31.

 

  კერძო დეტექტივი შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. ცოლსაც ოსტატურად დაუძვრა, ყურებით ჰყავდა ირინა დაჭერილი, თეონას სახლთან დაბრუნება მალე უნდა მოესწრო, ისედაც, ერთი საათით მოსწყდა თვალთვალს, ვინ იცის, ვინ მივიდა მის არყოფნაში, ხომ შეიძლებოდა რაიმე ძალზედ მნიშვნელოვანი დეტალი გაეშვა ხელიდან და მერე ის რამდენიმე ფოტო, რომლის გადაღებაც მოესწრო, საქმეს აღარ უშველიდა.

  ცოლის მზრუნველი ხელით მირთმეული ჩიხირთმა და ხბოს ხორცის სოუზი მიირთვა თუ არა, საათზე დაიხედა, არ დამაგვიანდესო, – უფრო ირინას გასაგონად თქვა და წავიდა.

მანქანა ფოტო-მაღაზიასთან გააჩერა, ერთ საათზე მეტი გასულიყო და ფოტოები უკვე დაბეჭდილი იქნებოდა.

  ავტოფარეხებს შორის დილიდან შეგულებული ადგილი ისევ თავისუფალი დაუხვდა. მანქანაში ღუმელი არ გამოურთავს, სალონში შუქი აანთო და პრიალა ქაღალდზე დაბეჭდილი ფოტოების თვალიერებას შეუდგა, თან თვალი სადარბაზოსკენ ეჭირა, რაიმე ან ვინმე რომ არ გამოპარვოდა.

  ზუკა საერთოდ არ ჰგავდა დედას, ნანიკოც მამას ჰგავდა, მაგრამ დედის თვალები ჰქონდა. ორივე ბავშვი სანდროზე ეჭვიანობდა, უფრო კი – ზუკა, თეონა ამას განიცდიდა და ყველანაირად ცდილობდა სანდრო ბავშვებისგან მოერიდებინა. “დროა აღიაროს სანდრო ობოლაძემ, რომ თეონასი შურდა კიდეც, მას უკვე ორჯერ მოესწრო გადაწყვეტილების მიღება, – ორჯერ გათხოვილიყო და ორივე ქორწინების სამახსოვროდ შვილები ჰყავდა – გოგო და ბიჭი, მას კი, – თეონაზე ხუთი წლით უფროსს, ძლიერი სქესის წარმომადგენელს, ჯერ არაფერი მოესწრო, დამოუკიდებლად არც ერთი გადაწყვეტილება არ მიეღო – იურიდიულზეც დედის დაჟინებული თხოვნით ჩააბარა, თვითონ არქეოლოგობა უნდოდა, თეონას ამაშიც ეჯობნა მისთვის, უცხო ენებისა და მათემატიკის ბრწყინვალედ მცოდნე მედალოსან აბიტურიენტს ბაბუის კოლეგები სამედიცინო ინსტიტუტში ჩაბარებას გაუჭირვებდნენ? თეონას კი არქეოლოგია აინტერესებდა, ეს მისი არჩევანი იყო, აზრიც არავისთვის უკითხავს. Dროა, აღიაროს სანდრო ობოლაძემ, რომ მისი და თეონას ურთიერთობის დასასრული სწორედ იმ უთანასწორობის შედეგი იყო, რომელიც ამ ორ ადამიანს შორის არსებობდა, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრს ჰქონდა კი აზრი?” – ძველი საყვარლის გახსენებას უკვე აღარ ეწინააღმდეგებოდა თბილ მანქანაში მჯდომი საქმეზე მოსული კერძო დეტექტივი, პირიქით, გადავიწყებული ნივთის მოულოდნელი პოვნით განცდილი სიხარულის მსგავს შეგრძნებებს სიამოვნებით იღებდა.

     32.

 

  თბილისის აეროპორტში "ვიაიპი" გასასვლელიდან მგზავრი გამოვიდა და შავი მერსედესის უკანა სავარძელზე დაჯდა. აეროპორტის ტრასაზე ზოზინით მიმავალი ძროხის დანახვამ გააკვირვა და გაახარა კიდეც, თურმე ბევრი არაფერი შეცვლილიყო მის მშობლიურ ქალაქში, მაგრამ სიახლეებს მაინც ამჩნევდა თვალი, უამრავი სამარშრუტო ტაქსი და სიგარეტით გარემოვაჭრეები იქამდე არ ენახა, ისევე, როგორც ახალი ეკლესიები და სასტუმროები, მშენებარე სახლები და ძველ სახლებს ყველა მხრიდან მიშენებული ლოჯიები, სახინკლეები, კაფეები, “მაკდონალდსი”.

აღარსად ჩანდნენ ჯოხიანი და სასტვენიანი “გაიშნიკები”, “ფოლკსვაგენიანი” პატრული ამყარებდა ახლა წესრიგს, მათი სარეკლამო აბრები ეკიდა ქუჩებში, – “დარეკეთ 022-ზე,” – იტყობინებოდნენ ახალგაზრდა გაღიმებული პოლიციელი მამაკაცები და, მგზავრის გასაკვირად, პოლიციელი ქალებიც. შავი მერსედესის ფანჯრიდან დანახული კაზინოებით, რესტორნებით, სილამაზის სალონებით სავსე ქალაქს თითქოს ხალხიც შეეცვალა, ოღონდ რა ნიშნით, ამაზე პასუხი აეროპორტიდან სასტუმრომდე მიმავალს ვერ მოეძებნა, ერთადერთი, რის აღმოჩენაც შესძლო, ის იყო, რომ მთელი გზის მანძილზე “ბირჟავიკი” ბიჭებისთვის არ მოუკრავს თვალი, ჩაცუცქულები სიგარეტს რომ ეწეოდნენ, შორს აფურთხებდნენ და პურზე წასულ გოგოებს მუშტრის თვალით ათვალიერებდნენ. თუმცა, ერთად შეკრებილ მამაკაცებს მაინც მოჰკრა თვალი, ისინი ხიდის ქვეშ იდგნენ და გამვლელ-გამომვლელს სარემონტო მომსახურებას სთავაზობდნენ – სანტექნიკები, “მალიარები”, “ციკლოვშჩიკები”, “კაფელშჩიკები”, “ელექტრიკები” ახალი დროის სევდიანი შვილები იყვნენ, საარშიყოდ რომ არ ეცალათ და ხიდის ქვეშ მიმავალ ყოველ მანქანას მსუნაგი თვალით მისჩერებოდნენ, იქნებ დღეს მაინც გამართლებოდათ და მათი ხელობა ვინმეს დასჭირვებოდა, დღეს მაინც! მათი სასოწარკვეთილი თვალების დანახვამ შავი მერსედესის უკანა სავარძელზე მჯდომ მგზავრს ხასიათი დაუმძიმა და რუსთაველის გამზირამდე კოპებშეყრილი იჯდა.

 

33.

 

  ეს იყო პირველი შემთხვევა ირაკლი ნოზაძის ცხოვრებაში, როცა მან იეჭვიანა – ღალატის დამამცირებელი შიში იგრძნო, რომელსაც საცერისხელა თვალები და რკინის კლანჭები ჰქონდა, გულის ფიცარს რომ მტკივნეულად უკაწრავდა და ყბას უგრძელებდა. მშობლების სახლიდან ფეთიანივით გამოვარდნილი გზად შემხვედრ პირველსავე ტაქსიში ჩაჯდა. არსებული მდგომარეობის შესაფასებლად გამოცდილება არ ჰყოფნიდა, “მართლაც, სულ ორ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, აქედან ერთი ცოლად მოიყვანა, მეორე კი მოახერხა და კვირის დატვირთულ გრაფიკში საყვარლის სტატუსით ჩასვა. თავიდან ცოტათი გაუჭირდა ბინის დაქირავება, არაფრით არ უნდა გაშიფრულიყო, ვინმეს რომ ეჭვი აეღო – ირაკლი ნოზაძე, პროფესორი, მინისტრის მოადგილე, ცოლშვილიანი კაცი ბინას ქირაობს საყვარლისთვისო, ყველაფერი უკუღმა დატრიალდებოდა, რის წაღმა ტრიალსაც ირაკლი ნოზაძემ თავისი შეგნებნული ცხოვრება შეალია.

ყველას შეეძლო უმწიკვლო რეპუტაციისა და პროფესიონალის სახელის დამკვიდრება ჭორებით დანაღმულ ქალაქში? ირაკლი ნოზაძემ ეს შესძლო, – მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა, რაც დაიმსახურა, სხვისი ხომ არაფერი მიუტაცებია? – არც სამეცნიერო შრომა და არც – ცოლი.

  თეონა როცა გაიცნო, ის არავისი იყო და იმ ფეხმოტეხილ თოჯინას ჰგავდა, მასთან თამაშით გულნაჯერებ და ახალი თოჯინის სილამაზით მოხიბლულ ბავშვს რომ ტროტუარზე დაუგდია, ახალი თოჯინა გულზე მიუკრავს და დედას გაჰკიდებია, ისე, რომ უკან არც კი მოუხედავს და არც დაინტერესებულა, მის მიერ მიტოვებულ თოჯინას რა ბედი ელოდა.

თოჯინა კი ეგდო ღია თვალებით, “რა ცარიელი მზერა აქვს”, – გაიფიქრა ირაკლი ნოზაძემ თეონა როცა გაიცნო, სამეცნიერო შრომის ფრანგულ ენაზე თარგმნა სჭირდებოდა. თეონა ყურადღებით უსმენდა ახალგაცნობილს, რომელიც დეტალურად უხსნიდა, თუ როგორი სტილის თარგმანი სჭირდებოდა და რამდენ დღეში, თან თეონას მზერის სიცარიელეზე ფიქრობდა, რომელიც ჩვეულებრივი სიცარიელისგან რაღაცით მაინც განსხვავდებოდა და იმ “რაღაცის” ზუსტი სახელი ირაკლიმ არ იცოდა, სწორედ იმ “რაღაცის” გაგების სურვილმა ააღებინა ხელში ფეხმოტეხილი თოჯინა ტროტუარზე დახრილ ბავშვს და გულში მიახუტებინა. მაგრამ ბავშვს უკვე ჰქონდა სათამაშო, საყვარელი სათამაშო, რომელიც არც ქუჩაში ეპოვნა და არც სხვისთვის წაერთმია. – ის მისი იყო, მარტო მისი, სხვა პატრონი არც არასდროს ჰყოლია და ახლა ბავშვის მხრიდან ხომ არ იქნებოდა მოსაწონი საქციელი ძველი და საყვარელი თოჯინა ქუჩაში ნაპოვნ თოჯინაში გაეცვალა?! მაშინ ისიც ხომ იმ უზნეო ბავშვივით მოიქცეოდა, თოჯინას რომ ფეხი მოსტეხა და ტროტუარზე დააგდო?! მაგრამ, ხომ შეიძლებოდა, ისე ეთამაშა თოჯინებით, თვითონაც კმაყოფილი ყოფილიყო და არც ისინი გაენაწყენებინა? სახლის თოჯინა ვერაფერს გაიგებდა, ის ხომ სახლში იყო, საიმედო თავშესაფარი ნაპოვნი ჰქონდა და ჭერის წართმევა და ფეხმოტეხილ თოჯინასავით ასფალტზე დაგდება არ ემუქრებოდა. ბავშვის ორმაგი თამაშით არც ქუჩის თოჯინა უნდა ყოფილიყო უკმაყოფილო – ის ხომ გადაგდებას გადაურჩა. მას ტანსაცმლიდან მტვერი ჩამოსწმინდეს, თმა ლამაზად დავარცხნეს და ცოტა ხანში კოჭლობითაც უკვე აღარ კოჭლობდა.

მასთან სათამაშოდ სახლიდან უფროსებს ორი საათით ეპარებოდა ბავშვი, რისკავდა, ვინმეს რომ გაეგო, ატყდებოდა ერთი ამბავი, ყველა ბავშვს გაამტყუნებდა, გაუმაძღარიაო, – იტყოდნენ, – არ ეყო ერთი თოჯინა, სხვაც მოინდომაო, თავს უკმაყოფილოდ აქეთ-იქით გადააქნევდნენ და საერთოდ აღარ გაუშვებდნენ სათამაშოდ. სახლში გამომწყვდევის შიშის მიუხედავად, ბავშვი დათქმულ დროსა და ადგილას მაინც მიდიოდა, სადაც მისი ნახვით გახარებული თოჯინა ბედნიერების მეტს არაფერს იმჩნევდა, მაგრამ, თურმე, თვალი მაინც გარეთ ეჭირა. არც გაემტყუნებოდა! ის თოჯინა იყო და თამაში უნდოდა, უფრო ხშირად და უფრო დიდ ხანს და თუ თავის გულისწადილს ბავშვს არ უმხელდა, ისიც, ალბათ, უფრო იმიტომ, რომ მასთან სათამაშოდ განკუთვნილი ორი საათი არ ჩაემწარებინა, იქნებ, სულაც, შურისძიება ჰქონდა ჩაფიქრებული? ამის შემდეგ ეცოდინება, რომ თოჯინებსაც შესძლებიათ სამაგიეროს გადახდა. მის სახლის თოჯინას ხომ ასეთი ნაბიჯი არასდროს გადაუდგამს. არ დასჭირვებია და იმიტომ! მას ხომ, ბავშვის სახით, ძალიან კარგი პატრონი ჰყავდა, – ის არც თმებს წიწკნიდა და არც იატაკზე აგდებდა, არც ფეხი მოუტეხავს მისთვის. ამ ბავშვმა სათამაშოებით თამაში იცოდა, ის ორივე თოჯინას უფრთხილდებოდა, მათ უდიერად არასდროს მოქცევია, ამიტომაც სწყინდა თოჯინის უმადურობა, რომელსაც ვინმე სხვაზე კი არ გაეცვალა, სწორედ იმ ბავშვს დაბრუნებოდა, რომელსაც მტვრიან ქუჩაში ტროტუარზე დაუგდია და მიუტოვებია. 

  “ მოვედით, ჯიგარო!” – ტაქსის მძღოლის ფამილიარობამ გამოაფხიზლა.

ნაცრისფრად განათებული სადარბაზოს დანახვამ მხნეობა დაუკარგა, – “ხომ არ აჩქარდა? იქნებ, დაცდა ერჩივნა, დაყოვნება?..” სადარბაზოს კიბეებზე მძიმედ და გაუბედავად ამავალ ირაკლის მსგავს სიტუაციებში აღმოჩენის გამოცდილება აკლდა, – ის იმ წარმოდგენაში მონაწილე მსახიობს დამსგავსებოდა, საყვარელს ღალატის გამო პასუხი რომ უნდა მოსთხოვოს და ღირსება გადაირჩინოს.

 

  34.

 

  სანდრო ობოლაძეს დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია; სახლის სადარბაზოს შესასვლელთან წითელი ტაქსი გაჩერდა, მგზავრი გადმოსასვლელად ემზადებოდა და კარი ნახევრად გაღებული ჰქონდა – მძღოლი ხურდას უბრუნებდა და მანქანის სალონის შიდა შუქზე მამაკაცის პროფილი გამოჩნდა, სანდრომ სურათის გადაღება მოასწრო. სადარბაზოს სიღრმეში შესული ეცნო, “სადღაც უნახავს. მაგრამ ხომ შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო თეონას სტუმარი? იქნებ მეზობელი იყო, ან კი, სულაც, მეზობლის სტუმარი? სულაც არ იყო აუცილებელი, სანდროს ეჭვები გამართლებულიყო და მოსული თეონას საყვარელი აღმოჩენილიყო. იქნებ, სულაც მარტო იყო თეონა და სანდროს მერე მის ცხოვრებაში არც არავინ გამოჩენილა? იქნებ, ისევ სანდროზე ფიქრობდა და გრძნობა ბოლომდე არ განელებოდა? მერე რა, თუ ხუთი წელი გავიდა, თუ მაშინ უყვარდა?..” – თავის თავის სასარგებლო ფიქრებში წასულმა სანდრო ობოლაძემ იგრძნო, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა, უცნაურად დაწყებული დღე უცნაურად გრძელდებოდა, დიდი ხნის წინ გამოთხოვებული წარსული დაუკითხავად ბრუნდებოდა. უფრო სწორად, იმ წარსულს დასრულება აკლდა, აუცილებელი ფინალი. თუმცა, ეპილოგის შექმნაზეც დააგვიანდა, ცოლმა დაასწრო. “ის, რისი გაკეთებაც სანდრომ ვერ გაბედა, ან, უბრალოდ, არ უფიქრია ასეთი თამამი ნაბიჯების გადადგმა თუ იქნებოდა შესაძლებელი, მაგალითად, თეონა გუნიასთან დაუკითხავად მისულიყო.

და რა უნდა ეთქვა? მომენატრეო? დავუშვათ, მართლაც მონატრებოდა, მისასვლელი პირი არ ჰქონდა და როგორ მივიდოდა? ან საიდან იქნებოდა დარწმუნებული, რომ მას მიიღებდნენ, მოუსმენდნენ და კარიდანვე არ გააბრუნებდნენ უკან, – მისამართი შეგეშალაო." ”მაგრამ, თურმე, შესაძლებელი ყოფილა მიეღოთ, “რახან შენ მოხვედიო,” ეთქვათ და კისერზე ჩამოჰკიდებოდნენ. ამის შესაძლებლობა რომ არსებობდა, ეს ირინამ დაუშვა და დაიჯერა კიდეც. მაგრამ სანდროს არ აღმოაჩნდა ის თავხედობა, რა ნიშნითაც ცოლმა შეაფასა, როცა თეონას სახლში მისი ძებნა დაიწყო. “იმის კაცობაც არ მყოფნის, თეონასთან მივიდე და ბოდიში მოვუხადო!” – სანდროს საკუთარი ხმა ეცნაურა, ვიღაც სხვა ადამიანი იღვიძებდა მასში სხვა ხმით და ეს სხვა ხმა მისგან სხვა მოქმედების შესრულებას მოითხოვდა. 

 

  35.

 

  დებიუტანტმა რეპეტიციის გავლის გარეშე შეაბიჯა სცენაზე, სადაც იქამდე არასდროს ყოფილა – არასდროს უნახავს ნახევრად განათებულ-ჩაბნელებული სივრცე, საიდანაც თავიანთ არსებობას ადასტურბდნენ დერეფანში ჭერამდე აყუდებული სარკე, ქაღალდებმოფენილი საწერი მაგიდა, ლურჯი სინათლის მომცემი ჭაღი და ოქროსფერი ბრინჯაოს ძველებური საათი, რომელიც ისრების მძიმე მოძრაობით მათ შეხვედრას არანჟირებას გაუწევდა.

  რეპეტიცია არც ქალს ჰქონდა გავლილი, მაგრამ, კაცისგან განსხვავებით, თავი ღირსეულად ეჭირა, ის საკუთარ სცენაზე იდგა, სადაც ფეხი აიდგა, დედისა და ბებიის დანატოვარ ადგილას დგომა მას როლისთვის თავის გართმევის საშუალებას აძლევდა.

  წარმოდგენა დაიწყო.

  ქალი: მოხდა რამე?

  კაცი (ეტყობა აღელვებულია და ლაპარაკის დაწყება უჭირს, თან პალტოს იხდის, ქალი პალტოს ართმევს და საკიდზე კიდებს): 

  – ხო!

  ქალი: რა მოხდა?

  კაცი: მარტო ხარ? – (თან ოთახს ათვალიერებს)

  ქალი: მე და ბავშვი.

  კაცი ქალს უყურებს, არ იცის, რა თქვას, თითქოს საკუთარი როლი დაავიწყდა და თვალებით სუფლიორს ეძებს.

  ქალი: ძალიან გასაკვირია შენი მოსვლა, რაღაც მოხდა, ხო? (კაცს გამომცდელად უყურებს)

  კაცი: გასაკვირია! გასაკვირია! (დაბნეულობისგან სიტყვებს ორ-ორჯერ იმეორებს) იცი, ვერ მოვითმინე...

ვერ მოვითმინე და მოვედი...

მოვედი, რომ მეთქვა... მეთქვა, რომ ვიეჭვიანე... ვიეჭვიანე სისულელეზე... სისულელეზე ავვარდი... არ უნდა ავვარდნილიყავი...

  ქალი (დაბნეულობას ღიმილით ფარავს): ვიზე იეჭვიანე?

  კაცი (მცირე პაუზის შემდეგ): სანდრო ობოლაძეზე.

  ამ დროს მოხდა ის, რასაც არც ერთი მათგანი არ ელოდა. საკუთარი სამსახიობო ოსტატობით გახარებულ მსახიობებს წარმოდგენა რომ დასრულებული ეგონათ და მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით ფარდის დაშვებას ელოდნენ, კარზე ზარის ხმა გაისმა.

  მეორე კაცის ვიზიტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. საკუთარ სცენაზე დგომით გათამამებული ქალი ისე დაიბნა, სიტყვებს თავი ვერ მოუყარა, კარს იქით გადავიწყებული ხმა რომ შემოესმა, სანამ კარს გააღებდა, შემოსასვლელში მდგომმა კაცმა ქალს მკაცრად შეხედა და ოთახში შესვლით სცენა სხვა მამაკაცს დაუთმო.

  – შეიძლება შემოვიდე? – მორიდებულად იკითხა მეორე კაცმა და ქალის გაკვირვებულ თვალებს მზერა აარიდა.

  – რა გინდა? – გესლიანად იკითხა ქალმა და მისი ხვლიკისფერი თვალებიდან სიცივე გადმოსრიალდა.

  – მე მინდა ყველაფერი აგიხსნა. ჩემი ცოლი იყო აქ დღეს...

  ქალმა სიტყვის დასრულება არ აცალა: “ ხო, და შენ გეძებდა, ამის შემდეგ სადმე გადახვევას თუ გადაწყვეტ, გააფრთხილე, ეხლა კი, წადი აქედან!”

  – მე დასალაპარაკებლად მოვედი, თეონა! – მუდარამ ვერ გაჭრა.

  – მე არ მინდა შენთან ლაპარაკი, სანდრო!

ეს სიტყვები ქალმა ჩუმად თქვა, კაციც ჩუმად გატრიალდა და კარიც ჩუმად მიიხურა. თეონა კარებს შუბლით მიეყრდნო და რკინის სიგრილე ესიამოვნა. “რა მოხდა? ეხლა რა მოხდება?” – უჭირდა მომხდარსა და მოსახდენს შორის კავშირის დადგენა. “მაგრამ მისი რა ბრალია, თუ ასე მოხდა? იქნებ, სულაც, ყველაფერი მისი ბრალია? მერე რა, თუ ხუთი წელი გავიდა? განა ვინმეს შეუძლია დამაჯერებლად ამტკიცოს, რომ დრო ყველაფრის მკურნალია? თუ ვინმეს სიმართლე აინტერესებს, დრო ქურდია, ავაზაკი, გამომძალველი, წლებს გართმევს, ჯერ ბავშვობას მიიტაცებს, მერე ახალგაზრდობას და არც სიბერეში ინდობს გამუდმებით დაყაჩაღებულ-მოტყუებულ მსხვერპლს. დროის შეჩერება მხოლოდ სიკვდილს შეუძლია, ისიც დროებით, სანამ სხვა დრო დაიწყება, – როცა შენ აღარა ხარ. “რა კარგი დრო იყო” ან, პირიქით, რა ცუდი დრო იყო”, ან კი, სულაც, “ძველი დრო”, “სხვა დრო”...

ბევრი სხვადასხვა დრო არსებობს და თითოეული მასთან შესაბამისობაში არსებობას მოითხოვს, აი, მაგალითად, რითი განსხვავდება რამდენიმე წუთის წინ არსებული დრო რამდენიმე წუთის შემდეგ არსებულისგან?” – თეონამ შეშინებული თვალებით სასტუმრო ოთახში გამავალი ნახევრად ღია კარიდან იატაკზე კაცის გრძელი ჩრდილი დაინახა, ქანდაკებასავით უძრავი, რომელიღაც წარმართულ მრისხანე ღმერთს ჰგავდა. ირაკლი ნოზაძე ასეთი გაბრაზებული არასდროს ყოფილა: “თურმე მართალი ვყოფილვარ, მატყუებდა, სულ მატყუებდა, იმასაც ხვდებოდა და – მეც. როგორ თვალთმაქცობდა?! გამოიჭირა თუ არა?! ესე იგი, ყველაფერი მართალი ყოფილა, თეონამ სანდრო მიიღო, ყველაფერი აპატია და საქმე იქამდე მივიდა, რომ უკვე ოჯახსაც უნგრევს, მაგრამ მარტო მე კი არა, იმ ვაჯბატონსაც ატყუებდა, როცა საბურთალოს ქუჩაზე ნაქირავებ ერთოთახიანში გარბოდა! შეიძლება, თეონასაც თავისი გრაფიკი აქვს, – დღეს ოთხშაბათია და სანდროს დღეა, ირაკლი კი თავის ხუთშაბათს დაელოდოს!” – ირაკლი ნოზაძე პირველად გრძნობდა თავს მოტყუებულად, დამცირებულად, მასხრად აგდებულად და გაფარჩაკებულად. ერთადერთი, რაც იმ წუთებში უნდოდა, წამომხტარიყო და უქუდოდ და უპალტოოდ გავარდნილიყო ქუჩაში, სუფთა ჰაერზე. ამ ჭერს გასცლოდა, რომ მალევე დაევიწყებინა აქაურობა, დაბრუნებოდა საყვარელ ტახტს, საყვარელი ჭიქით დაელია ჩაი და საყვარელ პიჟამოში გამოწყობილს საყვარელი გადაცემისთვის ეცქირა, რომ არასდროს გაეხსენებინა ეს წამი, ისევე, როგორც ყველა სხვა წამი, ამ წამის მოახლოებისთვის რომ უარსებიათ იქამდე.

 

  36.

 

  თეონას სახლიდან გამოძევებული სანდრო ობოლაძე მანქანაში ჩაჯდა თუ არა, სადარბაზოსთან კიდევ ერთი მანქანა გაჩერდა და იქიდან ნაცნობი სილუეტი გადმოვიდა. ეს ნუციკო იყო, რომლის გრძელ ენასაც აბრალებდა სანდრო ობოლაძე დღევანდელ გაუგებრობას.

სანდროს ეს გაუგებრობა, მისდა გასაკვირად, ახარებდა კიდეც, რომ არა დღევანდელი დღე, ვინ იცის, ის თეონას როდის ნახავდა. მანქანის გვერდით სავარძელზე დაყრილ თეონას ფოტოებს შეხედა. “პატარა გოგოა, ჯინსებში და კეტებში. ნანიკო რომ გათხოვდეს, ბებიაც გახდება. თეონა და ბებია?” – სანდროს გული მოეკუმშა, მამობის სიხარულის არცოდნამ გაკვეთილის უცოდინარი ბავშვივით მხრებში აწურა. მაინც არ ნანობდა საკუთარ საქციელს. მართალია, ის გამოაგდეს, არც კი მოუსმინეს, მაგრამ სხვა რისი იმედი უნდა ჰქონოდა? რა საქმე უნდა ჰქონოდა თავმოყვარე ქალს კაცთან, რომელმაც სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობით გათამამებულ ადამიანს ისე იოლად უთხრა, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა და უნდა დავშორდეთ ერთმანეთსო, თითქოს ეს თეონასთვის ისევე იოლად შესასრულებელი იყო, როგორც ერთ ღამეში დიპლომის დაწერა.

  თეონას უნდოდა, არ უნდოდა, უნდა დაემთავრებინა, წერტილი დაესვა.

უფრო სწორად, სანდროს მიერ დასმული წერტილის უტყუარობას შეჰგუებოდა და მისი ცხოვრებიდან გუდა-ნაბადი აეკრა. მართალია, თეონა თავიდან გაუძალიანდა, რამდენჯერმე დაურეკა კიდეც და ყველაფრის თავიდან დაწყება სთხოვა, მაგრამ სანდროს მისი მოსმენაც არ უნდოდა და ჯიუტად უმეორებდა: “დაამთავრე, დაამთავრეო.” თეონასაც სხვა გზა აღარ რჩებოდა და დაამთავრა.

  ...და ახლა, როცა ამდენი ხანი გავიდა, როცა თეონამ სანდროსგან გადადებული სახადი მოიხადა და გამოჯანმრთელდა, ძველი ავადმყოფობა შესაყრელად ისევ მიადგა სახლში. “მე მგონი, ყველაფერი გავაფუჭე!” – სანდრომ სახეზე ხელები აიფარა. მისი ნება რომ ყოფილიყო, ასე იქნებოდა კიდევ რამდენიმე საათი, სანამ შეკუმშული გული ძველ ფორმას არ დაიბრუნებდა. “გაიჭედა, ცუდად გაიჭედა სანდრო ობოლაძე. ოჰ, ირინა, შენი დედა!..” – ასე გემრიელად ცოლისთვის არასდროს შეუგინებია. საერთოდ არ შეუგინებია ირინასთვის, რადგან მას ეს არასდროს დაუმსახურებია.

  თვალებზე ქუდჩამოწეულმა და პალტოს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მამაკიცის სილუეტის სადარბაზოდან გამოსვლამ სანდროს ცოლსა და ძველ საყვარელზე ფიქრი შეაწყვეტინა. ჩქარი ნაბიჯებით მიმავალი ძალიან ჰგავდა ცოტა ხნის წინ ტაქსით მოსულს.

სანდრო ობოლაძემ მანქანა დაქოქა და პირველსავე ტაქსიში ჩამჯდარს დაუფიქრებლად უკან გაჰყვა. 

 

  37.

 

  მაყურებელი რომ დასწრებოდა ამ სამწუთიან წარმოდგენას, აუცილებლად ცრემლი მოერეოდა. თუმცა, არც ქალს და არც კაცს არ უტირია. ისინი უხმოდ დაშორდნენ ერთმანეთს, ერთმანეთისთვის არაფერი ჰქონდათ სათქმელი, სიტყვა იქ ზედმეტი იქნებოდა. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი იდგებოდნენ დერეფანში გაბუტული ბავშვებივით თავდახრილნი და გააჭიანურებდნენ ფინალს, რომელიც ზუკას ოთახიდან გამომავალი კომპიუტერული თამაშის მექანიკური ხმის ფონზე მიმდინარეობდა, კარზე ზარს რომ არ დაერეკა.

კაცი კარებთან დადგა და ქუდი, რომელიც უკვე მოესწრო და თავზე დაეხურა, თვალებზე ჩამოიფხატა, რითაც ქალს აჩვენა, რომ გამოჩენა არ აწყობდა. ისე უნდა მოეხერხებინა აქედან გასვლა, რომ მოსულს მისი სახის დანახვა ვერ მოესწრო. თეონას უნდა კეთილი ენება და რამე მოეტყუებინა, ტყუილები, როგორც გამოირკვა, შესძლებია. ჰოდა, ახლაც რამე მოეგონებინა, რადგან ირაკლის არანაირი სურვილი არ ჰქონდა, რომ ახლა, როცა ყველაფერი დამთავრდა, გამჟღავნებულიყო ის, რის დაფარვასაც მან სამი წელი მოანდომა. “კარგად ბრძანდებოდეს!”

  ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, კარი ნერვიულად გაიღო და მოულოდნელობისგან დაბნეულმა ნუციკომ მხოლოდ კაცის ზურგის დანახვა მოასწრო.

  – ვაიმე, ვინ იყო? რა გჭირს? მოხდა რამე? – ეს იყო კითხვები, რომელზეც პასუხის მისაღებად თეონას სახის დანახვით შეშფოთებული ნუციკო მეგობარს მიმართავდა.

  თეონას არც ერთ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.

ერთადერთი, რასაც განიცდიდა, სიცარიელის სიმძიმე იყო, სწორედ ის, პირველად დედის საფლავზე რომ იგრძნო.

  მაშინ სკოლაში სწავლობდა და ბოლო ორი გაკვეთილიდან სასაფლაოზე გაიპარა. მაშინ ვერ გაიგო, რა სჭირდა, რისი ბრალი უნდა ყოფილიყო ყელში წაჭერილი უცნაური ტკივილი, განძრევის საშუალებას რომ არ აძლევდა.

  როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქმარი არ უყვარდა და ვერც ვერასდროს შეიყვარებდა, მეორეჯერ მაშინ გაეჩხირა ყელში ძვალივით დედის საფლავიდან წამოღებული შეგრძნება. “უნდა გავშორდე! უნდა გავიქცე! თავს ვუშველო! მეზიზღება! მეზიზღება! მეზიზღება!” – ამ სიტყვებს ლოგინიდან ფეთიანივით წამომხტარი აბაზანაში სარკის წინ მდგომი იძახდა, ჩურჩულით ყვიროდა, თმას იგლეჯდა და კბილებით ტუჩებს იწიწკნიდა. მხოლოდ ერთს ფიქრობდა, საძინებელ ოთახში ლოგინზე არხეინად გაშოტილი ქმრისთვის როგორ გამოეგლიჯა თავისი ახალგაზრდა სხეული. როგორ გაებედა და გამოეცხადებინა: “მე ჩემი ქმარი არ მიყვარს, წავედი, კარგად ბრძანდებოდეთო”. გერა კარგი ბიჭი იყო, ცოლიც უყვარდა და შვილიც და თუ მეუღლისა და მამის მოვალეობებს ჯერ კიდევ ვერ გრძნობდა, ეს მისი ბრალი სულაც არ იყო. გერა თვითონაც ბავშვი იყო, როცა მამა გახდა, თვრამეტი წელი ახალი შესრულებული ჰქონდა.

აი, გერას რომ ცოლისთვის ეღალატა, მაშინ ხომ თეონასაც გაეხსნებოდა ხელ-ფეხი. თქვენი შვილი მე მღალატობს და მაპატიეთ, რომ ვერ ვაპატიებო, – ეტყოდა ატირებულ დედამთილს, ჩაალაგებდა ტანსაცმელს, მოჰკიდებდა ხელს ნანიკოს და დაბრუნდებოდა სახლში, სადაც ივიკოს გამუდმებული დაჭერებით შეწუხებული სამი ბებია უკან დაბრუნებულ თეონას სიხარულით მიიღებდა, ბავშვიანად.

  თეონა ოცნებობდა იმ დღეზე, როცა ქმარი თავს ჩაქინდრავდა და ეტყოდა, – იცი, მე სხვა მიყვარსო, – ამ სიტყვებით თეონას ამნისტია გამოცხადდებოდა, ის აღარ დაწვებოდა ლოგინში თავის ტკივილის მომიზეზებით და დილაუთენია არ წამოხტებოდა ლოგინიდან, სანამ გერას გაუღვიძია, მოვასწრო და ჩავიცვაო. თეონა თავისუფალი იქნებოდა, სხეულსაც გაითავისუფლებდა და სულსაც, ფრთამოტეხილი ჩიტივით რომ ფრთხიალებდა ხარბი ბიჭის ხელებში, ცხოველების წვალება რომ უყვართ, ისეთი ბიჭის.

“ – მოგიყვე, მე ბავშვობაში ცხოველებს როგორ ვაწვალებდი?” – მაშინ თეონამ გერას ნება არ დართო მოეყოლა, თუ როგორ აგდებდა ახალდაბადებულ ლეკვებს წყლიან თხრილში და ზემოდან მიწას აყრიდა, თუ როგორ აჭრიდა კატებს ულვაშებს და სოფელში მეზობლის ბატის ჭუკი როგორ ჩააგდო ფესადგილის ორმოში. მაშინ თეონა საბოლოოდ შეიძულებდა გერას და უკვე აღარც ნანიკოს არსებობა შეაყოვნებდა ბავშვური დაუდევრობით შექმნილ ოჯახს, რომელსაც დანგრევა ისედაც არ ასცდებოდა.

  როგორც თეონას წარმოედგინა, დაახლოებით ისე მოხდა, გერას ბავშვური ცნობისმოიყვარეობის წყალობით სხვა გოგოსკენ გაექცა თვალი და იმ სხვამ არც აცია, არც აცხელა და თეონას პირდაპირ სახლში დაურეკა: “ქმარს რომ არ უყვარხარ, ვერ უნდა მიხვდე? თავმოყვარეობა არა გაქვს? როგორ ჩერდები მაგ სახლში?!”

  თეონამ არ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავმოყვარეობა, მაგრამ ეს სულაც არ უშლიდა ხელს მას სახლიდან წასვლაში.

  “ჩვენო უბედურო გოგოო!..” – თეონასა და ნანიკოს დანახვაზე ავიშვიშდნენ ბებიები, მაგრამ თეონა სულაც არ თვლიდა თავს უბედურად. ის სტუდენტი იყო და სტუდენტური უდარდელობა მოწყენისა და სევდის საშუალებას არ იძლეოდა.

უნივერსიტეტის ბაღი ნაძვებით, გრძელი სკამებით, უნივერსიტეტის ფუძემდებლების საფლავებითა და ქანდაკებებით, თეონასთვის იყო ადგილი, სადაც ეწეოდა სიგარეტს, მიირთმევდა მზესუმზირას და ვერც კი წარმოედგინა, რომ ეს ყველაფერი ოდესმე დამთავრდებოდა. მაგრამ ომმა ქუჩები დააცარიელა და ხალხი სახლებში გამოკეტა.

  გრძელი ზამთრის ღამეები გაუსაძლისი ხდებოდა თეონასთვის, ნახევარი სახლი გამოკეტილი ჰქონდათ, ორ ოთახსაც ძლივს ათბობდნენ და, ფაქტობრივად, სამზარეულოში ცხოვრობდნენ. დღე და ღამე ავტომატის სროლებით შეშინებული სამ სხვადასხვა ხმაზე მოსაუბრე სამი სხვადასხვა ზომისა და ფორმის აჩრდილი თეონას იმ სიცარიელის სიმძიმეს უჩენდა, რისგან თავის დასაღწევადაც თეონამ უკვე აღარ იცოდა, რა მოემოქმედებინა. ნანიკო უფრო ხშირად გერასთან იყო, რადგან იქ სახლი უფრო კარგად თბებოდა და ბებას გაუთავებელი შენიშვნებით თავგაბეზრებული ნანიკო ნანა ბებოსა და თეზი ბაბუს სიხარულით მიჰყვებოდა. თეონას ცოტა გული კი სწყდებოდა, როცა ნანიკო ტოვებდა და უკანმოუხედავად მიჰყვებოდა ბებია-ბაბუას, მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა. “იქ თბილად არის, ნერვებსაც არავინ უშლის, იყოს კიდევ ცოტა ხანი.” – ეუბნებოდა თეონა ბაბას, რომელსაც ხშირად ავიწყდებოდა ნანიკოს ადგილსამყოფელი და დღეში რამდენჯერმე კითხულობდა: “სად არის ბავშვი?”

  ვინ იცის, კიდევ რამდენ საფიქრალს გააჩენდა დღემოკლე გრძელი ზამთარი, თეონას ცხოვრებაში ლაშა რომ არ გამოჩენილიყო.

ნანიკო უფრო ხშირად დედასთან იყო, თეონას ეშინოდა, მეორე ბავშვის გაჩენას პირველი შვილი მისგან არ გაეხიზნა, რომელიც სულაც არ მალავდა თავის არაკეთილ განწყობას მამამისზე მაღალი და ღონიერი კაცისადმი, რომლის დანახვაზეც დედამისს სულ ეღიმებოდა, ხმა ეცვლებოდა და, როგორც ნანიკოს ეჩვენებოდა, – თვალის ფერიც.

  მეორე ბავშვის დაბადებამ თეონა, ნანიკო და ლაშა ერთ ოჯახად აქცია, – ერთმანეთით ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაწილებად, რომელთა ერთობლიობაც ძალიან მალე დაირღვა და თეონამ ისევ იმ სიცარიელის არსებობა იგრძნო, პირველად რომ დედის საფლავზე განიცადა.

პირველად ვერ იცნო, დიდი ხნის უნახავი, – შეცვლილიყო, დამძიმებულიყო, კიდევ უფრო გაფართოებულიყო და ყელში კიდევ უფრო ხშირად და ღონივრად ეჩხირებოდა.

  სანდრო რომ გაიცნო, სიცარიელე აიბარგა და რომ ეგონა, საბოლოოდ გავაგდე და მოვიშორეო, სწორედ მაშინ შეახსენა თავი. თეონამ დანახვისთანავე იცნო, გაბრაზებული ჩანდა, უკმეხად შემოაბოტა და ხალიჩაზე ტალახიანი ფეხსაცმელების კვალი დატოვა. ბოლო სამი წელი იმ ნაკვალევის შემჩნევას თვალს არიდებდა თეონა, საკუთარი თავი დააჯერა კიდეც, რომ ცხოვრება არც ისე ცუდია, რადგან ჰყავს შვილები, აქვს სახლი, სადაც ცხოვრობს და ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, რომ ის მოპარული თუ ნაწყალობევი ორი საათიც აქვს კვირაში ერთხელ და სიგარეტი რომ იყიდოს და ბავშვიც კერძო სკოლაში ატაროს, – იმის ფულიც, რომ საწუწუნო და სატირალი არაფერი აქვს და ზოგჯერ თუ მაინც ყელში რაღაც გაეჩხირება, კეთილი ინებოს, თავს ძალა დაატანოს და გადაყლაპოს, უკან ჩააბრუნოს გარეთ გამოსასვლელად გამზადებული წარსული თავისი შიშებით, განცდებით, უიმედობით.

  მისგან მოითხოვდნენ, ყველაფერი მოეყოლა, აეხსნა რა მოხდა, რატომ აქვს სახე გაფითრებული და რატომ უკანკალებს ნიკაპი, რატომ ტირის, ესეც აინტერესებდათ უთუოდ.

  – ვინ იყო ეს კაცი, გიჟივით რომ გავარდა?

  – ვინ იყო და... თარგმანზე მოვიდა. ერთი გიჟი, არანორმალური პროფესორის ასპირანტია, ესეც არანორმალურია, სულ ჰგონია, რომ ვიღაცეები უთვალთვალებენ.

ხო იცი, რამდენი გიჟია ამ ქვეყანაზე! რა მატირებს? ნანიკო მომენატრა, ნანიკო კი ამ კაცმა გამახსენა, მაგისი ძმისშვილიც ამერიკაში ცხოვრობს, ბოსტონში და ნანიკოსაც იცნობს, თურმე.

  – გაფითრებული რატომ ხარ?

  – “რუმიანა” არ მისვია.

  – გული გამისკდა, ვიფიქრე რაღაც მოხდა-თქო.

  – რა უნდა მომხდარიყო?

  – რა ვიცი! – მართლა არაფერი იცოდა ნუციკომ, ვერც წარმოიდგენდა, დაჯერებაც კი გაუჭირდებოდა, რომ ის კაცი, რომელიც თავქუდმოგლეჯილი ჩარბოდა სადარბაზოს კიბეებზე, არანორმალური პროფესორის არანორმალური ასპირანტი კი არა, პროფესორი ირაკლი ნოზაძე იყო, თეონასთან მოსული იმის გასარკვევად, მართლა ღალატობდა თუ არა თეონა სანდრო ობოლაძესთან, რაც სანდროს ცოლს სალომე დავითაიასგან გაუგია, რომლისთვისაც, თავის მხრივ, თამუნას უთქვამს, ნინო გალდავას რძალს, რომელსაც ტელევიზიის ბარში იმის საილუსტრაციოდ, თუ რა ერთუჯრედიანები არიან კაცები, ნუციკომ მოუყვა. ნუციკო ყველაფერ ამას ვერ წარმოიდგენდა, არც დაიჯერებდა, ხოლო რაც შეეხება სანდრო ობოლაძეს, ის, როგორც თეონამ უთხრა, არ გამოჩენილა.

  – არა, გაგიჟდი? რას გამოჩნდება!

  – რა ვიცი, აბა? – მხრები აიჩეჩა ნუციკომ და სამზარეულოსკენ მიმავალ თეონას გაჰყვა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია