41.

 

თეონას დილა ჩვეულებრივად დაიწყო – დროზე ადრე გაღვიძებით. წინა დღის ემოციებიდან გამოსვლა ვერ შეეძლო, აბაზანის სარკეში თვალის უპეებამოშავებული ქალის სახე გამოჩნდა. “საშინელება!” – საკუთარი თავის დანახვით უკმაყოფილების გამოხატვას ხელის სწრაფი მოძრაობით პატარა კარადის გამოღება მოჰყვა, თეონამ თითების ნერვიული მოძრაობით თვალების გარშემო რძისფერი სითხე გადაისვა და კიდევ ერთხელ წარმოსთქვა: “საშინელება’.

  ზუკა ჩანთას ალაგებდა, თეონას უნდოდა შვილისთვის ეკითხა, ახლა რომ ალაგებ ჩანთას, გუშინ რატომ არ ჩაალაგეო, მაგრამ მიხვდა, რომ სალაპარაკოდ და, მით უმეტეს, საჩხუბრად, ძალა არ ეყოფოდა. ფიქრისთვისაც არ შესწევდა ძალა, მხოლოდ ერთს ფიქრობდა, რა იქნებოდა გუშინდელი დღე რომ სიზმარი ყოფილიყო, მეორე დღეა, რომ ვერ იხსენებს სიზმარს, მაგრამ ცუდი რომ იყო, ნამდვილად ახსოვს, რა იქნებოდა, ისევ გუშინწინდელი დღე ყოფილიყო, ისე გავიდა, რომ არც ახსოვს, არაფერი მომხდარა გუშინწინ, ეს გუშინ შეიცვალა ყველაფერი, გუშინ დამთავრდა, დღეს კი, დღეს დღესაა, გუშინდელის მსგავსი, მაგრამ გუშინწინდელისგან განსხვავებული, ბევრი რამით. გუშინწინ ირაკლი ნოზაძის საყვარელი იყო, სანდრო ობოლაძის ცოლი ნანახი არ ჰყავდა და ამერიკელი მდგმურის ამერიკაში წასვლის შესახებაც არაფერი იცოდა, ეს ყველაფერი პირიქით გუშინ შემოტრიალდა, დღეიდან ირაკლი ნოზაძეზე ფიქრისთვის თავი უნდა დაენებებინა, სანდრო ობოლაძის მიერ კიდევ ერთხელ დაზარებულს მისი ცოლის გახსენებას ცუდ ხასიათზე დაეყენებინა და ახალი მდგმური ეძებნა. თუმცა, დღეს რომ გუშინდელი დღის გათენება ყოფილიყო შესაძლებელი, თეონა მაინც ვერაფერს შეცვლიდა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო მიჰყავდა ნუციკოს რადიო-ვიქტორინა და თეონას ნება-სურვილის გარეშე დარეკავდა სანდრო ობოლაძე სტუდიაში, პასუხიც ეცოდინებოდა და კინოს ბილეთებსაც მოიგებდა, მერე თეონას ამბავს მოიკითხავდა და ამას მისი ცოლი გაიგებდა.

თეონა მასთან მოსულ ირინას კარებს გაუღებდა, კარებს გაუღებდა ირაკლი ნოზაძესაც და ისე მალე მოვიდოდა სანდრო ობოლაძე, თეონა ირაკლისთვის ამბის მოყოლას ვერ მოასწრებდა, მერე ირაკლი მისი სახლიდან და ცხოვრებიდან წავიდოდა და თეონა მას ვერ შეაჩერებდა, როგორც ვერ გააჩერებდა ამერიკელ მდგმურს, რომელსაც ბილეთი უკვე აეღო სახლში დასაბრუნებლად. ყველაფერი მაინც ისე მოხდებოდა, როგორც მოხდა, “დღეს, დღეს რა მოხდება?” – “მოსახდენი.” – თეონას გაუკვირდა ასეთი შემგუებლობით რომ დაასრულა ცხოვრებაზე ფიქრი, “ეტყობა, ვბერდები.” – გაიფიქრა და ნანიკო გაახსენდა. “დღეს კონკურსი აქვს.”

 

   42.

 

  ოფისში მისულ სანდრო ობოლაძეს კარებთან ზაალი დახვდა, ახალთახალი მერსედესით და მის მანქანას გაჰყოლოდა, სთხოვა, სანდროს არ ესიამოვნა მოკლედ ნათქვამი “გამომყევი”, მაგრამ არ შეიმჩნია და ისევ საჭეს მიუჯდა. შავმა მერსედესმა სასტუმრო “მერიოტამდე” მიმავალი გზა ქალაქში დასაშვები სისწრაფით გაიარა და სასტუმროს მანქანებისთვის განკუთვნილ სადგომზე გაჩერდა. ზაალი სანდროს სასტუმროს ფოიეში შეუძღვა და ლიფტი გამოიძახა. ორივე დუმდა. სანდროსთვის ნათელი იყო, თეონა გუნიას საქმის დამკვეთი ამ სასტუმროში ცხოვრობდა, შესაბამისად, მდიდარი იყო და მისი ვინაობაც მალე გაირკვეოდა, მთავარია, სანდროს მღელვარება არ დასტყობოდა, თავი ხელში აეყვანა და დამშვიდებული და საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნებული წამდგარიყო უცნობის წინაშე.

  სანდროს ვარაუდი უცნობის შეძლებულობასა და სასტუმროში ცხოვრების შესახებ გამართლდა – 50 წელს გადაშორებულ მაღალ, თხელ მამაკაცს ძვირფასი კოსტიუმი და ფეხსაცმელები ეცვა, მუქი ფერის სათვალეში დიდი ფული ექნებოდა გადახდილი და ეტყობოდა, თვალის ტკივილით შეწუხებულ პატრონს ღირსეულ სამსახურს უწევდა.

უცნობი ბრმა არ იყო, არც ყრუ, უბრალოდ, ხმადაბლა ლაპარაკობდა, სახმო იოგების ტკივილსაც შეეწუხებინა, თავის დროზე. სუფთად გაპარსულ სახეზე სწორად გავლებული რამდენიმე ნაოჭი მის სისატიკეს უსვამდა ხაზს და სანდრო ობოლაძეს არ ესიამოვნა ბრილიანტისთვლიანი ბეჭდიანი ხელის ჩამორთმევა. “მაფიოზია, ვიღაცა” – შიშით გაიფიქრა და მოულოდნელად მისმა მუცელმა დაიბუყბუყა, ამან საბოლოოდ წაახდინა ლიფტიდან სასტუმროს ნომრამდე მხრებგაშლილი მიმავალი კერძო დეტექტივი და უღონოდ გაიღიმა.

  – გისმენთ! – სიჩუმეში ტყავის სავარძელში მჯდომი უცნობის დაბალი ხმა გაისმა და სანდრო ობოლაძემ სურათებიანი საქაღალდე მაგიდაზე დადო.

  “დაწყება ყოველთვის ძნელია”, მხნეობა ღრმად ჩასუნთქვით მოიკრიფა და დაიწყო.

  “თეონა გუნია 1970 წელსაა დაბადებული, თხუთმეტ დეკემბერს, ცხოვრობს თბილისში, გამსახურდიას გამზირის 4ნომერში, დამთავრებული აქვს უნივერსიტეტი, ისტორიული ფაკულტეტი, ქართულისა და რუსულის გარდა, ბრწყინვალედ იცის ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური და ესპანური ენები, მუდმივი სამსახური არა აქვს, მუშაობს თარჯიმნად, ქორწინებაში იმყოფებოდა ორჯერ, პირველი ქმარი, გერა ფოცხვერიშვილი, ექიმია და ყელ-ყურ ცხვირის ცენტრში მუშაობს, მისგან თეონა გუნიას ჰყავს 17 წლის ქალიშვილი, რომელიც ამერიკაში სწავლობს საბალეტო სასწავლებელში, ცხოვრობს ქალაქ ბოსტონში თეონა გუნიას მეგობარ მარიკა ღლონტთან, თეონა გუნია მეორედ 1993 წელს გათხოვდა და ცოლად წაჰყვა ლაშა ანდრონიკაშვილს, ძველ “მხედრიონელს”, რომელიც 1995 წელს მოსკოვში ოთხ მეგობართან ერთად წავიდა და დაიკარგა, ხუთივე უკვალოდ გაქრა. თეონა გუნიას მეორე ქორწინებიდან ჰყავს 10 წლის ვაჟი, რომელიც კერძო სკოლაში სწავლობს და სკოლის ავტობუსს დილით მიჰყავს და საღამოს მოჰყავს. ამჟამად ქორწინებაში არ იმყოფება, ჰყავს სამი მოხუცებული ბებია, მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, 7 წლის წინ გარდაეცვალა ძმა, უფრო სწორად, მოკლეს, როგორც ამბობენ, კაზინოში დიდი ფული წააგო და ძმაკაცის ბინა გაქურდა, ან გააქურდინა, ბიჭებმა არ აპატიეს და მოკლეს, ოჯახი არ დარჩენია. და-ძმას კარგი ურთიერთობა არ ჰქონიათ, ბოლო ერთი წელი საერთოდ არ სცემდნენ ხმას ერთმანეთს, მერე თეონა გუნია შვილებთან ერთად საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, იქიდან სამი წელია დაბრუნდა და თბილისშია.” – სანდრო ობოლაძეს ხმაში ნელ-ნელა რწმენა ემატებოდა და ბოლოს უკვე ომახიანად კითხულობდა საკუთარ ნაწერს, სურათებიანი საქაღალდედან ამოღებულს. “კიდევ რა შემიძლია დავამატო?” – ცოტა ხნით შეყოვნდა ლაპარაკად გაკრეფილი მაძებარი და ნერწყვი გადაყლაპა, ალღომ უკარნახა, არ გაჩერებულიყო და ნაწერი ჩაემთავრებინა, პაუზა სანდროს ღვაწლისთვის სოლიდურობის მისანიჭებლად იყო საჭირო, რასაც იტალიელი მაფიოზის გარეგნობის “უფროსი” დუმილით შეხვდა და სანდროს მოეჩვენა, რომ მას, საერთოდ, არც უსმენდნენ, თანაც შავი სათვალე თითქოს ჩინელი მოსამართლეების არ იყოს, განგებ ეკეთა სახელ “თეზოთი” გაცნობილ უფროსს, სახის გამომეტყველების ჩვენებით თავი რომ არ გაეცა.

ყველაფერი უცნაური იყო, რა საქმე უნდა ჰქონოდა ამ 50 წელს გადაშორებულ სიმპათიურ, ევროპელი ლორდივით გამოწყობილ მამაკაცს თეონასთან, რითი უნდა ყოფილიყო თეონა მისთვის საინტერესო და, საერთოდ, რაღაც გაშაყირებას უფრო ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე სერიოზული საქმის ძიებას, კი, ბატონო, განაგრძობს, იტყვის, რომ თეონამ 53-ე სკოლა დაამთავრა, ოქროს მედალზე და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე, თუ ესეც საინტერესო იქნებოდა ტყავის სავარძელში მჯდომი მამაკაცისთვის, რომელიც სიგარეტს ღრმა ნაფაზებით ეწეოდა და სადღაც შორს იყურებოდა, სანდროსკენ არც გამოუხედავს, მოუყვება, რომ თეონას ჯერ დედა გარდაეცვალა და მერე მამა, გარდაცვალების მიზეზებსაც დააზუსტებს, დედას თინიკო ერქვა და ბალერინა იყო, საყვარელს მოუკლავს, ეს ამბავი მაშინ მთელმა თბილისმა გაიგო, საერთოდ, თეონა თბილისში კარგად ცნობილი ოჯახიშვილია, ბაბუამისის სახელობისაა ნეიროქირურგიის ინსტიტუტი, მამაც ექიმი ჰყავდა, კარდიოლოგი. ცოლის სიკვდილის შემდეგ გალოთდა და მთვრალი მანქანამ გაიტანა, მანქანის მძღოლი მიიმალა და ვერც იპოვეს, ასე გაუბედურდა ერთ დროს ქალაქში ცნობილი შეძლებული ოჯახი, რამაც თეონას ფსიქიკაზე იმოქმედა, ის ძალიან ნერვიული და უაღრესად პუნქტუალური ადამიანია და ციფრებთან დაკავშირებული ფენომენალური ნიჭი აქვს, უნიკალური მეხსიერების პატრონია, ყოველ შემთხვევაში, იყო. საკმარისი არ უნდა იყოს? მაშინ იმასაც დაამატებს, თეონას მობილური ტელეფონიდან დარეკილ ამონაბეჭდში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც სამინისტროს ბალანსზეა აყვანილი და შესაძლოა ამ სამინისტროს მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნოზაძის იყოს, რომელიც გუშინ თეონასთან უნდა ყოფილიყო სტუმრად მისული, ფოტოსაც აჩვენებს, ერთი ფოტო თეონას სადარბაზოსთანაა გადაღებული, ხოლო მეორე, უკვე საკუთარ სახლთან, თუმცა, მათ შორის სასიყვარულო კავშირზე დამტკიცებით საუბარი მაინც ძნელია, ირაკლი ნოზაძე ცოლშვილიანი კაცია, თანაც, თუ ის გუშინ მართლა თეონასთან იყო, ის მცირე ხნით გაჩერდა იქ, რაღაცით უკმაყოფილო ჩანდა, ტაქსით მივიდა და სახლშიც ტაქსით დაბრუნდა, კიდევ ერთ ფოტოსაც აჩვენებს, ყველაზე ნაკლებად საინტერესოს, სანდროს აზრით, მაგრამ რადგან ყველაფერიო, “ – ეს ნუციკოა, თეონას მეგობარი, ხო, რამის გამომრჩა, თეონას ბავშვობაში ნუციკოსთან ერთად გადაცემა მიჰყავდა, “საყმაწვილო კალეიდოსკოპი” ერქვა, თუ რაღაც ამის მსგავსი, მერე თეონა გათხოვდა, უფრო სწორად, მოიტაცეს, ქმარი არ უყვარდა, მაგრამ მაინც სამი წელი მისი ცოლი იყო, ნუციკო რადიოში მუშაობს, თუ ამის შესახებაც რაიმე აინტერესებს პატივცემულ თეზოს, მოახსენებს...” – ბატონმა თეზომ ბეჭდიანი ხელი ასწია და ჩახლეჩილი ხმით შეაწყვეტინა: “საკმარისია!” 

  სანდრო ობოლაძე გაჩუმდა. თეზო რაღაცის თქმას აჭიანურებდა, პაუზა გულისგამაწვრილებლად გაიჭიმა, სანდროს მოეჩვენა, რომ ფიქრებში წასულ მაფიოზს სანდროს არსებობა დავიწყნოდა და მსუბუქი ჩახველებით სცადა თავის შეხსენება, მაგრამ თეზო არ ჩქარობდა და აწრიალებულ სანდროს მოეჩვენა, რომ მას დასცინოდნენ, მის ჩამორაკრაკებულ ინფორმაციებს არც კი ისმენდნენ მთელი ამ ხნის მანძილზე ფანჯარასთან გაუნძრევლად მდგომი ზაალი და სავარძელში მჯდომი მისი უფროსი. ეს შეურაცხმყოფელი იყო სანდროსთვის, დამკვეთების მეტი რა უნახავს, ისინი, როგორც წესი, ბევრს ლაპარაკობდნენ ნერვიულად და სანდროს ათას სულელურ კითხვას უსვამდნენ, საუბარს აწყვეტინებდნენ და ინფორმაციას ორ-ორჯერ ამეორებინებდნენ თავის საქმის მცოდნე დეტექტივს, ეს კი, თეზოა თუ ვიღაც, წესიერად არც მოისმინა სანდროს მონაყოლი, არც აღფრთოვანება გამოუთქვამს და არც პრეტენზია, არც ერთი კითხვა არ დაუსვამს, უსმენდა კი, საერთოდ?” –

  არსებული სიჩუმე თეზოს ჩახლეჩილმა ხმამ შეცვალა და სანდროსაც სახეზე ფერი დაუბრუნდა.

  “თეონასთან შეხვედრა მჭირდება, სჯობს, მე მივიდე მასთან, თვითონ ეგ აქ არ მოვა, არც მინდა, მირჩევნია მე მივიდე, მარტო, ისიც მარტო რომ იყოს, დღესვე მჭირდება შეხვედრა, მოიფიქრე, როგორ იქნება ეს შესაძლებელი, ბავშვი სანამ სკოლიდან დაბრუნდება, რომელ საათზე ბრუნდება?” – თეზომ თეონას და ზუკას ფოტოსურათზე აღბეჭდილ დროს შეხედა 4:31, მოკლედ,

სადღაც 2 საათზე რომ შევხვდე, კარგი იქნებოდა, დანარჩენი შენზეა!”

 

43.

 

სკოლის ავტობუსმა გაჩერებაზე მდგომი ზუკა და კიდევ რამდენიმე ბავშვი ჩაისვა და გზა განაგრძო, თეონა ჩვეულებრისამებრ გაუნძრევლად იდგა, ამჯერად უფრო დიდხანს, ვიდრე – ოდესმე, “ეკლესიაში უნდა წავიდე, ახლავე, ამ წუთას,” – შინაგანი ხმა ხატებიან ტაძარში შესვლასა და სანთლის დანთებას სთხოვდა, ეკლესიური სიჩუმისკენ ეწეოდა, სადაც მლოცველების მორიდებულ ჩურჩულში ღმერთის პოვნა შეიძლება, რომელსაც ყოველდღიურობაში ვკარგავთ და მერე ამ ადგილას ვპოულობთ და ვხვდებით, ის სულ გვერდით იყო, უბრალოდ, ამას შემჩნევა უნდოდა, რასაც ტრანსპორტში, მაღაზიაში, სამსახურში ვერ ვახერხებდი, არადა, შესაძლებელი ყოფილა, უბრალოდ, არ მოვინდომე, ან კი, სულაც არ ვიცოდი, რომ ასეთი რამ ადვილად შესაძლებელი იქნებოდა, იქნებ, ჩემი ბრალი სულაც არაა, ჩემთვის ხომ არავის უსწავლებია, როგორ მოვქცეულიყავი, ბევრი რამე მასწავლეს, ბევრსაც თვითონ მივხვდი.

წითელ შუქზე რომ გადასვლა არ შეიძლება, უფროსებს რომ თქვენობით უნდა ელაპარაკო და ავტობუსში მოხუცს, ბავშვსა და ორსულ ქალს ადგილი დაუთმო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვიცი, ცოტა მოგვიანებით გავიგე, თუ როგორ ჩნდებიან ბავშვები და აბორტის გაკეთება რომ ცოდვაა, რაღაცები დღემდე არ ვიცი, მაგრამ ცხოვრება გამოცდილი და კარგი მასწავლებელია და მასწავლის, მაგრამ სწავლებასაც ხომ დრო უნდა, მეც ამ დროის შვილი ვარ და მასთან ერთად ვმოძრაობ სივრცეში, რომელიც ჩემი ახლობელი და ნაცნობი ადამიანებით ისაზღვრება, ისინი ზოგჯერ ხილულ სივრცეს ტოვებენ სხვა სივრცეში გადასასვლელად. მარადიულ მოგზაურობაში წასულებს ცრემლებით ვაცილებ, სხვა სივრციდან მოსულ ახალ ნაცნობებს სიხარულით ვხვდები, მომატებული საზრუნავი ნაოჭითა და ჭაღარით მასაჩუქრებს და მეც იმ მოგზაურობაში წასასვლელად მამზადებს, ჩემამდე რომ ბევრი წასულა და არც მე ვიქნები უკანასკნელი, გამგზავრება რომ უმტკივნეულოდ მოხდეს, იქნებ, მომეხერხებინა და ყოველდღიურობადქცეულ მოძრაობაში, – ტრანსპორტში, მაღაზიაში, სამსახურში იმ ერთის არსებობა შემემჩნია, ხატებიან ტაძარში გაგონილი მლოცველის მორიდებულ ჩურჩულში რომ ისმის?

  – გოგონი, შარვალში ეკლესიაში ვერ შეგიშვებთ! – ქალის მკაცრი ხმა შემოესმა ეკლესიის შესასვლელში მდგომ თეონას.

  – რა ბრძანეთ? – მესანთლე ქალს გაკვირვებულმა ჰკითხა თეონამ და ნიკაპი აუკანკალდა.

  – რა და, ეკლესიაში შარვლით შესვლა არ შეიძლება, შარვლიანი ქალის ლოცვას უფალი არ შეისმენს! – ისეთივე ტონით უპასუხა მესანთლე ქალმა და ეკლესიის კარებთან მდგომს მკაცრად შეხედა.

  – კი, მაგრამ, თქვენ საიდან იცით, ვის ლოცვას შეისმენს უფალი? – თეონას არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ მას ეკლესიაში არ შეუშვებდნენ.

  – კურთხევა არ არის შარვლიან ქალებზე, მამა იოსები კრძალავს შარვალში და თავმოუბურავი შემოსვლას.

– მესანთლე ქალს არ უნდოდა საუბრის გაგრძელება და ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა ჯინსისშარვლიანი და ბოტასებიანი ქალი, ქალობა რომ დაუკარგავს, კაბა რომ დავიწყებია და იმის თავხედობაც ყოფნის, ღვთის სახლში იდგეს და იკამათოს.

  – მე ღმერთის სახლში მოვედი და არა მამა იოსების! – თეონა წასვლას არ აპირებდა, – მე სანთლის დასანთებად მოვედი! – ხმაში ცრემლი გაერია თეონას. მესანთლე ქალი მიხვდა, რომ მკაცრი ტონი უნდა შეეცვალა თუ უნდოდა ურჩი მლოცველი რამენაირად მოეშორებინა და დაყვავება სცადა:

  – წადი, შვილო, გამოიცვალე, კაბა ჩაიცვი და ისე მოდი, თავსაბურავები აქა გვაქვს. – მესანთლე ქალმა სანთლების გვერდით ხის ყუთში ჩაყრილი სხვადასხვა ფერის ქსოვილის ნაჭრებისკენ თვალით ანიშნა.

  – იქნებ, კაბა არა მაქვს, არ ვიცვამ კაბებს, ესე იგი ეკლესიაში ვერ უნდა შემოვიდე? – თეონამ ცრემლების შეკავება ვეღარ შესძლო. – მაშინ შეკერეთ რამდენიმე უბრალო ნაჭრის “იუბკა” და ჩამოკიდეთ ჩემნაირი გზააბნეულებისთვის, ეკლესიის შემოწირულობიდან შეკერეთ რამდენიმე ტილოს “იუბკა” და ჩამოკიდეთ! – თეონა გრძნობდა, რომ ტირილი ნერვიულ ისტერიკაში გადაეზრდებოდა და კანკალებდა. ამის შემყურე სანთლების გამყიდველმა ქალმა გაიფიქრა, ეს რა გიჟს გადავეყარეო, – მაგრამ მამა იოსების მკაცრ გაფრთხილებას, შარვლიანი და მოკლეკაბიანი ქალები ტაძარში არ შემოეშვა, ვერ გადაუხვევდა და თეონას ისტერიკას კიდევ უფრო მკაცრად უპასუხა:

  – ეკლესიის შემოწირულობის დათვლა შენი საქმე არაა, ეკლესია არაა ვალდებული “იუბკები” შეკეროს შენნაირებისათვის, გითხარი, არ შეიძლება შარვალში შემოსვლა-თქვა!

  – თუ თავსაფრები გაქვთ, კაბაც რომ დადოთ, არ შეიძლება? – მოთმინებადაკარგული თეონა მთელი სხეულით კანკალებდა და უკვე ეგუებოდა აზრს, რომ სანთლის დანთებას ვერ მოახერხებდა, მაგრამ მორჩილად თავდახრილს დაეტოვებინა ტაძარი, არც ეგ შეეძლო.

  – არ შეიძლება! სად გინახავს, გოგო, ეკლესიაში კაბები ეკიდოს? – მესანთლე ქალმა მოთმინება დაკარგა და ხმას აუწია.

  – მინახავს, ვყოფილვარ კიდეც, და მე თქვენი გოგო არა ვარ! – ატირებული თეონა ეკლესიიდან გამოვიდა, აზრი არ ჰქონდა ამ ქალთან საუბარს, რომელიც, თეონას რომც მოეყოლა ამერიკაში ცხოვრების დროს როგორ დადიოდა ბერძნულ ეკლესიაში, სადაც შემოსასვლელში, საკიდზე, ჩამოკიდებული იყო ქვედაბოლოები და თავსაბურავები, მესანთლე ქალი ამერიკის ხსენებაზე თეონას ან “სოროსის აგენტობას” დააბრალებდა ან კი, სულაც, “იეღოველობას”, ამიტომაც, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და, ეკლესიიდან ტირილ-ტირილით გამოვიდა.

  მესანთლე ქალსა და მამა იოსებზე გაბრაზებულმა, ნუ განიკითხავო, გაიფიქრა და ატირებულ სახეზე მწარე სიცილმა გადაურბინა. “სწორედ მაგაშია ჩვენი უბედურება, ვისაც საჭირო არაა, იმას რომ განვიკითხავთ, მეზობლის ქალი თუ ქმარს ღალატობს, ეს მთელი სამეზობლოს გასარკვევ-გასარჩევია, ეს ვიღაც ქალი და ვიღაც მამაო რომ ეკლესიაში ადამიანს სანთლის დასანთებად არ უშვებენ, შენ ნუ განიკითხავ, მაგათ ღმერთი განიკითხავსო, ხოდა, ღმერთმა განგვიკითხოს, ვინ უფრო დიდი ცოდვა ჩაიდინა, შარვლიანმა თეონამ, რომელსაც უცებ ეკლესიაში შესვლა ისე მოუნდა, არც კი უფიქრია, რომ სურვილი გვერდზე გადაედო, სახლში მიბრუნებულიყო, კაბა ჩაეცვა და მერე, მესანთლე ქალსა და მამა იოსებს რომ მოეწონებოდათ, ისეთ ფორმაში მისულიყო ეკლესიაში, თუ კაბიანმა და თავდაბურულმა მესანთლე ქალმა, რომელმაც სალოცავად და სანთლის დასანთებად მოსული ატირებული ადამიანი ეკლესიაში არ შეუშვა?! ღმერთმა განიკითხოს!

 

  44.

 

  სანდრო ობოლაძე გუმანით მიხვდა, რომ მისი წასვლის დრო დადგა.

თან დაუყონებლივ, არა იმიტომ, რომ იქ ჯდომა გაუსაძლისი იყო მისთვის (კიდევ იჯდებოდა ასე ლურსმანივით ჩაჭედებული და გაყურსული, რამე რომ ყოფილიყო), არამედ იმიტომ, რომ მდიდარი თეზო დროში შეზღუდული იყო და შუადღის ორ საათზე თეონასთან შესახვედრად მოიცლიდა, ეცლებოდა თუ არა თეონას? ან ექნებოდა კი საერთოდ ამ ვიღაც უცნობ თეზოსთან შეხვედრის სურვილი? კარგი კითხვაა, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ეს კითხვა ბატონ თეზოს დაესვა, ჯერ საკუთარი თავისთვის, მერე კი მის მიერ დაქირავებული კერძო დეტექტივისთვის, მაგრამ რადგან არ იკითხა, ესე იგი საკითხავი არც არაფერი იყო, ის ფულს იხდიდა, უფასოდ არც არაფერი უნდოდა, მაგრამ რაში სჭირდებოდა ამ კაცს თეონასთან შეხვედრა, იცნობდა კი თეონა მას საერთოდ? რამეს ხომ არ დაუშავებდა თეონას? სექსუალურ მანიაკებზე დღეს ყველა გაზეთსა და ჟურნალში წერენ, ან, იქნებ, სულაც სადისტი მკვლელია, ქალებს რომ ხოცავს და სხეულის ნაწილებს აჭრის? მაგრამ 

თეზო ასეთ კაცს არ ჰგავდა” – სანდრო ობოლაძემ აგრეთვე გამორიცხა ფულთან ან ბიზნესთან თეონას კავშირი, ისევ თეონას ხასიათის გამო, რომელმაც ბაზარში ვაჭრობაც კი არ იცოდა, არასდროს უთხოვია გამყიდვლისთვის დამიკელიო, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფული ზედმეტად ბევრი ჰქონდა, უბრალოდ, ამის ნიჭი არ გააჩნდა.

იქნებ, სიყვარული აკავშირებდა თეონასთან ამ ასაკოვან მამაკაცს? სანდროს საკუთარ შეკითხვებზე თავად მოუხდებოდა პასუხის გაცემა, მაგრამ მას შემდეგ, რაც “დამკვეთის” ახალ მოთხოვნას შეასრულებდა. 

 

  45.

 

თეონამ კარის საკეტს გასაღები მოარგო და ორჯერ გადაატრიალა, კარი მძიმედ გაიღო, თეონა აჩქარებული შევიდა სახლში, რადგან სადარბაზოში ვიღაცის ფეხის ხმა შემოესმა, ატირებული ვინმეს დაენახა, არ უნდოდა. სამზარეულოში შევიდა, მაგიდაზე ყავის ნალექჩარჩენილი ჭიქა, პურის ნაჭერი, სიგარეტის ნამწვიანი საფერფლე და თავახდილი საშაქრე იდო, თეონას კიდევ ერთი გათენებული დილის დადასტურება. “ეხლა ყავას დავლევ, სიგარეტს მოვწევ, ნანიკოს იუბკას ჩავიცმევ და ეკლესიაში წავალ!” – ხმამაღლა დაიმუქრა თეონა, მაგრამ ყავის მოდუღების სამზადისში კარზე ზარის ხმამ შეუშალა ხელი. “ვინ არის? – ჯერ საკუთარ თავს, მერე კი კარს იქით მდგომ კაცის სილუეტს ჰკითხა, ამ დროს გაზის ინკასატორები მოდიან ხოლმე და ამოწმებენ მრიცხველის ჩვენებას, თეონას მრიცხველი გაჩერებული არა აქვს, როგორც ამას სხვა მეზობლები აკეთებენ და ამიტომაც შესამოწმებლად მოსულ ინკასატორს კარს არ უღებენ, თეონა ინკასატორს კარს უღებს, მაგრამ გაზს მაინც იპარავს, გერას დედამ გამოუგზავნა ვიღაც კაცი, ჯონდო თუ ბონდო და ათ ლარად მთელ მრიცხველს უკან დაგიტრიალებს, თუ გინდაო, – უთხრა, – თანაც ისე, ვერავინ რომ ვერ მიხვდებაო.

  ამერიკიდან დაბრუნებული თეონა კომუნალური გადასახადების ყველა ქვითარს დროულად და პატიოსნად იხდიდა, “თუ ქურდობას არ გადავეჩვიეთ და კანონის დაცვა არ ვისწავლეთ, არაფერი გვეშველება”, – უთხრა ერთხელ ტელეფონით საუბრისას ყოფილ დედამთილს, ნანიკოს ბებიას, რომელმაც ირონიულად გაიცინა და გულახდილად უთხრა: “ამ სახელმწიფოში პატიოსნება ისჯება, ჩემო კარგო! მთავრობას არ აინტერესებს როგორ უნდა მოვახერხო და 150 – ლარიანი ხელფასის პატრონმა გადავიხადო 80 ლარი შუქის ფული, 50 ლარი გაზის ფული, წყლის ფული, ნაგვის გატანის, ტელეფონის, ბინის ქირა...და პურის ფულიც დამრჩეს.

