– ყავა ამომიდუღდა! – თეონას ზურგი დერეფნის ბოლოსკენ სწრაფად გატრიალდა და სამზარეულოს კარში შევიდა. სანდრო მონატრებულ სურნელს გაჰყვა და თეონას შორიახლოს გაჩერდა, ღრმად გაუხსნა ფილტვებისკენ მიმავალი გზა გადავიწყებულ ოხშივარს და გაირინდა, განძრევის შიშით თეონას შემოთავაზებას, ყავა ხომ არ გნებავსო? – თავის მოკრძალებული დაქნევით დაეთანხმა და თვალები დახუჭა.

როცა გაახილა, თეონას ზურგი გაზქურასთან იდგა და ყავის მოდუღებამდე შემოტრიალებას არ აპირებდა. არც თეონა შეცვლილყო მაინცდამაინც, “თუმცა, არც ისე დიდი დრო გასულიყო, სულ რაღაც ხუთი წელი.”

  – შენ და შენმა ცოლმა მორიგეობით უნდა იაროთ ჩემთან თუ როგორაა თქვენი საქმე? – თეონამ ცხელი ყავა ფინჯანში ჩაასხა და სანდროს დამცინავად თვალებში შეხედა.

  – მე მინდა ყველაფერი აგიხსნა, ამიტომაც მოვედი! – მანქანაში ნავარჯიშევი ახსნა-განმარტების მისაცემად შერჩეული ინტონაცია სანდრო ობოლაძისგან საუბრის დაწყებას მოითხოვდა, რომელიც თეონას ირონიულად ნათქვამმა “გისმენთ”, ოდნავ შეაკრთო, მაგრამ უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა და “ შეიძლება დავჯდე? – კიდევ უფრო თამამდ იკითხა.

  – დაბრძანდი! ყავა მიირთვი! – ხუთ წელს მართლა ვერაფერი დაეკლო თეონას ცინიზმისთვის, პირიქით, ის კიდევ უფრო სასტიკი გაეხადა, მაგრამ ეს თეონას სტილი იყო, – ირონიული ღიმილით დაემცირებინა თანამოსაუბრე.

  სანდრო ობოლაძე სკამზე მოხერხებულად დაჯდა, ფინჯანი ყავა თავისთან ახლოს მიიწია და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი და სანთებელა ამოიღო.

  – კარგად მოეწყე? – სანდროს მოთმინება უნდა გამოეჩინა და თეონას პროვოკაციებს არ აჰყოლოდა, თავისი სათქმელი ბოლომდე ეთქვა.

  – მადლობთ! – სანდროს თავაზიან ღიმილს თეონამ ჩვეულებრივი გულგრილობით უპასუხა და კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოიღო. სანდრომ ვერ მოასწრო სანთებელის შეშველება, ან ვერ გაბედა. 

  – ყველაფერი გუშინ დაიწყო! – საკუთარ ნათქვამზე გაეცინა, ისეთი ტონით დაიწყო თხრობა, თითქოს ზღაპრის მოყოლას აპირებდა. 

  – მე სადეტექტივო სააგენტო მაქვს, – მეზღაპრის კეთილი ტონი კერძო დეტექტივმა საქმიანით შეცვალა და თეონას სარკაზმამდე მისულმა ღიმილმა, ცოტა არ იყოს, გააბრაზა, მაგრამ თავისი პროფესიის ადამიანისთვის დამახასიათებელი სიდინჯე შეინარჩუნა და განაგრძო:

  – სამი წელია, რაც მე კერძო დეტექტივი ვარ, ადამიანებს ვეხმარები საქმეების გამოძიებაში, ამას იმიტომ გიყვები, რომ ჩემი საქმიანობის გამო ვარ მე აქ.

  თეონას საკმარისი ირონია აღარ აღმოაჩნდა, გულწრფელი გაკვირვებით შეჰყურებდა მის წინ მჯდომ სტუმარს, რომელთანაც ოდესღაც სამწლიანი ვნებიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა და, როგორც ახლა ირკვეოდა, გუშინდელი დღიდან მოყოლებული კი, თურმე, საქმიანიც. თეონას გონებაში გაგონილს ადგილის მონახვა გასძნელებოდა და სანდროც მოწადინებულად ცდილობდა თეონას ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, მთავარი იყო, მისთვის მოესმინათ და საუბარში ხელი არ შეეშალათ.

  – გუშინ დილით ჩემთან ოფისში ვიღაც კაცი მოვიდა, შენი სურათი მომიტანა და თვალთვალი დამავალა.

მე დავთანხმდი, იმანაც ფული გადამიხადა და წავიდა. მე არ ვიცოდი, ვინ იყო ის კაცი და რატომ აინტერესებდა შენზე ინფორმაციები, ეხლაც არ ვიცი წესიერად ვინ არიან, ეგ და მაგის უფროსი თეზო.

  – თეზო? თეზო ვინ არის? – მოსმენილით გაოცებულ თეონას სახეზე ირონიის კვალიც კი აღარ შერჩენოდა.

  – არ ვიცი! არ ვიცი! – მხრები აიჩეჩა სანდრომ და შვებით ამოისუნთქა, გულზე მოეშვა.

  – რა სისულელეა! – თეონამ აღარ იცოდა, სიმართლეს ეუბნებოდა თუ ატყუებდა სანდრო, მართლა ზღაპარში მომხდარ სისულელეს ჰგავდა ეს ყველაფერი – მას უთვალთვალებდნენ! მაგრამ ვინ? ვინ – იცის, ვისი დავალებით უთვალთვალებდა ყოფილი საყვარელი და რატომ იხდიდა ის ვიღაცა ამას ამაში ფულს? რატომ?

  – იმ კაცს შენი ნახვა უნდა, საქმე აქვს შენთან, დღეს 2 საათზე შეგიძლია, რომ ნახო? – სანდრო საქმიანი ტონის შენარჩუნებას ცდილობდა, მაგრამ თეონას აღელვება მასაც გადმოსდებოდა.

  – ვინ არის? – ლამის იყვირა თეონამ და სანდროს დაბნეულმა შეხედა.

  – არ ვიცი! – სანდროს გულწრფელობაში ეჭვის შეტანა აღარ შეიძლებოდა.

– თეზო ჰქვია, 50-წელს გადაშორებული მდიდარი კაცია, მორჩა! მეტი არაფერი არ ვიცი, შენთან შეხვედრა მთხოვა, უნდა, რომ დღეს 2 საათზე შენთან მოვიდეს, სანამ ბავშვს გამოიყვან სკოლიდან, მარტოს უნდა გნახოს, რა საქმეა აქვს შენთან, ჩემთვის არ უთქვამს, მორჩა! ესაა და ეს! მეტი არაფერი არ ვიცი.

  – გუშინ შენს ცოლს ჩემთან რა უნდოდა? ესეც შენი სამძებრო საქმიანობის ნაწილი იყო თუ უბრალო გაუგებრობა? – სანდროს ცოლის გახსენებამ თეონას ცინიზმი დაუბრუნა.

