ცხოვრებაძე რომან 

 

მოთხრობები

 

 

 

სარჩევი:

 

+/-1

tejeve nants – kimper

Z-ანტი

ბრენდის შვილები

ინტელექტუალური მასტურბაცია

ონიმი

სათაურიც გაყიდულია

პროზა

გამოხატვის ახალგაზრდული თავისუფლება

 

 

 

 

 

+/-1

 

 

• ერთი ხმის წყალობით მოიპოვა ადოლფ ჰიტლერმა ნაცისტურ პარტიაზე კონტროლი. (1924 წელი)

 

 • ერთმა ხმამ შეცვალა საფრანგეთში მონარქიული წყობილება რესპუბლიკურით. (1876 წელი)

 

 • ერთი ხმის წყალობით ამერიკაში გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დამკვიდრდა. (1776 წელი)

 

 • ჩვენ ყველანი ჩვენდათავად ერთნი ვართ, როგორც ინდივიდნი, თუნდაც როგორც ხორცის ცალკეული ნაჭრები.

 

ხანდახან მინდა რომ თავი მოვიკლა, უბრალოდ სიცოცხლე მოვისწრაფო და სხვა არაფერი, მერე რა? შეიძლება დედამიწას ერთი გულუბყვიოლო იდიოტი მოაკლდეს, მხოლოდ ერთი. ერთი იმ წამს როცა ჩემს ტვინს გრაციოზული ცისარტყელები მოედებიან და გავხდები დასატირებელი. მერე? არც არაფერი.

 

იტირებს დედა, მწარედ გადაიხარხარებს მამა, კიდევ ერთ კუბოს შეჭედავს მეკუბოვე, ერთი სუდარაც შეიკერება. შეიკერება და სხვა არაფერი. ვიღაც იფიქრებ საცოდავიო, სხვა იტყვის გაგიჟებულაო, კიდევ სხვა ნეტა რა სჭირდა საცოდავს საკუთარი თავი რომ გაიმეტაო? ბევრი ძალიან ბევრი ნათესავი კი ზრდილობიან ცრემლს გადმოაგდებს და გულის გულში შეფარვით ჩაიცინებს, ეგრე მოუხდებაო. ოჰ ეს მუზმუზელები, კომენდიანტები, პირმოთნეები მაინც გულის ამაჩუყებელნი რომ არიან.

 ხანდახან მინდა თავი მოვიკლა, უბრალოდ მოვიკლა და სხვა არაფერი მერე რა? შეიძლება ქალაქს მარტოსული მოაკლდეს და მხოლოდ ერთი იმ წუთს და როცა ჩემს სხეულს დემონები მოუახლოვდებიან და გავხდები ეული. მერე? იტირებს ჩემი და, გულის უძირო სიღრმით იქვითინებს ბებონაცვალი, იტირებენ ისინი ვისაც გულიდან ეტირებათ და მაინც დღემდე მგონია რომ სიბრალული ყველაზე უსარგებლო რამაა ამ ქვეყნად, კიდევ ის რომ: უბრალოდ კიდევ ერთ საფლავს გაჭრის მესაფლავე, რომელსაც ოდესღაც მონპარნასის სასაფლაოზე გაუვლია პრაქტიკა და შვილმკვდარი მეყვავილე გაყიდის ეკლიან ვარდებს, რომელმაც შეიძლება ჩემი საფლავის ქვაზე დაიდოს ბინა. მკვდარს შენი ყვავილები რა ჯანდაბად უნდა? ჩვენს შორის იყო და წავიდა. ანუ მე წავედი.

 

 – რატომ? რისთვის? როგორ?

 

 – არ მკითხოთ.

 

ისე ან ასე.

 

 მერე? მერე ის რომ კატაფალკა შემოვა ჩემს ეზოში. მეზობლები აივნებიდან იცქირებიან, ბავშვებს აინტერესებთ ჩემი სახე დაინახონ, თეთრი სუდარა, დედის ცრემლები, ჩემი სურათი, არ ვიცი რომელი. იქნებ ის? არა ეს? ხო რა მნიშვნელობა აქვს, მიზანი ერთია ყველანი სასაფლაოზე. სად? ოხ ტირილი, ტირილი, როგორ არ მიყვარს ეს ყველაფერი. დაუძინებელი ოცნებები, ტრაგიკული სეირი და სიჩუმე ხმაურში.

 

 – ახალგაზრდა კაცი იყო და თვითონაც გაიფუჭა ცხოვრება და ოჯახი ხო დაღუპა და დაღუპა.

 

 – ცოდვაში ჩაისახა და სიბინძურეში გაიზარდა, ცხოვრება აქოთებულ ჩვრებში დაიწყო და მყრალ სუდარაში ამთავრებს. ახია მაგაზე.

 

 სად ვართ? უკვე ქუჩის მოსახვევში, არა გუშინ რა ხდებოდა? მე გუშინდელი დღე უფრო მაინტერესებს.

 

მერე? ბოლო პანაშვილი, საშინლად მშვიდი. ვიღაცის ტუჩები ჩემს შუბლს შეეხო, თითქოს დედამიწა გაჩერდა. გონგის ხმა ჩამესმა. ქვითინი, ქვითინი და სულიერი ტკივილი ირგვლივ. მღვდელი მოუყვანიათ. ვინა კაცო? მღვდელი? მაკურთხოს უნდა! ეჰ მე ხომ მღვდლები მთელი ცხოვრება მეკიდა. რაღაც მისტიკური ხმა მესმის, მგალობლები რეტრო საგალობელს ჩხავიან!

 

 ქაღალდის კუპიურები ჩაიკეცა ჯიბეში დამკრძალავი ბიუროს აგენტმა და იქნებ ამ თანხით უბრალოდ საკუთარი შვილები წაიყვანოს კინოთეატრში, სადაც მხიარული სახით კომედიური ჟანრის ფილმს აირჩევენ.

 

”გემოვნებაზე დაობენ!”

 

 ისევ ქუჩის არქაული მოსახვევში? აქ ვართ. დედამიწა ისევ ტრიალებს მაგრამ ჩემთვის არა. ქალაქი ისევ ხმაუროობს, მაგრამ ჩემთვის არა. უკვე კატაფალკაში ვარ. ამაზრზენია ეს ყველაფერი, რატომ? იმიტომ რომ უკანასკნელად პანაშვიდზე როდის ვიყავი არ მახსოვს, მე ხომ საშინლად არ მიყვარდა ეს ყველაფერი.

 

 ხანდახან მინდა რომ თავი მოვიკლა, უბრალოდ მოვიკლა და სხვა არაფერი, მერე რა? ოჯახს ერთი ადამიანი დააკლდება, ერთით ნაკლებ პურს წამოიღებს დედა შინ, ერთით ნაკლებ ჭიქას გარეცხავს ჩემი და. ერთით მეტ კვერცხს შეღებავენ სააღდგომოდ, ერთით მეტ სანთელს დაანთებენ ეკლესიაში. ერთით ნაკლები და ერთით მეტი, აი ვინ ვარ მე.

 

არა ეს სულაც არ გახლავთ არასრულფასოვნების კომპლექსი ან სნობიზმის უნივერსალური პროლიფერაცია ეს მჟავე რეალობაა.

 

 მესაფლავემ ოფლი მოიწმინდა, წვეთები მიწას მსუბუქად დაეცა, მიწას რომელიც რამოდემინე წუთში ჩემი გახდება და მელოდება, მელოდება ისე, როგორც დედა სახლიდან უმისამართოდ გასულ შვილს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მივა. მერე? მერე სულ მერე მოგიხსენიებს თამადა, რომელიც ოდნავ შეზარხოშებული, მოვალეობის მოხდის მიზნით ამ ქვეყნიდან უდროოდ წარსულთა სადღეგრძელოში შენს სახელს წარმოთქვავს და ათი წუთის შემდეგ არავის არანაირად არ ემახსოვრები. ერთი-ორ ნეკროლოგს გამოაქვეყნებენ გაზეთში რომელსაც ნული ტირაჟი აქვს და რედაქტორიც არასოდეს ყოლია, იმიტომ რომ იგი ჩვენს გულებში წარუშლელად იწერება.

 

 მე უკვე მე არ ვარ? იმიტომ რომ მე მიწა ვარ,

 

 – გამარჯობა ლუციფერ!

 

 – ჰმ. . .  . .

 

 უკვე დაღამდა ინდივიდების საუკუნეში, სადაც მაშინაც კი არ სჯერათ ჩვენი სიმართლე, გულწრფელობა და გაჭირვება როცა სული ამოგვხდება. მე ხომ ამ ცხოვრებიდან მხოლოდ სიცოცხლე, თავისუფლება და სიყვარული მინდოდა, მაგრამ ცხოვრება ისე ცუდადაა მოწყობილი შეუძლებელია ამით ყველაფერი მთავრდებოდეს.

 

 P.S.. “იცით მკვდრების მიმართ რატომ ვართ უფრო სულგრძელნი და სამართლიანი? მიზეზი უბრალოა: მათი აღარაფერი გვმართებს. მკვდრები მარტო ერთ რამეს გვთხოვენ არ დავივიწყოთ, მაგრამ მეხსიერება მოკლე გვაქვს, გულს მხოლოდ ახლახან გარდაცვლილ მეგობართა მოგონება გვიყუჩებს.”

 

 

 2003

 

 

 

 

 

 

 

tejeve nants – kimper

TGV Nantes – Quimper

 

 

 ცხოვრების საშუალო სიმაღლე, თვალებში ღრმად ყურება და მატარებლის ჩუმი სიგნალი. აბსტრაქტული სამყარო სულმოუთქმელად სუნთქავს და დაეძებს წყალს რომელიც ონკანში არასოდეს ჩამოწვეთავს, რატომ ? ჭეშმარიტი წვეთები რკინას არასოდეს ეხეიან.

 ვხდავ, ხედავ, ხედავს, ვხდავთ, ხედავთ, ხედავენ. გასუქებული ექიმის აზრების კითხვა, მამაცია ეს წვეთიც. უსასრულოდ თეთრი და შავსახურავიანი სახლები მიყურებენ.

 შემდეგი ზმნა უნდა ვაუღლო: ვწვეთავ, წვეთავ, წვეთავს, ვწვეთავ, წვეთავთ, წვეთავენ. ნუთუ არაფერი შემშლია მშობლიურ ენაზე ბუტბუტისას ?

 ისტორიული გზა სოფლისკენ, დამახსოვრებული ყველა მოსახვვი და გაჩერება, პროვინციული ალალი და გულურყვილო გამოხედვა და ხის ჩარჩოში სათუთად ჩასმული აზრები. ადგილი იპოვა ვაგონში, მერე ცხოვრებაშიც და კოკა-კოლას რეკლამას გასცქერის. მე გათხოვებთ ჩემს ოჭივარას რომ კიდევ გაზარდოთ ბავშვები.

 ზმნა შემდეგი, გაკვეთილი მეორე, გავიმეოროთ წარსულის ზმნები : ვსუნთქავ, სუნთქავ, სუნთქავს, ვსუნთქავთ, სუნთქავთ, სუნთქავენ.

მახსენდება ბავშვობა და მეგობარი რომელი ყოველთვის დასცინოდა ჯერ ისევ ქალაქში არაინტეგრირებულ ახალგაზრდებს და შემდეგი ზმნის მხოლოდ რჩეული და იუმორისმომგვრელი ფორმა :

 «მოდილარიან»

 Ce train est à destination de QUIMPER»– აი ამ წამს ამ სიტყვებს ვკითხულობ მორბენალ სტრიქონზე.

 ნუთუ დროის წამობრივი, წუთობრივი, საათობრივი, დღიური, თვიური, წლიური, საუკუნოებრივი აღქმა სამართლიანია? და ჩვენ მაინც ვემორჩილებით ისე შეუცნობლად და ვიცით რომ დაბადებიდან 22 ან უკეთეს შემთხვევაში 92 წლის შემდეგ წავიშლებით, მაგრამ დღეებს და თვეებს ნაკლებად ვითვლით.

 გაკვეთილი შემდეგი და ზმნები უკვე მარტო აღარ არიან :

 გითბობდი ხელებს, უთბობდი ხელებს, უთბობდა ხელებს, ვუთბობდით ხელებს, უთბობდით ხელებს, უთბობდნენ ხელებს.

 პატარა სადგურში დიდი მატარებლები არ აჩერებენ, ანალიზი განვლილი წუთების და დღიურში ჩაწერილი ყალბი ხუთიანი, ჩემი სკოლის კედლები ჯერ ისევ მოასწავებს რომ აქ სადღაც ახლოს კომუნიზმი ბუდობდა ან ისევ ბუდობს. ქვეყნის მეორე ქალაქის ახლადაშენებული გარეუბანი და საბჭოთა იმპერიის ბოლო ხველა, ბრონქიტი, მერე პლევმონია.

 გაკვეთილი დაგვიანდა, ზმნა შემდეგი:

 გიყურებ თვალებში, უყურებ თვალებში, უყურებს თვალებში, ვუყურებთ თვალებში, უყურებთ თვალებში, უყურებენ თვალებში. ჭაობი, ხიდი, ფოთოლგაცვენილი ხეები, ბოზი ველები, ღრუბლებსამოფარებული მზე და თვით სატყუარა ღრუბლები, ის რასაც ფანჯრდან ვხედავ და გამტიხრული ტბა.

 ნაყინი ნაყიდი სიბერისაკენ მიმავალ გზაზე და საფეთქლების კაკუნი. სიზარმაცის მიერ მიწასთანგასწორებული პასუხისმგებლობა და იმპერიის ბოლო დახველება. ანარქია სკოლის კართან და პრონაციონალისტური გამოხტომები სხვა რაღა დაგვრჩენია საკუთარი ეგოს მოსაფხანად?

 ზამთარში ბუდე ყველაზე კარგად ჩანს ისე როგორც ზაფხულში ქალის სხეული. ვუახლოვდები დანიშნულების ადგილს, პატარა ქალაქში მორიგი მატარებელი გაჩერდა.

 გავჩერდი, გაჩერდი, გაჩერდა, გავჩერდით, გაჩერდით, გაჩერდნენ. . .

 2006

 

 

 

Z-ანტი

 

არაერთხელ გამაფრთხილეს რომ არასოდეს მიმებაძა ღმერთისათვის და მებრძოლა გადაინსტალირებული თაობის ანტიკონსტიტუციურ-პარანოიდული გამოხტომების ჩასახვისათვის მედია ელექტროდების გავლით. თითოეული საკანალიზაციო ჭის თავსახურს ჩვენს გარდა არავინ ამოაკრავს კულტურულ ტროტილს ჭაობისპირა გადაკუზულ ღამის ქალაქში, რომელსაც დაუნდობლად ჟიმავენ მოსაზღვრე სოფლები დილის ჰიპერქაოტურ ავტოსტრადების გადაკვეთის წერტილებში. ამასობაში ბოლო საერთაშორისო არაფორმალურ-გაუფილტრავი ინფორმაციით, პრეზერვატივგადარჩენილთა მსოფლიო ასოციაციის მინუს მეექვსე ყრილობაზე მაინც მიიღეს ნაგულისხმევი მანიფესტი და ანტისოციალური დეკლარაცია მთავარი გზავნილითურთ : რომ ჩვენ ხვალიდან ყოველთვის შიდა მხარეს გავაღებთ ფანჯარას და გავგრილდებით არშემდგარი თავკომბალა დედაქალაქის ფურთხის შადრევანების საშუალებით.

 ვატყუებთ ძროხას, რომელსაც რძის გამორჩენის მიზნით თივას მივუყრით, ვატყუბთ ღორს რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვაჭმევთ რომ თავად შევჭამოთ, ვატყუბთ ქათამს კვერცხის მოტივებით და ვატყუებთ საკუთარ თავს როდესაც ვმასურბირებთ ან როცა ვბრძენდებით ყოველდღიურობის შესახვევებში თუ ტელეკამერების წინ. და მაინც, ვინ არიან რეჟიმის დამჯერი ბიჭები ? რომლებიც მარცხნიდან მარჯვნივ ივარცხნიან თმებს და ამ ფრაზების წერისას კედლისკენ გადაბრუნებულს სძინავთ ცოლის ძუძუებიდან 60 გდადუსით დახრილებს. ისინიც ოცნებობენ იქცნენ ბოსებად და დაეუფლონ კარიერისტული პროსტიტუციის ჯერ არ გამხელილ და ცხრაასოთხმოცდაცრამეტჯერ გამოქვეყნებულ გააფდეითებულ საიდუმლოს, ისე როგორ ერთი ჩემი მეგობარი ხრუსტალის ჭიქა ბოკალად გადაქცევას ოცნებობდა, ნატრობდა და ერთ დღესაც მორიგი ღრეობის შემდგომ ნახმარმა მეტლახის იატაკზე განუტევა სული.

 პარალელურ რეჟიმში რადიოს AM სიხშირეზე მობინადრე პესიმესტები გვატყობინებენ რომ ეროვნული, რელიგიური, რასობრივი, ფილოსოფიური თუ იდეოლოგიური კუთვნილება მხოლოდ მითად ქცეულა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის აივნის გადმოსახედიდან და ეს ინფორმაციაც თეთრ საინფორმაციო უნიტაზებს ჩაურეცხავთ და დღემდე თავდახრილები მიერეკებიან ატლანტიის ოკეანის ფქკერზე გამავალ ბოჭკოვან ქსელების გავლით Outland-საკენ.

არშეჭმული კარაქიანი პურების და ტოსტერში ჩარჩენილი ინფორმაციულ ერას ვეღარ აჩერებს ანტიკონსტიტუციურ-პარანოიდული გამოხტომების ურყევი სურვილი და რელიგიაც დაემსგავსა არტიფიციალური ღმერთების არაჯანსაღი კონრურენციით ნაკარნახევ ვირტუალ რბოლას და გაეროს მოძველებული სისტემაც მოითხოვს საერთაოშორიო ოპტიმიზმის კომიტეტის დამატებას ჰუმანურ ძალთა კოსმიურ თვითრეალიზაციისავის.

 პირველი ბრენიშტორმინგი დამთავრდა და კონკრეტული სამოქმედო შედეგებიც დაიდო:

 იდეების ლომბარდების გახსნა ახალგაზრდებისათვის ქალაქის ყველა შუქნიშანთან და სასწრაფოდ ახალგაზრდების ღამის ქალაქიდან ევაკუაცია რადგან კულტურული ტროტილის ნაცვლად ისევ ნამდვილი შემოგვაპარეს.

 მაცხნისაააკენ ! ნაბიჯით იარ.

 დეკემბერი 2007

 

 

 

ბრენდის შვილები

 

მე ისევ ვდგავარ ჰიჩჰაიკზე ერთი უნიჭო ქალაქის მართკუთხა გზაჯვარედინზე და ველოდები უსახელო მძღოლის კეთილ ნებას და მუხრუჭნარევ ხმაურს წრფივ და ტეხილ რადიუსებში.

მძღოლებს თვალებზე სისხლისფერი ლენტი აუხვევიათ და გლობოვენ ჰუმანიზმის წყალსატევების გარდაცვალებას სოფლის შარაზე. თურქ მძღოლებს ყველაზე მეტად უყვართ ჰიჩჰაიკი, მაშინ როდესაც ჰორიზონტალურ მაგისტრალებზე მდედრები ცერა თითი მართ კუთხეს ჰკრავენ. აღმოსავლეთში გვიჭირს უქონლობის აღიარება თუნდაც ამას ჩვენი ენა სივრცითი ბარიერების გარეშე ამბობდეს.

 მე ისევ ვდგავარ ამაყად ეული განმარტებითი ლექსიკონების გასაყარზე, ყანების ბოლოს ბეჩავი ცხოვრების ნაკაფ ტყეებთან და მოძრავ საგნებს ინდუსტრიული ქარხნებიდან ურცხვად ველოდები. შხუილის ხმები ნაფოტად ეცემა ასფალტისფერ ასფალტს, საბურავები კოციან წარმოსახვით თუნუქის ბოთლებს და ფაქტობრივად იბადებიან გაუცვეთავი ბიოცენტრული ყვავილები შენგენის სივრცეში. არასოდეს გიფიქრიათ რა საჭიროა დედაქალაქები? მაშინ როდესაც ჰიჩჰაიკი ქალაქის ქუჩებს კანონგარეშე აცხადებს.

 მე ისვე ვდგავარ საკუთარი იდეების სექსუალურად ერთგული პარტნიორი და ველოდები მსხვერპლის სურვილებს, ისე როგორც ორთოდოქსი კომუნისტები ერთადერთ შანს წინ წაწევის. აქ შეიძლება ჩვენი ორგანული ერთობა დამეხმაროს მე-60 კილომეტრზე მსხვილი წვეთებით დაჭრილს. მესმის გულის გამაწვრილებელი ბუზღუნის ნაცადი ფორმა და მძღოლების გაკვირვებული სახეები მხოლოდ საეჭვოდ ხვდება ჩემს ზურგჩანთას და ირეკლებიან მოპირდაპირე კონტინენტის კიჩოებზე.

 «ბრენდის შვილები»– ეს ფრაზა ჩემმა ორეულმა მზაკვრულად ჩამჩურჩულა როცა ერთი სამკუთხა ქალაქის კარიბჭესთან მესამედ იმ დღეს ვფიქრობდი ჰიჩჰაიკზე.

სენეგალური ტამტამების ხმა სუნთქვით ორგანოებს კაპიტულაციას უცხადებენ და სხვა არაფერი დამრჩენია თუ არა ძებნა ადგილობრივი დისტანციური მართვის მატარებლის სადგურისა სველი 60 ევროანი ბატინკებით, მაშინც როდესაც ასობით ბრენდის შვილი საქარე მინიდან მხედველობით კონტრაქტებს მიფორმებენ წამობრივი წყვეტის პერიოდით.

 «ბრენდის შვილები» – ეს სიტყვათა ტრანსკომბინაცია ჩვენმა ტრიუმვირატმა გამოაცხო კერძო საკუთრების ზეობის ხანაში როცა მარკეტინგული გაყიდვების მზარდი მოთხვნები ადამიანებს ფიზიკურ წრეწირში საკნების გავლით ეწვეთებოდნენ. როგორც ყოველთვის ისტორია არაფერს გვეუბნება, მაგრამ მაინც გვარწმუნებს რომ პირველი ბრენდი «Pears soap» დაძრულა 1789 წლის ლონდონის ქუჩებიდან როცა ლამანშის მეორე კონტინენტურ მხარეს ღმერთებს თბილი და შაქრიანი მონარქიული სისხლი სწყუროდა ფანატიკოსების ხელით მირთმეული.

 «ბრენდის შვილები” – მაღვიძარას გილიოტინური ხმა, დღეს 10 საათზე თათბირია უფროსთან რაიონული ფილიალების დირექტორებთან ერთად, ის უკვე შხაპის ქვეშ დგას და ფიქრობს როგორ გამოიპაროს სამსახურიდან ბოლო ერთი საათით, დღეს ხომ მისი ერთადერთი შვილი ლექსს წაიკითხავს დედაზე კერძო ბაღის პირველ გამოსაშვებ საღამოზე. კროასანი და ყავა, კბილების გამოხეხვა დილის საინფორმაციოს ფონზე. მანქანაც დაქოქა, ქალაქურად ნახევარი საათი ქალაქამდე, გზები გადატვირთულია როგორც ყოველთვის, თვალში ცერათით აღმართული ახალგაზრდ მოხვდა გზაზე გამოსული, უკვე არარსებული დედაქალაქის მთავარ ქუჩაზეა, აქ ჯერ კიდევ 2 წლის წინ ფეხით დადიოდა. ტრადიციული თბილი მისალმება დაცვის თანამშომელთან და მისი გამჭოლი მზერა უკანალისაკენ. ვინდოუსი უკვე იტვირთება, მეილს ვამოწმებთ, დღის გეგმას ვადგენთ, უფროსის ახალი დავალება, ყავას ვინ ადუღებს? მისი ფანქრებიდან მხოლოდ მოპირდაპირე ცივი შენობა მოსჩანს, შესვენებაზე პიცაზე ვინ მოდის? არაფერია განსაკუთრებული გარდა იმისა რომ მივლინების თანხა უკვე დამჯდარა ანგარიშზე, მომასაბეზრებელი ზარები, წამების-წუთების-საათების გაწელილი 60-იანი სისტემა, მუსიკას უსმენს ნაუშნიკებით იცის ხუთ საათზე უნდა გაიპაროს და დარჩენილი ერთი საათი კოლეგას გადააბაროს, უფროსის ბრძანება რომ დღეს უცხოელი პარტნიორების გეგმები შეიცვალა და შეხვერდა დღეს გადმოიტანეს დიდ ბოდიშის მოხდით. ყველანი ადგილზე და კიდევ ერთი ზედმეტი საათი.

გამოსაშვებ საღამოზე მარტოდ დარჩენილი «ბრენდის შვილიშვილი «თვალებით დედიკოს ეძებს და ვერც კი წარმოუდგენია რომ ბრენდმა დედიკო შეუჭამა და შეიძლება 17 წლის ასაკში როდესაც თავად გახდება ან არ «ბრენდის შვილი «ყველაფერი გაანალიზოს, ან იქნებ ვერასოდეს მიხვდეს და ბრენდის ცოდვები მომავალ თაობებს გადააბაროს და დედიკოს მსგავსად ჰიჩჰაიკზეც გამოსული ვერასოდეს შემამჩნიოს ისე როგორც ეს ჩემი ბანალური ენა..

 

 

 

ინტელექტუალური მასტურბაცია

 

საკუთარი შეხედულებების ფორმაციის განცდა ყოველ საღამოს მეუფლებოდა, მჯეროდა დაუწერელი ლექსის რომელიც პერიოდულად ჩემში ეძებდა გონების მანკიერ მხარეს რათა ფურცელზე ჩემი გავლით გადმოსულიყო. მე ხომ ისევ საბავშვო ბაღში მშობლის მოლოდინში აცრემლებულ იმ პატარას ვგავარ სამყაროს შეცნობის სურვილით წლებს რომ ფანტავს.

 ფორმულა რომელიც მილიონობით უცნობ სიდიდეს შეიცავს უკვე დიდი ხანია ჩემში ბუდობს, მიზანი საკუთარი თავის პოვნაა და ჯერ ისევ დამარცხებელი მარტივი ადამიანური განცდებით, რომლებიც ჩემი გრძნობების მანიპულირებით დროს მოერივნენ. ექსპერიმენტები და დაკვირვება განვლილი წუთების და წამების რომ ჩვენ ერთი საწყისით ვმოძრაობთ.

 მატერიალურ კეთილდღეობა, სექსუალური ლტოლვა და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა, ნუთუ მართლა ეს ყველაფერი გვაძლევს ცხოვრების არსს და გვიბიძგებს რომ ვიმოქმედოდ? აქტიურად ან პასიურად, შეფარვით თუ ღიად, მოთმინებით თუ მოუთმენლად, ისე ან ასე.

თითქოს ყველაფერი ცხადია მაგრამ როგორ? იქნებ ექიმთან მივსულიყავი მწვავე ფსიქოლოგიური სტრესის დასაძლევად, ან იქნებ უახლოეს ბიბლოთეკაში გავიარო რეგისტრაცია თუ ვიდეოთეკას მივაკითხო ყოველ საღამოს უახლესი ფილმებისათვის? იქნებ საერთოდ არ ვიფიქრო ამ ყველაფერზე.

 ჩუმად საუბარს ხმამაღლა ფიქრი ვარჩიე და ჩემი ერთგული მეგობარი Notebook ACER Aspire 5610 კიდევ ერთხელ გადავტვირთე იმ იმედით რომ აუცილებლად დავიწყებდი საკუთარ თავთან მარტივი ხელშეკრულების დადებას ვორდ-ის ფაილის დახმარებით (File – ინგლისური სიტყვაა და საქაღალდეს ნიშნავს, თუმცა იგი უკვე სასაუბრო ქართულში მარტივად შემოიჭრა და დამკვიდრდა სწრაფი კომპიუტერიზაციის პირობებში). ჩემი თაობა უკვე ფურცელს ნაკლებად ეტანება, ფაილების ენით ვსაუბრობთ, ანუ უბრალოდ "ვორდ-ის თაობა»ვართ რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში დავიბადეთ, მაგრამ ადვილად შევეგუეთ თანამედროვე ცივილიზაციის ერთ-ერთ ბოლო გამოძახილს და ელექტრონული ფურცლების ენით ვსაუბრობთ. ხო, ერთი შეხედვით პრაქრიკულია არა? კედლებზე, ქვებზე, პაპირუსებზე წერა ისტორიის ფურცლებს დარჩა. ანუ თაობათა შორის არგუმენტაციის ფრაზა რომ დავისესხო : «ეხლა უკვე სხვა დროა. «

 დღეს საღამოს გაჩერებაზე გადამწვარი ჭადრის ამაყ ფოთლებში დავინახე რომ მსოფლიო პატარა ბოზია რომელიც ნავთობით იკვებება. დრეზდენი, ბილეფილდი, ჰალე, ლაიფციგი, მანჰაიმი, ზიგენი, ისევ დრეზდენი, ნიურბერგი, ჰამბურგი, კოტბუსი, როსტოკი, მე ხომ ნიჭი აღმომაჩნდა რომ ამოვიცნო მანქანების წარმოშობის ქალაქი, ეს პატარა საქმე როდია, წარმოიდგენეთ რომ ქალაქის მთავარ ქუჩაზე უგანრიგოდ მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდები და ოცი მეტრის რადიუსით უამრავი ქალაქი შენში მზა რეცეპტად შემოდის და სამუდამოდ ილექება გონების გეოგრაფიულ წერტილებს აღქმის ბაზაში.

 გუშინ საღამოს დავიწყე მილიონიდან ერთ-ერთი უცნობი სიდიდის პასუხის ძებნა ისე რომ ინტერნეტ რადიოს ვუსმენდი ქალაქიდან სადაც დავიბადე, შემიძლია ინტერნეტ მისამართიც მოგცეთ თუ დაგაინტერსებთ. პირველი კითხვა სამზარეულოდან გამოსული ჭიანჭველის სახით დავინახე «როგორ შეიძლება იყო წარმატებული ? «იმავე სამზარეულოდან გამოქცეულმა ტარაკანამ პასუხის სახით მზა რეცეპტი მომაწოდა : «საჭიროა იყო ენერგიული, აქტიური, პოპულარული, ქარიზმით აღვსავსე, ამბიციური, ჯიუტი, საკუთარ თავში დარწმუნებული და რევოლუციური გარდაქმნების ავტორი.

გქონდეს კარგი იდეა, ნათელი ხედვა, გააზრებული სტრატეგია, მწყობრი სისტემები და ეძებო ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს მოერგებიან «32 სიტყვაში მსგავსი პასუხი არა თუ ტარაკანას ნებისიერ საშუალო ოფისის მენეჯერს გაუჭირდება. შეგიძლიათ თავად ჩაატაროთ ცდა და თქვენს ჰალსტუხიან წარმატებულ მეგობარს თავად მიმართოთ იდენტური შინაარსის კითხვით.

 აუცილებლად სცადეთ, გაბედეთ და შედეგი მომწერეთ მეილზე: romanamail@yahoo.com

 2007.08.05.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ცხოვრებაძე რომან / მოთხრობები