შველიძე დიტო

მოთხრობები 

 

 

ბლენჰეიმების საგვარეულო სახლი

გრაფტონის უნივერსიტეტი

უცნაური შემთხვევა ჩარლზსტონის დასახლებაში  

 

 

 

ბლენჰეიმების საგვარეულო სახლი

 

მსურს მოგითხროთ ერთი უცნაური შემთხვევის შესახებ, რომელმაც პატარა დასახლება დარსტონის მოსახლეობა გვარიანად შეაშინა, ხოლო ქალაქის უფროსი საგონებელში ჩააგდო. ჟურნალ-გაზეთებში არ წყდებოდა ამ შემთხვევისადმი საგანგებოდ მიძღვნილი სტატიების ბეჭვდა, რომლის ერთ-ერთი მთვარი გმირი, სრულიად მოულოდნელად, მეც აღმოვჩნდი.

ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ უნივერსიტეტში ხანმოკლე დასვენების გამოცხადების შემდეგ, დარსტონის დასახლებას ვესტუმრე. მსურდა რამდენიმე დღე ჩემს მშობლიურ ქალაქში გამეტარებინა და ცოტა ხნით სწავლაზე აღარ მეფიქრა. სახლში, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ ჩემმა ბაბუამ ააშენა, ახლა მხოლოდ მე და ერთი მოხუცი, მოსამსახურე ქალბატონი ვიმყოფებოდით. ჩემი ჩამოსვლის დღისთვის მოსამსახურემ, მისის მედფორდმა, სახლი საგანგებოდ დაასუფთავა და რადგან უკვე გვიანი შემოდგომა დამდგარიყო, ბუხარიც სასწრაფოდ დაენთო.

მისის მედფორდი დიდი ხნის განმავლობაში ჩემ მშობლებსაც ემსახურებოდა და ის თითქმის ოჯახის წევრადაც კი ჰყავდათ მიღებული.

დედას მისის მედფორდი განსაკუთრებით უყვარდა. მართალია, დრომ თავისი კვალი ყველაფერს დაამჩნია, მაგრამ დარსტონში ჩამოსვლასთან ერთად სახლის კარები მოხუცმა ჩვეული, თბილი გამომეტყველებით გამიღო.

– მისტერ ედმონ! – გაუხარდა ქალბატონს და მოუხედავად იმისა, რომ მხრებამდეც კი ვერ მწვდებოდა, შეეცადა გადამხვეოდა – ღმერთო, როგორ გაზრდილხართ! უკვე ორი წელია რაც აღარ მინახიხართ! მისის ედმონი როგორ არის? – მოსამსახურემ ახლაღა იგრძნო ღამე რომ იყო და საკმაოდ ციოდა. ამიტომ, მან სახლში სასწრაფოდ შემიშვა და სასტუმრო ოთახისაკენ გამიძღვა.

– აქეთ რა ხდება მისის რედფორდ? დარსტონში ხომ მშვიდობაა?! – ვკითხე ღიმილით, როცა მოსამსახურის გაბრწყინებულ სახეს ვუყურებდი.

– აი დაბრძანდით – არც მომისმინა ქალმა და ბუხართან ყველაზე ახლოს მდგარი სავარძლისკენ მიმითითა. როცა მისი მოთხოვნა შევასრულე, მხოლოდ მერე მიპასუხა:

– ჩვენსკენ მშვიდობაა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მამათქვენი ბოლოს ერთი კვირის წინ იყო აქეთ. ქალაქის თავს შეხვდა – მისის მედფორდი ჩაფიქრდა– დიახ, კიდევ პროფესორმა რიჩარდ ჩარლზსტონმა ორი კვირის წინ, დარსტონთან ახლოს, საკუთარი მამული შეიძინა

ამ ინფორმაციამ მეც ძალიან დამაინტერესა.

პროფესორი ჩარლზსტონი იმავე უნივერსტეტში მუშაობდა, სადაც მე ვსწავლობდა. საკმაოდ მდიდარი და ცნობილი ადამიანი გახლდათ. მე მხოლოდ ოცდასამი წლის ვიყავი და მასთან გასაუბრების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენჯერმე თუ მოვახერხე. ისიც ძირითადად იმ დროს, როცა სასადილოს რიგში ერთად მოგვიწია დგომა. მაშინაც მხოლოდ იმაზე საუბრობდა, თუ რამდენად უტვინო იყო სასადილოს უფროსი და რომ აუცილებლად იშუამდგომლებდა რექტორთან მის გადაყენებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, პროფესორმა დანაპირები არ შეასრულა, რადგან საკმაოდ გულკეთილი პიროვნება იყო და ძალიან უყვარდა თავგადასავლები. სისხლის სამართალში ლექციის დროს არაერთხელ მოუყოლია სხვადასხვა კრიმინალის შესახებ, რომელთა დაკავებაშიც მასაც მიუძღოდა გარკვეული წვლილი.

– დარსტონთან ახლოს რაიმე მამული მდებარეობს მისის მედფორდ? – დავინტერესდი. ამასობაში მოსამსახურეს ჩემთვის უკვე ჩაი გაემზადებინა და წინ, მაგიდაზე დაედგა. მე მოსასხამი გავიხადე და იქვე დივანზე დავდე. მისის მედფორდი ჩემთან ახლოს ჩამოჯდა.

– როგორ არა, დარსტონიდან ოცი კილომეტრითაც არ იქნება დაშორებული. თუ არ მეშლება მე-18 საუკუნის ბოლოს ააშენეს. საკმაოდ დიდი სახლია. აქამდე ბლენჰეიმების ოჯახს ეკუთვნოდა.

ახლა კი პროფესორის ხელში გადავიდა. ამის შესახებ პირველად მამათქვენმა მითხრა, როცა ქალაქის თავს ხვდებოდა. პროფესორი ჩარლზსტონი მისულა და გაუცვნია.

– საინტერესოა – ვთქვი და ჩაი მოვსვი. ახლაღა ვიგრძენი გარეთ როგორ ციებულა და სახლში ნელ-ნელა რომ ვთბებოდი.

ამასობაში სასტუმრო ოთახში ჩამოკიდებულმა საათმა დაიწკრიალა, რაც ნიშნავდა, რომ უკვე თერთმეტი გამხდარიყო. მისის მედფორდი ფეხზე ღიმილით წამოდგა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად სახელით მომმართა:

– ერიკ, დროა დაწვე და დაიძინო. მთელი დღე გზაში იყავი და დასვენება გჭირდება.

შენი ოთახი უკვე მოგიმზადე. მეც მალე დავწვები.

მე მადლობა გადავუხადე, ძილი ნებისა ვუსურვე და მეორე სართულზე ერთ, საკმაოდ უბრალოდ მოწყობილ საძინებელში შევედი. ოთხ საათიანი, საკმაოდ მომქანცველი მგზავრობის შემდეგ, ვგრძნობდი, რომ დასვენება მართალაც მესაჭიროებოდა. წამოღებული პატარა ჩემოდანი იქვე სკამზე მოვათავსე და გამოვიცვალე. რამდენიმე წუთში შუქი ჩავაქრე და დასაძინებლად დავწექი. პირველი სართულიდან ჯერ კიდევ ისმოდა მოსამსახურის ფეხის ხმა. ძილის წინ ის ფანჯრებს და კარებებს ამოწმებდა.

მე გამეღიმა და მალევე ღრმად ჩამეძინა. პატარა ეჭვიც არ გამჩენია, რომ წინ საკმაოდ უცნაური და არცთუ ისე სახალისო თავგადასავალი მელოდა.

მეორე დილით, როცა გავიღვიძე, მზე უკვე დიდი ხნის ამოსული იყო და მისი სხივები ჩემი ოთახის საძინებელშიც ადვილად აღწევდა. მე იმ წამსვე საათს დავხედე. უკვე ცხრა სრულდებოდა. ამიტომ, სწრაფად ავდექი, გამოვიცვალე და სასაუზმოდ პირველ სართულზე დავეშვი. არ შევმცდარვარ, მისის მედფორდი თავისი ასაკის მიუხედავად ისევ შვიდზე ამდგარიყო და მაგიდა საგანგებოდ გაეწყო. სამზარეულოში გასავლასთან ერთად მოსამსახურე სწრაფად შემოტრიალდა და თავისი ოქროსფერი სათვალე შეისწორა.

– დილა მშვიდობის ერიკ – გაიღიმა ქალბატონმა – იმედი მაქვს კარგად გეძინა

– დიდი მადლობა მისის მედფორდ.

დიახ, ბისმარკიდან მგზავრობამ საკმაოდ დამღალა გუშინ. ახლა არა მიშავს. გამოვიძინე.

ორივენი სასაუზმოდ დავსხედით. მოსამსახურეს ამ დროს არ უყვარდა საუბარი, უკულტურობად მიაჩნდა, მაგრამ ერთი კი მაინც მკითხა:

– რამდენი ხნით აპირებ დარსტონში დარჩენას ერიკ?

– ალბათ ორი კვირით – დავფქირდი და განვაგრძე – ესეც იმ შემთხვევაში, თუ უნივერსტეტში სალექციო პერიოდი დროზე ადრე არ დაიწყება. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ აუცილებლად მაცნობებენ.

ამის შემდეგ ორივემ ჩუმად ვისაუზმეთ. მისის მედფორდი გასაოცარი მზარეული იყო.

მისი გაკეთებული ვაშლის ღვეზელი ჯერ კიდევ მაშინ მიყვარდა, როცა ექვსი წელიც არ შემსრულებოდა.

ზოგადად, დარსტონის დასახლება არ გახლდათ დიდი. ეს პატარა ქალაქი ვრცელ, მწვანე ბალახით შეფენილ მინდორზე გაეშენებინათ. ქალაქის შემოსასვლელში პატარა დაფა ჯერ კიდევ ეკიდა, რომელსაც წინა ღამითაც მოვკარი თვალი. დაფაზე ოქროსფერი ასოებით აღნიშნული იყო წელი, როცა დარსტონი დაარსდა : “1709”

ჩემი სახლი დარსტონის ცენტრიდან, იქ სადაც ქალაქის თავის რეზიდენცია გახლდათ, არც თუ ისე მოშორებით იდგა.

საუზმობის შემდეგ ვაპირებდი ქუჩებში გამევლო და ჩემი ბავშვობის მეგობრები მენახა. ბევრი მათგანი უკვე ამ დასახლებიდან დიდი ხნის წინ წასულიყო და ჩემსავით გაცილებით დიდ ქალაქ ბისმარკში დაედო ბინა. მაგრამ იყვნენ, ასევე ადამიანები, ვინც ცხოვრებას ამ მშვიდ დასახლებაში ამჯობინებდა.

სწორედ მათთან შეხვედრას გადამეწყვიტა დღეს.

საუზმობის შემდეგ, რადგან ჯერ კიდევ დილა იყო, გადავწეყვიტე აქაური გაზეთებისთვის გადამევლო თვალი. ამიტომ სასტუმრო ოთახში, ჩემს საყვარელ, მუქ კრემისფერ დივანზე მოვკალათდი და ფოსტალიონის მიერ დილაუთენია მოტანილი გაზეთი გადავშალე. ათი წუთი ვათვალიერე იმ იმედით, რომ რაიმე საინტერესო სტატიას გადავაწყდებოდი, მაგრამ ამაოდ. იდუმალებით მოცული და ამოუხსნელი შემთხვევები დარსტონის დასახლებისთვის სრულიად უცხო რამ გახლდათ. იმდენად რამდენადაც ყველა-ყველას იცნობდა და უცხო იშვიათად თუ დასახლდებოდა აქ, დანაშაულს თითქმის არავინ ჩადიოდა. უნივერსტეტში ამ ოთხი წლის განმავლობაში ისე მივეჩვიე ლექციებზე შავბნელი ისტორიების მოსმენას, რომ სიმართლე გითხრათ, ჩემი ინტერესი ასეთი ამბებისადმი დღითი-დღე იზრდებოდა.

მისის მედფორდი, რამდენადაც მემდეგ დავასკვენი, მეზობელთან გასულიყო, რადგან საუზმობის შემდეგ მისთვის თვალი აღარ მომიკრავს.

გაზეთი უკვე დახურული მქონდა და გასეირნებას ვაპირებდი, რომ უცებ, კარებზე კაკუნი შემომესმა. იმ წამსვე წამოვდექი და გასაღებად გავეშურე. მოსამსახურის მაგივრად, ხელში უცნობი, ასაკოვანი მამაკაცი შემრჩა. სიმაღლით ჩემხელა იყო, მე თვითონ კი საკმაოდ მაღალ კაცად მთვლიდნენ. უცნობს მკაცრი, არწივისებური გამოხედვა ჰქონდა, მაგრამ საუბარში დაეტყო, რომ არანაკლებ თავაზიანიც გახლდათ:

– მისტერ ერიკ ედმონი ბრძანდებით? – იკითხა უცნობმა და როცა დავუდასტურე მე ვარ-თქო, იმ წამსვე განაგრძო – გთხოვთ მაპატიოთ ასეთ შეუფერებელ დროს რომ გაწუხებთ. იმედი მაქვს არ გაგაღვიძეთ. არც წამოვიდოდი, ეს რომ ჩემი უფროსის დაჟინებული თხოვნა არ ყოფილიყო.

– გთხოვთ ამაზე ნუ ინერვიულებთ. დილით ადგომას დიდი ხანია რაც მივეჩვიე. – გავიღიმე მე– ესე იგი თქვენმა უფროსმა გამოგზავნათ. რასთან დაკავშირებით და ვინ არის ის?!

– როგორც ვიცი, თქვენ პროფესორ რიჩარდ ჩარლზსტონს იცნობთ ხომ ასეა?! სწორედ მან გამომგზავნა და მთხოვა ეს წერილი გადმომეცა – უცნობმა ჯიბიდან ღერბდასმული კონვერტი ამოიღო – მთხოვა ეს წერილი გადმოცემისთანავე წაიკითხოთ.

მე, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ნეტავ საიდან გაიგო პროფესორმა, რომ დარსტონში ვიმყოფებოდი, ან რაში ვჭირდებოდი ასეთ ცნობილ და მდიდარ ადამიანს მე საერთოდ. უცნობს წერილი უნდობლად გამოვართვი. ახლაღა შევამჩნიე, რომ ქუჩაზე მანქანა ილოდებოდა და ეს კაცი ალბათ მძღოლი უნდა ყოფილიყო.

მისი მკაცრი და კლასიკური ჩაცმულობა მხოლოდ ამაზე თუ მიუთითებდა.

მე კონვერტი სწრაფად გავხსენი და პატარა ფურცელი ამოვიღე. რიჩარდის ხელწერას ადვილად ვარჩევდი. პროფერსორის ლექციებს ხშირად ვესწრებოდი და მის საგანში საკმაოდ ძლიერ სტუდენტად ვითვლებოდი. მიუხედავად ამისა, პროფესორთან პირადად გასაუბრებას თითქმის ვერასდროს ვახერხებდი.

რიჩარდ ჩარლზსტონს ხელით მოეწერა:

“მოგესალმებით მისტერ ედმონ. გთხოვთ ნუ გაგიკვირდებათ ის, თუ საიდან გავიგე თქვენი დარსტონში ყოფნის შესახებ. პასუხი სრულიად მარტივია.

ეს მამათქვენმა შემატყობინა, როდესაც ერთმანეთი გასულ კვირას გავიცანით.

მისტერ ედმონ, როგორც თქვენ ალბათ უკვე იცით, მე ამ ორი კვირის წინ მამული შევიძინე. თქვენგან ძალიან ახლოს, სადაც ამჟამად ჩემს ქალიშვილთან ერთად ვისვენებ. იმდენად, რამდენადაც თქვენ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ სტუდენტად ითვლებით მესაჭიროება თქვენი გადაუდებელი დახმარება. როდესაც შეგხვდებით, ყველაფერს დაწვრილებით მაშინ აგიხსნით. ახლა კი, უმორჩილესად გთხოვთ მძღოლს გამოჰყვეთ და ორი დღე ჩემს მამულში დაჰყოთ, დარდი ნურაფერზე გექნებათ. ყველაფერი ადგილზე დაგხვდებათ და ამასთან ერთად, ჩემს ქალიშვილსაც მისს ელის ჩარლზსტონსაც გაგაცნობთ” პატივისცემით, პროფესორი რიჩარდ ჩარლზსტონი.”

თვალებს არ ვუჯერებდი.

ესეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ პროფესორს ჩემი დახმარება ესაჭიროებოდა. თან ასე გადაუდებლად. მან თავისი მძღოლი გამომიგზავნა და ორი დღე იქ უნდა გამეტარებინა. ამ ამბავმა, გარკვეულ წილად, აღტაცებაში მომიყვანა და ცოტა არ იყოს, დამაშინა.

– მისტერ ედმოდ, ჩემი უფროსი თქვენზე დიდ იმედს ამყარებს. გთხოვთ ნუ გააწბილებთ და წამომყვეთ – მძღოლი მუქ ლურჯ მანქანაში ჩაჯდა.

უნივერსიტეტის ცხოვრებამ კიდევ ერთ, მნიშვნელოვან რამეს მიმაჩვია: გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას.

– რათქმაუნდა ეს ყველაფერი ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ ბატონ რიჩარდს ჩემი დახმარება ჭირდება, მე მის სამსახურში მიგულეთ.

ბედად, იქვე ჩემსკენ მომავალი მისის მედფორდი შევნიშნე. ორ წუთში ავუხსენი ყველაფერი. ქალბატონმა გაოცება ვერ დამალა იმით, რომ მე ბლენჰეიმების ყოფილ მამულში მეპატიჟებოდნენ.

ის იყო ნივთების ასაღებად უნდა შევსულიყავი სახლში, რომ მძღოლმა მომაძახა:

– დრო არ ითმენს მისტერ ედმონ. ყველა ნივთი ადგილზე დაგხვდებათ, თუ არა, ჩემი უფროსი იზრუნებს, რომ ისინი თქვენ დროულად მიიღოთ – მძღოლი წამდაუწუმ საათს დაჰყურებდა და ადგილზე წრიალებდა. მე აღარ შევეპასუხე. მისის რედფორდს დავემშვიდობე და ფიქრებში გართული მანქანაში ჩავჯექი. ის სწრაფად დაიძრა და რიჩარდ ჩარლზსტონის ახალი მამულისაკენ აიღო გეზი.

დარსტონიდან პროფესორის სახლამდე მხოლოდ ნახევარი საათის სავალი თუ იქნებოდა. გზაში მძღოლს არ გამოვლაპარაკებივარ.

ვიყურებოდი გარეთ და ბავშვობა მახსენდებოდა. ქალაქიდან რომ გავსულიყავით, მისი ცენტრი უნდა გაგვევლო. როდესაც ფართო ქუჩაზე შევუხვიეთ, იმ წამსვე შევნიშნე უზარმაზარი და სხვებისგან გამორჩეული სახლი. ეს იყო აქალაქის უთავის რეზიდენცია. პატარობისას დედას ამ ადგილებში თითქმის ყოველდღე დავყავდი. ეს შენობაც მაშინ სასტუმროს ფუნქციას ასრულებდა და ირგვლივ უამრავი ხალხი მიმოდიოდა. მათგან უმრავლესობას ჩვენც ვიცნობდით და ასე მხიარულებაში მიდიოდა ჩემი ბავშვობა.

როცა ცენტრალურ ქუჩაზე გავედით, ქალაქის თავს იმ წამსვე მოვკარი თვალი. გაბადრული სახით თავისი რეზიდენციის წინ იდგა და ულვაშებაცახცახებული მოსახლეობას ესალმებოდა.

მალე, ქალაქი დარსტონი უკან მოვიტოვეთ. ვიწრო და სწორი გზა არცთუ ისე ხშირი ტყის შუაში გადიოდა. მძღოლს მუსიკა დაბალ ხმაზე ჩაერთო და თავისთვის რაღაცას ღიღინებდა.

თხუთმეტი წუთიც არ იქნებოდა გასული, როცა გზამ მარცხნივ გადაუხვია, ტყიდან გამოვიდა და პირველად გამოჩნდა ბლენჰეიმების ყოფილი მამული.

ამ ადგილებმა შორიდანვე აღტაცებაში მომიყვანა. ეს იყო რამდენიმე ჰექტარ მიწაზე გადაჭიმული და ღობეშემოვლებული ადგილი, რომლის შუაშიც საკმაოდ დიდი და შთამბეჭდავი სახლი იდგა.

ჩემმა დაკვირვებულმა მზერამ ისიც შეამჩნია, რომ ეს სახლი დიდი ხნის განმავლობაში არავის გაურემონტებია. ამაზე მიუთითებდა რამდენიმე ადგილას უმნიშვნელოდ დამსკდარი კედლები, ერთი-ორგან დაბზარული შუშები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი სრულებითაც არ უშლიდა ხელს იმ აზრის არსებობას, რომ ამ ადგილის მეპატერონე დიდძალი სიმდიდრის მფლობელი უნდა ყოფილიყო.

ჭიშკარს რომ მიუახლოვდით, მძღოლმა მანქანა გააჩერა და გარეთ გადავიდა. ის იქვე, შავებში გამოწყობილ მოხუც კაცს გაესაუბრა. ორივეს საკმაოდ სერიოზული და შეწუხებული სახე ჰქონდათ. მალევე, მძღოლი მანქანაში დაბრუნდა, ხოლო მოხუცმა კარები გაგვიღო.

– ხომ მშვიდობაა? – ვკითხე მე

– რაღაც ამბავია. ზუსტად არ ვიცი რა, მაგრამ მალე გავარკვევთ – სარკეში შევნიშნე, რომ მძღოლს სახე გაფითრებოდა.

ამასობაში, ჭიშკარი უკან მოვიტოვეთ, მდინარეზე გადებული ხიდი გადავიარეთ და სახლის მთვარ შესასვლელთან გავჩერდით. როგორც კი გარეთ გავიხედე, მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მომხდარიყო. ჩვენს გარდა კიდევ ორი პოლიციის მანქანა იცდიდა. პოლიციელები გარეთ გამოსულ ოთხ ადამიანს ესაუბრებოდნენ. პროფესორი ჩარლზსტონი მათში არ ერია. გარეთ, როგორც შემდეგში გავიგე, იდგნენ ორი ახალგაზრდა მოსამსახურე გოგონა, ერთი რიჩარდის პირადი დამხმარე, ხნიერი კაცი და მისს ჩარლზსტონი.

გოგონას, რომელსაც ოცი წელიც არ შესრულებოდა, სახე ერთიანად გაფითრებოდა და ხელები უკანკალებდა. სახით მამას ჰგავდა. საკმაოდ ლამაზ და ძვირფას, წითელ კაბაში გამოწყობილი პოლიციელებს რაღაცას უხსნიდა. მისს ჩარლზსტონით იმ წამსვე მოვიხიბლე და მანქანიდან გადმოსვლაც კი დამავიწყდა. ბოლოს, გონს მოვეგე და მძღოლის თანხლებით სახლის კარებთან თავმოყრილ ხალხთან მივედით.

– რა ამბავია კეტრინ, ლიზა? – იკითხა შეწუხებულმა მძღოლმა და ქუდი მოიხადა. მე ჩუმად ვიდექი და მისალმებასაც ვერ ვბედავდი. ყველამ ახლა მზერა ჩემსკენ გადმოიტანა.

– არ ვიცი რა ვიფიქროთ! – ორი ახალგაზრდა მოსამსახურე გოგონა მძღოლს მიუახლოვდა– პროფესორი დღეს დილით სადღაც გაუჩინარდა! ვერავინ იპოვა! – აკანკალებული ხმით თქვა ერთმა.

– მთელი სახლი მოვიარეთ, სარდაფებიც კი ვნახეთ.

არსადაა! მეეზოვე და სახლის მცველები გვარწმუნებენ, რომ მისთვის თვალი არც ღამით და არც ამ დილით არ მოუკრავთ. მითუმეტეს, რომ ამ პერიოდში მისტერ ჩარლზსტონი არც გეგმავდა არსად წასვლას.

ამ ამბავმა თავზარი დამცა. იმ წამსვე წერილი გამახსენდა: “თქვენი დახმარება მჭირდება”. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს პროფესორს იმედი გავუცრუე და დავაგვიანე.

– გასაოცარია! – აღმოხდა მძღოლს – ჩემი უფროსი ყოველთვის მე მიძახდა, როცა კი თავის მამულს ტოვებდა. ამ სახლში ხომ მას ჯერ სხვა მანქანა არ ემსახურება?!

– სწორედ მაგის გასარკვევად ვართ ჩვენც – უკმაყოფილოდ დაიფრუტუნა ერთ-ერთმა პოლიციელმა.

მე კვლავ ჩუმად ვიდექი და მხოლოდ ახლაღა ვიგრძენი მისს ჩარლზსტონის დაჟინებული მზერა.

– თქვენ ალბათ ერიკ ედმონი ბრძანდებით! გუშინ მამაჩემმა თქვენს სახელზე წერილი დაწერა – თქვა გოგონამ

– დიახ, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად მთხოვა მის სახლში ორი დღე გამეტარებინა. მას რაღაც დახმარება ესაჭიროებოდა.

ეს ამბავი ყველას გაუკვირდა. პოლიციელებმა გადაწყვიტეს დავეკითხე, მაგრამ მისს ჩარზსტონმა თხოვა ეს ამბავი შემდეგისთვის გადავდოთო.

პოლიციელებმა უკამყოფილოდ დატივეს იქაურობა. ისინი ელისს შეპირდნენ, რომ მამამისის ძიებას მათი განყოფილება დილიდანვე შეუდგებოდა.

მე თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი და მისს ჩარზსტონს მივმართე

– სრულიად შეუფერებელ დროს გესტუმრეთ. ალბატ აჯობებს უკან დავბრუნდე.

– არავითარ შემთხვევაში. ეს მამაჩემის თხოვნა იყო აქ მოსულიყავით. შემობრძანდით – რიჩარდის ქალიშვილი აფორიაქებული და სევდიანი იყო. ის სახლში შევიდა და მეც მას შევყევი.

მე უკან ერთ-ერთი მსახური გოგონა გამომყვა.

– კი მაგრამ მისს ჩარლზსტონ, მე წარმოდგენაც არ მაქვს მამათქვენს რა დაემართა. მე მხოლოდ ეს წერილი მივიღე დღეს დილით – ჯიბიდან, ამ დროს, რიჩარდის გამოგზავნილი კონვერტი ამოვიღე.

გოგონამ შემომხედა და სევდიანად გამიღიმა.

– მამამ თავისი წერილი მეც წამაკითხა, მაგრამ არ მითხრა თქვენგან რა დახმარებას ელოდა. ახლა კი, კეტრინ, მისტერ ედმონს თავისი ოთახი უჩვენე. ალბათ დაღლილი იქნებით და შემდეგ ვისაუბროთ.

ელისმა დამტოვა და გარეთ გავიდა. მე მოსამსახურემ მანიშნა მომყევითო და მას გავყევი. ჯერაც ნორმალურად ვერ გამეაზრებინა რა ხდებოდა საერთოდ აქ. მოსამსახურეს უკან მიმავალმა მხოლიდ ახლაღა შევხედე სახლის მორთულობას.

მთავარი კარიდან, თავდაპირველად, უძვირფასესად მორთულ მისაღებში აღმოვჩნდი. დარბაზის კედლებს უამრავი სხვადასხვა ზომის სურათი ამშვენებდა. როგორც მივხვდი, ყველა ძველი და ხელით შესრულებული იყო. მარმარილოს იატაკზე ფეხის ხმა ექოსავით ისმოდა. დარბაზის ბოლოს მეორე და მესამე სართულებზე ამავალი კიბე იწყებოდა. მოსამსახურე კეტრინი სწორედ მესამე სართულზე ერთ, საკმაოდ დიდ საძინებელში შემიძღვა და ხმადაბლა მითხრა:

– თუ რაიმე დაგჭირდებათ, მე მომმართეთ – მოსამსახურე სევდიანი სახით დაბლა დაეშვა. ალბათ რიჩარდის ძებნა უნდა განეგრძო.

მე კი ოთახში მარტო დავრჩი და ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი. სრულიად დაბნეული ვიყავი.. არ ვიცოდი რისთვის მომიყვანეს აქ და რატომ მტოვებდნენ, თუ ოჯახში ასეთი ამბავი ხდებოდა. თუმცა, მისს ჩარლზსტონს უარი ვერ ვუთხარი, რადგან მისმა სილამაზემ და დაჟინებულმა მოთხოვნამ თითქოსდა დამამუნჯა.

არსებობდა ერთი პრობლემა. მე ჩემი ნივთების წამოღება ვერ მომესწრო. თუკი აქ ორი დღე მომიწევდა ყოფნა, მაშინ სხვა ტანსაცმელიც აუცილებლად დამჭირდებოდა. მე ფეხზე წამოვდექი და ორგვლივ მიმოვიხედე.

ვერც კი დავიჯერე ასეთ ძვირფასად გაწყობილ ოთახში თუ უნდა დამეძინა. მისი შედარება მხოლოდ ბისმარკის ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროს ოთახთან თუ შეიძლებოდა. ყველაზე თვალშისაცემი ნივთი საძინებელში იყო ყავისფერ კარადასთან ახლოს, ზედ კედელთან მიმდგარი თეთრი ლომის ქანდაკება. ქანდაკების მაღლა კი უზარმაზარი სურათი ეკიდა, რომელზეც ნადირობის სცენა აღებეჭდათ. ამ ყველაფერმა აღტაცებაში მომიყვანა.

პირველად ფანჯარაში გავიხედე.

იქიდან სახლის უკანა ხედი იშლებოდა: ვრცელი მინდვრები და შორს, ტყით შეფენილი გორაკები. შემდეგ კარადა გამოვაღე და თვალებს არ დავუჯერე.

ის სავსე იყო ჩემთვის აუცილებელი და საკმაოდ ძვირადღირებული ტანსაცმლით. კარადის გვერდით, სკამზე პატარა ფურცელს მოვკარი თვალი. “სპეციალურად ერიკ ედმონს. რაც კი დაგჭირდათ ამ კარადაში იპოვით.” ესეც რიჩარდის მიერ იყო დაწერილი. სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე თავი წესრიგში მომეყვანა და შემდეგ ელის ჩარლზსტონთან ჩავსულიყავი. იქნებ მეც რამენაირად დავხმარებოდი მამამისის პოვნაში.

საძინებელში დაკიდებული საათი ორს უჩვენებდა, როცა გადავწყვიტე დაბლა ჩავსულიყავი და მისს ჩარლზსტონს გავსაუბრებოდი.

საძინებლიდან გამოვედი და გრძელ დერეფანში აღმოვჩნდი. ჩემი ოთახის წინ და მის გვერდით კიდევ ორი საძინებელი გაეკეთებინათ, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი ვის ეკუთვნოდა ის. კარები მოვხურე და დერეფანს გავყევი. ირგვლივ სიჩუმე გამეფებულიყო. ერთი კი გავიფიქრე, ალბათ როგორი მოსაწყენი იქნება ამხელა სახლში მარტო ცხოვრება -თქო. ამ ფიქრებში გართული ფართო კიბეს მივადექი და მეორე სართულზე ჩავედი. აქაც მსგავსი დერეფანი დამხვდა.

მის ერთ ბოლოში თვალი მოვკარი მოსამსახურე გოგონას, რომელიც ერთ-ერთ ოთახში შევიდა და სწრაფად გაუჩინარდა. მე დაბლა დავეშვი და მთავარ მისაღებში ჩავედი. ახლა კი, ნამდვილად არ ვიცოდი მისს ელისი სად მომეძებნა. ჩემს წინ შემოსასვლელი კარები აღმართულიყო, რომელიც ახლა ფართოდ გაეღოთ. გარეთ მუქი ლურჯი ფერის მანქანა შევნიშნე, მაგრამ მძღოლი კი არსად ჩანდა. ამ დროს, მისაღები ოთახის მარცხენა მხრიდან, რაღაც ხმადაბალი და ყრუ საუბარი შემომესმა. მე იქით გავემართე.

წითელი ხის კარები გამოვაღე და ვიწრო დერეფანს გავყევი. იქაც კიდევ ერთი კარი დამხვდა. საუბარი უფრო მკაფიოდ მესმოდა. ორი ქალი ხმადაბლა რაღაც საკითხს განიხილავდა. მათ შორის ერთი მისს ელისი უნდა ყოფილიყო. მე კარებზე დავაკაკუნე და დაველოდე.

– მობრძანდით -მითხრა ნაცნობმა ხმამ.

მე კარი შევაღე და შევედი.

ჩემდა გასაკვირად, ერთ საკმაოდ დიდ ოთახში აღმოვჩნდი, რომელსაც უფრო ბიბლიოთეკას თუ ვუწოდებდი. ყველა კედელთან მაღალი კარადა დაედგათ, რომელიც სავსე იყო ძველი, თუ ახალი წიგნებით. ოთახის შუაში გრძელ მაგიდას მოვკარი თვალი, რომელთან ახლოსაც მისს ელისი და მეორე მოსამსახურე გოგონა შევნიშნე.

– გამარჯობათ მისტერ Eედმონ – სევდიანად გამიღიმა გოგონამ – მობრზანდით. მე და თქვენ სასაუბრო გვაქვს. ლიზა, თუ შეიძლება დაგვტოვე და თუ პოლიციელები მოვლენ, აუცილებლად შემატყობინე.

მოსამსახურემ ოთახი დატოვა. მე და მისს ჩარლზსტონი კი მაგიდის უკან მდგარ სავარძელში დავსხედით. იქვე, პატარა ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა და მისი მხურვალება ჩემამდეც აღწევდა.

– მამათქვენის შესახებ ახალი არაფერია? ხომ ვერ გაარკვიეს სად არის? – ვკითხე გოგონას.

– არა, არაფერი. დილით მისი საძინებელი დაულაგებელი დაგვხვდა. ცნობაც არ დაუტოვებია და დაცვასაც არ შეუნიშნავს. არ ვიცი რა ვიფიქრო – ერთ წუთს მომეჩვენა, რომ ელისი ტირილს აპირებდა, მაგრამ შევცდი.

– მისს ჩარზსტონს, ეს წერილი პროფესორმა როდის დაწერა ჩემს სახელზე?

– გუშინ გვიან ღამით. ამ ოთახში იჯდა, როცა შევედი. მამა მძღოლს უხსნიდა რაღაცას.

სწორედ მაშინ წამაკითხა ეს წერილი და თქვენს შესახებ მომიყვა. ის თავის საუკეთესო სტუდენტად გთვლით. მაგრამ მან არ ამიხსნა, თუ რა დახმარებას ელოდა თქვენგან. შემპირდა ხვალ მის თანდასწრებით შენც გეტყვიო. – მისს ჩარლზსტონი ფეხზე წამოდგა და წიგნების ერთ-ერთ კარადას მიუახლოვდა.

მე წამით ჩავფიქრდი.

 

1 2 3 4 5 6 7 8
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / შველიძე დიტო / მოთხრობები