შერვაშიძე გიორგი

სხვისი ცხოვრება

ირონიული მოთხრობა

 

დილის შვიდ საათზე უკვე რკინიგზის სადგურში იყვნენ. მატარებელი ჩამომდგარიყო და გამცილებლის მტკიცებით თხუთმეტ წუთში დაიძვრებოდა. მგზავრობა ისედაც ეზარებოდათ და ახლა, ორთქმავლის ამ ღირსეული შთამომავლის შემხედვარეთ, საერთოდ, ყველანაირი ხალისი დაეკარგათ. უხეში დაანგარიშებითაც კი შეიძლებოდა იმის გამოთვლა, რომ სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების პატივსაცემად უნდა ყოფილიყო გამოშვებული წინამდებარე შემადგენლობა და მის მერე, ბევრი არაფერი შემატებოდა, პირიქით თუ არა. ამის დასტურად ისიც კმაროდა, რომ მატარებლის ვაგონებს ძირიც კი დამპალი ხის ჰქონდა, სხვა რამ ღირშესანიშნაობას რომ აღარ შევეხოთ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ამ სადგურზე თუ არა, შემდეგზე უკვე უეჭველად, მთელი მატარებლის უძრავ-მოძრავი შიგთავსი ლიანდაგებზე იქნებოდა გაფენილი.

– ეს რა არის? გაფიცებ, თუ არ მითხრა? ამითი აპირებ მგზავრობას? – უსაყვედურა ცოლმა და ალბათ, რომ არა მატარებლით მგზავრობის აუცილებლობა, სირცხვილისაგან დამუნჯდებოდა კიდეც, მაგრამ...

– მე რა ვუყო, მაგის დედაც... აბა, არ ჩერდება ეს ბავშვი მანქანა-მარშუტკაში და ურმით ხომ არ წაგიყვანთ? შენ გგონია, მე მეხალისება ამ ჯართით მგზავრობა? – თავი იმართლა ქმარმა და მზერა ბავშვისკენ გადაიტანა, აქაოდა ამას მოკითხეო. ეს უკანასკნელი კი გაფართოებული თვალებით შესცქეროდა კაცობრიობის ამ მართლაც უჩვეულო ხელთუქმნელ ქმნილებას და ფიქრობდა ბოჟე უპასი (ფაქტობრივად, ის იყო მოწმე რკინიგზის მამონტის უკანასკნელ გზაზე სვლისა, ბალნიან სპილოთა სასაფლაოსაკენ).

– გეხვეწები, წავიდეთ ავტობუსით, ცხენით, თუ გინდა ხარებით, ოღონდ ამ საშინელებაში ნუ ჩამსვამ. – ცოლი აშკარად მას ამტყუნებდა, ამ არცთუ ისე მომგებიან-სასიამოვნო გადაწყვეტილების მიღებაში და გარკვეულწილად მართალიც გახლდათ. ეს იდეაც, როგორც სხვა მრავალი წარმატებულ-წარუმატებელი, მის გამჭრიახ გონებას ეკუთნოდა და ალბათ, პასუხიც მას მოეთხოვებოდა, რადგან ოჯახის უპირობო ცენტრფორვარდი სწორედ ის იყო.

– კარგი რა, მორჩი ახლა წუწუნს. იცი, რამდენმა ადამიანმა დადო სასწორზე სიცოცხლე და ჯანმთელობა, რომ ეს რკინიგზა აეგოთ? თანაც ისინი რა, ადამიანები არ არიან, ვინც ჩვენთან ერთად იმგზავრებს, თუ მარტო შენ გიყვარს კომფორტი? ღმერთს ნუ სცოდავ. ხომ იცი, სხვა რამით რომ წავიდეთ, ეს ვაჟბატონი თხუთმეტ წუთში ისეთ ამბავს ატეხავს, რომ ან მძღოლი დაიმტვრევა და ან ჩვენ ჩაგვყრიან. ამას აქ გაატარებ-გამოატარებ მაინც და ადრე თუ გვიან დაიძინებს. ჩვენ კი სამ საათს როგორმე გავძლებთ, აბა, რას ვიზამთ. – მართლაც რომ, ძალზე ძლიერი არგუმენტ-სამხილ-ფარატინა ქაღალდის შინაარსი ეპყრა ხელთ და მშობელი რას აღარ იზამს შვილისთვის, მატარებლით მგზავრობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

– ნუ დემაგოგობ. როგორმე ეს შენ გაძლებ, თორემ მე უნდა ვეწამო. ნახე, შიგნით რა სიბინძურეა და ამ ვაგონს კიდევ მე მგონი, საერთოდ არაფერი არ აქვს. აი, აქ, შენ დაჯდები, ან დადგები. ისე, ნეტა რა ჯანდაბისთვის სჭირდებათ ეს სიცარიელე, ცხოველები ხომ არ უნდა გადაიყვანონ? – ცოლმა, მართლაც რომ, გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ვაგონის არჩევისას, უეცრად აღმოაჩინეს, რომ ერთ-ერთ შემოდგენლობას ჟანგიანი სახურავისა და ზემოხსენებული, დამპალი ხის ძირის მეტი, მართლაც, არაფერი ჰქონდა. აშკარა შეიქნა, რომ ვაგონის შიგნით არსებული სივრცე, სხვა არაფერს გულისხმობდა, თუ არა უაზრობას. ის არც სატვირთო განყოფილებას წააგავდა და მით უმეტეს, არც რესტორანს. ჭიდაობით კი არა მგონი, რომ მაინცდამაინც გაქანებულ მატარებელში კოტრიალი მოენდომებინა ვინმეს.

– ეს საპირფარეშოა. – თქვა ქმარმა და ფარდა ახადა ამ ბუნდოვანებით მოსილ ამბავს გამოფარტულ ვაგონზე, უთავო მხედრის არ იყოს და ცხვირზე ხელი აიფარა. ახლა კი ყველაფერი ნამდვილად გაცხადდა. შემადგენლობის კუთხეში მდგარ ამ პატარა, თუმცა კი ძლიერმყროლ ფეხსადგამს, თავისი შინაარსის მიხედვით, ეს სივრცეც კი არ ჰყოფნიდა და ფორმაზე მსჯელობას ვინ დაიწყებდა, როდესაც სიმყრალე თვალებს წვავდა. ნამდვილად ჭეშმარიტი გადაწყვეტილება იყო, რომ ამ უხერხულსახელიანი სა-პირ-ფარეშო-სათვის მთელი ვაგონი გამოეყოთ. ალბათ, ესეც ომისდროინდელი სტრატეგიის ამბავი იყო და წესით, ამ მოძრავი ჩეჩმის კარის ზედა კუთხეში უნდა დაეწერათ: მტერი ჰექტარზეც კი ვერ მოგეკარებათ, მაგრამ სამწუხაროდ, ეტყობა, ან საღებავი დააკლდათ და ან მერე, მეორე მსოფლიო ომი იმდენად პოპულარული თემა აღარ იყო. დასანანია.

– წადი და სადმე ისეთი ადგილები შეარჩიე, სადაც არც შუშა იქნება ჩამტვრეული და არც არსაიდან დაუბერავს. – გასცა განკარგულება ცოლ-გენერალმა და რიგითი ქმარიც სამწყობრო ნაბიჯით დაიძრა შემადგენლობის დასათვალიერებლად. დავალება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ოპერაცია მთელი შუშა, სიმართლე ითქვას და თავიდანვე განწირული იყო. ამიტომაც გამჭრიახმა რიგითმა-ქმარმა მას სახელი გადაარქვა და გაბზარული შუშა უწოდა, ხოლო რაც შეეხება ახსნა-განმარტებებს, ისინი სამომავლოდ გადადო. ოპერაციში გაბზარული შუშა კი მართლაც გამოიკვეთა რაღაც ალტერნატივები. რიგითმა-ქმარმა საუკეთესო ვარიანტი შეარჩია, ანუ უარესზე უკეთესი და უმალ ცოლ-გენერალს უპატაკა, ჩვენი დისლოკაციის ადგილი ბოლოს წინა ვაგონშიაო.

– წამო, იქ ერთი ნორმალური ადგილი ვნახე და ვიღაცას ვთხოვე, დამიკავე-მეთქი. გარწმუნებ, ნანახს შორის საუკეთესოა და დროზე თუ არ მივედით, იმაზეც ჭიდაობა მოგვიწევს. ოღონდ, ახლა არ დამიწყო, სიბინძურე არისო და ეგეთები, თორემ, რომ დავიწყებ ყვირილს... – ხმამაღლა იმუქრებოდა ქმარი, ხოლო ცოლს თბილად ეღიმებოდა. ეღიმებოდა, რადგან ძალიან უყვარდა, თორემ ისე, ქმრის ახირება რომ არა, საათნახევარში მანქანითაც მშვენივრად ჩავიდოდნენ და ბავშვსაც რაღაცას მოუხერხებდნენ.

მატარებელი დინჯად დაიძრა. ქაოსურად მოძრავი მგზავრები უმალ ადგილებზე მოთავსდნენ. ვინც ვერ მოასწრო დაჯდომა, ფეხზე დარჩა და იმითღა დაიწყნარა თავი, სამაგიეროდ ფანჯარაში შემიძლია თავის გაყოფაო. მთელი ეს ადგილებზე დაჯდომის პროცესი, ძალიან ჰგავდა აი, იმ თამაშს, ბავშვებს რომ საბავშო ბაღში ათამაშებენ. მასწავლებელი პიანინოზე უკრავს რამე სისულელეს, ანცი პატარები წრიულად მდგარ სკამებს უვლიან გარშემო და ცქმუტავენ, რადგან იციან, რომ დასაჯდომი ადგილი ერთით ნაკლებია, ვიდრე თვითონ არიან. უეცრად მუსიკა წყდება, ბავშვები გიჟებივით ეხეთქებიან სკამებზე და ერთიც ძირს გდია. აქაც სწორედ ასე მოხდა, ვინც მოასწრო, დაჯდა, ვინც არადა, კარგად მეყოლე, სიმაღლეში გაიზრდებიო. მათ წინ მდებარე ადგილები ასაკოვანმა ქალმა და კაცმა დაიკავეს. მართალია, სავარძლები სამადგილიანი იყო და მსურველიც ბევრი გამოჩნდა, მაგრამ დაჯდომა ვერავინ გაბედა, გარდა ორი კუთხურ კილოზე მოლაპარაკე მანდილოსნისა. სამწუხაროდ არც მათ გამოუვიდათ რამე, რადგან უმალ მოუგვარეს. აქაოდა, აქ ბავშვი უნდა დავდოთ და იქ კი გასატეხი ბარგი წამოვაწვინოთო. არადა, მზრუნველი მშობლები გულში ფიქრობდნენ, რა გაუძლებს ახლა ამათ ქაქანსო და ერთმანეთს ასწრებდნენ უარის თქმას. თუმცა ჯერ სად იყვნენ. საუბრის დრო მაინც დადგა და ამ საქმისთვის კი ეს ორი ერთმანეთისთვის უცნობი ხნიერიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. დაიწყეს ბავშვის ზნით და გადავიდნენ მისაღებ გამოცდებზე, ოღონდ მთელი ეს საუბარი მიმდინარეობდა ისე ზედმიწევნით და თემასთან ახლოს, რომ პატარა მათ თვალწინ გაიზარდა, დაჭაბუკდა და შემდეგ დაკაცდა კიდეც. ცოლ-ქმარი მაქსიმალურად ერიდებოდა დისკუსიებში ჩაბმას, რადგან სამსაათიან გამორეცხვას ნამდვილად არ ესწრაფვოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცდუნება ძალიან დიდი იყო. ისინი იქ სისულელეებს აბრახუნებდნენ, რომ ცოტაც და თეთრი გაშავდებოდა.

ორთქმავლის წინმავალმა შთამომავალმა პირველსავე სადგურზე მიაგდო თავისი მერანი და შვებით ამოიხვნეშა. არადა, ჯერ ქალაქსაც არ გასცილებოდა. ბავშვმა თავი წამოყო და მუუ-ო, ძროხას დაუწყო ძებნა. მშობელ-შამქმნელმა ჯერ ადრეა და დაიძინეო. იმან ნანა-ნანაო და ამათმა კიდევ რიგრიგობით ჭანჭყარ-გამოლაყება დაუწყეს. ამასობაში კი, საუბარსა და რწევაში გართულმა მგზავრებმა, ვერც კი შენიშნეს, როგორ შემოემატათ კიდევ ერთი თანამჯდომი მანდილოსანი, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია, რომ ვიღაცის იურისდიქციას არღვევდა. გაპროტესტებისთვის, ადე ზეზეო, გვიანი იყო და თურმე, სწორედ ეს ერთი აკორდი აკლდა, მათ ვერშემდგარ სიმფონიას.

*******

პირველი ფრაზა ახლად შემოერთებული თანამგზავრისა: – ეგ თქვენი ბავშვი ძალიან ცოცხალი ვინმე ჩანს. აბა ის, ბოლო სავარძელზე რომ უზით, საერთოდ ხმას არ იღებს, დონდლოა.

ცოლის ფიქრ-რეაქცია: – ნეტა ჩემიც ეგეთი მშვიდი იყოს.

ქმრისა; – ალბათ. – რა შუაშია? დავაი რა, ქალბატონო დეიდა.

ხნიერი კაცისა: – ეს ნამდვილად იეღოველია.

მომსუქნო ქალისა: – ეს ეტყობა ქალაქელი ინტელიგენტია და ამასთან ცოტა უფრო ჭკვიანურად უნდა ვისაუბრო (მისი ინტელიგენტობა როგორ და რის საფუძველზე დაადგინა, თანაც პირველივე სიტყვიდან, არავინ უწყის. სასწაული თუ გინდა).

 

თავად ბავშვისა: – პატივცემულო, ერთი ახლოს მოიწი, თმაზე უნდა დაგქაჩო.

მეორე ფრაზა უცნაური ქალისა და თანამგზავრთა პირველი შთაბეჭდილება-შეფასება: – ჩემი შვილი სინგაპურში იყო ფიზიკოსთა ოლიმპიადაზე წასული და ოქროს მედალი ჩამოიტანა იქიდან, მაგრამ რად გინდა?! მისაღებ გამოცდებზე არ უშვებენ ეს ბედოვლათები, დაიგვიანეო. სამართალია ახლა ეს? დაფასების მაგიერ, ადექი და გარეთ დარჩიო. ესე იგი, ჩემი შვილი უნივერსიტეტში სწავლის მაგივრად, ჯარში უნდა წავიდეს და ვიღაც ცარიელთავიანები კი, ლექციებზე სიარულის მაგივრად, მზესუმზირას უნდა აკნატუნებდნენ სასწავლებლის კიბეებზე, არა?! ეს მოგვიტანა ამ ახალმა მთავრობამ? ეს არის ჩვენი ნაქები მინისტრი? გეკითხებით, ასე უნდა მოექცნენ ნიჭიერ ახალგაზრდას?

ცოლის პასუხი: – დაუკავშირდით განათლების სამინისტროს და აუხსენით თქვენი მდგომარეობა და არა მგონი, ასეთი შემთხვევისთვის გამონაკლისი არ დაუშვან. ან საერთოდ აღარ გაიყვანენ გამოცდაზე და ან მოგვიანებით დაუნიშნავენ.

ქმრის დუმილი და მის მზერაში ამოკითხული ფრაზა: – შრილანკაა თუ სინგაპური, იქ რა ჯანდაბა დარჩენია? რა ფიზიკის კონფერენცია-ოლიმპიადა აუტყდა? პირველად მესმის. ჩემი მეზობელი იქიდან ელექტრონიკას ეზიდება და მეცნიერება საერთოდ არ უხსენებია. მგონი, იქაურებს ვიწრო თვალები, თუ ყვითელი კანის ფერი აქვთ. რა მნიშვნელობა აქვს, მკიდია. ისე კი, რა კარგი სანახავი იქნებოდა ამისი დურბინდ-სათვალიანი და ღინღლ-ულვაშიანი ყმაწვილი ყვავილებით მორთულ სინგაპურელთა შორის. თუ ეგ უკვე იამაიკა-კანარის კუნძულებია? გეოგრაფიაც მკიდია.

ხნიერი კაცი: – დიახაც რომ, შენი შვილი უნდა წაიყვანონ ჯარში. ყველა მამაკაცმა უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება სამშობლოს წინაშე. აბა, მარტო ფიზიკა-ქიმია რა ვაჟკაცობაა? აბა, ერთი წარმოიდგინეთ, რომ დავით აღმაშენებელს თავისი ლაშქრის მაგიერ ფიზიკოსების ათეული ინსტიტუტი ჰქონოდა გახსნილი. განა გახდებოდა რამეს ზღვა მტერთან? არა, ჩემო ბატონო და გეკითხებით, ფიზიკოსების ხარჯზე გაძლიერდებოდა სამშობლო? რაღა თქმა უნდა, ვერა და აბა, ერთი ისიც წარმოიდგინეთ, რომ ორმოცი ათასი ყივჩაღის მაგივრად, ქიმიკოსების ორმოცათასიანი ურდო ჩამოესახლებინა თავისი ლაბორატორიებითურთ. გამოვიდოდა რამე? ის ქიმიკოსები დაიცავდნენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს? არა, არა და არა. ამიტომაც, უკლებლივ ყველა ჯეელმა უნდა იმსახუროს ჯარში და დარწმუნებულიც ვარ, რომ მაგ თქვენ ბედოვლათსაც გამოუძებნიან იქ სასარგებლო საქმეს.

მომსუქნო ქალი: – იცით, ქალბატონო, აი, ჩემი შვილი უნივერსიტეტში სწავლობს და იმისი ხაზეიკის ვაჟი, ვისთანაც ქირით ცხოვრობს, ინგლისში იყო ეგრე წასული, ეგეთ ესტაფეტაზე და მერე იქ ბინაც მისცეს, სამსახურიც და სწავლის ფულსაც უხდიან.

ისევ იმ ახლად დამგზავრებული ქალის პასუხი ყველას: – კი ბატონო, დავრეკე იმ სამინისტროში და იქ ვიღაც სულელმა მდივანმა გოგომ, იცით, რა პასუხი გამცა? ეგეც გასარკვევია, ეგ თქვენი მედალი ნამდვილად ოქროსია, თუ უბრალო სინგაპურული ლატუნია მოოქროვილიო. გესმით თქვენ, იმ ტუტუცმა და უნივერსიტეტდიპლომიანმა გომბიომ, აქ თქვენნაირი ათასი რეკავს და ყველა რომ დააკმაყოფილონ, მაშინ მისაღები გამოცდები რაღა საჭირო იქნებაო. წავიდეს თქვენი შვილიც ჯარში, დიდი ამბავი, აბა, მარტო დებილებმა ხომ არ უნდა იმსახურონო. დავიჯერო, ათასს ჰყავს ასეთი ნიჭიერი შვილი? და რაც შეეხება ჯარს, პატივცემულო, თქვენ წარმოიდგინეთ, ყველასთვის იქ სამსახური სულაც არ არის სავალდებულო. ინტელიგენცია ხომ უნდა ჰყავდეს ერს? თქვენი თქმით, ახლა განათლებული ახალგაზრდობა საერთოდ აღარ გვჭირდება და რა ვქნათ, დავდგეთ ყველა და ხმალი ვიქნიოთ? აი, წარმოიდგინეთ, რომ ახლა ჩემი ბიჭი ადგეს, ჯარში წავიდეს და ორი წელი მოცდეს. მერე კი, როცა დაბრუნდება, გულზე ხელები დაიკრიფოს და უსაქმურობით გაიტანჯოს? გეკითხებით, ამდენი მოცდენილი დროის შემდეგ, გამოვა კიდევ მისგან რამე? არ ჯობია ახლა, ეს ორი წელიც ისწავლოს? განა განათლებული ადამიანი ნაკლებად არგია თავის სამშობლოს? არა, არ გეთანხმებით პატივცემულო. ვისაც სწავლა შეუძლია, იმან უნდა ისწავლოს, ვისაც არა და, კი ბატონო, იმსახურონ. ხოლო რაც შეეხება იმ თქვენი ხაზეიკის ბიჭს ქალბატონო, იმას, დანამდვილებით გეუბნებით, რომ პატრონიც ეყოლებოდა, თორემ ჩემი რა, ნაკლები ბეჯითი კი არ არის, სინგაპურში რომ არ დაიტოვეს. უბრალოდ უპატრონოა და მამით ობოლი. და აბა, მარტო ქალი რას უნდა გავხდე? თორემ, ხომ ხედავთ, ბიჭი ოქროს მედალოსანია და აქ კიდევ გამოცდაზეც არ უშვებენ, სხვა რომ აღარაფერი ვთქვა. ყველაფერს ბედი და პატრონი სჭირდება ამ დასაწვავ ცხოვრებაში, ჩემო კარგო ადამიანო, თორემ, მარტო ნიჭით ვერას გახდები.

პოლემიკა შედგა, ნავსი გატყდა და ახლა უკვე უკან დახევას აღარანაირი აზრი აღარ ჰქონდა. უცნაურმა ქალმა სადავეები ხელთ იგდო და ხმადაბალ შენიშვნას, ბავშვს სძინავსო, შემართებით შეაგება, სძინავს კი არადა, ეს შუშანიკი საერთოდაც უნდა ამოიღო სასკოლო პროგრამიდანო. აბა, რა მიმდინარეობაა ეს ჰაგიოგრაფია, არც ლიტერატურულია და მით უმეტეს, შინაარსობრივი დატვირთვა ხომ საერთოდაც არ გააჩნიაო. ამაზე ხნიერმა მამაკაცმა სულ იეღოველი ეძახა, რითაც ცხადყო, რომ არცთუ უსფუძვლოდ ეჭვობდა ხუთივე თანამგზავრის ზემოხსენებული სექტის წევრობას. რაღა თქმა უნდა, ბავშვის გამოკლებით, რადგან ის ჯერ კიდევ იმდენად პატარა იყო, რომ დამოუკიდებლად არ შეეძლო ფერადი ბროშურების გავრცელება. მომსუქნო ქალმა კი, შუშანიკი რა შუაშია, ახლა ეროვნული გამოცდებიდან მოვდივარ და იქ ისეთი სირთულის კითხვა მოვიდა, რომ თვით მინისტრიც ვერ გასცემდა პასუხსო. ამათმა, აბა, როგორიო და იმან კიდევ, სიტყვა როყიოს განმარტებაო. ხნიერმა კაცმა, ვაი, თქვენ მართლა აბდლებოო და ატეხა ხარხარი. ცოლ-ქმარი დიდხანს არიდებდა თავს ამ პაექრობას, მაგრამ ზემოთხსენებული სცენის შემხედვარე სიცილით გაიგუდა. უცნაური ქალი კი არ ცხრებოდა და კვლავინდებურად თავს დებდა, სწორედაც რომ უპატრონო ბავშვებს მოუგონეს ეგ კითხვა, თორემ პატრონიანებს ტესტის სულ სხვა ვარიანტები მისდითო. მომსუქნო ქალმაც, ვაი დედა, ჩემს შვილსაც ეგ კითხვა მოუვიდა და მე მგონი, დამრჩა ბავშვი გარეთო. არადა, ჭკვიანი გოგოა, ჯერ ახლა აბარებს და უკვე ინგლისურში რეპეტიტორობსო. ხნიერმა კაცმა, ვაი შენ და როყიოსიო. სად ისწავლა მაგ შენმა სოფლელმა გომბიომ ეგრე კარგად ინგლისური, რომ ახლა სხვასაც ცოდნის შუქს ჰფენსო. თქვენი სოფლის სკოლაში, თუ სექტანტების კოშკურაში, სადაც დახმარებისათვის განკუთვნილ შაქარსა და ფქვილს აფასოებდაო?

ამ ყაყანსა და ცოლ-ქმრის მოურიდებელ ხარხარში, პატარასაც გამოეღვიძა და ყველას საჩვენებელი თითის ჩვენება დაუწყო, ვითომც ერთი წლისა ვარ და ცოტა ყურადღება მეც მომაქციეთო. უცნაური ქალი რატომღაც უკვე ვეფხის ტყაოსნის საზეპიროებს იძახდა და თან მჯიღს იცემდა მილეულ მკერდში, აქაოდა ძალიანო. მომსუქნო ქალბატონმა, მოდით, ერთმანეთს ხელები ჩავჭიდოთ და ეროვნული გამოცდების კომისიის წევრების თავები შევავედროთ უფალს, განა ეგენი ხალხები არააო. ხოლო ხნიერი კაცი მთელ ხმაზე გაიძახოდა, თქვენ რჯულძაღლებო, მაგ ყველას, მე პირადად, არსენა მარაბდელი მირჩევნია და თუ გინდა, მომკალითო. ის ფაქტობრივად ჩვენს მთავრობასავით იყოო – მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს და აბანოშიც მხოლოდ ტუსაღობისას დადის, ოღონდ ერთი განსხვავებით, რომ მას სოროსი არ აფინანსებდაო. მოკლედ, სიტუაცია აირია და ყველა თავისას მიაწვა. ხნიერი კაცი მოურიდებლად იგინებოდა და გულმოსული ირტყამდა ხელს მუხლის თავებზე. მომსუქნო ქალბატონი რატომღაც ჩანთას ჩაბღაუჭებოდა და პირზე იფარებდა. სავარაუდოთ, ან კბილები აკლდა და ან კი ზედმეტი ჰქონდა, თანაც ოქროსი. ხოლო უცნაური ქალი კოხტად დავარცხილ თმებს იწეწავდა და ვიღაც გამომძალველ მღვდელს აქილიკებდა, რომელმაც თურმე ბავშვები იმიტომ არ აზიარა, რომ ამ უკანასკნელთ ძღვენი არ მიართვეს. ცოლ-ქმარი უკვე ვაგონის სხვადასხვა მხარეს გარბოდა, სიცილისაგან ჩაბჟირებული და იმასაც კი ვეღარ ამჩნევდა, რომ მათი ნანატრი პატარა, სრულიად დამოუკიდებლად იდგა სავარძელზე და ფანჯრის რაფაზე დაყრილ მზესუმზირის ნაფრცქვენებს გეახლებოდათ. მთელი შემადგენლობა, პატარა სასაცილო ბიჭის ჩათვლით, რომელიც დედას ეჯდა კალთაში და უწმაწურ შაირებს იძახდა, ხალისობდა. არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ეს არეულობა, რომ კონტროლიორს არ ჩამოეარა, უცნაურ ქალთან არ შეჩერებულიყო და ბილეთის ჩამორთმევის შემდეგ, მომდევნო ფრაზა არ დაებრეხვებინა: – ეს გიჟია და თქვენ კიდევ სულელები ხართ, რომ ამას აყოლიხართ. – ამის თქმა იყო და ყველა ერთბაშად დადუმდა, თითქოსდა რაღაცნაირად დაიმორცხვესო. არადა, რომ გეკითხად, ეგ ამბავი, ანუ მისი შეურაცხადობა, არც ერთის გამჭრიახ თვალს არ გამოპარვია, თუმცა პოლემიკაში ჩაბმა არავის უთაკილია. მატარებელმა კი, რაღაი სიჩუმე ჩამოვარდა, დრო იხელთა, აქაოდა ჩემი ჯერიც დადგაო და არიხინდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა. ჯერ აწრიპინდა, თითქოს ბევრ მინდვრის თაგვს გადაუარა ერთდროულადო, შემდეგ სვლას უმატა და აქოშინდა ნამთვრალევი კაცივით, ბოლოს კი თითქოს ამოახველა სასულეში მომდგარი ნამცეციო, შვებით აგუგუნდა... ცა – ფურუზ, ხმელეთ – ზურმუხტო, ჩემო ლამაზო მხარეო... მიდიოდა, მიიმღეროდა და თან თავის ფიქრს ფიქრობდა. თავშესაქცევ ფიქრს, რომელსაც მისთვის უკვე თამაშის სახე ჰქონდა მიღებული. ფიქრი რომელიც არავინ უწყოდა, თუმცა კი ის სხვა არც არფერი იყო, თუ არა მგზავრთა მზერაში ამოკითხული ამბები. ანუ თამაში სახელად სხვისი ცხოვრება. აი, ისიც:

 

 

უცნაური ქალი

 

მატარებლის კარები გაიღო და ვაგონში შემოაბიჯა შუახნის ქალბატონმა. მას ეცვა ლურჯი პიჯაკი, თეთრი გრძელსაყელოებიანი პერანგი და ნაცრისფერი შარვალი. შორიდან მატარებლის გამცილებელს ჰგავდა კოხტად დავარცხნილი, უკან აწეული და მრგვლად დამაგრებული თმით. ტუჩზე წითელი ფერის საცხი ესვა და უჩვეულოდ ნაზი სახის კანი ჰქონდა. დიდი შავი თვალები ნახშირის მუგუზლებივით უელავდა და ისე მალიმალ დაურბოდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანს მალავსო. ახლოდან ეს სურათი უფრო ფერმკრთალდებოდა. ტანსაცმელი ძალზე გაცრეცილი და გახუნებული იყო, თმა ჭაღარაშერეული და თვალები კიდევ ოდნავ ჩაცვენილი. ფეხსაცმელი უხეში, სათრახუნო, დიდცხვირიანი და დახეული. მთელი მისი სიკოხტავე ერთ ძველ, ჩაყვითლებულ ფოტოსურათს წააგავდა და რა გასაკვირია, რომ სულის მდგომარეობაც გათანგული ჰქონოდა, მაგრამ არა. გამხდარ, გადატკეცილ სახეზე, შავი მაყვალივით დიდი თვალები უელავდა. თვალში საცემი თვალები. საოცარი ნაპერწკლით ანთებული თვალები და თან რაღაცნაირად საშიში. პირველი, რაც მის იერსა თუ სახეში იკითხებოდა, ეს იყო სწორედ მისი მზერა და არა გახეხილი ტანისამოსი. ოდნავ თავხედური, გამჭოლი და დამატყვევებელი გამოხედვა. ათასობით ადამიანი ისე ჩაგივლის გვერდს, რომ თვალი არავისკენ გაგექცევა, ხოლო მისი მზერა, მეორედ მოხედვას აიძულებდა ყველაზე ზარმაც თვალსაც კი. ის ღია იყო ყველასათვის და უძირო ოკეანეთა ფსკერივით, რითაც ერთგვარ ფარულ შფოთსაც კი იწვევდა წამიერად დატყვევებულებში. რატომ? უჩვეულო სხივი ედგა მზერაში და თითქოს ამ სინათლეში ყველა თავის მწვალებელს პოულობდა. მწვალებელს რომელიც თავისი ბუნებით არც ცუდია და არც კარგი. სწორედ ამიტომაც, ერთი შეხედვაც საკმარისი იყო, რომ მისი მზერა ძალიან დიდხან გაგყოლოდა თან და შემდეგ კი, ყოველ მის გახსენებაზე დაგუფლებოდა განცდა ამქვეყნიური ზღვარის წაშლისა.

– ეგ თქვენი ბავშვი, ძალიან ცოცხალი ვინმე ჩანს. აბა ის, ბოლო სავარძელზე რომ ზის, საერთოდ ხმას არ იღებს, დონდლოა – ქალმა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და აწრიალდა, რათა უკეთ მოკალათებულიყო.

– ალბათ. – უღიმღამოდ წარმოთქვა ქმარმა და ცოლს გადახედა, ახლა ამას რა გაუძლებსო. იმას კი გაეღიმა, ჯერ სადა ხარო და მართალიც იყო. კაცმა უნებურად ქალს ახედა, რათა უკეთესად შეესწავლა თავისი მწვალებელი და სწორედ მაშინ დაიჭირა მისი უცნაური მზერა. ძალიან არ ესიამოვნა და თითქოს გულზე რაღაც შემოაწვა. მიხვდა, რომ არსებული სიმძიმე ეს იმ ქალის თვალები იყო, ხოლო უსიამოვნო შეგრძნება, მისი მზერა.

უცნაური ქალი თვრამეტი წლის იყო, როდესაც სულის საუცხოო მოძრაობა იგრძნო. დააჯდა რომელიღაცა რაიონის რომელიღაც სოფელში მიმავალ ავტობუსს და ეს თავისი მგზავრობა გასეირნებად მონათლა. ორ საათში ჩამოქვეითდა და ტყისკენ მიმავალ ბილიკს გაუყვა. მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცოდა სად იყო, თავი მაინც ძალიან თამამად ეჭირა. ტყის ბილიკმა ხევში ჩაიყვანა, ხევმა კი მდინარის პირას. მდინარეს ფართო და ქვიანი კალაპოტი ჰქონდა. წყალმარჩხობა იყო და შიშველი რიყე ურცხვად აფიცხებდა მზეს თავის თეთრ გვერდებს. სეირნობით კმაყოფილმა და განწყობაამაღლებულმა ქალმა ქოლგა გაშალა, აქაოდა თავში მზე არ ჩამივარდესო, მაგრამ ვაი, რომ მზის ჩავარდნა ერჩივნა, იმ მოგონებებს, რომლებმაც სიცოცხლე გაუმწარეს. რიყეზე ვიღაც ორი კაცი ფუსფუსებდა. სატვირთო მანქანა გაეჩერებინათ და ბრტყელი ქვებით ტვირთავდნენ. ეტყობა, ყორეს აშენებდნენ და ამიტომაც, ქვას საგულდაგულოდ არჩევდნენ. ცნობისმოყვარე ქალმა გეზი მათკენ აიღო, გამოველაპარაკები და იმას მაინც გავიგებ, სად ვიმყოფებიო. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა სატვირთოს და სწორედ იმ დროს, როცა ძარას გაუსწორდა, შეამჩნია, რომ მძღოლი მანქანას ამოფარებოდა და შარდავდა. ქალი იმდენად ახლოს აღმოჩნდა მამაკაცთან, რომ ცხელი შარდისა და სველი ქვის სუნიც კი იგრძნო. ცხვირზე ხელი მოიჭირა და ფუ, შე საქონელოო მიაძახა კაცს. ის კი ძალიან დაიბნა, რადგან ნამდვილად არ ელოდა ამ უკაცრიელ ადგილზე ქოლგიან მანდილოსანს და იმის ნაცვლად, რომ უხერხულად შეშმუშნულიყო შარვლის ელვის ძიებისას, პირდაფჩენილილი მისკენ შებრუნდა. იდგა ასე გაქვავებული და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხელს უჭერდა ისედაც გალურჯებულსა და თითქმის მუხლამდე ჩამოკონწიალებულ სარცხვინოს. ამის დამნახავი ქალი კი საერთოდ აირია. გაწითლდა და გაწიწმატდა. შეიცხადა ისე, როგორც ეს მაღალი წრის პატიოსან ქალიშვილებს ჩვევიათ და მყისვე იერიშზე გადავიდა. ქოლგა დაკეცა და თავდასხმისთვის გაემზადა. ჯერ ერთი-ორი მკლავებზე მოსცხო და მერე კი კარგი ქოქოლაც დააყარა. კაცი იდგა გალენჩებული და ვერაფერს ხვდებოდა, მაგრამ როგორც კი ქალმა წელს ქვემოთ სცადა დამაგვირგვინებელი დარტყმის მიყენება, უმალ გამოფხიზლდა და თავდამსხმელი მსხვერპლად აქცია. ინსტინქტურად ხელი უშვა სარცხვინოს და მოიერიშეს მაჯა დაუჭირა. ქალმა სიმწრისგან შეჰკივლა და გამონთავისუფლება სცადა. კაცი დაეჯაჯგურა და ის იყო ხელი უნდა გაეშვა, რომ მის მზერას გადააწყდა. თვალებში ჩახედა და თითქოს ეგრევე ყველაფერს მიხვდაო, თავისკენ მიიზიდა. ქალი აფთარივით იბრძოდა და ალბათ, ამიტომაც გამოეპარა კაცის ამღვრეული მზერა და სველი ტუჩები. შემდეგ, თითქოს, სულ რაღაც ერთი წუთით, ორივენი შედგნენ და სწორედ ამ მოჩვენებითი სიმშვიდის დროს, კაცმა ხელუკუღმა გასცხო და მანქანის საბურავთან მიაგდო. ქალს თავბრუ დაეხვა და ერთი ამოიკვნესა, ვაი დედაო, ხოლო კაცი კი ნადირივით მიახტა, ერთი შენი დედაცო. ხელები ზურგს უკან გადაუგრიხა და ტანსაცმლის შემოხევა დაუწყო. კოპლებიანი ჩითის კაბა რომ გააძრო, მერე საცვალს სწვდა და ერთი ხელის მოძრაობით შემოაძარცვა. თეთრმა ძუძუებმა მზე აირეკლეს და კაცის დაბინდულ გონებას ახლა მხედველობა წაართვეს. რეტდასხმულმა მოძალადემ შლეგივით აძგერა ქალს ხელი ლაჯებშუა და ისიც გატყდა. სისველეს გააყოლა მთელი თავისი წინააღმდეგობა. მართალია, დიდხანს ებრძოდა, მაგრამ მერე ტკივილმა გააბრუა და სიამოვნებამ გათანგა. კაცის მხურვალე თითები გაუგონარი სისწრაფით დარბოდნენ მის ტანზე და უმოწყალოდ ჯმუჯნიდნენ მის ნაზ კანს. მთელი სხეული წითელი ლაქებით დაეფარა და ნირწამხდარი ქალიც მინებდა. მინებდა და ვგონებ, იმ წუთს არც არაფერი უნანია, რადგან ბედნიერება სწორედაც რომ დიდი უბედურების ჟამს ეწვია. გონებადაბინდული ქალი ორგაზმს ჯერი-ჯერზე განიცდიდა და სიამოვნებისაგან ცხოველურ ხმებს გამოსცემდა. კაცი კი სულ უფრო გაშმაგებით ლოშნიდა მკერდზე, ულოკავდა ტუჩებს და ქვებისგან დაკაწრულ დუნდულებს ძალზე ძლიერად უსრესდა. ქალი თავდავიწყებით კვნესოდა და მისი ჟინიანი ამაოხრებელიც წელს სულ უფრო მძლავრად იქნევდა, თითქოსდა შუაზე გაპობას უპირებსო. კაცს ორჯერ, ერთმანეთზე მიყოლებით გააკანკალა და ქალმა კი ვინ მოსთვლის რამდენჯერ დაიპყრო სიამოვნების მწვერვალი. მათმა შემყურე მზემაც თითქოს დაბლა დაიწია და ჰაერი ათმაგად დახუთა. არემარე სქესის სუნს გაენაყოფიერებინა.

თხუთმეტ წუთში კაცი მუხლებზე იდგა და ქალის ფეხებ შუა წარმნოქმნილ, სისხლის მცირე ზომის გუბეს მისჩერებოდა. ქალი გაუნძრევლად იწვა და საჩვენებელ თითს წუწნიდა. სადღაც შორს, ცაში იცქირებოდა და ჯერ კიდევ არაფერი უწყოდა თავისი იარის შესახებ. მამაკაცი რაღაცნაირად უნიათოდ წამოდგა და ეგრევე მანქანის კარებს მიაშურა. გიჟივით ჩააფრინდა საჭეს და ცალყბად გასცრა, აბა, მე რა ვიცოდი, შენ თუ ქალიშვილი იყავი. ამ სიტყვებს ქალის გონებამდე არ მიუღწევია, რადგან ის მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც სატვირთოს ძრავის ბღუილი შემოესმა. უაზროდ წამოჯდა და დალურჯებულ-გასიებული თითები სახეზე მოისვა. თმა შუბლზე მიკვროდა და ღაწვები საშინლად უხურდა, რადგან კაცის გაუპარსავ პირს დაესუსხა მისი ნატიფი კანი. მანქანა გამეტებით მიქროდა რიყეზე და უმისამართოდ ისროდა ქვებს ბორბლებს ქვემოდან. ქალს ეგონა რომ ძველ, შავთეთრ კინოსურათს უყურებდა, რომელშიც რიყეზე მსრბოლ სატვირთოს, ვიღაც ჯმუხი კაცი მისდევდა. შემდეგ იმ კაცმა ძარას ხელი ჩაავლო და მანქანას შეახტა, ხოლო მძღოლმა ფანჯრიდან გადმოყოფილი ბალნიანი ხელი მოიფხანა და გადაიპურჭყა. მერეღა გაახსენდა, რომ ისინი ორნი იყვნენ, თუმცა კი იმ მეორესთვის საერთოდ თვალი არ მოუკრავს, როდესაც ეს პირველი მას აოხრებდა. სისველე იგრძნო ლაჯებქვეშ და სისხლის გუბე აღმოაჩინა. გემო გაუსინჯა. სისხლი როგორც ყოველთვის ტკბილი და წებოვანი იყო. არ ესიამოვნა და დაიჯღანა. შემდეგ ისევ ჩააწო თითები გუბეში და რიყის ქვებს დაუწყო წითლად ღებვა. მეშვიდე რომ გააფერადა, ქვები გადმოატრიალა და მეორე გვერდზე სისხლითვე დააწერა ასოები. მერე ისინი თანმიმდევრობით დაალაგა და თავისი სახელი გამოუვიდა. რაღაცნაირად გაუხარდა, მაგრამ ამავდროულად თითქოს მობეზრდა კიდეც წითელი ქვებით თამაში და მდინარისკენ წალასლასდა. მოიძრო მკლავებზე ჩამოძენძილი კაბის ნარჩენები და წყალს მისცა სხეული. მდორე მდინარე ტანს მხოლოდ ნახევრამდე უფარავდა, მაგრამ მისთვის ესეც საკმარისი იყო, რათა ღრუბლებისთვის ეცქირა და სხვა არაფერი ეგრძნო, გარდა სასიამოვნო სიგრილისა. მომხდარზე ფიქრი არც კი უცდია, რადგან გუმანით ხვდებოდა, რომ ამისთვის მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა. უბრალოდ იწვა, დაჯმუჯნილ ძუძუებს მზეს აფიცხებდა და დამბალ ბოქვენის თმას მონოტონურად იგლეჯდა. წყალიც უმალ ღერებად შლიდა ერთ მუჭად მცურავ თმას და სხვადასხვა მხარეს მიასრიალებდა. თითქოს ტიროდა, მაგრამ არა თვალებით, რადგან ისინი მშრალი ჰქონდა. თითქოს მომავლის სჯეროდა, მაგრამ არა გულით, რადგან ის ცარიელი ჰქონდა. და თითქოს ბედნიერიც იყო, მაგრამ არა სხეულით, რადგან უცნაური იარებიდან ცოდვილი სისხლი სდიოდა. წყლიდან ამოვიდა და კაბის ნაგლეჯების გადაბმას შეუდგა. ერთგვარი პერანგი გამოუვიდა და რაღაცნაირად გაუხარდა, რომ სიშიშვლის დაფარვა მოახერხა. წელში გაიმართა და მარცხენა ხელით მზე მოიჩრდილა. მოშორებით გამავალი გზატკეცილი შენიშნა და მისკენ აიღო გეზი. დამტვრეული ქოლგა გაშალა და წავიდა...

მერე ძალინ დიდხანს ეგონა, რომ ფეხმძიმედ იყო. ერთი თვის თავზე, დაჟინებული ფიქრისა, თუ სხვა რამ მანქანების გამოისობით, ციკლი დაერღვა და ამან რწმენა ორმაგად გაუძლიერა. გადაწყვიტა, რომ სუსტად იყო, თავბრუ ეხვეოდა და გულიც ერეოდა. წოლითი რეჟიმი დაინიშნა, რადგან ნიშნები აშკარად ტოქსიკური ფეხმძიმობისა ჰქონდა და ხანგრძლივად წამოწვა. იმ კაცზე და რიყეზე მომხდარის შესახებ არავისთვის უამბნია და არც თავად შეუწუხებია თავი ამაზე ბევრი ფიქრით, რადგან ახლა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გასჩენოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩანასახი სულაც არ იყო სიყვარულის ნაყოფი, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვის გაჩენა, რაგდან მისი მწამრსიდან გამომდინარე, ის ღმერთს ვერ შესცოდავდა და მუცელს არ მოიშლიდა. იმდენად მოიწადინა მოლოგინება, რომ კუჭში გასვლისაც კი ეშინოდა, აქაოდა ჭინთვისას ნაყოფი პლაცენტას არ მოშორდეს და დენა არ დამეწყოსო. იმდენი ითმინა, რომ კარგადაც გაიბერა და ნაღდ ფეხმძიმეს დაემსგავსა. სამი თვე ასე შეკრულმა ცოტა იარა, მეტწილად იწვა და მერე კი საერთოდ ძმასთან გადავიდა საცხოვრებლად. მარტო ცხოვრებისა და გულყრების შეეშინდა, თავსა და ნაყოფს რამე ხიფათი არ მოვწიოო. რძალს კი ტყუილი უთხრა, წელკავი მჭირს და დამოუკიდებლად მიჭირს ცხოვრებაო. ჯერ ისედაც არ ჰქონდა ნერვები დალაგებული და ახლა კუჭში გაუსვლელობის ფონზე, ნამდვილ მამალ გიჟად იქცა. მართალია, შიზოფრენიკი მამიდა არავის ეპიტნავებოდა, მაგრამ ერთი პატარა ფარდული ზრდილობის გულისთვის მაინც გამოუყვეს, შეწუხდება და მალევე წავაო. თუმცა კი სცდებოდნენ, რაგდანMმეტი ფართი არც მას სჭირდებოდა და კომფორტით ხომ არც ადრე უცხოვრია. იწვა მთელი დღე თავის ფიცრის ნარზე და მომავალ შვილზე ფიქრობდა, ნეტა ქერა იქნება თუ შავტუხაო. დღე დღეს მისდევდა, საათი საათს და მისი ყოფა კი სულ უფრო ემსგავსებოდა დავიწყებულ სიზმარს. სიზმარს, რომელიც დილითაც აღარ გახსოვს. ალბათ, ამოტომაც, შეწუხებით მას არავინ აწუხებდა და ჭამით კი, ძირითადად, ლოგინის უკანა კედლიდან ჩამოფხეკილ თაბაშირს გეახლებოდათ, ვითომცდა კალცი მაკლიაო.

ასე იწვალა სამი წელი სანახევროდ კუჭში გასულმა, ციკლდარღვეულმა და ვედროებით თაბაშირნაჭამმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს მიხვდა, მემგონი, მომეშალაო და ძალიან ეწყინა. დეპრესიისთვის თავი რომ დაეღწია, საქმე გამოიგონა. გულის გადასაყოლებლად მატარებლით დაიწყო სეირნობა. არა, იმ კაცს სულაც არ ეძებდა და არც რიყის დანახვაზე უჩქარდებოდა გული. ის, უბრალოდ, მგზავრობდა და საუბრობდა. ლაქლაქებდა გაუთავებლად და ჰყვებოდა ათას ტყუილსა თუ მონაგოს. ამბობდა, რომ ვითომ, ორი შვილის, ქალ-ვაჟის, დედა იყო. ქმარი ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ომში ჰყავდა დაღუპული და ახლა გარდაცვლილი მეუღლის დამპალ ნათესაობას ეჭიდავებოდა კუთვნილი ბინისათვის. თუმცა, ვგონებ, თავადვე სჯეროდა საკუთარი გამონაგონის და ეს, ალბათ, მისგან გასაკვირიც არ იყო. ასე და ამგვარად, აბრუნებდა ერთსა და იმავეს, გაფუჭებული პარეფონივით. დააყენებდა ხოლმე უშველებელ ბაქიბუქას და მერე, სადაც თავში გადაუტრიალდებოდა, იმ სადგურში ჩადიოდა, ყოველგვარი ნახვამდისა და კარგად მენახეს გარეშე. მოიცდიდა რამდენიმე საათს, სანამ მომდევნო მატარებელი ჩამოდგებოდა და მერე კვლავ იგივე მეორდებოდა, ოღონდ ახლა უკვე უკანა გზაზე. ბოლოს მივიდოდა სახლში დაღლილ-გაოხრებული და მიეგდებოდა თავის ფიცრულ ნარზე. გადაჰკიდებდა თავს უკან და იწყებდა ახალი ამბის მოგონებას ხვალინდელი დღისთვის. ჩემი შვილი სინგაპურის ფიზიკოსთა ოლიმპიური ოქროს მფლობელია და...

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / შერვაშიძე გიორგი / სხვისი ცხოვრება