რატომ არასდროს არ უკითხავს არავის, ყველა გადასახადს რომ იხდი და მშიერიც არ კვდები, ფული საიდან გაქვს, კორუმპირებული ხომ არა ხარო? ახლა ზაფხულია, გაზის დანახარჯი 2 ლარზე და 3 ლარზე მეტი არაა, ზამთარი რომ მოვა და გამათბობელს ჩართავ, მიხვდები, რომ უნდა მოიპარო, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს ქურდობაა, შენ თვითონ ხარ გაქურდულ-დაყაჩაღებული და ამასაც იმიტომ აკეთებ, სხვა გადასახადების გადახდა რომ შეძლო, შუქის, მაგალითად, მრიცხველები გარეთაა და ვერ გააჩერებ, ასე რომ, ჩემო თეონა, ზამთარში მიხვდები, მართალი რომ ვარ”.

  ჯონდო თუ ბონდო მეორე წელია უკვე, რაც თეონას 10 ლარის საფასურად 50 ლარის ჩვენებას მრიცხველზე უყრის და ყოველ მოსვლაზე იხსენებს იმ დროს, “გეპეიში” რომ ლექციებს კითხულობდა და გაზის გადასახადი რომ კუბომეტრზე 2 კაპიკი იყო. თეონას არ სიამოვნებს იმ დროის გახსენება, მაშინ სკოლაში სწავლობდა, უგემოვნოდ შეკერილი ყავისფერი სკოლის ფორმა ეცვა, ზემოდან ჯიბეებიანი შავი წინსაფარი ეკეთა, თეთრ საყელოზე ალისფერი ყელსახვევი ჰქონდა შემოხვეული და 45 წუთის განმავლობაში გაკვეთილზე გაუნძრევლად იჯდა, ერთხელ, მაშინ მესამე კლასში თუ იქნებოდა, მათემატიკის გაკვეთილზე გაბედა და ფანჯარაში გაიხედა, ხეზე ბუდე ჰქონდათ ჩიტებს გაკეთებული და დედა ჩიტი ბარტყებს ღია პირში საჭმელს უყრიდა, ამის ყურებამ თეონა ისე გაიტაცა, ციალა მასწავლებლის მკაცრი მზერა ვერ შენიშნა: “სად იყურები, გუნია, შენ გაიხედე მამაჩემის მამასთან!” – ამ სიტყვებს მასწავლებლის ბეჭდიანი ხელის სახეში გარტყმა მოჰყვა და თეონას თვალებში დაუბნელდა, როცა გონს მოეგო, მასწავლებლის სიბრაზისგან გაფართოვებული თვალები და აწითლებული სახე დაინახა: “ მე აქ ვისთვის ვლაპარაკობ? გეკითხები! კიდევ იზავ? კიდევ გაატრიალებ თავს? კიდევ გაიხედავ ფანჯარაში? კიდევ არ მომისმენ? კიდევ? გეკითხები!” თეონამ თავი დახარა და მორჩილად ჩაილაპარაკა: “არა!” 

  სახლში სახეაწითლებულ მისულს რომ ჰკითხეს, – რა გჭირსო, – წავიქეციო, იცრუა. “ახლანდელი მასწავლებლები ბავშვებს არ სცემენ!” – ეს უკვე ბევრს ნიშნავდა და იმ დროის დაბრუნება თეონას ნამდვილად არ უნდოდა, გაზი სულაც უფასო რომ ყოფილიყო. მაგრამ ამას ჯონდოს თუ ბონდოს არ ეუბნებოდა, ის იმ ცხოვრების შვილი იყო, პროფკავშირებიდან ნახევარფასში აღებული საგზურით ოჯახს გაგრაში რომ ასვენებდა, სამსახურიდან მიღებულ ბინაში რომ ცხოვრობდა და შემნახველი სალაროს წიგნაკზე “შავი დღისთვის” გადადებული ფულის ანგარიში რომ ჰქონდა. “ეჰ, რეიგანმა და გორბაჩოვმა არ გაიხარონ! რა ცხოვრება დაგვინგრიეს!” – წყევლას “დიდი სტალინისა” და “ლავრენტი პავლოვიჩის” მონატრებით დაასრულებდა 60 წელს გადაშორებული ნალექტორალი, თეონას 10 ლარს გამოართმევდა და წავიდოდა თავის გზაზე.

  “კიდევ კარგი, გუშინწინ ჩამოვაყრევინე 50 ლარი” – გაუხარდა თეონას და გაიფიქრა, რომ თურმე ცხოვრებაში სიხარულის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს.

  “ – ვინ არის?” – იკითხა თეონამ და ისე, რომ პასუხის მოსმენას ბოლომდე არ დაელოდა, კარი გააღო.

  თეონას ეგონა, რომ სამწლიანი ურთიერთობა ადამიანთან საკმარისი იყო ამ ადამიანის გასაცნობად.

თურმე ამაშიც ცდებოდა, ისევე, როგორც ცდებოდა იმაში, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. მისი გუშინდელი დღე ხომ ერთი უაზრო შემთხვევითობის შედეგი იყო. რომ არა “გუშინ”, გუშინწინდელ დღეს თავის მსგავსი “დღეს” ექნებოდა. ამიტომაც, სწორედ იმ ერთი შეხედვით, მიამიტურ შეცდომას – სანდრო ობოლაძის სტუდიაში დარეკვას, – მოჰყვა გუშინდელი დღის მთელი ორომტრიალი, თეონას ცხოვრების წესის შეცვლა, საკუთარი ნების წინააღმდეგ. ამ შემთხევითი სისულელის ჩამდენი საკუთარი დანაშაულის მძაფრი შეგრძნებით ატუზულიყო თეონას კართან და სახლში შეშვების ნებას ითხოვდა და თეონა მიხვდა, რომ ცდებოდა – სამი წლის ახლო ურთიერთობა ადამიანთან სულაც არ ყოფილა საკმარისი იმ ადამიანის ბოლომდე გასაცნობად. მაგრამ დრო ხომ მკურნალთან და მასწავლებელთან ერთად კარგი იმიჯმეიკერიცაა და ილუზიონისტიც, – ადამიანის გამოცვლა შეუძლია, – “ალბათ, ამას გულისხმობენ ადამიანები, როცა ამბობენ, ეგ ვინ ყოფილა, თურმე არ ვიცნობდი, ეგ ასეთი და ისეთიო. მაგრამ პროკურორობა ხომ უფრო ადვილია, ვიდრე – მოსამართლეობა, არც ადვოკატობა უნდა იყოს მაინცადამაინც ძნელი, მით უმეტეს, საკუთარი თავის გამართლებას როცა ცდილობ, რაც არ უნდა იყო საკუთარ თავზე გაბრაზებული, მაინც იპოვი ხავსის პატარა ნაჭერს, ხელი რომ ჩაავლო.

ხვალ მე რას ვიზამ, არ ვიციო, ესეც ხშირად გაუგონია თეონას და ალბათ, თვითონაც ხშირად უთქვამს და არასდროს უფიქრია იმაზე, რომ სხვის ბოლომდე გაცნობას როგორ შესძლებდა, როცა საკუთარ თავს არ იცნობდა და “შეიცან თავი შენი” – ყველაზე უფრო ფილოსოფიური შეგონება რომ ყოფილა თურმე, რაც კი ოდესმე გაუგონია, არ სცოდნია. სწორედ იმ უცოდინარობის შედეგი იყო თეონას გაკვირვება, როცა მისი კარის ზღურბლთან მდგომი სანდრო ობოლაძე დაინახა.

  თეონას ხშირად უფიქრია და წარმოუდგენია სანდროსთან შეხვედრა მათი განშორების შემდეგ. ამაზე ფიქრს დიდ დროს ადრე ანდომებდა, ახალი დაშორებულები რომ იყვნენ და სანდროს ცოლი მოყვანილი ჯერ რომ არ ჰყავდა. მისმა დაოჯახებამ თეონას ფანტაზიები დააკონსერვა და ამერიკიდან საქართველოში გამგზავრების წინა პერიოდში გააცოცხლა. სანდროსთან შეხვედრის რამდენიმე ვარიანტი თეონას წარმოდგენაში სულ ბედის შემთხვევითობას უკავშირდებოდა და ძირითადად, ეს ხდებოდა ქუჩაში ან სუპერმარკეტში, შეიძლება ბარშიც, სადაც დალაპარაკება გამოირიცხებოდა, რადგან დიდი ალბათობა იქნებოდა იმისი, რომ სანდრო ობოლაძე ცოლთან ერთად ყოფილიყო, თეონას კი მისი ცოლის ნახვის ნერვები არ ეყოფოდა, როგორც არ ეყოფოდა თავხედობა, წარმოედგინა გაღიმებული სანდრო, ჩამომჯდარი ბართან სკამზე, თეონას ნახვის მოლოდინში. თურმე თეონა სანდრო ობოლაძეს სულაც არ იცნობდა.

თორემ მათი შესაძლო შეხვედრის უამრავი ვარიანტიდან ერთ-ერთი ხომ ეს იქნებოდა.

  გაოცებამ მოქმედებას აღვირი ამოსდო და დაამუნჯა. თეონამ სიტყვებს დაუწყო ძებნა და გაკვირვების არტახებიდან თავის განთავისუფლებას შეეცადა. ჯერ მკლავები გაითავისუფლა, ღრმად ჩაისუნთქა და შვებაც კი იგრძნო, სუნთქვა შეეძლო, ხმაც დაუბრუნდა და სახეზე ფერიც.

  – შემოდი! – ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რის მიღებაც თეონამ შესძლო.

  სანდროს თეონასკენ გადადგმულ გაუბედავ ნაბიჯს მეორე, შედარებით უფრო თამამი ნაბიჯი მოჰყვა და ნაცნობი სახლის ავეჯის დანახვამ სასიამოვნოდ ააღელვა. ყველაფერი ნაცნობი იყო ამ სახლში – შემოსასვლელში, კედელთან, დადგმული უზარმაზარი სარკე, ძველებური ფეხებიანი ხის საკიდი, კედელზე ჩამოკიდებული იაპონური პეიზაჟი და ლურჯი ბროლის ბურთის ფორმის ჭაღი. ამის ნახვა სანდროს გუშინ ვერ მოესწრო, გუშინ ბევრი რამე ვერ მოესწრო – ერთადერთი, რის დანახვაც და დამხსოვრებაც შესძლო, თეონას თვალებიდან გადმოსრიალებული ცივი სიძულვილი იყო, რომელიც დღეს მტკივნეულ შემგუებლობას შეეცვალა და მოსულს ოთახში არსებული დავიწყებული ნივთების გახსენების შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა, რაღაცები მაინც შეცვლილიყო, უმნიშვნელო, პატარა დეტალები, მაგალითად, კარის სახელურები, მაგრამ სახლის სურნელი იგივე დარჩენილიყო – ახალმოხარშული თურქული ყავის სითბოსმომგვრელი მომწარო-მოტკბო სურნელი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია