ჩიხლაძე დათო 

 

მოთხრობები

 

 

სარჩევი:

ბუბლიკების რევოლუცია

ვერნონ გრეგორი ლითლის სახელობის სკოლა

მე, "ფირმა", ბიტის მადონა და ბოზი მონა ლიზა

 

 

 

 

ბუბლიკების რევოლუცია

 

დასასრულიდან დასაწყისამდე: პოსტ-რევოლუციური პერიოდი

 

 

საღამოვდებოდა, როცა ბარათაშვილის ხიდზე მოსაწევი ვიყიდე და ღამის დახვეწილმკერდიან ქალთან გასატარებლად მოვემზადე. გოგონა სულ ერთი კვირის წინ გავიცანი კინოში, სადაც ხუთშაბათობით ძველ ფილმებს აჩვენებენ ხოლმე. ორივენი „მოკალი ბილის“-ს საყურებლად მივედით და ამ ფილმის მოყვარულნი დარბაზში მარტო ჩვენ აღმოვჩნდით. მერე ცოტა ვილაპარაკეთ, ლუდი დავლიეთ და ერთმანეთის ინტერნეტ-კოორდინატები გავცვალეთ. იქაც ბევრი ვილაყბეთ და იქაც „მოკალი ბილს“ ვერ გავცდით.

 

იმ დღეს კი მომწერა, ღამე ჩემთან ამოდი და მოსაწევი ამოიტანეო.

 

 

 

 ბარათშვილის ხიდიდან ფეხით ჯერ თავისუფლების მოედნამდე უნდა ავსულიყავი, მერე კი რუსთველი გამევლო და საბოლოოდ მელიქიშვილზე აღმოვჩენილიყავი. ეს მანძილი არ მაშინებდა. პირიქით, ძალიანაც მინდოდა ფეხით გავლა. თითქმის ერთი კვირა იქნებოდა სახლიდან ცხვირი არ გამეყო. დამავიწყდა მეთქვა, რომ ბოლოს დროს ჩვენს ქალაქში დიდი ამბები დატრიალდა. დიდი ამბები რა. დიდი ამბები სხვისთვის, თორემ ბოლო წლებია აქ ეგეთები პანტა-პუნტით ხდება.

 

ბოლო ერთ კვირაში ჩვენში ისევ გამოვიდა ხალხი ქუჩაში და ამჯერად საკუთარიც გაიტანა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში საღამოს საათებში ფეხით სიარულს ტელევიზია „არ გირჩევდათ“, მე კი მათი რჩევები ფეხებზე მეკიდა.

 

 ქალაქი საოცრად დაცარიელებულიყო. ადგილებს სადაც მანამდე ათასობით ადამიანი ირეოდა ახლა ბუნებრივი, მკვდრის ფერი დაებრუნებინათ. ამ სიცარიელით გახარებულმა თავისუფლების მოედანთან სიგარეტს მოვუკიდე და ნამწვავისა თუ სიცივის კვამლი პირიდან ამოვუშვი. მაშინ გავიკეთე ყურსასმენები და არტისტების ჩამონათვალში „The National” მალევე მოვძებნე.

 

 რუსთაველი უჩვეულოდ დაბინძურებულიყო. რამდენ მარშს და პიკეტს გაუძლებს კიდევ ეს ქუჩა, ღმერთმა იცის.

 

მერამდენედ უნდა მოისაქმონ მის იმ კუთხეებში, სადაც სხვა დროს ნაყინს ყიდულობენ, დაყარონ ნაგავი იქ, სადაც სხვა დროს მოხუცი ქალი მზესუმზირას ყიდის და არწყიონ იქ სადაც თვითონაც ბევრჯერ უსეირნიათ ხელჩაკიდებულებს, სიყვარულობანას თამაშისას. მიყვარს ეს ქუჩა. ყველაზე ყველაფერი იცის.

 

 

 

– არა, ყველაფერი არ ვიცი? – შემომესმა ქვემოდან.

 

– ჰა? რომელი ხარ?

 

– ქუჩა.

 

– რა ქუჩა?

 

– რა ქუჩა და რუსთაველის ქუჩა. აი ყველაფერი, რომ ვიცი შენს პათეტიკურ ფიქრებში.

 

– ჰო, კაი. ცოტა ზედმეტი მომივიდა.

 

– დააკვირდი რა რასაც ფიქრობ. ეგრე რომ ეგონოს ყველას ხომ დამერხა, ტო? მოვლენ და დამიწყებენ : ვინ მოკლა კენედი ან დღეს ლატარიაში რა რიცხვები ამოვა და ეგეთები. მოკლედ, არ მაწყობს რა და ტყუილად არ გამიბაზრო.

 

კაი?

 

– გეკადრება?

 

– გაიხარე, ძმაო. ახლა კიდევ დროზე იარე, კვერცხებზე მადგახარ.

 

 

 ქუჩასთან დაილოგის შემდეგ ფეხს ავუჩქარე და სხვა დანარჩენ ნაგავს ჩემის სიგარეტის ნამწვიც მივუგდე ძირს. თან ქვემოდან ყრუდ მომესმა – „უხ, შენი ძალითკულტურული “.

 

 

 პარლამენტის წინ ყველაზე დიდი არეულობა დამხვდა, ყველაფერი მაწვნის ქილებითა და ტრანსფარანტებით იყო მოფენილი. თვალებმოჭუტულმა ტრანსფარანტების თვალიერება დავიწყე. ყველაფერი ისევ ისე იყო. იგივე ლოზუნგები და იგივე მოთხოვნები, უბრალოდ ამჯერად ნაბეჭდი შრიფტი ხელნაწერს შეეცვალა. მიზეზი მარტივი იყო. ჩემი დროის რევოლუციონერებმა ბეჭდვა უბრალოდ არ იცოდნენ.

 

ორიათასრომელიღაც წელი იდგა და მე ვცხოვრობდი ქალაქში, რომელშიც პენსიონერებმა რევოლუცია მოაწყვეს.

ვფიქრობდი თუ რამდენად სასაცილო და საინტერესო სიტუაციაში აღმოვჩნდი. თვითონ პოსტ-რევოლუციურ პერიოდში დაბადებული, მთელი ბავშვობა ახალ რევოლუციას ველოდი და სკოლის მოსწავლეობისას ვეღირსე კიდეც. სტუდენტობაში თვითონ ვცდილობდი რევოლუციის მოხდენას და როგორც ჩემი მეგობრები იხსენებენ მოლოტოვის კოქტეილის შეუდარებელი მსროლელიც ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ შედეგი არაფერმა გამოიღო. მაშინ კი, როცა ოცდაათს მივაღწიე და თავი რევოლუციონერობისთვის ზედმეტად ბებერი მეგონა, პენსიონერებმა ჯერ პარლამენტი დაიკავეს და მერე მთავრობა გადააგდეს. გზად წიხლქვეშ გაიგდეს სპეცნაზი, ეროვნული გვარდია და მთავრობას გვერდში ამოდგომილი ოპოზიციურ ძალთა ერთობის რეაქციონერი ნაწილი. პენსიონრებმა დაარბიეს ყველა პარტიის ოფისი, გაძარცვეს ყველა ტანსაცმლის მაღაზია და მაწვნის ყველა მწარმოებლის ნაციონალიზაცია მოახდინეს. პატრიარქმა, როგორც ყველას, მათაც მოუწოდა შერიგებისკენ, თუმცა ამის საპასუხოდ ეგზალტირებულმა მოხუცებმა დაიკავეს საპატრიარქოს შენობა და შუშები ჩალეწეს ყველა საეკლესიო მაღაზიაში.

 

 პარლამენტთან ცოტა შევყოვნებულვარ. ვფიქრობდი აი სად გვერხევა-მეთქი, როცა ზურგში მაგარი წიხლი მომხვდა. მერე უცებ ორი ადამიანი მომმვარდა და არსაიდან გამოჩენილ მანქანაში ჩამტენა.

 

დარტყმა ზედმეტად მტკივნეული გამოდგა და ტკივილისგან ვღრიალებდი, როცა თავში ხელჯოხი ჩამარტყეს. გავითშე.

 

 აზრზე მოვედი თუ არა მაშინვე ვიგრძენი, რომ ხელ-ფეხი შეკრული მქონდა და სკამზე ვიყავი მიბმული. ვცდილობდი ყველაფერი ბოლომდე გადამეხარშა, როცა მუშტი სახეში მომხვდა და პირიდან სისხლმა იფეთქა.

 

 – აა, შე ბოზო, ხო ჩაგიგდეთ ხელში?! – ჩემს წინ ესე სამოცდაათი წლის მოხუცი იდგა, რომელსაც სულ ორი კბილი ჰქონდა შერჩენილი და თან ხელჯოხს ისევ მიღერებდა.

 

– რას მერჩით? რა დავაშავე?

 

– რა და ბოზი ხარ !!! ვინ მოგაგზავნა, ბიჭო. ვერ ეგუებით არა? ვერაფერს გვიზამთ თქვე ლაწირაკებო !!!

 

– არა, მე არაფერ შუაში ვარ.

 

– თავიდან ყველა ეგრე იძახის და მერე მაინც ბაზრობთ. იცი რატომ? სლაბები ხართ და იმიტომ. თქვენ რა იცით გაძლება.

 

მაგიტომაა, რომ ბოლოს ყველა აქამდე მიდიხართ – თქვა და ხელი ძველებური ფაიფურის თეფშისკენ გაიშვირა, სადაც კატლეტების მთელი გროვა ეწყო.

 

– კი, მაგრამ სამართლიანობა? ადვოკატი და რამე არ მეკუთვნის? უდანაშაულო ხალხი?

 

– აუ, ამას არაფერი ესმის.

 

ნაზი შენ აუხსენი რა, თორემ მე შემომაკვდება, – უთხრა მოხუცმა ქალს და ინკვიზიტორი ბაბუ, ინკვიზიტორმა ბებომ შეცვალა.

 

– მოკლედ , – საუბარში ნაზი ჩაერთო, რომელიც ზუსტად იმ სიმაღლისაა, რომ ფრაზის „ტრაკზე მაკოცე“, შესასრულებლად ოდნავადაც არ მოუწევს წელში მოხრა, – მისმინე, დანძრეული გაქვს, შვილო. ფაქტზე დაგიჭირეს. შენ ბრალი გედება კონტრ-რევოლუციონერულ მოქმედებაში და ტერორისტული აქტის დაგეგმვაში.

 

– მოიცათ, მე არაფერ შუაში ვარ. ადამიანის უფლებები, ადვოკატი, უდანაშაულობა და ესეთი რამეები მინდა რა.

 

– შვილო, ახლა სხვა დრო მოდის. დამიჯერე. ყველაფერი მოყევი, თორემ გაგაკატლეტებენ.

 

ჩვენ ასე ვიცით. რეპრესიებია, გესმის? როგორც ძველ, კარგ დროს იყოს.

 

– მე რა ვქნა მერე? გამიშვით რა.

 

– არა, შვილო. მოყევი და გაგიშვებენ.

 

– არაფერი, რომ არ ვიცი.

 

– ვაჰ, რამე მაინც არ გაქვს? დატოვე და აახვიე რა. ერთი მურთაზას თუ გადაურჩები, ჯერ მაგან უნდა გცემოს. გიჟდება ახალგაზრდების ცემაზე.

 

– რავიცი, ბებო. მაგარი მოსაწევი მაქვს მარტო. მიდი, მურთაზას დაუძახე და ახლა ისეთ პონტში გაგჩითავთ, სტალინი დაგელაპარაკებათ და ლენინზე მოგიყვებათ ახალ შუტკებს.

 

გინდა, ბებო?

 

– მომეცი.

 

– მოიცა, ჯერ. სიამოვნება ეგრე მარტივია არაა. არ ვიცი თქვენს დროში, როგორ იყო, მაგრამ ჩემსაში ასეა. მე თქვენ ამას გაძლევთ, თქვენ კიდე მიშვებთ და მელიქიშვილამდე ესკორტით მაცილებთ. მოსულა?

 

– ბაზარი არაა. ოღონდ შენ სტალინი გაგვიცოცხლე და.

 

 ნაზიმ ხელები გამიხსნა.

 

მურთაზი ისევ ამრეზით მიყურებდა და თან კატლეტებისკენაც ეპარებოდა თვალი. როცა ხელები გავითავისუფლე და წამოვდექი, შარვლის უკანა ჯიბიდან ფაქიზად შეხვეული სიგარეტი გამოვაჩინე. სიგარეტი ჯერ დავყნოსე, მერე თავი გავულოკე და ბოლოს ზიპოც ავასრიალე ლურჯ ჯინსზე. პირველი ნაფაზი არაფერს არ ჰგავს. კვამლი სწრაფად და მოულოდნელად იკავებს მთლიან პირის ღრუს, სადაც ქაოტურად მოძრაობს და მხოლოდ ერთი ჩასუნთქვაა საჭირო იმისთვის, რომ გარშემო ყველაფერი შეცვალო. ბოლი ფილტვებიდან მძიმედ ამოვუშვი და მოსაწევი ნაზის გავუწოდე. მურთაზიმ და ნაზიმ ბევრი ხველებისა თუ წვალების შემდეგ მალევე ჩაკლეს ჩემი საჩუქარი. ვიდექი და ველოდი თუ როდის გაეხსნებოდათ და შედეგმაც არ დააყოვნა. რამდენიმე წუთის შემდეგ ნაზის ცალი ფეხი სკამზე შემოეგდო, და თითებს მორიგეობით ლოკავდა.

 

ამით გაგიჟებული, კიშკაგახსნილი, მურთაზა კი კატლეტებს ერთმანეთის მიყოლებით იტენიდა პირში. მოხუცები „ძენ პაბედის“ რითმში მოძრაობდნენ. მათი ყურება დიდხანს არ შემეძლო, სამალავიდან მალე გამოვედი და ხელშეუხებლობის გარანტიით მელიქიშვილისკენ დავიძარი. ძალიან შემეშინდა და მოსაწევიც აღარ მქონდა, ამიტომ გზად კონიაკი ვიყიდე და ისე ავედი მეგობართან. ჩემი ისტორია მისთვის იმდენად საკაიფო გამოდგა, რომ მოსაწევის გარეშეც ბევრი იცინა. მერე კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ფილმებში არ ხდება ხოლმე. მთელი ღამე „მოკალი ბილს“ ვუყურებდით და დილისთვის დივანზე ჩაგვეძინა.

 

 

 

 

 

დასაწყისი : რევოლუცია, როგორც ასეთი

 

 

 მაშინ ფასები ძალიან იზრდებოდა.

 

მოთმინების ფიალა ყველას ევსებოდა, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ბუბლიკის ფასის მატებას მოჰყვა. პენსიონერებმა საარსებო წყაროს გადაკეტვაში დაადანაშაულეს ხელისუფლება და ქუჩაში გამოვიდნენ მოწოდებებით : „ნუ აძვირებთ ბუბლიკებს“, „რა ჩავყაროთ მაწონში?!“, „ჯერ წიწიბურა, მერე ჰერკულესი, ახლა ბუბლიკებიც?!“. სიტუაცია დაიძაბა და მთავრობა ეცადა გადამწყვეტი ზომები მიეღო. ქვეყანაში ყველაფერი გაითიშა და ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. პირველ დღეს მხოლოდ მოწოდებები იყო. მეორე დღეს ბარიკადები. მესამე დღეს კი მოხუცებმა პრეზიდენტის შვილი აიყვანეს მძევლად.

 

 მახსოვს, მაშინ ახალგაღვიძებული ვიყავი. დილით ტელევიზორი ჩავრთე, რომელსაც მარცხენა მაღალ კუთხეში „no comment” ჰქონდა მიჯღაბნილი.

 

ხმაური აქა-იქ ისმოდა და ბარიკადებზე ოცდაათი წლის პალტოში გამოწყობილი მოხუცი იდგა. დაახლოებით ისეთ პოზაში, როგორში დგომაც მელ გიბსონის გმირებს უყვართ ხოლმე. კამერა მოუხერხებლად ათვალიერებდა ქალაქის ცენტრალურ გამზირს, როცა მოხუცმა კისერში ხელი მოჰკიდა ბავშვს და გვერდით ამოიყენა. ახლა ბარიკადებზე ორი ადამანი წამომდგარიყო. მამაკაცი, რომლის თავიც ასამდე სნაიპერს ჰყავდა მიზანში ამოღებული და ბავშვი, რომელიც ბოლომდე ვერ იაზრებდა მისდამი დარხევის კოეფიციენტს. ამ დროს რუსთაველზე პრეზიდენტი გამოჩნდა, რომელიც მარტო მიემართებოდა ბარიკადებისკენ. პრეზიდენტს ვარდისფერი პერანგი ეცვა, ყოველგვარი ჰალსტუხისა და პიჯაკის გარეშე. ოდნავ შეშინებული იყო, მაგრამ თავი მაინც მედგრად ეჭირა. სახეზე ეწერა, რომ დანძრევის კოეფიციენტი სრულად გაეაზრებინა. პრეზიდენტის მედგარ ნაბიჯებს ვერც მისდამი ნასროლი ტონობით მაწვნის ქილა აჩერებდა და ყოველ ახალ თეთრ ლაქას სხეულზე ის მოთმინებით ხვდებოდა. მე შემიძლია ათასობით ფილმი გავიხსენო, სადაც მსგავსი სცენა შემხვედრია.

 

სადაც მედგარი პრეზიდენტი პატივისცემას აღძრავდა თანამოქალაქეებში, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო. სცენა უფრო დინამიური გამოდიოდა და თან ადვილად მიხვდებოდით, რომ ჩვენი ლიდერი ფრიად ღრმად იყო ქაქში ჩაფლული. პრეზიდენტი, როგორც იქნა, მიუახლოვდა ბარიკადებს. მოხუცი მისი გამბედაობისადმი პატივისცემით აივსო, გადახედა, თვალებში ჩახედა და თავი დაუკრა. მაწვნის ზალპი გაჩერდა. ათრთოლებული პრეზიდენტის საქციელს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალყურს. პრეზიდენტსა და რევოლუციონერ მოხუცს შორის ორიოდ მეტრი იყო დარჩენილი. ამაყი ლიდერი ქვემოდან უყურებდა პენსიონერ მოქალაქეს და ხელებს შლიდა საკუთარი შვილის შესახვედრად. პენსიონერმა პრეზიდენტს გაუღმა, ნახევრადჩახუტებული შვილი ხელიდან გამოგლიჯა და უთხრა :

 

 – მოიცა, შენ რა გეგონა მართლა შეგვეცოდე და ვაფასებთ ვაჟკაცობას და რამე?? გეკაიფეთ რა, – მოხუცმა პალტოს ჯიბიდან ძველი მაკაროვი ამოიღო და პირდაპირ შუბლში დაახალა ქვეყნის ლიდერს.

 

ასეთი იყო პენსიონერთა ის ამბოხი, რომელსაც მსოფლიომ „ბუბლიკების რევოლუცია“ უწოდა. რევოლუციის შემდეგ პენსიამ პირველად გადააჭარბა საარსებო მინიმუმს. პენსიონერების ეპოქა დიდხანს არ გაგრძელებულა. ჩემთან გარიგების შემდეგ მოხუცებმა მოსაწევს აუღეს ალღო, მერე შტროსა და ტეკილასაც მიეძალნენ. რამდენიმე თვეში რევოლუციონერების უმეტესობა ფსიქიატრულში, კომაში ან სასაფლაოზე მოხვდა. დასანანია, არა? თუმცა მე რაში მაინტერესებს, მაგ დროისთვის უკვე თბილისში აღარ ვცხოვრობდი. ჩემს მეგობართან ერთად გავიქეცი, აი იმასთან „მოკალი ბილი“, რომ მოსწონდა.

 

ჩვენ გადავწყვიტეთ მსოფლიოს ყველა კინოთეატრში გვენახა ეს ფილმი.

 

 

 

 

 

ვერნონ გრეგორი ლითლის სახელობის სკოლა

 

 

თბილისის 130-ე საჯარო სკოლას. ადგილს, სადაც ათ წელზე მეტხანს ვიხდიდი სასჯელს  

 

 

ტრაკისკენ

 

 

 – ადექი !!! დროზე ადექი !!! ნუ ზარმაცობ !!! ახალი სემესტრი გეწყება და უკვე უნდა დააგვიანო?! თან დღეს რა საპატიო სტუმრები გესწრებიან და შენს გამო სულ მე როგორ უნდა შევრცხვე?! თმა დაივარცხნე, ერთხელ მაინც გამოიყურებოდე ადამიანურად !!! წესიერი პერანგი ჩაიცვი და ეგ კედებიც გაიხადე !!! უყურე შენს კლასელ ვაჟას, რა კარგად აქვს თმა გადავარცხნილი და როგორი ლამაზი ფეხსაცმელი აცვია, დუბაიდან ჩამოტანილი !!! ადექი-მეთქი.

 

 დილით ადგომა და სკოლაში წასვლაა, რაც ყველაზე მეტად არ მევასება რა.

 

თან ყოველდილით ასეთი ტვინის ბურღვა, აზრზე ხართ? დედაჩემი მაინც იყოს ეგ ჩემის მამიდა. შეჭამა ტვინი. აი ნახავთ, დედა ჩამოვა და ყველაფერი საკაიფოდ წავა. ამ კუსტურიცას ციგანი ბარიგის ტიპაჟს მაინც მოვშორდები. მგონი ფანჯრიდან მომიწევს გადაპარვა. აბა მაგის გამზადებულ ტანსაცმელს მე არ ჩავიცვამ და თმაზე, რომ შემეხოს დავბრიდავ, მკიდია. უცებ გავიზმანები და ვახვევ.

 

ისევ ეს სკოლა რა.

 

 დილით სასწრაფოდ ამოვიცვი ახალი ჯინსები და კედები. მერე პერანგიც მოვიგდე, აი ისეთი ამერიკელ ტყისმჭრელებს, რომ აცვიათ. მაგრად მევასებიან ტყისმჭრელები. თავიანთი საქმე აქვთ და მთელი დღე პატიოსნად აკეთებენ. თან არც ბევრი ხალხი უბურღავთ ტვინს.

 

 სკოლაში ფეხით მივდივარ ხოლმე. ახლოსაა.

 

გზაში რაღაცეებზე ვფიქრობ და თან მუსიკას ვუსმენ. ჩანთა სულ ცალ მხარზე მაქვს გადაკიდებული და ნელ-ნელა მივტასაობ. ეს ერთადერთი მდგომარეობაა, როცა არჩევანი არ გაქვს. ყველაფერი მარტივადაა, გაჩერდები დაგენძრევა და თუ არ გაჩერდები მაინც დაგენძრევა. მოკლედ, ყველა ვარიანტში გენძრევა. აი ისე, როგორც ფილმ "ადრენალინშია", ტიპი თავის გულს ეძებს და იცის, რომ თუ გაჩერდება ეგრევე დაიბრიდება, მაგრამ თუ მოძრაობს გააგრძელებს მაგარ ტრაკში გაიჩითება. აი, ზუსტად ეგრე ვარ.

 

თუ სკოლაში არ წავალ მამიდაჩემი მიმქინძავს და თუ სკოლაში მივალ სკოლა. მალე მაინც დავამთავრო. თან ახალი სემესტრი. აუ, ახალ სემესტრს ვერ ვიტან. კი არა, ვერცერთ სემესტრს ვერ ვიტან, მაგრამ ახლის დასაწყისი მეზიზღება. მითუმეტეს ახალი წლების მერე. ტიპები მიდიან და ერთმანეთს უღიმიან, ულოცავენ და ასეთი კეთილი ბლა ბლა.

 

არადა ერთმანეთი მაგრად ჰკიდიათ. ეს სკოლა შემიწირავს რა.

 

 სკოლა რაღაცით ტრაკს მაგონებს. დიიდ ტრაკს. აი ისეთ ტრაკს ბევრი ბიგ-მაკის ჭამით, რომ გაჯდება. აბა თუ მიხვდებით სკოლის ჭიშკარი რის ასოციაცის იწვევს? ზუსტად. პროჭის.

 

იცი, რომ თუ შეხვალ: 1) ტრაკში იქნები, 2) მაგრად მოგიჭერს. აი რატომ არ მევასება სკოლა. ყველა პონტში უალტერნატივო ტრაკში ხარ. აი ხომ შეიძლება გერხეოდეს, მაგრამ როგორმე სიტუაციის გაუმჯებესების პერსპექტივები მოხაზო. მაგრამ სკოლაში შანსი არ გაქვს. ეს ისეთი შარია, რომ აქედან თავი ვუდი ალენმაც კი ვერ დააღწია და ვუდი, რომ ყველაზე ჭკვიანი კაცია დედამიწის ზურგზე მაგას არ უნდა ახლა ბევრი ბაზარი. აქედან დაჟე მაგარი, წამალზე დაგეშილი, მეძებარი ძაღლი ვერ გამოძვრება, სულ კოკსი რომ დაუყარო კლასიდან – გასასვლელამდე.

 

აი გასასვლელამდე მივა და მერე დაენძრევა, იმიტომ რომ ვიღაც სირი კოკსის ახალ პარტიას ისევ დაუყრის, ოღონდ კლასის მიმართულებით და ეს ძაღლიც მარტო მაგარ კაიფში მიხვდება, რომ მოეხაზა. აი მაშინ, როცა რუსულის მასწავლებელი დაწელნი პაძეჟის ახსნას მოსთხოვს. ძაღლიც ადგება, დაფასთან გავა და ისეთი უაზრო ფიგურების ხატვას დაიწყებს, გავკარი მაჩუ-პიგჩუს. ამ დროს კლასს თავის შეშუპებულ თვალებს და ჩავარდნილ გუგუებს გადაავლებს, სადაც ცხვირაბზუებული გოგოები ზიან, რომლებიც არაფრის დიდებით არ კარნახობენ დაწელნი პაზეჟს, კლასის მთავარი გიკი ამ დროს ცხვირში თითს ღრმად ითხრის და ფიქრებში სკოლის ყველაზე მაგარი გოგოს გაშიშვლებას ცდილობს, ეს სკოლის მაგარი გოგო კიდევ ფუტბალისტ და ქუჩური გაგების, მაგრამ მომავალში მაგარ ლუზერ იდიოტზე ოცნებობს და თითს მორცხვად ლოკავს, ამ ყველაფრით შეწუხებული ფრიად-რელიგიური, მუწუკებიანი ბიჭუნა კი ღმერთს სთხოვს შველას, მაგრამ სამწუხაროდ ღმერთმა დიდი ხანია დაიკიდა განათლების სისტემა. აი ასეთია აქაური სკოლა და ასეთები არიან ჩემი სკოლელები. ახალ, სოკოსავით მომრავლებულ მიკრორაონებში გაკეთებული თაობა, ოცნებებით ერთიან საქართველოზე და ყოველდღე მაკდონალდსში ჭამაზე, სადაც რეგულარულად მარტო მოსაფსმელად თუ შეუძლიათ შესვლა.

 

 სკოლაში ეკლესიის მხრიდან შემოვდივარ. ამ ქუჩას ომში დაღუპული ბიჭის სახელი ჰქვია, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ რა ერქვა თვითონ იმ ბიჭს.

 

ჩვენთან თითქმის ყველა ქუჩას აქვს სახელი. ომში ბევრი ხალხი იღუპება, ძმაო და იმათი სულებიც საკუთარი სახელობის ქუჩებს ითხოვენ. ხოდა ხალხიც არ უტეხავს და იმდენი ქუჩები გვაქვს, რომ ტაქსისტების მეხსიერების გასაუმჯობესებლად მერიამ სპეციალური უნივერსიტეტიც კი შექმნა, საიდანაც მართალია ერთდიპლომიანი, მაგრამ მაინც პროფესიონალი ტაქსისტი გამოდიხარ. ეკლესიის ეზოში პოზიტიური ენერგიით ვიმუხტები. არა, სულიერი სიმშვიდე და რელიგიური გასხივოსნება მოშნად მკიდია, უბრალოდ ეს ადგილი მევასება. აქ შესვენებაზე სიგარეტს ვაბოლებ ხოლმე და ერთადერთი ადგილია სადაც სკოლას ვშორდები მთელი ექვსი საათის განმავლობაში. ორი წუთით ვცდილობ იმდენი დადებითი შევიწოვო, რომ მთელი დღე მეყოს.

 

აჰა, ხალხი ჭიშკართან ირევა, მე თავი დახრილი მაქვს და ყურსასმენების წყალობით მაგათი ჭყიპინი არ მესმის. ესეც ასე, ჭიშკარს გადავაბიჯე. უკვე ტრაკში ვარ.

 

 

 

 

 Brainfucking

 

 

– აბა, როგორ გაატარე არდადეგები? – ეს ქრისტინაა, ჩემი კლასელი. არაა ცუდი ბავშვი, უბრალოდ ტვინის ხერხია. ისეთი ტვინის ხერხია, რომ სახელიც კი შეიცვალა და ახლა მისი დაქალები კრიწის უძახიან. ქრისტინა სულ ცდილობს კარგად მომექცეს, რადგან მე და მას ერთი დიდი საიდუმლო გვაქვს. საქმე იმაშია, რომ მეოთხე კლასში, როცა ჩვენ ერთ მერხზე ვიჯექით, ქრისტიმ შემთხვევით შუა გაკვეთილზე ჩაიფსა.

 

მე მაშინვე მივხვდი, უბრალოდ არ გავუბაზრე და თან გავკეთილების შემდეგაც მის გვერდით ვიჯექი. ხალხი კი დავაჯერე, რომ გვიანობამდე ვმეცადინეობდით. მაგას კიდევ ეშინია ახლა არ გავუბაზრო, კი არა იცის როგორ მკიდია. თუმცა მეოთხე კლასის მერე მაგრად შეიცვალა. ახლა ცოტა ტანზეც მოვიდა და სიმაღლეშიც კარგად წავიდა. ამან თუ ასე გააგრძელა ოც წლამდე ისეთი ნაშა დადგება, კირა ნაითლი ამის სურათებს ატვირთავს ფეისბუქზე და დაიგინება, რომ ფოტოზე თვითონაა.

 

– რავი, ბევრი მეძინა. შენ?

 

– მე...

 

მე თხილამურებზე ვისრიალე და პლანიც მოვწიე ერთხელ, ოღონდ არავის უთხრა.

 

– ვაა, საღოლ. ვის უნდა ვუთხრა, კაი რა. ისე, აქ რა ხდება? რამდენი ხალხია. ჩვენი დამრიგებელი ხომ არ მომკვდარა?

 

– არა. სულელო, ეგეთ რაღაცეებს ნუ ამბობ, მართლა არ მოკვდეს ?! ვიღაც ამერიკელი სტუმრები გვყავს და ხალხიც ცდილობს ახლოს მივიდეს.

 

– და აქ რა უნდათ? შენობა იყიდეს?

 

– არა, ჩვენს სკოლას ვიღაც ტიპის სახელი უნდა დაარქვან და მოვიდნენ. არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ ის ამერიკელი კი მომწონს, რომლის სახელიც ჩვენს სკოლას უნდა დაარქვან. რაღაცნაირი სიმპათიურია.

 

მაგრამ იმ ბოზ ტასოს რამეს დაასწრებ? უკვე თვალში ეჩხირება.

 

– ხოო. არაუშავს ქრისტი, სხვა დროს გაგიმართლებს.

 

– კრისწი, კრისწი დამიძახე, – მიყვიროდა ქრისტინა, მაგრამ მე უკვე კარგა მანძილით ვიყავი დაშორებული.

 

 სიტუაციაში გასარკვევად ტასოს ავედევნე. ეგ ისეთი ჩალიჩაა ყველაფერს გააიასნებდა უკვე. ტასო ჩვენი სკოლელია და ისეთი გოგოა რა, შინაგან სამყაროშიც კი ყველაზე კარგი ძუძუები, რომ აქვთ. მაგრამ, ძუძუები მართლაც საოცარი აქვს. ტასოს მაისური ისე აქვს ამოღებული, რომ მის ღარს ენით თუ გაყვები საბოლოოდ მინეტჩიკის სტატუსი არ აგცდება.

 

 ტასო ერთ ჭორფლიან ბიჭს დასდევს. მე – ტასოს.

 

თუმცა ტასო ისეა გართული, რომ ყურადღებას არ მაქცევს. ნუ, არც მანამდე იკლავდა თავს.

 

 გინახავთ სკოლის ხელახალი გახსნა თბილისში? ერთი კიმ ჩენ ინი აკლია აქაურობას და ჩრდილოკორეული პარადია. დირექტორი სულ მართალია, აღრენილი მასწავლებელი კვლავ გიყურებს და დირექტორობა უნდა, ბავშვები კიდევ ერთმანეთით ერთობიან, სიმულაკრის ეპოგეაა. ყველა კაი ტიპია და ყველა მაინც ლილის პოლიეთილენის პერაშკებს ჭამს. მოკლედ, ყველა ერთნაირია, რა. მარტო ერთი გამოირჩევა ამ ხალხისგან. ეს ამერიკელი ბიჭია, რომელიც ძალიან მეცნობა და ვერ ვიხსენებ.

 

ვცდილობ როგორმე გონება დავძაბო, როცა შემთხვევით განათლების სამინისტროს წარმომადგენლის სიტყვას ვაპყრობ ყურადღებას და მესმის :

 

 – ჩვენთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამერიკელ ახალგაზრდას, რომელიც ამერიკული სამართლიაობის და შრომისმოყვარეობის ნამდვილი სიმბოლოა. ადამიანს, რომელიც არ შეუშინდა განსაცდელს და ბოლომდე გაიტანა საკუთარი სიმართლე. ჩვენთვის დიდი პატივია ამ სკოლას ვერნონ გრეგორი ლითლის სახელი ვუწოდოთ.

 

 – ვერნონ გრეგორი ლითლი??? – შემთხვევით ხმამაღლა გავიმეორე.

 

– ხო, ხო, ეგ. არ იცი ვინაა? – მპასუხობს ჩემი სკოლელი

 

– აა, კი. – მე გაშტერებული ვწყდები ადგილს და ვცდილობ სკოლის შესასვლელისკენ გავემართო და ვერნონი ახლოდან ვნახო, თუმცა მას მალე მანქანაში ტენიან და ადგილს არიდებენ.

 

 აზრზე ხართ? მე ვერნონ გრეგორი ლითლის სახელობის სკოლაში ვსწავლობ და აქ მარტო მე ვიცი თუ ვინაა იგი. ვერნი ტეხასელი ბიჭია, რომელიც თექვსმეტი წლის ასაკში ისეთი პოპულარული გახდა, გავკარი ჯასტინ ბიბერს. თან მარტო იმის გამო, რომ პედერასტი ძმაკაცი ჰყავდა და კინაღამ სიკვდილით დასაჯეს.

 

მაგრამ ბოლოს ყველაფერი ჰეპი ენდით დამთავრდა. იმენნო ამერიკული ისტორიაა რა, საკაიფო დასაწყისით და მაგარი სიუჟეტებით, პროსტა სირი კანცოვკით და მუდმივი სიკეთის იაფფასიანი ილუზიით. პროსტა, ვერნი მაგარი ჭკვიანი გამოდგა და ვერაფერი დაუმტკიცეს, ეგ კი არ უნდა დაუკარგოს კაცმა.

 

 ყველაფერი საკმაოდ მალე დამთავრდა. სკოლას აბრა გამოუცვალეს და ჩვენც კლასებში შეგვრეკეს. შესასვლელ კართან ტასოს შევეჯახე და იქვე გამოველაპარაკე.

 

– ტას, მოიცა, რაო ვერნმა? დაელაპარაკე?

 

– აუ, კი. ძაან საყვარელია.

 

– მერე რა იბაზრა მაგ საყვარელმა?

 

– რავი, ათასი სისულელე, დაჟე შემეხო და ბოლოს გადამეხვია. მითხრა ჰოლიდეი ინში გავჩერდი და იქ ვცხოვრობო.

 

– ვაა, საკაიფოა.

 

კაი აბა.

 

 კლასში ასვლისთანავე ჩამეძინა და გაკვეთილების ბოლოს ქრისტინამ გამომაღვიძა. მშვიდად ავდექი და გასავლელისკენ თვალების შმუშვნით დავიძარი, მარტივად გავცდი ცარიელ დერეფნებს და დარაჯის დაცინვით ნასურვებ ბედნიერებას ყალბი ღიმილით შევეგებე. აბა მაგას შიგ ხომ არ აქვს, ტო? რაღა ბედნიერება ცხრიდან-ორამდე ამ სკოლაში მაყურყუტეს და დღე ბედნიერი როგორღა უნდა გამოდგეს? ნუ როგორცაა რა, სკოლის ჭიშკარს მალევე მოვშორდი და ლეოს სახლისკენ დავიძარი.

 

 ლეო ჩემი ბიძაშვილია და სკოლასთან ახლოს, მარტო, ცხოვრობს. სკოლის მერე ხშირად ავდივარ ხოლმე, სანამ მამიდაჩემი სამსახურშია მანამდე იმის პლანისგან დადებილებული ტვინის ნაჟურს ვუსმენ. ლეო მთელი დღე სახლშია გამოკეტილი და მოსაწევს აბოლებს, თან რელიგიებზე, მეცნიერებაზე და წიგნებზე ლაპარაკობს. მოკლედ, ჩვეულებრივი ხელომოცარულია.

 

როცა მის სართულზე ავედი და კარებს მივადექი, ჯერ ორჯერ დავრეკე ზარი და მერე სამჯერ მაგრად დავაბრახუნე. ლეო ტრაკის ფხანით მოუახლოვდა კარს და მთქნარებით გამოაღო.

 

ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა. ლეო ერთადერთია, ვისაც ჩემი დანახვა უხარია. ალბათ იმიტომ, რომ მასთან იშვიათად თუ მოდის სხვა ადამიანი.

 

 – ვაა, ჩემი პატარა კაცი. რავა ხარ? სად დაიკარგე, ტო. ეგრე უნდა ბიჭო? სკოლა არაა და ბებერი ლეო დაიკიდე, ხო? შემო, შემო. – ძლივს ამოილუღლუღა ნახევრადმძინარე ლეომ.

 

– რავიცი, ლეო. შენ რას შვები? სკოლა მორჩა და ვიფიქრე ავუვლი-მეთქი.

 

მომენატრა შენთან ბაზარი. – არა, ზოგადად არ მიყვარს ადამიანების მოტყუება, მაგრამ ლეოს ეს ტყუილი ისე აბედნიერებს, რომ გადამძუებული ფრაზა "არა იცრუო", მალე მავიწყდება.

 

– რა კარებში დგახარ, ტო. მოდი აქ, ყველაფერი იცი რა სადაა და თუ გინდა ჭამე თუ გინდა დალიე.

 

 სახლში მართლაც ყველაფრის ადგილი ვიცოდი.

 

ბინა ყვითელ ფერს მიჰქონდა: ყვითელი ფარდები, ყვითელი განათება, ყვითელი ქაღალდები, ყვითელი ტანსაცმელი და ლეოს გაყვითლებული კანი. ჩემდა გასაკვირად იმ დღეს ლეო სახლში მარტო არ აღმოჩნდა. აბაზანიდან ჯერ მასსავით გაყვითლებულმა კანმა გამოანათა და მერე ნელ-ნელა ჩემსკენ დაიძრა ზომიერად მაღალი, პატარა, მკვრივმკერდიანი მშვენიერი გოგო, რომელმაც ჯერ ლეოს მაგრად დაუზასა და მერე მე მომესალმა. ლეომ თავისი ქალი გამაცნო, რომელსაც აზრადაც არ მოსვლია ტანზე ჩაცმა და პირდაპირ მისაღები ოთახის ყვითელ დივანზე წამოგორდა.

 

მეც იქვე წამოვჯექი, ლეომ ჯერ მორიგი მასტერკა მოიტანა და მხოლოდ შემდეგ მიწვა იატაკზე. მოსაწევს გაუკიდა თუ არა ეგრევე გაეხსნა.

 

 – რა ხდება, აბა?

 

– რავი, ლეო. არც არაფერი. ხო აზრზე ხარ რა სირობაა ეს სკოლა და რამე.

 

– ჰო, აბა. მაგრად არ მევასებოდა სკოლა, მაგიტომაც გამომაგდეს მეათე კლასიდან.

 

– თან დღეს სკოლას ვერნონ გრეგორი ლითლის სახელი დაარქვეს და ტვინის ბურღვა იყო.

 

– და ეგ ვინ ჩემი ყლეა?

 

– გრძელი ამბავია, ლეო. მერე მოგიყვები.

 

– ვაა ტეხავს, ტო.

 

მერე ღმერთს დაებაზრე და გიშველის რამეს.

 

– კაი რა, ლეო. რას ამბობ. არ ვკიდივარ ღმერთს? რა დროს ღმერთია.

 

– ეე, ბიჭო. ნუ ბაზრობ ეგრე. ღმერთი ასწორებს.

 

– კაი, შეჩემა, როდის აქეთ გახდი მორწმუნე.

 

– მე სულ მორწმუნე ვიყავი, ძმაო. პროსტა სულ სხვადასხვა ღმერთი მევასებოდა. აი ღმერთი მაგარი როჟაა, იცი რატომ? – იმიტომ, რომ მაგრად მოაქვს.

 

ტიპია რა, თავისთვისაა და შენ ლიჟბი ებაზრე და ის გისმენს, რა. თავისებურად ყველა ღმერთი კაი რამეა, დაჟე ალაჰიც. პროსტა ბუდა ყველაზე მაგარია.

 

– რატომ?

 

– ყველაზე მაგრად მოაქვს და იმიტომ. ვაფშემ შენ აზრზე არ ხარ რა პონტია ეს რელიგიები. ბავშვი ხარ ჯერ. ყველაზე მაგარი რელიგიია ისა, რომელიც ყველაზე მაგარ ტისკს აძრობს. ეგრეა, ძმაო.

 

ღმერთები ყველაზე მაგარს ეწევიან და თან არ ჰკიდიათ? ანგელოზები ჰყავთ და ეტყვიან იმათ, – დავაი მოსაწევი გააძრე, თორემ დაგენძრევაო და ისინიც ჩალიჩობენ, რა. ჰოდა ეს ღმერთიც წამოწვება და ბოლაობს. მერე კიდევ მოაქვს. მოაქვს და თავისას სულ აღწევს იმიტომ, რომ ტისკი აქვს, ძმაო. ტისკი მართავს სამყაროს. აი ღმერთი რაღაცას იჩალიჩებს და ყველა ეგრევე იჯერებს. პროსტა ეგ ტეხავს, რომ ბევრია, რა.

 

აი ამ ღმერთების ღმერთი, რომ გაიჩითოს ის ვაფშემ მაგარი როჟა იქნება.

 

– და ათეისტებიც ხომ არსებობენ?

 

– აუ, კაი რა. ეგენი იმიტომ არიან ათეისტები, რომ ვაფშემ ვერ ბოლაობენ და ვერც მოაქვთ და რასაც ვერ მოაქვს არაფრის მწამს მე. გეუბნები, მაგათ დაჟე ებრაელები მირჩევნია, იმდენ მაყუთს მაინც აკეთებენ, რომ ოდესმე შეიძლება მოსაწევი გიყიდონ.

 

– აბა ვინაა კარგი?

 

– ბუდა. იასნა, ბუდა. აი მაგას ყველაფერი აქვს. თესლი გამოხედვაც აქვს და სულ ბოლებშია. ქრისტეს მაგიტომ მოუჯოკრა რა.

 

იასნა იესოსაც მაგარი მზერა აქვს, გამომყევი და რამე ქვეტექსტით, მაგრამ ბოლებში არაა. მაგიტომაა ბუდა მაგარი კაცი.

 

– კაი რა, ლეო. წინაზე ამბობდი ქრისტეა მაგარიო, ახლა ბუდაო, ბოლოს მარადონამდე მიხვალ, ბოზიშვილი ვიყო.

 

– არა, ტო. ბუდა ი ვსო, – ლეომ ნაფაზი მაგრად ამოარტყა, მასტერკა თავის ქალს მიაწოდა და თვითონ წიგნი მომაწოდა. წიგნს გარეკანზე ჩეგევარა ეხატა, რომელსაც ერთ მხარეს წითელი, მეორე მხარეს კი ლურჯი ფერადი წარწერები ამშვენებდა, წიგნის ცენტრში კი ამავე ფერებისგან ინი და იანი იყო გამოსახული. წიგნს ეწერა – "Виктор Пелевин – Generation П". – აი ეს წაიკითხე.

 

იცი რა მაგარია? აი ტიპი ყველაფერზე ბაზობს, თან სულ სიმართლეს და იცი რატომაა ასეთი მაგარი? – ბუდისტია და იმიტომ, ძმაო. ტიპს ბუდა ებაზრება და ამ ყვალაფერს წერს და მაგრად მოაქვს.

 

 ლეოს წიგნი გამოვართვი და ცოტა ხანში სახლისკენ დავიძარი. როგორც წესი, ლეო კარგ წიგნებს მაძლევდა ხოლმე, უბრალოდ ეგ ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდა და მე კიდე მაგდენი არ მესმოდა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჩიხლაძე დათო / მოთხრობები