ჩხეიძე ოთარ 

პაგანინის თითები

 

ჩემი სოფლის ეტიუდებიდან

 

დიაკვნის გოგო

ბატონიაანთ ნუკრი

უჯრედის მდივანი

დიაკვნის გოგო არცერთს არ უყვარდა: არც ბატონიაანთ ნუკრისა და არც უჯრედის მდივანსა. არც დიაკვნის გოგოს არ უყვარდა არცერთი ამათგანი: ბატონიაანთ ნუკრი ეჩვენებოდა მიუწვდომლადა, უჯრედის მდივანს არც არაფრად აგდებდა, – არაფრადა, არაფრადა, სულ არაფრადა, სულაც ვერ ამჩნევდა, ვიდრე თვითონვე არ გადაუდგა უჯრედის მდივანი და არა სთხოვა: უჯრედში შემოდიო. დიაკვნის გოგომ არ იცოდა უჯრედი თუ რა იყო. აუხსნა უჯრედის მდივანმა, აუხსნა და ბევრი ვერაფერი გააგებინა, თვითონაც რო ვერ გარკვეულიყო მაინცდამაინც ისე ღრმადა, ანთუ: ვერ ჩასწვდენოდა ისე ღრმადა. როგორც უნდა ითქვას, აზრი ნათელია და ისიც ნათელია: დიდი რამ მოაზროვნე რო არა ბრძანდებოდა ეს ჩვენი უჯრედის მდივანი.

უჯრედის მდივანი რაიკომის მდივანმა დაარქვა, კომკავშირის რაიკომის მდივანმა, გალავანში დაარქვა, ეკლესიის გალავანში, იქ მიასწავლეს, იქ იქნებაო, იქ აღმოჩნდა და იქვე დაარქვა. ჯორიხედანასა თამაშობდა პატარა ბიჭებში. თვითონაც ბიჭი გახლდა. ბიჭი. ერთი აყლაყუდა რამ იყო, გამოირჩეოდა რო თავის ტოლებშიცა, ისინი ოღონდ რო: აღარა თამაშობდნენ ჯორიხედანობასა, უფრო უმცროსებისათვის რო მიეტოვებინათ გასართობი ესე, ხოლო ეს იქვე რო ჩარჩენილიყო – ჯორიხედანობაში – ეს მომავალი უჯრედის მდივანი; ჩარჩენილიყო და რო მოუწევდა ჯორობაი, წაიკუზებოდა ისე იმზომაზედა, სამი ბიჭი რო დაეტეოდა ზედა, ბიჭებზე კიდევ ბიჭი – ესეც მეოთხეი. შეასხდებოდნენ და ისხდნენ და ისხდნენ. ჩამოხტებოდნენ და შეახტებოდნენ. ჩამოცვივოდნენ და აცვივდებოდნენ. ვერ მოასწრებდა, ვინმე ჩაეჭრა, ირჯებოდა ისე ტლანქადა, მძიმედა ისე, უხერხოდა, უხეიროდა. ჩამოხტებოდნენ და შეახტებოდნენ. ისხდნენ და ისხდნენ.

აღმოჩენითა აღმოაჩინა მილიციის უფროსმა, რაიმილიციის უფროსმა.

უცებ ჩაესმა ჟივილხივილი. ეკლესიას უახლოვდებოდა. მოსწყვიტა ცხენი. შემოუარა გალავანსა. გადაიჭყიტა. უკვე ჩაენგრიათ გალავანი ალაგალაგა. კარიბჭეც მოეშალათ. ამოეფარა გადარჩენილ ნაწილსა: მე დავინახო, იმათ ვერაო. არც დაუნახიათ. ჭყვიროდნენ ბიჭები, ლაღობდნენ ბიჭები, ახტოდნენ, დახტოდნენ, დარბოდნენ, დაჰქროდნენ, მალაყს მალაყზე გადადიოდნენ. ისიც იქ გახლდა, ვეება, ტლანქი, მოუხეშავი, რო არც მალაყი გამოსდიოდა, ჭყვირილიც რო არა, ხიხვინებდა, აბრიალებდა თვალებსა ავადა და თუ რომელიმეს ჩაიგდებდა ხელში, ისე მოუჭერდა, ისე, ისე: ჭყვირილი ის იყო, მილიციის უფროსსაც რო შეაჟრიალებდა, ამ ჩვენი საუკუნის 20– იანი წლების მილიციის უფროსსა. ან მერე ნაკლები ვინ იქნებოდა!.. ცხენი მიიწევდა, ცხენი ტოკავდა, უკვირდა, რად იდგა გალავნის გარეთა, რო დაჩვეულიყო შევარდნასა ეკლესიაში, მლოცველებში შევარდნას რო დაჩვეულიყო, ფრესკებს რო ტორავდა, – აყალყავდა მხედარი იგი და ტორავდა ფრესკებსა, ჩქვლეთდა, ფხოჭნიდა. ცხენი გაევარჯიშებინათ იმგვარადაცა: აუგდებდნენ სახარებასა, ბიბლიასა, წმიდა მამათა სწავლებასა, რაცთუ მოჰხვდებოდათ, რაცთუ გამოეყარათ ეკლესიიდანა, აუგდებდნენ, სტყორცნიდა ტყუპსა შეუმცდარადა, ლამის ეკლესიას რო გადააცილებდა, სახურავზე ჰო ცვივოდა და ცვივოდა. და მიიწევდა. ცხენი ცხენიაო, მაგრამ გართობა იმასაც უნდოდა. მტკიცედ ეჭირა მხედარსა აღვირი. რაღაც იაზრა გონებამა გამჭრიახმა. ერთი გაუელვა და ექცა აზრადა. საბჭოსთან მიაგდო ცხენი. 

ბიჭი იგი მოაყვანინა საბჭოს მდივანსა.

იქ ჰო თვალში მოუვიდა, აქაც მოუვიდა თვალშია. ჰკითხა საკითხავი. ურჩია ასარჩევი. დაარიგა დასარიგებელი. დაჰპირდა დასაპირები. ცერში მოიკრიბა ოთხივე თითი. მილიციის უფროსმა. აათამაშა მაუზერზედა. აათამაშა. ათამაშა. არაკუნა. არაკრაკა. მახვილი სმენა რაღაც ნოტებს ამოილანდავდა. უჯრედის მდივანი – მომავალი – თითებს რო მიადევნებდა თვალსა, ხელიც იქითკენვე წაუვიდოდა, თეძოსაკენა, თავის თეძოსაკენა რაღა თქმა უნდა, მხრებსაც გაფშეკდა, თითქოს აიწევს და აფრინდებაო. ჯერ ამას დამსახურება უნდაო, მილიციის უფროსმა, გადაასხა ნელთბილი წყალი. არც ისე ძნელი სამსახური მოგიწევსო. შენ მხოლოდ კულაკებს მიადევნე თვალყური თუ რასა ტუტუნებენ თუ რასა ჩურჩულებენ, რასა მსჯელობენ ბატონიაანთა, რას აპირებენ და როდის აპირებენო. შემოიკრიბე მოჯამაგირეებიო და რასაცაო ვერ დაინახავს შენი თვალი და შენი ყური ვერ გაიგონებსო, იმათგან გაიგეო, იმათგანაო. ისინი არიან ჩვენი დასაყრდენნი კლასობრივი ბრძოლის ამ გადამწყვეტ ფაზაშიო.

ფაზაო –  ვერ გაიგო ამ მომავალმა უჯრედის მდივანმა, კლასობრივი ბრძოლაც ვერ გაიგო, კულაკობაც ვერა, ვერც დანარჩენი ვერაფერი ვერ გაიგო, მაუზერს არ აცილებდა თვალსა, მაუზერი გაიგო. ისიც გაიგო: რაღაც ამბები უნდა შეეგროვებინა, საბჭოში უნდა მიეტანა ჩუმადა, ფარულადა, არც რო არავის არ უნდა დაენახა, არც რო არავის არ უნდა მოეკრა ყური; მოჯამაგირეებსაც არაო, – რა ვუყოთ რო ჩვენი მოკავშირეები არიანო, ეჭვის საბაბი არ უნდა მივცეთ, ეჭვი ყველაფერს ანგრევსო. მაუზერი მაინც ყველაზე უკეთ გაიგო და მაუზერს რო დამსახურება უნდოდა, ამასაც მიჰხვდა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მიზეზები ექსპლოატაციისა, უნდა მოვსპოთ სხვაობა კულაკებსა და მოჯამაგირეებს შორისაო, – ეს მერე, მერეო, კულაკობას რო გავანადგურებთ, როგორც კლასსაო. ექსპლოატაციაც – ვერ გაიგო ამა მომავალმა თუ ამომავალმა უჯრედის მდივანმა. იმას მაინც მიჰხვდა თანდათანობითა, მამამისიც თურმე კულაკი რო ყოფილა. სამი მოჯამაგირე ჰყავდა იმასაცა, სამიცა – ვაჟი და ეს, თვითონაცა, ოთხი ვაჟკაცი რო შეუდგებოდა საქმესა, ის სამი მოჯამაგირე კი არა, სამჯერ სამიც რო ჰყოლოდათ ისეთები, იმდენს ვერ შესძლებდნენ, ვერც შეასრულებდნენ ისე ლაზათიანადა. ბუზღუნით შვილები უფრო ებუზღუნებოდნენ მამასა. მოჯამაგირეები ამშვიდებდნენ. სამნიო – არა?.. ეს მეოთხე გახლდა, ეს ამომავალი. უხეირობას ატყობდნენ და არც აძალებდნენ: ცოლის დრო მოუვა, ცოლს შეირთავსა და მერეც ეყოფა თავისი ტვირთიო. გუთნის თავზე თუ დასვამდნენ, კამეჩების უღელზე, – არ ჩამოვარდებოდა. მოუხერხდებოდა სიმღერაცა. აჰყვებოდნენ მოჯამაგირეებიცა: ოროველასა სწავლობდნენ, ქართულ სიმღერასა სწავლობდნენ სომხის ბიჭები.

მაგათაც უნდა თვალთვალიო, უმოძღვრებდა მილიციის უფროსი, დევნილები დევნილები არიან, მაგრამ ვინ უწყის ჯაშუშებიც შემოგვაპარესო. უმოძღვრებდა და უმოძღვრებდა.

აი მოძღვარი დაუღლელი, მჭვრეტი ყოვლისა!..

სომხის ბიჭებიო, – როდისა ყოფილა ქვეყნიერება დალაგებული, მაშინ რო ყოფილიყო?.. როდისა ყოფილა რო: უბედურებაი სხვისა ჩვენ არ დაგვტეხოდა თავსა?!. აეჯანყებინათ სომხობაი ოსმალეთისა. დარეოდნენ ოსმალნი. დაერბიათ. გადაეწვათ. დაეხოცათ. გამოერეკათ. გაერეკათ. მიერეკათ სასომხეთისათვისა სომეხნი. იმათ თუ რაო!.. ანთუ როგორაო!.. დერეფანი აქეთა – ჩვენსკენ დაეგდოთ რუსებსა. ვინა ჰკითხავდა ან იმათა ან ჩვენა?!. ვინა თუ რაო: რას გაიგებ ბედისწერისასა ან პოლიტიკისას რას გაიგებ, ორივე რო ბნელია ერთგვარადა, რო ბნელდება ეგრევე ერთგვარადა, რაც რო დრო გადის. ბნელდება. ბნელდება. რაც უნდა იყოს, გორის ბაზარსა, ხაშურის ბაზარსა, ქარელის ბაზარსა, ცხინვალის ბაზარსა თუ მოარულთა სოფელსოფელა ბევრს გადაეყრებოდი უბედურთა ამათა, თანახმანი რო იყვნენ ყველაფრისა, ოღონდ გეჭმია პური, ოღონდ მიგეცა ღამის სათევი. მოჯამაგირეობას თუ შესთავაზებდი, ცას ეწეოდნენ სიხარულითა. რის კლასობრივი ბრძოლაო, რა ექსპლოატაციაო, საიდან რა უნდა სცოდნოდა ოტროველა ბიჭსა?!. რაცთუ რა იყო, მოხიბლა ალბათ მილიციის უფროსი, ჰო, ჰო – ალბათ მოხიბლა რო: უჯრედის მდივანი რო დასჭირდა კომკავშირის რაიკომის მდივანსა, ეს ბიჭი წარუდგინა შესაფერის კანდიდატადა. სხვა არავინაო, სხვა უკეთესი არ მეგულება მაგ სოფელშიო. მაუზერის დამსახურება მაინც ვერ მოასწრო, ფილთა თოფისაც ვერა. მერე ამასღა ჰპირდებოდა მილიციის უფროსი.

ამდენი აღარ ურკვევია რაიკომის მდივანსა. შეჰხედა. თვალში მოუვიდა. უჯრედის მდივანი შენ იქნებიო. დაახალა მაშინვე. უჯრედიც შენ უნდა შეჰქმნა და ადვილადაც შეჰქმნიო. ერთი გოგონა როგორ არ გეყოლება შეთვალიერებულიო, – ჯერ იმას გაენდეო. იმას დობილები მოჰყვებიან, დობილებს – ძმობილებიო და რაღა უჯრედიო, ბარემ ორგანიზაცია გამოგივაო. ყოჩაღო. ყოჩაღო. მოჯამაგირეებს დაეყრდენი და უღარიბეს გლეხობასაო. კულაკებს შეუტიე, ბატონიაანთა შეუტიე, ეს გევალება მეტი არაფერიო. ეს უკვე იცოდა უჯრედის მდივანმა. თვალს არ აშორებდა მაუზერსა, კომკავშირის მდივნის მაუზერსა. რაღა თქმა უნდა. შეასწრო თვალი რაიკომის მდივანმა, თვალი თვალს მოჰხვდა და შეიცნო თვალი. თვალმა თვალი. შეიხსნა მაუზერი რაიკომის მდივანმა, შეიხსნა, თავისსავე ქამრით შემოარტყა უჯრედის მდივანსა. წელი გაუსწორა ბრტყელმა ქამარმა, მხარიც გაუმართა, – გაიშალა, აუბრიალდა თვალებიცა. რაც მთავარია: ცერში მოიკრიბა ოთხივე თითი, ჩაარაკრაკა მაუზერზედა. – ბიჭოს!.. შესძახა რაიკომის მდივანმა. რაღაცა ეცნო: მილიციის უფროსის მაუზერი რო გამოსცემდა, ის მოტივი ეცნო: – ბიჭოს!.. ბიჭოს!.. დააყოლა და დააყოლა, ხელიც მოუთათუნა ლოყაზედა, ბიბილოც მოსწია. ბიჭი მიშტერებოდა ცხენსა. ცხენიც მონდომებოდა უჯრედის მდივანსა, ეს ცხენი თორემ, თვითონაც ჰო ჰყავდათ, – ჰყავდათ და ებათ ორთვალაშია, ვერ შეიჭრებოდა იმითი ეკლესიაში მილიციის უფროსთან ერთადა. ეს გაწაფულიყო. მდივნის ცხენი. სხვა მაუზერიც ეკიდა ტახტასა, ვერცხლმოვლებული. ჩამოხსნა მდივანმა, წელზე მოირტყა გაწაფული ხელითა, ისე სწრაფადა, მოხდენილადა ისე, დასწავლა უნდოდა ამასაცა. დაისწავლიდა უჯრედის მდივანი. ცხენი ტოკავდა. ბზინავდა ცხენი. შემოვლებოდა რახტი ვერცხლისა. ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ– აბჯარ– უნაგირსაო. გაგახსენდებოდა ისიცა რო: თუ უკაცრავად არ ვიყო, ჩამობრძანდი ემაგ ცხენსაო, – რო შეუტია კონა ერისთავსა ამანა, ამანა, თვითონ ამანა, რაიკომის მდივანმა და აღვირს რო უტაცა ხელი. ხანჯალი ჩაბღუჯა კონა ერისთავმა: ბარემ აღვირზევე შევატოვებინებ მარჯვენასა ემაგ ლაწირაკსაო. ბარემაო. მაგრამ ვერაო. მაუზერი გაეშიშვლებინა იმა ლაწირაკსა. შემოჰხვეოდნენ სხვა ლაწირაკებიცა. ჩამოჰხდა კონაი. ფეხად მიბრუნდა შინა. დაემხო საწოლსა. და. აღარ ამდგარა. ბალიში გასწურეს. ცრემლად დაცლილიყო უბედური კონა ერისთავი. ცხენისთვის მერეღა ესწავლებინათ შევარდნაი ეკლესიაში, შეუპოვარი მორწმუნენი რო გამოერეკა. გამოერეკა. და. გამოერეკათ.

ეკლესიაში წითელი კუთხე მოაწყე და კულტურული ღონისძიებანი გამართეო. წითელი კუთხე არ იცოდა უჯრედის მდივანმა. კულტურული ღონისძიებანიც არ გაეგებოდა. მეჯვრისხევს გადადი, იქ გიჩვენებენ და ახსნითაც იქვე აგიხსნიანო. რაიკომის მდივანმა. აუხსნეს და აუხსნეს, რაღა არ აუხსნეს, – იქ თითქმის ყველა გაკომკავშირელებულიყო. გორს ის აწვდიდა მზარდ პოლიტმუშაკებსა, მერე თბილისსაცა. კლასობანაც გაეგოთ და კლასთა ბრძოლის გარდაუვალობაცა, ოღონდაო: ჩაჭრითაც აქვე იჭრებოდნენ: თუ ყველა კულაკია, ვისაც რო მოჯამაგირე ჰყავსო, ყველას რო ჰყავსო. მენახირესაც აეყვანა სომხის ბიჭები, მეველესაცა. ეს უღარიბესი გლეხობა ვიღა იყო?!. ვერც გაიგო და აღარც ტვინი უჭყლეტია უჯრედის მდივანსა. აღარა. აღარა. ვეღარც მენახირეს დაინახავდი მინდვრადა, მეველესაც ვეღარა. სოფელი მინდვრად გაკრეფილიყო. დასიცხულიყო მინდორი მზისაგანა, შრომისაგანა. აგვისტო ბდღვინავდა, თვეი მარიამობისა. მზე ვარვარებდა. კალოობა გახურებულიყო. ხვნა– თესვაც მომდგარიყო კარსა, – მომდგარიყო რაო – გახურებულიყო ხვნა– თესვაცა. სოფელი მენახირეს დარჩენოდა, მეველესა და მენახირესა. მოცლილიყვნენ. თვრებოდნენ. ილეშებოდნენ. თუ ვინმეს წაასწრებდნენ, ვაი იმისი ბრალიო თუ არაოდა, აგინებდნენ ერთმანეთსა, თავპირს ამტვრევდნენ ერთმანეთსა. ეგ არაფერიო, დაემტვრიათ თუ დაემსხვრიათ ერთმანეთიო: მეკალოეებსაც მიეჭრებოდნენ, მხვნელებსა თუ მრწყველებსაცა, აგინებდნენ მკვდარსა და ცოცხალსა, აკვნის ბავშვებსაც აგინებდნენ, მიიწევდნენ საცემადა. ვისი რა მცემელები იყვნენ?!. ვისი რა მცემელები იყვნენ, უთაქებდნენ და გამორეკავდნენ. მაგრამ ვის უნდოდა ეს აყალმაყალი, ვის ეცალა გასართობადა?.. გაბეზრდა სოფელი. მოიყარა თავი. ორივე დატუქსა. ბიჭები წაართვა. მიჰხედეთ თქვენს საქმესა თქვენ თვითონაო, როგორც აქამდისა, როგორც ყოველთვისა, როგორც რო ღმერთს დაუწესებიაო.

წესრიგი, წესრიგი, წესრიგიო, სოფელმა, უწესრიგოდ სოფელი აღარ არის და არც წესრიგია უსოფლოდაო.

ბატონიაანი მოთავეობდნენ სოფლის წესრიგსა. სახელი შერჩენოდათ და ესღა შერჩენოდათ ბატონიაანთი, თორემ ვისი რა ბატონებიო, – აღარცსად ყმაო, აღარცსად მამულიო: რაც რო რგებოდათ წილობისადა, როგორც რო სხვებსაო, ისე იმათაო. ექვსი ძმანი არც გაყრილიყვნენ, ერთად ირჯებოდნენ, ერთადა შრომობდნენ, ერთად იღვწოდნენ შინა თუ გარეთა. თავდადებულიყვნენ ერთმანეთისთვისა და სოფლისთვისაც თავდადებულიყვნენ. სოფელი შეჰყურებდა იმათა, ისინიც სოფელს შეჰყურებდნენ. ზომიერი იცოდნენ ყველაფერი, შრომა არ იცოდნენ ზომიერი. ბუნებაში ზომიერება ირღვეოდა და უნდა აჰყოლოდნენ ბუნებასა: დარღვეული ზომიერება უნდა მოეწესრიგებინათ შრომითა; უნდა აჰყოლოდნენ და ყველა ვერ ასდევდა, შრომად უნდა ქცეულიყვნენ და ყველა ვერ იქცეოდა შრომადა; ყველა ვერ იქცეოდა შრომადა და ბუზღუნებდა სოფელი: აქეთ აღარა ვართ, ჯანი გაგვვარდაო. ჯანი გაგვარდეთ, ის გერჩივნოთო, უმოძღვრებდნენ ბატონიაანი, შიმშილობას ყველაფერი გერჩივნოთო. უმოძღვრებდნენ და აქეზებდნენ, აქეზებდნენ და იყვნენ თვითონვე სამაგალითონი. მაგალითს არ დაუვარდებოდა სოფელი და დოვლათიც არ ეწურებოდა სოფელსა. და რო აურია ქვეყანაი გასაბჭოებამა, სოფელი მაინც თავიდანვე ვერ აურია. ვერა. ვერა. თავიდანვე ვერა. მტერი იხრჩობოდა შურითა, მოკეთეც იხრჩობოდა შურითა, მიდექი და გაიგე წუთისოფელი!..

არც შედიოდა წუთისოფლის გარჩევაში სოფელი, წესრიგისა და ზომიერების გარჩევაში შედიოდა.

იტკიცა სოფელმა ახირებაი მეველისა და მენახირისა. იტკიცა სოფელმა და განსაჯეს ბატონიაანთა: ბიჭები ჩამოართვეს მეველესაცა, მენახირესაცა. წაიყვანოს ვისაც უფრო სჭირდებაო. არავინ არ წაიყვანა. ისევ ბატონიაანთა შეიფარეს: ჰო არ დაჰყრიდნენ ულუკმაპუროდა უბედურებსა?!.

უჯრედის მდივანი გარჩევაში შედიოდა:

კლასობრივი ბრძოლა ალბათ ეს არისო: აქეთ მეველე და მენახირე, იქით ბატონიაანი და ბობოლებიო, ანთუ სულაც მთელი სოფელიო. მეველეს არა ჰქონდა არაფერი, მენახირესაც – არა. მეველეს ხმა ჰქონდა უცნაური. ლაპარაკიც ღრიალით იცოდა, ღრიალი ჰო რაღა თქმა უნდა!.. ამთავიდან რო გაჰყვირებდა, იმ ბოლოში რო შეპარულიყო გოჭიცა – ცხრამთას იქით გადაიკარგებოდა. მუხლი ჰქონდა ჩაუფერხავი მენახირესა, ფეხად ძილიც შეეძლო ცხენივითა, სიფხიზლეც ცხენივითა, – კურდღელივითაო, ვიეთნი იტყვიან, – ცხენივითა, ნახირი ვერსაით ვერ წაუვიდოდა. განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგანა ხელობითა, ლოთობით არა; ისევა ლოთობდნენ ისევა შარობდნენ, ისევ მიიწევდნენ – ბატონიაანთზე მიიწევდნენ ანუ: ვინც ჩვენი ბიჭები წაიყვანაო, ბატონიაანთაო. რაღა თქმა უნდა. გარჩევაში შედიოდა და ერკვეოდა უჯრედის მდივანი: მხარში უნდა ამოსდგომოდა მეველესა და მენახირესა. უჯრედი უნდა ამოსდგომოდა. ჯერ უჯრედი უნდა შეექმნა: ჯერ ერთი გოგო, მერე გოგოები, მერე ბიჭები რო მოხროვდებოდნენ და და თითებს მოიყრიდა ცერში უჯრედის მდივანი და ააჟღერებდა მაუზერსა, ააჟღერებდა და ააჟღერებდა: – ინტერნაციონალი ამოდიოდა მაუზერის ბუდიდანა. ამოდიოდა და ამოდიოდა ახლა უფრო გაბედულადა – აღსდგა მეველეი და მენახირეი. – აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ! ჩუ!.. აკაკი არ არის?.. აკაკია!.. აკაკიც რო ბატონიაანთი გახლდა?!. იმიტომაცაა დუნეი ესოდენა, იმიტომაცა!.. აბა მოუსმინე იროდიონსა: – აღსდექ კრულვითა დაღდასმულო, ქვეყანა მშიერ მონების! მოუსმინე, მოუსმინე, – იროდიონი პროლეტარიაანთია და იმიტომა. იროდიონს გამოსცემდა მილიციის უფროსის მაუზერი, უჯრედის მდივნისაცა – რაღა თქმა უნდა და რაღა თქმა უნდა!.. და ეძიებდა პირველ გოგონასა უჯრედის მდივანი, უჯრედის საწყისს ეძიებდა და ეძიებდა; ეძიებდა და ჰპოვა და ჰპოვა და გაიხლართა ახალ წინააღმდეგობაში: დიაკვნის გოგო რო ჰპოვა!..

გაიხლართაო, – მერე და რაო, – ვერ გამოჰხსნიდა რაიკომის მდივანი?!. რის დიაკვანი, რა დიაკვანიო, მამაო ჩვენოც არ იცოდა ზეპირადაო, მღვდელმა ასწავლა – ამინ, ამინო და ამოიყენა გვერდითაო. მნათე იყო. მნათე ისაა, რო არც შესულა საეკლესიო იერარქიაშიო. ლუმპენპროლეტარიატს უფრო მიეკუთვნება, სამოქალაქო თვალსაზრისით თუ განვსჯითო. იყო, აღარც არისო. რა ეკლესიაო, რის მნათე, რომელი პატრიარქიო. მალე ამბროსის ჩამოჰკიდებენ სიონის ჯვარზედაო. იერარქია არ იცოდა უჯრედის მდივანმა, ლუმპენპროლეტარიატიც არ იცოდა, აღარც უჭყლეტია ტვინი, რახან ის გაიგო: დიაკვნის გოგო რო მნათეს გოგო რო ყოფილა, მნათეს გოგო რო მიიღებოდა უჯრედშია და თუ დასჭირდებოდა, აიყოლიებდა მნათესაცა მენახირესა და მეველესთან ერთადა. ანთუ რით იყო იმათზე მეტი, – ახლა ჰო ფოსტა დაჰქონდა ბატონიაანთი, გორის გზას გაჰკვროდა. მიიღე, მიიღეო, უბეჯითებდა რაიკომის მდივანი. მერე გარიცხეო. დადგება დროი გარიცხვებისაცაო. დროდადრო დადგებაო. გაჯანსაღებისთვისაო. ლენინური კომკავშირი ჰო მარადიული ახალგაზრდობა და მარადიული სიჯანსაღეაო. თავი დაუქნია უჯრედის მდივანმა: გავიგეო. იმას დაუქნია თავი და თავი დაუკრა დიაკვნის გოგოსა:

უჯრედში უნდა შემოხვიდეო.

რასა სულელობო. დიაკვნის გოგომა.

როგორთუ ვსულელობო. უჯრედის მდივანმა.

ეგრეო. როგორცაო. დიაკვნის გოგომა.

არ დადრკა მაინცა უჯრედის მდივანი, თვალი ეჭირა დიაკვნის გოგოზე, თვალი ეჭირა, არც მოუწყვეტია. ვერც მოსწყვეტდა. ვერც ასცდებოდა, დიაკვნის გვერდით რო გაიმართა უჯრედის ოთახი უჯრედის მდივანმა. ეკლესიის პატარა შენობა გახლდა, გალავანს მისდგომოდა ეკლესიისა. მღვდელიც იქავე ბინადრობდა, ვიდრე ბინადრობდა ანუ ვიდრე რო მიუკეტავდნენ ეკლესიასა. კუნძზედაც დაუდეს ნიკაპი, წვერი წააჭრეს წალდითა და კუკუ უჭირეს. კიდევ კარგი ნიკაპი გააყოლეს თანა. მირბოდა და მადლობასა სწირავდა ღმერთსა. დიაკვანმა დაადგა თვალი იმის ოთახსა. როგორც დაადგა, ისევე ააცილა. წითლად შეღებილი ფირფიცარი მიაკრა კარებსა უჯრედის მდივანმა, თეთრით წააწერა: უჯრედიო. წითელი ნაჭერი გადააფარა მაგიდასაცა, წითელივე სურა შემოდგა და ზარი ფოლადისა მიუდო. რაიკომის მდივანმა ჩამოუტანა, სხდომების დროს დაგჭირდებაო. დიაკვანი დაფრთხა, გოგო – არა დიაკვნისაი: ჯერ რაც გამიბედა, როგორაო, როგორ გამიბედაო და მეტს ჰო ვეღარაფერს გამიბედავსო. ჰგონებოდა. გაბედულება ემატებოდა უჯრედის მდივანსა. მარტო ის რადა ჰღირდა: წითელ მაგიდას რო მიუჯდებოდა და ააწკაპუნებდა ზარსა. რაიკომის მდივანიც ჰო ჩასჩიჩინებდა: გოგო გოგოაო, გოგოს არ უნდა მოეშვაო, რისთვისაც არ უნდა გინდოდეს, არ უნდა მოეშვა, არა და არაო, ისე ვერაო, ვერ მოინადირებ გოგოს გულსაო. სხვებიც რო გარს ახვევიანო, – მიდი და მოჩანგლე, შენ ეგ მოჩანგლე, სხვებიც აგერ შემოგისხდებიანო.

მართლაც გარს ეხვივნენ სოფლის გოგოები.

გორის ქალთა პროგიმნაზიაში ესწავლა დიაკვნის გოგოსა. მომხიბლავი რამ იყო, შესციცინებდნენ სოფლიდან გაუსვლელი გოგოები. მუსიკის კლასიც გაევლო დიაკვნის გოგოსა. პიანინო ედგათ ბატონიაანთა. დროდადრო იქ დადიოდა დიაკვნის გოგოი: არ დამავიწყდესო. შესციცინებდნენ სოფლის გოგოები. იმ ზაფხულს ჩამოსულიყო ბატონიაანთ ნუკრი, ჩამოჰყოლოდა დაიკოცა ნესტან-დარეჯანი. ვენაში ვიოლინოს ეუფლებოდა ბატონიაანთ ნუკრი. ეუფლებოდა. და. დაუფლებოდა. ოქტომბერში ამისი კონცერტი დაენიშნათ ვენაში. ემზადებოდა. იწაფებოდა. დაი ნესტან-დარეჯანი პიანინოს უჯდა. დიაკვნის გოგო უფურცლავდა ნოტებსა. შესციცინებდნენ სოფლის გოგოები დიაკვნის გოგოსა, იქვე არა რაღა თქმა უნდა, გამოგოგმანდებოდა რო ბატონიაანთ ალაყაფიდანა. უკრავდა ნუკრი ბატონიაანთი, მთელ დღეს უკრავდა, მუსიკას მისცემოდა მთელის არსებითა, განცდითა სრული, თავდავიწყებითა, ვერც ვერას ამჩნევდა, არც რა ესმოდა, გარდა ბგერისა, რასაც რო ვითომ თვითონვე რო გამოსცემდა და არა ის თუ რაც ეპყრა ხელთა, – ანთუ რა ეპყრა, ანთუ ირხევოდა, ვერა, ვერც ამას რო ვერა ჰგრძნობდა. ჩაკარგულიყო. შთანთქმულიყო. შენივთებოდა. შთანთქმულიყო დიაკვნის გოგოცა. ის თითებს შეეპყრო, მუსიკოსის თითებსა, ლარებზე რო ცეკვავდა, ქამანს რო მისდევდა, ნარნარებდა საოცრადა, საოცრებადა. თვალი რო უნდა დაგეხუჭა, თორემ მოგჭრიდა, როგორც რო მზეი იმ ზაფხულისა, კალოობისა. ეს შედარება დიაკვნის გოგოსია. გოგოებში რო ჩაჯდებოდა. იქ ავიწყდებოდა გადაფურცვლაი ნოტებისა. წაუზმუკუნებდა დაი ნესტან-დარეჯანი. შეჩქვიფდებოდა ბატონიაანთ ნუკრი, რო ვერც იგრძნობდა ამას თვითონვე, ისე იმგვარად მისცემოდა ვიოლინოსა, ანთუ ისე გარდაქმნილიყო, ვიოლინოდ გარდაქმნილიყო: ლარებიც თვითონ იყო, ქამანიცა, თითები ჰო იყო და იყო. და თითებს შეეპყრო დიაკვნის გოგოი და აღუწერდა გოგოებსა სილამაზესა თითებისა, რხევათა მომხიბლავობასა, გამოცხადებასა მშვენიერებისა. – ეს არის სიზმარი!.. მილულავდა თვალთა: – პაგანინია!.. მილულავდა, მილულავდა. და. მილულავდა: – თითები, პაგანინის თითები, მილულავდა.

პაგანინი არ იცოდნენ გოგოებმა.

უჯრედის მდივანმაც არ იცოდა პაგანინი, უჯრედიც ჰო იქავე იყო, – დიაკვნის გოგოს ოთახის გვერდითა. ხმა გადიოდა. და. გამოდიოდა. გადიოდაო იმაზე ითქმის, უჯრედის სხდომებს რო მართავდა მდივანი, წარმოსახვით სხდომებსა: თავიდან ჩურჩულითა, რო ახსოვდა რო ტყუილი იყო, მერედამერე ხმასაც აუწევდა, რო ავიწყდებოდა რო ტყუილი იყო. უჯრედმაც არ იცოდა პაგანინი, რაიკომის მდივანმაც – არაო. მილიციის უფროსი არც დაფიქრებულა: ეს ჰო პაროლიაო. პაროლიც არ იცოდა უჯრედის მდივანმა. რაიკომის მდივანმა მეტი რა იცოდა!.. და მერე გორი ატყობინებდა თბილისსა: მიგნებულია პაროლი ერთერთი საზღვარგარეთული საიდუმლო ცენტრისა – პაგანინი. შექმნილია ოპერატიული ჯგუფი ცენტრის აღმოსაჩენადა. ეს გორიო. თბილისი თავისას არ დააყოვნებდა: კვანტალიანი დაჰკითხავდა თვითონვე ვალიკო ჯუღელსა და ბენია ჩხიკვიშვილსა: ეს რაღა ცენტრია, რა დავალება აქვს, როდის აქეთია რო არსებობსო. პაგანინი ორივემ იცოდა. შეთქმულთა ასეთი ცენტრისა არაფერი არ იცოდა არცერთმა. ურტყამდნენ ჯუღელსა, ჩხიკვიშვილსაც ურტყამდნენ, ურტყამდნენ თანამგრძნობელთა უამრავთა გადახვეწილი მთავრობისაი, ამაო იყო, ვით ამაოებაი, არც რა იცოდა არავინა. ედავებოდა ვალიკო ჯუღელი, თავპირდალეწილი, გულმუცელდაბეგვილი ედავებოდა: ჩვენ ჰო გამოვაცხადეთ, შეთქმულება რო გაცემულია, – გამოსვლები აღარ იქნება, მორჩა, დამთავრდა. ეგ რაღაც – პაგანინია, პროვოკაციის სუნი უდისო. – პაგანინი!!!!! დასჩხაოდა მაინცა კვანტალიანი. ჯერ ბერია სად იყო. დავიწყებულა ღვაწლი კვანტალიანისა. ეგებ რო კვანტალიანმაც არ იცოდა პაგანინი.

გოგოებმა უკვე იცოდნენ.

დიაკვნის გოგომ განანათლა ისინი იქითა მხარესა. ისინი ჰო იქითა, კედლის იქითა, ეს რო აქეთა, უჯრედის მდივანი, კედლის აქეთა?.. თუ დაიგულებდნენ აქ არისო: ჩურჩულებდნენ, ჩურჩულებდნენ, ერთი სიტყვაც არ გაიგონებოდა, ხოლო თუ არაო: ტკრიაცებდნენ, წკრიალებდნენ, თითქოს რო ქარი შევარდნილა და ფანჯრები იმსხვრევაო. დიაკვნის გოგო არ ასდევდა, ჰყვებოდა განცდითა, თრთოლვითა ჰყვებოდა, აათრთოლებდა მერე იმათაცა, თითებივით აათრთოლებდა, ბატონიაანთ ნუკრის თითებივითა, პაგანინის თითებივითა. უჯრედის მდივანი გატვრენილიყო. კედლის აქეთა. სული კბილით ეჭირა: აი და აჰაა წამოსცდებათო, წამოსცდებათ და არ გამომეპაროს თუ რა დაფარულა ამ პაროლშიო. პაროლი უკვე გააგებინეს. მილიციის უფროსმა გააგებინა. რაიკომის მდივანმაცა, კომკავშირისა აღარაო, თვით პარტიისამა, თვით ის ჩაუდგა სათავეში ამის ძიებასა, ამისი, ამისი, ამ რაღაც უცნაური მოვლენისა, ღრმად კონსპირირებული შეთქმულებისა, ვერსაიდან რო ვერ მიდგომოდნენ, სხვა ყველაფერი რო ხელის გულზე ეფინათ, წინ რო დაუდეს ვალიკო ჯუღელსა და ისიც რო ივედრებოდა ციხიდან გამოქვეყნებულ წერილებში: არ გაჰბედოთ და არ დაიძრათ, დაეტიეთ თქვენ თქვენს ქერქშიო. კონსპირირებულიც არ იცოდა უჯრედის მდივანმა. მხნევდებოდა. პაროლი ჰო გავიგე, ამასაც გავიგებ და მივწვდები პაგანინის თითებსაცაო. მივწვდები. მივწვდებიო.

და კისკისებდნენ გოგონები,

კისკისებდნენ.

აჰკვიატებოდათ რო თითები, თითები, თითები მხოლოდა, არც რო ბატონიაანთ ნუკრისა, არც რო ზღაპრული პაგანინისა, უცნაური თითები, მხოლოდ თითები, არც რო მაჯას არ ესხა, არც რო მკლავსა, იყო ცალცალკე და ჯგუფადაც იყო, ხან მშვიდი თუ მიბინარებული, აღელვებული თუ აღშფოთებული ხანა, აჰკვიატებოდათ, ელანდებოდათ სიზმრადაცაო, ცხადაცაო. ცხადს გიჩვენებთო, ჰპირდებოდა დიაკვნის გოგოი: ნესტან– დარეჯანი თანახმაა, დავითანხმებთ ბატონიაანთ ნუკრისაცაო, თქვენც დაგისწრებთო. სიზმარსაც ჰო თანხმობა არ უნდოდა?.. არ უნდოდა. და ჰყვებოდა კევრზე დაბრაწული გოგოი: თითებმა ფანჯრები შემომიტვრიაო. მეტი არც არაფერი მობმოდა, – თითები იყო, ვეებერთელა თითებიო. საბანი გადამაძრო. პერანგი გადამაძროო. ნიფხავიცა, ნიფხავიც ჩამგლიჯა და ამპლაკა კიდევაცაო. მაშინ კი ვიკივლე, ლამის ჭერი ავხადე კივილითაო.

– სულელი!..

შეჰკივლეს სინანულითა.

– რას ამბობთ?!.

– უნდა დაგეცდია!..

– მერე???!!!.

– მერე და მერე: იგემებდი საგემებელსა და არც არაფერი დაგიშავდებოდა.

– მართლაააააა?!.

და კისკისებდნენ გოგონები. ჩაბჟირდებოდნენ. იტვრენდნენ. ჩურჩულებდნენ. ჩურჩულებდნენ. და აღმოსკდებოდნენ ისევ კისკისადა. და იბნიდებოდა უჯრედის მდივანი, ჩურჩული რო არ გაიგონებოდა. გულს ასკდებოდა უჯრედის მდივანი, კისკისი იგი ლაღად რო სჩქეფდა. გაიგონებდა თუ რაისაცა, ჩაუკაკლავდა სიტყვა– სიტყვითა. ვერც რას გაიგებდა მილიციის უფროსი თუნდაც აი ამ სიზმრიდანა, მეტი რო არ იყო არც არაფერი, იმას რო უთუოდ მეტი უნდოდა. დატუქსავდა უჯრედის მდივანსა, ლანძღვა ლანძღვადა, დაურთავდა გინებასაცა. ორი თვალი და ორი ყური რო გამოგსხმია, არა კმარაო, ასი თვალი გინდა, ასი ყურიო. რო გამოკეტილხარ მაგ უჯრედში, ეგ არა კმარაო. უნდა დასუნსულებდე მონადირე ძაღლივითა, თაგვის სორო არ უნდა დაგრჩეს დაუყნოსავიო, არაო, არაო, თაგვის სოროცაო. უმოძღვრებდა და უჩვენებდა. ეგრე დასუნსულებდა თვითონა. მრავალიც მოესყიდა და მიეჩინა ერთიმეორისათვისა. აეყოლიებინა უჯრედის მდივნები, სხვანიცა, სხვანიცა, მოსდებოდა სოფელ– სოფელსა, მინდორ– მინდორსა, სერიდან სერსა, ტყიდან ხევსა, ხევიდან მთასა. ყველგან ხალხი იყო. ყველგან შრომის ალმური იდგა. ალმური. ალმური. ტყეშიც ალმური. საზამთრო შეშისთვისაც რო გამოსულიყვნენ. კალო ისევ ება. ჩაწეულიყო ძნები, აწეულიყო გორები ბზისა. გუთნები გაბმულიყო. ნაკადულები მოსდებოდა ხნულებსა. ფარცხებიც ჩაებათ. მთესველები აბნევდნენ თესლსა: ერთი ათასადაო, ერთი ათასადაო, შეჰნატროდნენ მზესა, მიწას შეჰნატროდნენ სამერმისოდა, რო ეიმედებოდათ მერმისი უფრო, ეს წელიწადი რო არ დასდგომოდათ არც ისე ბარაქიანი. აქეთ აღარ იყო სოფელი, არაქათი მისწყვეტოდა. უკვირდა სოფელსა, ბატონიაანი რო არ ჩაიფერხავდნენ ფეხსა, უკვირდა და ასდევდა, ასდევდა და ვეღარც ასდევდა, ვეღარც ასდევდა და ბრაზობდა სოფელი, ბრაზობდა და მაინც ასდევდა – ბატონიაანთა, ბატონიაანთა, ასდევდა და უმადლიდა: მაგათ რო ცოტა მოიზარმაცონ, ჩვენც მოვეშვებით, ჩვენც მოვდუნდებით, დავებმებით შიმშილობის კარსაო. ლუარსაბი?.. წამწყმიდა წახედულობამაო. რა წასახედია, მაგრამ რას იზამ, უქნარობაც მომხიბლავია. რას არ დაჰხატავს ხელოვანი!.. ამგვარ დაცემასაც ხელოვნება უნდა. კარგია თუ იქნება მხოლოდ ხელოვნებისა, სინამდვილეში თუ არ გადავა თუ არ მოსულა სინამდვილიდანა. ამისი დრო მაინც წასულიყო. სიღატაკიდან უნდა ამოსულიყვნენ, სამცონარეოდ აღარ ეცალათ. დრო აღარა რჩებოდათ თუნდაც იმდენი, ერთი თვალი მაინც რო შეევლოთ: რას დასუნსულებს ეს მილიცია, ეს უჯრედის მდივნები რაღას დასუნსულებენო.

არც ეცალათ და არც ეკითხებოდათ.

ნუ ეკითხებოდათ. ამათ უბრძანებდნენ და დასუნსულებდნენ, ვინც უბრძანებდა, იმან იცოდა: არ ჩაიშლებოდა გამოსვლები. ვინ დაუჯერებდა ვალიკო ჯუღელსა, ბენია ჩხიკვიშვილს ვინ დაუჯერებდა?!. პარიზი ცხარობდა. რომელი პარიზიო, – პარიზს სად ეცალა ამათთვისა?!. ემიგრაციაი ქართული. რო გაქცეულიყო მთავრობაი უდღეური, ყველა პარტიაც თან გაჰყოლოდა და სჭამდნენ იქაცა ერთიმეორეს, როგორც რო აქა, და კიდევაც ამოიჭამეს თავი. კომუნისტები თან არ გაჰყოლოდნენ. გზირები შეეგზავნათ. და აქ იცოდნენ ყველაფერი: მოსკოვში იცოდნენ, თბილისში იცოდნენ: ისევ ისევე რო ფლეთდნენ ერთმანეთსა, ისევ ისევე, ისევ ისევე, ისევ ისევე რო ვერა თანხმდებოდნენ: ვიეთნი ამბობდნენ, ჯერ არ დამდგარა დროი ამისიო, გამოსვლებისაო, ვიეთნი ცხარობდნენ, სწორედაც დროაო. ასევე ცხარობდნენ აქ დარჩენილნი, იატაკქვეშ რო ჩაბუდებულიყვნენ, ტყე– ღრეს რო აფარებდნენ თავსა: დაძახილს ელოდნენ. დაიძახებდნენ და გამოცვივოდნენ. არ დაუძახებდა პარიტეტული კომიტეტი?.. ბოლშევიკები დაუძახებდნენ. გამოიტყუებდნენ. და. ბარემ გაჟლეტდნენ, ვინც რო გადაურჩა 21 წელსა. ნაღები ჰო მოჰხადეს, არაჟანსაც მოჰხდიდნენ, შრატსღა დაიტოვებდნენ, შრატსა, შრატსა, შრატიც ეყოფოდათ საწუწაოდა. და ჭიათურაო. არჩიე ახლა: შეცდა თუ შეაცდინეს, დაუძახეს თუ გამოიტყუეს, არჩიე, არჩიე. იქ მხოლოდ ის მოჰხდა რო: ბოლშევიკების საბჭო გამორეკეს, დააყენეს გზაზე ზესტაფონისა: საითაც გივლიათ, იქითვე გაბრუნდითო – რუსეთსაო ესეიგიო. არც მიუღწევიათ ზესტაფონამდისა, დამსჯელი რაზმები შემოეყარნენ შუაგზაზედა. შემოეყარნენ. გააბრუნეს. გამომრეკელნი დახვრიტეს ადგილზევე. დასხეს ისევ გამორეკილნი. და მოედვნენ ირგვლივა, მოედვნენ და მოედვნენ, გზაზე აღარავინ გაუშვეს, ლოგინში აღარავინ დააყენეს, წამოჰკრიფეს, დაილალეს იმავე გზაზედა, ზესტაფონის გზაზედა. თბილისში დასცალეს ციხეები, ქუთაისშიცა: ქურდბაცაცები გაუშვეს, დაჰხვრიტეს ლაზათიანი ხალხი, ვისაც ხელები სუფთა ჰქონდა, სახე ნათელი, ავისა და კარგის გარჩევა ვინც იცოდა, დაჰხვრიტეს და ჰხვრეტდნენ, გაჰყავდათ და გაჰყავდათ, რის გამოძიება, რომელი სასამართლოო, ბრძანებდა ერთი – უმაღლესი მსაჯული, ორჯონიკიძეო, ერთსა ბრძანებდა, მეტი სიტყვა რო არ იცოდა: დაჰხვრიტეთო. ერთსა ბრძანებდა და ერთი ჯავრი სჭამდა: რამ გამომაცალა ხელიდანა ვაჟა– ფშაველაო, მე თვითონ რატომ არ დავხვრიტეო.

რკინიგზის სადგურში, ზესტაფონში, გატენეს ვაგონები, ნემსი რო აღარ ჩავარდებოდა, გატენეს და ბჭობდნენ: საითაო, საით გავუყენოთო, თბილისისაკენა თუ ქუთაისისაკენაო. ვიეთნი ბჭობდნენ. ორმა გადასწყვიტა: ზესტაფონელმა უჯრედის მდივნებმა: მშვენიერაძემა, ტალახაძემა. ასევე გადასწყვეტდა ეს უჯრედის მდივანიცა: გაზრდილიყო, ვინ წლობითაო, ესენი საათობით იზრდებოდნენ. ესევეო ანუ: მიუყენეს ტყვიამფრქვევები ვაგონებსაო და დიოდა სისხლი ნატყვიარებიდანა, ჩქეფდა, დგაფუნობდა, მოსდევდა მოთქმაი განწირულთა, თითქოს ჩანჩქერი ილეწება ლოდებზედაო, იქ ერთი მაინც გადარჩენილაო, ლევან გოთუა ამბობდა, კარგი დაწერა უნდაო. მოდით დავწეროთ ჩვენ ჩვენთვისა, ვნახოთ თუ რა გამოგვივაო. არაო, იუარა გიორგი შატბერაშვილმა, ახლა ამას ვინ გვაპატიებსო. დროს ნუ ვუჩვენებთმეთქი. ეგრე შეიძლებაო. მაინც არ დაუწერიათ არც იმათა, მეც არა. შიშიც იყო. შიში და ეგრეთი!.. ოღონდ უფრო სირთულემ თუ შეგვაყოვნა. ორჯონიკიძემ სინანული იგრძნოო: ეგ მე უნდა მომეფიქრებინაო. დაწერა – არა. რაღა თქმა უნდა: დახვრეტაი გამოკეტილ ვაგონებშიო. უჯრედის მდივნები მაინც წარგზავნა მოსკოვსა, წითელი პროფესურის უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ. და იქმნენ წითელ პროფესორებადა. კიდევ ბევრი იყო დასახვრეტი. მოდიოდა და მოდიოდა ახალი თაობები. ეშინოდათ შურისძიებისა. ნაღები უნდა მოჰხდოდა ყოველ თაობასა. დარჩენილიყო მხოლოდ შრატი. შრატით უნდა ეწუწავათ. მთლად საქართველო უნდა გადაეხნათ აღმა– დაღმა თავითბოლომდისა. დავითიანი ბიბლიასავითაა, ოღონდ მესიის მოვლენას არა, ეშმაკის მოსვლასა წინასწარმეტყველებს. განა იქ არ ამოიკითხება: ქართლელების აღმა ხნული, კახელებმა დაღმა ფარცხესო და განა აქ სწორედ ის არ იგულისხმება, ვინც რო დაარწმუნა ჩვენი დიდი მეზობელი, დიდი რუსეთი: წაღმა– უკუღმა უნდა გადაიხნას საქართველოო, – ჰაა, რას იტყვი?.. ვითომ ვისიმე დარიგებაც უნდოდა!!!.. თუმცა ისიცა, მუხას რო უთქვამს: ცული რას დამაკლებს, ჩემი ჯიში რო არ გაყრილიყოს შიგაო.

ნუ ეცალათ.

რას დასუნსულებდნენ და ამასაო:

ბატონიაანიც გამოჰკრიფეს: ერთი კალოდან გამოიგდეს, ერთი სარწყავიდანა, ერთი საფარცხიდანა, ერთს გუთანზე ააღებინეს ხელი, ერთი ჩამოაგდეს საძნე ურმიდანა, ერთიც საბზევე ურმიდანა, ხელპირიც არ გადააბანინეს, არც სამოსი გამოაცვლევინეს, გაირეკეს ისე რუისისაკენა: რუისის თავლები ექციათ ციხეებადა, ვიდრე დაუცლიათ გორის ციხეო. ვიდრეო, ვითომ დიდი დრო დასჭირდებოდა. სიტყვასა სწელავდნენ. კურდღლისა არ იყოს, – რო ატყუებდა ბაჭიებსა: სამ თვეს გაწოვოთ ძუძუო თუ საააააააააააააააააამ დღესაო. სააააააააააააააამი დღე უფრო ბევრი ეგონათ ბაჭიებსა. მოტყუვდნენ ბაჭიები. იქ არავინა არა ტყუვდებოდა: არც დამჭერები, არც დაჭერილები: სამ დღეს დააყოვნებდნენ რუისის თავლებში და მერე გაუყენებდნენ გორის გზასა. გორის გზასაო, – შემზარავი რამ იყო იმხანებშია. ჩაილურის წყალი დალიაო, უფრო ადრინდელი ნათქვამია. დღევანდლამდის გასძლო: დაიკარგაო. არც ესაა დიდი რამ სიკეთეი რაღა თქმა უნდა, ოღონდ: გაუყენეს გორის გზასაო – მეტსა ნიშნავდა, მეტ რისხვასა: გზაში რო ჰხვრეტდნენ, იმასა გულისხმობდა, იმასა, იმასა, სხვა არაფერსა. კიდევ კარგი რო გადავარდა სიტყვა– თქმიდანა. მაშინ ის იყო დამკვიდრებულიყო. იმიტომ დაიჟინეს ბატონიაანთა: დავიბანთო. გამოვიცვლითო. სუფთად, ლაზათიანად, წმინდად უნდა შეჰხვედროდნენ სიკვდილსა: წმინდად ევლოთ და წმინდად უნდა გარდასულიყვნენ. არაო. შეიცხადეს. რაღა თქმა უნდა. თვითონ დაჰქშუოდნენ დაუბანელნი. ოფლიანნი. ზინტლიანნი. ერთნაირი სუნი ასდიოდათ ცხენებსაცა და დამჭერებსაცა. ხორბლისა და მიწის სუნი მიჰყვებოდათ დაჭერილებსა. ეს იყო ნუგეში. ესეც თუ ნუგეში იყო.

ნუკრი გაიქცა, ბატონიაანთ ნუკრი. ცოფები ჰყარა მილიციის უფროსმა. რაიკომის მდივანმაც ცოფები ჰყარა. გორის სადგურში უნდა მივუსწროთო. დეზი ჰკრეს ცხენსა. სუნიც თან გაჰყვათ რაღა თქმა უნდა. სოფელი მაინც შეძრწუნებულიყო. დამდგარიყო ავი დღეები. დიაკვანი ბრუნდებოდა გორის სადგურიდანა. ბატონიაანთ ნუკრი არ შემხვედრიაო. მოჰხვდა მათრახები, მოჰხვდა და მოჰხვდა, მილიციის უფროსისაცა, რაიკომის მდივნისაცა, მხლებლებისაცა. უჯრედის მდივნისა არა. არც ის დაჰზოგავდა. იქ არ აღმოჩნდა. ის დაეშვა ქარელისკენა: ბატონიაანთ ნუკრი ამ გზას აირჩევდა თვალის ასახვევადაო. მართლაცაო. მეველემაც დაუდასტურა, მენახირემაცა, მიჩინდრიკებდნენ ბატონიაანთ არემარეზე თავაანთი მოჯამაგირეების გამოსარჩევადა. უჯრედის მდივანმა ნუკრის მიუსწრო, მიიშველია ქარელელიო თუ ხვედურელიო თუ ბებნისელი უჯრედის მდივნები, ჩამოათრია მატარებლიდანა. დაიგვიანა მატარებელმა, ი წყეულმა დაიგვიანა. გაასწრებდა. გადარჩებოდა. ვიოლინო იქვე დაუმტვრიეს. ახ, მატარებელს რო არ დაეგვიანა, არ ჩაიშლებოდა ვენის კონცერტი და არ გამოაცხადებდა ვენის გაზეთები: წითელმა ველურებმა დაჰხვრიტეს ამომავალი ვარსკვლავი, ალბათ განმეორება პაგანინისაო.

– ველურები!.. აქვე წიოდა დაი ბატონიაანთ ნუკრისა. არ აქცევდნენ ყურადღებასა. იმხანად ჯერ მხოლოდ მამაკაცებზე ნადირობდნენ. ის მერედამერე იყო, რო აღარ არჩევდნენ კაცსა და ქალსა, ბავშვსა და მოხუცსა. თუმცა არა, არა: მოხუცები რაღად უნდოდათ ციმბირში?!. ბავშვებს მაინცა ზრდიდნენ მომავალ ციმბირელებადა და შესაძლოა რომელიმე იმათგანი დიდ რუს პოეტადაც შეერაცხათ. ირეოდა ერები ერთმანეთში, იწრთობოდა კატორღებში და ყალიბდებოდა ახალი რასა  – საბჭოთა ხალხი. მერე. და. მერე. ჯერ ნაღები უნდა მოეხადათ ყველასთვის ცალცალკე; ჩვენთვის მომეტებულად უნდა მოეხადათ ნაღები. მომეტებულადა. მომეტებულადა. ბატონიაანი იმღამესვე გაუყენეს გორის გზასა. ნუკრი დაიტოვეს. კუდუხოვი განაგებდა რუისის უბანსა. კიკნაძეც განაგებდა. არცერთი არ იყო მეორის მოადგილე, უფლებაც თანასწორი ჰქონდათ, – სისასტიკე ჰოი, სისასტიკეს იჩენდნენ ერთიმეორეზე უარესსა. იმათ მიუგდეს ბატონიაანთ ნუკრი, – ერთიმეორეზე უარესებსა და ერთიმეორეზედაც გაცოფებულებსა და ვაი პატიმრების ბრალიცა!.. ჩურჩულით იწყებდნენ: აბა თუ რა იცი პაგანინისაო. ჩურჩულითა. გვითხარი, მოგვენდე, ეს ჩვენ მოვსულვართ შენს დასახმარებლადაო. რას დაუფარავდა ბატონიაანთ ნუკრი, რაღა არ იცოდა პაგანინისა, – მოევლო გენუა, ტოსკანა მოევლო, წაეკითხა და მოესმინა აღტაცებანიცა, გაზვიადებანიცა, ჭორებიცა იმის შესახება, – რაღა არაო, რაღა არაო: დაფქვა და დაფქვა ყველაფერი. უსმინეს, უსმინეს და დასცეს ძირსა, შედგნენ ფეხებითა, მოუნაცვლეს სახრე და მათრახები. არ იქნა, ვერ დააცდენინეს მეტი ვერაფერი, – რაც იცოდა, იცოდა, სულს მოითქვამდა და იმეორებდა იგივესა. იმეორებდა. და. უმეორებდნენ. თვითონ დაიღლებოდნენ?.. კუდუხოვი. კიკნაძე. თუნდაც: კუდუხოვ– კიკნაძე, ანთუ კიკნაძე– კუდუხოვი, – დაიღლებოდნენ და მიუგდებდნენ უჯრედის მდივანსა: შენი მიგნებულია და შენ იეცი თავშიო.

იმასაც ეს უნდოდა.

იმან შენიშნა, რაც რო გამორჩათ გამობრძმედილ ჩეკისტებსა: რო ურტყამდნენ და ურტყამდნენ, რო შესდგებოდნენ ფეხითაცა, ის ერთსა ცდილობდა, – ბატონიაანთ ნუკრი, – ხელები გადაერჩინა როგორმე: მომუჭა თავიდანვე, მტკიცედ მომუჭა და ამოიჭედა ნიკაპქვეშა, იღლიებში მერე, მერე ლაჯებში, ზედაც დაემხობოდა, მალავდა რაც შეეძლო, თითქოს რო ხვრელებსაცა პოულობდა სხეულში, მალავდა, ჰფარავდა, ზედაკვდებოდა, თითქოს ტკივილს არცა ჰგრძნობდაო, ოღონდ თითები შერჩენოდა როგორმე უმტკივნეულოდა, გაუკაწრავადა, შეუხებლადა, ცდილობდა და უხერხდებოდა: დაჰგლეჯოდა სხეული, დაჰგლეჯოდა, დაფლეთოდა, დანაკუწებოდა თითქმისაო, სისხლი სდიოდა ყველაფრიდანა, სისხლში შესვრილიყო ერთიანადა, მხოლოდ თითები გადარჩენოდა, გაიელვებდა თითები თეთრადა, შემოხაზავდა აუწერელ სიმწარესა და მიიმალებოდა უმალვე, თავდავიწყებაში გაიელვებდა, თავდავიწყებით შთაინთქმებოდა. გაიელვებდა და შთაინთქმებოდა. გაელვებისას გმინვაც გაისმოდა, – ვაითუ შეასწრეს თვალი, ვაითუ ესაა და ვიღუპებიო. თვალი არეოდათ გაცოფებულ ჩეკისტებსა. ამას არ არეოდა თვალი. უჯრედის მდივანსა. დაჰხედავდა თავის კოტიტა თითებსა და ტუჩებს იკვნეტდა. გაიელვებდა, გაიბრწყინებდა თვალისმომჭრელი რამ სილამაზეი. აციმციმდებოდა და ჩაჰქრებოდა, წამისად არა, უმალ წამზედა, საზომი იმისი რო არ დადებულა! გაანათებდა. და. ჩაჰქრებოდა. გაანათებდა ჩამოქნილ თითებსა, ხელოვანის ჩამოქნილ თითებსა, უუუმაღლესი ხელოვანისა, რო მოეცალა თვით ღვთაებასა საამისოდა, იშვიათად რო მოიცლიდა ცალკე ვინმესთვისა და ამისათვისაც რო მოეცალა. უჯრედის მდივანმა ამდენი რა იცოდა?!. არ მოსწონდა და ის იყო, არ მოსწონდა და უნდა მოეშთო. მოაშთო კიდევაცა. ურტყა ვიდრე რო გრძნობას დაჰკარგავდა ბატონიაანთ ნუკრი. მერე ეგრევე გრძნობადაკარგული კუნძთან მიუთრიეს რუისელმა უჯრედის მდივნებმა. სათითაოდ გაუშალეს თითები კუნძზედა, – თითებს ვეღარა, ერთმანეთს შეაცქერდნენ გაოცებულნი, ხოლო იმანა, იმ უჯრედის მდივანმა, ანთუ ამანა, გასწყვეტია სახსენებელიცა, დაუსვა წალდი გაალმასებული, წასჭრა, წაბალთა. ითქრიალა სისხლმა. აცურდა თითები აჩქეფებულ სისხლში, გაიწკრიალა როგორც დასასრულმა რექვიემისა და ჩაცვივდა მიწაზე სათითაოდა, ჩაცვივდა. ჩაიყარა მიწაზე, ამოევლო სისხლსა და მიწაში. სხეული აიზიდა, აიზიდა, ერთი დაიგმინა, გულმუცელი რო ჩაჰგლიჯა ისე, დაემხო პირქვე და აღარც განძრეულა.

– შენ რა ყოფილხარ!.. შეშურდა კუდუხოვსა.

– ვააააააა!.. კიკნაძემ დააღო პირი.

თითები აუკრიფეს. ორივემ აუკრიფა. ხელიდან უსხლტებოდათ. თითქოს ცოცხლობენ ისევაო, ანთუ ესაა და სულსა ჰღაფავენო. რიყეზე ვგდივარ, როგორც კალმახი და ახეული მაქვს ლაყუჩებიო. ბაღდადში შეუხვია ორივემა, წითელ ბაღდადში. ორჯონიკიძეს ჩაუტანეო. ორივემ დააბარა. ჩაუტანა რაღა თქმა უნდა. ამბობენ: მოუწონა ნამუშევარიო. ამბობენ: არც ისეო: მაჯაში უნდა გადაგეჭრაო. რაც უნდა იყოს: თავისთან დაიტოვაო. უჯრედის მდივანი. ორჯონიკიძემა. მოსკოვს რო წაიყვანეს, – ორჯონიკიძეი, – ისიც თანიახლაო. უჯრედის მდივანი. მერე აღარავის აღარაფერი აღარა სმენია იმის შესახება. აღარაფერი. აღარაფერი. ალბათ არ დარჩენია არც შთამომავალი, არა, ალბათ რო არა, თორემ გამოჩნდებოდა ახლა მაინცა, არჩევნების დროსა: მეც ამირჩიეთო. მოითხოვდა. პრეზიდენტობასაც მოინდომებდა. რა დაუშლიდა!!!

"ომეგა"

№1, 2001 წ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჩხეიძე ოთარ / პაგანინის თითები