  – ერთიც და მეორეც! უფრო სწორად, საქმიანობიდან გამომდინარე, ანუ, ნუციკოსთან სტუდიაში იმიტომ მივედი, შენი ამბავი რომ გამეგო, თან ისე გამოვიდოდა, შემთხვევით, ბუნებრივად, მერე შენმა დაქალმა ეტყობა იქ ტელევიზიაში ვიღაცასთან თქვა, დღეს სანდრო ობოლაძე იყო და თეონას ამბავს კითხულობდა, კინოს ბილეთები მოიგო, თეონას ტელეფონი გამომართვაო და ააწყვეს, როგორც ხდება ხოლმე, ჩემს ცოლს დაურეკა ვიღაცამ და გააგიჟა, იმანაც იეჭვიანა და შენს სახლთან გაჩერებული ჩემი მანქანა რომ დაინახა, დაიჯერა, რომ შენთან ვიქნებოდი და იმიტომაც ამოვიდა. მე მანქანაში ვიჯექი და ვერ დამინახა, “ზატემნიონი” შუშები მაქვს!

  – შენ მანქანაში იჯექი? – თეონას გაოცებულ თვალებს სანდრომ თვალი აარიდა და თავი დააქნია: –ხო! მერე წავედი, ერთ საათში დავბრუნდი, ბოდიში მინდოდა მომეხადა შენთვის, მაგრამ შენ არ მომისმინე და გამაგდე!” – სანდრომ თავი ასწია და მზერაგაქვავებულ თეონას შეხედა.

  – შენ მე ცხოვრება დამინგრიე! – სანდროსთვის თვალი არ მოუშორებია, ისე გამოსცრა კბილებში თეონამ. სანდრო ობოლაძისთვის გასაგები და მისაღებიც იყო თეონას საყვედური, ასე დაუკითხავად სხვის ცხოვრებაში ჩარევა, სხვა თუ არაფერი, ამორალური იყო, მაგრამ ეს მისი სამსახური გახლდათ და, რაც ყველაზე დიდ კოზირს წარმოადგენდა მისთვის, ის არ ტყუოდა, მან სიმართლე უთხრა მის წინ მჯდომ, თვალწინ წამებში დაბერებულ ქალს, რომელიც ოდესღაც ყვარებია კიდეც, მაგრამ მერე სხვასთან წასულა, რომელსაც, თეონასგან განსხვავებით, მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათი ჰქონია, რისთვისაც ვნებებით დაღლილ სანდროს თავი შეუფარებია და ამ საიმედო თავშესაფრის მიტოვება არც არასდროს უფიქრია, რომ არა ვიღაცა თეზო, რომლის ვინაობა, წარმომავლობა და საქმიანობა კერძო დეტექტივისთვის და დაზარებულისთვის ერთნაირად უცნობი იყო. მთლად მისი ბრალიც არ იყო, ფიქრობდა სანდრო, მაგრამ მომხდარის გამო ბოდიშის მოხდა ვალდებულად ჩათვალა: “მაპატიე!”

  თეონა მის წინ მჯდომ ადამიანს უყურებდა და ეგონა, პირველად ხედავდა, მერე სახის ნაკვთები ეცნო, სადღაც უნახავს ასეთი პროფილი, ხმაც ეცნაურა და როცა მასთან წარსული ნაცნობობაც გაახსენდა, გაიფიქრა: “როგორ გაჭაღარავებულა! ეტყობა, ბერდება. უფრო სწორად, დაბერებისთვის ემზადება, ბიჭობიდან დიდი ხანი არ არის, თითქოს, რაც გამოვიდა და ახლა წინ ახალგაზრდობის დამასრულებელი წლები აქვს გასავლელი და სიბერეც მიუკაკუნებს.” ამ ადამიანთან ურთიერთობა ცუდად ჰქონდა დაცდილი თეონას, – პირველმა შეხვედრამ ერთწლიანი დეპრესია, ამერიკაში გადაკარგვა და უძილობა შესძინა, მეორედ მასთან შეხვედრას კი მისი ცხოვრების ყოველდღიურობის შეცვლა მოჰყვა, თუმცა, ყოველდღიურობა დიდად არ შეცვლილა, ერთადერთი, ეხლა ხუთშაბათობით, ორი საათის სხვაგვარად გატარება მოუწევდა, ეგ იყო და ეგ! “დღეს, მაგალითად, ხუთშაბათია და ორიდან ოთხამდე დრო შეიძლება, თეზოო, ხო, ესე თქვა სანდრომ, თეზო გაიცნოს, ადამიანი, რომელმაც გაბედა და მის ცხოვრებაში ჩარევა გადაწყვიტა, შეცვალა კიდეც, ერთ დღეში მოახერხა დაენგრია ის, რის შენებასაც თეონამ წლები მოანდომა.

ნამდვილად საინტერესო იქნებოდა ამ თავხედი კაცის გაცნობა, რომელსაც თეონამდე მოსასვლელად დეტექტივის დაქირავება დასჭირვებია და ფულიც გადაუხდია. საინტერესოა, რა საქმე უნდა ჰქონოდა მასთან თეზოს, რომელიც, თუ სანდრო არ იტყუებოდა და სანდრო ნამდვილად არ იტყუებოდა, ამას თეონა გრძნობდა, თეონა ყოველთვის გრძნობდა სანდრო როცა იტყუებოდა, მართალია, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგრამ რამდენჯერაც თეონას ეს უგრძვნია, იმდენჯერ უთქვამს კიდეც და “ჯადოქარი ხარო, – გაკვირვებია თეონას მიხვედრილობა. “შენ მე ვერასდროს მომატყუებ!” – სიცილით აშინებდა თეონა და ეშინოდა იმ დროის დადგომის, ღალატი და მიტოვება რომ ეგრძნო. იგრძნო კიდეც, მაგრამ არაფერი თქვა, ხომ არ მეჩვენებაო, უჭირდა მიტოვებულად თავის წარმოდგენა და ერჩივნა, სულ არაფერი ეგრძნო, და თუ სანდრო მისი ცხოვრებიდან წასვლას მაინც გადაწყვეტდა, ეს თეონასთვის ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო, გასაძლები ტკივილით გაეყვანა დრო და მშვიდი ძილი დაებრუნებინა. მაშინ თეონა არ შემცდარა, სანდრო წასასვლელად ემზადებოდა და რადგან კაცი იყო, კაცურად წასვლა მართებდა. კაცები კი, როგორც ცნობილია, წასვლას ყოველთვის აჭიანურებენ, მაგრამ მაინც მიდიან, ან კი ისე იქცევიან, რომ აქეთ გააგდონ. თეონას სანდრო არ გაუგდია, ის თვითონ წავიდა, უკანმოუხედავად და დაუნანებლად, წავიდა იმიტომ, რომ სხვაგან მოუნდა.

მაგრამ სანდროს გულწრფელობა მაინც აკვირვებდა თეონას, ამდენი წლის განშორების შემდეგ დაბრუნება მხოლოდ იაფფასიანი სერიალის სცენარისტს თუ მოუვიდოდა თავში, მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ ერთმანეთი არ უნდოდათ, შეიძლება, იმ წუთებში, მაგიდის ორ მოპირდაპირე მხარეს მსხდომი ადამიანებისთვის ერთმანეთის ხელისშეხება წამით მაინც უკვე გაფიქრებული იყო, მაგრამ ისინი ბავშვები არ იყვნენ და იცოდნენ, რომ მათი ახლა ლოგინში ჩაწოლა დიდ პრობლემებს შეუქმნიდა ორივეს, რაც არც ერთს არ სჭირდებოდა, სანდრო ცოლს არ გაშორდებოდა, ღალატით კი თვითონ დაიტანჯებოდა, მაშინ თეონა ძალიან უნდა ჰყვარებოდა და ეს ასე რომ მომხდარიყო, მაშინ ცოლსაც უნდა გაშორებოდა, რასაც სანდრო არ გააკეთებდა, რადგან ცხოვრების შეცვლა არ უნდოდა. ამიტომაც სანდრო არ ტყუოდა, – ის თეონასთან სიყვარულმა და მონატრებამ კი არა, საქმემ მოიყვანა. საქმის დამკვეთს თეზო რქმევია, მდიდარი, ორმოცდაათ წელს გადაშორებული, დროში შეზღუდული კაცი, რომლის ნახვა ნამდვილად საინტერესო უნდა ყოფილიყო თეონასათვის, რომელსაც უკვე ერთი სული ჰქონდა, როდის მოვიდოდა ორი საათი, მისი ცხოვრების შემცვლელი ადამიანი რომ ენახა.

  – მოვიდეს, თანახმა ვარ! 

  სანდროს ხმა არ ამოუღია, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ თეონა თავის იარაღს გამოიყენებდა და მძიმე დუმილით დაამარცხებდა, ამიტომაც რაღაც უნდა ეთქვა, ისეთი, პროფესიონალური და ახლობლური.

  – მე მანქანით ქვემოთ ვიდგები, მაგრამ, ნუ შეგეშინდება, არაფერს დაგიშავებს, ეტყობა, რომ, იმენნა, საქმე აქვს შენთან.

– გამამხნევებელი და დამამშვიდებელი ტონით წარმოთქმული სიტყვების მოსმენაზე თეონას ირონიულად, მაგრამ უღონოდ გაეღიმა და კიდევ ერთხელ მოეჩვენა, რომ მის სახლში, მის სამზარეულოში, მის მაგიდასთან მჯდომ ადამიანს პირველად ხედავდა.

  – მე არ მეშინია, ჩემი მოკვლა ვინმეს რომ უნდოდეს, მაშინ მკვლელს დაიქირავებდა, – დეტექტივს კი არა. ასე რომ, შენ თუ ქვემოთ დადგომას ჩემი გულისთვის აპირებ, სულ ტყუილად.

თუ ჰონორარი უნდა აიღო, მაშინ ეგ შენი საქმეა. მოკლედ, მოვიდეს ეგ კაცი ორ საათზე და დავხვდები სახლში! – თეონამ წელი ძლივს აითრია, თან საკუთარ თავზე გაბრაზდა, რა მჭირს ეს, რა ბებერი ქალივით ვიქცევიო, მაგრამ სხეული ისე დამძიმებოდა, სკამიდან უცებ წამოდგომას ვერ შესძლებდა, სანდროს საერთოდ არ შეეძლო ადგომა, თითქოს რაღაც კიდევ უნდა ეთქვა და ვერ იხსენებდა – რა, მაგრამ დროის გაჭიმვაც ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც მთელი ეს ამბავი, რომელიც გუშინ დაიწყო და დღეს სრულდებოდა, ასეთი მარტივი საქმე ჯერ მის სამძებრო პრაქტიკაში არ ყოფილა, ფაქტობრივად, ერთდღიანი საქმე, რომელიც ისეთივე ბუნდოვანი და გამოუცნობი დარჩებოდა კერძო დეტექტივისთვის, როგორც ბევრი გაუხსნელი, არქივსმიცემული საქმე მსოფლიო სამძებრო-საგამოძიებო პრაქტიკაში.

  სანდრო ობოლაძემ იგრძნო, რომ თეონას ბოლო სიტყვები მას გასასვლელი კარებისკენ უძღვებოდა, იქ დაემშვიდობებოდნენ ერთმანეთს და სანდრო ობოლაძემ გაიფიქრა, რომ კიდევ ცოტა ხანს დარჩებოდა, თეონას რომ ამის ნება მიეცა, კიდევ ერთ ფინჯან ყავას დალევდა, კიდევ ერთ ღერ სიგარეტს მოწევდა და კიდევ ცოტა ხანი მოისმენდა თეონას საუბარს, თუნდაც ირონიულსა და დამცინავს, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა, მოსვლასაც და წასვლასაც, წასვლა კი ადამიანს ლამაზად უნდა შესძლებოდა.

  თეონამ კარი გააღო და თავი გვერდზე გაატრიალა, არა იმიტომ, რომ ეტირებოდა, სულაც არა! შეიძლება მერე ეტირა, მაგრამ ეს მერე იქნებოდა და არა ახლა, როცა ბოლო წამების გაგრძელებას მხოლოდ ნერვებისმომშლელი უხერხულობა მოჰყვებოდა, ამიტომაც სახის გვერდზე გაწევა საუბრის გაგრძელების აბსურდულობას უფრო ნიშნავდა, ვიდრე – სენტიმენტალურ ჟესტს, სანდრომ ეს იგრძნო და კიდევ ერთხელ თქვა, “მაპატიე.” თეონამ არაფერი უპასუხა, მისი სახლიდან გასულ სანდროს კარი ფრთხილად მიუხურა და ურდულით გადაკეტა.

 

  46.

 

სხვადასხვა ზომის თაიგული სხვადასხვა ფასი ღირდა, თუ შეევაჭრებოდი, შეიძლება ცოტა დაეკლო კიდეც თავსა და სახეზე ზოლებიან კაშნეშემოხვეულ ქალს, სიცივისგან აწითლებულ სახეზე მუდარის ღიმილი გადაურბენდა და ტკბილი სიტყვით იტყოდა: “მოდი, ბებია, ჩემგან იყიდე, ნახე როგორი თაიგულია, ხუთ ლარში გაგატან”, მართალია, ბებიობისთვის ახალგაზრდა ჩანდა, მაგრამ მოუვლელობა და გაჭირვება ასაკს ართმევდა ყინვასა და ავდარში ქუჩაში დგომას შეჩვეულ ქალს, რომელიც, სხვა ქალებისგან განსხვავებით, ფუფუნებისთვის არ იყო გაჩენილი. მისი ადგილი აქ განესაზღვრა ცხოვრებას – საბურთალოს სასაფლაოს ასახვევთან ყვავილები უნდა გაეყიდა, თუ შეევაჭრებოდნენ, ცოტაც დაეკლო და დრო სხვა გამყიდველ ქალებთან ლაპარაკში გაეტარებინა. მათ სასაუბრო თემებს, გარდა იმისა, რომ ცხოვრება გაძვირდა, ახალი მთავრობა კი მოვიდა, მაგრამ ამათი საშველი მაინც არაა და ეხლა მთავრობა გადასახადებს უკვე ძროხებსა და თხებზე აწესებს, რომ ახლა სხვა ადამიანები დაგრიალებენ მერსედესებით და გარემოვაჭრეებსაც მალე დაერევიან და რა ეშველაბა ამდენ გაჭირვებულს, ამ და სხვა ბანალური თემების გარდა ყვავილების გამყიდველი ქალები სასაფლაოზე ხშირად მოსიარულე ნაცნობებსაც მოიკითხვდნენ და მათ შესახებაც ცოტას წაიჭორავებდნენ. “საწყალი, როგორ დაბერდა”, ან “რა გინდა, მშვენივრად გამოიყურება”, ან კიდევ რაღაც ამგვარ წინადადებებს გადაულაპარაკებდნენ ერთმანეთს და გაჩერებული მანქანისკენ გაიქცეოდნენ, ყვავილი რომ შეეთავაზებინათ. ამჯერად კიდევ ერთი ომის დაწყების საშიშროებას მიმოიხილავდნენ დილის 8 საათიდან წყლიან ვედროებში ჩალაგებულ ყვავილებს უკან პატარა ხის სამფეხებზე მსხდომი ქალები, მათ შორიახლოს რომ შავი “მერსედესი” გაჩერდა და შუშაჩაწეული ფანჯრიდან მამაკაცის ჭაღარა თავი გამოჩნდა.

ყველაზე ახლოს მასთან სახესა და თავზე ზოლებიან კაშნეშემოხვეული ქალი აღმოჩნდა, მან სწორად შეაფასა მანქანაში მჯდომის ფინანსური მდგომარეობა და გემოვნება და ხელი ყველაზე ძვირფას თაიგულს დაავლო, გაჩერებულ მანქანასთან მიირბინა და სიცივისგან აწითლებულ სახეზე მუდარის ღიმილმა გადაურბინა. “ – ნახე, როგორი თაიგულია, სულ ნარჩევი ვარდებია, თითოს 9 ლარში გაგატან, სიფთა ხარ, გენაცვალე და უარს ნუ მეტყვი, ამიტომ ვაკლებ, თორე ისე თითოში თუმანზე ნაკლები არ იქნება, აიღე, გენაცვალე, ღმერთი შენს ოჯახს გაახარებს!” – სხაპასხუპით ნათქვამს კიდევ სხვა, მწვანე ვარდების თაიგულის უკან სხვა ვარდების ჩვენება და შეთავაზება მოჰყვა სხვა გამყიდველი ქალების მიერ, მაგრამ მყიდველს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისე გახსნა შავი ტყავის საფულე, იქიდან ტკიცინა ასლარიანი ამოიღო, დამაბნეველი სიხარულით გაყეყეჩებულ ქალს მიაწოდა და თაიგული გამოართვა, მძღოლს რაღაცა ანიშნა, და მუცელზე საფულემიკრულ ქალს ხურდის მოძებნა არ დააცალა, ისე წავიდა. შურით სავსე თვალების შემოხედვამ გამოაფხიზლა დილიდან “კაი ფეხზე” ამდგარი ყვავილების გამყიდველი, მაგრამ ამან მის ამაღლებულ განწყობას ვერაფერი დააკლო. “დღეს კარგი დღე მექნება!” – კიდევ ერთხელ მოისინჯა საფულეში ჩაკეცილი ტკიცინა ასლარიანი და ხის სამფეხაზე ღირსეულად დაჯდა.

  სასაფლაოს შესასვლელთან მაწანწალა გოგო-ბიჭები შეკრებილიყვნენ და ერთმანეთს აგინებდნენ, ხმამაღლა დასცინოდნენ და საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდნენ. ერთადერთი, ხელით ერთმანეთს არ ეხებოდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ერთმანეთი საცემრად არ ემეტებოდათ, – სიამოვნებით წააქცევდნენ და გაუჩეჩქვავდნენ თავს წყალობაში ჩამზიარებელს, მაგრამ თუ ამას არ აკეთებდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიციის ეშინოდათ, რომელიც თუ არ დაიჭერდა, მაშინ გააგდებდა და მისთვის რა მნიშვნელობა იქნებოდა, გინდაც რომ დაეჭირათ. დაჭერით კი უკვე ნაკლებად იჭერდნენ, არც მათხოვრობას უშლიდნენ, ოღონდ, წესიერად უნდა მოქცეულიყვნენ, ჩხუბი არ მომხდარყო, წყნარად ემათხოვრად.

  ახლაც, ერთმანეთის ლანძღვით იჯერებდნენ გულს, სასაფლაოს შესასვლელთან რომ შავი “მერსედესი” გაჩერდა და იქიდან მაღალი შავსათვალიანი და შავპალტოიანი კაცი გადმოვიდა.

“ – დამეხმარე!… ბიძია, დამეხმარე!..” – იხუვლა მაწანწალა გოგო-ბიჭების გუნდმა და სასაფლაოს ჭიშკრისკენ მიმავალი ვარდებისთაიგულიანი კაცისკენ დაიძრა, რომელსაც გვერდით მაღალი ამბალი მოჰყვებოდა, ასაკით ბევრად ახალგაზრდა და ღონიერი, დაცვას ჰგავდა, მაგრამ წყალობის მისაღებად დაძრულ ბავშვებს მისი მაინც არ შეშინებიათ და სიმღერ-ტირილით ყვირილს მოუმატეს.

მათმა ჟივილ-ხივილმა კიდევ უფრო იმატა, შავსათვალიანმა კაცმა შავი პალტოს ჯიბიდან შავი ტყავის საფულე რომ ამოიღო. ერთ-ერთს, ყველაზე უფრო ყოჩაღსა და საქმეში გაწაფულს 50 – ლარიანი მიაწოდა და უთხრა: “ყველამ თანაბრად გაინაწილეთ”. ბავშვების გუნდმა კიდევ ერთხელ იხუვლა. “შენი ლამაზი თვალების ჭირიმე, ბიძია!” – ამბალმა ღონიერი ხელით ბავშვები მირეკ-მორეკა და სასაფლაოს ჭიშკრის ოდნავ შეღებული კარი ფართოდ გააღო. “სად დაინახეს თქვენი თვალები?” – თავაზიანი სიცილით უთხრა შავსათვალიანს. “ – შეიძლება რომ შემომხედეს, იფიქრეს, თვალები მაინც ექნება ლამაზიო”, – საკუთარ თავზე იხუმრა და შავი სათვალე ცხვირთან გაისწორა. ამბალმა თავი გააქნია და უფრო მეტად ზრდილობიანად უთხრა: “ რას ბრძანებთ, ბატონო თეზო, მშვენივრად გამოიყურებით!” მოვლილ საფლავებს შორის მიმავალ თეზოს არაფერი უპასუხია, ის ახლობელი ადამიანის საფლავისკენ მიმავალ გზას მიუყვებოდა, უფრო სწორად, ზაალი მიუძღვოდა წინ, თეზოს ხელში თაიგული ეჭირა, მწვანე ვარდების ნამიან სურნელს სასაფლაოს მწუხარება შეეზავებინა და სიჩუმისკენ განაწყობდა.

თეზო დუმდა. ჩუმად მიუყვებოდა საფლავებს შორის გზას ზაალიც. თეთრი მარმარილოს ქალის ქანდაკებასთან მთავარი გზიდან გადაუხვიეს, აქედან უკვე ახლოსაა, – ჩაილაპარაკა ზაალმა. 

 

  47.

 

  თეონამ სამზარეულოში მაგიდაზე დადებული ყავისნალექჩარჩენილი ჭიქები ონკანის ნიჟარაში ჩააწყო და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი აიღო. ამ ჭიქებიდან ერთ-ერთი სანდრო ობოლაძის იყო, მისი ძველი სიყვარულის, რომელმაც ჯერ მიატოვა, მერე კი სხვა მოიყვანა ცოლად, მერე ესეც არ აკმარა და ძლივს შექმნილი ახალი ცხოვრების მყუდრო რიტმი დაურღვია. მერე ის კიდევ ერთხელ წავიდა თეონასგან და უკვე აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ეს ორივემ იცოდა, სანდრომაც და თეონამაც, მათ ერთმანეთის გარეშე უნდა ეცხოვრათ, რადგან ერთმანეთისთვის დაბადებულები არ იყვნენ და ერთმანეთისთვის მხოლოდ ტკივილი მოჰქონდათ.

ამიტომაც უნდა გადაკარგულიყვნენ ერთმანეთისგან შორს და ისეთ ადგილებში, სადაც ერთმანეთის ნახვა შესაძლებელია, სიარულისთვის ორივეს ტაქტიანად თავი აერიდებინა, არც ერთმანეთის ამბავი მოეკითხათ, კეთილმოწყობილი ყოველდღიურობა ჭორების ნაღმზე სიარულით რომ არ აეფეთქებინათ.

  თეონამ ჭიქები გარეცხა და საწურზე დადო, მერე მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი აიღო და ერთი ღერი ამოიღო, “სიგარეტის მოწევას უმატა, ბოლო ორი დღეა, საშინლად ბევრს ეწევა.” “ზუკამ რომ სიგარეტი მოწიოს, თეონას ვერ წარმოუდგენია, მაგრამ ეჭვი აქვს, რომ ნანიკო ეწევა, მარიკა იძახის, არაო, მაგრამ თეონა ნანიკოზე პატარა იყო სიგარეტის მოწევა რომ დაიწყო, ტელევიზიის ტუალეტში მოაწევინა ნუციკომ, რომელსაც ნაფაზის დარტყმა ოპერატორმა რობერტამ ასწავლა. თეონას ის შეგრძნება არასდროს დაავიწყდება, მერე თავს ავარჯიშებდა, როგორმე აღარ დახვეოდა თავბრუ, მიწა აღარ გამოსცლოდა ფეხებიდან და არ დაბნელებოდა თვალებში. სისტემატურმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და სულ მალე ტელევიზიის ტუალეტში შეძენილი გამოცდილება მთელ კლასს გაუზიარა. კლასელი ჰყავდათ ერთი, ლიკა ტუღუში, ფაბრიკის მუშების შვილი, რომლებიც დილიდან საღამომდე სამსახურში იყვნენ და უფროსების სახლში არყოფნით გათამამებული ლიკას მეგობრები “შატალოზე” მასთან ადიოდნენ. მისი სახლის აივანზე პირში გაუბედავად სიგარეტჩადებულმა თანაკლასელებმა თეონას ახსნილი გაკვეთილი პრაქტიკაში განახორციელეს. “შეისუნთქეთ და თქვით: “იიიიჰჰჰჰჰ, ტრაქტორი მოსულააა...” – ვიღაცეებს ხველება აუტყდათ, ზოგს კი გამოუვიდა.

ყველაზე კარგი ნაფაზი მარიკა ღლონტმა დაარტყა და თეონას ეჭვი შეეპარა, რომ მარიკას ადრეც ჰქონდა სიგარეტი მოწეული და მალავდა. თეონას მაშინ ამ ვარაუდის შესახებ მარიკასთვის არაფერი უკითხავს, არც ახსოვდა და ერთხელ, ბევრი წლის გასვლის შემდეგ, ისიც ამერიკაში, ჰკითხა. მარიკას ჯერ გაეცინა, რა სისულელეა, მოწეული რომ მქონოდა, რა, არ გეტყოდი, შემეშინდებოდაო? მერე კი გაბრაზდა, ეჭვი ჩემში რატომ შეგეპარა, თავიდანვე ეგეთი ეჭვიანი იყავიო. მარიკა არ ტყუოდა, სიგარეტი პირველად ლიკა ტუღუშის აივანზე მოსწია და თეონაც თავიდანვე “ეგეთი “იყო, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებდა და სულ ეგონა, რომ მას ატყუებდნენ.

  მარიკას თეონასთვის ტყუილი არასდროს უთქვამს და არა იმიტომ, რომ მარიკამ ტყუილები არ იცოდა, ყველა ბავშვს თითოჯერ მაინც მოუტყუებია, უბრალოდ, მეგობრის მოტყუება არასდროს დასჭირვებია, მასწავლებლებს თუ მოატყებდა, ისიც – ათასში ერთხელ. მარიკასნაირი მეგობარი თეონას არ ჰყავდა, ყველაზე დიდხნიანი მეგობრობა მარიკასთან აკავშირებდა და მასთან უსიამოვნებაც არასდროს მოსვლია. შეიძლება, ერთმანეთისგან რაღაცები სწყენიათ, პატარა, უმნიშველო, ბავშვური, მაგრამ ერთმანეთს ორივე უფრთხილდებოდა და ერთმანეთისთვის მხოლოდ კარგს იმეტებდა.

თეონას ხშირად უკითხავს საკუთარი თავისთვის, იყო კი ისიც ისეთი ერთგული მეგობარი, როგორიც მარიკა იყო მისთვის? მარიკა ძალიან კარგი ადამიანი იყო, უბოროტო და უანგარო, იყო კი თეონაც ეგეთი? ამერიკაში ერთად ცხოვრებამ მათი მეგობრობა ბეწვის ხიდზე გაატარა და კიდევ უფრო გამოაბრძმედა. ამერიკაში თეონა დარწმუნდა, რომ მარიკა მასზე უკეთესი მეგობარი იყო, რამაც ერთდროულად გაახარა და გულიც აუჩუყა. შვილებთან ერთად სრულიად უცნობ სამყაროში მოხვედრილი თეონა მარიკამ მიიღო და მერე სულ იმას ამბობდა, შენ რომ წახვალ, რა მეშველება, როგორ უნდა ვიცხოვრო, თქვენ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, არ წახვიდე საქართველოში, აქ ვიცხოვროთ ყველამ ერთადო. ამერიკაში ცხოვრების ორჯერ გაგრძელებული ვიზის მესამეჯერ გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ მარიკა ფიქტიური ქორწინების შესაძლო ვარიანტებზე ელაპარაკებოდა თეონას, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა თბილისის ქუჩებს, თუნდაც დაუგველს, მოუვლელს, მოურწყველს, მაგრამ მაინც მისი ქალაქის ქუჩებს, სადაც ქართულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი დადიოდა, როდის ავიდოდა კუს ტბაზე და იქ ბევრ ნაცნობს შემთხვევით შეხვდებოდა, როდის იჯდებოდა გვიანობამდე პეროვსაკაიაზე ბარში და ივლიდა მეტროთი კი არა, ტაქსით.

  თეონას ამერიკაში ცხოვრება არ სძულდა, მაგრამ ზუსტად იცოდა, რომ ის სტუმრად იყო და რაც არ უნდა გულკეთილი მასპინძლობა გაეწია ამ ქვეყანას მისთვის, მაინც საკუთარ სახლში მოუნდებოდა, ადრე თუ გვიან უნდა გამომშვიდობებოდა ამერიკულ ცხოვრებას და მშობლიურს დაბრუნებოდა, შეიძლება, უკვე ამერიკაში მაცხოვრებლისთვის ბევრი რამ უკვე ნაკლებად მისაღები ყოფილიყო, თუნდაც დაურეკავად სტუმრად მისვლა ან შეკითხვა: “რამდენი გაქვს ხელფასი?” მაგრამ თეონა ამას ყველაფერს შეეჩვეოდა და არ გაბრაზდებოდა, რადგან ის სახლში იქნებოდა, თავის სახლში.

ეს უკვე ბევრს ნიშნავდა და შინ დაბრუნების სიხარულის მოლოდინით ცხოვრობდა.

  ზაფხული იყო, ცხელი ბოსტონური ზაფხული, ნესტიანი და უჰაერო. მარიკა და თეონა სახლის აივანზე ისხდნენ და ვარსკვლავებიან ცას უყურებდნენ. მარიკას ბავშვობიდან უყვარდა ვარსკვლავები და ზეპირად იცოდა ყველა თანავარსკვლავედის განლაგება, ბაბუა ელაპარაკებოდა ცაზე და მარიკასაც ბავშვობიდან ცისკენ ეჭირა თვალი.

ვარსკვლავის ჩამოვარდნაც, სხვებს რომ არ დაუნახავთ, მარიკას თვალს არ გამოჰპარვია, სურვილის ჩაფიქრებაც მოუსწრია და ასრულებია კიდეც. მისი ამერიკაში ცხოვრებაც ერთ-ერთი ცას მოწყვეტილი ვარსკვლავის დამსახურება ყოფილა. არავის არ სჯეროდა, მათ რიცხვში, არც თეონას, კონსული მარიკას, რომელსაც არც ქმარი ჰყავდა და არც შვილი, ამერიკაში წასვლის ვიზას თუ მისცემდა, მაგრამ მარიკა დარწმუნებული იყო, რომ გაუმართლებდა, რომ ამერიკაში დაფუძნებასაც შესძლებდა და სიღარიბესაც თავს დააღწევდა, ყველაფრის ამის სჯეროდა, რადგან ვარსკვლავები არ ცდებოდნენ და მათკენ მზერამიპყრობილებს გულს არასოდეს წყვეტდნენ. თეონას რამდენიც არ უთვალიერებია ზაფხულის ღამის ცაზე აბრჭყვიალებული ვარსკვლავები, მაგრამ მათი ციდან მოწყდომა არასდროს დაუნახავს. იმ ბოსტონურ ზაფხულის ღამეს, საღამოს სიგრილე რომ სანატრელია, მოკლე შორტებსა და ბრეტელებიან მაისურებში მსხდომი მარიკა და თეონა ცაში იყურებოდნენ და სიგარეტს ხმაამოუღებლად ეწოდნენ.

 – აქაური ცა როგორი სხვანაირია, არა? ჩვენს ცას საერთოდ არ ჰგავს, – თეონამ ნათქვამს ოხვრა ამოაყოლა, თან ისე, ციდან თვალი არ მოუშორებია.

 – ხო, ეს ხომ ოკეანის ცაა – მარიკამ თეონას ნოსტალგიას იგნორირებით უპასუხა.

 – ჩვენი ცა უკეთესია! – თეონას არ უნდოდა მარიკასთვის დაეთმო და ეღიარებინა, რომ ამერიკისა და საქართველოს ცებს შორის მხოლოდ ის განსხვავება იყო, რომ ერთი ოკეანის თავზე იყო, მეორე კი – არა!

 – რითია ვითომ ის ცა ამაზე უკეთესი? – ისევ ცისგან თვალისმოუშორებლად იკითხა მარიკამ.

 – ის ჩვენი ცაა,. – თეონამ ისევ ამოიოხრა და მარიკას შეხედა. მარიკა სიგარეტს ეწეოდა და ცაში იყურებოდა, კოპებშეყრილი თითქოს ვიღაცაზე ბრაზობდა, უცებ, თეონასკენ მოტრიალდა და სხაპასხუპით მიაყარა: –

– ჩქარა! ჩქარა! ვარსკვლავი ვარდება! ჩქარა სურვილი ჩაიფიქრე! აი, ხედავ? ხედავ? დაინახე? კიდევ ვერ დაინახე? აი, აი!

 თეონას ასე მისაღები გამოცდების ჩაბარების დროს არ უნერვიულია, მარიკას გაშვერილ თითს უყურებდა და თვალგაფაციცებული ეძებდა სურვილის ამსრულებელს, დანახვაც უნდა მოესწრო და სურვილის ჩაფიქრებაც, “აი, დაინახა! დაინახა! სურვილი? სურვილიც ჩაიფიქრა, მოასწრო!” მარიკას არ უკითხავს თეონასთვის რა ჩაიფიქრა, იმის შიშით, რომ თქმის შემთხვევაში სურვილი არ აუსრულდებოდა, არც თეონას უთქვამს. თქმით კი ყველას მოუყვა, როგორ აჩუქა ვარსკვლავი მარიკამ, დაუნანებლად და დაუფიქრებლად, იმ ღამეს ჩაფიქრებული სურვილი მართლა ასრულებულიყო, თანაც გუშინ და ეს თეონამ მისი სახლიდან სანდროს წასვლის შემდეგ აღმოაჩინა. სურვილი, რომელიც თეონამ ჩაიფიქრა, ისეთ დროს ასრულდა და ისე, რომ ცრემლებისა და მარტოობის მეტი სხვა არაფერი მოუტანა. “რაც ჩავიფიქრე, ის ასრულდა!” – თავისთავს ჩურჩულით უთხრა თეონამ და კიდევ ერთხელ გაიხსენა ის ზაფხულის ღამე, მარიკას ცაში გაწვდილი ხელის გაყოლებაზე ტაატით მოძრავ ვარსკვლავს რომ ჩაუთქვა: “სანდრო ობოლაძე მოვიდეს ჩემთან, თავის ფეხით!” 

 

  48.

 

  ეს ყველაზე ლამაზი საფლავი იყო, რაც თეზოს ცხოვრებაში უნახავს. არა-და, კაცმა რომ თქვას, ბევრ საფლავზე არც იყო ნამყოფი. ადრე ნაკლები ხალხი კვდებოდა, ციხეში უფრო ბევრი სიკვდილის მომსწრე გახდა, მაგრამ არც ერთის დაკრძალვაზე არ ყოფილა, რამდენიმეს საფლავი ამას წინათ მოინახულა და დიდი არაფერი. ჩვეულებრივი, ერთმანეთისგან ბევრად არაფრით გამორჩეული საფლავებია, თითქმის ერთნაირი.

  თეზომ ვარდების თაიგული ისე რბილად მოისროლა საფლავზე, თითქოს სცენაზე ესროლოს. შავ მარმარილოს სწორ ქვაზე თეთრი პუანტების მარმარილოს სკულპტურას ქვემოთ გაკრული ხელით ეწერა – თინა. ზაალი ცოტა მოშორებით დადგა, სიგარეტს მოუკიდა.

თეზოს კიდევ რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა, რითაც ტაქტიანად მარტო დასტოვა საყვარლის საფლავზე მოსული.

  თეზო, იგივე თენგიზ ჯაში იყო, თინა ტურძელაძის მკვლელობისთვის ნასამართლევი და თხუთმეტწლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ახლიდან დაბადებული, ახალი ცხოვრებით, ახალი საქმიანობით, ახალი ნაცნობებით. ახლა ის თითქმის ყველაფრით განსხვავდებოდა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის პირველი კურსის შეყვარებული სტუდენტისაგან, ვნებას რომ ყურებიდან ასხამდა, ციხის ნარზე მიგდებულ პატიმარსაც არაფრით ჰგავდა, დაძინების რომ ეშინია, კიდევ მოკლული არ ნახოს სიზმარში. თეზო უკვე მერამდენე წელი იყო, საზმარში თინიკოს ხედავდა, საყვარელ თინას, დღიდან მისი დანახვისა, ოპერასთან მდგარ გოგოებში რომ იდგა და იცინოდა. თეზოს მაშინ მოეჩვენა, რომ თინიკოსთან ერთად მთელი სამყარო იცინოდა, ხმამაღლა, ლაღად, მოურიდებლად. მერე ეს სიცილი თანდათანობით დაცინვაში იზრდებოდა და ახლა მთელი სამყარო მას დასცინოდა, გამასხარავებული თეზო კი იდგა ოპერის ბაღთან ხელებჩამოყრილი და თვალებს არიდებდა მის გარშემო შემოკრებილ ხალხს, თინიკოს წამხედურობით რომ დასცინოდა და აბუჩად იგდებდა. ეს იყო პირველი სიზმარი, რის დამახსოვრებაც თეზომ შესძლო, იქამდეც უნახავს სიზმარი, ზოგი სასიამოვნო, ზოგიც, ისე რა! ან კი სულაც – საშიში.

უნახავს, როგორ არ უნახავს, მაგრამ კარგად დამახსოვრება გასჭირვებია, მერე კი სულაც დავიწყებია. ეს იყო პირველი სიზმარი, რომლის დეტალურად აღწერა მეორე დღეს თავისუფლად შეეძლო, უმცირესი დეტალების ჩათვლით. არაფერი გამორჩენია და არც დავიწყებია. შეიძლება, იმ დღის მერე ეს სიზმარი, თუ როგორ დასცინოდა სრულიად სამყარო, სულაც დავიწყებოდა, ის რომ აღარასოდეს განმეორებულიყო, მაგრამ ეს იყო ერთადერთი სიზმარი, რომელიც ფოტოგრაფიული სიზუსტით ყოველდღე ესიზმრებოდა. ოცდათოთხმეტი წლის მანძილზე არ ყოფილა ძილი ამ სიზმრის გარეშე, კლიპივით იწყებოდა და თავიდან სარეკლამო რგოლს უფრო ჰგავდა, შამპუნის რეკლამისთვის დამახასიათებელი ეროტიზმით, მერე ფერები ირეოდა, სხეულები გაწელილ სილუეტებში იზრდებოდა, ცივი ოფლისდამსხმელი პირქუში ხარხარი ტვინის ხვეულებში აღწევდა და ახლა იქიდან აგრძელებდა ხარხარს, ხმას უფრო უწევდა და უწევდა, აკუსტიკაც შედარებით უფრო მაღალი და არაბუნებრივად შორი ხდებოდა, რაც ტვინში ჩარჩენილ ყველა სახის ინფორმაციას ახშობდა და აზრებიც თანდათანობით ქრებოდა ტვინიდან, რომელიც იკუმშებოდა და იკუმშებოდა, ცოტაც და, ისიც გაქრებოდა, ბრბოს ხარხარი შთანთქავდა ერთი მხრებშიაწურული შეყვარებული ყმაწვლის ტვინის ნახევარსფეროებს.

მერე სიზმარი ქრებოდა, უფრო სწორად, კი არ ქრებოდა, კადრში კადრი ჩნდებოდა – კედელზე გადაჭიმული თეთრი ზეწარი და კინოს ძველი ხმაურიანი აპარატით გაშვებული უფერული კადრი, შავი გრძელი ხაზები აირბენ-ჩამოირბენდნენ, ცოტა ხანში კი ეკრანი ქვრებოდა, ან აპარატი ფუჭდებოდა, ან ფირი წყდებოდა, ან უბრალოდ, კლიპის დასასრული იყო ასეთი. ვერაფრით ჩასწვდომოდა მიზეზს, თუ რატომ სრულდებოდა სიზმარი ასე, რაღაცნაირად, დაუსრულებელ დასრულებად, მოქმედების გაგრძელების არსებობის ეჭვს რომ აჩენდა მნახველში.

ამ სიზმრის მნახველი კი მხოლოდ ერთი კაცი იყო, სიზმარიც იმ კაცისთვის ერთადერთი იყო, რომელიც კი ბოლო ოცდათოთხმეტი წლის მანძილზე დასიზმრებოდა. 

  გუშინაც ეს სიზმარი ნახა, გუშინწინაც, იმის წინაც და იმ აზრს უკვე შუგუებული იყო, რომ ხვალაც ნახავდა, ზეგაც, სულ, სანამ დაძინების მერე გაღვიძებას შესძლებდა, ამ სიზმარში გაიპარებოდა და იქნებოდა მხოლოდ ოპერის ბაღი, ცხრამეტი წლის გაცინებული გოგო, ახარხარებული ლანდებდაცლილი სამყარო და კინოს გასაშვები ხმაურიანი აპარატი. ეს თეზომ იცოდა და რომ ვერაფერს შეცვლიდა, ამაშიც დარწმუნდა, ჯერ მოსკოვის, მერე კი მიუნხენისა და სტოქჰოლმის წამყვანი ნევროპათოლოგებისა და ფსიქიატრების დანიშნულმა წამლებმა ის შედეგი გამოიღო, რომ სიზმარი საერთოდ გაქრა, მაგრამ არც სხვა მოსულა, არც ერთ სხვა კადრს მისი ჩაძინებული ქვეცნობიერიდან არ გაღვიძებია, საკუთარი თავის შეგრძნება მხოლოდ გაღვიძების შემდეგ მოდიოდა, თითქოს ყოველ ღამე კვდებოდა, მაგრამ, ამბობენ, მკვდრები სხვანაირად გრძნობენო, მისი სხეული კი უგრძნობლად იდო და სუნთქავდა, რიტმში, სტაბილურად. მერე თეზომ წამლების მიღება შეწყვიტა და ძველი შეგრძნებები დაიბრუნა: სიყვარული და სილაღე, გაკვირვება და განაწყენება, დარცხვენა და გაქცევის სურვილი, უმოქმედობა და პასიური პროტესტის შეგრძნება, შიში, მარტოობა და დასასრულის გულისგამაწვრილებელი მოლოდინი. ამიტომაც, აღარ უძალიანდებოდა თვალის დახუჭვასა და კადრში ვარდისფრად აყვავებული ოპერის ბაღის გამოჩენას. სიზმარი ძალიან კარგად იწყებოდა და ძალიან ცუდი დასასრული ჰქონდა, არც ერთ ფილმს ასეთი ცუდი დასასრული არ ექნებოდა, – ასე ფიქრობდა თეზო, – იქნებ, კარგი დასაწყისის ხათრით ჯობდა კიდეც ვარდისფერ სივრცეში განფენა, არარაობის წიაღში რომ აბრუნებდა ბოლოს. მაგრამ ეს თეზოს არჩევანზე დამოკიდებული არ იყო, მას მხოლოდ ისღა დარჩენოდა, შეგუებოდა მდგომარეობას და ის საკუთარი თავის სასარგებლოდაც კი გამოეყენებინა.

  ციხის კედლების სველი სიცივის შეგრძნებამ სხეული შიგნიდან გაუქვავა და თხუთმეტი წლით სინესტეში ჩაკეტა, მაგრამ შეგუებამ გადაარჩინა, მისი სიცოცხლე ნაცრისფერ ფილაქანზე არ დაღვარა და არც სისხლით შეაღებინა ვენები. ის გადარჩა. თავი გადაირჩინა, აბიბოც დაეხმარა, საყვარლის ქმრის მკვლელი. 

  ყველაფერი ქალების ბრალია, რაც კი ქვეყანაზე შარი ხდებაო, – ხშირად იმეორებდა აბიბო და თეზოს გულს უმაგრებდა, ან კი, საკუთარ თავს უბრაზდებოდა, როგორ ადრე არ ვიცოდი, ქალის ჭკუას რომ არ უნდა ავყოლოდი, ხომ არ ჩამაყუდებდნენ ვირის აბანოშიო. თეზომაც და სხვა თანასაკნელებმაც უკვე ზეპირად იცოდნენ აბიბოს ციხეში მოხვედრის დეტალები, მაგრამ მაინც ხელს არ უშლიდნენ კიდევ ერთხელ მოეყოლა თავისი, როგორც თვითონ ამბობდა, იაღლიში.

  “ქალი მიყვარდა ერთი, მე იმის, – მერე გრძლად და უხამსად შეიგინებოდა და განაგრძობდა, – იმას ქმარი ჰყავდა, ზემელზე ცხოვრობდნენ. იეი ბოგუ, არ ვიცოდი, გათხოვილი თუ იყო, იზვინი თეზოჯან, განა იმიტომ, რომ რამე, ქმარს რომ კაცის შეშინება შეეძლოს, პროსტო, შარს მოვერიდებოდ რა, და ამიტომაც არ მომეწონებოდა.

ხოდა, რომ გავიგე, ქმარი არ ჰყავდა, მომეწონა, მერე შემიყვარდა და სიყვარული ავუხსენი, ტირილი დაიწყო, ძლივს დავაწყნარე, რა გჭირს, რა გატირებს, სხვა ხომ არ გიყვარს – თქო, არაო, შენ მიყვარხარ, მაგრამ ქმარი მყავს და ვერ გეუბნებოდიო. დავრეტიანდი, მაგრამ რაღა მექნა, უკვე შეტოპილი მქონდა. ისიც ვუთხარი, წამოდი ქმრისგან და ერთად ვიცხოვროთ და ვერაო, მომკლავსო, იტირა, ბიჭო, რა იტირა! გული მომიკვდა, მცემსო, რომ მითხრა თვალებში დამიბნელდა და მოვკლავ-თქო, ვერ მოკლავო, და კიდევ უფრო უმატა ტირილს, მეც მომკლავს და შენცო, ბოლო-ბოლო, იმდენი იჩალიჩა, ქმარი დამაბრედინა და მერე სასამართლოზე პაკაზანიები სულ ჩემს წინააღმდეგ აძლია, მაგრამ ის არ იფიქრო, რომ დაჭერის შეეშინდა და იმიტომ. Aრა, ტო! ეგეთი სქემა ჰქონდა, ქმრის მოშორება უნდოდა და მკვლელს ეძებდა, მეც კარგად ჩავუვარდი ხელში, არიფი, ხო-და, შემაბა, იმდენი იტირა, სანამ მეც არ ამატირა, მცემსო, არავინაც არ სცემდა, სახლიდან ერთი კვირა არ გამოვიდა, ვერ გამოვალ, ვერაო, ხან ქმარი სახლშია, ხან დედამთილი და მული მყავს სტუმრადო, კაროჩე... ქმარი თურმე მივლინებაში ყოფილა და იმის ჩამოსვლის დღეს მითხრა, იმიტომ ვერ გვხვდებოდი, სანამ მივლინებაში წავიდოდა, ქამრით მცემა, წიხლებით შემდგა, ნაცემი ქუჩაში ვერ გამოვიდოდი, ეხლაც თვალზე ფინგალი მადევსო, გამაგიჟა! ავდექი და დავუპადიეზდე, სადარბაზოში რომ შემოვიდა, მოდი აქ ბიჭო-მეთქი, ვუთხარი და ბებუთით ავჩეხე. გავიქეცი, სახლში რომ მოვედი, იმ წანკლას ვურეკავდი და ყურმილს არ იღებდა, ვიფიქრე, სანამ დაასაფლავებენ, ნათესავებთან წავალ სოფელში-თქო, მაგრამ იმავე დღეს დამიჭირეს, იმან ჩამიშვა, ჩემი თავი დააჭერინა, ჩემს ქმარს ფულს სძალავდა და მოკვლით ემუქრებოდა, ყაჩაღიაო. ისე ტიროდა, კინაღამ მეც დავიჯერე, საყვარელი ქმარი მოვუკალი-თქო, რომ ვნახე, გავცოფდი, არც ფინგალი ჰქონდა და არაფერი, მატყუებდა, ტო! თურმე არტისტობდა, ყველაფერს მასიაფანდებდა, მე კიდევ ვჭამე! ხოდა, უნდა ვხეხო ეხლა ციხის კედლები, ახია ჩემზე! – ამას კიდევ გრძელი გინება მოჰყვებოდა, რომელიც აუცილებელი მუქარით სრულდებოდა: “მე თუ ეგ ჩემი ხელებით არ დავახრჩო, კაცი არ ვიყო! ადრე თუ გვიან ხომ გავალ, აქ ხომ არ ამოვლპები, ა, თეზოჯან?!” – აბიბოსთვის იმედის გასაჩენად თეზოს თავის დაქნევაც საკმარისი იყო, რასაც საკუთარ ფიქრებში გადასროლილი პატიმარი ყოველთვის ასრულებდა.

თეზო როცა აბიბოს ნაამბობს უსმენდა, სულ საკუთარი ახსენდებოდა, რომელიც თავისი რომანტიზმითა და ბუნებრიობით შექსპირული უფრო იყო, ვიდრე აგათა კრისტული. თუმცა, ამ ორი პატიმრის თავგადასავალი რამდენადაც ერთმანეთს ჰგავდა, იმდენად განსხვავდებოდა კიდეც. მსგავსება ის იყო, რომ ორივეს ქმრიანი ქალი უყვარდა და ორივემ მკვლელობა ჩაიდინა. ერთმა საყვარელს ქმარი მოუკლა, მეორემ კი საყვარელი მოკლა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია