მორჩილაძე აკა 

შენი თავგადასავალი

 

სიზმრის ახსნა

მეტისმეტად ერთგული

 

 

მკითხველისათვის

რატომ დავწერე ეს წიგნაკი

 

ეგებ ამ წიგნაკის გამოქვეყნება აუცილებელი სულაც არ იყოს, მაგრამ იგი მეოთხე წელიწადია არსებობს ჩემს გონებაში და თუ მოეხმარება, თორემ ხელს არაფრით შეუშლის “შენი თავგადასავლის” მკითხველს. Uუამისოდაც მოგეხსენებათ, რომ ყოველ წიგნს თავისი შიგნითა ამბავი აქვს, რომელიც წამკითხველისთვის უცნობი რჩება, დამწერისთვის კი ეგებ მეტად ძვირფასიც იყოს, ვიდრე თავად წიგნი. ისეც მოხდება ხოლმე, რომ წიგნი მაინცდამაინც კარგი ვერ გამოვა, მაგრამ მის დამწერს მაინც ეძვირფასება, რადგან პატიოსანი შრომა ჩაუდევს იქა და ის ფიქრები და ამბები, აქ რომ გადმოუცია, ღირსეული ჰგონებია.

ეს რომ საერთოდ არ იყოს და კაცი საკუთარი ნაწერით კმაყოფილი ჩანდეს, თავისი წიგნი მან ყველა მკითხველზე უკეთ იცის და შეუძლია, წიგნიც ყველაზე უკეთ დაწეროს თავისი წიგნის შესახებ, თუ რა თქმა უნდა, არა ჰგონია, რომ შედევრების ავტორია. წიგნის დამთავრების შემდეგ ყველაზე კარგი განცდა ის არის, რომ იგი ნამდვილი ცხოვრებასავით გაიარე და როგორც ცხოვრებაში არის ამბები, რომლებსაც ვერ მოერიე, ისე ამ შენს ნაწერშიც. მაგრამ ამას დიდით ვერაფრით მივაბამთ წიგნის დამთავრების შემდეგ წამოჭრილ მეორე ამბავს, ანუ წიგნს მორჩენილ ნაკუწებს, რომლებიც ძნელად ეთმობა მის დამწერს.

არ ეთმობა და რას იზამ? უნდა დათმოს. მაგრამ ამ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ “შენი თავგადასავალი” მეტად დატვირთული გამოდგა ათასგვარი გახსენებებით, ალუზიებითა და ტყუილით, თუ ნამდვილი სიმბოლოებით, რომლებიც ძალაუნებურად იბადებოდნენ და რომელთა შეკავებაც ვერაფრით მოვახერხე და რაც უფრო მეტს ვწერდი, მით მეტად მეხლართებოდა ეს ამბები.

წიგნი გამოვიდა თუ არა, ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა, ეს რა დაგიწერია, რატომ დაწერე ეგეთი წიგნიო. მე ვერაფერი ვუპასუხე, რა ვიცი-მეთქი. სხვებიც მეტად აკრიტიკებდნენ ამ წიგნს, თუმცა საქებარი სიტყვებიც იყო. შენო, სულ უნდა განვითარდეო, მითხრა ამ მეგობარმა, ამ დროს კიდევ, ადგილს ტკეპნიო. ჯანდაბას, ეგ წიგნი სამი წლის წინათ დაგიწერია და ახალი რაც დაწერე, უკეთესია, ოღონდ განგებ გაგიფუჭებია ბოლოში, უფრო ბუნებრივად შეგეძლო დამთავრებაო. მოკლედ, ჩემი მეგობარი ლიტერატურის დიდი ტრფიალი გახლავს, მე კიდევ, ამ წიგნის ისტორია მისთვის არ მიამბნია და ისიც არ ჩაძიებია, რადგან “შენს თავგადასავალში” ბევრი დამაბნეველი ადგილია და საგანგებო ბუნდოვანებით მოთხრობილიც.

დიდი ჭკუის და ნაკითხობის მოქალაქე მე არ გახლავართ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ რაც კი რამ ალუზია გამჩენია ცხოვრებაში, ყველა ამ წიგნში ჩაეტია და მგონია, რომ რისი მოთხრობაც მინდოდა და როგორც მინდოდა, ისე გამოვიდა.

ხოლო თუ რატომ დავწერე ეს წიგნი, დიდი ფიცი და განმარტება არ უნდა. არის ერთი ალბუკერკელი მოკრივე, გიჟმაჟი ჯონი ტაპია. ამ ჯონის ქამარზე აწერია სამი სიტყვა: “ჩემი ჩამწვარი ცხოვრება” ჰოდა, ეს წიგნიც ამაზეა.

თავიდან “შენს თავგადასავალს” “გენერალი როდიონოვი და პორტობელოელი შავი სემი ერქვა,” მაგრამ, როგორც ამიხსნეს, ამხელა სათაური ყდაზე არ დაეტეოდა და მეც შევცვალე, რაც გამომცემელსაც მოეწონა.

1999

 

იყო ალბათ თებერვალი ან მარტი და მე მივბოდიალდი ახლადგამოსული გაზეთის, “ქომაგის” რედაქციაში. იქ დამიხვდნენ ნინო ქაჯაია, ზალიკო სამადაშვილი და დათო მაღრაძე _ იმ დროს “ქომაგის” გამომცემელი და რედაქტორი. ხანმოკლე ამხანაგურ საუბარში გამოირკვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ მოთხრობას დავწერდი “ქომაგისთვის”.

იმ დროს ერთი მოთხრობა მქონდა მოფიქრებული, ოღონდ იმასაც ვხვდებოდი, რომ მთლად მოთხრობაც არ იქნებოდა. ჰოდა, ამათაც მოკლედ ვუამბე, რაზე იქნებოდა მოთხრობა, რომელიც ალბათ გაზეთის ორ-სამ ნომერში გაგრძელდებოდა. ზალიკო პროზას განაგებდა იმ გაზეთში და მოთხრობა მისთვის უნდა მიმეტანა.

იმ კვირიდან დავიწყებ-მეთქი, მოვახსენე და წამოვედი ჩვენსა, “სარბიელის” რედაქციაში, სადაც მაშინ რემონტი იყო და ყველანი ვისხედით ერთ დიდ ოთახში. მოთხრობის წერა იქვე დავიწყე და თან იმ დღესვე. საკვირველი არაფერი იყო, რადგან დასაწყისი მოფიქრებული მქონდა და თქვენ წარმოიდგინეთ დაწერილიც, ოღონდ სულ სხვა საგაზეთო რომანში, რომელიც არ დამიმთავრებია და სანახევროდ დაწერილი დამეკარგა კიდეც. იმ რომანს “ცხინვალა ანუ გიჟები და ვირიშვილები” ერქვა. “საქართველოს გაზეთი” სწორედ მაშინ დაიხურა, როცა მისი ბეჭდვა დაიწყო. ამ “ცხინვალაში” იყო ერთი პერსონაჟი, პეტრე (პეტ) ჯაფარიძე, რომელიც ბოლოს ლონდონში უნდა გაფრენილიყო. აქ ჟურნალისტად მსახურობდა და სამოქალაქო ომის შემდეგ სამუდამოდ გარბოდა ინგლისში.

ამიტომ, მისი ამბები სულ იოლად გავიხსენე, რადგან ხეირიანად დავიწყებულიც არ მქონდა და დავწერე “თერთმეტი პატარა ამბავი,” რაც, როგორც დავატყვე, რომანის პირველი თავი უნდა ყოფილიყო და ამ საქმიდან მოთხრობა, თუ “პოვესტი” აღარაფრით გამოვიდოდა. ეს მეტად მეუხერხულა, რადგან ვიფიქრე “ქომაგს” ეგებ სულაც არ უფიქრია, რომ თავის გვერდებზე კარგა სქელი რომანი დაბეჭდოს-მეთქი, რადგან ნაწარმოების სიგრძე ჰონორარის სიგრძესაც გულისხმობს, მაგრამ ზალიკოს ხომ ვერ დააცდენინებდი, რომ გაუთავებელი ამბის ბეჭდვას არ აპირებდნენ. ამ წიგნს მაინც დავწერდი, მაგრამ დაბეჭდვა კი უკვე მერიდებოდა, რადგან სხვანაირი მოცულობისას შევპირდი და სხვანაირისა კი გამოდიოდა.

ასე იყო თუ ისე, განვაგრძე წერა. თანაც, იმგვარი ტემპით, რომ ორ კვირაში ერთხელ გამომავალი “ქომაგის” ყოველი ნომრისთვის ცხრა ხელნაწერი გვერდი დროულად მიმეწოდებინა ხოლმე.

 მთელი წიგნი უკვე წინდაწინვე ვიცოდი ზეპირად.

 და აი, რატომ:

 

ამბავი

 

მოსაფიქრებელი აქ ბევრი არაფერი იყო. მთელი ეს ისტორია ჩემს მეგობარს გადახდა თავს.

ლონდონში ვიღაცამ ელესდეს აბი უწყალობა და ამან კიდევ, ყლაპ, და გადაუშვა გულ-მუცელში, მერე კი “ბურგერკინგის” რესტორანში შევიდა, რათა ესადილა. იქ მყოფი ორი ფოსტალიონი საბჭოთა ოფიცრებად მოეჩვენა და წარმოიდგინა, რომ თბილისშია და არა ლონდონში და წარმოიდგინა, რომ ცხრა აპრილია და ახლა ეს რუსი ოფიცრები ხალხის ხოცვას დაიწყებენ. ის თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა “ბურგერკინგიდან” და მთელ დღეს უსუსურად ცდილობდა მეგობრების გაფრთხილებას და რუსთა კლანჭებიდან თბილისის (ლონდონის) გამოხსნას.

ამ ვითომდა თავშესაქცევმა, ისე კი ჩვენი სამარადჟამოდ გაუბედურებული გონების ამბავმა მეტად დამაფიქრა და სულ თავში მქონდა. დავისვამდი ამ ჩემს მეგობარს და ვაყოლებდი და ვაყოლებდი. მოთხრობად მეტად ჩვეულებრივი რამ გამოდიოდა, ჩაიწერე და მორჩა, ამიტომ, ვიფიქრე, რომ ამ საქმეს ცუღლუტური რომანის ფორმა უფრო მოუხდებოდა. იქ თავგადასავალი თავგადასავალს ებმის და სულაც არ არის აუცილებელი, ეს თავგადასავლები ერთმანეთისგან გამომდინარეობდეს. იმ ზამთარს “ჟილ ბლასს” ვკითხულობდი და ეგებ ამანაც მიბიძგა.

მეგობარს წინდაწინვე დავეკითხე, ეს ამბავი რომ აღვწერო, ხომ არ შეწუხდები-მეთქი. არ მახსენო და თავში ქვაც გიხლიაო. ჰოდა, მეც ასე მოვიფიქრე, რომ მთავარ გმირად პეტრე ჯაფარიძე ყოფილიყო, რომელსაც ინგლისურად პიტერ ჯეფერსი ერქმეოდა, ზედმეტ სახელად კი ჯორჯია, ან ჯორჯ ჯეფერსი.

ჯორჯიას კომპანიონი სჭირდებოდა და რახან საქმე ნარკოტიკს შეეხებოდა, ერთი კოლორიტული ლონდონელი ზანგიც გამახსენდა, ხნიერი კაცი, რომელიც სულ რბოლებზე დებდა ფულს და თეთრი შლაპა ეხურა ხოლმე. ამ კაცს სემი ერქვა და ჩემი მეგობრები მითვლიან, რომ იმ უბნიდან, სადაც იდგა ხოლმე, გადაკარგულა. დიდი მლოცველი კაცი იყო ეს სემი, კვირაობით ეკლესიაში დაიარებოდა და საერთოდაც, ვიფიქრე, რომ ჯორჯიას კარგ მეგობრობას გაუწევდა. ცუღლუტური რომანი ფათერაკების გრძელ წყებას ნიშნავს და მე ვიფიქრე, რომ ეს ფათერაკები ნარკოტიკებით გაბანგული კაცის ტვინში უნდა მომხდარიყო და არა ნამდვილ ქვეყანაში. ასე უფრო საინტერესო ჩანდა.

რაც სხვათა გავლენასა და მოხმარებაზე უნდა ითქვას, იმასაც მოგახსენებთ. ნაირგვარი ცუღლუტური რომანები ერთი ამბავია, მაგრამ “შენი თავგადასავლის” ერთ-ერთ წინაპირობად უნდა იყოს ჩესტერტონის “მფრინავი დუქანი”, უფრო მკრთალად კი ბულგაკოვის “ოსტატის და მარგარიტას” ერთგვარი ნიავი.

 

ბოლო

 

სიმართლე რომ ვთქვა, სულ ერთი იყო, წაიკითხავდა ვინმე ამ წიგნს თუ არა, იმიტომ რომ, ჩემთვის მის დამთავრებას მოყოლილი მძიმე განცდები ყოველთვის უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე თავად “შენი თავგადასავალი.”

წიგნის არც ერთი სტრიქონი არ დამიწერია შინ, სიჩუმეში და საწერ მაგიდასთან, რომელიც, სხვათა შორის, არცა მაქვს და არც მჭირდება, რადგან თუ ხელით ვწერ, მუხლზე დადებულ დაფაზე წერა მირჩევნია.

მთავარი ადგილი, როგორც უმრავლეს შემთხვევაში, “სარბიელის” რედაქცია იყო, სადაც მოცლილობის დროს ვაგრძელებდი ამ ამბავს. ერთი თავი, სადაც ჰაიგეტელი აჩრდილი გამოჩნდება, ჩაქვში დავწერე, სადაც კარგი სასტუმროს ნომერი გვერგო მე და რატი ამაღლობელს და სადაც აივნიდან ბუნდოვნად ჩანდა ოსმალოს საქართველო.

უკვე ზაფხული იყო და წიგნის მეორე ნახევარს უფრო ონკოლოგიური საავადმყოფოს პალატაში ვწერდი ხოლმე, ლისის ტბის ახლოს. იქ მამაჩემი იწვა უკურნებელი დიაგნოზით და რახან უხერხულობის მიუხედავად მაინც ვაგრძელებდი “ქომაგისთვის” ხელნაწერების გადაცემას, გაჩერება აღარ შეიძლებოდა, დროის გამონახვა კი ჭირდა. იმ პალატის ყოველი ნივთი მახსოვს და ისიც ვიცოდი, რომ თუ გავჩერდებოდი, ამ წიგნს აღარასდროს გავაგრძელებდი. თანაც, მისი დამთავრება კი არ იყო ჩემთვის ძალის მომცემი, არამედ ის, რომ ამ ვითარებაში მაინც ვახერხებდი წერას. როცა ხასიათზე იყო, საბრალო მამაჩემი ხუმრობდა, ვითომ მე მივლის, ისე კი, კროსვორდებს ავსებსო, ხელნაწერი რაღაც კროსვორდებიან გაზეთში მქონდა გამოხვეული და ასე დავატარებდი წინ და უკან.

აგვისტოს დასაწყისში მამაჩემი გარდაიცვალა.

მე მახსოვდა, რომ მომავალ კვირაში გაზეთის მორიგი ნომერი გამოდიოდა, მაგრამ ამაზე არც კი დავფიქრებულვარ და მგონი, ხელნაწერიც სადღაც მივკარგე წინა დღეებში. ერთ-ერთი პანაშვიდის შემდეგ დათო მოვიდა და მითხრა, ეხლა მაგის დრო არ არის და მაგაზეც აღარ იდარდო, ბეჭდვას შევწყვეტთ და რამეს მოვიფიქრებთ, დავაწერთ, საგაზეთო ვარიანტი იყოო, ან რამე ასეთსო. მე სრულიად უაზროდ ვუპასუხე რაღაც, მგონი, ზალიკოს დავურეკავ-მეთქი.

წიგნის გაგრძელება როდის და რატომ გადავწყვიტე ზუსტად არ მახსოვს, ეს კი ვიცი, რომ დაკრძალვის მეორე დღეს დილიდან საღამომდე ვწერდი და საღამოს არ მახსოვდა რაც დავწერე. ეს ის თავი იყო, გადარეული ქალაქის ამბავს და მის დანგრევას რომ აღწერს. ეგრე გულახდილად და გაალმასებით არც არასდროს დამიწერია რამე, თუ არ ჩავთვლით ძველ და დღეს დავიწყებულ წიგნს _ “მოგზაურობა ყარაბაღში.”

ჰოდა, ისე დამემართა, როგორც მას შემდეგ, რაც “მოგზაურობა ყარაბაღში” დავამთავრე. საერთოდ არ მაინტერესებს გამოვა თუ არა ეს წიგნი და წაიკითხავს თუ არა ვინმე. ეტყობა, ეგრე ხდება ხოლმე, როცა წიგნის წერისას აღძრულ განცდებს და გამოგონილ ამბებს ცხოვრებაში მომხდარი ამბები დაამარცხებს ხოლმე და შენთვის მთავარი ის კი არ იქნება, რომ წიგნს წერდი, არამედ ის, როგორ და როდის წერდი.

“შენი თავგადასავლის” ბეჭდვა “ქომაგში” სექტემბერში დამთავრდა და მისი წიგნად შეკვრა არც მიფიქრია. ხელნაწერებიც მეტად ცოტა მქონდა და გაზეთებსაც, სადაც ეს ამბავი იბეჭდებოდა დაწყობილად ვერ ვინახავდი. “ქომაგის” მთელ კომპლექტს რედაქციაშივე მომცემდნენ, მაგრამ მართლა არ მიფიქრია წიგნად შეკვრა. ეს კი მახსოვდა, რომ გაზეთში უზუსტობა შემემთხვა და ერთი ადგილი გამორჩენილი იყო, თუმცა, ბედად, ხელნაწერის სწორედ ის ნაგლეჯი პალტოების საკიდის თავზე ვიპოვნე. თუმცა, ეს ყველაფერი მომდევნო გაზაფხულზე დავკარგე: ერთ ჩემ მეგობარს მივუტანე თვალის გადასავლებად, რადგან თვითონვე მითხრა, მომიტანეო. უცნაურია, მაგრამ ვიცოდი, რომ დავკარგავდი. ერთადერთი ნომერიღა გადამირჩა, რომელიც მასთან ვიპოვე სახლში.

მერე ბაკურ სულაკაურს ვუთხარი, წიგნი მაქვს-მეთქი და მოიტანეო. ვერ მივიტანდი, იმიტომ, რომ არ მქონდა და ისევ ზალიკოს მივადექი, თუმცა, ამასობაში ინგლისში წავედი და წიგნი აღარც გამხსენებია. როგორც მოგახსენეთ, მის გამოცემაზე დიდად არ ვზრუნავდი.

 

 

პეტრე ჯაფარიძე

 

პეტრე ჯაფარიძე არ არის თანამედროვე ქართული გვარ-სახელი. აშკარაა, რომ პეტს ბაბუის სახელი ჰქვია, რადგან ასეთი შეთანხმება, “პეტრე ჯაფარიძე” 30-იანი წლების დასაწყისში დაოჯახებული ეკონომისტის გვარი უნდა იყოს. ეს გვარი და სახელი ერთგვარად გულისხმობს ლიბერალურ საბჭოთა ოჯახში გაზრდილობას, ანუ იქ, სადაც პარტიის წევრები არ იყვნენ. ანუ, ბაბუა იყო წყნარი ეკონომისტი, რომლის ბავშვობამაც ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჩაიარა, მამა 50-იანი წლების თბილისელი ახალგაზრდა კაცი, არქიტექტორი, თუ რაღაც ამგვარი, შვილი კი პერესტროიკის დროის სტუდენტი, მერე რაღაც გაზეთს მიკედლებული ჟურნალისტად.

როგორც მოგახსენეთ, პეტრე (პეტ) ჯაფარიძე პირველად გამოჩნდა ახლა უკვე დაკარგულ, თავის დროზე კი გაზეთ “საქართველოს გაზეთის” დახურვის გამო შეწყვეტილ საგაზეთო რომანში “გიჟები და ვირიშვილები”.

იქ მოქმედება ვითარდებოდა 1991 წლის სექტემბერში, თბილისში, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, როცა მთავრობასა და ოპოზიციას ქალაქი ორად გაეყოთ და პირველის შტაბი იყო მთავრობის სასახლე, მეორისა კიდევ სახელმწიფო ტელევიზიის შენობა. იმ წიგნში პეტრეს და მის მეგობრებს ერთი ამბავი უნდა გადახდენოდათ თავს, ბოლოში კი გრძელი სია იქნებოდა, თუ ამ წიგნის რომელ გმირს როგორი ცხოვრება აქვს ახლა. ამ წიგნს 1997 წელს ვწერდი და პეტრეზე ასეთი წინადადება უნდა ჩამეწერა: “პეტრე ჯაფარიძე – ამჟამად ცხოვრობს ლონდონში.”

ჰოდა, პეტრეც აქედან წამოვიღე. არ ვიცი იმიტომ, რომ ერთი რვა დღით ლონდონში ვიყავი ჩვენი ნაკრების და ინგლისელების თამაშზე, არ ვიცი რაღაც სხვა მიზეზით, ლონდონი ამოვურჩიე. ლონდონში სულ რვა დღე ვიყავი და ყველაზე კარგად ის უბანი შევისწავლე, სადაც ვცხოვრობდი. ამიტომ, პეტრეც იქ დავასახლე.

მაგრამ “შენი თავგადასავლის” გამოცემა მაინც დიდად არ მომსურვებია, რომ არა კვლავ ლონდონში მოხვედრა, სადაც 2001 წლის შემოდგომაზე ამოვყავი თავი. იქ ჩემიანებთან ვცხოვრობდი და ადრიდანვე მოფიქრებულ წიგნს ვწერდი, რომელსაც მერე “ძირს სიმინდის რესპუბლიკა!” დავარქვი. ისე გამოვიდა, რომ ეს წიგნი ხუთი რომანის ნაწყვეტებისგან შედგება, რომლებიც პიტერ ჯეფერსს ინგლისურად დაუწერია. “შენს თავგადასავალში” პეტრე ჯაფარიძე მოთხრობას წერს ინგლისურად, სამი-ოთხი წლის თავზე კი მთელი რომანები დაუხვავებია. პეტრე “ძირს სიმინდის რესპუბლიკის” ბოლო გვერდებზე ჩანს და მერე ისევ უჩინარდება. ისევე, როგორც შენს თავგადასავალში, ის აქაც ამბობს, რომ რამდენჯერმე სცადა მწერლად გახდომა და კიდევ ერთხელ დააპირებს.

სად არის ახლა და რას საქმიანობს, ძნელი სათქმელია, მაგრამ კვლავაც ბრიტანეთში რომაა, ნამდვილია.

რახან პეტ ჯაფარიძე ვერ გავიმეტე და მეორე წიგნი მთლად მას დავაწერინე, ვიფიქრე, მოდი, რაც იყოს, იყოს, ის გრძელსათაურიანი რომანი გამოვცეთ, ერთი წლის თავზე კი, ეს მეორე რომანი-მეთქი. ამასობაში კიდევ, მისი კიდევ ერთი ამბავი მოვიფიქრე, რომელსაც ჯერჯერობით “პიტერ ჯეფერსის უკანასკნელი თავგადასავალი” დავარქვი.

ანუ პეტრე ჯაფარიძის ცხოვრების აღწერილობამ შეადგინა ოთხი წიგნი: პირველი სანახევროდ დაწერილი და დაკარგული, მეორე გაზეთ “ქომაგში” გამოქვეყნებული, მესამე თითქოს მის მიერვე დაწერილი “ძირს სიმინდის რესპუბლიკა!” და მეოთხე, ამ დროისთვის სანახევროდ დაწერილი.

უნდა მოგახსენოთ, რომ პეტრე ჯაფარიძეს პროტოტიპი არ ჰყავს, დიდად ჩამოქნილი ტიპიც არ ბრძანდება. მის გონებაში კიდევ საშინელ ნახატებად არის დალექილი განვლილი საბჭოთა ცხოვრება და ჰგონია, რომ თუ სხვა კაცად არ გადაიქცა, არაფერი ეშველება.

 

 

სიზმრის ასახსნელი რვეული

 

წიგნის ბოლოში კომენტარების დართვა ძველი და გამოცდილი ხერხია. კომენტარების ცალკე წიგნაკად გამოცემაც ასევეა. ასეთი რამ ერთხელ მეც გამიკეთებია. “გადაფრენა მადათოვზე და უკან” რომ დავწერე დეტექტივის პირველი კონკურსისთვის, რომელიც “დიოგენემ” მოაწყო, ასონიშანთა ოდენობა დათქმულზე ნაკლები იყო და ამგვარი კომენტარებით ტექსტი გავზარდე. როგორც მერე გაირკვა, ეს მეტად წაადგა წიგნს.

“შენი თავგადასავლის” გამოცემის წინ ასეთი რამ გულშიაც არ გამივლია, მაგრამ თითქმის წელიწადი გავიდა მისი გამოცემის შემდეგ და ბევრისთვის ეს წიგნი მიუღებელი და უვარგისი შეიქნა. მგონია, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი მასში ჩახვეული ბუნდოვანი და ცხრაკლიტული ასოციაციები, გახსენებები და ალუზიებია. ტვინის საჭყლეტიაო, ასეც მითხრეს და საერთოდაც სუსტი წიგნიაო. ეს ადრევე ვიცოდი, ვინაიდან, “შენი თავგადასავალი” იმგვარი რამეებითაა გამოვსებული, რომ ავტორზე ათი წლით უმცროსმა, თუნდაც მეტად ნასწავლმა კაცმა ისინი აღარ იცის, რადგან საბჭოთა კავშირში არ გაზრდილა. ათი წლით უფროსმა კი იმიტომ აღარ იცის, რომ ამ წიგნის ეშმაკობები და გახსენებები მისი თაობისთვის სრულიად უცხოა, უმცროსების ამბავია. აქ თანატოლისთვისაც ამოუცნობი იქნება ბევრი რამე, თუ იმ თანატოლს სულ სხვა ადგილას და სხვანაირ გარემოში უცხოვრია. ამიტომ რაღა გამოვიდა? წიგნი საკითხავად არავისი ყოფილა. თანაც, ისიც უნდა დაემთხვეს, რომ ათასი რამ ისედაც უნდა გახსოვდეს, საბჭოთა დროის მცირეტირაჟიანი წიგნებიდან თუ ფილმებიდან.

ასე რომ, სიზმარს ახსნა დასჭირდა და მომიწია ამ საკმაოდ სახალისო საქმის კეთება.

 ახსნა თავების მიხედვით და გვერდების დამოწმებით გაჰყვება წიგნს და გვარიანად წვრილიც იქნება, თუმცა, სიზუსტესა და მეცნიერულობაზე თავს ვერ დავდებ.

 

 

 

 

 

 

 

 

შენი თავგადასავალი

სიზმრის ახსნა

 

თერთმეტი პატარა ამბავი

 

გვ. 7. სულელი არ ვიყავი, თბილისში მწერლობა რომ გადავწყვიტე? – მგონი ამ გამონათქვამს ბევრი დაეთანხმება. თუ რა თქმა უნდა, არ ფიქრობს, რომ შედევრებს ქმნის. ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი _ სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. საქმე ისეა, რომ თუ აღიარებ, მწერალი ვარო, ისეთი რაღაცეების დაჯერებას დაიწყებ და იმგვარი მიხრა-მოხრით დაეჩვევი სიარულს, მთელი ცხოვრება რომ დასცინოდი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვსთქო. მწერლად ყოფნა კი ნამდვილად არ მინდა, რადგან ეს წერაში შემიშლის ხელს.

გვ. 7. პირველად ოცდაერთი წლის ვიყავი და გადავწყვიტე, ოთხი მცირე მოთხრობა გამომემზეურებინა. – პეტრე ჯაფარიძეს დათვლილი აქვს, რამდენჯერ დააპირა მწერლად გახდომა. “შენი თავგადასავლის” ამ პირველ თავში ის ამბობს, რომ სამჯერ უცდია მწერლობა. აქედან უკანასკნელად ინგლისურად დაუპირებია მოთხრობის დაწერა და ამაში ოქსფორდის განმარტებით ლექსიკონს იხმარდა. “ძირს სიმინდის რესპუბლიკაში” ის ერთ ლიტერატორს ეუბნება, ოცდაჩვიდმეტი წლისა ვარ და უკვე მეოთხედ დავაპირე მწერლად გახდომაო.

გვ. 8. ძველმოდური ფსევდონიმი მოვიგონე – ეს ფსევდონიმი იყო ნ.ტ. მარველი, თუმცა, მისი ავტორობით ვერაფერი დამიბეჭდავს. ეს „ნ” მგონი ნიკოლოზს ნიშნავდა. ტ. მარველი კი ნიშნავს ტომას მარველს. ტომას მარველი არის ერთი უბირი და ღატაკი ვინმე, ჰერბერტ უელსის „უჩინარი კაციდან,” რომელსაც უჩინარივე კაცი, გრიფინი დაიმონებს. გრიფინის სიკვდილის შემდეგ მარველს რჩება მთელი მისი ხელნაწერები და გამოკვლევები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა გაუჩინარდეს კაცი, ოღონდ მათი წაკითხვა და ამოცნობა გაუნათლებლობის გამო არ ძალუძს. ამ ფსევდონიმით მინდოდა მეთქვა, რომ ბევრი არაფერი გამეგება. ანუ რაც გამეგება, მხოლოდ ის გამეგება. გვარი “მარველი” ეგრეც ვერ დავივიწყე და ათი წლის წინათ რომ ერთსვეტიან მოთხრობებს ვწერდი გაზეთ „რეზონანსში,” იქ გამოვიყვანე მთავარ გმირად. ოღონდ ის ქართველი თავადი იყო, ტანმოკლე და ნერვიული.

გვ. 9. ნამდვილი რეგი გოგოა – ინგლისში ბევრი ვესტ ინდოელი ცხოვრობს. რეგის ამბავს კი ბობ მარლიმდე მივყავართ. რაც ახლა ძალიან გრძელი სალაპარაკო იქნება.

გვ. 9. ჰამერსმიტის გადასაჯდომ სადგურზე – ცხოვრებაში პირველად რომ ვიყავი ლონდონში და ჰითროუს აეროპორტიდან ცენტრალური ხაზის მეტროს გამოვყევი, სწორედ ჰამერსმიტის სადგურზე უნდა გადავმჯდარიყავი სხვა ხაზზე, იქ კი მიწისქვეშეთიდან უნდა ამოხვიდე, ქუჩა გადაიარო და ისე ჩახვიდე მეორე მატარებელში. ეს უეცარი ამოსვლა მეტად ეფექტურია იმიტომ, რომ გადასასვლელზე ათასობით კაცი დგას ორივე მხრიდან და მწვანე შუქის ანთებას ელოდება, რის შემდეგაც ერთდროულად დაიძრებიან და მორევში ხვდები, განსაკუთრებით, თბილისურ ტემპს და გადასასვლელებს გაჩვეული კაცი.

გვ. 10. “დვაცატი ვეკ” არ გიმზერიათ? – აქ ლაპარაკია ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმზე, სადაც რობერტ დე ნიროსა და ჟერარ დეპარდიეს გმირები ერთ ქალთან ერთობლივ სექსს წამოიწყებენ, ოღონდ ქალს ეპილეპსიური გულყრა მოუვა.

გვ. 11. სხვა საქმეა, რომ პუსწ პადრუგუ…... – „პუსწ პადრუგუ ვაზმიოტ” არის ფრაზა ფილმიდან „მიმინო”, სადაც პერსონაჟი ხაჩიკიანი შესთხოვს პერსონაჟ მიზანდარს, შენმა ნაშამ თან მეგობარი წამოიყვანოს, რათა მე არ მოვიწყინოო.

გვ. 11. ტომას კარლაილის “საფრანგეთის რევოლუცია” – დიდებული წიგნი გახლავთ, მგონი საუკეთესოც ხსენებულ დროებაზე. თავად კარლაილი, დიადი მოღვაწე და უჭკვიანესი კაცი, ლონდონში ცხოვრობდა და ძეგლიც უდგას იქ.

გვ. 12. “გედაგო ტოტალიზატორი” – თბილისის ერთ-ერთი პირველი ტოტალიზატორი, ფეხბურთზე რომ იღებდა ფსონებს. დღეს აღარ არსებობს.

გვ. 12. ძია ოთარჩიკა პურის რიგში დაპორჭყნეს ქალებმა – თუ არა ვცდები, მოთხრობა იმის თაობაზე, თუ როგორ დაპორჭყნეს ძია ოთარჩიკა ქალებმა, უფრო სწორად კი როგორ მოუვიდა ჩხუბი პურის რიგში მგონი კაცებთან, დაწერილიც მაქვს და გამოქვეყნებულიც ერთ-ერთ გაზეთში, მგონი 1998 წელს. მგონი უფრო ფელეტონივით იყო.

გვ13. ახლოს გიჟები და კიდევ უფრო ახლოს _ ვირიშვილები. სულ მთვარის ფავორიტები. – ზემოთ ნახსენები დაკარგულ-დაუმთავრებელი რომანი „გიჟები და ვირიშვილები” ეგრეც ვერ დავივიწყე და აქ ვახსენე. „მთვარის ფავორიტები” ყაჩაღებსა ნიშნავს და თან ოთარ იოსელიანის ფილმის სათაურია, შექსპირის ისტორიულ დრამიდან ამოღებული.

გვ. 13. პეპინგი – ჩემის მეხსიერებით, შეუხებელი სექსის ნაირსახეობა უნდა იყოს.

გვ. 13. რეფიუჯი – ლტოლვილსა ნიშნავს. იმ კაცის სტატუსს, ვისაც თავის ქვეყანაში არ ედგომება და ბრიტანეთში ეს დაადასტურეს, რითაც თავის ქვეყანაში წასვლა აეკრძალა.

გვ. 14. ნიუპორტში იყო. – ნიუპორტი ქალაქია უელსში.

გვ. 14. ბეისვოტერის არაბობა – ბეისვოტერი ქუჩა გახლავთ ლონდონში, არაბი მრავალი ცხოვრობს იქა.

გვ. 15. ორ-ორი ფაინთი შეგვხვდება. – ორ-ორ კათხა ლუდზეა ლაპარაკი.

გვ. 15. განერზ ვერსუს ჰემერზ. ნობის ლანდან დეარბი. – ეს ნიშნავს, რომ „არსენალი” ხვდება “ვესტ ჰემს” ჩრდილოლონდონურ დერბიში. “ნობის” კორექტურაა, უნდა იყოს „ნორს”, თუმცა ამ ორი გუნდის თამაშს მაინც არ ჰქვია ჩრდილოლონდონური დერბი და ზურა ჰაიჰარად აცხადებს, რომ დერბია, თითქოს უნდა, პეტრე უფრო მოიყვანოს თამაშის მუღამში. დერბი კი ერთი არეალის გუნდების თამაშს ნიშნავს, რაც მეტ დაძაბულობასა და საბრძოლო განწყობას სძენს სპორტულ შეხვედრას.

გვ. 15."ხარაშო სეიჩას ნავერნა ვ გარახ"... – ესეც ფილმ „მიმინოდანაა” და სამშობლოს თემას ეხება, რადგან რუსი ქართველს ეკითხება, მთები ხომ ლამაზიაო და ქართველი კი პასუხობს, ისეთიც არაფერიო.

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / მორჩილაძე აკა / შენი თავგადასავალი