წერეთელი აკაკი 

ლექსები  

შესავალი წერილი, შენიშვნები, კომენტარები და ლექსიკონი ლადო მინაშვილისა

 

აკაკი წერეთელი

 

აკაკი წერეთელი “ბედნიერი ნიჭის” შემოქმედია, ილია ჭავჭავაძის აღიარებით. ჯერ კიდევ ორმოცი წლის აკაკი წერეთლის ღვაწლს ილია ასე აფასებდა: “აკაკი ტკბილის და გრძნობიერის სიტყვით... ატკბობდა ქართველის ყურს, აფხიზლებდა გონებას და ჰმართავდა ქართვლის გულს ქართვლისა და საქართველოს სიყვარულისათვის”. ერის წინამძღოლი წინასწარმეტყველურად წერდა: “აკაკის სამსახურს და ღვაწლს ქართველი გულში ჩაირჩენს სამუდამო სახსოვრად”, მისი “მშვენიერის ლექსებით არა ერთხელ დაიტკბობს ყურს და გრძნობას და არა ერთხელ გულს მოიცემს მამულიშვილობისათვის”.

     აკაკის სიცოცხლეშივე აღინიშნა: “დიდი ბედნიერება არის ამგვარი მწერალი ჩვენი საზოგადოებისა და ხალხისათვის” (ა. ცაგარელი). აკაკისებურ პოეტს ისურვებდა და ინატრებდა ყოველი ქვეყანა. ერთი ავტორის თქმით, “ქართულ ლიტერატურაში მასავით ზუსტად და დროულად ვერავინ ვერ ეხმაურება საზოგადოებრივ მოვლენებს” (დ. კეზელი). “შორეული ჩვენიანი” არტურ ლაისტი აკაკის მემკვიდრეობას ერის “ძვირფას განძად” თვლიდა. აკაკის შემოქმედებაში ერის სულიერ მისწრაფებათა, მის თავისებურებათა გამოხატულება დაინახეს.

აკაკი წერეთლის ცხოვრება თავისთავად იქცა პოეტურ ფაქტად და, პირველ ყოვლისა, თვითონ აკაკის ბუნებისა და ნიჭის წყალობით. თავად აკაკიმ გვიამბო თავისი ცხოვრების ისტორია შეუდარებელ “ჩემ თავგადასავალში”.

ძნელია აკაკის შესახებ მას შემდეგ საუბარი, რაც ეს მომხიბლავი მოთხრობა არსებობს... თუკი დგება მოკლედ მაინც მისი გადმოცემის საჭიროება, უფრო იმიტომ, რომ ჩვენთვის ახლა არსებითი მომენტები შევირჩიოთ და მათზე მივაპყროთ ყურადღება.

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 (ახ. სტილით 21) ივნისს, სოფ. სხვიტორში, საჩხერის მახლობლად.

აკაკის დაბადების ფაქტი ასე პოეტურად არის ჩვენს წარმოსახვაში შემოსული თვითონ აკაკის გადმოცემით: “იმთავითვე, დავბადებულვარ თუ არა, ვაჟის შეძენით გახარებულ მამაჩემს დიდი ხნის გარისხული და სასახლიდან გაგდებული შინაყმა შეურიგებია, და მე-კი ბებიას მაშინვე გავულახივარ. აი, როგორ მიყვებოდა ხოლმე ამ ამბავს გაზეპირებულ მამაო ჩვენოსავით ცხონებული გადიაჩემი: “ვენაცვალე ჩემს კაკოს (ბავშვობისას კაკოს მეძახდნენ)... ამის დაბადებაც სულ სხვანაირი იყოო, დაიბადა ერთი რაღაც დათვისბელა, ბამბის ქულა და ისე გაეკმინდა სული, რომ კრინტს არ სძრავდაო! ეს თურმე იმას ჰფიქრობდა: საიდან სად მოვედიო? და ბებიას კი გულშემოყრილი ეგონა და ჩქმეტა დაუწყო... ერთი-ორი კიდეც შემოუცაცუნა ხელი და ძლივს ხმა ამოაღებინაო! ვის უნახავს ამისი ტირილი? სულ იცინოდაო. ამას სხვებიც ამბობდნენ. დიაღ, სულ თურმე ვიცინოდი”.

     აკაკის მამა თავადი როსტომ წერეთელი დედისერთა იყო. ობლობაში გაზრდილს სწავლა-განათლება არ ჰქონდა მიღებული. ერთხანს ესწავლა სამონასტრო სკოლაში, მაგრამ მალე დაანებებინეს თავი. დედა მას გვერდიდან არ იცილებდა და რაც შინაურობაში დედას ესწავლებინა, მხოლოდ ის იყო მისი ცოდნა. როგორც აკაკი ამბობს, მუდამ დედის კალთაში თავის ჩადების ბრალი იყო, რომ “იმას მთელ მის სიცოცხლეში თვითნებობა და ახირებულობა ზნედ ჰქონდა გადაქცეული”. შინ ჯდომა უყვარდა. თვითონ ხომ მაინც საქმეზე თავს არ შეიწუხებდა, არც სხვას აწუხებდა. უყვარდა განცხრომა. თანაც უნდოდა მის სახლში ყველა უზრუნველი ყოფილიყო. ბუნებით ერთობ გულკეთილი კაცი იყო როსტომი. შური და ბოროტება საერთოდ არ იცოდა. მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად გულფიცხიც იყო. შეიძლებოდა სულ უბრალო რამეზე განრისხებულიყო და ამ დროს დანდობა არ იცოდა. სულ ერთია, ახლობელი იქნებოდა თუ შორებელი. სიფიცხე დიდხანს არ გაჰყვებოდა. მალე იცოდა გულის გადაყრა...

     როსტომ წერეთელი ძირითადად ოჯახის საქმეებში არ ერეოდა, ჩარევით მხოლოდ ხელს თუ უშლიდა მეუღლის ყოველთვის წინდაწინ მოფიქრებულ და გონივრულ განკარგულებებს.

     მიუხედავად ასეთი ახირებული ზნისა, როსტომ წერეთელი, აკაკის თქმით, “ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენამჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც”. აკაკის დედა თავისი  შვილების ენამოსწრებულობას მამის მემკვიდრეობით ხსნიდა.

     როსტომ წერეთელი ცოლ-შვილის მოსიყვარულე კაცი იყო და შინაურებისაგან დაფასებული და საყვარელი. იგი საზოგადოებაში მიღებული კაცი იყო, “მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა სიმართლისა და პირდაპირობისათვის და ბევრ რამესაც უთმობდა”.

     აკაკის დედა ეკატერინე ისტორიული ოჯახის შვილი იყო, ივანე აბაშიძის, სოლომონ პირველის შვილიშვილის, ასული. მამა ადრე მოუკლეს. გაიზარდა გურიის უკანასკნელი მთავრის ლევან გურიელის ოჯახში. ლევანი მას ბიძად ერგებოდა. გურიელის კარზე ამ დროს იმყოფებოდნენ ფრანგი პატარები, მათაც გარკვეული გავლენა მოუხდენიათ აკაკის დედაზე, შეუსწავლებიათ მისთვის ექიმობა, მეურნეობა. აკაკის თქმით, “იყო კარგი მწიგნობარი, მეოჯახე, მოხელსაქნარე და მასთანაც კარგი აღმზრდელი. ცნობისმოყვარეობასთან შრომისმოყვარეობაც შეთვისებული ჰქონდა, დილას მამლის ყივილზე რომ წამოდგებოდა, დაღამებამდე ფეხზე იდგა და უსაქმურად კაცი ვერ ნახავდა”. თავი დარბაისლურად ეჭირა და ამიტომ “მკაცრობისა და მრისხანების სახელი ჰქონდა გავარდნილი... სასახლეში მისი ყველას ეშინოდა და დიდი ხათრიცა ჰქონდათ”. თუმცა ეს, როგორც ჩანს, მისი გარეგნული სახე იყო მხოლოდ – დარეჯან ბატონიშვილის გაზრდილი და პატარების ნამოწაფარი განგებ პირბადეს იფარებდა, მხოლოდ კეთილის განზრახვით”, რამდენადაც სინამდვილეში “ის იყო ნამეტანი ჩვილი გულის მექონი და მოყვარული”. როცა ვინმე ავად გახდებოდა სახლში, ყველას თვითონ უვლიდა. “დღე და ღამ მოსვენება აღარ ჰქონდა და თავის ხელით უვლიდა, როგორც შვილს, გაჭირვებულის დახმარება რჯულად ჰქონდა დადგენილი, სულ სხვებზე ჰფიქრობდა და სხვებისთვის, თითქოს თავის საკუთარ პირადობაზე ხელაღებული ყოფილიყოს”.

     აკაკიმ დიდად შთამბეჭდავი ცოცხალი პორტრეტები დახატა თავისი მშობლებისა “ჩემს თავგადასავალში”.

     აკაკის ბავშვობა განსაკუთრებულ ვითარებაში წარიმართა. თავისი ბავშვობის ულამაზეს დღეებს აკაკი უმადლის იმ გონივრულ ადათს, რომელსაც ბავშვის გაძიძავება ერქვა. ამ “ისტორიული ჩვეულების” თანახმად, შვილებს ერისთავები და დიდებულები აზნაურებს და გლეხებს აზრდევინებდნენ. აკაკის თქმით ეს გაზრდა იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ “მაშინდელი მშობლები უგულო ყოფილიყონ და შვილები დღევანდელ დედებზე ნაკლებად ჰყვარებოდეთ!.. ეს გაზრდილ-გამზრდელობა აკავშირებდა ერთმანეთთან სხვადასხვა წოდებას”.

     როგორც აკაკი აღნიშნავს, “გამზრდელ-გაზრდილობა ძალიან მტკიცე კავშირი იყო, სისხლით ნათესავობაზე უფრო ძალმოსილი. არა თუ ძიძიშვილები და მათი ახლო მონათესავენი, მათი შორეული მოყვრებიც კი მზად იყვნენ ყოველ შემთხვევაში თავი დაედვათ გაზრდილის გულისათვის და გაზრდილიც მარად ექომაგებოდა ამ ხალხს”. აკაკი ამ ჩვეულებითაც ხსნის, რომ ბოლო დრომდე ჩვენს ქვეყანაში უფრო “კაცური და კეთილი” დამოკიდებულება იყო წოდებებს შორის, ვიდრე სხვა ქვეყნებში. “კურთხეულიმც იყოს ეს ჩვეულება” – ამბობს აკაკი, – “თუ-კი რამ დარჩა ჩემში კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი”.

     ერთი სიტყვით, ამ ადათის მიხედვით, პატარა აკაკი მშობლებმა გააძიძავეს  ლამაზ სოფელ სავანეში ფარსადან ყანჩაველის ოჯახში; ზრდიდა მას ძიძა მანო სადუნიშვილი. იზრდებოდა აკაკი ძიძიშვილებთან ერთად.

     ექვსი წლის აკაკი, როგორც თვითონ აღნიშნავს, “ბუნების ლაღი შვილი” იყო. გლეხურ სათამაშოებს, გლეხურ შრომას მიჩვეული აკაკი ყოველთვის სიყვარულით იგონებდა სავანეში გატარებულ დღეებს. სწორედ აქედან დაუახლოვდა აკაკი გლეხობას და გულით შეიყვარა. ეს სიყვარული მას თან გაჰყვა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

     ექვსი წლის აკაკი მშობლებმა შინ დააბრუნეს.. ლაღ, თავისუფალ ცხოვრებას მიჩვეულ ბავშვს, სათოხარზე და სამწყემსურზე შეყვარებულს, დიდად ვერ ეპიტნავებოდა სახლში დაბრუნება. მაგრამ, ჩანს, მისი თავისუფლება დიდად არც აქ შეუზღუდავთ. აქაც დროის უმეტეს ნაწილს ბავშვებთან ატარებდა.

     როსტომ წერეთლის მრავალრიცხოვან მოახლეებ-მოსამსახურეებიან ოჯახში გამდელიც იყო, რომლის პირდაპირ მოვალეობას ბავშვების ყურის დგება წარმოადგენდა, მაგრამ აკაკის დედა უშუალოდ თვითონ ხელმძღვანელობდა შვილების აღზრდას და, როგორც ჩანს, ძალიან გონივრულადაც უძღვებოდა ამ საქმეს.

     წერა-კითხვა აკაკის უფროსმა დამ ასწავლა – ანამ – დედის მითითებით და მეთვალყურეობით; წერა-კითხვის შესწავლა ხდებოდა თითქოს დედისაგან ფარულად, რომ ერთ მშვენიერ დღეს იგი მოულოდნელობით გაეოცებინათ და გაეხარებინათ. ამ ხერხმა მართლაც ძალიან გაჭრა და აკაკისაც ძალიან შეუყვარდა კითხვა.

     აკაკის პირველი საკითხავი წიგნები იყო “ვეფხისტყაოსანი” და დავით ჩუბინაშვილის მიერ შედგენილი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, რომლებიც რამდენიმეჯერ გადაუკითხავს. “ვეფხისტყაოსნის” წარმტაც, პოეტურ ამბავს ისე გაუტაცნია პატარა აკაკი, რომ “ადრინდელი თავშესაქცევარი ყოველგვარი თამაშობა” მოსაწყენია და სხვა საფიქრალს ასდევნებია.

     ერთხელ როსტომ წერეთლის ოჯახში სტუმრები მოსულან ქართლიდან, რომელთაც უამბნიათ გიორგი ერისთავის მიერ კომედიის დაწერისა და ვორონცოვის სასახლეში დადგმის შესახებ. პატარა აკაკი ამ ამბებს თურმე დიდი გულისყურით ისმენდა. მერე მასაც დაუწერია სცენები. თემად შინაურული ყოფა აუღია; მაგალითად თუ როგორ აწვალებდა მოურავი გლეხებს და მერე როგორ აბეზღებდა მათ ბატონთან, როგორ ჯავრობდა ბატონი. “ბავშვური სცენები სასახლეში სუყველას მოეწონა, გარდა მოურავისა, რომელიც გულმოსული ამბობდა: “ჩემი დაცინება არაფერია, მაგრამ ვნახავ ამ ყმაწვილმა თუ მთელი ქვეყანა არ გადიმტეროს და ნუ აქეზებთო”.

     აკაკის ღრმად ჩაებეჭდა გულში ბავშვობის შთაბეჭდილებები, სოფელში გატარებული დრო, იქაური გოგო-ბიჭები. ყველას მოგვიანებით იმით გადაუხადა ამაგი, რომ უაღრესად ფაქიზად გადაიტანა მოგონებები თავის “თავგადასავალში”.

     რვა წლის აკაკი ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს. ქუთაისის გიმნაზია ჩვენს წარმოდგენაში თვალსაჩინოდაა გაცოცხლებული აკაკის, ნიკო ნიკოლაძის, გიორგი წერეთლისა და სხვათა მონათხრობით.

     ქუთაისის გიმნაზია, ისევე როგორც ყოველი მაშინდელი სასწავლებელი მოწოდებული იყო იმისათვის, რომ აღეზარდა არსებული სოციალურ-პოლიტიკური წყობის ერთგული მსახურები. “ამას “ინოროდცებით” დასახლებულ განაპირა ქვეყნებში ემატებოდა კიდევ ერთი ზედმეტი ამოცანა – ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის ძალად გარუსება. მათი კულტურის, ენისა და ნაციონალური თავისებურებების მოსპობა და ასიმილირება გაბატონებული ერის შემადგენლობაში” (ლ. ასათიანი). ერთი სიტყვით, ქუთაისის გიმნაზიაში “ქართველი ბავშვები უნდა ქცეულიყვნენ რუს ბავშვებად” (გალაკტიონი). ისევე როგორც სხვაგან, აქაც გაბატონებული იყო ბავშვების ცემა-ტყეპა. სწორედ გაწკეპვლა იყო მიჩნეული სწავლების უებარ მეთოდად. როგორც აკაკი ამბობს, გიმნაზიაში ურმებით ეზიდებოდნენ წკეპლებს. ზოგი ბავშვი აქ საბოლოოდ მახინჯდებოდა და არა მარტო სულიერად, არამედ პირდაპირ ფიზიკურადაც, სასოწარკვეთილი ბავშვები, რომელთაც დაყვავება, ალერსი ჭირდებოდათ, სისასტიკის არეში ხვდებოდნენ, ზოგი თავის მოკვლის განზრახვამდე მიდიოდა. თავდაპირველად აკაკიც ძალიან შეუძრწუნებია ამგვარ მდგომარეობას. გიმნაზიიდან როზგს გამოქცეულს, მშობლებისათვის ისიც განუცხადებია, რომ აღარ წავიდოდა გიმნაზიაში. მხოლოდ გიმნაზიის დირექტორის ჩარევას დაუბრუნებია აკაკი სასწავლებელში.

     ცემა-წკეპვლა შეერთებული იყო უაზრო გაზეპირების მეთოდთან. თუ ბავშვი საკუთარი სიტყვებით გადმოცემდა გაკვეთილის აზრს, მასწავლებლის რისხვა დაატყდებოდა. მოითხოვდნენ თხრობას ზუსტად და მხოლოდ ისე, როგორც ეს წიგნში ეწერა. არავინ დაეძებდა, ესმოდა თუ არა ბავშვს მონათხრობი. დიდი ნიჭის, გონებრივი სიმკვირცხლისა და მეხსიერების წყალობით, მიუხედავად ამგვარი უაზრო სწავლებისა, აკაკი სხვათაგან მაინც გამოირჩა, იგი კლასიდან კლასში წარჩინებით გადადიოდა და “ოქროს ფიცარზე” ეწერა.

     გიმნაზიაში სწავლის შვიდი წლის მანძილზე აკაკის ბევრ ბნელ, ზნედაცემულ, გადაგვარებულ კაცთან ჰქონდა საქმე, რომლებიც რატომღაც მასწავლებლებად იწოდებოდნენ. “ცხადია, რომ ამგვარ პირობებში ჩაყენებული მოზარდი თაობა ვერას გამოიტანდა ბევრს გიმნაზიიდან, რომ ამ საზარელ ბნელში ერთი ნათელიც” არ გამოჩენოდათ. ერთი სიტყვით, ამ სიბნელეში ორიოდ სხივი მაინც გამოკრთა და ბავშვის მოწყურებულმა გულმა მძაფრად იგრძნო და ჩაიბეჭდა კიდეც მათი სახეები. აკაკისათვის ასეთები იყვნენ, პირველ ყოვლისა, რუსულის მასწავლებელი ტროე, რომელიც დაწყებით კლასებში ასწავლიდა და მათემატიკის მასწავლებელი პოლონელი როდზევიჩი; ამ უკანასკნელმა კინაღამ საერთოდ ბავშვის მომავალიც განსაზღვრა, ყოველ შემთხვევაში, ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე უბიძგა და საზოგადოდ ღრმა კვალი დაამჩნია მის მღელვარე სულს.

     როდზევიჩი ბევრ მნიშვნელოვან ამბებს უყვებოდა ბავშვებს და მათი მთვლემარე გონების გამოფხიზლებას დიდად უწყობდა ხელს. აკაკიმ მისგან გაიგო პირველად პოლონეთის აჯანყების შესახებ. ჩანს მისგან მოისმინა უშუალო წაკითხვამდე ისტორია კონრად ვალენროდისა, ადამ მიცკევიჩის პოემის გმირისა. ერთხელ მეშვიდეკლასელმა აკაკიმ, როცა უნებლიედ როდზევიჩის ამოოხვრით ნათქვამიც მოისმინა: “ახლა რაღა დროს ვწუხვარ, რომ სამხედრო სამსახურში არ შევედი, რომ სარდალი გავმხდარიყავი და მარჯვე დროს ქვეყნისათვის კონრადივით სამსახური გამეწია”, მაშინ კი აკაკიც შეიპყრო სამხედრო სამსახურში შესვლის სურვილმა, დიდ მხედართმთავრად გახდომის და მერე ვალენროდივით მოჩვენებით თავის ქვეყნის ღალატის გზით მისი დახსნის აზრმა.

     ფანტაზიააგზნებული ჭაბუკი გამოვიდა გიმნაზიიდან და მამას სურვილი გამოუცხადა, რომ სამხედრო სამსახურში აპირებდა შესვლას. მამამ შვილს განზრახვა მოუწონა. აკაკი ერთ ლექსში ასე აღწერს თავის ცხოვრების ამ მომენტს:

 

                             “ერთი რამ მკლავდა მხოლოდ მე

                             და მისივებდა ის გულსა,

                             რომ ჩემს სამშობლოს ვხედავდი

                             სხვებისგან დამონებულსა.

                             მე მიცკევიჩის გმირებში

                             მომწონდა ვალენროდიცა,

                             ის მამხნევებდა ვაჟკაცად,

                             გულს ჰშორდებოდა ლოდიცა,

                             მეც გამიტაცა ოცნებამ,

                             რომ შევწეოდი მხარესა

                             და ბოლოს ტკბილის მომლოდნე

                             უშიშრად ვსვამდი მწარესა,

                             და დავაპირე მხედრობა,

                             რომ ხელში მეგდო სარდლობა,

                             და მოღალატედ დასახულს –

                             ბოლოს მიმეღო მადლობა”.

          გიმნაზიიდან გამოსული აკაკი “ქვეყანაში თვალგაუხელელი, ცხოვრებაში გამოუცდელი და ოცნებით გაბერილი”, როგორც თვითონ ამბობს, პეტერბურგში ჩავიდა. იქ მას ეგულებოდა ძმა ილიკო, რომელიც სამხედრო ნაწილში მსახურობდა. აკაკის ისეთი სამსახური უნდოდა, რომელიც სამხედრო სასწავლებელში სწავლების უფლებას მისცემდა. ასეთი სამსახურის შოვნა მაშინვე ვერ მოხერხდებოდა და აკაკიც ძმამ დროებით ქართველ სტუდენტებთან მიიყვანდა. სტუდენტთა წრეში მოხვედრილმა აკაკიმ მალე თავის ოცნებაზე ხელი აიღო და უმაღლეს სასწავლებელში შესვლა გადაწყვიტა. მართლაც, აკაკი ჩაირიცხა თავისუფალ მსმენელად პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. ამის შესახებ აკაკი წერს:    

                             “მაგრამ რომ ჩაველ პეტერბურგს,

                             იქ სტუდენტობა დამიხვდა,

                             დამიჯდა მათი ნარჩევი...

                             წინაგანზრახვა წამიხდა!

                             მაშინ დავდექი სხვა აზრზე,

                             გამომეცვალა მე გული,

                             მივხვდი, რომ მხოლოდ პოეტად

                             ვიყავი დაბადებული”.

          მართალია, აკაკიმ, ბედნიერი შემთხვევის გამოც, თავისი გადაწყვეტილება პრაქტიკულად ვერ განახორციელა, მაგრამ სამაგიეროდ ჭაბუკურ ოცნებას მხატვრულად შთაბერა სული, როცა საქართველოს ისტორიის წყაროებს დაწაფებულმა დიდ წინაპრებში იწყო ვალენროდისნაირი გმირების ძიება, სამშობლო ქვეყნის მოჩვენებითი ღალატის გზით განსაცდელი რომ ააცილეს ქვეყანას. ასე გაჩნდა აკაკის შემოქმედებაში მოგვიანებით ბაგრატ დიდისა თუ ბიძინა ჩოლოყაშვილის დიდებული სახეები.

     აკაკის სტუდენტობა დაემთხვა 60-იან წლებს, რუსეთის გამოღვიძებისა და დუღილის წლებს. 60-იანი წლების დიდ მოძრაობას აკაკიც გულისყურით ადევნებდა თვალს და საზოგადოთაც დიდ მნიშვნელობას აძლევდა. მაგრამ იგი ბრმად არ აჰყოლია სხვებს. აკაკი ქართველი მამულიშვილის პოზიციიდან აფასებდა მოვლენებს და როგორც თვითონ აღნიშნავს, უკუდურესობაში არ გადავარდნილა, სხვათა ფეხის ხმის აყოლით არაფერი გაუკეთებია. აკაკი იმ პრინციპით ხელმძღვანელობდა, რომ სტუდენტმა ჯერ უნდა ისწავლოს, ესაა მისი ყველაზე დიდი მოვალეობა, ჯერ უნდა ემზადოს იგი სამოღვაწეოდ, ცოდნას დაეუფლოს და მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდგომ ჩადგეს საქვეყნო სამსახურში და თუ საჭიროება მოითხოვს, თავიც კი დადოს ქვეყნისათვის, საქმისათვის. ეს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, აკაკის აღშფოთებას იწვევდა სტუდენტთა იმ უმრავლესობის უსაქმურობა, რომელიც პეტერბურგში შორეული საქართველოდან იმიტომ წამოსულიყო, რომ უმიზნოდ გაეფლანგა დრო, სამშობლოს სიყვარული მხოლოდ კუჭით დაემტკიცებინა ან ფუჭსიტყვაობით. აკაკი თავის უსათაურო ლექსში, რომელიც “ქართველი სტუდენტების სიმღერის” ერთგვარ პაროდიას წარმოადგენს, სასტიკად კიცხავს ასეთ ახალგაზრდობას:

 

                             “დედამ რომ შვილი გაზარდოს

                             და მერე თქვენისთანაო?!

                             ნაცარქექია რამე ხართ

                             ყველგან და ყველასთანაო!

                             არც ლხინში ვარგხართ, არც ჭირში,

                             ზარმაცი, ენატარტალა,

                             და კუჭით გიყვართ სამშობლო,

                             როგორც ფლავი და არტალა”.

          აკაკი ყოველივე აღნიშნულის გამოც, ჩანს ერთგვარად გამოცალკევებული აღმოჩნდა სხვათაგან, ეტყობა აკაკის ბევრმა  ვერ გაუგო, ეჭვის თვალითაც შეხედეს უფროსკურსელებმა თავიდან. ამგვარმა ატმოსფერომ აკაკის, როგორც თვითონ ამბობს, ცოტა არ იყოს, გაუმწარა კიდეც სტუდენტობის სასიამოვნო ოთხი წელი.

     საზოგადოდ ემოციურ ჭაბუკს შინაგანი რწმენითი საყრდენების პოვნისათვის გამხნევებაც ჭირდებოდა თავის ჭეშმარიტ მოწოდებას რომ მტკიცედ  გაჰყოლოდა, საბოლოოდ რომ ეგრძნო “მხოლოდ პოეტად რომ იყო დაბადებული”.

     საბედნიეროდ, აქ პეტერბურგში აღმოჩნდნენ ისინიც, ვინც აკაკის საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცეს, პირველ ყოვლისა, უფროს კურსელთაგან ეს იყო ილია ჭავჭავაძე, რომელსაც პეტერბურგის ქართველ სტუდენტთა შორის ამ დროისათვის უკვე მოპოვებული ჰქონდა დიდი სახელი. ხოლო უფრო უშუალოდ მისი გიმნაზიელი მეგობარი კირილე ლორთქიფანიძე, ცოტა მოგვიანებით მას მიემატა ნიკო ნიკოლაძე. სწორედ კირილე ლორთქიფანიძე და ნიკო ნიკოლაძე იყვნენ აქ უშუალო მეგობრები აკაკისა.

     უნივერსიტეტში ყოფნისას, აკაკი, ჩანს ბევრს კითხულობდა. აქ პეტერბურგში აკაკი საფუძვლიანად გაეცნო რუსულ ლიტერატურასა და კრიტიკას, გულდასმით ადევნებდა თვალს თანადროულ ლიტერატურულ პროცესებს, გაეცნო დასავლეთ ევროპის მწერლობის უმთავრეს ნიმუშებს. როგორც ჩანს, აქვე აკაკიმ გულდასმით წაიკითხა ქართული მწერლობის ის ძეგლები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს დავით ჩუბინაშვილმა გადასცა გარდაცვლილი სალომე ბატონიშვილის ბიბლიოთეკიდან.

     ამასთანავე პეტერბურგში აკაკი ნაყოფიერ პოეტურ მოღვაწეობას ეწევა.

     აკაკიმ დროზე ადრე ჩააბარა სავალდებული საგნები, 1863 წელს სადიპლომო ნაშრომიც წარადგინა “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალობის შესახებ, რომელიც წარმატებით დაიცვა კიდეც; მიუხედავად ყოველივე ამისა, აკაკის უნივერსიტეტის დამთავრების დიპლომი არ მისცეს, რამდენადაც მან ვერ წარადგინა გიმნაზიის დასრულების მოწმობა.

     აკაკი ფიქრობდა საზღვარგარეთ წასულიყო, რათა სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ არა მარტო სხვათათვის, არამედ ჩანს, თავისთვისაც მოულოდნელად მოსკოვში ყოფნისას შეხვდა ნატალია ბაზილევსკაიას და გარეშეთა ფიქრით, ერთობ პრაქტიკული ნაბიჯი გადადგა, ითხოვა მდიდარი ქალი... სინამდვილეში კი მთელი მისი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი არაპრაქტიკულობა გამოიჩინა, დაქორწინდა რომანტიკულად, ქალი დაიხსნა მომავალი უსიამოვნო დაქორწინებისგან და თავად შესთავაზა გადარჩენის მიზნით ქალს ხელი. თუმცა, როგორც ჩანს, არც აკაკი ყოფილა გულგრილი თავისი მომავალი მეუღლის მიმართ. აკაკისავე სიტყვებით, ასეთი დაქორწინება არც მის ყოფით იდეალს შეესაბამებოდა, რადგან შეგნებულად იგი ყოველთვის წინააღმდეგი იყო უცხო ტომის ქალზე დაქორწინებისა.

     დაქორწინებული აკაკი 60-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა. აქედან იწყება აკაკის საზოგადოებრივი შინაარსით სავსე მღელვარე ცხოვრება.

     აკაკი არა მარტო შემოქმედებაში, არამედ თავისი ცხოვრების წესითაც დარჩა თავისუფალ პოეტად. მისი მთელი ცხოვრება, მართალია საქვეყნო საქმის, საქართველოს სამსახური იყო, მაგრამ ეს იყო სამსახური თავისუფალი პოეტისა. ოფიციალური ფორმით აკაკის არასოდეს არსად არ უმსახურია. აკაკის ბუნებისთვისაც, საზოგადოდ, სრულიად შეუთავსებელი იყო ერთი და იგივე ადგილას, ერთ დაწესებულებაში ყოფნა. იგი ხომ დაუდგრომელი პოეტური ნატურა იყო. ამასთანავე მან შეგნებულადაც თავისი ბრწყინვალე ნიჭი, შესაძლებლობანი მთლიანად თავისი ქვეყნის კეთილდღეობისათვის სამსახურში დახარჯა უშურველად.

     აკაკის ცხოვრების წესი, ბუნებრივია, გაუგებარი დარჩა იმათთვის, ვინც სხვაგვარი არშინით ზომავდა უმაღლესი განათლების მიღებას, საზოგადოდ ცხოვრებას. მაგალითად, აკაკის ოჯახის ახლობელი თავადი კ. აბაშიძე აკაკის მამას წერდა: ძმაო, როსტომ, შენი შვილი რომ რუსეთიდან დაბრუნდა, ჩვენ ყველანი სიხარულით მივეგებეთ, გვეგონა, რომ ოჯახს ფეხზე დააყენებდა და ჩვენც მისიანებს ბევრად გვარგებდა, მაგრამ მის ნაცვლად რომ სამსახურში შესულიყო და წინ წაედგა ბიჯი, ან ადვოკატობით სხვებსავით მოეხვეჭა რამე, ეგ დალოცვილი მესტვირეობას გამოუდგა და ლანძღვით ქვეყანა გადაიკიდა... ხუთშაბათს მიხეილ წერეთელი იყო ჩემსას, ისიც ძალიან სწუხს, რა ვქნა, სიგიჟე არაფერში ატყვია და ასე ახირებულად კი იქცევაო”.

     არა და აკაკისათვის სამსახურიც შეუძლევიათ და არც თუ პატარა. მაგალითად, 80-იან წლებში ქუთაისის ბანკის დირექტორობა შესთავაზეს. აკაკიმ ცივი უარი განაცხადა და თავისი პოზიცია ასე მოხდენილად განმარტა, სამსახურის დაწყების შემთხვევაში “საკუთრად მე მოხელეობას უნდა დავუდვა გული და ეგ იქნება ჩემთვის ბორკილი. თუმცა ოქროს ბორკილი ჩემთვის პირადად სასარგებლოა, მაგრამ მაინც ბორკილია და იმ საქმეში ხელისშემშლელი, რომელსაც მე ამდენი ხანია ვემსახურები. ეგება ბრძანოს ვინმემ: რა საქმეა მაგისთანა, ჩვენ მხოლოდ აქეთ-იქით მოუსვენრად მოარულსა გხედავთ და შენი ფეხალაგობრივი არა შეგვინიშნავს რაო!.. და მაშინ მე იძულებული ვიქნები მოვახსენო მაგალითი. მაგრამ ჯერ კი წინასწარვე ვთხოვ, თავხედობით ნუ ჩამომართმევთ იმ შედარებას, რომელიც აქ უნდა გამოვხატო სამაგალითოდ: შეიძლება კაცმა უმცირესი რამე უდიდეს საგანს შეადაროს და მეც ამ უმცირესობაზე ვაყენებ ჩემს თავს. ფუტკარი ყოველთვის დაბზუის, დაფრინავს იქით-აქეთ, ფეხალაგობრივ მის მუშაობას ვერავინ ჰხედავს, მხოლოდ იმის ნამუშევარით სარგებლობენ... ის რომ ვინმემ დაიჭიროს, დაამწყვდიოს, დააბას და ის ისარიც ამოგლიჯოს, რომელსაც ფუტკარი ფარად ხმარობს ხელის შემშლელებზე, მუშაობის დროს, ის შეიქნება მაშინ მშვიდობიან, მოსვენებულ და უწყინარ არსებად, მაგრამ ჩვენ კი იმავ დროს მოკლებული ვიქნებით იმ თაფლს, რომლითაც ხანდახან პირს ჩავიგემრიელებთ ხოლმე და იმ სანთელსაც, რომელიც ბნელს გვინათებს... თუმცა იმდენად არა, მაგრამ შედარებით ცოტაოდნად კი ჩემი თავი მეც პატარა, ძალიან პატარა ფუტკრად მიმაჩნია, ეგება შემცდარიც გახლდეთ, მაგრამ რა ვქნა, რომ მაინც დარწმუნებული ვარ და ნება არა მაქვს, რომ ამ ჩემს რწმუნებას ვუღალატო. სწორედ დღეიდან იმ უსასყიდლო გზით უნდა ვიარო, რა გზითაც აქამდე მივლია, რომ უფრო მეტი სამსახური გავუწიო საზოგადოებას”.

     არა თუ სამსახური, არამედ აკაკის მუდმივი საცხოვრებელიც კი არ ჰქონია არსად, გარდა მამისეული სახლისა სხვიტორში. სასტუმროები, მეგობრები, აი, აკაკის ადგილსამყოფელი.

     შთაბეჭდილებებით მცხოვრებ პოეტს უსაზღვროდ უყვარდა მოგზაურობა; იგი საზოგადოდ ბევრს დადიოდა. ფაქტიურად ერთ ადგილზე დიდხანს არ რჩებოდა. ხან პეტერბურგში იყო, ხან მოსკოვში, ხან ქუთაისსა და ხან კიდევ თბილისში. საზოგადოდ კი, სადაც არ უნდა ყოფილიყო აკაკი, გული მაინც თბილისისაკენ მოუწევდა, რადგან აქ იყო იგი თავის ნამდვილ თავისიანებში, თანამებრძოლებში, აქ იყო მისი სამოღვაწეო ასპარეზი.

     აკაკი პიროვნულ ცხოვრებაში არ იყო მაინცდამაინც უზრუნველი, ი. გოგებაშვილის სიტყვებით, “გატაცებული  მაღალი იდეებით იგი ყურადღებას სრულიად არ აქცევს ცოდვილი ცხოვრების პირობებს და მუდამ გასაჭირშია”.

     აკაკის თითქმის ყოველთვის აკლდა ოჯახური სითბო, თითქმის ყოველთვის მოწყვეტილი იყო ცოლ-შვილისაგან, რომელთაც თავისი ინტერესები ჰქონდათ, დიამეტრალურად დაშორებული აკაკის ეროვნული ინტერესებიდან. ბევრჯერ დიდი პოეტი ცარიელ პურზე და ძეხვზე გადადიოდა და თვეობითაც. მისი მაგარი და ჯანმრთელი აგებულება ყოველთვის ვეღარ უძლებდა ასეთ ცხოვრებას, ხშირად ავადმყოფობდა.

     პირად ცხოვრებას აკაკი დიდად არ დაგიდევდათ, ამიტომ იყო მუდამ მოუწყობელი. აკაკის ნამდვილი ასპარეზი საზოგადოებრივი ცხოვრება და საქმიანობა იყო. აკი თვითონაც ამბობს: “ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებაში საპირადო კერძოსა და წვრილმანებში უხასიათობა გამოვიჩინე, მაგრამ დიდისა და საზოგადოებისათვის კი ჩემს დღეში არ მიღალატებია”.

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / წერეთელი აკაკი / ლექსები