23.

 

ეჭვის სანგარში ჩამალულმა ირინა თავხელიძემ ახალი ბრძოლების დაწყების მოახლოება იგრძნო, ამჯერად უფრო მძიმე და თავდადებული.

მას თავი უნდა დაეცვა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა! თუმცა, ამ დღის მოლოდინში სულ იყო, მაგრამ ამაზე ფიქრს სულ თავს არიდებდა, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო თუ მესამე შემოიჭრებოდა და ის მესამე მის წარმოდგენაში რატომღაც ყოველთვის თეონა გუნია იყო. თეონას ამერიკაში გამგზავრებამ ცოტა დააწყნარა, თითქმის დაავიწყა კიდეც მისი არსებობა, ის დრო, როცა სანდროს ცხოვრებაში ირინას ნაცვლად თეონა არსებობდა, თეონას პატიჟებდა სანდრო რესტორანში და მერე თეონასთან ერთად წვებოდა ლოგინში. დავიწყებასმიცემული დროის დაბრუნებას ირინა არ დაუშვებდა, არავითარ შემთხვევაში!

  “მაგ გიჟს სამი წელი როგორ გაუძლო?” – ეს კითხვა ყოველთვის აინტერესებდა ირინას, მაგრამ პასუხი თვითონ არ ჰქონდა, სხვისთვის კი არავისთვის უკითხავს. მაშინ რომ ეკითხა, გაეკითხა რა საერთო უნდა ჰქონოდა სანდროს თეონასთან, რა ჰქონდა თეონას ისეთი, რაც სხვას არ ჰქონდა და ეს რაღაცა თავისთან აკავებდა, აბამდა და აქეთ-იქეთ აქანავებდა, როგორც ნავსადგურის ნაპირზე მიბმულ ნავს, იქნებ, ახლა ასე არ გასჭირვებოდა გადაწყვეტილების მიღება. ის “რაღაც”, რაზეც აქამდე არ უფიქრია, ისევ გამოჩენილიყო, თავი შეეხსენებინა, მისი უკმარისობა ეგრძნო ერთ დროს ამ “რაღაცით” გამძღარ სანდროს და მის მისაღებად გამძვრალიყო გალიიდან.

  პირველი, რაც ირინამ გააკეთა, სამსახურიდან დროზე ადრე გაეთავისუფლა, თავის ტკივილი მოიმიზეზა. თავი მართლაც სტკიოდა, დილიდან არაფერი ჰქონდა ნაჭამი და ფიქრებმა თავი აატკივა, მაგრამ ახლა თავის ტკივილის დრო არ იყო, პირველი, რაც უნდა გაეკეთებინა, თეონას სახლთან მისულიყო და ენახა, სანდროს მანქანა ხომ არ იყო იქვე, სახლთან შორიახლოს გაჩერებული.

“როგორ, პირდაპირ, დაუკითხავად მიადგებოდა სახლში? თუ მართლა ხუთი წელია ერთმანეთი არ უნახავთ, ასე უსინდისოდ სახლში მისვლას გაბედავდა? მაშინ რატომ არ მპასუხობს, ამდენს რომ ვურეკავ? არა, ნამდვილად იმასთანაა, იმასთან!" 

 

  24.

 

  " – ბავშვს მამა სჭირდება!" – დანანებით გაიფიქრა თეონამ შვილის აწითლებულ სახეს რომ შეხედა.

  – კიდევ ვიღაცას ეჩხუბე? – თეონა შეეცადა მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა, გული აუჩვილდა.

  ზუკას ხმა არ ამოუღია, გადასასვლელთან რომ გაჩერდნენ, მორჩილად ხელი ჩაჰკიდა დედას, ეტყობოდა, ცუდ ხასიათზე იყო, ეტირებოდა. თეონამ ეს იგრძნო და აღარაფერი უკითხავს, გაჩუმდა. თეონას ბავშვობიდან შეეძლო ხმა არ ამოეღო, არაფერი ეპასუხა და არც არაფერი ეკითხა, თუ საკითხავი და სათქმელი არაფერი ჰქონდა. ახლაც არ იცოდა, რა ეკითხა ზუკასთვის, ან კი ეკითხა კი რამე საერთოდ?

  სანდრო ობოლაძემ რამდენიმე ფოტოს გადაღება მოასწრო. ზუკას დანახვამ ერთდროულად გააკვირვა, გაახარა და დააწყნარა. “რამხელა ბიჭია უკვე... ესე იგი შვილს ელოდებოდა, მე კი რა აღარ წარმოვიდგინე”.

დედა-შვილი უახლოვდებოდა, მისი იქ გაჩერება უკვე სახიფათო იყო, დროზე უნდა გასცლოდა იქაურობას და ისევ ძველ ადგილს დაბრუნებოდა.

  თეონას და ზუკას მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, სადარბაზოშიც ჩუმად შევიდნენ და კიბეებს უხმოდ აუყვნენ. წინ ზუკა მიდიოდა, თეონა შვილის ზურგს ათვალიერებდა.

  “გაიზარდა, ფეხიც რამხელა აქვს უკვე, აღარ არის ბავშვი, ბიჭია უკვე, ნამდვილი ბიჭი,” – ამან გული გაუთბო და შვილს მიეფერა.

– მე შენ ძალიან მიყვარხარ, ზუკა!

– მეც ძალიან მიყვარხარ, დე!

თეონამ იგრძნო, რომ ამ სიტყვების მოსმენის ღირსად რომ 

ჩათვალა ღმერთმა, მადლობელი უნდა ყოფილიყო, სხვაზე არაფერზე დასწყდომოდა გული და ბედნიერი ყოფილიყო.

  25.

 

  ირინა თავხელიძემ შორიდანვე დაინახა ქმრის მანქანა, “თურმე არ ცდებოდა, ფაქტზე გამოიჭირა ორივე, ახლა ვეღარსად გაექცეოდნენ!” დანაშაულზე წასწრებული ქმარიც თავჩაღუნული მოისმენდა ცოლის დატუქსვას, თითქოს პატარა ბიჭი ყოფილიყო, დედას დაუკითხავად სახლიდან რომ გაეპარება და მეზობელმა დაიჭირა.

  ირინამ მანქანა პირდაპირ სადარბაზოსთან გააჩერა, სწრაფი მოძრაობით გადმოვიდა და სადარბაზოში შევარდა. სანდრო ობოლაძე საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ასეთ გამოუვალ სიტუაციაში არასდროს ყოფილა, არც მაშინ, ქმრიან ქალთან რომ ჰქონდა რომანი და სასტუმროს ნომერში ჩუმად აჰყავდა და იმ ქალის ქმრის მეგობარს რომ გადაეყარა პირისპირ. მაშინ არ გაოფლიანებია ასე ფეხის გულები და აქავებია კეფა, არ გაწითლებია ყურები და არ დაბნევია ენა.

“რა უნდა ექნა? ირინა, ალბათ, უკვე თეონას ელაპარაკებოდა, რადგან ამდენი ხანი არ გამოჩნდა, თეონაც გაუღებდა კარს, აბა, რას იზამდა? ნეტავ, რას ლაპარაკობენ? რა საქმე უნდა ჰქონოდა ირინას თეონასთან? როგორ გაბედა? რატომ გადაწყვიტა, რომ ქმარი აქ უნდა ეძებნა?” – სანდროს ის ორი ბილეთი გაახსენდა, დილით ვიქტორინაში რომ მოიგო და ყველაფერს მიხვდა.

“თბილისი ხომ პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს. ჭორების ქალაქია თბილისი და თუ გინდა, რომ რამე არ გაგიბაზრდეს, არავისთან არ უნდა თქვა, შენი საქმე ჩუმად აკეთო. თუმცა, გასაბაზრებელი არც არაფერია, რა შუაშია ან სანდრო და, მით უმეტეს, თეონა? – სანდრო ობოლაძემ საკუთარ თავს დააბრალა ყველაფერი, მისი წინდაუხედავობის ბრალი იყო მომხდარი და რამე უნდა ეღონა, აუცილებლად. 

 

 26.

 

  – დე, კარებზე ზარია! – თავისი ოთახიდან გამოსძახა ზუკამ დედას, რომელიც დიდ ოთახში საწერ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას თარგმნიდა. თეონამ სათვალე მოიხსნა და კარისკენ წავიდა.

“ნუციკოა, ალბათ,” – გაიფიქრა, მაგრამ მაინც შორიდან ჰკითხა:

  – ვინ არის?

  – ერთი წუთით?

  – ვინ გნებავთ? – კართან მდგომი ქალი არ ეცნობოდა.

  – თეონა მინდოდა, გუნია, მე ირინა ვარ, თავხელიძე, სანდრო ობოლაძის ცოლი – თავაზიანი ტონი მბრძანებლურში გადაიზარდა.

  – მობრძანდით! – რკინის კარი ფრთხილად გააღო თეონამ და სანდროს ცოლი დაინახა. “აი, თურმე როგორი ყოფილა!” – ვერასდროს წარმოიდგენდა ასეთ ვითარებაში თუ მოუხდებოდა სანდროს ცოლის ნახვა. თეონა შეძლებისდაგვარად ერიდებოდა ისეთ ადგილებს, სადაც ირინა შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა, ოდესმე მაინც რომ მოუწევდა მისი ნახვა, ესეც იცოდა და ემზადებოდა, მაგრამ ასეთ შეხვედრას არ ელოდა.

არც თამრიკო ჩუბინიშვილის გაფრთხილებისთვის მიუქცევია ყურადღება, რადგან სანდრო ობოლაძის არსებობას მის ცხოვრებაში გამორიცხავდა, ის მართალი იყო და ამიტომაც იყო წყნარად. მაგრამ მაინც აღელდა, – ადგილი ჰქონდა ეჭვიანობის სცენას, რომელიც თეონასთვის შეურაცხმყოფელი იყო იმდენად, რამდენადაც ის არაფერ შუაში იყო და ახლა თავი უნდა ემართლებინა.

  – რაშია საქმე? – შეძლებისდაგვარად წყნარად ჰკითხა მოსულს, რომელიც არანაკლებად ღელავდა და სიტყვებს თავს გაჭირვებით უყრიდა.

  – სანდრო სად ბრძანდება, იმალება?

  – რა თქვი? – ამ კითხის მოსმენას თეონა ყველაზე ნაკლებად ელოდებოდა.

  – ვიცი, რომ აქაა და იმის ვაჟკაცობაც არ ჰყოფნის, რომ დამენახოს. – ირინას ხმა აუკანკალდა, ცოტაც და, მოთქმით ატირდებოდა.

  – დაწყნარდი! ის, ვისაც ეძებ, ხუთი წელია, თვალით არ მინახავს და არც არანაირი სურვილი არა მაქვს, – ვნახო!

  – ტყუი! – ხმას აუწია ირინამ. – ზუსტად ვიცი, აქაა, იმალება და სანამ არ გამოვა, არსადაც არ წავალ!

  – ნუ ყვირი, ბავშვია სახლში!

  – ბავშვი! იქნებ, სულაც ბავშვის ოთახში მალავ სხვის ქმარს, ა?

  – გადი ამ სახლიდან! – თეონას აკანკალებული ხმა და საჩვენებელი თითი ირინას იმ კარისკენ მიუთითებდა, რომლიდანაც შემოვიდა.

  – მაშინ, იქნებ, ამიხსნა, რატომ დგას შენს სახლთან ჩემი ქმრის მანქანა? კინოში წასვლაში ხომ არ შეგიშალეთ ხელი? სად არის, გამოვიდეს და დამენახოს! – ირინას სახე აუწითლდა.

  – მე არ მაინტერესებს, სად დგას შენი ქმრის მანქანა, ის ამ სახლში არაა, გასაგებია? – თეონას სახე გაუფითრდა და ნიკაპი აუკანკალდა.

  – ის აქაა, აი, აქ! – ირინა ფანჯარასთან მივიდა და ქუჩაში გაიხედა. – ის აქ იყო... – ავტოფარეხებს შორის მდგომი მანქანა გამქრალიყო, თავის მართლებასაც აზრი აღარ ჰქონდა, დამარცხებულმა ირინამ დამნაშავესავით გახედა ქანდაკებასავით უძრავად მდგომ თეონას და თავი დახარა. არაფრის თქმას აზრი აღარ ჰქონდა.

“მაგრამ, ხომ ნამდვილად სანდროს მანქანა იყო, მაგრამ, თუ სანდრო აქ იყო, მაშინ გაპარვას როგორ შესძლებდა? იქნებ, სულაც, სხვასთან იყო მოსული? აჩქარდა, ნერვებმა უმტყუნა, მისი ბრალია... ერთადერთი, ისღა დარჩენოდა მოებოდიშებინა და დროზე გაძურწულიყო აქედან. 

 

  27.

 

  “შერემეტიევოს” აეროპორტში საფრენოსნო ბილიკიდან ასაფრენად მზად იყო მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მგზავრებით სავსე თვითმფრინავი. მგზავრების უმეტესობა სახლში ბრუნდებოდა, ზოგს საქმიანი ვიზიტი დაეგეგმა. ეკონომ-კლასის მგზავრები ბიზნეს-კლასის მგზავრებისგან განსხვავებით თავს ნაკლებად კომფორტულად გრძნობდნენ და ერთგვარი შურითაც უყურებდნენ მათზე გაცილებით ხალვათად მოკალათებულ განსხვავებული კლასის ბილეთის მქონეებს. ერთ-ერთი მათგანი, ძვირფას პალტოსა და ფეხსაცმელებში გამოწყობილი მაღალი მამაკაცი ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა, რითაც კიდევ უფრო იქცევდა ყურადღებას, ეტყობოდა, რაღაცაზე ღელავდა და ეს რაღაცა მგზავრობასთან უნდა ყოფილიყო კავშირში. “ალბათ, ფრენის ეშინია” – გაიფიქრა ბორტგამცილებელმა და მგზავრს თავაზიანად გაუღიმა : “რამე ხომ არ გნებავთ?” – მგზავრმა არაფერი უპასუხა და ბორტგამცილებელმაც თავაზიანი ღიმილით გზა განაგრძო.

  მგზავრი მართლა ღელავდა, ის ბრუნდებოდა ქალაქში, რომელიც ერთდროულად მშობლიურიც იყო მისთვის და – უცხოც. “მაგრამ მშობლიურ ქალაქში ვინმე მაინც ხომ უნდა ეგულებოდეს ადამიანს? ის, ვისაც შენი ნახვა გაახარებს, ასეთი კი არავინ იყო.” – მგზავრიც ისე ღელავდა, თითქოს უცნობ ქალაქში უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანების პირისპირ უნდა აღმოჩენილიყო და მის ენას ვერავინ გაიგებდა. ის იმ უცხო ქალაქში დაკარგულ ტურისტს დაემსგავსებოდა, სასტუმროს გზა რომ ვერ გაუგნია, დგას შუა ქალაქში რუკით ხელში და გამვლელებს სასოწარკვეთილი აჩერებს, დახმარებას სთხოვს, ისინიც ჩერდებიან, უხსნიან, ხელებით ანიშნებენ, უცხოელს კი არაფერი ესმის, ვერაფერს იგებს, მხრებს იჩეჩავს და მორცხვად იღიმება. ცოტაც და, პატარა ბავშვივით ატირდება, დედას რომ დაჰკარგვია ხალხმრავალ ქუჩაში. დედაც სადღაც დარბის ატირებული, გამვლელებს აწყდება და ბავშვის ამბავს ეკითხება: “ვინმეს ხომ არ დაუნახავს პატარა ბავშვი, დედაა ის, დედა!”

  დედა მომკვდარიყო, მამაც, თვითონაც მომკვდარიყო, ერთიანად ამოწყვეტილიყვნენ, დავიწყებას მისცემოდნენ. ახლა კი ამ სამიდან ერთ-ერთი გაცოცხლებულიყო და საკუთარი არსებობის შესატყობინებლად ბრუნდებოდა ქალაქში, სადაც, მართალია, არავინ ელოდა, მაგრამ, როგორც მგზავრი ფიქრობდა, ვიღაცას მაინც სჭირდებოდა.

 

  28.

 

  ირინა თავხელიძე რომ ქმარს ასე იოლად არავის დაუთმობდა, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ამიტომაც, მისი გადაწყვეტილება, პირდაპირ სახლში მისულიყო მტაცებელთან და ლუკმა პირიდან გამოეგლიჯა, სალომე დავითაიამ და თამუნა კიკნაძემ ერთხმად მოიწონეს.

  “თუ ყურმილს არ იღებს, ესე იგი იქაა!” – დასკვნა გაკეთებული იყო და ეხლა ირინაზე იყო დამოკიდებული ხელი შეეშალა ქმრისთვის.

“თეონა რა, ის არაფერს კარგავს, ირინამ იკითხოს.” – სალომე და თამუნა მოქმედების განვითარებას ელოდნენ.

  – გახსოვს, თეონას დაქალმა მარიკა ღლონტმა ნინო ნოზაძეს რომ რამის ოჯახი დაუნგრია? – ძველი ამბავი გაიხსენა თამუნამ.

  – როგორ არ მახსოვს! ეგ მაგათი სტილია, ცოლიან კაცებთან ძრომიალი. ხო, მართლა, რას შვრება ნინო ნოზაძე, ისევ თავგასას ცოლია? – სალომე დავითაიას უკვე მოყოლილი ჰქონდა ქმრისთვის მისი ყოფილი ცოლის შესახებ და თუ ნინო ნოზაძეც გაიგებდა ამ ახალ ამბავს, არც ეს იქნებოდა ურიგო.

  – ხო, თავგასას ცოლია, გახსოვს, გოგო, რა ამბავი იყო ატეხილი? არა, ხო გეუბნები საშინელი სასტავია, ნუციკო რა, შენ ნაკლები ხომ არ გგონია? შვილი მიგდებული ჰყავს დედამისთან და თვითონ ოცდაოთხი საათი ტელევიზიაში აგდია, ეხლა თურმე თავისზე ათი წლით უმცროს ბიჭთან დადის, ნინომ მომიყვა.

  – კაი, რა? ნუ, ხომ ხედავ, სრულიად თბილისს აწყვეტილი აქვს, მიდი, ერთი, ნინო ნოზაძეს დაურეკე და ეს ამბავი მოუყევი და მერე დამირეკე, ამასობაში ირინას ამბავიც იქნებ გავიგოთ. 

  თამუნასაც ჭკუაში ჩაუჯდა სალომეს ნათქვამი, ნინო ნოზაძეს ყველაფერი აინტერესებდა, რაც მარიკა ღლონტთან რაიმე კავშირში იქნებოდა.

  – გოგო, მაგარი ამბავი გითხრა? ჩემი “პადრუგა” რომაა

ირინა თავხელიძე, იმის ქმარი, სანდრო ობოლაძე, ხო გახსოვს, თეონა გუნიას ნაშა რომ იყო...

  – ხო! – დიდი ენთუზიაზმით დაინტერესდა ნინო ნოზაძე.

  – ხო-და, ეხლა ირინა თეონასთან არის ასული საქმის გასარკვევად, როგორც ირკვევა, სანდროს და თეონას შორის ისევ რაღაც ხდება.

  – არ გამაგიჟო! – გაოცება ხმამაღლა გამოხატა მშობლების სანახავად მისულმა ნინომ, – ესე იგი, ცოლიან კაცებზე ნადირობით ეგენი ვერ გაძღნენ, თეონა გუნიას თავმოყვარეობა სულ არ ჰქონია, სანდრო ობოლაძემ მიატოვა, ცოლი მოიყვანა და ეხლა, ნუ წარმოგიდგენია, რა ხდება? საწყალი ირინა, რა დღეში იქნება! – ეხლა სანდროს ცოლი შეეცოდა თეონას ლანძღვით გულნაჯერებ ნინოს. – ირინამ იკითხოს, ეს თეონა გუნია რას კარგავს? – არც არაფერს! არ გაგიკვირდეს, სანდროს ცოლად თავი რომ მოაყვანინოს! – ლოგიკურად დაასკვნა ახალი ამბის მოსმენით აჟიტირებულმა ნინომ და მასთან სტუმრად მოსულ ძმას გახედა, თან თავი აქეთ-იქეთ უკმაყოფილოდ გადააქნია.

  – შეიძლება! – დაეთანხმა თამუნაც, – თან დედამისი უკვე მკვდარია!

  ნინომ და თამუნამ კიდევ ბევრი ილაპარაკეს თუ როგორი ამორალური ქალები არსებობენ და როგორ არა აქვთ კაცებს ჭკუა, – არც თვალები, რომ ირინასნაირი ლამაზი ცოლის პატრონს რატომ უნდა მოუნდეს სხვა ქალი და ასე შემდეგ. ეს უკვე ირაკლი ნოზაძეს აღარ აინტერესებდა, მან მთავარი მოისმინა, თეონა გუნია და სანდრო ობოლაძე ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს.

  “იქნებ, ჭორია?” – იმედმა გაიბრძოლა დის საუბრის მოსმენით შეწუხებული ირაკლი ნოზაძის გონებაში და ტელევიზორი ჩართო. ნინოს მიერ თეონა გუნიას გალანძღვის მიზეზი ირაკლისთვის კარგად ცნობილი იყო, – თეონა იმ ადამიანის უახლოესი მეგობარი იყო, რომლის მიზეზითაც ირაკლის სიძემ და ნინოს ქმარმა თავგასამ ახალნამშობიარები ცოლი მიატოვა, მართალია, სამ თვეში ისევ უკან დაბრუნდა და მას მერე რვა წელი გავიდა, მარიკა ამერიკაში წავიდა და აქ აღარ ჩამოდის, მაგრამ ნინო ნოზაძეს სიბრაზე ბოლომდე მაინც არ განელებოდა და შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, მარიკა და ყველა მასთან დაკავშირებული ადამიანი გაელანძღა.

“ეხლა მთელ თბილისს მოსდებს” – იცოდა დის ხასიათი ირაკლიმ, მისი მწარედ ნათქვამი სიტყვებიც ყურში ედგა: “ეს თეონა გუნია რას კარგავს? არც არაფერს! არ გაგიკვირდეს, სანდრო ობოლაძეს ცოლად თავი რომ მოაყვანინოს.” თეონას მხრიდან ღალატის დაჯერება ირაკლისთვის ძნელი აღმოჩნდა, “მაგრამ, მეორე მხრივ, რატომ უნდა ყოფილიყო ტყუილი? ვის აწყობდა ამ ამბის მოგონება? რადგან ცოლმა უკვე გაიგო, ესე იგი დიდი ხნის დაწყებული ამბავია. ესე იგი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ძველი საყვარლები ერთმანეთს დაბრუნებოდნენ, ჰმ, როგორ დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი მის ზურგს უკან ხდებოდა და ირაკლი ვერაფერს ხვდებოდა? ან კი, საიდან უნდა გაეგო, ის ხომ მხოლოდ კვირაში ერთხელ ნახულობდა თეონას, კვირაში ორი საათი ეყოფოდა ახალგაზრდა ვნებააშლილ ქალს? და თუ ირაკლი ნოზაძე ცდება, თუ ესეც მორიგი თბილისური ჭორია, თუ თეონასთვის ირაკლისთან გატარებული ორი საათი მართლა საკმარისია და სანდრო ობოლაძე თეონას ცხოვრებაში წარსულს ჩაბარებული სახელი და გვარია, ესეც გაირკვევა, დღესვე!”

 

   29.

 

  სახლში პატიოსნად დროულად დაბრუნებული ქმრის დანახვამ ცოლის სინდისის ქენჯნა და დარცხვენა მომხდარის გამო კიდევ უფრო გაამძაფრა. ირინამ არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, – ეღიარებინა ნახევარი საათის წინ გამოჩენილი წინდაუხედავი საქციელი, რის გამოც დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი თუ გაჩუმება ერჩია, ერთ რამეში დარწმუნებული იყო, სანდრო თეონასთან არ ყოფილა, მაგრამ მანქანა? ირინას არ მოლანდებია, ქმრის მანქანა ნამდვილად თეონას სახლიდან ოდნავ მოშორებით, ორ ავტოფარეხს შორის იყო გაჩერებული. ქმრის უცოდველმა ღიმილმა ცოტა დააწყნარა და ჩვეულებრისამებრ მიუალერსა.

  – მირეკავდი? – ჩვეულებრივად ჰკითხა სანდრომ, – ტელეფონი მანქანაში დამრჩენია, მანქანა კი გოგას გავატანე, თავისი გაუფუჭდა.

  ქმრის ნათქვამმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა, გოგა ბეჭვაია სანდროს ბავშვობის მეგობარი იყო და ხშირად მოუმართავს მანქანის გამორთმევის თხოვნით, რაც სანდროს მაინცდამაინც არ სიამოვნებდა, მანქანის, იარაღის და ცოლის თხოვება არ შეიძლებაო, მაგრამ მეგობარი უარით არასდროს გაუსტუმრებია.

  – სულ მანქანა რატომ უფუჭდება? – პირველად გაუხარდა ირინას გოგას რომ ჰყავდა ქმრის მანქანა წაყვანილი. “ეტყობა, ვიღაცასთან იყო იმ სახლში მისული, იქნებ, სულაც გვერდით სახლში იყო, ან – კი პირდაპირ, ცხრასართულიანში,” – ერთდროულად უხაროდა და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, უფრო კი – სალომე დავითაიაზე, “იმის მაგივრად, ირინა შეეჩერებინა, ნუ აჩქარდები, ცოტა ხანი მოიცადე, კარგად გადავამოწმოთ, იქნებ, სულაც ისე, უბრალოდ იკითხა ის თეონა გუნია და კინოში წასვლასაც შენთან ერთად აპირებსო, პირიქით, გაახელა, ქმარი არ დაუთმო, თავი არ მოიტყუო, ეხლავე წადი და შეამოწმეო. მაგრამ ვინმეზე გაბრაზებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, შეცდომა დაშვებული იყო და ირინას ისღა დარჩენოდა, ელოცა, ქმარს ამის შესახებ არაფერი გაეგო.

  – იცი, დღეს მანქანით სამსახურში მივდიოდი და რაღაც რადიო-ვიქტორინას ვუსმენდი, კითხვა იყო უმარტივესი, მეც ავდექი და ცხოვრებაში რომ არ მიქნია, რადიოში დავრეკე.

  – დარეკე? – ქმრის პატიოსანი აღიარებით მოხიბლულ ირინას საკუთარი თავის კიდევ უფრო შერცხვა, “მე კიდევ ღალატი დავაბრალე!” – ამიტომაც გამოხატული გაკვირვება საკუთარი საქციელისადმი მიმართული უფრო იყო, ვიდრე სანდროს სტუდიაში დარეკვის ფაქტისადმი.

  – აბა! დავრეკე და კინოს ბილეთები მოვიგე, – სიცილით თქვა სანდრომ და ქურთუკის ჯიბიდან ორი ორადდაკეცილი ბილეთი ამოიღო.

– სამწუხაროდ, მე ვერ წამოვალ, 7 საათზე შეხვედრა მაქვს ერთთან, ხომ გახსოვს ომარა, სასისკების ქარხნის დირექტორის მოადგილე, მე მგონი ცოლი მღალატობს და სიდედრი ჯადოს მიკეთებსო, აჩემებული რომ ჰქონდა.

  – როგორ არ მახსოვს! – გამოცოცხლდა ირინა და უკვე სანდროს ერთგულებაში მცირედი ეჭვიც კი აღარ ეპარებოდა.

  – ხოდა, იმ ომარამ დამირეკა, უნდა მიშველოო, რას სჭირს არ ვიცი, ძალიან შეწუხებული ხმა ჰქონდა, ტელეფონში ვერ გეტყვი, უნდა გნახოო, უარი ვეღარ ვუთხარი, ასე რომ, აჰა, შენ კინოს ბილეთები და რომელიმე შენს დაქალთან ერთად კინოში წადი! – მისი პატიოსნებით მოხიბლულ ცოლს ლოყაზე აკოცა და გაახსენდა, რომ მთელი დღის უჭმელი იყო.

 

 

  30.

სანდრო ობოლაძის ცოლის ვიზიტმა თეონას საბოლოოდ მოუშხამა ხასიათი და მთელი დღის მანძილზე შეკავებულ ცრემლებს გასაქანი მისცა. ზუკას ოთახიდან კომპიუტერული თამაშის მექანიკური ხმები ისმოდა, რაც თეონას იმის რწმენას მატებდა, რომ შვილს არაფერი გაუგია. “არც ირაკლის ხმის მოსმენა უნდოდა იმ წუთას, არავის დანახვა არ უნდოდა. არ ჰქონდა მარტო დარჩენის უფლება? რომ მარტოს განეცადა, არც ტკივილში ჩაზიარებოდა ვინმე, არავის მოესმინა მისთვის და არც ენუგეშებინა. ტკივილი თავისით გაყუჩდებოდა, არ სჭირდებოდა ტკბილი სიტყვებით დამზადებული მალამო და ალერსის არტახები.

  მხოლოდ მარტოობამ იცოდა ტკივილის ფასიც და წამალიც, ყველაზე ერთგული მაინც მარტოობა აღმოჩნდა, ვისზე არ გაცვალა თეონამ, როგორ არ უღალატა, მაგრამ მარტოობამ მაინც დაიბრუნა, მიტოვება აპატია და შემოირიგა, თანაც ისე დიდსულოვნად, წარსული წყენები არც კი გაუხსენებია. არც ის ორი საათი დაუყვედრებია ოდესმე, მის გარეშე რომ გაუტარებია თეონას კვირაში ერთხელ, ისიც იმიტომ, რომ იცის მარტოობამ მისი უპირატესობა რომ აშკარაა, ირაკლი ნოზაძე თავისი ზუსტად გამოთვლილი ორი საათით ვერაფერს დააკლებს იმ გრძელ და ფიქრიან ღამეებს, რომელსაც თეონა თვალმოუხუჭავად ატარებს მარტოობასთან, მის ყველაზე ვნებიან და ნებისყოფიან პარტნიორთან, რომელსაც შეუძლია საათობით იჯდეს და ელოდოს ქაღალდებში თავჩარგული თეონა როდის დაასრულებს თარგმნას, დასაძინებლად ლოგინში ჩაწოლილს გვერდით რომ მიუწვეს და საკუთარი არსებობა კიდევ ერთხელ შეახსენოს.

  ტელეფონის ზარი მარტოობის განზრახვას, მთელი თავისი ბრწყინვალებით წარსდგომოდა თეონას, ხელს უშლიდა, და ისიც იძულებული ხდებოდა, ცოტა ხნით გვერდზე გამდგარიყო და ადგილი იმ თავხედი პროფესორისთვის დაეთმო, ცხოვრება რომ საკუთარ სიამოვნებად გაუხდია და თანამდებობა, სახლ-კარი, ცოლ-შვილი და საყვარელი შეუფერებია. მარტოობას ამჯერადაც მოუწევდა კომპრომისზე წასვლა, რასაც სამი წლის მანძილზე აკეთებდა, როცა მისი ფიქრების დედოფალს ორი საათით საბურთალოს ქუჩაზე ნაქირავებ ერთოთახიან ბინაში უშვებდა.

ის ირაკლი ნოზაძეს ნებას რთავდა თეონას სხეულს მიჰკარებოდა, მოჰფერებოდა და მასაც ეგრძნო ის ცეცხლი, მარტოობას რომ გაეჩაღებინა. საბურთალოს ქუჩის კუთხეში თეონას მარტოობა ელოდა, სახლში რომ ერთად დაბრუნებულიყვნენ. 

ახლაც, ატირებული თეონას საამბოროდ დახრილმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ტელეფონის ყურმილის აღების საშუალება მისცა.

  – როგორა ხარ?

თეონას ირაკლის ხმის გაგონება გაუკვირდა, – “ასეთ დროს არასდროს დაურეკავს, ამ დროს ის ან სამსახურშია, ან – უკვე სახლში, ჭამს, ან ტელევიზორს უყურებს, ან – ორივე ერთად. თეონამ არ იცის, უყვარს თუ არა ჭამის დროს ტელევიზორის ყურება ირაკლის, მათ ერთად არასდროს უსადილიათ, არც უვახშმიათ, არც ჩართულ ტელევიზორთან მსხდარან ერთად. საინტერესოა, ირაკლიც არ იცნობს თეონას? არ იცის, რომ თეონას ყველაზე ტკბილად ჩართულ ტელევიზორთან ერთად სძინავს და ჭამის დროს კითხვა უყვარს? ალბათ, არ იცის, მაგრამ, რატომ არ იცის? ისინი ხომ სამი წელია, რაც ერთად არიან, თვეში 5 ხუთშაბათია, წელიწადში 12 თვეა, ესე იგი ერთი წლის მანძილზე 60-ჯერ ყოფილან ერთად ორი საათი, 120 საათი აკავშირებთ ყოველწლიურად და საბოლოო ჯამში 360 საათი გამოვიდა, რაც თავის მხრივ 21 600 წუთია, სულ 1 296 000 წამი გამოვიდა და ამ უამრავი წამიდან ვერც ერთი ვერ გაიმეტეს ნაქირავებ ერთოთახიანის კედლების გარეთ დასახარჯად, თუნდაც ერთად წასულიყვნენ ლიტერატურულ კაფეში და ორივესთვის საყვარელი არაჟნის კრემიანი ყავის ტორტი მიერთვათ, ამაზე, უბრალოდ, არასდროს უფიქრიათ, ამის შესაძლებლობა იდეის დონეზეც გამორიცხული იქნებოდა, ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცხოვრება ჰქონდა და თუ მაინც ხუთშაბათობით, დღის 2 საათიდან 4-მდე ერთმანეთს ხვდებოდნენ, ესეც საკმარისი უნდა ყოფილიყო მათთვის, ორივე ასე ფიქრობდა და უკმაყოფილებას არც ერთი არ გამოსთქვამდა. თუმცა, თეონას მაინც სურდა ირაკლის კუთვნილ სამყაროში შეჭრილიყო და ერთი თვალით მაინც დაეთვალიერებინა, ამიტომაც ცდილობდა ალერსიდან ალერსის შუალედში საკუთარ თავზე რაიმე ეამბნა, აი, მაგალითად, აფრიკული კაქტუსის შესახებ, კომპიუტერის გვერდით რომ უდგას ქოთანში და წელიწადში ერთხელ რომ ყვავის, შუაღამისას, სავსე მთვარის შუქზე.

“ამ დროს უნდა მოასწრო და სურვილი ჩაიფიქრო, ამბობენ, აგისრულდებაო. ეს დაახლოებით ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას ჰგავს, ოცნებების ზღვაში შენი სურვილის ასასრულებლად რომ ჩაეშვება, მაგრამ კაქტუსის ყვავილობას უფრო მეტი ძალა ჰქონია, ამიტომ უნდა მოასწრო და დაინახო როგორ გადმოაფენს ეკლებიანი ქსოვილიდან აბრეშუმის სახელოს და თუმცა გარეთ თებერვალია, მაინც იგრძნობ გაზაფხულის ნაწვიმარი დილის სურნელს, არა, შენ აუცილებლად უნდა ნახო როგორ ყვავის კაქტუსი, მერე სურვილის ასრულებაზეც აღარ იფიქრებ, მთავარია დაინახო ჭაობისფერი ეკლებიანი პერანგიდან გამოყოფილი ნარინჯისფერი აბრეშუმის ცხვირსახოცის ბოლო, ცოტას თუ მოქაჩავ, ცხოვრების ტილოდ გადაიქცევა. პეპლებითა და ანგელოზებით მოქარგულ ტილოზე დასვენებულ წამს შენი ერთი მილიონ ორას ოთხმოცდათექვსმეტი ათასი წამის გადაწონვა შეუძლია, იცი, თუ არა ეს შენ?

  – თეონა, რას ბოდავ, მთვრალი ხარ? – ნებისყოფამ უმტყუნა ირაკლის.

  – მთვრალი? შენ რა, დაგავიწყდა, მე რომ ვერ ვსვამ? ერთხელ კონიაკით მოვიწამლე და იმის მერე ყველანაირ სასმელზე ალერგია მაქვს. დაგავიწყდა კი არა, არც იცოდი, ბევრი რამე არ იცი ჩემზე.

  – მართალია, ბევრი რამე არ ვიცი! – ირონიულად დაეთანხმა ირაკლი და თეონასთან მისვლა უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა.

  – ცუდადა ვარ! – უღონოდ თქვა თეონამ და გაჩუმდა.

თეონას აბდაუბდა საუბრიდან ირაკლიმ ერთი დასკვნის გაკეთება შეძლო – “თეონა საღ გონებაზე არ იყო! რა კაქტუსის ყვავილებიო? რამდენი მილიონ რამდენი ათასი წამიო? პეპლები და ანგელოზები რა შუაში იყო? უნდა მივიდეს, ახლავე ადგეს და თეონას პირდაპირ სახლში მიადგეს, ერთხელ ცხოვრებაში გააკეთოს ის, რის გამოც სიკვდილით არავინ დასჯის. აღარ დაელოდოს ხვალინდელი დღის გათენებას, თორემ ეჭვი და ბოღმა დაახრჩობს, იქნებ, არც ღალატობს თეონა და ესეც მორიგი თბილისური ჭორია? იქნებ, მართლა ცუდად არის და შველა სჭირდება? მაგრამ ამის გასარკვევად თეონასთან მისვლაა საჭირო, ახლავე, დაუყონებლივ!”

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია