ცნობილია და არაერთგზის მითითებული, რომ აკაკი წერეთელი როგორც ხელოვანი არ მიმართავს ისტორიას მხოლოდ ისტორიისადმი ინტერესის გამო, ამ აზრით, ისტორიულ თემატიკაში არ ჩაძირულა ჩვენი პოეტი. ისტორიას აკაკი თანამედროვეობის ინტერესებით მიუდგა საზოგადოებაზე გამომაფხიზლებელი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ისტორიულმა, აკაკი წერეთლის შემოქმედებაში, მაგალითის, ნიმუშის ძალა შეიძინა. სწორედ ამიტომ პოეტისათვის ნებისმიერი ისტორიული ფაქტი კი არ აღმოჩნდა ფასეული მხოლოდ იმ ნიშნით, რომ იგი ჩვენი ქვეყნის ისტორიის კუთვნილი ფაქტი იყო, არამედ მხოლოდ ის მოვლენები, რომლებიც საქართველოსთვის, მისი აწმყოსა და მომავლისათვის ერთობ მნიშვნელოვან ვითარებას შეეხებოდნენ და ამიტომაც დღევანდელობასთან ახლო კავშირში იმყოფებოდნენ, რომელთა მიმართ გულგრილი არავინ უნდა დარჩენილიყო. მწერლის ინტერესე განსაკუთრებით მაინც წარსულში ისეთ მოვლენებზე შეჩერდა, რომლებსაც პირდაპირ ანალოგონის მნიშვნელობა ენიჭებოდათ დღევანდელობისათვის; ერთი სიტყვით ჩვენი ისტორიისათვის სპეციფიკურს გახაზავდნენ ასეთი თუ ისეთი ნიშნით. ქართველთა ერთ ნაწილს დაცემის, გადაგვარების, ზნეობრივი პასუხისმგებლობის მოდუნების, თავკერძობის, ფარული თუ აშკარა ღალატის გზაზე დადგომის ის შემთხვევები, რასაც აკაკი თავის “ბაში-აჩუკში” თუ სხვა ნაწარმოებებში აგვიწერს, შინაური აშლილობის, ზნეობრივი გარყვნილების, საერთო ეროვნულის ჩაკვლის ის სურათები, რომლებიც “თამარ ცბიერში” და კიდევ ბევრ სხვა თხზულებაშია ნაჩვენები, თანამედროვეობასაც არანაკლები სიცხადით უთვალისწინებდნენ მკითხველს. ამ ვითარების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება ის შთაბეჭდილება, თუ საყვედური აკაკის ისტორიულ ნაწარმოებთა მიმართ, რომლის თანახმადაც თითქოს აკაკის შემოქმედებაში წარსული რომანტიკულად იდეალიზირებულია, რომ ისტორიული საქართველოს ცაზე აკაკი ერთ შავ ლაქასაც ვერ ხედავდა. მაგალითის სახით აკაკი ღირსეულსაც და უღირსსაც ხატავდა ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან. ეს ფაქტია, მაგრამ ფაქტია აღნიშნული შთაბეჭდილებაც, და თუ ამ შთაბეჭდილების წარმოშობის საფუძველს გამოვარკვევთ, თუ ახსნით თვალსაზრისზე დავდგებით, მაშინ უნდა ისტორიულის აკაკისეულ განსახიერების თავისებურებებზე მივმართოთ ყურადღება. აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, ისტორიულ სინამდვილეს მოგვითხრობს, ამ აზრით იგი ყურადღებას ამახვილებს ისტორიის როგორც ნათელ, ასევე მძიმე მომენტებზე; მაგრამ, როგორც აღნიშნავენ, ეს სინამდვილე მასთან პოეტიზირებულია. ახლა უკვე თვალნათლივ გაირკვა, რომ ისტორიული წყაროების არსებობის შემთხვევაში აკაკი არ უხვევს ამ წყაროებიდან, შეიძლება ითქვას, ერთგულია ამ წყაროებისა, მაგრამ აკაკის პოეტური ალღო ისეთ წყაროებზე ჩერდება, რომლებიც თავისთავად შეიცავენ პოეტურ მომენტებს. აკაკი ეძებს პოეტურ სიუჟეტებს და კიდეც პოულობს მათ, ისევე როგორც თავისუფლად ქმნის კიდეც ასეთ სიუჟეტებს. ეს სრულიად არ ნიშნავს რეალიზმზე უარის თქმას, ეს მხოლოდ პროზაულ სინამდვილეზე ამაღლების, მისგან პოეტური გადახვევის, პოეტური თავისუფლების გზაა. აკაკი წერეთელი მძიმე ვითარების ასახვაზე სრულიადაც არ ამბობ უარს. ჩვენი ქვეყნისათვის ერთობ მძიმე, ზოგჯერ საბედისწერო ვითარებაა ასახული “ნათელაშიც”, “ბაგრატ დიდშიც”, “თამარ ცბიერშიც”, “ბაში-აჩუკშიც”. მაგრამ აკაკის პოეტური ნიჭისათვის ტრაგიკული არ წარმოადგენს საყრდენს. იგი არ მოგვითხრობს ისე, რომ დაგვამძიმოს, სუნთქვა შეგვიკრას, ადამიანის ადამიანობაში საბოლოოდ დაგვაეჭვოს... აკაკი მძიმე ვითარებას ამსუბუქებს, ანელებს, სიკეთის რწმენას გვიმტკიცებს, მხნეობას გვმატებს, ბურუსს ფანტავს. აკაკი მიწიდან გვეზიდება, სიცოცხლეს გვიმსუბუქებს. ცხოვრება ღირს, ასეთია რწმენა, რომელიც მისი ნაწარმოებების კითხვისას მკითხველს ეუფლება. სინამდვილის მაგვარად დახატვისათვის, როგორც თვალსაჩინოდაა ცხადყოფილი სადღეისოდ, აკაკის ამომწურავი შესაძლებლობები მოეპოვება. განსაკუთრებული და არაჩვეულებრივია აკაკის ინტერესის საგანი. სწორედ ამიტომაც მის მიერ დახატული პერსონაჟები მარად პოეტურად საოცნებო ეთიკურ იდეალებს წარმოადგენენ; ასეთია თორნიკე ერისთავიც, ნათელაც, ცოტნე დადიანიც, ბიძინა ჩოლოყაშვილიც და ბაში-აჩუკიც... ამ საოცნებო ადამიანთა გვერდით აკაკიმ დახატა ერთობ რეალისტური სახეებიც მედროვე, თავკერძა ადამიანებისა; აქ არის თაღლითი ჯანდიერი, რომელიც მედროვეა და თავის საქციელს დროით ამართლებს, დროით იხსნის მორალურ პასუხისმგებლობას, აშკარა მოღალატე მაყაშვილიც და ა. შ.

     აკაკის იდეალები საერთო სახალხო იდეალებია, ამდენად მისი ისტორიული თხზულებები საყოველთაოდ გასაგები ფორმითაა გამოხატული. არც ენობრივი შესაძლებლობებით უცდია აკაკის მანძილის გრძნობის გაჩენა მკითხველსა და თავის პერსონაჟებს შორის. აკაკიმ თავის პერსონაჟებს საერთო ისტორიული სულიც შეუნარჩუნა და თან ისე დაუძაბავად გვიამბო მათ შესახებ, რომ დიდად მოგვიახლოვა ისინი.

     აკაკიმ ისტორიულ პოემებსა და მოთხრობებში გამოხატვის ხალხურ ფორმებს მიმართა, ერთობ სადას, მსუბუქს. სიმარტივესა და სიმსუბუქეში შემოგვაპარა პოეტმა ძალზე სერიოზულიც და მტკივნეულიც. ასე გამოხატა აკაკიმ ქართველი კაცის მისწრაფებები, სანუკვარი ოცნებები. ასე იქცა ეს “შეუდარებელი მოქალაქე მამულის სიყვარულში” (გალაკტიონი) ჩვენი ხალხის უპოპულარეს პოეტად.

     ა. წერეთლის მხატვრულ მემკვიდრეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს პოემა “გამზრდელს”.

     დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი საკითხი საზოგადოდ იყო აკაკის მყარი ინტერესის საგანი. ამ მხრივ არის აღსანიშნავი აკაკის საყმაწვილო მოთხრობა “პატარა ტარიელი”, დიდებული “ჩემი თავგადასავალი” და კიდევ ბევრი სხვა ნაწარმოები, მაგრამ პრობლემატიკის თვალსაზრისითაც განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც “გამზრდელი” იმსახურებს.

     ამ პოემაში აკაკიმ მისთვის ჩვეული სიცხადითა და სინატიფით განიხილა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ, საკითხი იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს ადამიანის სულიერ ფორმირებას; როგორია აღზრდის როლი და არის თუ არა ადამიანი საკუთრივ აღზრდის პროდუქტი. ეს საკითხი საზოგადოდ არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. ბევრი მოაზროვნე და ხელოვანი ყოფილა დაინტერესებული ამ საკითხით. თუ გავითვალისწინებთ იმ ძირითად მოსაზრებებს, რაც ამ საკითხის შესახებ გამოთქმულია აკაკი წერეთლის “გამზრდელის” შექმნამდე, ასეთ სურათთან გვექნება საქმე, ცხადია არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ამ შემთხვევაში იცნობდა თუ არა აკაკი წერეთელი აღზრდის არსებულ თეორიებს.

     საზოგადოდ უძველესი დროიდან ბატონობდა რწმენა აღზრდის უდიდესი როლის შესახებ. ასე ფიქრობდნენ ძველი ბერძენი მოაზროვნეები. მათ ამისი თვალსაჩინო მაგალითიც ჰქონდათ. ძველმა სპარტამ თავის სიძლიერეს აღზრდის იმ სისტემის წყალობითაც მიაღწია, რომელიც ლეგენდარულმა ლიკურგემ შეიმუშავა. ამ რწმენაში აღზრდის მნიშვნელობის შესახებ არც ქრისტიანულ შუა საუკუნეებს შეუტანია რაიმე არსებითი კორექტივი. შუა საუკუნეების დიდი მოაზროვნე ერაზმ როტერდამელი ამბობდა: “ბუნებამ რაკი გიბოძა შვილი, მოგცა ხელთ სხვა არაფერი, თუ არა ნედლი და დაუმუშავებელი მასალა. შენზეა დამოკიდებული მისცე საუკეთესო ფორმა პლასტიკურს და ყველა შესაძლო დამუშავებისთვის ვარგის მასალას”. XVII-XVIII საუკუნეებში ეს რწმენა ღებულობს თეორიულ დასაბუთებას ჯონ ლოკისა და განმანათლებელთა დროის ფრანგ მატერიალისტთა შრომებში. ლოკი თავის თვალსაზრისს ასე გამოხატავდა: “ყველა იმ ადამიანთაგან, რომელთაც ჩვენ ვხვდებით, ცხრა მეათედი ყალიბდებიან იმად, რაც არიან, კეთილებად ან ბოროტებად, სასარგებლოდ ან არა – აღზრდის წყალობით. იგი აღზრდა, ქმნის უდიდეს სხვადასხვაობას ადამიანებს შორის. მე მიმაჩნია, რომ ბავშვთა სულები შეიძლება მიმართულ იქნეს ამა თუ იმ მხრისაკენ ისევე ადვილად, როგორც წყალი”. ამავე თვალსაზრისს ვხვდებით ჩვენ დიდ გერმანელ ფილოსოფოს კანტთან. კანტის თქმით, “ადამიანი იქცევა ადამიანად მხოლოდ აღზრდით. ის ისაა, რასაც მისგან გვაძლევს აღზრდა. აღზრდაში იმალება ადამიანის ბუნების სრულქმნის უდიდესი საიდუმლოება”.

     XIX საუკუნეში წარმოიშვა და განვითარდა ამ თეორიის საპირისპირო თეორია, რომლის წარმოშობა-განვითარებაზე, როგორც აღნიშნავენ, დიდი გავლენა მოახდინა დარვინის მოძღვრებამ. ამ შეხედულების მიხედვით ადამიანის ფორმირებაში მთავარია არა აღზრდა, არამედ მემკვიდრეობითობა, ბუნებრივი მონაცემები. ზოგიერთი ამ დროის მოაზროვნე ცდილობს დაამტკიცოს, რომ არსებობს უცვლელი, თანდაყოლილი ხასიათი, არსებობს გარკვეული სახე ადამიანებისა – დაბადებით დამნაშავენი. ასაბუთებენ ფსიქიკურ თვისებათა მემკვიდრეობითობას და ა. შ. ამგვარმა შეხედულებებმა დიდი გავრცელება ჰპოვეს XIX ს. მეორე ნახევარში. ეს მოსაზრებები ხელოვნებაშიაც შეიჭრა, კერძოდ ემილ ზოლას, ჰენრიკ იბსენის... შემოქმედებაში.

     როგორც ითქვა, არა აქვს მნიშვნელობა, იცნობდა თუ არა აკაკი ამ თეორიებს. მნიშვნელოვანი ისაა, რომ აკაკისათვის პოემა “გამზრდელის” მიხედვით, სრულიად მიუღებელია ცალ-ცალკე ორივე თვალსაზრისი. აკაკი წერეთელმა აქ მისთვის ჩვეული სინათლით მხატვრულად დაასაბუთა:

                              “მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს,

                               თუ ბუნებამც არ უშველა”

     ეს აზრი პოემაში ცხადყოფილია საფარ-ბეგის მაგალითზე. ამ პოემის აზრობრივი დატვირთვა საფარ-ბეგზე მოდის. საფარ-ბეგმა ბათუს, თავისი ძიძიშვილის წინაშე, უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა, რომელსაც “შენდობა არ უხერხდება”. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საფარ ბეგი სრულიად დაცემული ადამიანია, უზნეო, ცხოველური ინსტინქტებით მცხოვრები. ნუთუ დიდი და ბრძენი აღმზრდელის გარჯამ სრულიად ამაოდ ჩაიარა? უნდა ვიფიქროთ, რომ არა. მართალია, საფარმა მძიმე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ უსათუოდ მხედველობაშია მისაღები, რომ მას ძიძიშვილის ღალატი, შერცხვენა გულში არ დებია, არავითარი ავი განზრახვით არ მისულა იგი ბათუსთან. საფარი არ გულისხმობდა, რომ იმ საქმეს, რომელსაც მისგან მოითხოვდნენ, სხვა, კერძოდ ბათუ შეასრულებდა მის მაგივრად. ძიძიშვილთან მხოლოდ რჩევის საკითხავად მივიდა, რადგან ბათუ ამ მხარეს კარგად იცნობდა. ვერ ვიტყვით, რომ საფარს დიდად მოსწონდეს თავი, იმით, რაც მან უნდა მოიმოქმედოს, მაგრამ არჩევანის საკითხი არ დგას, არსებობს ერთადერთი გზა – მოპარვა:

                            “სხვა გზა არ მაქვს: მოპარვაა

                             მხოლოდ ერთადერთი ღონე,

                             თუმც კი სხვა დროს არ იკადრებს

                             ამას კაცი თავმომწონე”.

          ერთი სიტყვით, ყველაფერს ამართლებს სიყვარული და ამ შემთხვევაში საფარი და ბათუ ერთნაირად ფიქრობენ, მათ შორის ამ მხრივ დაპირისპირებისათვის საფუძველი არ არსებობს. ბათუ ამბობს:

                            “ვწუხვარ, რომ ეს საქმე

                             უკადრისი გიკისრია,

                             მაგრამ რადგან სიყვარულის

                             ტკბილი სენი შენც შეგყრია

                             გზა აღარ გაქვს!.. უნდა გული

                             დაუდვა და ემსახურო,

                             რომ სატრფოს წინ შენ სირცხვილის

                             ოფლი აღარ მოიწურო”.

          როდესაც სრულიად მოულოდნელად ბათუ წავიდა საფარის მაგივრად მისი სატრფოს დავალების შესასრულებლად, მაშინ დარია ცოდვილ საფარს ბედმა ხელი; როცა დანაშაული გამჟღავნდა, საფარი მძიმე სინდისის ქენჯნამ შეიპყრო. როგორც ჩანს, ყველაზე უკეთ საფარს მისი ძიძიშვილი იცნობს, რამდენადაც მას მორალურ სასჯელს ადებს – წავიდეს და ყოველივე გამზრდელს უამბოს. მხოლოდ შინაგანად მაინც გაურყვნელ კაცს შეეძლო გაეკეთებინა ის, რაც საფარმა მოიმოქმედა – მართლა წავიდა გამზრდელთან და ყოველივე უამბო, რათა ამ უკანასკნელს მაინც გაეჩინა სამართალი და საფარი გაეთავისუფლებინა მძიმე განცდებისაგან. ერთი სიტყვით, ყველაფრიდან ჩანს, რომ საფარი შინაგან კეთილშობილებას არაა მოკლებული, ჩანს რომ ჰაჯი-უსუბის ამაგს სულ მთლად უკვალოდ არ ჩაუვლია, უფრო სწორად თავისი გარკვეული კვალი დაუტოვებია; მაგრამ თუ აღზრდა სრულად არ განხორციელდა, თუ ნაყოფი სრულქმნილი არ აღმოჩნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივმა მონაცემებმა არ შეუწყეს ხელი. საფარი მაინც უნებისყოფო ადამიანი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ადამიანის პიროვნებას მაინც ნებისყოფა განსაზღვრავს. ერთია, რომ შინაგანად არ ატარებ ავ ზრახვებს, უფრო მეტიც, შეიძლება კეთილი მიზნებიც გქონდეს. მაგრამ ეს ჯერ კიდევ სულაც არაა საკმარისი პირობა. არსებითი ისაა, შეგიძლია თუ არა შენი ზრახვების მიხედვით იმოქმედო, შენი ვნებები ალაგმო, რამდენად შეგიძლია ნებას დაუქვემდებარო ინსტინქტები. ასე ფიქრობს აკაკი – ხელოვანი პოემა “გამზრდელის” მიხედვით.

     “გამზრდელის” პრობლემატიკის მნიშვნელობის გასათვალისწინებლად ისიც საჭიროა აღინიშნოს, რომ მემკვიდრეობითობის თეორიამ თავისი უკიდურესი ფორმით დიდხანს ვერ იარსება. უკვე მეცხრამეტე საუკუნეშივე არსებობდა გარკვეული ძირები, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა ახალი მოძღვრება ადამიანის სულიერი ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ. ამ მოძღვრების მიხედვით, არც ცალკე აღზრდა, არც თანდაყოლილი თვისებები არ განსაზღვრავს ადამიანის ფორმირებას. არამედ ორივე ეს მხარე ერთად, მათი თანხვედრა არის უთუო პირობა. ცნობილი ფსიქოლოგი ვილიამ შტერნი, მაგალითად, ასე გამოხატავს ამ თვალსაზრისს: “სულიერი განვითარება არაა თანდაყოლილი თვისებების გამოვლენა, მაგრამ არც უბრალო აღქმაა გარეგანი ზემოქმედებისა, არამედ შინაგანი მონაცემების გარეგანი პირობების განვითარებასთან კონვერგენციის (თანხვედრის, შერწყმის) შედეგია. ამ კონვერგენციას აქვს ძალა ისე როგორც ძირითადი ნიშნებისათვის, ასევე განვითარების ცალკეული მოვლენებისათვის. არც ერთი ფუნქციის და არც ერთი თავისებურების შესახებ არ შეიძლება დაისვას კითხვა: “მომდინარეობს იგი გარედან თუ შიგნიდან”, არამედ უნდა ვიკითხოთ: “რა ხდება მასში გარედან ან შიგნიდან”, რამდენადაც ერთიცა და მეორეც ყოველთვის იღებენ მონაწილეობას (ოღონდ არა ერთნაირად სხვადასხვა შემთხვევაში) მის განხორციელებაში”. ამ თვალსაზრისმა მალე საყოველთაო აღიარება ჰპოვა.

     აკაკი წერეთელი თავის პოემაში ჯერ კიდევ XIX ს. მიწურულში მახვილი ინტუიციით, დიდი მხატვრული სისადავით ასაბუთებდა აღზრდისა და ბუნებრივი მონაცემების თანხვედრის აუცილებლობას. ხოლო “შეუძლებელია იმაზე მეტი სინათლის მოთხოვნა, ვინემ ის შუქია, “გამზრდელის”... პოეტურ სამყაროში რომ ტრიალებს” (ტ. ჭანტურია).

     ყოველივე აღნიშნულის შემდეგ მაინც როგორ შეიძლება შეფასდეს განთქმული აღმზრდელის ჰაჯი-უსუბის საქციელი, იმ მკაცრი განაჩენის მართებულობა, რომელიც მან თავის თავს გამოუტანა. თვით პოემის მხატვრული ლოგიკით ჰაჯი-უსუბი დამნაშავე არაა: მას საფარ-ბეგის აღზრდის დროს მხედველობიდან არაფერი არ გამორჩენია, არაფერი არ დაუკლია მისთვის:

                            “საფარ-ბეგიც მან გაზარდა,

                             ისე როგორც სხვები ყველა”.

          – გვეუბნება ავტორი. მაგრამ საფარის ბუნებრივმა მონაცემებმა ხელი არ შეუწყო აღზრდის სრულად განხორციელებას; ბუნებრივია, რომ იგი არც აგებს პასუხს საფარის დანაშაულზე... მაგრამ პასუხს მაინც მისგან მოელიან. როგორც ვხედავთ, პოემის მიხედვით, ჰაჯი-უსუბში იმდენად გამახვილებულია, გამძაფრებულია პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ იგი გადააჭარბებს კიდეც თავისი როლის შეფასებისას:

                                  “მაგრამ უსუბ ეუბნება:

                             “შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ!?

                             სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ,

                             რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ!”

                             წარმოსთქვა და საფეთქელში

                             მიიჭედა ცხელი ტყვია!..

                             ჩაიკეცა სულთამბრძოლი,

                             წამლის კვამლში გაეხვია”...

          “ჰაჯი-უსუბის საქციელი... არ არის სამართლიანი. აქაც იშვიათი გზა აირჩია პოეტმა: განაჩენი მოძღვარისა არ არის სწორი, მაგრამ იგი ყოველგვარ სისწორეზე უფრო ლამაზია” (ვ. გოგუაძე) და ამდენად დიდი მხატვრული ზემოქმედების ძალის მქონე.

     აკაკის “ჩემი თავგადასავალი” როგორც ავტობიოგრაფიული ჟანრის მოთხრობა რჩება ობოლ მარგალიტად XIX ს. ქართულ მწერლობაში.

     იგი იმ თხზულებათა რიგში დგას, რომლებიც შექმნეს სხვადასხვა ქვეყნის დიდმა მწერლებმა გოეთემ, ტოლსტოიმ და ა. შ.

     ამ მოთხრობაში აკაკიმ ერთობ დაუძაბავად, პოეტურად გვიამბო თავისი ცხოვრების ისტორია დავაჟკაცების, დაცოლშვილების, ფართო საზოგადოებრივ-ლიტერატურული მოღვაწეობის დაწყების ჩართვით. აქვე დახატა მან თავისი დროის ქართველ მწერალთა და მოღვაწთა – თავის თანამებრძოლთა ერთობ ცოცხალი, სიხარულით, ღიმილით სავსე პორტრეტები. აქ ნანახისა და განცდილის გადმოცემისას აკაკი ისეთ საკითხებსაც შეეხო, რომლებსაც თავისი მნიშვნელობა, აქტუალობა არც სადღეისოდ არ დაუკარგავთ, იქნება ეს აღზრდის საკითხთან დაკავშირებული, ბუნებაში და ბუნებრივად აღზრდის უპირატესობაზე მსჯელობა, თუ ცოცხალი სურათებით ამ უპირატესობის დასაბუთება, სწავლების უსულგულო, ტლანქი ფორმების კრიტიკა, მასწავლებლის პირადი მაგალითისა და ცოცხალი სიტყვის დიდი ზემოქმედებითი ძალა თუ სხვა.

     ხშირად ბავშვობისა და სიჭაბუკის გახსენება, წარსულის მოგონება, თუ საშინელება არაა მოსაგონარი, ღიმილით ხდება. ადამიანები თავიანთ დამოკიდებულებას ბავშვობისდროინდელ ქცევა-მოქმედებებთან, სკოლის წლებთან იუმორისტულად გამოხატავენ. საერთოდ ასეა ეს და მომეტებულად ასეა ეს “ჩემს თავგადასავალში”, რამდენადაც აკაკის იუმორისტული ნიჭი აქ დაუბრკოლებლად ვლინდება. აღსანიშნავი ისაა, რომ ბევრი სხვა მწერლისაგან განსხვავებით, აკაკი არა მარტო თავის ბავშვობასა და ყრმობას უდგება იუმორისტულად, არამედ თავიდან ბოლომდე ასე მიიმართება თხრობა, აკაკი იუმორისტულად გადმოგვცემს თავის დაოჯახებისა და მზითევის ისტორიას, სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსვლის, ლიტერატურული საქმიანობის დაწყების ამბავსაც. იუმორია მომარჯვებული მაშინაც, როცა ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა პორტრეტებს ხატავს. ყოველივე ეს “ჩემს თავგადასავალს” ერთობ მომხიბვლელს ხდის.

 

                             *   *  *

     დიდი აკაკის შემოქმედების ხასიათის, მნიშვნელობის თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად ხშირად იშველიებს იაკობ გოგებაშვილის სიტყვას აკაკიზე. დიდი ქართველი პედაგოგისეული შედარება, მოხმობილი აკაკის სიდიადის გასათვალისწინებლად, მართლაც შეუდარებელია. იაკობ გოგებაშვილმა აკაკის “მაღალი ნიჭით” შექმნილი პოეტური და ლიტერატურული სამყარო შეადარა “ვეებერთელა მორევს უწმიდესის წყლისას. ეს ბროლისებრი მორევი შეუდარებელი სარკეა ბუნებისა, მასში მშვენივრად იხატება მისი ნაპირების მცენარეულობა, მასში კამკამებს ცა, მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მასვე თავის სარკედ ხმარობენ ღრუბელნი ცისანი. ამავე დროს ამ კამკამა მორევის ძირში ისე ცხადად ჩანს ყველაფერი, რომ თვითოეულს კენჭს ადვილად დასთვლი. სწორედ ამას, ამ საარაკო სიწმინდეს და სიცხადეს მოტყუებაში შეჰყავხარ. შენ ეს მორევი თხელი გგონია, მაგრამ აი, ჩაუშვი შიგ ვეებერთელა ჭოლოკი და მან ძირს ნახევრამდისაც ვერ უწია. მორევი მეტად ღრმა აღმოჩნდა.

     სწორედ ამისთანა თვისებისაა ის პოეტური და ლიტერატურული ზღვა, რომელიც შექმნა აკაკის მაღალმა ნიჭმა. ეს ზღვა თხელი გეჩვენება, რად? იმიტომ რომ საარაკო კაშკაში გააქვს და შიგ ყველაფერს მეტად ადვილად და ცხადად ჰხედავ. ჰხედავ არა მარტო შენ, დიდი, არამედ რვა-ცხრა წლის შეგნებული ბავშვიც, და ეს უფრო ატყუებს. მაგრამ აი, მოიკრიბე გონება, ღრმად ჩააკვირდი აკაკის თქმულებათა შინაარსს, შეუდარებელს ფორმას, და აღტაცებაში მოგიყვან მისმა საოცარმა კაზმულობამ, მისმა აზრთა და გრძნობათა სიღრმემ, მისმა მისწრაფებათა სიმაღლემ”... აკაკი წერეთელი თავისი ელვარე ტალანტით “მჭევრმეტყველურად მოწმობს ჩვენი ჩვენი ერის ნიჭიერებას” და უკვდავებას.

 

                                                     ლ. მინაშვილი

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / წერეთელი აკაკი / ლექსები