განთიადი

 

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,

შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;

მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს

თავდადებულის საფლავსა.

 

დადუმებულა მთაწმინდა,

ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:

მდინარე ნანას უმღერის

რაინდსა, ურჩსა მტრისასაღ

 

მთაწმინდა გულში იხუტებს

საშვილიშვილო სამარეს,

მამადავითსა ავედრებს,

აბარებს ქვეყნის მოყვარეს...

 

მგოსანი გრძნობამორევით

თვალს ავლებს არემარესა.

და გულის-პასუხს ნარნარად

უმღერის ტურფა მხარესა:

 

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო,

სნეული დავბრუნებულვარ,

მკურნალად შემეყარეო!...

 

“ვერ ავიტანე ობლობა,

სისხლის ცრემლები ვღვარეო;

წამძლია სულმა და გულმა,

შენს ნახვას დავეჩქარეო.

 

“წინ მომეგებენ ღიმილით

შენი მზე, შენი მთვარეო,

გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,

მოკაშკაშ-მოელვარეო.

 

“გულში იფეთქა სიამემ,

სევდები უკუვყარეო, –

ია და ვარდი დამჭკნარი

ხელახლად გამიხარეო!...

 

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

სულის ჩამდგმელო მხარეო,

შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,

შენზედვე მგლოვიარეო!...

 

“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,

ზე კალთა დამაფარეო...

და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,

ანდერძი დავიბარეო:

 

“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:

შენს მიწას მიმაბარეო!...

ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,

ჩემო სამშობლო მხარეო!”

                                       1892 წ.

 

ხატის წინ

 

მიყვარს, როდესაც ხატის წინ

ანთია წმინდა სანთელი

და საიდუმლო პარპალით

ბნელს ფანტავს მისი ნათელი.

 

მყუდროდ, უხმოდ და უძრავად

დნება, ვით მსხვერპლი დიადი,

რომ მადლით გაასპეტაკოს,

თვალუწვდომელი წყვდიადი!

 

მივჩერებივარ ამ დიდ ძალს

მწარ-ტკბილად ჩაფიქრებული;

მეცა უსიტყვოდ, უძრავად,

ცის სვეტად გაქვავებული.

 

რაღაც უცნაურ ერთობას

ვხედავ სანთელს და ჩემ შუა!

მხოლოდ ვგრძნობ... თვარა ვერ სწვდება

ჩემი გონება და ჭკუა.

 

სანთელი ჩემი ხორცია,

სიცოცხლე – მოკლე პატრუქი,

ნათელი – ჭკუა-გონება,

იმათგან გამონაშუქი.

 

ჩემი ხატია სამშობლო,

სახატე – მთელი ქვეყანა,

და რომ ვიწვოდე, ვდნებოდე,

არ შემიძლია მეც განა?

 

კი... მაგრამ მნათე არსად ჩანს,

ჩემთან მომტანი ცეცხლისა,

ის მოციქული მომავლის,

მსგავსი ჭიკჭიკა მერცხლისა!

                                     1894 წ.

 

 

ზღვაო, აღელდი, აღელდი!

 

ზღვაო, აღელდი, აღელდი,

ქარტეხილს დაემორჩილე!

აამთაგორე ტალღები,

კიდეებს გადააცილე!

 

მარგალიტების სალარო

შენი უფსკრული გულია,

მყუდროების დროს ის განძი

ქვეყნისთვის დაფარულია.

მხოლოდ როდესაც მრისხანებ,

გულს უხსნი მზეს და მთვარესა,

იმ მარგალიტებს შესტყორცნი

შენ შემკვრელს არემარესა.

 

პოეტო! ნურც შენ ეკრძალვი

მრისხანე გულის ღელვასა!..

ძილის დროს ქუხილს ნუ მოშლი

და სიბნელის დროს ელვასა!

                                         1894 წ.

 

 

სულიკო

 

საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახეღ დაკარგულიყო!ღ

გულამოსკვნილი ვჩიოდი:

“სადა ხარ, ჩემო სულიკო?!”

 

ეკალში ვარდი შევნიშნე,

ობლად რომ ამოსულიყო;

გულის ფანცქალით ვკითხავდი:

“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”

 

ნიშნად თანხმობის კოკობი

შეირხაღ თავი დახარა,

ცვარ-მარგალიტი ციური

დაბლა ცრემლებად დაჰყარა.

 

სულგანაბული ბულბული

ფოთლებში მიმალულიყო;

მივეხმატკბილე ჩიტუნას:

“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”

 

შეიფრთქიალა მგოსანმა,

ყვავილს ნისკარტი შეახო,

ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა,

თითქოს სთქვა: “დიახ, დიახო!”

 

დაგვქათქათებდა ვარსკვლავი,

სხივები გადმოსულიყო;

მას შევეკითხე შეფრქვევით:

“შენ ხომ არა ხარ სულიკო?!”

 

დასტური მომცა ციმციმით,

სხივები გადმომაყარა

და იმ დროს ყურში ჩურჩულით

ნიავმაც ასე მახარა:

 

“ეგ არის, რასაც ეძებდი,

მორჩი და მოისვენეო!

დღე დაიღამე აწ ტკბილად

და ღამე გაითენეო!

 

სამად გაშლილა ის ერთი:

ვარსკვლავად, ბულბულ-ვარდადო,

თქვენ ერთმანეთი რადგანაც

ამ ქვეყნად შეგიყვარდათო”.

 

მენიშნაღ აღარ დავეძებ

საყვარლის კუბო-სამარეს,

აღარც შევჩივი ქვეყანას,

აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს!

 

ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ,

ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა,

და რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს,

ვერ გამომითქვამს ენითა!

 

ისევ გამეხსნა სიცოცხლე,

დღემდი რომ მწარედ კრულ იყო,

ახლა კი ვიცი, სადაც ხარ,

სამგან გაქვს ბინა, სულიკო!..

                                     1895 წ.

 

თქვენი ჭირიმე

 

ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!ღ

ვიცინი, აღარ ვტირი მე.

ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ

გამოდით, თქვენი ჭირიმე!ღ

 

ბევრი რამ მითქვამსღ რომ მეთქვა,

დავიმახინჯე პირი მე!..

ახლა არ გვგლეჯენ ენასა, –

სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!

 

“ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ

გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე.

ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ,

გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!

 

ბევრი ვეცადე, ძირმწარეს

ვერ გავუთხარე ძირი მე.

ახლა კი თქვენი ჯერია,

დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!

 

კუბოს კარამდე მისული

რაღა ვარ, განაწირი მე?

მაგრამ თან თქვენი იმედი

მიმყვება, თქვენი ჭირიმე!

 

ნუ გამიმტყუნებთ იმედსა,

ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე!

დრო მოდის – ერთად ვიცინოთ!

ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!

                      1905 წ., 6 მარტი, ტფილისი

 

 

 

 

1 2 3 4 5 6
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პოეზია / წერეთელი აკაკი / ლექსები