საზოგადოებრივ სფეროში კი ბევრი და ნაყოფიერად იღვაწა აკაკიმ. ჯერ სრულიად ჭაბუკი, თვრამეტი წლისა, თავდაპირველად ჟურნალ “ცისკარს” დაუკავშირდა, დაუახლოვდა და “ცისკრის” რედაქტორს ივანე კერესელიძეს და მის უახლოეს თანამშრომლებს: ალექსანდრე ორბელიანს, ლავრენტი არდაზიანს, ანტონ ფურცელაძეს. აკაკიმ იმ პოლემიკაშიც მიიღო მონაწილეობა, 60-იან წლებში ილიამ რომ წამოიწყო ჟურნალ “ცისკარში”. აკაკის პირველი სტატია “ახირებული ფურცელი”, რომელიც 1862 წელს დაიბეჭდა “ცისკარში” “თერგდალეულის” ხელმოწერით, ილიას გამოსარჩლებას წარმოადგენდა და კერძოდ კი მიმართული იყო ექვთიმე წერეთლის წინააღმდეგ.

     მართალია, აკაკის ილია ჭავჭავაძის “საქართველოს მოამბეში” არაფერი არ დაუბეჭდავს, იგი 60-იან წლებში სულ “ცისკარში” თანამშრომლობდა, მაგრამ თავისი საქმით ედგა მხარში ილიას და მასთან ერთად ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების გარდაქმნისაკენ ისწრაფოდა.

     როცა 70-იან წლებში პოლემიკა ატყდა ილია ჭავჭავაძესა და გრიგოლ ორბელიანს შორის, აკაკიმ რამდენიმე სატირული ლექსი დაწერა გრ. ორბელიანის წინააღმდეგ (“ხარაბუზა გენერალს”, “ფარშევანგი”, “პატრიოტის აღსარება” და ა. შ.).

     გაზეთ “დროების” დაარსების შემდგე ნ. ნიკოლაძემ აკაკიც ჩააბა გაზეთის საქმიანობაში. აქედან დაიწყო აკაკის ხანგრძლივი მოღვაწეობა გაზეთ “დროებაში”, ჟურნალ “კრებულში”, საბავშვო ჟურნალ “ჯეჯილში”, შემდეგ გაზეთ “ივერიაში”, გაზ. “კვალში”.

     ყველგან და ყველასათვის აკაკი იყო უაღრესად სასურველი და საჭირო თანამშრომელი. აკაკის იწვევდნენ, თხოვდნენ თანამშრომლობას. მისი ელვარე ტალანტის ნაყოფს, ლექსი იქნებოდა თუ ფელეტონი, ყველა განსაკუთრებული ინტერესით კითხულობდა.

     ჯერ კიდევ ივანე კერესელიძეს უთქვამს: “როცა მის ნაწერებს მივიღებდი, მაშინ სიხარულით არ ვიცოდი, რა მექნა, მიტომ რომ ხალხში ძალიან კითხულობდნენ აკაკის ლექსებს. მისი ლექსები როცა “ცისკარში” იბეჭდებოდა, იმ ნომერს ყოველთვის უფრო მეტს ვბეჭდავდი”.

     ძალიან უფრთხილდებოდა აკაკის “დროებაში” თანამშრომლობას მისი უანგარო რედაქტორი ს. მესხი. მან იცოდა, რომ აკაკის გარეშე “ძალიან გაჭირდებოდა” საქმე. “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ახლანდელ ჩვენ მწერლებში აკაკი ყველაზე უფრო ნიჭიერია და ყველაზე უფრო გამოსადეგია გაზეთისათვის... ამისთანა ცოცხალი კალამი, მარჯვე, მკვირცხლი სიტყვა, ირონია და ადვილი წერის ნიჭი არც ერთ ჩვენ მწერალს არა აქვს. ამიტომ ძვირფასად მიმაჩნია ის გაზეთისათვის და საზოგადოდ ჩვენი ეხლანდელი ლიტერატურისათვის” – წერდა ს. მესხი. იყო პერიოდი, როცა გაზეთ “დროების” თითქმის ყველა ნომერში იბეჭდებოდა აკაკის ლექსი თუ სტატია, თუ ფელეტონების სერია “ცხელ-ცხელი ამბების” სათაურით.

     საყოველთაოდ ცნობილია ილიას ბრწყინვალე წერილი აკაკისადმი, რომლითაც იგი გაზეთ “ივერიაში” თანამშრომლობას თხოვდა აკაკის: “ძმაო აკაკი, – წერდა ილია, – მე შენ ვერ გაგიკადნიერდი და ვერ მოგართვი დაბეჭდილი წერილი, რომელიც სხვებს გავუგზავნე, სხვები სხვანი არიან და შენ ერთადერთი აკაკი ხარ. ამიტომაც გარდა ჩემი საკუთარი წადილისა, მოვალეობამ მამულიშვილობისამ მაიძულა ჩვენი ქვეყნის რჩეულისათვის, რჩეული, განსაკუთრებული წერილი მიმერთმია და მეთხოვნა გაგემშვენიერებინა ჩვენი გაზეთი ნიჭის ნაშუქითა”.

     აკაკიც თავდაუზოგავად წერდა, უშურველად იხარჯებოდა.

     80-იანი წლებისათვის აკაკიმ ითხოვა საკუთარი გაზეთის დაარსება სახელწოდებით “გზა”, მაგრამ ამის თანხმობა მან ვერ მიიღო. მხოლოდ 1897 წლისათვის შეძლო აკაკიმ დაეარსებინა საკუთარი ჟურნალი “აკაკის თვიური კრებული”, რომელიც 1897-1900 წლებში გამოდიოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა ჩვენში, რომ მწერალს საკუთარი ორგანო ჰქონოდა. გარდა საკუთარი თხზულებებისა აკაკიმ აქ დიდი ადგილი დაუთმო ხალხური შემოქმედების ნიმუშების გამოქვეყნებას. ერთი დიდი მიზანი ჟურნალის დაარსებისა სწორედ ხალხური შემოქმედების ნიმუშების შეკრების და მათი გამოქვეყნების საქმეც იყო, რადგან “ხალხურ პოეზიაში ნახულობდა აკაკი წერეთელი გასაღებს ხალხური სულის, მისი წარსულისა და მომავლის ბედის გასაგებად” (გალაკტიონი).

     1900 წელს ეს ჟურნალი აიკრძალა, რამდენადაც გარდა მხატვრული ლიტერატურისა აკაკიმ აქ პუბლიცისტური და სხვა ხასიათის სტატიების ბეჭდვა დაიწყო, რაც მას ეკრძალებოდა.

     1907 წელს აკაკიმ გამოსცა სატირულ-იუმორიეტული გაზეთი “ხუმარა”. ეს იყო ამ ტიპის პირველი ორგანო საქართველოში. “ხუმარა” პირველსავე ნომერზე აკრძალეს, ხოლო მისი რედაქტორი კი დააპატიმრეს, რადგან ამ ნომერში ერთობ გამასხრებული იყო ქალაქის გუბერნატორი.

     აკაკის ერთი დღე საპატიმროში ყოფნაც მოუწია, მაგრამ ამას არ შეუშინებია იგი. ამავე წელს აკაკის არაოფიციალური ხელმძღვანელობით გამოვიდა ორ-ორი ნომერი სატირულ-იუმორისტული ჟურნალებისა “ოხუნჯი” და “ბზიკი”, რომელთაც ძალიან მალე “ხუმარას” ბედი გაიზიარეს.

     განუზომელია აკაკის ღვაწლი ქართული თეატრის წინაშე. ჯერ კიდევ 60-იან წლების მიწურულს რაფიელ ერისთავთან, ხოლო მოგვიანებით მასწავლებელ მოსიძესთან ერთად მან ქუთაისში შეადგინა სცენისმოყვარეთა ჯგუფი და რამდენიმე დადგმაც განახორციელა. ხოლო მოგვიანებით, 80-იან წლებში აკაკი გახდა ინიციატორი ქართული თეატრის აღდგენისა. თეატრის აღდგენის დღიდანვე აკაკი ილიასთან ერთად სათავეში ჩაუდგა მას. 1880 წელს ილიას თხოვნით აკაკიმ ითავა ქართული თეატრის დირექტორობა და სამხატვრო ხელმძღვანელობა. აკაკის მეცადინეობით თეატრმა გაიჩინა შენობა.

     ი. ჭავჭავაძესთან, ი. მაჩაბელთან, გ. თუმანიშვილთან, დ. ერისთავთან ერთად აკაკი იმთავითვე იმყოფებოდა დრამატული კომიტეტის სათავეში, ხოლო 1881 წელს, როცა დაარსებულ იქნა ქართული დრამატული საზოგადოება, მის თავმჯდომარედ აირჩიეს ი. ჭავჭავაძე, ხოლო თავმჯდომარის ამხანაგად ა. წერეთელი.

     საყურადღებოა, რომ აკაკი წერეთელს ხელმძღვანელობისათვის ქართულმა თეატრმა კვლავ მიმართა 1903 წლისათვის. უკვე ხანდაზმული აკაკი მისთვის ჩვეული აღფრთოვანებით შეხვდა ამ მოწვევას. აკაკიმ ასე მიმართა მსახიობებს: “მოხარული ვარ, რომ გარემოებამ ამ სიბერის დროს კიდევ გამომიყვანა თქვენთან ერთად სამუშაოდ. დამანახეთ ერთგულება, მხნეობა და გამრჯელობა ქართული თეატრისადმი და მე გიჩვენებთ მაგალითს მისის სიყვარულისას”. მან მთელი ერთი სეზონი უხელმძღვანელა თეატრს ამჯერადაც.

     კიდევ მეტი სამსახური თეატრს აკაკიმ თავისი დრამატურგიით გაუწია. როცა თეატრს უჭირდა ქართული პიესები, აკაკი იყო პირველი მასაზრდოებელი მისი. საყოველთაოდ ცნობილია,  თუ როგორ თეთრად გატეხა ერთ ღამე, რომ ნატო გაბუნიას ბენეფისისათვის თეატრს პიესა ჰქონოდა. ასე დაიწერა მისი “კინტო”. ქართული თეატრის სცენიდან არ ჩამოდიოდა “თამარ ცბიერი” თუ “პატარა კახი”.

     აკაკი წერეთელი თითქმის ყველა ეროვნულ წამოწყებაში ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას.

     როგორც ცნობილია, აკაკი მხურვალედ ჩაება “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოაგადოების” საქმიანობაში. 80-იან წლებში გადაწყდა, რომ მომზადებულიყო გამოსაცემად ჩვენი ეროვნული სიამაყე –  “ვეფხისტყაოსანია”; შეიქმნა “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის დამდგენი რედაქცია, რომელშიაც თითქმის ყეელა ჩვენი სახელოვანი მოღვაწე და მწერალი შვვიდა. 1881 წელს კომისიამ მუშაობა დაიწყო. აკაკი ამ კომისიის ერთი აქტიური წევრი იყო... თავდაპირველად კომასიის სხდომებს ხელმძღვანელობდა გრიგოლ ორბელიანი. როგორც სამართლიანად აღნიშნავენ, ამ კომისიის მუშაობას “უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ამდროინდელ ვითარებაში” და არა მარტო კულტურულ-ლიტერატურული იყო მისი მნიშვნელობა,  არამედ მას “დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ხალხის ეროვნული შეგნების გაღვივების თვალსაზრისით”. (ლ. ასათიანი).

     კომისიის მიერ მომზადებული ტექსტი, რომლის საბოლოო რედაქცია ეკუთვნოდა ი. მაჩაბელს, ცნობილმა ქართველმა მეცენატმა გ. ქართველიშვილმა გამოსცა 1888 წელს.

     აქვე უნდა ითქვას, რომ “ვეფხისტყაოსანი” იყო არამარტო სიამაყისა და უსაზღვრო სიყვარულის, არამედ აკაკის მუდმივი დაკვირვებისა და შესწავლის საგანი. როგორც  ითქვა, აკაკიმ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაამუშავა  სადიპლომო ნაშრომი “ვეფხისტყაოსნის” ორიგინალობის  შესახებ, ხოლო შემდეგ მან თავისი მოსაზრებები კიდევ უფრო გააღრმავა და 80-იან წლებში რამდენიმე გზის წაიკითხა როგორც ქართულ, ასევე რუსულ ენებზე სამი ლექცია “ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამ ლექციებს მოჰყვა ძალიან საყურადღებო პოლემიკა ორ დიდ მამულიშვილს ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს შორის. როგორც ლექციებს, ისე მათ გარშემო გაშლილ კამათს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც “ვეფხისტყაოსნის” შესწავლის, ასევე მისი პოპულარიზაციის თვალსაზრისით... და საზოგადოდ ქართველი ხალხის   ეროვნული შეგნების გაღრმავების თვალსაზრისით.

        აკაკის უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის   მშრომელ ხალხთან. მან თითქმის კიდით-კიდე მოიარა საქართველო. ხალხს უსაზღვროდ უყვარდა თავისი მგოსანი და ეს  მან აკაკის არაერთგზის დაუმტკიცა. აკაკის ყოველ გამოჩენას მთელი საქართველო ზეიმით ეგებებოდა, პოეტისა და მოღვაწის სიტყვისა და საქმის დიდი მნიშვნელობის შეგნება აამაღლა აკაკიმ ქართველ ხალხში. სწორედ ამასთან დაკავშირებით 80-იან წლებში ი. ჭავჭავაძე წერდა: “ბედნიერია, ჩვენის ფიქრით, აკაკი, რომ იღვაწა და თავისის ღვაწლის ნაყოფი სიცოცხლითვე თავისის საკუთარის თვალით ინახულა”. მამულიშვილური სიყვარულის აღორძინებისათვის თვითონ “აკაკი წერეთელს არაერთხელ დაუკვნესებია თავისი ტკბილი ქნარი, უმოქმედებია თავისი მიმზიდველი ნიჭიერება, თავისი მარილიანი  სიტყვა, თავისი სიტურფით სავსე ქართული. საცა წავიდა ბატონი აკაკი, წინ დახვდა მისგან ფრთაასხმული და გაღონიებული სიყვარული საქართველოსი და ქართვლისა, წინ დახვდა გულწრფელის პატივისცემითა და მადლიერებით აღსავსე გულითა. აგრეთ თითონვე იგემა ბ-მა აკაკიმ ნაყოფი დანერგილისა და დათესილისა”.

     ხალხის გამოღვიძებას, მამულიშვილური შეგნების გაღვივებას აკაკიც აღტაცებით ხვდებოდა. ამგვარი სიხარული გამოსჭვივის აკაკის იმ აღფრთოვანებაში, რაც მან 1905 წლის დღეებში გაატარა.

     ერთგან აკაკი წერს: “მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო მეტად იმას შეფრქვევით ვეტრფიალები”!... აკაკის გულიც ყველაზე მეტად ახალგაზრდობისაკენ მიუწევდა და მისი გულიც ყველაზე მეტად ახალგაზრდობას ეკუთვნოდა. ახალგაზრდობაში ხედავდა აკაკი ჩვენი ქვეყნის საიმედო მომავალს, რამდენადაც ჯეროდა თავისი ქვეყნის ახალგაზრდობისაც და მომავლისაც. ამიტომაც დარჩა აკაკი ახალგაზრდობის საყვარელ პოეტად.

     აკაკიმ წერა ადრიდან დაიწყო. როგორც ჩანს, იგი გიმნაზიაში ყოფნისას უკვე წერდა ლექსებს. ამ დროიდან ცნობილია მისი ერთი აკროსტიხი, რომელიც დედას მიუძღვნა.

     აკაკის პირველი ნაბეჭდი ლექსი იყო მ. ლერმონტოვის “რტო პალესტინისას” თარგმანი. მალე ამას მოჰყვა ლექსები “პ. წ.” და “ჩემს ვენერას”. აკაკის უშუალო ხელმოწერით “ცისკრის” 1860 წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა ლექსი “საიდუმლო ბარათი”. აკაკის არც მისი გამოქვეყნება უნდოდა ხელმოწერით, მაგრამ ეს აკაკისთან შეუთანხმებლად გააკეთა “ცისკრის” რედაქტორმა. აკაკი ასე გადმოგვცემს ამ ლექსის გამოქვეყნების ისტორიას: ივანე კერესელიძე მწერდაო “პლატონ იოსელიანს, რომელიც ქართულს ასწავლის ნამესტნიკ ბარიათინსკის, გადაუთარგმნია მისთვის ეს შენი ხელნაწერი ლექსი და შენი ვინაობაც მოუხსენებია. ბარიათინსკის ძალიან მოსწონებია და ებრძანებინა, რომ დაბეჭდოთ, ავტორის სახელი და გვარი მოაწერეთო, და მეც მეტი რაღა გზა მქონდა? შენი სახელი დავბეჭდე და არ გამიჯავრდეო. ეს ყოლიფერი მართალი იყო თუ არა, არ ვიცი! ეგებ რედაქტორმა ყმაწვილის გულისგასაკეთებლად, ისე მოაწერა, მაგრამ მე კი დავიჯერე და დიდადაც მეფონა, რომ ყურადღებასაც მაქცევენ-მეთქი”.

     იმავე ხანებში აკაკის ორი წერილიც მიეღო. ერთი ანჩისხატის დეკანოზის ეფრემის, ხოლო მეორე თავად ირაკლი ლორთქიფანიძისა. ისინი დიდად უწონებდნენ აკაკის ლექსს – სასიმღერო ლექსად იქცა, ქალები იმღერიანო, ოღონდ თხოვდნენ, ძველი ქართულით ეწერა. “ვაი თუ მაგ შენს ენას მიეჩვიონ და გადაიგდონ გულიდან ძველი დარბაისლური ქართულიო.” “ამ წერილებმა ცოტა არ იყოს, გამაყოყოჩეს. ცხრამეტი წლის ახალგაზრდას სულსა და გულს მიტკბობდა უფრო ის, რომ “ქალები იმღერიანო” და მეც გადავწყვიტე, რომ თავი დავუდვა მწერლობას, მაგრამ სახალხო ენითა და არა დარბაისლურით ვწერო” – აგრძელებს აკაკი.

     როგორც ნ. ნიკოლაძე შენიშნავს, “ქართულ ლიტერატურაში რაიმეს შეუძლებელია შეედაროს ის შთაბეჭდილება, რომელიც მისმა პირველმა ლექსმა მოახდინა”. ასე ერთბაშად დაიპყრო ქართველი მკითხველი აკაკი წერეთელმა.

     აკაკის ბიოგრაფიები საგანგებოდ გახაზავენ, რომ 1859 წლის “ცისკრის” მარტის ნომერში დაბეჭდილ აკაკის ლექსს “პ. წ.” მოჰყვებოდა ილიას “მეც შავ თვალებს”. ასე შეხვდა ეს ავტორი ერთმანეთს ჟურნალის ფურცლებზე და მალე მათი სახელები მჭიდროდ დაუკავშირა ერთმანეთს ქართველმა ხალხმა.

     ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი, როგორც ეს არაერთგზის აღნიშნულა, ერთსა და იმავე დიდი იდეას ემსახურებიან, ერთიან პოზიციას გამოხატავენ. ერთია მათი თვალსაზრისი ჩვენი ქვეყნის წარსულისა და აწმყოს შეფასებისას, მომავლის განჭვრეტის მხრივ. აკაკი წერეთელიც ისევე უყურებს ადამიანის დანიშნულების, მისი მოვალეობის, ხელოვნების ფუნქციისა და ხელოვანის საქვეყნო მისიის საკითხებს, როგორც ილია ჭავჭავაძე.

     განსხვავებულია მათი ინდივიდუალური, მწერლური შესაძლებლობანი. საერთო თვალსაზრისის არსებობის შემთხვევაში მათ შორის ის დიდი განსხვავებაა, რომ თავიანთი მწერლური ბუნების შესაბამისად განასახიერებენ საერთო იდეალებს. სწორედ ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის შემოქმედების მაგალითზე ვრწმუნდებით ჩვენ, თუ საერთო იდიალების, საერთო პოზიციის არსებობის შემთხვევაში როგორ შეიძლება ორი ხელოვანი არ ჰგავდეს ერთმანეთს... და სწორედ ესაა ხელოვნების დაუსრულებელი მრავალფეროვნების ერთი უმნიშვნელოვანესი პირობაც.

     ერთი ავტორი ამ განსხვავებას ასე გამოხატავდა: “თუ ილია ფიქრია საქართველოსი, მისი გონიერება, – აკაკი გრძნობაა ქართველი ერისა, ქართველი ერის გული, ქართველი ერის გულთა-სწრაფვის, მის უწმინდეს გრძნობათა მეტად ძლიერი, მეტად ლამაზი ტალღა” (ი. გომართელი). მეორის სიტყვებით კი “აკაკი უმთავრესად მსმენელის გულს ათამაშებდა და ატოკებდა, ილია უმთავრესად გონებას ატოკებდა და აფხიზლებდა” (სილ. ხუნდაძე). ამ და ამგვარ გამოთქმებშიაც კარგად ჩანს, რომ ილია ჭავჭავაძე უფრო ინტელექტის ხელოვანია, იგი იმ ტიპის შემოქმედია, რომელიც ინტელექტით ხელმძღვანელობს, ინტელექტს ეყრდნობა. ბუნებრივია, ნათქვამი იმას არ გულისხმობს, რომ ილია არ განიცდის, არამედ იმას, რომ მისი განცდებიც ინტელექტს ეფუძვნება; ილიას შემოქმედებაში სიდინჯე და აუღელვებლობა ბატონობს. მაშინ, როცა ილია ღელავს, იგი ამას არ აჩენს, გარეგნულად სიმშვიდეს ინარჩუნებს. აკაკი კი ემოციური ხელოვანია, მის შემოქმედებას ემოციური საყრდენები გააჩნია. ამიტომაც იგი მღელვარებით აღსავსე პოეტია.

     აკაკი წერეთელი თავისი შემოქმედებითი მრავალმხრიობით ჭეშმარიტი სამოციანელია. აკაკი თითქმის ყველა ჟანრში მოღვაწეობდა. იგი წერდა ლექსებს, პოემებს, დრამატულ თხზულებებს, მოთხრობებს, ლიტერატურულ-პუბლიცისტურ წერილებს, ფელეტონებს და ა. შ. და მიუხედავად აღნიშნულისა აკაკი, პირველ ყოვლისა, მაინც დარჩა ჭეშმარიტ ლირიკოსად.

     აკაკის ლირიკულ ლექსებში დიდი ადგილი უჭირავს ხელოვანის ფუნქციის ხელოვნების საზოგადოებრივი შინაარსის ჩვენებას. აკაკი ერთგვარი პოლემიკური მტკიცების გზით ამკვიდრებს იმ შეგნებას, რომ ხელოვანი ქვეყნად სიმართლის თქმისთვისაა მოვლენილი, რომ მისი პოეზიის ძალა გულწრფელობასა და უშუალობაშია; პოეტი არაჩვეულებრივი ადამიანი კი არა, უბრალო შუაკაცია მიწასა და ცას შორის, ცისაცაა და მიწისაც. იმთავითვე პოეტმა თავის ჩანგს საზოგადოებრივი სატკივრის გამოხატვა დააკისრა სრულიად შეგნებულად და ამ გზიდან არ გადაუხვევს:

                                  “ვიცი ცრემლი მამაკაცსა

                             შეარცხვენს და არ შეშვენის,

                             მაგრამ მიჯობს ჩუმად ტანჯვას

                             ცრემლი ვღვარო არა მრცხვენის.

                             ნურვინ ცდილობს იმ ცრემლებში

                             ნახოს კერძო სიყვარული,

                             იქ იქნება საიდუმლო

                             გულგამხეთქი დაფარული.

                             ყოველ წამში ტანჯვას ნახავს

                             საქართველოს გამომხატველს,

                             და მწარესა ნაკადულში

                             გრძელ მოთხრობას გულის დამწველს.”

          როცა ხელოვანმა თავის თავში იგრძნო პოეზიის ციური ძალა, თითქოს იგი ხელახლა იშვა; თითქოს სახილველი აეხსნა და გულიც იმას ამბობდა, რასაც თვალი ხედავდა:

                                  “და იმ დღიდან მშვიდობა

                                    მგოსნისათვის გათავდა”.

          პოეტური ნიჭი მისი მფლობელის პიროვნულ ბედნიერებას არ უზრუნველყოფს; რაც მუზა ესტუმრა, სიამოვნებაც იმთავითვე დაკარგა პოეტმა, ყველგან მარტოობა და მიუსაფრობა არის მისი ხვედრი:

                                  “მესმის ყოვლგნით მტერობა,

                             გამიქრა მეგობრობა,

                             მას შემდეგ, რაც შენ იწყე

                             მუზავ, ჩემთან სტუმრობა”.

          მაგრამ პოეტი მაინც შეუდრეკლად მიდის თავისი გზით, ჩონგურია მისი მეგობარი. აკაკი მტკიცეა თავისი გადაწყვეტილების აღსრულების გზაზე. ნებისმიერი ტანჯვის ფასად არ დათმობს “შინაგან აკაკიობას”. ძილის დროს ქუხილს არ მოშლის, ხოლო სიბნელის დროს ელვას. მისი პოეზია იმისთვისაა მოწოდებული, რომ დაჩაგრულს ნუგეში სცეს, ხოლო მჩაგვრელს გულში ისარივით დაეძგეროს.

     აკაკი წერეთლის ლირიკის და საერთოდაც მთელი მისი შემოქმედების უმთავრესი, წარმმართველი გრძნობაა პატრიოტიზმი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეა მსჭვალავს აკაკის პოეზიას. აკაკის პატრიოტული გრძნობა უაღრესად კეთილშობილურია, რადგანაც იგი ეფუძვნება სხვა ქვეყნების პატივისცემას. აკაკისათვის მთელი ქვეყანა სახატეა, ოღონდაც მას თავისი ხატი აქვს – თავისი სამშობლო. ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, იგი ვერც სხვა ქვეყანას შეიყვარებს. აკაკიმ შეძლო თავის ლირიკაში ამ გრძნობის უფაქიზეს მხარეებს შეხებოდა. აკაკიმ პოეტმა ინტიმური გრძნობაც მაღალეთიკურ იდეალს დაუქვემდებარა. სატრფოს სახეც პატრიოტული მიზანსწრაფვით განიმსჭვალა.

     თუ ილია ჭავჭავაძის ლექსებში ძირითადად მაინც სამშობლოს იდეაა გამოხატული, თუ მასთან მაინც ლირიკული განსჯა ბატონობს სამშობლოს, როგორც ასეთის შესახებ, აკაკი წერეთლის პატრიოტული ლექსებისათვის ისაა ნიშანდობლივი, რომ მის პოეზიაში სამშობლოს უაღრესად ემოციური კონკრეტული სახეები, სურათებია დახატული; აკაკის სამშობლოა “ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი” მხარე; სატრფო; “ძველი ტურფა, დღეს მკვდარივით მძინარი! ფეხშიშველა თავზე ლეჩქამოხდილი”, ავადმყოფი, რომელიც “არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს და ისევე გაიღვიძებს, ვინც შენატრის იმის სიკვდილს, უმალ მასვე დაამიწებს”. აკაკის სამშობლოა მარადიული სატრფო-ნესტანი, რომელიც ქაჯებს ჰყავთ ტყვედ და გამოხსნას მოელის; ამირანია, რომელიც კავკასიის ქედზე მიუჯაჭვავთ, “მოვა დრო და თავს აიშვებს, იმ ჯაჭვს გაწყვეტს გმირთა-გმირი, სიხარულით შეეცვლება იმდენი ხნის გასაჭირი”.

     აკაკის პატრიოტულ ლექსებს, როგორც აღნიშნავენ, ის დიდი გადამდები ძალაც აქვთ, რომ პოეტი კი არ გვმოძღვრავს, კი არ ქადაგებს სამშობლოს სიყვარულს, არამედ კამათის ფორმით ამკვიდრებს მას. აკაკი საზოგადოდ კი არ მოუწოდებს, სამშობლო გიყვარდეთო, არამედ სასტიკად კიცხავს ქართველს, ვინც არც შინ ვარგა არც გარეთ, “ჯერ ქართული არ იცის” და “უცხოს ედება”, პირში მთქმელი არ უყვარს; თუ შია, მაშინ პატრიოტობს; მაგრამ გამომძღარი სულ სხვაა; აკაკის მიზანში აქვს ამოღებული, თავს ესხმის იმას, ვინც “დედას სნეულს და ავადმყოფს ერიდება, აშორებს თვალს, მოწიწებით თაყვანსა სცემს გადამთიელ დედინაცვალს”, ვისაც მარტო თვალ-ტანადობა აქვს ქართველის, გულით კი სხვა სჯულისაა, “ღმერთად არ გწამს არავინ სხვა, გარდა კუჭის, გარდა ფულის”, აკაკის მწარე ირონიის ობიექტია აპელაციის მცოდნე, რომელსაც “თუ რუსული არ იცი, ახლო ნუ ეკარები, მუსაიფი არ უყვარს, ქართულში ზარმაცია”, ის ქართველები “ვინც ენას არად ხდიან, შვილებს რუსულად ზრდიან, ტრედიაკოვსკის აქებენ და რუსთველს კი დასცინიან”. აკაკისთვის გარეგნული სილამაზეც ეთიკური შინაარსისას. მისთვის არაა ლამაზი ის ქართველი ქალი, ვინც “სხვა ენით ამიჟღურტულდა, ეზარებოდა ქართული”, და ვის თვალებშიც ამოიკითხა: “სამშობლო რასა მიქვიან, მეწყერსაც წაუღიაო”. დიდია ასეთი ლექსების ზემოქმედების ძალა, რამდენადაც ფაქტია, რომ კამათის, გაკიცხვის გზით მოწოდებულს მკითხველი უფრო მძაფრად იხსომებს. გარდა ამისა ისიცაა მხედველობაში მისაღები, რომ აკაკის ლექსების შინაარსი უაღრესად კონკრეტულია; აკაკის თითქმის ყოველთვის კონკრეტული პირი, კონკრეტული ფაქტი, მოვლენა აქვს მხედველობაში. მაშინაც, როცა პოეტი ირწმუნება, რომ ვინმე კონკრეტული სახეში არ ჰყოლია, მის ლექსებს მაინც ადრესატებს უძებნიან. ამგვარი ვითარება კიდევ უფრო აძლიერებს მისი ნაწარმოებების ზემოქმედების ძალას.

     აკაკის ლექსების დიდ ნაწილს პატრიოტულ გამიზნულობასთან ერთად პოლიტიკური სიმახვილე და სიმწვავეს ახლავს. აკაკი ერთობ ფხიზელი ხელოვანია, თანაც გაბედული და უშიშარი. იგი დაურიდებლად აშიშვლებს ნამდვილ მექანიზმს მთავრობის იმ ღონისძიებებისა, რომლებიც თითქოს ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვითაა ნაკარნახევი, სინამდვილეში კი ვერაგულ მიზნებს ისახავს, მოხერხებული ნართაულით ააშკარავებს ცენზურის ტვინის გამომხვრელ საქმიანობას, სარკასტულად დასცინის პოეტი იმათ, ვინც ჩვენს ქვეყანას მოვლენიან მმართველებად და მზრუნველებად, სინამდვილეში კი დამპყრობლური მიზნები ამოქმედებთ, კავკასიის ხალხებს ერთმანეთს ჰკიდებენ, რათა უფრო ადვილად დაუმონონ დამპყრობელს; აკაკი დასცინის იმ ვითომ სოციალ-პოლიტიკურ მოღვაწეს, ვინც ეროვნულის უგულვებელყოფით სოციალური სამოთხის დამკვიდრებას ჰქადაგებს და ა. შ.

     აკაკი თავისი გაბედული ლექსებით აფხიზლებდა ქართველ ხალხს, რათა მას თავისი ნამდვილი მტერ-მოყვარე ეცნო.

     ეროვნული პოზიციიდან არის განსახიერებული აკაკის პოეზიაში სოციალური თემა. აკაკიმ ბავშვობიდანვე შეისისხლხორცა მშრომელთა სიყვარული; მისი მთელი პოეზია ხალხის თანაგრძნობით, მათი ინტერესების დაცვის, ხალხის შემოქმედებითი ძალის რწმენითაა აღსავსე. ღრმა დემოკრატიზმი მსჭვალავს მთლიანად აკაკის შემოქმედებას. თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალი შრომა მიაჩნია პოეტს თავისი ბრძოლის ერთადერთ აზრად, ჭეშმარიტ სოციალურ იდეალად. დიდი სოციალური ძვრების, რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის ვითარებაში აკაკიც ხმას იმაღლებს, თავისი ლექსებით ბრძოლისაკენ მოუწოდებს ხალხს. აკაკის ამ დიდ მღელვარებას თვითმპყრობელური სისტემის სიძულვილი კვებავს. სოციალური ბრძოლა ცარიზმის წინააღმდეგ იმავდროულად ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლაცაა, რამდენადაც, აკაკის აზრით, ნამდვილი სოციალური თანასწორობა და პიროვნული თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულ თავისუფლებას შეიძლება დაემყაროს.

     აკაკის ბევრჯერ უთქვამს, რომ იგი ხელოვნებას არ დაგიდევდათ, რომ მისი პოეზია ხალხის ყოველდღიური საზრუნავის, ქვეყნის ტკივილის შინაარსით იყო სავსე, რომ თუ რაიმე ხელოვნების თვალსაზრისით მნიშვნელობანი გამოუვიდა, მისდა უნებურად, ბევრზე ბევრი ბრწყინვალე ლექსის ავტორის ამ სიტყვებში, მართალია, ერთი მხრივ, დიდი ხელოვანისათვის ჩვეული თავმდაბლობა ჩანს, მაგრამ ეს სიტყვები ამასთანავე გარკვეულად ხსნის აკაკის ბევრისაგან ბევრი ლექსის ხასიათს. მართლაც  აკაკის ლექსების დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ყოფით საზრუნავს დასტრიალებს, მეცხრამეტე საუკუნეში ჩვენი ყოფის ასახვის თვალსაზრისით აკაკის ვერც ერთი ქართველი პოეტი ვერ გაუტოლდება. აკაკი თანამედროვეობის არაჩვეულებრივი გრძნობით იყო დაჯილდოებული.

     ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, აკაკი არ გაუფრთხილდა თავის ცით მომადლებულ ნიჭს, ძალიან ადვილად წერდა და ხშირად უქმად ფლანგავდა თავის დიდი ტალანტს. ამგვარი აზრი, როგორც ჩანს, ანგარიშს არ უწევს აკაკის პოეტურ კრედოს. თავისივე სიტყვებით, აკაკი “გარემოების საყვირს” წარმოადგენდა, ამგვარი იყო იგი თავისი ბუნებით, თავის დიდი მისიასაც ქვეყნის ყოველდღიური საზრუნავით გამსჭვალვაში, ქვეყნის საჭიროების დაუზარელ სამსახურში ხედავდა. თავისი ქვეყანაც ძალიან საჭიროებდა ასეთ ხელოვანს და ბედნიერია იგი, რომ ჰყავს აკაკი წერეთელი.

     აკაკი წერეთლის მდიდარ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ეპიკური ხასიათის თხზულებებს, შესანიშნავ პოემებს, მოთხრობებს.

     აკაკი წერეთელი პატრიოტული გრძნობის გასაღვიძებლად თავის ლირიკაშიაც ხშირად მიმართავდა საქართველოს წარსულს, ხოლო რაც შეეხება მის ეპიკურ თხზულებებს, აქ წარსულმა სრულიად განსაკუთრებული ადგილი დაიჭირა.

     ქვეყნის ისტორიის ცოდნა, მასთან უწყვეტი კავშირი რომ ერის სასიცოცხლო ნიშანია, ეს ადრეც იყო ნაგრძნობი ქართულ ლიტერატურაში; მაგრამ ამ ჭეშმარიტების მთელი სიმძაფრით გასიგრძეგანება ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის სახელებს უკავშირდება, რამდენადაც ისინი ჩვენი ქვეყნის მოძღვარნი იყვნენ და თანდათანობითი ეროვნული გადაგვარების წინაშეც ჩვენი ქვეყანა სწორედ გასულ საუკუნეში აღმოჩნდა..

     “ერის დაცემა იწყება იქიდამ, როცა თავდება წარსულის ხსოვნა” – განაცხადა ილიამ პირდაპირ, პირქუშად და ვისაც კიდევ შეეძლო შეძრწუნება ამ მკაცრი სინამდვილის დანახვით, შეაძრწუნა კიდეც. ამ საფრთხის სიმწვავის კიდევ უფრო გულზე მოხვედრებას ისახავდა მიზნად აკაკი როდესაც წერდა: “უბედურია ის ხალხი, რომელსაც შეგნებული და გამოკვლეული წარსული არ ჰქონია და უცხოვრია ველურად, მაგრამ კიდევ უფრო უბედური და სატირალია ის, რომელსაც ჰქონია წარსული და ივიწყებს.”

     ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა თავიანთ ერთ უდიდეს ამოცანად აქციეს ქართველი ხალხის ლამის გაწყვეტილი კავშირის აღდგენა წარსულთან, ისტორიასთან, წარსულის თანამედროვეობის აუცილებელ შემადგენელ ნაწილად ქცევა, ერის მომავლის სამსახურში მისი ჩაყენება და ამ ამოცანის გადაჭრას სხვადასხვა სხვადასხვა გზით და საშუალებით მოუქანცავად ახორციელებდნენ კიდეც.

     ქართველი მკითხველის ცნობიერებაში დამკვიდრებულია იმის განცდა, რომ გასულ საუკუნეში ისტორიისადმი მხატვრული ინტერესით ყველა სხვა ქართველ მწერალზე მეტად აკაკი წერეთელი გამოირჩა; ყველაზე უფრო ფართოდ სწორედ მის შემოქმედებაში დაიხატა ჩვენი ქვეყნის წარსული, ჩვენი დიდი წინაპრები. ამ გარემოებას კი გარდა უკვე აღნიშნულისა ისიც აპირობებდა, რომ აკაკი წერეთელი, როგორც პოეტური ბუნების ხელოვანი თავის წარმოსახვის საყრდენს ისტორიულ მასალაში პოულობდა, თავისი სანუკვარი ეროვნული იდეალების განხორციელებას ამგვარ მასალაში ახდენდა ყველაზე მარჯვედ.

     საზოგადოდ  ცნობილია, რომ ის, რაც დაშორებულია, ე. ი. რაც წარსულში იყო და ახლა აღარ არსებობს დროისა და სივრცის ფარგლებს, უფრო წმინდა და ამაღლებული ხდება. ამიტომაცაა, რომ ის, ვინც იყო და ახლა აღარ არის, უფრო უკეთესად გვეჩვენება იმაზე, ვინც ახლა ჩვენს გევრდითაა. შორეული უფრო დიადია და საოცნებო. ასეა საზოგადოდ და უფრო მეტად ასეა ეს აკაკი წერეთლის შემთხვევაში, რამდენადაც სწორედ აკაკის წარმოსახვა, მისი უშრეტი ფანტაზია ავსებს ისტორიული ხასიათსის მასალაში ფაქტებს შორის არსებულ ცარიელ ადგილებს, საერთოდ ისტორიის ხარვეზებს... “რაც არ იწვის, არ ანათებს” – აცხადებს პოეტი და სწორედ აკაკის გულის წვითაა განათებული წინაპართა აჩრდილები, სწორედ იგი, პოეტი, ტვირთავს მატიანეებში არსებულ ადამიანთა სქემებს ცოცხალი გრძნობებით, ვნებებით, იდეალებით. ასე შინაარსდება აკაკისთან ისტორიული პოეტურად და გამძლე, წარუვალ ხასიათს იძენს. ასე გამოხატა აკაკი წერეთელმა ქართველი ხალხის საოცნებო იდეალები. ამიტომაა, რომ პოეტის ქმნილება ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია იმ ფაქტზე, რომელსაც იგი ასახავს, მკითხველის შეუნელებელი ინტერესიც ასახული ფაქტის მნიშვნელობით კი არა, თვით პოეტის ნიჭითაა, პირველ ყოვლისა, განსაზღვრული.

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / წერეთელი აკაკი / ლექსები