მკვლელობის იარაღიც სხვადასხვა იყო, ერთმა ბებუთი გამოიყენა, მეორემ კი – საკუთარი ორი ხელი. მაგრამ ამ ორი მკვლელობის შედეგად ვიღაცამ მაინც იხეირა. აბიბოს საყვარელს ქმრის ქონება დარჩა, შვილი ქმარს არ უჩნდებოდა თურმე, ეს მერე გაირკვა, როცა მდიდარი ქვრივი მეორედ გათხოვდა და მეორეჯერაც შეძლებული ქმარი იშოვა, წვენების ცეხების პატრონი.

შვილიც გაუჩნდათ, ბიჭი. იმ ბავშვის დაბადებისთვის თურმე აბიბოს ცხოვრების თხუთმეტი წლის სიცოცხლის დაკონსერვება იყო საჭირო, იმ ბავშვის ბედნიერი ბავშვობისათვის უნდა მჯდარიყო აბიბო ოთხკედელში და მერე, თუ ოდესმე დღის სინათლის ნახვა ეღირსებოდა, მკვლელის სახელით ევლო. არადა, სამი ადამიანისთვის ბედნერების მიმცემი იყო, ეს კი მასავით მკვლელობისთვის გასამართლებული თენგიზ ჯაშისაგან განასხვავებდა. თეზოს მსხვერპლს მკვლელი უყვარდა, არც მის ბოროტად გამოყენებას აპირებდა, მისგან შვილიც კი გაუჩნდა, ბიჭი. მაგრამ მასთან ცხოვრებაც რომ არ შეეძლო? სართოდ არ შეეძლო ვინმესთან ცხოვრება, ამიტომაც შეხვდა სიკვდილს მშვიდად, ღია თვალებით. თინას სიკვდილმა უბედურება სხვებსაც მოუტანა – დარდისგან ქმარი გალოთდა და მოკვდა, დაობლებულ შვილებსაც აერიათ ცხოვრება, რამაც თინას და თეზოს ვაჟი იმსხვერპლა კიდეც, თაღლითობასა და კაზინოში თამაშს გადაჰყვა, გოგოსაც არ აეწყო, ერთადერთი, თეზო დარჩა მოგებულში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ აბიბოს იმ ქალის მოძებნაში დაეხმარა, იმის ქმარს დიდი მაყუთი აახიეს და მოსკოვში დაუბერეს, იქაც აბიბოს ნათესავებმა შეიკედლეს, თბილისიდან ჩატანილი ფულით ნავთობის აქციები აყიდინეს და ცოტა ხანში თეზო და აბიბო კორპორაციის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელებიც კი გახდნენ.

ნავთობის ბიზნესს ბენზინგასამართი სადგურების ქსელის შეძენაც მოჰყვა, რეკეტთან მორიგებაც თავისუფლად შესძლეს და მალე მოსკოვის ყველაზე ძვირადღირებული რესტორნებისა და ღამის კლუბების ხშირი სტუმრებიც გახდნენ. თეზო კაზინოში სიარულს თავს არიდებდა, მამამისის გენის თავის თავში გაგრძელების შიში მუდამ თან სდევდა, აბიბოსაც ურჩევდა, შორს მდგარიყო ამ “ეშმაკის სახლიდან”, მაგრამ ცდუნების სიტკბოებისთვის თავის დასაღწევად მეგობრული დარიგება საკმარისი სულაც არ არის, თუ ერთხელ შეხვედი აზარტში, გამოსვლა გაგიჭირდება, – ეუბნებოდა თეზო აბიბოს, რომელსაც ბარემ კი უნდოდა გასცლოდა კაზინო “მიტელიცას” რბილ საცეცებს, ნახევრად შიშველ ლამაზ ქერა მიმტანებს, ფულის სუნით გაჟღენთილ სათამაშო მაგიდებსა და ამ მაგიდების გარშემო შეკრებილ დაფეთებულ ხალხს.

  “ნეტავი, მეც სახის ასეთი გამომეტყველება მაქვს?” – ერთხელ შიშით გაიფიქრა აბიბომ, მის წინ მჯდომ თავისი ასაკის კაცს რომ შეხედა, შეშლილის თვალებით რომ ელოდებოდა, როდის დაასრულებდა რულეტკა ტრიალს, “ვიღუპები”, ამის გაფიქრებას განგაში რომ არ მოჰყვა, რომ არ შეატრილა ზურგი და თავგუდმოგლეჯილი ქუჩაში არ გავარდა და ისევ ისე სუნთქვაშეკრული დაელოდა, თუ როდის გაჩერდებოდა რულეტკა, აბიბო მიხვდა, რომ ის უკვე დაიღუპა.

  სიკვდილის წინ დატოვებულ გამოსამშვიდობებელ წერილში აბიბო წერდა, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილება დიდი ხანია მიეღო, რომ აღარ შეეძლო ასე ცხოვრება, მოგებაზე გაუთავებელი ფიქრით ყოველდღიურმა წაგებამ მას ჯერ საკუთარი თავის პატივისცემა დაუკარგა, მერე კი თავიც შეაძულა, რომ განუვითარდა დეპრესია და ყოველ ღამე ჩაბნელებული სისხლიანი სადარბაზოს დასიზმრებამაც დატანჯა, რომ ცხოვრება მობეზრდა და უნდა წავიდეს. ახლობლებსა და მეგობრებს პატიებას სთხოვდა და ყველას ანდერძად რაღაცას უტოვებდა. თეზოს ნავთობკორპორაციის აქციები დაუტოვა, რამაც მისი შემოსავალი და გავლენა კიდევ უფრო გაზარდა.

  ვინ იქნებოდა თენგიზ ჯაში დღეს, თინა ტურძელაძე რომ არ მოეკლა? ერთი ლოთი მსახიობი, როლებს რომ აღარ აძლევენ რეჟისორები, არა იმიტომ, რომ ცუდი მსახიობები არიან, მათი იმედი არ აქვთ, ხომ შეიძლება დათვრეს და სპექტაკლი ჩაშალოს. თენგიზ ჯაში თავისნაირ მკვლელ აბიბოს რომ არ გადაჰყროდა ციხეში, ის ლოთი მსახიობიც არ იქნებოდა, თეატრში მკვლელობაზე ნასამართლევს ვინ შეუშვებდა?! ის დამთავრებული ადამიანი იქნებოდა, აბიბო ცხოვრებაში იმ ქალს რომ არ გადაჰყროდა, ქმრის მოკვლა რომ უნდოდა. თეზო ჯაში რომ ამხელა სიმდიდრისა და ქონების პატრონი იყო, ამაში აბიბოს საყვარლის დამსახურება ყოფილა.

სწორედ იმ ქალის მიერ ჩაფიქრებულმა მკვლელობამ გაუხსნა გზა თეზოს და აბიბოს მოსკოვურ ცხოვრებას. “იმ ქალს ვიღაცისთვის მაინც მოუტანია სიკეთე, მე, მე ვის რა მოვუტანე?” – გაიფიქრა ერთხელ მორიგი წარმატებული ბიზნეს-ოპერაციის ჩატარების შემდეგ თეზომ. თინა ტურძელაძის მოკვლამ გაამდიდრა, მოკლულის ოჯახი კი დაღუპა, ის კი მდიდრდებოდა და მდიდრდებოდა, სად იყო სამართალი?!

  ერთადერთი შვილი, რომელიც მისი ციხეში ყოფნის დროს უდედმამოდ იზრდებოდა, მისი ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს დაიჭირეს და თეზომ შვილის შორიდან დანახვაც კი ვერ შესძლო, ივიკო და მისი მეგობრები ერთ-ერთი სახლის გაქურდვის დროს დააკავეს. ეს მეცხრე სახლი იყო, რომელსაც ოთხი ბიჭი და ერთი გოგო ქურდავდა. მათი მშობლები თავს იკლავდნენ, შვილებს მათი მეგობრებისა და ნათესავების ბინები ჰქონდათ გაქურდული, სახლი, რომლის გაქურდვის დროსაც მძარცველები დააკავეს, ივიკოს დედის მეგობრის, მისი დის ნათლიის, თამრიკო ჩუბინიშვილის იყო, რომელმაც არ იჩივლა და ივიკოს შეწყალებაც კი ითხოვა, მაგრამ ძარცვის სხვა შემთხვევებიც ხომ იყო, იქაც ნაცნობ-მეგობრობამ გაჭრა, საქმის დახურვის შემდეგ ივიკო მოკლეს, ძმაკაცის ბინაში შევიდა, ბებია გაუკოჭა და სახლი გაუქურდა, გადამალვას აპირებდა, ვერ მოასწრო.

  თეზომ ეს ამბავი მალევე გაიგო, თინიკოს გოგოს ამერიკაში გამგზავრებაც და გამგზავრების ნამდვილი მიზეზიც იცოდა. სანდრო ობოლაძისა და თეონას რომანის შესახებ რომ გაიგო, უცნაურად აღელდა, თითქოს მამა ყოფილიყოს, ქალიშვილის სასიყვარულო ურთიერთობის გაგება რომ აშინებს. სანდროს მიერ უარყოფილი თინას ქალიშვილის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდა, თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს, სანდროს რომ საკმარისად არ ყვარებოდა თეონა.

ამერიკიდან მათი ჩამოსვლის შესახებ ცოტა მოგვიანებით გაიგო, თეონას მარტოსულ ცხოვრებას რომ იგებდა, საკუთარი თავის კიდევ უფრო სცხვენოდა, თითქოს მარტო დედა კი არ მოეკლა მისთვის, არამედ დაეწყევლა კიდეც. “არავინ არა ჰყავს, მარტოა!” – იტყობინებოდა წყარო, რომელსაც მხედველობიდან გამორჩენოდა და თეონასთვის ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი არ დაეწესებინა, თორემ ირაკლი ნოზაძის არსებობას ხომ მოახსენებდა თეზოს, რომლის დავალებითაც თეონასთან თარგმანისათვის ზაალის მიერ დაქირავებული ხალხი მიდიოდა, თეონასაც არ ელეოდა სამუშაო, რაშიც საკმაოდ კარგად უხდიდნენ.

თეზოს რომ ირაკლი ნოზაძის არსებობა გაეგო, სანდრო ობოლაძის დაქირავება არაფერში დასჭირდებოდა, პირიქით, სანდროს თეონას სიახლოვეს არც კი გააკარებდა. ეგონა, როგორც თარგმანებზე მოიფიქრა, ისეთივე წარმატებული იქნებოდა ესეც. სანდროს შვილი არ ჰყავდა, ასე რომ, უმამოდ დარჩენილი ბავშვის ცოდვას თეზო არ მოიკიდებდა, მაგრამ ამ სულელმა სანდრომ ყველაფერი გააფუჭა, თუმცა, სანდრო რა შუაშია, თეზოს ბრალია ყველაფერი!

  კარგის გაკეთებასაც ჭკუა უნდაო, ერთხელ უთხრა ციხეში ერთმა მოხუცმა პატიმარმა, ამას კი თეზო ახლა მიხვდა, როცა კიდევ ერთხელ აუწეწა ცხოვრება თეონას, კიდევ ერთხელ ააფორიაქა და აატირა.”

  “მაპატიე! რომ ვარსებობ, მაპატიე!” – ჩახლეჩილი ხმით უთხრა ჯერ მწვანე ვარდების თაიგულს, მერე შავ მარმარილოზე დაკრულ თეთრ მარმარილოს პუანტებს, საფლავის ქვაზე გაკრული ხელით მიწერილ სახელს და ცაში აიხედა. მსუბუქი ნიავი კვიპაროსის წვერებს ოდნავ არხევდა, ცა საწვიმრად ემზადებოდა, წვიმის რამდენიმე წვეთიც კი დაეცა. “წავიდეთ, ზაალ!” – ზაალი თეზოსკენ მკვირცხლად შემობრუნდა.

“გაწვიმდება!” თეთრი მარმარილოს ქალის ქანდაკებამდე საცალფეხო გზით იარეს, წინ ზაალი მიდიოდა, უკან თეზო მიჰყვებოდა, მთავარ გზაზე გამოსულებმა ფეხს აუჩქარეს, ცა ნეონისფრად განათდა. ელვას ჭექა და ქუხილი მოჰყვა. წვიმამ დაუშვა.

 

 49.

 

  თეონა ჭექა-ქუხილის ხმამ გამოაფხიზლა, მიწაზე დასაღვრელად გამზადებულ ღრუბლებით დამძიმებულ ცას ახედა და სული ყელში მოაწვა, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, სკოლიდან დედის საფლავზე რომ გაიპარა. უცებ ძალიან მოუნდა დედის საფლავზე აღმოჩენილიყო, საკუთარ თავს გაპარვოდა ცოტა ხნით, კვიპაროსებისთვის შეეფარებინა თავი და ეფიქრა: “მარად გინაღვლებ, მარად ნაღვლიანო! მარად ნაღვლიანთა თანამგზავრი იყავი!” ეს თეონას კი არა, მშვენიერი კეოსელი ჭაბუკის სიტყვებია, როცა ის მარადიულ მწვანე მწუხარე კვიპაროსად იქცა. ლამაზ მეფისწულს საკუთარ სიცოცხლესთან ანგარიშწორება აპოლონმა დაუშალა, მაშინ მარადიული მწუხარება მომეციო, – სთხოვა ღმერთს, განაჩენი გამოუტანა საკუთარ თავს ნადირობისას დაშვებული უნებლიე შეცდომისათვის. ოქროს რქიანი და თვალმარგალიტით შემკული ირემი, რომელიც კვიპაროსს შემოაკვდა, მარტო მას კი არა, მთელ კუნძულს უყვარდა და ფერიები ანებივრებდნენ.

მისმა ერთმა შეცდომამ უამრავი ადამიანის მწუხარება გამოიწვია, ამის პატიება კი კვიპაროსს არ შეეძლო.”

  ეს მითი რომ პირველად წაიკითხა, ირემზე უფრო მეტად კვიპაროსი შეეცოდა, არც ფერიებზე უნაღვლია მაინცდამაინც, მერე დედის საფლავთან მდგარი ორი მწუხარე კვიპაროსი გაახსენდა და ბოლო ორი გაკვეთილიდან გაიპარა, მარტო, არავის გააგებინა, არც მარიკას. ახლაც მოუნდა სახლიდან გაპარვა, როგორც მაშინ, ისე ფეხაკრეფით მისულიყო ორ კვიპაროს შორის მორთულ დედის საფლავთან და წაეჩურჩულებინა: "მარად გინაღვლებ, მარად ნაღვლიანო! მარად ნაღვლიანთა თანამგზავრი იყავი!” 

  გარეთ თავსხმა წვიმა იყო, მანქანებმა სვლას უკლეს და ხალხი წვიმას შენობებში გაექცა, თეონას სასაფლაოზე წასვლა გამორიცხული იყო, ისევე, როგორც ეკლესიაში. “რა უნდოდა ეხლა იმ ქალს, შევეშვი ეკლესიაში!” სანთლის გამყიდველ ქალზე უკვე აღარ ბრაზობდა, უბრალოდ, სწყინდა. ალბათ, ესე აწყენინა თეონამაც კარტოფილის გამყიდველ თათრის ბიჭს, “აბა, კარტოშკა, კარტოშკააა...” ყვირილ-ყვირილით რომ დაათრევდა კარტოფილის ტომრიან ურიკას კორპუს-კორპუს.

  – სამი კილო ამიწონე!” – გადასძახა თეონამ თათრის ბიჭს და პარკი გადაუგდო. სამ კილოს ორი ლარი და ათი თეთრი უწევდა. თეონამ საფულედან ორლარიანი და ათთეთრიანი ამოიღო და კარები გააღო.

შავ თმა და წვერგაბურძგნულ ბიჭს ერთ ხელში კარტოფილიანი ცელოფანი ეჭირა, მეორეში – სასწორი,

  – ავწონოთ? – და თეონას პასუხს არ დაელოდა, ისე ჩამოკიდა პარკი სასწორის საკიდზე. “

  “რა ჭუჭყიანი ხელები აქვს!” – გულისამრევად შეეზიზღა თმადაუბანელი, წვერგაუპარსავი, ბინძურბუშლატიანი და ტალახიან (ფეხსაცმელებს ვერ დაარქმევს თეონა იმას, რაც იმ ბიჭს ფეხებზე ეცვა) ფეხებიანი ელამი თათარი, რომელსაც ეშმაკობა ეხმარა და სამი კილოს ნაცვლად 7 კილო კარტოფილი ამოეტანა გასასაღებლად.

  – ოთხი ლარი მამე, ხვაწიტ. – გაიღრიჯა ბიჭი და ჭუჭყისგან გაშავებული თითებით ცხვირი მოიწმინდა. ყველაფრით უკმაყოფილო თეონამ კარტოფილიანი პარკი ამრეზით გამოართვა და ფულის დასამატებლად სახლში შებრუნდა. კარები ჩაკეტა, “ხომ შეიძლება მისი დაყაჩაღება გადაწყვიტოს?” ორი ლარი მოძებნა და ნახევრად გაღებული კარიდან ფული გაუწოდა.

  – სესტრა, ერთი წყალი დამალევინე! – თათრის ბიჭს სწყუროდა და მაინცდამაინც თეონას ჭიქიდან უნდა დაელია წყალი.

ჯერ თითქოს დააპირა მწყურვალის დაწყრულება, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და მოკლედ მოუჭრა: “არ მოდის წყალი!” თან გაქურდვისაც შეეშინდა, “იქნებ, უნდა, რომ სახლში შემომივარდეს, თავში რაღაცა ჩამარტყას, თუნდაც, ეგ სასწორი, ან, გადასაგდები ჭიქაც რომ არა მაქვს?” – თეონამ როგორც კი მიკეტა კარები, მიხვდა, რომ საშინელი ცოდვა ჩაიდინა, კარზე მომდგარ ადამიანს წყალი არ დაალევინა! “ღმერთო, მაპატიე!” – ჩადენილი ცოდვის გამო გამოწვეული სინანულის ამგვარი განცდა ჯერ არასდროს ჰქონია, მან დანაშაული კი არ ჩაიდინა, ვინმე კი არ გაქურდა, მოკლა ან დაწყევლა, თეონამ შესცოდა – მწყურვალს წყალი არ დაალევინა. “ღმერთო, მაპატიე!” ვისაც მოუყვა, ყველამ დაამშვიდა. ზოგმა უთხრა, – არა უშავს, ღმერთი გაპატიებს, ისე, შენ რომ იცოდე, საშიშია ყველასთვის კარის გაღება, რა იცი, ვინ არისო, ვიღაცამ ისიც უთხრა, ნუ გეშინია, წონაშიც კარგად მოგატყუებდა, შენი ფულით წყალიც მოუვიდოდა და კოკა-კოლაცო, ან კიდევ, რაიმე გადასაგდები ბოთლი არ გქონდა? აგევსო წყლით და გაგეტანებინაო, – რა ვიცი, ვერ მოვიფიქრეო, – წუხდა თეონა და ღმერთს პატიებას სთხოვდა. მერე ეს ამბავი, როგორც ხდება ხოლმე, მიავიწყდა და მესანთლე ქალზე ფიქრმა გაახსენა. “მე კი სხვისი მიკვირს და იმ სხვას განვიკითხავ!”

  წვიმამ კიდევ უფრო იმატა. მანქანები ნავებს დამსგავსებოდნენ, ნიჩბის თანაბარი მოსმით რომ მიარღვევდნენ ტალახისფერ მდინარეს. “რომელი საათია?” – ფიქრებიდან გამოერკვია თეონა და საათს შეხედა, “რომ არ მოვიდეს? გარეთ ესეთი ამინდია, ოჰ, ეგეც ეხლა, სულ ფეხით უნდა მოვიდეს! კი, მაგრამ ვინ არის? რა უნდა? რა საქმე აქვს ჩემთან?..

ნელ-ნელა გავემზადები!” – ჩვეულებისამებრ საკუთარ თავს შესასრულებელი მორიგი დავალება მისცა და ფანჯარას მოსცილდა.

 

  50.

 

  თეონამ სარკესთან თმა დაივარცხნა, თვალზე შავი ფანქარი წაისვა და ამჯერად საკუთარი თავი მოეწონა კიდეც.

სახლი დალაგებული ჰქონდა, მტვრებიც – გადაწმენდილი; ჯინსის შარვლის გამოცვლაზე არც უფიქრია, ერთადერთი, ჯემპრი გაიხადა, ღია ვარდისფერი პულოვერი ჩაიცვა, რომელიც იცოდა, რომ უხდებოდა. ცოტა ხანში თეზო უნდა მოსულიყო, რომლის ნახვაც ისე ეჩქარებოდა, როგორც ბავშვიან ქალს მატარებელზე. თან სანდრო ობოლაძეზე ფიქრობდა, მართლა იდგა თუ არა მის სახლთან მანქანით, იქნებ, სულაც არ აპირებდა მოსვლას და ისე, თეონას დასაწყნარებლად თქვა, ან მერე გადაიფიქრა, ამინდი რომ გამოიცვალა, დაეზარა.

  თეონა გაბრაზდა, კიდევ რომ სანდროზე ფიქრობდა და ყველაფერ ამის მერე მისი ეზოში დგომა-არდგომა რომ ადარდებდა. თეონას საკუთარი თავის განკიცხვის გაგრძელებაში ხელი კარზე დარეკილმა ზარმა შეუშალა. “მოვიდა!”

  – ქალბატონი თეონა მინდოდა! მე თეზო ვარ! – კარებთან მდგომი მამაკაცის ჩახლეჩილი ხმის თავაზიანმა ტონმა თეონას სახლის კარი გააღებინა.

  – მობრძანდით! – თავაზიანადვე გააღო კარი თეონამ და უცნობი მამაკაცი სახლში შეიპატიჟა. 

  სტუმარმა უცხო ადამიანისთვის დამახასიათებელი მორიდებულობით გაიხადა პალტო და ჰოლში საკიდზე ჩამოკიდა, რის მერეც სასტუმრო ოთახში შევიდა და სავარძელზე დაჯდა.

თეონამ მეორე სავარძელი დაიკავა.

  თეონას ერთი სული ჰქონდა, გაეგო, ვინ იყო ეს სიმპათიური ჭაღარა კაცი, რომელსაც მარცხენა ხელის არათითზე ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი ეკეთა და მზის შავი სათვალის მოხსნასაც, ეტყობოდა, არ აპირებდა, მაგრამ საუბარი თეონას კი არა, თეზოს უნდა დაეწყო, რადგან მას ჰქონდა თეონასთან საქმე და არა, პირიქით.

  – გაგიკვირდებათ ჩემი ვიზიტი, ქალბატონო თეონა, თან სანდრო ობოლაძეც გეტყოდათ ჩემს თქვენით დაინტერესებას, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან აუცილებელ ვალდებულებას წარმოადგენდა დაახლოებითი ინფორმაცია მქონოდა თქვენზე, რადგან მე თქვენთან საქმიანი წინადადება მაქვს, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული და მე უნდა მცოდნოდა იმ ადამიანის დაახლოებითი ბიოგრაფია, რომელთანაც საქმიან პარტნიორობას ვგეგმავ. – თეზოს თავისუფლად საუბარში ხმის იოგები ხელს უშლიდა და ამიტომ იძულებული იყო, სვენებ-სვენებით ელაპარაკა. სანამ კიდევ რამეს იტყოდა, თეონამ გაკვირვება ვერ დაფარა და მოსულს დაბალი ხმით უთხრა:

  – თქვენ, მე მგონი, რაღაც შეგეშალათ, მე არანაირ ბიზნესში არ ვმონაწილეობ და ვერც ვიმონაწილევებ!

  თეონას ასეთ რეაქციას სტუმარი ელოდებოდა და მეგობრული ღიმილით განაგრძო.

  – მე საქართველოში არ ვმოღვაწეობ, ძირითადად მოსკოვში ვცხოვრობ, ხშირად მიწევს ევროპაში ჩასვლა, ძირითადად საქმიანი ვიზიტებით, ერთი სიტყვით, ძალიან დაკავებული ვარ, ჩემი საქართველოთი დაინტერესება ბოლო პერიოდში მოხდა, როცა უცხოელმა ინვესტორებმა აქ ჩამოსვლა დაიწყეს, მე ეს იდეა ადრეც მქონდა, უბრალოდ, ამის ხელშემწყობი პირობები მაშინ საქართველოში არ არსებობდა. მე სათარჯიმნო-საგამომცემლო სახლი მინდა გავაკეთო, სადაც ქალაქში ყველაზე მაგარი მთარგმნელები და გამომცემლები იმუშავებენ, მაგრამ მე ამის დრო არა მაქვს, სხვა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, მაგრამ არც ამის ხელიდან გაშვება მინდა, სწორად გამიგეთ, მე ბიზნესმენი ვარ და ჩემი ინტერესები მაქვს, ამიტომ მე თქვენ, ქალბატონო თეონა, სათარჯიმნო-საგამომცემლო ბიზნესში თანაბარ პირობებში პარტნიორობას გთავაზობთ. ფულს მე ჩავდებ, თქვენ კი აამუშავეთ და პოლნი წილი აიღეთ!”

  თეონას ეგონა, რომ ეს ყველაფერი მოესმა, წარმოიდგინა, რომ ამ თავსხმა წვიმაში მასთან მდიდარი და კეთილი ჯადოქარი მისი ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნების ასასრულებლად მოვიდა და ბავშვივით დაიბნა.

  – რა ბრძანეეთ? – მაგრამ იმის გაფიქრებამ, რომ თეზოს თავისი ხმით ყველაფერი თავიდან უნდა მოეყოლა, შეაშფოთა და სასწრაფოდ დაამატა: “თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მე ამ საქმისთვის ვარგივარ?”

  – აბსოლუტურად! – თეონას თანხმობის მოპოვებით გახარებულმა თეზომ კიდევ ერთხელ გაუღიმა მოულოდნელობით გაოგნებულ თეონას და შავი კოსტუმის ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. – შეიძლება, მოვწიო?

  – კი, რა თქმა უნდა! ყავას მოგიდუღებთ! – დაბნეული წამოდგა თეონა სავარძლიდან და გაიღიმა.

თეზომ თავი დააქნია, “სიამოვნებით”. 

  სანამ სტუმრის ვიზიტის მიზეზის გაგებით გაოგნებული თეონა ყავას ადუღებდა, თეზომ ოთახის დათვალიერება მოასწრო. ამ სახლში ერთხელ იყო ნამყოფი, ისიც 30 წლის წინ, აქ თინა ცხოვრობდა გათხოვებამდე, დედასთან ერთად. როცა თეზომ ოპერის ბაღთან ვარდისფრად აყვავებულ ხეებთან თინა დაინახა, ის უკვე გათხოვილი იყო და შვილიც ჰყავდა, მაგრამ დედობა არ ეტყობოდა, უფრო დედის კალთას შეფარებულ გოგოს ჰგავდა, სახლიდან გარეთ მარტოს რომ არ უშვებენ. თინა კი ბავშვობიდანვე დამოუკიდებელი იყო, პირველი კლასიდან სკოლაში მარტო დადიოდა და ერბოკვერცხის შეწვა და კაბის დაუთოვებაც კი იცოდა. თინას დედა გეოლოგი ჰყავდა, მამას არ იცნობდა, ის რუსეთის რომელიღაც პატარა ქალაქში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად. თინას მამა არ ახსოვდა და არც მისი სურათი ჰქონდა ნანახი, რადგან თბილისში გამომგზავრებამდე ფოტოების ალბომი იმ პატარა ქალაქში დატოვეს, სადაც, შესაძლოა, მამამისი ცხოვრობდა.

“სიჩქარეში დამრჩაო, – მერე თავს იმართლებდა შვილის წინაშე, როცა თინა წამოიზარდა და დედას სრულიად ბუნებრივი კითხვა დაუსვა: “ჩემი მამა ვინ არის?”

  მოგვიანებით თინამ აღმოაჩინა, რომ მამის შესახებ ცოდნის გამდიდრება მის ასაკობრივ ზრდასთან იყო დაკავშირებული, რაც წლები ემატებოდა თინას, თანდათან უფრო ნათელი ხდებოდა მისთვის მამის სახე, რომელსაც 29 წლის ცოლი მიუტოვებია და ცოლად 45 წლის ქალი შეურთავს, ორშვილიანი. თინას მაშინ ფეხიც არ ჰქონია ადგმული და მარტო ორი სიტყვა სცოდნია: “მამა” და “პაპა”. ქმრის ასეთი საქციელით შეურაცხყოფილ თინას დედას ტანსაცმელი ჩაულაგებია, ბავშვი ხელში აუყვანია და მატარებლის სადგურზე გაქცეულა. მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონია ამ კაცის სახის დავიწყება, ერთხელ და სამუდამოდ! ამის გაკეთება კი ძალიან ძნელი იყო, რადგან მათ ერთმანეთთან ბავშვი აკავშირებდათ, რომელიც ყოველთვის გაახსენებდა მის თავს, ამიტომაც მოღალატე ქმარს ბავშვიც ჩამოაცილა, მამის გვარი გამოუცვალა და საკუთარზე დაწერა, რითაც შვილს გამოგონილ გვარზე მამის წარმოსახვითი სახის შექმნის შესაძლებლობა მოუსპო. თინა დედას უკვე აღარ ეკითხებოდა რა გვარი იყო მამამისი, რომლის არც სახელი იცოდა, არც ასაკი, არც პროფესია.

არც ქალაქი იცოდა, რუკაზე რომ მაინც მოეძებნა და გაეფიქრა: “აი, აქ ცხოვრობს მამაჩემი!” ერთადერთი, რაც თინასთვის იყო ცნობილი, იყო ის, რომ დედამისი, მარია ალექსანდროვნა ტურძელაძე, საქართველოდან რუსეთში ემიგრირებული სომეხი დიდებულების უმცროსი თაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილა დედის მხრიდან და გათხოვებამდე მშობლებთან ერთად მოსკოვთან ახლოს, დაბა დუხოვშჩინაში ცხოვრობდა. ეს თინამ დანამდვილებით იცოდა, რადგან ამის ჩარჩოში ჩასმული ნივთმტკიცებულებები კედლებზე ეკიდა – თინას ბებიის, ანა ხოჯამინასოვისა და მისი მეუღლის, გიორგი ტურძელაძის, ფოტო, რომელიც ცხენიდან გადმოვარდნილა, ქვაზე თავი დაუკრავს და მომკვდარა, მაშინ მარია დაბადებულიც არა ყოფილა და ნერვიულობაზე დედას ნაადრევი მშობიარობა დაწყებია, მაგრამ ბავშვი გადარჩენილა და მისთვის მარიამ ღვთისმშობლის პატივსაცემად მარია დაურქმევიათ.

 თინამ ზეპირად იცოდა ყველა დეტალი მისი წინაპრების ცხოვრებიდან, მისი დიდი ბებია, ნატალია თურქესტანოვა რომ რუსეთის საიმპერატორო კარის ფრეილინა იყო და მის განსაცვიფრებელ სილამაზეზე მოსკოვსა და პეტერბურგში ლეგენდები დადიოდა, ბავშვობიდან მრავალგზის მოსმენილი ჰქონდა, უმცირესი დეტალების ჩათვლით იცოდა მათი სახლის აღწერილობა, რომელიც თვალით არ ენახა, მაგრამ დედის ნაამბობიდან დაუმახსოვრებია. ყველაფერი იცოდა, მამის გარდა, რომელიც ქუჩაში რომც ენახა, ვერ იცნობდა. ის მისთვის მხოლოდ ისეთი არსებობდა, როგორსაც დედა აწვდიდა, – დაუნახავ ღორად, რომელმაც ანგელოზივით ცოლ-შვილი მიატოვა, თავისზე უფროს ქალთან გაიქცა და სხვის შვილებს ზრდის, საკუთარი კი არ უნახავს. თინას ყოველთვის უნდოდა, დედისთვის ეკითხა, რომც მოენდომებინა მამაჩემს ჩემი ნახვა, სად მომძებნიდა, რომ არც ის გააგებინე, რომელ ქალაქში მიდიოდი საცხოვრებლად, ბილეთები აიღე და ისე გადაიხვეწე, რომ შენი იქ მოძებნა არც კი ეფიქრაო? მაგრამ ამას არასდროს ეუბნებოდა, რადგან დედის ეშინოდა, უფრო სწორად კი, დედის ცრემლების, რომლის დანახვაზე თინასაც ტირილი უნდებოდა, რადგან დედა ეცოდებოდა, წარმოიდგენდა, როგორ გამორბის ერთ ხელში ბავშვითა და მეორე ხელში ჩემოდნით ხელში მატარებლის სადგურზე, იღებს ბილეთს თბილისის მიმართულებით, სადაც არასდროს არ არის ნამყოფი და სადაც ერთადერთი ადამიანი ეგულება, მისი დედი ბებიის დეიდაშვილისშვილი ლიზა ბებუთაშვილი, რომელთანაც მუდმივი მიმოწერა ჰქონდა და მის მოსაძებნად თბილისადან გამოგზავნილი სარვამარტო მოლოცვის კონვერტზე დაწერილ მისამართზე სულ კითხვა-კითხვით მიდის. როგორ ათვალიერებს უცხო ქუჩებს, სახლებს, ადამიანებს, რომლებიც იმ ენაზე ლაპარაკობენ, რომელზეც ახალჩამოსულმა მხოლოდ ორი სიტყვა იცის: “გამარჯობა” და “გენაცვალე”.

  თინა როცა დედის ნაამბობს თეზოს უყვებოდა, ხმა ეცვლებოდა, უფრო სწორად, ხმის ინტონაცია, ამბის არანამდვილობიდან გამომდინარე, რადგან დამტკიცებით იმაზე ლაპარაკი, რაც თვალით არ ენახა, არ შეეძლო. თინას დარწმუნება აკლდა, ყველაფერში.

სიყვარულშიც ვერ დარწმუნებულიყო ბოლომდე და ამის ხმამაღლა თქმის გამო დაისაჯა კიდეც, ღია თვალებით გადავიდა მარადისობაში, რომლის არსებობისაც სჯეროდა. ამიტომ იღიმებოდა, როცა ახარხარებული ბრბოს დანახვით შეშინებულმა მსახიობმა ლოგინზე მწოლიარეს ყელზე ხელები მოხვია და წაუჭირა. 

  თეონა დედას არ ჰგავდა, არაფრით, არც ხმით, არც თმით, არც თვალებით და არც ღიმილით, აღნაგობაც სხვანაირი ჰქონდა, თინა უფრო მსუბუქი იყო და მსხვრევადი. მისი გადიდებული ფოტო პლაკატს უფრო ჰგავდა, ვიდრე მიცვალებულის სურათს. თეთრ პაჩკაში თავზე თეთრბუმბულებიანი დიადემით მომაკვდავი გედის პოზაში სცენაზე გაწოლილ ბალერინას ქვემოთ ბავშვური ხელით ეწერა “დედა”.

  თეონამ ფრთხილი მოძრაობით პოდნოსზე დადებული ფინჯანი ყავა შემოიტანა და სტუმარს მიართვა. “ეს დედაჩემია, ბალერინა იყო და ადრე გარდაიცვალა.” – თეონამ თავი ვალდებულად ჩათვალა დედის სურათისკენ სახემიტრიალებული სტუმრის ცნობისმოყვარეობისთვის ეპასუხა, რადგან თეზო გაუნძრევლად იჯდა და ოთახის მარცხენა კედელზე ჩამოკიდებულ სურათს თვალს არ აშორებდა.

– ხო! – თეონას შემოსვლა თეზომ ვერც კი გაიგო, ცოტა დაიბნა კიდეც.

  – გარეთ ისევ წვიმს! – უხერხული სიჩუმის არგასაჩენად თქვა თეონამ და მის წინ მჯდომ მამაკაცს შეხედა, რომელსაც, როგორც თეონას მოეჩვენა, სახეზე ფერი დაჰკარგვოდა. “ხომ არ გადაიფიქრა?’ – შიშით გაიფიქრა თეონამ, მაგრამ ეჭვი თეზოს ნათქვამმა გაუქრო:

  – მე დღეს უნდა გავფრინდე, თქვენთან ჩემი წარმომადგენელი იმუშავებს, კონტრაქტსაც ის მოაწერს ხელს ჩემს ნაცვლად, მასთან მუშაობაში არანაირი პრობლემა არ გექნებათ. მემგონი, კარგი საქმეა, უარი არ უნდა თქვათ! თქვენგან მხოლოდ თქვენი ნიჭისა და პროფესიონალიზმის გამოვლენაა საჭირო, მე ფინანსებით შემოვალ, მოვილაპარაკეთ? – ამ ადამიანის სიტყვებში ეჭვის შეპარვა ყველაზე ურწმუნო ადამიანსაც კი გაუძნელდებოდა, თეონას მოსაფიქრებელი დრო არ სჭირდებოდა, ის თანახმა იყო, მზად იყო ასრულებული ოცნების მისაღებად, რომლის საფასურადაც გუშინდელი განვლილი დღე გაეღო – აწმყოს შეცვლისას წარსულთან დაბრუნების ტკივილს დღევანდელი დღის სიხარული რომ მიეცა. ამას ფიქრობდა თეონა, კარზე რომ დარეკეს, თეონამ მოიბოდიშა, კარისკენ წავიდა, კარი გააღო და თამრიკო ჩუბინიშვილი დაინახა, დედამისის ბავშვობის მეგობარი.

  ყველაფერი უცებ და ძალიან მალე მოხდა – თამრიკო შემოვიდა, თეზოს შეხედა, ჯერ გაფითრდა, მერე იყვირა, მერე ხმა ჩაუწყდა, მერე ხმა დაუბრუნდა და როცა თეონას გაოცებულ თვალებს გადააწყდა, შეძლებისდაგვარად, წყნარად, მაგრამ ძალიან მკაფიოდ იკითხა:

  – თეონა, ეს თენგიზ ჯაშია, დედაშენის მკვლელი და შეგიძლია, ამიხსნა, რა უნდა მას აქ?

  თეონამ ჯერ თამრიკოს შეხედა, მერე – თენგიზს, მერე ისევ თამრიკოს, მერე ისევ თენგიზს, მერე ისევ თამრიკოს და უცებ ტანსაცმლის კარადის ერთ-ერთ უჯრაში საგულდაგულოდ შენახული ლაშა ანდრონიკაშვილის “მაკაროვის” ტიპის იარაღი გაახსენდა. თეონას არ შეეძლო აეხსნა, რა უნდოდა ამ კაცს აქ, მაგრამ სულ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, ხელის სულ რამდენიმე მოძრაობა, ერთი დამიზნება, თვალების დახუჭვა და ჩახმახის გამოკვრა კი ნამდვილად შეეძლო. ყველაფერი წამებში მოხდა.

თეონას სროლის ხმა მოესმა და დაინახა ბალერინა, რომელიც ერთდროულად დედამისსაც ჰგავდა და თავის შვილსაც, რაღაცით თავის ბავშვობასაც ახსენებდა, თითქოს სამივე იყო და არც იყო, რა იყო, ამის გარკვევაში ხელი კიდევ ერთმა გასროლამ შეუშალა.

თამრიკოს ყვირილი თეონას აღარ გაუგონია.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ყურაშვილი თამარ / ხვალ ხუთშაბათია