38.

 

    თუმცა თეონას არასდროს უფიქრია ამ ღამის დადგომაზე, მაგრამ ეს ღამე მაინც დადგა – მარტოობითა და სიცარიელით სავსე ღამე. “ახლა ყველაფერზე ფიქრი სისულელე იყო, არც ვარაუდების გამოთქმას ჰქონდა აზრი – რატომ? როგორ? რა მნიშვნელობა ჰქონდა მიზეზის რკვევას?! მოხდა და მორჩა! ალბათ, ასე უნდა მომხდარიყო, ასე უაზროდ, არაფრის გამო და, რაც ყველაზე მთავარია, მოულოდნელად. როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ მიდიოდა კი ყველაფერი კარგად? არც ამაზე ფიქრს ჰქონდა აზრი. მთავარი ის იყო, რომ ყველაფერი ერთმა წამმა შეცვალა, დადგა ღამე, რომელიც უკვე სხვანაირად გათენდებოდა – უხუთშაბათოდ! ახსნა-განმარტებებს აზრი არ ჰქონდა, მაინც არავინ მოუსმენდა.

ან კი, რა უნდა ეთქვა? თავი ემართლა? როგორ დაემტკიცებინა, რომ სანდრო ობოლაძე მართლა ხუთი წლის უნახავი ჰყავდა და მართლა იმ წამს ნახა პირველად. რატომ მოვიდა? ალბათ, ბოდიში უნდა მოეხადა ცოლის საქციელის გამო. მანამდე სანდროს ცოლი მოვიდა, ქმარს ეძებდა. რატომ ეძებდა? არც ამაზე ჰქონდა პასუხი, მხრების აჩეჩვა კი პასუხი არ იყო. “

  თეონამ ზუსტად იცოდა, ირაკლი არაფრის მოსმენას არ ისურვებდა, არც არასდროს შეხვდებოდა ყოფილ საყვარელს და თუ მაინც შემთხვევით სადმე გადაეყრებოდა, თვალს აარიდებდა, გვერდს აუვლიდა და გულგრილი მზერით დასჯიდა მოღალატეს. “მე შენთვის არასოდეს მიღალატია, არასოდეს!..” – ამ სიტყვების მეტს არაფერს ამბობდა ბალიშში თავჩარგული და ატირებული თეონა, ბოლოს კი ჩაეძინა.

 

 39.

 

  ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა, საქალაქთაშორისო გაბმული ზარი იყო. “ნანიკო!” – საკუთარმა ხმამ ფეთიანივით წამოაგდო ლოგინიდან.

  – ალო!

  – დე, გაგაღვიძე? – შვილის მხიარული ხმის მოსმენამ ცოტა დააწყნარა, მაგრამ გასული დღით დაღლილს უცებ დამშვიდება გაუჭირდა და ხმა აუკანკალდა.

  – რა მოხდა?

  – არაფერი! დაწყნარდი, უბრალოდ, ხვალ გამოცდა მაქვს და გირეკავ, ხომ იცი, შენი ხმის გაგონება კარგად მაქვს დაცდილი.

  თეონას გაეცინა, ბავშვივით, გულუბრყვილოდ. ატირება მოუნდა, მაგრამ ცრემლები აღარ ჰქონდა.

  – თუ გავიმარჯვე, ტატიანას როლს მომცემენ, წარმოგიდგენია?! ტატიანას როლს! – ნანიკო სიხარულს ვერ ფარავდა. შვილის მღელვარება თეონასაც გადმოედო და განვლილი დღე წამით გადაავიწყა, მაგრამ მოულოდნელად დედა გაახსენდა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.

  “ტატიანას როლს თუ ვეღირსებოდი, არ მეგონა. საკუთარი ბედნიერების არ მჯეროდა, მაგრამ ეს დილით იყო, საღამოს უკვე ისე აღარ მიხაროდა, ყველას უხაროდა, ბებას გარდა, რა თქმა უნდა, არც კი მომილოცა. ზურას კი გაუხარდა, რესტორანში წავედით მთელი დასი, ყველა მე მილოცავდა, სახლში გვიან დავბრუნდით. ბავშვებს ეძინათ, ზურა მთვრალი იყო და მალევე დაიძინა, მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს არ არის ბედნიერება.

ბედნიერება ყოველდღიურობის სისადავეა და არა ფეიერვერკის სიჭრელე. ბედნიერებაა, დილით რომ ადგები, ბავშვებს წაიყვან სკოლაში, წახვალ სამსახურში, მერე მოხვალ სახლში, შვილი გაკვეთილებს ჩაგაბარებს, სამსახურიდან სახლში დაბრუნებულ ქმართან ერთად ივახშმებ და მერე მასთან ერთად უყურებ ტელევიზორს, იქნება ჩვეულებრივი დღე, არაფრით განსხვავებული სხვა დღეებისგან, როცა არაფერი ხდება, ეგაა ბედნიერება!” – ასეთი შინაარსის ჩანაწერი გაუკეთებია თეონას დედას დღიურში სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, “ევგენი ონეგინის” პრემიერა მოგვიანებით შედგა, თინას გარეშე! თეონას იმდენჯერ ჰქონდა დედის დღიურები წაკითხული, ზეპირად ახსოვდა, წერტილ-მძიმის ჩათვლით.

ბავშვობაში უფრო ხშირად კითხულობდა, ყოველი წაკითხვის შემდეგ ახალს აღმოაჩენდა დედის ნაწერსა და ნააზრევში, ამ სიტყვების ჭეშმარიტ არსს კი მხოლოდ ახლა ჩასწვდა, ყოველდღიურობა ყოფილა ბედნიერება, როცა არაფერი არ ხდება, როცა ყველა სახლშია და მშვიდად შეგიძლია დაიძინო, ცრემლების გარეშე!

  – დედა! რას გაჩუმებულხარ, არ გაგიხარდა? – დედის სიჩუმით განაწყენებულმა ნანიკომ ფიქრებში წასული თეონა გამოაფხიზლა.

  – როგორ არ გამიხარდა, ძალიანაც გამიხარდა! – თავის მართლებასავით გამოუვიდა თეონას და თავი დამნაშავედაც კი იგრძნო შვილის წინაშე. – დარწმუნებული ვარ, კონკურსში გაიმარჯვებ, ტატიანას როლსაც მიიღებ!

  – ხო, რა ვიცი, ვნახოთ, შენი ხმა არ მომწონს, მოხდა რამე?

  – არა, რა უნდა მომხდარიყო, ჩვეულებრივი ხმა მაქვს, უბრალოდ, მეძინა, თან ესეთი კარგი ამბავი რომ მითხარი, დავიბენი, რომელ საათზეა კონკურსი?

  – დე, პრობლემები ხომ არა გაქვს? – მოულოდნელად იკითხა ნანიკომ.

  თეონას ნერვიულად გაეციანა:

  – რა პრობლემა უნდა მქონდეს, არავითარი პრობლემები, ყველაფერი კარგადაა! – სხაპასხუპით მიაყარა ტელეფონის ყურმილს.

  – რა ვიცი, მამაჩემს ველაპარაკე წეღან, სანამ შენ დაგირეკავდი და, დედაშენს პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაშიო, მითხრა, და რა ხდება?

  ამას კი თეონა უკვე აღარ ელოდა, “გერასაც გაუგია, სალომე ეტყოდა, სალომეს ირინა მოუყვებოდა და ისიც გააფორმებდა, როგორც სჩვევია, გერა რას იფიქრებს, სულ არ მადარდებს, ნანიკოსთვის ამის თქმა რაში დასჭირდა!..” – ყოფილ ქმარზე გაბრაზებულ თეონას მოთმინებამ უღალატა და გაცხარდა:

  – ხო არ აფრენს ეგ დეგენერატი, რა პრობლემები უნდა მქონდეს? – თეონამ შვილის წინაშე პირველად მოიხსენია გერა “დეგენერატად”.

  – არ ვიცი. – ნანიკოს არ ესიამოვნა დედის ნათქვამი და გაჩუმდა.

  – ნანიკო, მომენატრე, დე! – თეონა მიხვდა, მამის აუგად ხსენებამ შვილი რომ გაანაწყენა და დანაშაულის გამოსყიდვა სცადა. – რა პრობლემები უნდა მქონდეს, ყველაფერი ძველებურადაა, ხომ იცი, არ დაგიმალავდი.

  – რა ვიცი. – ნანიკოს ეტყობოდა რომ ბოლომდე არ სჯეროდა დედის ნათქვამის.

  – მარიკა რას შვრება, არ არის სახლში? – მეგობრის მოკითხვით თემის შეცვლა სცადა თეონამ.

  – არ არის, კურსებზეა წასული!

  – რა კურსებზე? – მარიკასთან თუ ულაპარაკია თეონას, ცოტა ხანი, უფრო ნანიკოსთან ლაპარაკში იხარჯებოდა სატელეფონო საუბრებისთვის განკუთვნილი დრო, ამიტომაც მარიკას კურსებზე სიარულის შესახებ თეონამ არაფერი იცოდა.

  – რა კურსებზე და, ყრუ-მუნჯების ენის შემსწავლელ კურსებზე! – ნანიკოს ხმაში ირონია შეეპარა, – ძალიან ბევრი ყრუ-მუნჯია თურმე, ვისაც იჭერენ და სასამართლოებზე ხომ სჭირდებათ თარჯიმანი, ხოდა, ეხლა მარიკა ლათინოამერიკელი და ქართველი ბრადიაგების გარდა ყრუ-მუნჯებთანაც იკონტაქტებს!

  – მერე, რა გინდა, კარგია! – ვერაფერი დასაცინი ვერ დაინახა მეგობრის ახალ საქმიანობაში თეონამ.

  – ხო, ოღონდ როცა პირადი ცხოვრება გაგაჩნია, იცი? – ნანიკოს ხმაში კამათის ნოტები გაჩნდა და თეონამ იგრძნო, რომ ეს განწყობილება მის მიმართ უფრო იყო და გაჩუმდა, მაგრამ ნანიკო აგრძელებდა:

  – მაგრამ მარიკასი კიდევ მესმის, იცი? დილიდან გავარდნილია, ან სასამართლოშია, პროცესზე, ან – ჰოსპიტალში ავადმყოფებს უთარგმნის, იქ რა პუბლიკაა, იცი, ჩემი კლასელი ბიჭები მაგას არ მოეწონება და რომც მოეწონოს, ყველა არასრულწლოვანია და აქაური კანონებიც იცი, დაიჭერენ. ეგ რომ სამსახურში მიდის დილაუთენია, მეტროში იმ დროს რა ხალხიცაა, ეგეც იცი, – მუშათა კლასი, საღამოთი კი, როცა ბრუნდება, მეტროში სძინავს და აქ მძინარე მზეთუნახავები არავის სჭირდება, ამიტომაც, მარიკასი კიდევ გასაგებია და მანდ, თქვენთან, ბარებში და საპარიკმახეროებში სიარულის მეტს რომ არაფერს აკეთებთ, შეგიძლია ამიხსნა 34 წლის ახალგაზრდა ქალი რატომ არის ამდენი წელი მარტო? – ნანიკოს კატეგორიული ტონი თეონას არ სწყენია, “გაიზარდა”, გაიფიქრა და კიდევ ერთხელ მოუნდა ტირილი.

  – არ ვიცი, ნანიკო, ამ შუაღამისას ეხლა ამაზე ვერ ვიფიქრებ! – მერე გაჩუმდა და ამოილუღლუღა: “ნუ, რა ვქნა, ესე გამოვიდა!

  ნანიკოს დედა შეეცოდა, მაგრამ მამის ნათქვამით გაჩენილი ეჭვის ჭია მოსვენებას მაინც არ აძლევდა, გრძნობდა, დედას რომ პრობლემები ჰქონდა, ხმაზეც შეატყო, მერე რა, თუ ეძინა თეონას და გააღვიძა, დედის ყოველი ინტონაცია შესწავლილი ჰქონდა, – მას რაღაც ადარდებდა, რომლის გამხელასაც ჯიუტად თავს არიდებდა. მართალია, დედა-შვილს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და ნანიკომ სანდრო ობოლაძის შესახებაც ყველაფერი იცოდა, მაგრამ მას მერე ხუთი წელი გავიდა და როგორ დაიჯეროს, რომ მთელი ეს პერიოდი თეონა მარტო იყო? ამერიკაში ყოფნის მანძილზე მართლა არავინ ჰყოლია თეონას, ერთადერთი, ტუკანის ბარმენი სტენი ეპრანჭებოდა, რაზეც თეონამ ჯერ ბევრი იცინა, მერე კი სრული სერიოზულობით გამოაცხადა, – ეგ რომ შემეხოს, თავზე დავარწყევო. მაგრამ მას მერე სამი წელი გავიდა და ნანიკოს უჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს სამი წელი მარტოობის წლები იყო თეონასთვის. და თუ ნანიკოს ეჭვი საფუძვლიანი იყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ თეონა რაღაცას მალავდა, ესე იგი, რაღაც ისეთი იყო, რომლის გამხელასაც შვილი არ მოუწონებდა, თორემ, რა? დედამისი თავისუფალი ქალი იყო, ქმარი არ ჰყავდა და ჰქონდა პირადი ცხოვრების ქონის უფლება. ამიტომაც, ნანიკოს უნდა გაეგო, რა პრობლემები ჰქონდა დედამისს, ვალდებულიც იყო, სცოდნოდა და თუ დახმარება შეეძლო, დახმარებოდა, რომ დედამისიც ყოფილიყო ბედნიერი, სხვა ქალების მსგავსად. მაგრამ თეონა დუმდა, შვილს გულში არ ახედებდა, ახლოს არ უშვებდა, შვილის თვალს არიდებდა საკუთარ ცხოვრებას და რადგან აქამდე არ უთხრა, ახლა, როცა პრობლემები გასჩენოდა, მით უმეტეს, არ ეტყოდა, მაგრამ ნანიკო იმედს არ კარგავდა და დედის შეგულიანების მიზნით საკუთარ გრძნობებზე ალაპარაკდა:

  – დე, იცი, მემგონი შეყვარებული ვარ, ამჯერად სერიოზულად.

– იმდენად ბუნებრივად თქვა ნანიკომ, თეონამ დაიჯერა კიდეც, “რომ მისი შვილიც იმ გრძნობას განიცდიდა, რაც თეონას უკვე განეცადა, თეონას დედასაც, ბებიასაც, ყველა ქალს, რომელსაც მიეღო ბედის ეს საჩუქარი, რის გამოც ღირდა გაჩენა, რომ მერე თვითონ ყოფილიყო ამ გრძნობით ორსულად. და თუ თეონა ცდებოდა და ნანიკოს ბავშვური გატაცებისთვის სიყვარული დაერქმია, მერე რა?! მას ხომ მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, ბედნიერების წლები ახლა იწყებოდა და დედის მოვალეობა იყო შვილისთვის გაეგო, ხელი არ შეეშალა იმ ბედნიერების მიღებაში, რასაც იმსახურებდა, რასაც ცხოვრება ამზადებდა მისთვის, ჰაერივით აუცილებელსა და საჭიროს.

დედის ვალი იყო მხოლოდ გახარებოდა შვილის სიხარული, დაეიმედებინა და კეთილი სურვილები გამოეთქვა. მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ნანიკო ცდებოდა? გამოუცდელობის გამო ვინმეს რომ მოეტყუებინა? გული გაეტეხა? იქნებ, სწორედ ახლა სჭირდებოდა დედის დარიგება? გამოცდილების გაზიარება? საიმედო რჩევა?” თეონა კი დუმდა, შვილს არაფერს ეკითხებოდა, უსიტყვოდ ეთანხმებოდა და არ იცოდა, გახარებოდა თუ არა.

  – რას გაჩუმებულხარ? ნუ გეშინია, გათხოვებას არ ვაპირებ. ასე რომ, ბებიობა უახლოეს მომავალში არ გემუქრება.

  თეონასთვის ხშირად უთქვამთ, ვინ დაიჯერებს, შენ რომ შეიძლება მალე ბებიაც გახდეო. მაგრამ არასდროს ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია, – ბებიობისთვის მზად არ იყო. დედობის სიხარულიც ახლახანს ეგრძნო, ბოლო რამდენიმე წელი, რაც ეგ და ზუკა მარტო დარჩნენ, ერთმანეთის ანაბარა.

თეონამ როცა ნანიკო გააჩინა, თვითონაც ბავშვი იყო, 17 წლის, სამ თვეში შეუსრულდა თვრამეტი. არასდროს დაავიწყდება, ნანიკო მთელი ღამე გაუჩერებლად ტიროდა და თეონას ბავშვის გამუდმებული რწევისგან ხელები სტკიოდა, – “...ათასასოთხმოცდათორმეტი, ათასასოთხმოცდაცამეტი, ათასასოთხმოცდათოთხმეტი...” – “იავნანას” სიმღერის ნაცვლად თეონა მკაცრ ტაქტში ითვლიდა, როდის-როდის ოთახში წინ და უკან მოსიარულე და მობუტბუტე დედის მკლავებზე ნანიკოს ჩაეძინა. ასე შეუსრულდა თეონას თვრამეტი წელი.

  ნანიკოც მალე გახდებოდა თვრამეტის.

  – მე მინდა, რომ შენ ბედნიერი იყო! – თეონას გრძნობით ნათქვამი სიტყვები საუბრის დასრულებას ნიშნავდა. არა-და, კიდევ უნდოდა შვილთან ლაპარაკი, დაუსრულებლად, ყველაფერზე. ნანიკოს ელაპარაკა, თეონა კი მოუსმენდა, რადგან არაფერი მნიშვნელოვანი არ არსებობდა ქვეყანაზე, ვიდრე შვილთან საუბარი. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდებოდა, ტელეფონით საუბარი ძვირი ჯდებოდა. ნანიკო როცა თბილისში რეკავდა, თეონა შვილს ყურმილს უკიდებდა და თვითონ ურეკავდა, შვილის ფულს ზოგავდა.

იცხოვრა ამერიკაში და იცის, როგორი გაფრთხილება სჭირდებოდა ყოველ კაპიკს, რომლის გამოსამუშავებლად დილით ისე ადრე უნდა ამდგარიყო, ადრე რომ არ ამდგარა არასდროს.

  თეონას დილა ამერიკაში დილის ხუთის ნახევარზე იწყებოდა, მაშინ დოქტორ მილერთან მუშაობდა კლინიკაში ასისტენტად. თეონას სამსახურში მისასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა სჭირდებოდა. ჩქაროსნულ ექსპრეს-მატარებელზე რომ მიესწრო, რომელიც 6 საათზე გადიოდა სადგურიდან, სახლიდან დილის 5 საათზე უნდა გამოსულიყო, სწორედ ამ დროს მოდიოდა მეტრომდე მიმავალი ავტობუსი, რომლის მოძრაობის განრიგიც თეონას ჩანთაში ედო, ავტობუსს არასდროს დაუგვიანია, არც – თეონას. 10 წუთში ავტობუსი მეტროს სადგურთან ჩერდებოდა და თეონაც ხალხის ნაკადთან ერთად ესკალატორისკენ მიემართებოდა. როცა მატერებლის კარი გაიღებოდა, თვალებით ცარიელ ადგილს ეძებდა, ბევრჯერ ჩასძინებია კიდეც, მაგრამ ზუსტად იმ გაჩერებაზე ეღვიძებოდა, სადაც მეტროს წითელი და მწვანე ხაზები ერთმანეთს კვეთდა, იქ უკვე სხვა მატარებელზე ჯდებოდა, რომელიც გვირაბს მალევე ტოვებდა და მთელი მარშრუტი მიწისზედა იყო. ამასობაში 6 საათიც სრულდებოდა და თეონაც ექსპრეს-მატარებელში ჯდებოდა, რომელიც ზუსტად ნახევარ საათში ჩადიოდა ლექსინგტონში, საიდანაც ათი წუთის ფეხით სასიარულო გზა იყო კლინიკამდე.

სამსახური დილის რვა საათზე იწყებოდა და თეონას თითქმის ერთი საათით ადრე უწევდა იქ მისვლა, მაგრამ ასე ერჩივნა, რადგან დაგვიანებას არავინ აპატიებდა და იქ მუშაობის თითქმის ორი წლის მანძილზე არც არასდროს დაუგვიანებია. თეონა დღეში ექვს საათს მუშაობდა და სახლშიც იმავე გზით ბრუნდებოდა, ოღონდ უფრო სწრაფი ნაბიჯებით, რადგან ზუკას სკოლიდან გამოყვანისთვის მიესწრო. მარიკა სამსახურში წასული ხვდებოდა, “ბრიჰემის ჰოსპიტალში” მუშაობდა თარჯიმნად, ძირითადად რუსულიდან თარგმნა უწევდა, – ამერიკაში ემიგრირებული რუსულენოვანი ებრაელების უფროსი თაობა უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობდა და ხშირად იტკიებდა თავს, სახსრებს, უჩიოდა უძილობასა და მარტოობას.

  მარტოობას ამერიკაში ბევრი უჩიოდა. ამ უზარმაზარ, ორას სამოცდახუთმილიონიან ქვეყანაში ბევრი ადამიანი იყო მარტო. – მარტო მიდიოდა სუპერმარკეტში, ყიდულობდა ნახევარფაბრიკატ გაყინულ საკვებს, რომელიც მიკროტალღოვან ღუმელში წუთ-ნახევარში მზადდებოდა, სხვადასხვა არხის მონაცვლეობით უყურებდა ტელევიზორს, იღებდა ცხელ აბაზანას და დროზე ადრე წვებოდა ლოგინში, რომ მეორე დღეს ადრე გაღვიძება შესძლებოდა, გამოთვლილ წუთებში დაებანა პირი, დაელია ყავა და ლუკმაპურის საშოვნელად მიმავალ ხალხის ნაკადს შერწყმოდა.

  თეონას სკოლიდან ზუკასთან ერთად ზუკას თანაკლასელი ბავშვიც მოჰყავდა, გრეგორი, მარტოხელა დედის შვილი, რომელიც იქვე, მეზობელ ქუჩაზე ცხოვრობდა, წითელი აგურის სამსართულიანი სახლის მესამე სართულზე. დედამისი ბანკში მუშაობდა მოლარედ და სამსახური, როგორც ყველა სხვა ბანკის თანამშრომელს, 6 საათზე უმთავრდებოდა. სახლამდე მისვლაში ერთი საათი ეხარჯებოდა და ბავშვი სულაც სკოლის გახანგრძლივებულ ჯგუფში რომ დაეტოვებინა, გამოყვანას მაინც ვერ ასწრებდა.

ემი (ასე ერქვა გრეგორის დედას) თეონას საათში შვიდ დოლარს უხდიდა, რის საფასურადაც ბავშვი სახლში გამოკვებილი და ესპანურ ენაში ნამეცადინები მიჰყავდა. გრეგორის წასვლის შემდეგ ნანიკოს სახლში დაბრუნების დროც დგებოდა. მარიკა და ნანიკო ერთმანეთს ავტობუსში ხვდებოდნენ და სახლში ერთად ბრუნდებოდნენ, ისეთი დაღლილები, ერთმანეთთან ლაპარაკის ძალა არც ერთს შესწევდა.

  – ნეტავი, ემი და გრეგორი როგორ არიან?

  – ემი და გრეგორი რამ გაგახსენა? – ნანიკოს გაუკვრდა და ეწყინა დედის დაინტერესება ემითა და გრეგორით, რომლებმაც ბინა ჯერ კიდევ თეონას ამერიკაში ყოფნის დროს გამოიცვალეს და მათი ამბავი თეონას არც არასდროს უკითხავს და ახლა, როცა ნანიკო აღტაცებული ყვებოდა, როგორ გაიცნო კლასელის დაბადების დღეზე 20 წლის ბიჭი დევიდი, საფრანგეთიდან ამერიკაში სასწავლებლად ჩასული წარმოშობით რუსი არისტოკრატი, გვარად სოლოგუბი, თურმე დედა მას სულაც არ უსმენდა და ემიზე და გრეგორიზე ფიქრობდა. საწყენი იყო, აბა, რა!

  – მაპატიე, დედიკო, რამ გამახსენა ეხლა ემი და გრეგორი, რა სულელი ვარ! – საკუთარ სისულელეზე გაეცინა თეონას.

  – სულ ესე იცი ხოლმე! – გაიბუტა ნანიკო.

  – კაი, ნუ გწყინს! ხომ იცი, რომ ჩემთვის შენზე და ზუკაზე მნიშვნელოვანი არაფერია, არ გაიბუტო ეხლა, მომიყევი, რას მიყვებოდი?

  – არაფერს!

  – ნანიკო! – მუდარა შეეპარა ხმაში თეონას და საკუთარ თავზე გაბრაზდა.

  – ეჰ, რა ვიცი, ჩემო დედიკო, რა გითხრა, აბა? – მოლბა ნანიკო – მომწონს ეს ბიჭი ძალიან მაგრად, მაგას კიდევ უფრო მოვწონვარ, ხვალ კონკურსზე მოდის, უნდა “მიბალელშჩიკოს”, მარიკასაც გავაცნობ, წესით უნდა მოეწონოს, მაგრამ, რა ვიცი, თქვენი გემოვნება ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა სტილის კაცები მოგწონთ, ვერ დავადგინე, ამიტომაც ხართ მარტო, ერთიც და მეორეც, ცოტა მარტივად რომ შეხედოთ ამ ცხოვრებას და ნაკლებად პრეტენზიულები იყოთ, არ შეიძლება? – ნანიკო ისევ ძველ სალაპარაკო თემას უბრუნდებოდა, თეონას გაეცინა და მხიარული ხმით უთხრა შვილს:

  – რა ვქნათ ეხლა, უსიყვარულოდ ჩვენ არ შეგვიძლია, შეყვარებით კი ვერავინ ვერ შევიყვარეთ, შენ მაგაზე არ იდარდო, – “и на нашей улице перевернется грузавик с пряниками”.

  თეონამ შვილს წარმატებები, ბედნიერება და კონკურსში გამარჯვება უსურვა, დაპირდა, რომ მეორე დღეს თვითონ დაურეკავდა და პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანასაც შეეცდებოდა. 

 

  40.

 

  სანდრო ობოლაძე მობილური ტელეფონის გაბმულმა ზარმა გააღვიძა, შეშინებული ლოგინიდან წამოვარდა და საათს შეხედა, დილის რვა საათზე ვის გავახსენდი?” – ზაალი რეკავდა.

ლოგინში ნახევრად მძინარე ცოლისთვის სანდროს უკმაყოფილება გასაგები იყო, საქმეზე რეკავდნენ, გუშინდელი საქმის გაგრძელება უნდა ყოფილიყო, ქალი ნამდვილად არ იყო, ტელეფონში კაცის ხმა ისმოდა, ირინამ სიტყვები ვერ გაარჩია, სასწრაფოდო, კი მოჰკრა ყური, სანდრომაც გამალებით იწყო ჩაცმა და ირინა ქმრისთვის ყავის მოსადუღებლად ლოგინიდან წამოდგა.

  ირინა არ ცდებოდა, სანდროს ამ დილაუთენია კაცი ურეკავდა, სასწრაფო საქმეზე, სწორედ წინადღის საქმის გაგრძელება იყო, სანდრო ობოლაძე დამკვეთის წინაშე გაწეული სამსახურის ანგარიშით უნდა წარმდგარიყო. “ასე მალე?” – გაიფიქრა სანდრომ და ცხელი ყავა მოსვა. ესიამოვნა, წინადღის განცდებით დაღლილს გამოფხიზლება უჭირდა, უცებ ცოლის მზრუნველობის წინაშე თავი დამნაშავედაც კი იგრძნო, თითქოს მისთვის ეღალატოს. ირინა არაფერს ეკითხებოდა, ჩუმად ფუსფუსებდა სამზარეულოში -– ქმარს ცხელ ყავასთან ერთად ფაიფურის თეფშზე დადებული ტორტის ნაჭერი მიართვა. ცოლის ტაქტიანი დუმილი ერთდროულად სიამოვნებდა და აღიაზიანებდა თეონა გუნიას ცხოვრებით დაინტერესებული უცნობი “უფროსის” მიერ დაქირავებულ დეტექტივს. “ფოტოები დაბეჭდილი ჰქონდა, თეონა მარტო, თეონა ბავშვთან ერთად, თეონას სტუმარი, სტუმარი კი არა, საყვარელი, ირაკლი ნოზაძე და ნუციკო, რომლის სურათი ყველაზე ბუნდოვანი გამოვიდა, მაგრამ, იმედია, დამკვეთის დაინტერესებას ნუციკო ბარბაქაძე არ წარმოადგენდა, მაშინ ხომ მის თვალთვალს დაავალებდნენ. სანდრო საკუთარი თავით კმაყოფილიც იყო და უკმაყოფილოც.

ერთ დღეში ამდენი ინფორმაციის მოგროვება ადამიანზე არც ისე იოლ საქმეს წარმოადგენდა, მაგრამ უკმაყოფილებას სანდროს ცოლის თეონასთან ვიზიტი ბადებდა, რომლის დაფარვაც დამკვეთის წინაშე მოუწევდა. საიდან გაიგებს? იქნებ, ჯობდეს ყველაფერი თავად მოუყვეს, ასე და ასე იყოო, ქალების ენის ამბავი ხომ იცით, ყველაფერზე კუდის გამობმა რომ იციან, ჩემი ცოლი დააჯერეს, თითქოს თეონასთან ვღალატობდე და ამანაც ვეღარ მოითმინა და სახლში მივიდა თეონასთან სალაპარაკოდო, რაღა მაინცდამაინც თეონასთან ვღალატობდიო? ადრე, ძალიან ადრე მე და თეონა ერთმანეთს ვხვდებოდით, მერე დავშორდით და ერთმანეთი ამდენი წელი თვალით არ გვინახავსო, რატომ თავიდანვე არ ვთქვიო? უკაცრავად, მაგრამ ვისთვის უნდა მეთქვაო? ზაალი ჩემი დამკვეთი არ არის, მან უბრალოდ, შემიკვეთა და ავანსი დამიტოვა, ან კი რა სალაპარაკოა, რამდენი ქალიც მე მყოლიაო...არა, ამას ვერ იტყვის, თავის მოწონება არ სჭირდება, უბრალოდ, მივა, ფოტოებს მიუტანს, ირაკლი ნოზაძეზე ეტყვის და მერე საქმე გვიჩვენებს.” – დილიდან საკუთარი თავის დამაიმედებელი და დამამშვიდებელი ფიქრებით შეპყრობილმა ცოლს ლოყაზე აკოცა და სახლის კარი გაიხურა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია