ ეს სამშობლოსა და ძმაკაცების სიყვარულს სულაც არ ჰგავდა, რაღაცით დედას ახსენებდა, ბავშვობის უშორესი კუნჭულებიდან გამოხმობილ სინაზეს.

  ერთი ნახვით შეყვარებულს თეონა გრძნობაში არ გასძალიანებია, თითქოს მარტო ლაშას გადასაწყვეტი იყო, თითქოს მთავარი ლაშას გრძნობა იყო, მისი არჩევანი, თეონა კი... თეონა, უბრალოდ, უნდა დანებებოდა ახლა მისი ცხოვრების დასალაშქრად მოსულ მეომარს.

  ერთწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა რომ ქორწინებით დასრულდებოდა, მაშინ ამაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა.

“მაგაზე უკეთეს გოგოს მოიყვანდა” – დანანებით ამბობდნენ ლაშას მეგობრის ცოლები, მაგრამ თეონას არაფერს აგრძნობინებდნენ. ლაშას დედას ის გაუხარდა, – “ეხლა მაინც დაწყნარდება, სახლში იქნებაო” და რძალს ანდრონიკაშვილების საგვარეულო ბეჭედი აჩუქა. 

  ქორწილი არ გადაუხდიათ, ვერის ბაღში ლურჯ მონასტერში დაიწერეს ჯვარი. თეონა ორსულად იყო და ჯვრისწერის დროს გული წაუვიდა, რამაც ლაშა პატარა ბავშვივით შეაშინა და დააბნია, რისიც მერე დიდხანს სცხვენოდა.

  ბავშვს ლაშამ მამამისის სახელი, ზურაბი, დაარქვა, – მამაშენსაც ხომ ზურაბი ერქვაო, – უთხრა თეონას, რომელიც მშობიარობას ისე დაესუსტებინა, ერთი თვე ლოგინიდან ვერ დგებოდა. ლაშა ცოლ-შვილს არ შორდებოდა, სულ მათთან ყოფნა უნდოდა, საათობით შეეძლო ეყურებინა ცისფერ ნაჭრებში გახვეული არსებისათვის, რომელსაც თვალების გახელა ეზარებოდა და ტუჩებს სასაცილოდ ისმუსნავდა. ეს მისი შვილი იყო, მისი ცხოვრების გაგრძელება და მისი კაცობის დასტური, რომელიც მას ბევრ რამეში ავალდებულებდა და “კაი მამობას” სთხოვდა, ლაშასაც კეთილი უნდა ენება და შვილისთვის მხოლოდ კარგი მიეცა: საჭმელ-სასმელი, ტანსაცმელი, განათლება, დასვენება, რისთვისაც მხოლოდ სურვილი საკმარისი არ იყო, ფულიც იყო საჭირო, ეს უკანასკნელი კი ლაშას არ ჰქონდა და ურომლისობაც, პირველ რიგში, საკუთარი თავის უპატივცემულობას იწვევდა. ლაშამ ისიც იცოდა, რომ მამობის სიხარულის საფასური მთელი ცხოვრება უნდა ეხადა.

  ბევრი იფიქრეს ბიჭებმა რა საქმისთვის მოეკიდათ ხელი და ბოლოს მოსკოვში წასვლა გადაწყვიტეს.

რისკი დიდი იყო, მაგრამ უღირდათ, საქართველოში ბიზნესს კიდევ დიდხანს არ ექნებოდა გასაქანი. მოსკოვში ფულის გაკეთება შეიძლებოდა, არც შემცდარან – კანონიერი ქურდის მფარველობას მიაღწიეს და სამ თვეში ყველა ვალი გაისტუმრეს, თბილისშიც საკმარისი გამოაგზავნეს, რესტორნებშიც ბევრი დაეხარჯათ, მაგრამ მერე უკვალოდ გაქრნენ, ხუთივე სადღაც გაუჩინარდა. ეძებეს, სად არ ეძებეს, მაგრამ მათ კვალს ვერსად მიაკვლიეს და ერთი წლის თავზე დაღუპულებად გამოაცხადეს.

  ზუკა ერთი წლის იყო, მამა რომ ბოლოჯერ ნახა, მაშინ ჯერ კიდევ ვერაზე ცხოვრობდნენ, ლაშას დედასთან, რომელსაც არაფრით დაეჯერებინა შვილის სიკვდილი და შავს არ იცვამდა. თეონამ რომ ლაშას სურათი პატარა ჩარჩოში ჩასვა და როიალზე დადო, ლაშას დედამ სურათი ჩარჩოდან ამოიღო, – რა იყო, კი არ მომკვდარა, ცოცხალია და მალე გამოჩნდებაო. მაგრამ ლაშა არ ჩანდა, არც მისი ამბის მცოდნე გამოჩენილა.

  თეონამ კი დაიჯერა ქმრის სიკვდილი, მაგრამ დედამთილის საქციელს საწყენად არ იღებდა, რომელიც დედა იყო და ყველა დედას ჰქონდა იმის უფლება, შვილი ცოცხალი ჰგონებოდა. თეონამ ეს იცოდა და შვილის ლოდინის პატარა იმედს ჩაფრენილ დედამთილს ხელს არ უშლიდა.

ის ჩვეულებრივად განაგრძობდა ცხოვრებას, ნანიკოც ძველებურად მათთან ცხოვრობდა, თეონა ჟურნალში მუშაობდა მთარგმნელად, სამსახურიდან პირდაპირ სახლში ბრუნდებოდა, დედამთილის გაკეთებულ სადილს გაიცხელებდა, ჭურჭელს გარეცხავდა, ნანიკოს ამეცადინებდა და ბავშვებს რომ დააძინებდა, მერე ოთახიდან არც კი გამოდიოდა, – მეორე დილამდე. ყველა თავისებურად უბედური იყო ამ ოჯახში და საღამოობით, როცა ნახევრად ჩაბნელებულ სახლში სიჩუმე დგებოდა, ყველა თავის სატკივარს განიცდიდა.

ლაშას დედა შვილის სიკვდილს არ უტყდებოდა და ჯიუტად არ აღიარებდა, რომ უსინდისოდ ექცეოდა რძალს, რომელსაც დაეჯერებინა ქმრის სიკვდილი – ლაშა რომ ცოცხალი იყოს, შვილს მაინც მოიკითხავდა, რადგან ამდენი ხანი არ გამოჩნდა, ესე იგი მკვდარიაო, – და ამ აზრს დაექვრივებინა კიდეც. “რა უნდოდა, რას ერჩოდა ამ ოცდახუთი წლის გოგოს, რომელსაც ცხოვრება ახლა უნდა დაეწყო, ის კი ბოროტი დედაბრის ტყვეობაში იმყოფებოდა, რომელიც რძალს ქმრის ლოდინით ავალდებულებდა, ისიც მის ნებას ემორჩილებოდა, რაც ერთ დროს შეხმატკბილებულ რძალ-დედამთილს ერთმანეთს აშორებდა.

  ერთხელაც, როცა თეონა სახლში დაბრუნდა, დედამთილის გაკეთებული ლობიო მიირთვა, მერე თეფში გარეცხა და თავისი ოთახისკენ წავიდა, ლაშას დედის ნამტირალევმა ხმამ დაუძახა.

  – ბატონო! – თეონამ სამზარეულოში მეორე კარიდან შემოსულ დედამთილს ზრდილობიანი ტონით უპასუხა.

  – რაღაც მინდა გითხრა. – ეტყობოდა, ძალიან უჭირდა საუბრის დაწყება, მაგრამ მაინც უნდა მოეხერხებინა და სასმენად მომზადებული რძლისთვის თავისი სათქმელი ეთქვა. – შენ ხომ იცი, თეონა, შვილო, რომ ეს სახლი და რაც ამ სახლშია, ყველაფერი, შენი და ზუკასია, იცხოვრეთ, რამდენიც გინდათ, მაგრამ...

მაგრამ მე ვიცი, ვგრძნობ და უსინდისობა იქნება ჩემი მხრიდან, მე რომ შენ პირად ცხოვრებაში ხელი შეგიშალო.

  – რუსიკო დეიდა...

  – მაცადე, – და მაგიდაზე ჩამოდებულ თეონას აცახცახებულ თითებს ხელი მოჰკიდა. – მე ამას იმიტომ გეუბნები, რომ მიყვარხარ და ვალდებული ვარ, გითხრა. თუ ცალკე ცხოვრება მოგინდება, მარტოს, შვილებთან, ამის გარდა, კიდევ ორი ბინა გაქვს და მე არ მეწყინება, თუ გადახვალთ. ზუკას რომ არ მომანატრებ, ისიც ვიცი, ხოდა, ესე, დედიკო, მოიფიქრე... – და თვალცრემლიან თეონას თვალებზე აკოცა.

  – მადლობთ, რუსიკო დეიდა!.. – ამოილუღლუღა თეონამ და ატირდა. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია