ჩანტლაძე შოთა 

 

მოთხრობები

 

 

 

“ნემეცკი შჩოტი“

ერთი შემთხვევა

ჭადრაკის მსხვერპლი      

 

 

 

“ნემეცკი შჩოტი“

 

 

 ელენე იყო 55 წლის ქვრივი. მის ერთადერთ ოთახში ბინადრობდა თვითონ და ორი მსუქანი კატა. იგი ქმრის პენსიით ცხოვრობდა და სხვა არავითარი შემოსავალი არ გააჩნდა. ამ სართულის ყველა ბინადარი ქალი ელენესთან იყრიდა თავს.

 

ეს ხდებოდა საღამოს, როდესაც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ ისინი. იმართებოდა ლოტოს, ნარდისა და კარტის თამაში. იყო მხიარულება და სიცილი. ქალური აზარტი და მონდომება. თითქმის ყველა მათგანი მსუქანი იყო. თითქმის ყველა მათგანი სათვალეს ხმარობდა. მათი თქმით ახალგაზრდობაში ყველანი ლამაზები იყვნენ და ყველას შეუფერებელი ქმრები ყავდათ.

 

ისინი ისხდნენ და თამაშობდნენ ლოტოს, კარტს და ნარდს. უფრო კი ნარდს. ისინი გვიან ღამემდე არ წყვეტდნენ თამაშს და თუ შეწყვეტდნენ, მაშინ იმართებოდა დავა მოგებულსა და წაგებულს შორის. ეს ზოგჯერ იქამდე მიდიოდა, რომ ისინი სიტყვის დასამტკიცებლად, ისევ ანახლებდნენ თამაშს. ამ დროს თამაშს მეტი ინტერესი ქონდა. თამაშობდა ორი. დანარჩენები დაძაბულად ადევნებდნენ თვალს, სათვალეები მისდევდა კამათლებს.

 

კამათელი გორდებოდა გულიდან, კამათელი გორდებოდა გულში, კამათელი ტრიალებდა როგორც ბედი. კარნახის უფლება არავის არ ჰქონდა, მაგრამ დიდია ცდუნება აზარტის დემონის. –  შაშის კარები ჩაკეტე, ისმოდა მითითება. –  ასე მომიგებთ, აბა, რა იქნება, –  იყო პასუხი. ხანდახან იმართებოდა ასეთი დავაც –  შაში ჩარი იყო! –  არა დუშაში! – არა შაში ჩარი! ასეთი დავის დროს ავტორიტეტული სიტყვა ეკუთვნოდა იმას, ვისაც თამაშის დროს სათვალეები არ სჭირდებოდა. მთავრდებოდა თამაში. წაგებულს სიცილს დააყრიდნენ.

 

წაგებული წითლდებოდა და იმუქრებოდა, რომ მეორე დღეს სასტიკ რევანშს აიღებდა. ბოლოს ერთ-ერთი იმათგანი, რომელიც მსახურობდა, მოიფიქრებდა სახლში წასვლას, შემდეგ სხვებსაც გაახსენდებოდათ საკუთარი სახლი და იშლებოდნენ. ასე ხდებოდა ყოველდღე. სხვა ბინადრებს უკეთესი ბინა ჰქონდათ, ვიდრე ელენეს, მაგრამ თავმოყრა მაინც ელენეს ბინაზე ხდებოდა.

 

 ამის მიზეზი არა მარტო ელენეს სტუმართმოყვარეობა და მოცლილობა იყო, არამედ ის აივანიც, რომელიც ქუჩას გადაჰყურებდა და კიდევ ერთი რამ, რასაც პატარა მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს იყო საკონდიტრო ნაწარმთა ქარხანა. ეს ქარხანა, კვირა დღის გარდა, ყოველდღე საღამოს რვა სააათზე, ამაყად ყიოდა და ბოლთან ერთად ამოჰქონდა ტკბილ ნამცხვართა საამო სურნელება. ამ სანატრელი წუთების მოლოდინში ქალები თამაშით ირთობდნენ თავს. ხოლო როდესაც 8 საათი დაჰკრავდა, ისინი თავს ანებებდნენ თამაშს და გადიოდნენ აივანზე.

 

ქარხანა დაიყივლებდა და ამ ყივილს თან ამოატანდა თავის ტკბილსურნელებით აღსავსე სულს. იღვრებოდა სურნელი. იღვრებოდა და აბრუებდა გარემოს. ასე გრძელდებოდა 5 წუთის განმავლობაში. ამ დროს ქალები ისხდნენ აივანზედა დუმდნენ. თვალმილულულნი იყნოსავდნენ ტკბილ ნამცხვართა საამო სურნელს. მხოლოდ იშვიათად თუ წაიჩურჩულებდა ვინმე: „ახ, რა კარგია“, ,,чудо, იფ, იფ,“ –  დამთავრდებოდა თუ არა ტკბილი წუთები, ისინი კვლავ ოთახში იყრიდნენ თავს და აგრძელებდნენ თამაშს.

 

ასე ხდებოდა ყოველდღე.

 

 ერთ გრილსა და მშვიდ საღამოს, როდესაც ნამცხვართა სურნელებისაგან დამთვრალი ქალები ისევ ოთახში მოგროვდნენ, ვარვარა ნიკიფოროვნას იდეა დაებადა:

 

 –  იცით რა, ქალებო, მე ერთი იდეა დამებადა, შევაგროვოთ ფული და ,,ნემეცკი შჩოტით“ ტორტი ვიყიდოთ!

 

 –  მშვენიერი აზრია! –  წამოიძახა ვერიჩკამ.

 

 –  გვეყო ამდენი ყნოსვა, ერთხელ გემოც გავსინჯოთ! –  აღშფოთებით წარმოსთქვა ლიზამ.

 

 –  ვიყიდოთ, ვიყიდოთ! ოღონდ კარგი ხარისხის და ყველაზე დიდი. აი, ისეთი ზემელზე, გასტრონომში, რომ იყიდება, –  თქვა ანიკომ.

 

 –  ბოლოს და ბოლოს, თითომ 10 მანეთიც რომ დადოს, მაინც ვიყიდით! –  დაასრულა ვარვარა ნიკიფოროვნამ.

 

 ამ იდეამ ყველა აღაფრთოვანა. მეზობლებმა გადაწყვიტეს მეორე დღეს ტორტი ეყიდათ და დრო გაეტარებინათ. იმ დღეს ისინი გვიან ღამემდე ტკბილეულობაზე ლაპარაკობდნენ. ყველა მათგანი ამჟღავნებდა თავისი პირის გემოს და სურვილებს. გამოითქვა აზრი, რომ ტკბილეულობის დამზადება სახლში უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მისი საკონდიტროში შეძენა. ეს აზრი ერთხმად იქნა აღიარებული.

 

ბოლოს ისინი დაიშალნენ და თან წაიღეს ტკბილი მოლოდინი მეორე დღისა. მეორე დღეს მეზობლებმა თავი მოიყარეს. იყო საზეიმო განწყობა და ზეიმი. ოთახი ბრწყინავდა სისუფთავისგან. მაგიდას ამშვენებდა ახლად გარეცხილ და გახამებულ სუფრაზე ვაზაში ჩასმული ყვავილების თაიგული. მაგიდაზე იდო პატარა თეფშები ტორტისათვის. მაგიდაზეიდო დიდი თეფში ტორტით.

 

დიდ ტორტზე იყო წარწერა: „შემჭამე ძვირფასო“. როგორც ტორტის ყიდვის იდეა, ისე ეს წარწერაც ვარვარა ნიკიფოროვნას ეკუთვნოდა. ამ წარწერამ საერთო მოწონება და მხიარული სიცილი გამოიწვია.

 

 –  „შეგჭამ ძვირფასო“, – იხუმრა ელენემ.

 

 ამან სიცილი უფრო გააძლიერა. დგებოდა სანატრელი წუთები. ყველაფერი მზად იყო. ყველანი მზად იყვნენ, მაგრამ ისინი ელენემ შეაჩერა.

 

ყველანი გაკვირვებულნი იყვნენ და რაღაცას მოელოდნენ. ელენემ დინჯად გამოაღო ბუფეტის კარი და შემდეგ მოსხლეტით გამოიღო და ხელში აიტაცა პატარა გრაფინი. – „ნალივკა!“ ვაშა! –  წამოიძახეს მეზობლებმა. „ნალივკა“ მაგიდაზე დადგეს და პატარა ჭიქებიც გამოიტანეს.

 

 –  ეხლა კი ნამდვილი ქეიფი იწყება! –  აღფრთოვანებით წამოიძახა ვერიჩკამ. –  მობრძანდით მაგიდასთან! –  გაისმა ელენეს მოკლე და თავაზიანი ბრძანება. ყველანი მაგიდას შემოუსხდნენ.უეცრად სინათლე ჩაქრა... ბნელმა მოიცვა ტორტი, ,,ნალივკა“, ყვავილების თაიგული და მთელი ოთახი. ბნელმა მოიცვა მეზობლები.

 

სიბნელეში მხოლოდ მათი სათვალეები ელავდნენ. –  რა დროს სინათლის ჩაქრობა იყო! –  გაბრაზებით წამოიძახა ვერიჩკამ.

 

 –  მოვიცადოთ, ჩქარა აინთება! –  დააიმედა მეზობლები ანიკომ. ისინი იდგნენ და ელოდნენ სინათლეს. ისინი მიშტერებოდნენ ელნათურას დაძაბული თვალებით.

 

 –  ელენე, ერთი ,,სპიჩკა“ მონახე, ლამფა ავანთოთ, თორემ შეიძლება სინათლე გვიან მოვიდეს! –  სთქვა ვარვარა ნიკიფოროვნამ.

 

 –  ლამფის შუქზე რა გემო აქვს ჭამას? –  იწყინა ანიკომ, ელენე ასანთის ძებნას შეუდგა. კარგა ხანს ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. ახლა ვარვარა ნიკიფოროვნა გავიდა თავის ოთახში ასანთის მოსატანად. როდესაც ვარვარა ნიკიფოროვნა ასანთით ხელში უკან ბრუნდებოდა, უეცრად სინათლეც აინთო და ოთახიც განათდა.

 

 –  ჩემი სიკვდილი! –  წამოიძახა ელენემ.

 

ყველამ თვალები მაგიდისკენ გაისროლა. მაგიდაზე იდგა ორი მსუქანი კატა. იდგნენ ეს კატები და შესცქეროდნენ სურნელოვან ტორტს. ერთი მათგანი ძალიან შავი იყო, მეორე კი ძალიან ნაცრისფერი.

 

მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, ისინი ტორტისადმი ერთნაირ დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ. შესცქეროდნენ მას გულმოდგინედ და რაღაცას უპირებდნენ. მათ კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდათ.

 

მათი თვალები ბოროტად აღარ იყურებოდნენ. ისინი საამოდ იზმორებოდნენ და თვალებში უმანკოება და სათნოება ჩაღვროდათ. ისინი ვეფხვებს აღარ ბაძავდნენ. ისინი ნამდვილი კატები იყვნენ. ისინი ძალიან საყვარლები იყვნენ. ცხადია, მხოლოდ იმათთვის, ვისაც ეს ტორტი არ ეკუთვნოდა. ხოლო ქალები კი ბრაზისგან ხმას ვეღარ იღებდნენ და თუ არა ელექტროსადგურის გეგმაზომიერი მუშაობა, ჩვენი ფისუნები ამ ტორტს ბოლოს მოუღებდნენ და ჩვენი ამბავიც სხვა სახეს მიიღებდა.

 

თუმცა ტორტი უვნებელი იყო, მაგრამ გუნება მაინც წახდა. ქალები შემოუსხდნენ მაგიდას და შეუდგნენ ტორტის შევიწროებას. ვერც ვარვარა ნიკიფოროვნას ხალისიანმა სიცილმა და მახვილმა ხუმრობამ, ვერც ელენეს თავაზიანობამ ვერ დააბრუნა სუფრაზე გუნება. ტორტი საოცარი სიზუსტით იყო განაწილებული.წარწერა რომელიც ტორტზე თეთრი კრემით იყო გამოყვანილი, ტორტის ჭამის დროს განაწილდა შემდეგნაირად: ,,შე,“ ,,მჭამე“, ,,ძვირ“, ,,ფასო“. ვარვარა ნიკიფოროვნამ „ძვირზე“ და ,,ფასზე“ მარილიანი ხუმრობა გამოაბა და ბუნება ოდნავ გამოკეთდა სუფრაზე. ქალების, როგორც მოწყენას, ისე გამხიარულებას დიდი მიზეზი არ სჭირდება და გუნება თანდათან დაბრუნდა სუფრაზე. ამაში ცოტაოდენი როლი ,,ნალივკამაც“ შეასრულა.

 

სიხარული მწვერვალზე ადიოდა, როდესაც მიხურულ კართან გაისმა გარეთ დარჩენილი კატების საცოდავი კნავილი. ეს ოთახის სევდაა. ამ სევდამ დაიბუდა ყველა მათგანში. ვიღაცამ ამოიოხრა, გუნება წახდა. კატები დადუმდნენ. ოთახის სევდა იშლებოდა მათ სხეულში თანდათან, მაგრამ ქალების როგორც მოწყენას ისე გამხიარულებას დიდი მიზეზი არ სჭირდებოდა და გუნება ისევ დაბრუნდა სუფრაზე. ბოლოს, ქალები მორჩნენ დროს ტარებას და მხიარული სიცილით გააჩაღეს კარტისა და ნარდის თამაში.

 

თამაში არაჩვეულებრივად ცოცხალი და აზარტიანი იყო.

 

 

 

 1947 წ.

 

 

 

 

 

 

ერთი შემთხვევა

 

 

 გაზაფხულის გრილი ღამეა. ბაღის ბოლოში ვზივარ. გავცქერი თითქმის მიძინებულ ქალაქს და ვოცნებობ. ოცნებაში აღიმართა ჩემი ფიგურა, რომელმაც ტუჩები აამოძრავა და ვიღაცის მიმართ წარმოსთქვა: ,,უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ უკვე კომუნიზმი დავამყარეთ მთელი მსოფლიოს 1/6 ნაწილზე“, მაგრამ ეს არცთუ ისე საოცნებოა –  ვფიქრობ ეხლა.

 

 ავხედე ცას, რომელზედაც მთვარე ენთო და ვარსკვლავები ციმციმებდნენ. კარგად დავაკვირდი და მომეჩვენა, თითქოს მთვარე გულივით ძგერდა, ქართველის გულივით. რომელი ქართველის გულივით? ვეკითხები ჩემს თავს, მაგრამ ვინ იცის, რამდენი მადლიანი ქართველის გული ძგერდა სამშობლოსათვის.

 

ვინ იცის ვისი გული ავიყვანე ეხლა მე ცაზე და სამუდამო ბინა გაუჩინე იქ.

 

 ქვევით მტკვარი გარბის, თითქოს უნდა რომ ქვეყნებს ამცნოს ქართველი ხალხის “საქმენი საგმირონია“. მაგრამ, ალბათ ღონდება, როცა დასასრულს უახლოვდება და გულში ფიქრობს: –  რა ამაოდ გამოვიარე ამდენი გზა, მაინც ვერ შევძელი წადილის ასრულება და ვინ იცის ამდენ ფიქრსაც ვერ მოასწრებს და მოწინავე ტალღა გულდაწყვეტილი ეშვება აქაფებულ “პონტოს“ ზღვაში. იქაც ჩაიტანს გულის ტკივილს, შეუერთდება და მასთან ერთად კვლავ განაგრძობს უნაყოფო ბრძოლას.

 

 ეს ყოველივე თუ მართლაც ასეა, მაშინ რა მიამიტი ყოფილხარ მტკვარო. რა გაქვთ სადარდელი, ეხლა ის დრო კი არ არის , როდესაც ქართველ ხალხს პირში წყალი ეგუბა. ეხლა მას თამამად შეუძლია ამცნოს მსოფლიოს, რომ ჩვენ, ქართველებს დიადი წარსული გვქონდა და უდიდესი მომავალი გვექნება, რომ ჩვენში ყველაფერი “ქართულია –  კარგია.“

 

 ეხლა სხვა დრო დადგა. ეხლა ჩვენ მტრებს ჩაუდგათ პირში წყალი. ცდილობენ ლაპარაკს, ისვრიან სიტყვებს, მაგრამ წყლიან სიტყვებს რა ფასი ექნებათ.

 

 მტკვარი გარბის და მახსენდება არა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი: „ფიქრნი მტკვრის პირას“, არამედ თანამედროვე ქართული პოეტის ლექსიდან ერთ-ერთი ტაეპი...

 

 ამ ოცნებაში ვარ, რომ შეუმნევლად მომიახლოვდა მხარზე თოფგადაგდებული მილიციელი, მომესალმა, შემდეგ საქმიანი ხმით მომმართა: “თქვენი საბუთები, ამხანაგო.“ მე ოცნებიდან ვერკვევი და საბუთებს ვეძებ, მაგრამ ამაოდ.

 

 –  რას აკეთებთ ამ ღამეში აქ? –  მკითხა მილიციელმა.

 

 –  მე პოეტი გახლავარ და ლექსს ვიგონებდი. –  მივუგე ნაძალადევი ღიმილით და თან ვფიქრობდი რომ ეს იყო ერთადერთი საშუალება თავის დახსნისა. მან მაზარის ჯიბიდან ამოიღო ასანთი და გაჰკრა. ასანთის ღერი აენთო და მე დავინახე საშუალო ტანის კაცი შავი ულვაშებით და სახის ქართული ნაკვთებით.

 

 მან ამხედ –  დამხედა და გაეღიმა, თითქოს დარწმუნდა ჩემს პოეტობაში.

 

 –  თქვენ, რაც უნდა იყოს, კანონს არღვევთ და ეხლა ამიტომ მილიციაში უნდა წამობრძანდეთ –  შერბილებული ხმით თქვა მან.

 მეც დავემორჩილე.

 

მივედით მილიციაში. ჩემი თანამგზავრი მილიციელი გამოცხადდა მორიგე მილიციელთან, მხედრულად გამოეჭიმა, შემდეგ ჩემზე მიუთითა და უთხრა: „აი, მოგიყვანეთ უსაბუთო პოეტი“. იგი მალე გავიდა ოთახიდან და ჩვენ მარტონი დავრჩით.

 

 –  თქვენ ლექსებს სწერთ? –  შემეკითხა მორიგე მილიციელი.

 

 –  დიახ! –  რიხიანად მივუგე მე.

 

 –  კი მაგრამ, თქვენ არ იცით, რომ არ შეიძლება უსაბუთოდ სიარული ქალაქში?

 

 მე მინდა უთხრა, რომ მე უსაბუთოდ არ დავდივარ და მას წინ დაუდო ჩემი ლექსები საბუთების ნაცვლად.

 

 უცებ ტელეფონის ზარმა დარეკა რამდენჯერმე. მან ხელში აიღო ყურმილი და მომიგო:

 

 “თავისუფალი ხართ, მეგობარო, ეხლა კი ძილი ნებისა.“

 

 მილიციიდან გახარებული გამოვედი. გული სიხარულით ძგერდა, შევხედე ცას და ამ დროს მის მკერდზე მცურავი მთვარე ვიღაც მიუგნებელ და უცნობ ქართველის გულივით კი არ ძგერდა, არამედ საკუთარ გულივით.

 

 სადღაც გამიგონია ასეთი ფრაზები: მე საბჭოთა საქართველოში ვცხოვრობ და ამიტომ მე გამიგებს ყველა, ვისაც კი საბჭოთა ქვეყნის ბედნიერება სურს. მე გამიგებს ყველა, ვისაც ქვეყნის დიადი წარსული და უდიდესი მომავალი სწამს –  ესევე შემიძლია გავიმეორო მეც.

 

 უთქვამთ: საქართველო ულამაზესი პოემააო და მეც ვუმატებ: ხოლო ადამიანები კი ამ პოემის დაწყობილი მგრძნობიარე სტრიქონებია.

 

მგრძნობიარე კი ყველაფერს გრძნობს. აი, კიდევ მიზეზი იმისა, თუ რატომ გამიგეს მე..

 

 

 

 

ჭადრაკის მსხვერპლი

 

 

 უხსოვარ დროში, ერთმა მოხეტიალე ფაკირმა გამოიგონა უკვდავი თამაში –  ჭადრაკი. ამ საოცარმა ხელოვნებამ, როგორცციებ –  ცხელებამ, ისე შეიბყრო მთელი ინდოეთი. ყველანი, დაწყებული მეფიდან, გათავებული დაძონძილ მათხოვრამდე, თამაშობდა ჭადრაკს. თამაშის ათასგვარი შესაძლებლობანი აღაფრთოვანებდა და აღაგზნებდა როგორც ჰაშიში, აღმოსავლეთის მცხუნვარე მზისგან დასიცხულ გონებას.

 

 ბრძენმა მოჭადრაკეებმა, ათი წლის განმავლობაში, მოახდინეს ათობით სხვადასხვა აღმოჩენა და უკვე არსებობდნენ ჩემპიონები, რომლებიც ათ პარტიას ერთდროულად თამაშობდნენ და არსებობდნენ ისეთებიც, რომლებიც დაფაზე დაუხედავად თამაშობდნენ. მათ შორის ყველაზე სახელგანთქმული მაინც აბუ-კაირი იყო, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა და მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონი გახდა.

 

მთელი თავისი სიცოცხლე მან ჭადრაკის საიდუმლოებათა ამოხსნას მიუძღვნა.

 

 ოთხი წლის ასაკში მან უკვე იცოდა თამაშის ძირითადი წესები, ხოლო ათი წლისამ დაამარცხა მოხუცი ჰასანი, რომელიც მანამდე საუკეთესო მოთამაშედ ითვლებოდა მთელს აღმოსავლეთში. აბუ-კაირი მთელი დღეების განმავლობაში იჯდა ჭადრაკის დაფასთან, სწავლობდა სხვადასხვა მდგომარეობებს და ემზადებოდა მოწინააღმდეგის ყველა მოსალოდნელი სვლისათვის.

 

 25 წლის აბუ-კაირი უკვე დაუმარცხებელ ჩემპიონად ითვლებოდა. მისთვის ყველაფერი ჭადრაკი იყო. მან არ იცოდა რა იყო ქალი, ანდა კარტი. ფერმკრთაკი სახით და ანთებული თვალებით იჯდა იგი ჭადრაკის დაფასთან.

 

 იგი მოკვდა 36 წლის ასაკში უცნაური და სამწუხარო, მაგრამ მისი ცხოვრებისათვის დამახასიათებელ პირობებში.

 

 სწორედ იმ დროს ბაღდადში გაიმართა მსოფლიო ტურნირი და აბუ-კაირმა შეუსვენებლად ითამაშა 15 პარტია 4 დღე-ღამის განმავლობაში. მეოთხე დღეს მიმწუხრისას, იგი წამოდგა, შუბლზე ყინული დაიდო და გამოვიდა ოთახიდან, რათა ესუნთქა სუფთა ჰაერით. საღამო ხანი იყო თბილი.

 

აბუ-კაირი მივიდა მდინარესთან. ქარი არხევდა ფოთლებს, მაგრამ აბუ-კაირი ვერ გრძნობდა ქარს. მისი თვალები ანათებდნენ უცნაური ცხელებიანი ცეცხლით. იგი ნახევრად ხურავდა ქუთუთოებს და იცქირებოდა ირგვლივ. მისი მარჯვენა ხელის ორი თითი ფრთხილად ირხეოდა ჰაერში. ბაგეები რაღაცას ჩურჩულებდნენ.

 

 ქვევით, მდინარის პირას, იჯდა ახალგაზრდა გლეხი. მისგან მოშორებით ბალახებზე იწვა ლამაზი ქალიშვილი და ყვავილებიდან გვირგვინს წნავდა.

 

ახალგაზრდა ხშირად იხედებოდა უკან. უეცრად იგი წამოხტა და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ქალიშვილს. მისი თვალები მხიარულად ბრწყინავდნენ. მან დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ უეცრად ვიღაცამ ძლიერი ხელი ჩაავლო ყელში და დასწია უკან. მისი შეშინებული გამოხედვა შეისრუტა აბუ-კაირის ცხელებიანმა თვალებმა. “უკან“, –  ჟინიანად წაიჩურჩულა აბუ-კაირმა. “ხომ არ შეიშალე? პაიკი უკან არ დადის!“

 

 ახალგაზრდამ რაღაც წაიბურტყუნა.

 

 –  დარჩი იქ, სადაც იჯექი, –  ჩურჩულებდა აბუ-კაირი: –  იქ შენთვის უმჯობესია.

 

შენს წინ მოძრავი მდინარეა. მას არ შეუძლია შენი მოკვლა,რადგან ეტლი დარბის და კვლავ მხოლოდ სწორ ხაზზე. მეფეს არ შეუძლია უკნიდან შენი მოკვლა, რადგან მას არა აქვს უფლება იმოძრაოს არათავისი გზით. შენ კი შეგიძლია მეფეს გაუკეთო ქიში, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მე დაგიცავ შენ. დარჩი შენს ადგილზე და მე შენ გარდაგაქცევ დედოფლად!

 

 ახალგაზრდა არ იძვროდა. მას ეგონა, რომ ჯადოქარი მოევლინა. მან არ იცოდა ჭადრაკის წესები და მისთვის უცნობი იყო, რომ პაიკი, როდესაც ჭადრაკის დაფის ბოლო რიგში მოხვდა, გარდაიქცევა დედოფლად.

 

აბუ-კაირი იდგა ახალგაზრდასთან. მისი თვალები ანთებულიყვნენ, ხელი უკანკალებდა და იგი ველურად იცქირებოდა ირგვლივ.

 

 –  აჰა! –  სთქვა მან და მჭახედ გადაიხარხარა.

 

 –  ერთი გახედე იმ ნაპირს, ხომ არ ამჩნევ რაიმეს?

 

 მაგრამ ახალგაზრდა ვერაფერს ვერ ამჩნევდა.

 

 –  ეს იმიტომ, რომ შენ ახალბედა ხარ... მაგრამ ჩემი მოტყვილება კი არ შეიძლება... აი, იმ ნაპირზე... აი, იქ... ბუჩქებთან, ისინი ფიქრობენ, რომ მე ვერ ვხედავ, იქ დგას ფიგურა... ღაღადებდა აბუ-კაირი.

 

მაშინ ახალგაზრდამ უფრო გულმოდგინედ გაიხედა იქით და საზარელი ღრიალი აღმოსკდა მისი პირიდან. საწინააღმდეგო ნაპირზე ბუჩქებთან მიმალულიყო ძლევამოსილი ვეფხვი. ვეფხვი მოემზადა ნახტომისათვის, მისი ელვარე თვალები მიებჯინა ორივე მამაკაცს.

 

 აბუ-კაირისაგან შეშინებული ქალიშვილი კარგა ხნის უკან გაქცეულიყო. ეხლა არც ახალგაზრდა კაცი იტყოდა გაქცევაზე უარს.

 

 –  შენ აქ დარჩები, შენ აქ უნდა დარჩე... –  წაიჩურჩულა აბუ-კაირმა და სწვდა მას ხელში. რისი გეშინია? მართალია ის ცხენია, რომელსაც შეუძლია შენი მოკვლა, იმიტომ, რომ იგი აკეთებს ორ ნახტომს წინ და ერთს კი გვერდით, მაგრამ შენ ნუ შეგეშინდება, იგი ვერ მოგკლავს შენ, იგი ხედავს, რომ მე, მეფე, გიცავ შენ, ხოლო კუს პაიკში არავინ გასცვლის.

 

ეს ყველაზე საძაგელი კომბინაციაა. მაგრამ თუ სხვა გზა არ იქნება, უარეს შემთხვევაში მე შეგწირავ შენ და მაშინ ნამდვილად მოვიგებ. მთავარი ხომ პარტიაა. არა ფიგურა, არამედ პარტია.

 

 ახალგაზრდისათვის ეს საკმარისი იყო. მას სრულიადაც არ უნდოდა თავის შეწირვა. მან ფეხი დაუდო აბუ-კაირს, გაუსხლტა ხელიდან და კურდღელივით მოკურცხლა იქვე მდგომ ციხე –  სიმაგრისკენ.

 

 –  წყეულო ვირო! რისი გეშინია? შენ იქით არ გარბიხარ, საითაც საჭიროა. ეტლი უსათუოდ მოგკლავს შენ და ამით ვერაფერსაც ვერ მოიგებ! – მიაძახა მას აბუ –  კაირმა.

 

 ამ დროს ვეფხვმა ჰაერში შეკრა კამარა და აბუ –  კაირისაკენ გააკეთა ნახტომი.

 

 –  აა...

 

 – წარმოსთქვა ჭადრაკის ჩემპიონმა დამცინავად.

 

 –  ახალი სვლა! ქიში? ქიში მე? ბავშვური სვლაა!

 

 –  სუსტი თამაშია! –  მან მშვიდად ჩაიქნია ხელი და ნაბიჯი გადადგა გვერდით.

 

 –  ეხლა რაღას იზამ? ეხლა როგორ მეტყვი ქიშს? არავითარ შემთხვევაში არ გამოგივა. ხომ ხედავ, მეგობარო, თამაშის უფრო კარგი ცოდნაა საჭირო. ჯობია დამნებდე. შენი საქმე გათავებულია.

 

 მაგრამ ვეფხვი ეცა აბუ –  კაირს, ამოაქცია და გამოღადრა ყელი.

 

 

 1951 წ.

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჩანტლაძე შოთა / ჩანტლაძე შოთა