ცხვედიანი ცოტნე 

 

დოკუმენტური პროზა

 

 

სოხუმი, საქართველო      

 

 

 

And if the cloud bursts thunder in your ear

You shout and no one seems to hear

And if the band you-re in starts playing different tunes

I ll see you on the dark side of the moon

 

I can-t think of anything to say except...HaHaHa!

 

როჯერ უოტერსი

 

 

I

 

რკინის ფარდის უკანასკნელი ნაგლეჯები

 

 

სოხუმში თუ ხართ ნამყოფი ლეონის პროსპექტი გეცოდინებათ. ადრე ლენინის ერქვა. ერთის დედაც  და –მეორესიც, მაგრამ მანდ ვცხოვრობ. დიმაც იქ ცხოვრობს და ალანიც. მართალია, ჩემი სახლი ცარბას აღმართზეა, მაგრამ პატარა ქუჩაა და ბევრმა არ იცის მისი არსებობა. ამიტომ ყველგან ვამბობ, რომ ლენინზე ვცხოვრობ. უფრო გასაგებია, აბა უხსენი ახლა… ჩემი პატრა აღმართი სადაა; ისე ლამაზი ქუჩაა.

 

დასწყისში მემორიალი დგას, რომელზედაც ოქროსფერი ასოებით წერია: ” გმირი ცაცა ეშბა 1974–1993”. ცაცა ერთი პატარა გოგო იყო და ამ ქუჩაზე ცხოვრობდა. ომის დროს, როცა პოზიციებს მთელი დღე და ღამე უშენდნენ ტყვიებს, მშვიდად ადგებოდა და ჯარისკაცებისთვის წყალი და მედიკამენტები მიჰქონდა. ერთხელაც ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და დაიღუპა.

 

ცაცას მამა მასწავლებელია. ძველებური სახელი ბათუ ჰქვია. წიგნები გაყიდა, რომ მემორიალის გასაკეთებელი ფული შეეგროვენბინა. მთავრობამ დახმარებაზე უარი უთხრა. ცაცას მემორიალი მეზობლებს არ მოწონდათ და არც გმირად თვლიდნენ მას. ამ ქუჩაზე უმარავი მებრძოლო ცხოვრობდა და მათ მშობლებს სურდათ, მათი შვილების მემორიალი დადგმულიყო და ქუჩასაც მათი სახელი დარქმეოდა. მეტიც, ერთერთი მეზობელი ქალის თქმით, ცაცა  გონებაშეზღუდული გოგო იყო და როცა სოხუმს ქართველი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ, მათვისაც მიჰქონდა ხოლმე წყალი. ფაქტი ერთია, რაც უნდა ელაპარაკათ ამ ქუჩას ცაცას სახელი ჰქვია… მერე რა, რომ ყველა მისი მცხოვრები ამბობდა, რომ ლენინის ან ლეონის პროსპექტელი იყო.

 

დაწყებით კლასში როცა ვიყავით, თავისუფლების კვირეულში მემეორიალთან მოვყავდით და ლექსებს ვამბობდით. მაშინ სკოლა სხვანაირი იყო, ახლა ერთიანად მძულს იქაურობა.

 

იმ საშინელ ადგილას ყველაფერი სულერთია. მასწავლებლები სულ რუსები არიან. გულს მირევენ ყველანი. ისტორიის მასწავლებელი გვყავდა ერთი, ელენა. ეგვიპტის ფარაონებზე რომ დაეწყო საუბარი, ბოლოს მაინც დიდ რუსეთამდე მივიდოდა… გვიტენიდა და გვიტენიდა თავში რუსების ქება-დიდებას. დიდი თავადი ვლადიმირი, კიევის რუსეთი და სხვა უაზრო ამბები, თუმცა მაგათ კიდე აიტანდა კაცი. უნდა გენახათ, უახლოეს ისტორიას რომ მივადგებოდით…

 

დაიწყებდა, თუ რა დიდი როლი მიუძღვოდა რუსეთს აფხაზი ერის გადარჩენაში….

 

მათ გვიხსნეს გადაშენებისაგან…

 

თვით ელენას მამა იბრძოდა ჩვენ გვერდით…

 

თვითონ დაჭრილებს უვლიდა...

 

ალილუია, წმინდაო რუსო ერო და ელენა!

 

 

 

***

 

ორ დღეში 30 სექტემბერია

 

 

მიყვარდა ეს დღე… მახსოვს ბავშვობაში ყოველ 30 სექტემბერს ბაბუაჩემი მე და ჩემ დას გამოგვაწყობდა და მოედანზე მივყავდით. ანუშკას ერთ ხელში ფერადი ბუშტები ეჭირა ხოლმე, მეორეში კი, მამლის ფორმის შაქრის წითელი კანფეტი, რომელსაც მთელს სოხუმში მარტო ერთგან, თავისუფულების ქუჩაზე პატარა სახლში ბებო აკეთებდა. საოცარი გემო ჰქონდა იმ კანფეტებს. ასე საზეიმოდ გამოწყობილებს და დამტკბარებს ბაბუ მიგვიყვანდა მოედანზე, სადაც უამრავი სამხედრო სამოსში გამოწყობილი კაცი იყო.

 

ყველას იმდენი ბავშვი ახლდა თან, რომ მე იმ დღეებიდან ყველაზე მეტად მაინც ბუშტები და კანფეტები დამამახსოვრდა (ცოტაც ბაბუს მოყოლილი ისტორიები). ბაბუაჩემი კარგა მოხუცებული იყო, სოხუმში რომ ომი დაიწყო, მაგრამ პირველივე დღესვე აუღია იარაღი ხელში და სანამ უკნასკნელმა ქართველმა არ დატოვა სოხუმი ბრძოლის ველიდან არ გამოსულა. 30 სექტემბერს, სწორედ ამ გამარჯვებას ვზეიმობდით.

 

იმას ვამბობდი, ის დღეები კარგად მახსენდება-მეთქი… ახლა კი, 30 სექტემბრის მოახლოებაზე ფიქრიც კი გვზარავდა. რაც სოხუმში რუსების სამხედრო ნაწილი ჩააყენეს ქალაქს ვეღარ იცნობდი… ყველგან მახინჯი, სახეჩამოზეთილი რუსები დადიოდნენ. ერთიანად ტურტლიანები. სიცოცხლე შეგზარებოდა იმათ დანახვაზე. თან ყველანი 18–19 წლისანები იყვნენ და თავში უქროდათ. ქუჩაში მთვარალები დაეხეტებოდნენ და რაც უნდოდათ იმას აკეთებდნენ. სანამ რუსების ნაწილი ჩამოვიდოდა, სკოლებში მკაცრად გაგვაფრთხილეს, რომ ოფიცრებს და რიგითებსაც თავაზიანად უნდა მოვპყრობოდით, რუსულად მივსალმებოდით და სხვა ათასი სისულელე… მასწავლებელებმა აგვიხსნეს, რომ ისინი ჩვენი გმირები იყვნენ და რომ მათ ერთ დროს სისხლი დაღვარეს აფხაზთა თავისუფლებისათვის. ახლაც ჩვენი მშვიდობის და დამოუკიდებლობის გარანტი ისინი იყვნენ.

 

მოდი და დაიჯერე, რომ შენი თავისუფლების გარანტი 18 წლის დამუწუკებული მიშკაა… თავიდან სხვა გზა არ იყო, მოჩვენებით პატივისცემას ვიჩენდით… ეგ კი არა, ქუდებს ვიხდიდით მაგათ დანახვაზე, მაგრამ ცოტა ხანში ყელში ამოვიდნენ. ყოვლდღე სკოლაში დაეთრეოდნენ და სამოქალაქო თავდაცვის გაკვეთილებს გვიტარებდნენ. დგახარ სიცხეში, ცხვირწაწითლებული, სახეჩამოზეთილი ოფიცერი თავზე გადგას და ბოლო ხმაზე ღრიალებს ბრძანებებს და ცხენივით გარბენინებს. მთავარი უბედურება წინ იყო: ნარბენებს და ოფლით გაწებილებს ისევ საკლასო ოთახში შეგყვრიდნენ და ჩვენი მსოფმხედველობის ჩამოყალიბებაზე იწყებედნენ მუშაობას.

 

ახლა აგიხსნით, ოფიცერი ობრაზცოვი სამყაროს ძირითადად ორ ნაწილად ყოფდა: რუსებად და მასონებად. მასონები ამერიკელები არიან, მათი მიზანია მსოფლიოში ყველა ერი გააქრონ და ერთ ეროვნებადაკარგულ მასად აქციონ. აღარ იქნება საზღვრები…. ამ პროცესების ერთადერთი შემაჩერებელი ძალა კი, რუსები არიან.

 

აფხაზთა ერთადერთი მეგობარი ერიც რუსეთია, რადგან სხვა ქვეყნები მასონთა გავლენის ქვეშ არიან და ჩვენ გადაგვარებას გვიპირებენ.

 

ობრაზცოვს სკოლაში ზოგჯერ მამა ანტონიც მოჰყავდა. მამა ანტონი ადრე ერთი მშვიდი და კეთილი მღვდელი იყო და ეკლესიის გარეთ იშვიათად ვხედავდით…იქაც, როცა მივიდოდით სულ გვიღიმოდა. ახლა სრულიად გამოიცვალა. მუდამ რუს ოფიცრებს დაჰყვება და მასონების შესახებ საშიშ ისტორიებს ჰყვება წირვებზე. ქუჩაში თუ რამე არ მოეწონებ ხმამაღლა ყვირის: ”სოდომ– გომორი გინდათ?” და მერე თვითონვე პასუხობს : ”ხოდა მიიღებთ!”

 

მასონების თემა სოხუმში ძალიან პოპულარულია. ჩემი მეზობელი კაცები, ბოლოს მომატებულ წვიმიანობაზეც გაბრაზებულები, მასონებს აგინებდნენ.

 

ერთხელაც მაღაზიაში უცხოური წარმოშობის “შპროტი” შემოვიდა, რომელიც ძალიან იაფი ღირდა და მყიდველიც ბევრი ჰყავდა. მოგვიანებით გაირკვა,რომ ეს ”შპროტი” ჰუმანიტარული დახმარება იყო და ხალხს საერთოდაც უფასოდ უნდა დარიგებოდა, მაგრამ მანამდე დიდი ამბები მოხდა. ვიღაცამ შენიშნა, რომ თუ შპროტის ქილას ამოაბრუნებდი იქ 666 დაინახავდი. ეს რიცხი კი ცხადია, ავ ძალებთან და მასონებთან ასოცირდებოდა. ყველამ ერთიანად შეიძულა მასონური “შპროტი” და აღარავინ ყიდულობდა.

 

 

 

***

 

რუსების ჩამოსვლამ სხვაც ბევრი რამ შეცვალა. ყველაზე სიცოცხლისშესაზარებელი გაუთავებელი მიღებები და ღონისძიებები იყო. ყველა სკოლა ერთმანეთს ეჯიბრებოდა ვინ უფრო მეტად საზეიმო შეხვედრას გამართავდა. გული აგერეოდათ. მაგალითად; საყვარელი პატარა ბავშვი დგას სცენაზე და იმის ნაცვლად, რომ რამე საბავშვო ლექსი წაიკითხოს ან იმღეროს, ბოლო ხმაზე გაჰკივის რუს ჯარისკაცებზე დაწერილ რაღაც საძაგელ ლექსს. მამაც ძმებზე და ფაფარაშლილ ლომებზე. ობრაზცოვიც, მამა ანტონთან ერთად, ყველგან დადიოდა. ზეიმი რომ დასრულდებოდა, სცენაზე ადიოდა და ყველა ბავშვს სათითაოდ კოცნიდა ლოყაზე. სამწუხაროდ, ოფიცერს მუდამ არყის სუნი ასდიოდა და ბავშვებიც კოცნის შემდეგ, სახელოებით, ჩამოკაწვრამდე იწმენდნენ ლოყებს.

 

საერთოდ, შემიძლია დავიფიცო, რომ სოხუმელი ბავშვები არაფერს თამაშობენ ეზოში ომობანას გარდა. ყოველ საღამოს ტელევიზორშიც ომის ქრონიკას აჩვენებენ. ერთ დღეს გაგრის აღება, მეორე დღეს სოხუმის, კოდორის… მერე ისევ გაგრის აღება და ა.შ… მოკლედ, აქ ყველაფერი ომზეა.

 

მახსოვს, ერთხელ ჩემმა კლასელმა გოგომ მასწავლებელს უთხრა, რომ ლექსებს წერდა. აღმოჩნდა, რომ მისი ლექსები სიყვარულზე იყო (აბა სხვაზე რაზე უნდა წეროს 15 წლის გოგომ…?) მასწავლებელმა ირონიული, უნიჭო იუმორის ზეიმი მოაწყო. რაღაც ცინიკური ფრაზები თქვა: გატეხილი გულიო და ასეთები. ბოლოს დაარიგა ჯობია: სამშობლოზე წეროო.

 

მახსოვს ერთხელ სახლში მთვრალი მივედი… წამომიარა და მომინდა ანუშკასთვის ზღაპარი მომეყოლა. 7 წლის იყო მაშინ. ჯერ არ დაწოლილიყო, მისაღებში ვიჯექით. მე მინდოდა ნახევრადმძინარესთვის მომეყოლა, მაგრამ იქ იყო და ვთხოვე მოესმინა. რაღაცის მოყოლა ვცადე ფერიებზე და ელფებზე… გაეღიმა. მერე სერიოზული ტონით მითხრა: იცი, მადლობა, მაგრამ  ფერიები და მსგავსები ბავშვებისთვისაა, თანაც არ ვარ გუნებაზე…

 

არ ვიცი, ნახევრადმძინარე რომ ყოფილიყო, იქნებ, მოესმინა კიდეც.

 

იმას გიყვებოდით, მთვარალი ვიყავი თქო… უაზრო ვარ. ხალხი იმისთვის სვამს პრობლემები დაივიწყოს. მე კიდევ, როცა დავლევ ღნავილს ვიწყებ.

 

არ მინდა ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, ღიპიანი კაცის წუწუნი გამომივიდეს. ჩვეულებრივ ვახერხებ თავის მოთოკვას, მაგრამ დავლევ და მერე… არ იფიქროთ, რომ ჩემს სენტიმენტალურ ამბებს ვყვები, მეგობრების კალთაში აქვითინებული, უბრალოდ ყველაფერი ერთად მომაწვება ხოლმე და ჩემთვის ჩუმად ვიცინგლები. არ ვიცი ეგრე რატომ ვარ. ალბათ დიდი ტვინი და ნათელი აზრები ვერ გაიმეტა ჩემთვის ღმერთმა. ჩემნაირი კაცი მარტო იმაზე უნდა ფიქრობდეს, მაგალითად: რა ჭამოს, თავისი თავი როგორ გადაირჩინოს. მე კიდევ გლობალური პრობლემები მაწუხებს. მაგაზე ფიქრს კი, ჩემი ტვინი ვერ წვდება და მაგიტომაც ვარ სულ ცუდ ხასიათზე.

 

ჩემი ბრალია ყველაფერი. ვერსად ვპოულობ ადგილს. სკოლა მეზიზღება. ვერც ჩემთვის საინტერესო მეგობრების წრე ვიპოვე. კლასში პოპულარული ბიჭი არ ვარ. ჩემ სკოლაში “კავეენშიკი” ბიჭები არიან მოდაში. სოხუმში “კა ვე ენი” ძალიან მოდაშია. ყველა ცდილობს იქ შეძვრეს, სკოლის გუნდში ჩაეწეროს. მერე სიცოცხლე შეგძულდება იმათი გამოსვლა, რომ ნახო. რაღაც უაზრო ”შუტკებს” ამბობენ… მაგალითად, გამოდის ვიღაც ბიჭი და ისეთ ხუმრობებს ამბობს, სევდა შეგიპყრობს კაცს. ამ დროს კი, დარბაზში წივილ–კივილია. მისი სკოლელები თავიანთი გუნდის სახელს ყვირიან. მერე ვიღაც ბიძა, ანუ ჟიურის წევრი ადგება… მაგალითად, სოხუმის დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე ან ლიმონათ ”მებრძოლის სულის” (კი, კი, ეგრე ჰქვია აქ ლიმონათს) “ცეხის” დირექტორი და ამ სანახაობას შეფასებას აძლევს.

 

ვისაც ხუმრობა არ გამოდის პოლიტიკურ ბატალიებშია ჩართული. აქაური პოლიტიკური პარტიები ყველანაირად ცდილობენ ახალგაზრდები ჩააყენონ თავის სამსახურში. რაღაც კომკავშირის მსგავს ორგანიზაციებს ჰქმნიან. აქციებზე დააწანწალებენ ბავშვებს და საარჩევნოდ პლაკატებსაც აკვრევინებენ. სანაცვლოდ პარტიის ლოგოტიპიან მაისურს აჩუქებენ და ეგაა. ერთხნას “აღორძინებული აფხაზეთის” მაისურებით დარბოდა მთელი სოხუმი.

 

კლასელი მყავს ერთი. ვერა ჰქვია. თავიდან “ლიბერალ-დემოკრატიული აფხაზეთის კავშირის” ახალგაზრდულ ფრთაში იყო, მერე ეს პარტია დაიშალა (უფრო სწორად ვერას ფავორიტმა პოლიტიკოსმა რამაზ აშუბამ დატოვა იგი). ჩემი კლასელიც “სოციალ დემოკრატებში” გადავიდა. არჩევნების წინ “სოციალ დემოკრატები” და “ერთიანი აფხაზეთი” ერთ ბლოკში გაერთიანდა. ვერაც მათ შტაბში აღმოჩნდა. საბოლოოდ, ამ ბლოკში განხეთქილება მოხდა და რამაზ აშუბას მომხრეებმა ცალკე დაარსეს “დემოკრატიული აფხაზეთის კავშირი”. ბუნებრივია, ვერა რამაზს ისევ გაჰყვა. უბედურება კი მერე დაიწყო.

 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ახაგაზრდული ფრთის წევრებიც დასჭირდათ. ხოდა ამ ჩვენ ვერას, რადგან ყველა პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში იყო დარეგისტრირებული, ხან ლიბერალ-დემოკრატები ურეკავდნენ – მოდი შტაბშიო, ხანაც – სოციალ დემოკრატები, მერე – ერთიანი აფხაზური ბლოკი, ბოლოს კი, რა თქმა უნდა, აშუბა და მისი დემოკრატებიც.

 

აქ კიდევ საბჭოეთია. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში ახალგაზრდები არ არსებობენ. აქ შეგიძლიათ შეხვდეთ ოციოდე წლის ყმაწვილს რომელიც ჩვეულებრივი ბებრი, ღიპიანი ბიძაა.

 

სოხუმში, როგორც ერთ ჩვეულებრივ პოსტსაბჭოთა ქალაქში, ცხოვრებას გაუსაძლის უპერსპექტივობა ხდის. პოსტსაბჭოთა ქალაქებში ხომ ერთადერთი საკვები ნაციონალიზმია. აქ თუ მტრის ხატის წინ მუშტები არ მოიქნიე და წინაპართა დაღვრილ სისხლზე არ იფიქრე აუცილებად მოწყენილობით მოკვდები. აქ ყველა სვამს და დარდობს და მერე ისევ სვამს ....

 

მე, დიმა და ალანი სკოლის ელიტისაგანაც ძალიან შორს ვდგავართ და პოლიტიკური პარტიებისგანაც. არც წვეულებებზე გვეპატიჟება ვინმე და არც საარჩევნო პლაკატების გასაკრავად. მთელი დღე ჩვენ აღმართზე ვზივართ და იშვიათად, ტიმურთან გავივლით. ეს როკერი და უცნაური ბიძა წლების მაინძილზე ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მასწავლებელი გახლდათ.

 

 

 

***

 

II

 

პინკ ფლოიდი სოხუმში, საქართველოში

 

 

ტიმურ ახბა სოხუმელი როკერი იყო, რომელიც ჩვენ აღმართზე ცხოვრობდა. იგი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ცდილობდა აფხაზურენოვანი როკ–მუსიკა შეექმნა. ყველაფერი პიონერთა სასახლეში დაიწყო. იქ შეიკრიბა რამდენიმე ახალგაზრდა და თავის პროტესტს მუსიკით გამოთქვამდა.

 

ეგ ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი არ იყო დაშლილი. მოგვიანებით, როცა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა, ძალაუფლებას ისევ ყოფილი საბჭოთა ფუნქციონერები ფლობდნენ. ერთერთი ასეთი კაცი იყო პოეტი ასტამურ აძბა. ასტამური ერთხანს მწერალთა კავშირის თავჯდომარე იყო, მერე კი, სოხუმის ბაზრის დირექტორი. საბჭოეთის დაშლის შემდეგ, მან დრო იხელთა და ბაზარი შეისყიდა. შემდეგ გარემოვაჭრეებს ვაჭრობა აუკრძალა. გარემოვაჭრეები, რომელთათვისას ეს საქმიანობა ერთადერთი გადარჩენის შანსი იყო დიდხანს უჩიოდნენ ასტამურს. სამწუხაროდ მათ არავინ მოუსმინა. ერთმა გარემოვაჭრემ მაშინ თავის დაწვაც სცადა…

 

ტიმურმა და მისმა მეგობრებმა ბაზრის დირექტორს ფანჯრის წინ ”სერენადები” უმღერს.

 

გულუბრყვილო ტექსტით იმაზედ, რომ მოკვდა: ლენინი, სტალინი, ბრეჟნევი და დადგა დრო ასტამურიც მომკვდარიყო.

 

ამ საქმიდან ის გამოვიდა,რომ” პროტესტანტები” მაგრად დაჟეჟეს და პიონერთა სასახლიდანაც გამოაგდეს.

 

მოკლედ, ტიმურს აფხაზეთში ბევრი არაფერი გამოუვიდა და რამდენიმე წელი მოსკოვში წავიდა, იქაურ ანდერგრაუნდში (ამ სიტყვაზე სულ მეცინება, ალანი წარმოთქვამს ძალიან საინტერესოდ) საკმაოდ პოპულარულიც იყო, მაგრამ მალე დაბრუნდა სამშობლოში. ტიმურს სოხუმში ბევრი იცნობდა. ყვითელ ფეხსაცმელებში, ლურჯ ველვეტის შარვალში და ჭრელ პერანგში გამოწყობილი გრძელთმიანი ბიჭი გამვლელებში ძირითადად აგრესიას იწვევდა, რადგან გეი ეგონათ. ზოგიერთი უბრალოდ გიჟს ეძახდა.

 

ომის წლებში სოხუმელი როკერი არავის გახსენებია. მერე ზოგიერთი ამბობდა, პაციფისტი და პედარასტი (სოხუმში ეს ორი სიტყვა დღესაც ერთნაირად სალანძღავად გამოიყენება) ტიმური ომის დროს მოსკოვში იყო გაქცეულიო….

 

სოხუმელი როკერი ომის დამთავრებისთანავე გამოჩნდა მშობლიურ ქალაქში და კულტურის სამინისტროში აფხაზური როკის მომავალზე სასაუბროდ მივიდა. მაშინ ერთი მოტოციკლი ჰაყვდა და რომ არ მოეპარათ ჯაჭვით აბამდა ხოლმე. სამინისტროში რომ მივიდა, ერთიანად გამურული იყო. ბევრი ილაპარაკა… ამბობდა, ომი დასრულდა ახლა მშვიდობით უნდა დავტკბეთ და კულტურით უნდა ვიცხოვროთო… რაღაც როკ ფესტივალის ჩატარების იდეაც ჰქონდა. ბევრი ილაპარაკა, მაგრამ არავინ მოუსმინა. ზოგიერთმა საერთოდ ვერ გაიგო, რა უნდოდა ამ ფერად ტანსაცმელში გამოწყობილ კაცს. საბოლოოდ, უბრალოდ, მოიშორეს. უფრო გულისხმიერებმა კი, მოკლედ და მკაცრად უთხრეს: ომი ჯერ არ დასრულებულაო!

 

საბედნიეროდ, მაინც გამოჩნდა რამდენიმე ადამიანი, რომელთაც მუსიკოსს დახმარების ხელი გაუწოდეს. მაგრამ ერთი დიდი პრობლემა იყო. სოხუმელი როკერის სიმღერებში უცენზურო სიტყვები ერია. არა, არ იფიქროთ, რომ გარყვნილება იყო, უბრალოდ მის ტექსტებში სოციალური და პოლიტიკური თემები ჭარბობდა და სისტემის მსახური ღიპიანი ბიძების მისამართით გამოთქმული არასასიამოვნო სიტყვებიც ბლომად იყო.

 

ტიმურს ურჩიეს, რომ უფრო ”ადამიანური” ტექსტები დაეწერა. ერთხელ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ზეიმზე გამოსვლაც შესთავაზეს, კარგ ანაზღაურებასაც დაპირდნენ, მაგრამ მან უარი თქვა ტექსტის შეცვლაზე. ჩემი სიმღერა ეგაა და თუ არ მოგწონთ კარგად იყავითო… დამოუკიდებლობის დღეზეც სხვამ დაუკრა.

 

ტიმური იშვიათად მაინც მონაწილეობდა ხოლმე პატარა საღამოებში, ზოგჯერ საერთოდ ტექსტის გარეშე უკარავდა.

 

ბოლოს ტიმურ ახბა სცენაზე 2000 წელს გამოვიდა. ”კავკასიელ ხალხთა დღეებზე” ერთი სიმღერა უნდა ემღერა. ყაბარდოელი ბებიებს თავისი გამოსვალ ბოლომდეც არ ჰქონდათ ჩამთავრებული, რომ ნელი ნაბიჯით შემოვიდა სცენაზე. იატაკზე დაჯდა და თავისი საყვარელი სიმღერა ”ლურჯი აეროპლანი” შეასრულა. სცენაზე გამოსვლამდე ისევ რამდენჯერმე გააფრთხილეს, რომ ტექსტიდან ამოეღო უცენზურო სიტყვები, მაგრამ სიმღერის ბოლოს მაინც იღრიალა: ”მოტყნული ოკუპანტების ბინძური ხელებიო”. მანდ დამთავრდა… მუსიკოსი გაკიცხეს სოხუმელმა ინტელიგენტება, შეაჩვენეს მორწმუნე დეიდებმა, აგინეს ღიპიანმა ბიძებმა.

 

მას შემდეგ ტიმური სულ სახლში იჯდა. აქვე მეზობლად. ისევ ყვითელ ფეხსაცმელებს იცვამდა, ლურჯ ველვეტის შარვალს და ჭრელ პერანგებსაც. იჯდა და უსმენდა პინკ ფლოიდს. ტიმურისათვის ფლოიდები მთელი ცხოვრება იყო. თავის თავს ადამიან მცენარეს ეძახდა, როგორც ერთ სიმღერაშია…

 

ტიმურმა პინკ ფლოიდი და როკი ჩვენც შეგვაყვარა. ჩვენ მასთან დავდიოდით, ვსვამდით ან ცოტას ვეწეოდით, მუსიკაზე ვსაუბრობდით. ძალიან განიცდიდა, რომ სოხუმში ძირითადად პოპულარული რუსული ესტრადა იყო და ახალგზარდებიც მათ ბაძავდნენ. ამბობდა, რა თქმა უნდა, ადამიანმა იმას უნდა მოუსმინოს, რაც თვითონ სიამოვნებს და არა იმას, რაც სხვას მოწონს ან რაც თუნდაც უფრო მაღალი ხარისხისაო, მაგრამ მაინც წყდებოდა გული… უბრალოდ არ იციან აქაურებმა ნამდვილ მუსიკოსებზე, თორემ აფხაზები ბუნებრივად გემოვნებიანი ხალხი ვართო. მერე თავის დასამშვიდებლად იმასაც დაამატებდა, არც ევროპაშია უკეთესი მდგომარეობა, იქითაც უგემოვნო მუსიკას უსმენენო…

 

ტიმურის როკით გატაცებას უკავშირდება ჩემი მეტსახელიც. ერთხელ მითხრა სიდ ბარეტს გავხარო და მერე სულ სიდს მეძახდა. დიმამ და ალანმაც აიტაცეს და ბოლოს ანუშკაც სიდს მეძახდა. მეც არ ვიყავი წინააღმდეგი. ვლადიმირი მქვია და დიდად არ მომწონს. (არც ვოვა და ვლადი) ხოდა ეგრე გავხდი სიდი.

 

ერთ საღამოს ჩვენი ფლოიდიანი ბიძა, მაგარი დაბოლილი იყო (მეგობარი ჰყავს გალში, მამუკა ჰქვია და იმან უშოვა იქაური მოსაწევი) და ოცნებას შეჰყვა…

 

ტიმურმა თავისი რუსი მეგობრისაგან გაიგო, რომ მაისში როჯერ უოტერსის შოუზე დევიდ გილმორი გამოვიდა. მეგობრებს ნიკ მეისონიც შეუერთდა..მოკლედ, კემბრიჯელი ბიჭები ისევ ფორმაში იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალი აღარ იყო რიკ რაიტი და ჯგუფი ოფიციალურად დიდი ხნის წინ დაიშალა.

 

მაშინ ტიმურმა ვეღარ მოითმინდა და თავისი ოცნება გაგვიმხილა… სოხუმელ როკერს ესიზმრებოდა, რომ ფლოიდები სოხუმში ჩამოვიდოდნენ. ტიმურს ყველა დეტალი ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი და ისე რეალისტურად აღწერდა ყოველივეს გეგონებოდა უკვე ნახა, როგორ დაუკრა როჯერმა და დევიდმა სოხუმში, მაგრამ თვითონაც იცოდა, რომ მეტისმეტად უტოპიური ოცნება ჰქონდა და ყოველ წინადადებას ზემოდან ნაღვლიანი ხმით ამატებდა: ბიჭო, ვიცი, რომ უაზრობას ვამბობ, მაგრამ ოცნებაა… და მერე ისევ აგრძელებდა. ტიმურს კონცერტის გასამართი ადგილიც შერჩეული ჰქონდა. ბოტანიკურ ბაღთან არშბას ქუჩასთან, რომ ადიხარ ძველი შენობის ნანგრევებია…

 

ტიმურს სხვა ოცნებებიც ჰქონდა. იტყოდა ხოლმე: ” ე, ახლა ჩამაგდო ლონდონში, ვარშავაში, პრაღაში…”. ეს სურვილიც უტოპია იყო. აფხაზეთის საზღვრებს თუ გაცდები მაქსიმუმ რუსეთში წახვიდე. მოკლედ, ჩვენ ისევ საბჭოეთში ვცხოვრობთ. ჩვენთვის რკინის ფარდა ისევ არსებობს. უფრო სწორად კი, ამ ფარდის უკანასკნელი ნაგლეჯები აქ, ჩვენთანაა სოხუმში.

 

 

 

***

 

მოკლედ, როგორც გითხარით, ტიმური თითქმის სულ შინ იყო. მეზობლებთან არ კონტაქტობდა. ერთადერთი ცაცას მოხუც მამასთან–ბათუსთან მეგობრობდა. ისიც მასავით მარტო ცხოვრობდა. ხშირად სეირნობდნენ ერთად. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ თითქმის სულ ჩუმად იყვნენ. იშვითად ბათუ თუ ეტყოდა რამეს... რჩევებს აძლევდა...

 

ზამთარში ბათუ ავად გახდა. საწოლს მიეჯაჭვა. მიმხედავი არავინ ყავდა და პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა. ტიმური აკითხავდა სახლში და როგორც შეეძლო უვლიდა. ბათუ წიგნებს ატანდა ბუკინისტებთან ჩასაბარებლად და ამით გაჰქონდათ თავი. თავიდან ისეთ წიგნებს აბარებდნენ რაც არ მოსწონთათ. ბულვარულ რომანებს და დეტექტივებს. მერე შედარებით საყვარელ წიგნებზეც გადავიდნენ... ბოლოს უკვე სათაურებს აღარ კითხულობდნენ, ისე ალაგებნდენ ჩანთაში....

 

ცოტახნით წიგნები ფერადმა ლითონებმა გადაარჩინა. ტიმურმა სახლიდან სპილენძის და ალუმისნის ყველანირი ნაკეთობა გამოიტანა და ჩააბარა. ბოლოს ისიც გამოილია.

 

მერე ტიმური კონფედერატების ქუცაზე ერთ საძაგელ რესტორანში ვნახეთ, სადაც ძირითადად რუსი სამხედროები და აქაური ჩინოსნები იკრიბებოდნენ. იდგა და დიდი მონდომებით ასრულებდა შუპუტინსკის გულისშემაწუხებელ სიმღერებს.

 

თვალებს არ დავუჯერეთ. მეორე დღეს სახლში გავუარეთ და თავიდან ხუმრობით ვუთხარი კიდეც, რუსულმა ესტრადამ გაგიტაცა ამ სიბერეში მეთქი... ტიმურმაც გამიღიმა და მითხრა: ეგრეა საჭიროო...

 

მე სერიოზულად გავბრაზდი და ვუთხარი: რა მოგივიდა ბიჭო, შენი პრინციპების გამო ტექსტის ჩასწორებაზე ამბობდი უარს და ახლა შუფუტინსკის სიმღერების რესტორანში სიმღერა დაიწყე მეთქი....

 

ახლა უკვე ტიმურმაც ბრაზიანი ხმით მითხრა: ჩემი პრინციპების დედაც. არსებობს პრინციპებზე მნიშვნელოვანი რაღაცეები, მაგალითად ალუბლის მურაბა. შენ არ იცი როგორ უყვარს ბათუს... ჩაისთან. ერთიანად მოიყვანს ხოლმე ფერზე... ტიმურს ბრაზმაც გაუარა და უკვე ღიმილით ლაპარაკობდა.

 

 

 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ცხვედიანი ცოტნე / დოკუმენტური პროზა