წეროძე გიორგი

გრანიტის რკალი

 

XXX

 როცა პირველად ვიტირე, რამდენიმე წუთში სოფელზე შეტევა დაიწყეს. გამარჯობა, მე ჰამიდი ვარ, წარმოშობით პუშტუ, ავღანელი. ჩემი დაბადება მამამ ყანდაჰარში შეიტყო, გაუხარდა ვაჟის შეძენა. მუსა ჰოჯას ამის აღსანიშნავად მისთვის ახალი, ამერიკული ავტომატური შაშხანა უჩუქებია. მამამ პირველი მჭიდიდან ნასროლი ტყვიით ერთი რუსი თუ ყაზახი ოკუპანტი გამოასალმა სიცოცხლეს და მერე მისი ჯერი დადგა. დაზვერვაზე წასულებს ცეცხლი გაუხსნიათ.

მათაც გაუხსნეს საპასუხო ცეცხლი. მერე გორაკის თავზე გამაგრებულან. გორაკი სამი მხრიდან მიუდგომელი იყო, მეოთხე მხარე კი ხეობას გაჰყურებდა რომლის გასვლასაც აპირებდნენ საბჭოთა ჯარისკაცები. შეშინებული ოკუპანტები ჯავშანტექნიკას ამოფარებულები ცდილობდნენ სიცოცხლის შენარჩუნებას. ფიქრობდნენ რომ ხეობაში შესვლისთანავე ჩასაფრებაში მოყვებოდნენ, ამიტომ არ გარისკა მათმა მეთაურმა გზის გაგრძელება. მათ საჰაერო დახმარება გამოიძახეს. რამდენიმე წუთში კვადრატი, სადაც მამა რამდენიმე თანამებრძოლთან და ერთ უიარაღო მწყემსთან ერთად იმყოფებოდა, მოიერიშე შვეულმფრენებმა დაამუშავეს.

ცოცხალი მარტო ლოდებს შორის ჩამალული მწყემსი გადარჩა, რომელმაც იმავე ღამეს გადაწყვიტა თხებისთვის თავის დანებება და მოჯაჰედებთან ერთად ბრძოლა. ამ ამბის შემდეგ 26 წელზე მეტი გავიდა და აქ ისევ ომია, ძველი მტერი ძველმა მოკავშირემ ჩაანაცვლა. შეიცვალა ომის წარმოებოს სქემა თუმცა არ შეცვლილა მისი მიზანი. ეს ომი დასავლელების აზრით თალიბთა რეჟიმის განდევნას და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებას ემსახურება თუმცა ეს ტყუილია, ეს სისხლიანი ბრძოლაა, ოპიუმის ომი.

ამიტომაც გადავწყვიტე ხელში ავიღო იარაღი. დავიცვა ჩემი ოჯახი, რომელიც უკვე აღარ მყავს და ღირსება რომელსაც მილახავენ. ახლა მე მივდივარ დავალებაზე იმ ადგილიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში სადაც მამაჩემი დაეცა.

 

XXX

 

 გარეთ სითბოა, თუმცა ვიცი რომ სითბოს ღამით საშინელი სიცივე ჩაანაცვლებს. დღეს უკვე მეოთხეჯერ გავედით სოფელში რაც აქ ვარ.

შევხვდით უხუცესებს რომლებიც ადგილობრივებისთვის ღმერთთა სწორია თუმცა ჩემი აზრით ოპიუმით გადებილებული კუანა ბებრების ხროვაა და მეტი არაფერი. სერჟანტი როდრიგესი ადგილობრივი თარჯიმნის დახმარებით მთელი ერთი საათი ელაქლაქებოდა ამ წითელწვერა, თითებჩაყვითლებულ ეშმაკებს. არ ვიცი რაზე, მე გარე პერიმეტრზე კარებთან ვიდექი და ბრძანება მქონდა ნებისმიერი მამრისთვის რომელიც საეჭვოდ მოიქცეოდა, გაფრთხილების შემდეგ, დამიზნებით გამეხსნა ცეცხლი. მთელი ხუთი თვე დარჩა სახლში დაბრუნებამდე, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები უკან, უკვე მოსაბეზრებელია ამდენი მაღალკალორიული საკვები, წყლით სავსე პოლიეთილენის ბოთლების ჩამორიგება, ჟღვლინტიანი ბავშვების ფერება და საღამოობით ედის ლეპტოპში ტუჩებდაბერილი ქერა ქალბატონების კვნესის ფონზე ნძრევა.

ხო მართლა, საკუთარი თავი არც კი წარმომიდგენია – მე დასტინი ვარ, დასტინ უილიამსი, ვეტნამის ომის გმირის, ნაბიჭვარი, კომუნისტი ვიეტკონგელების მიერ დახვრეტილი თომას უილიამსის მესამე ვაჟი. ახლა უკვე თავადაც სამხედრო მოსამსახურე, ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპრალი. თუმცა რაღა ჯარისკაცი ვარ, უკვე თვეზე მეტია აქ ვარ და თალიბი მებრძოლი თვალადაც არ მინახავს, არადა ერთი სული მაქვს ვინმემ თავისი ბინძური ტრაკი მომიშვიროს ჩემს კოლიმატორულ სამიზნეში. ისე ტრაკს თავი ჯობია, ტყვიის თავში გარტყმის ეფექტი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მხიბლავს მაგრამ...

სიმშვიდეა, ხოდა მეც ბრძოლის მაგივრად საღამოობით ჩემი თანამემამულე პატარა ბოზების პორნოგრაფიული შედევრების ყურების შემდეგ პატარა ტრანშეს უკან ვანძრევ, ან ყუთებისგან შეკრულ ლოგინზე წამოგორებული ვუსმენ როგორ ცოდვილობს გიტარაზე ჩვენი თანამებრძოლი პეპე სანჩესი. ესაა ჩვენი მოსაწყენი ცხოვრების ექვსთვიანი ყოველდღიურობა. მეტს ვერაფერს გააკეთებ მუსა-ქალაში. ღმერთო დაწყევლე მთელი ჰელმანდი და ავღანეთი!

 

XXX

 

უკვე რამდენიმე საათია მივდივარ, ვცდილობ შეუმჩნეველი ვიყო და მაქსიმალურად მოვერიდო ჯარისკაცებს. იარაღი და შავი ცელოფნის პარკი რომელშიც დეტონატორები მიწყვია სხეულზე თოკით მაქვს დახვეული ამიტომაც კალთის ქვეშ კარგად იმალება. დაბინდებამდე აუცილებლად უნდა მივაღწიო აულამდე, იქ ჩვენი კაცი მელოდება.

ჩამავალი მზის ფონზე ოპიუმის ოპიუმის ყანასთან ვჩერდები, ჩემი ვარაუდით აულამდე 2 საათში მივალ. უკანასკნელი საათები ტანჯვად იქცა, გაოფლილ კანზე მშრალი ქვიშა მეწებება, ფეხები დამისივდა, ტერფები დამიწყლულდა მაგრამ მაინც მივდივარ. ჩემი იდეისთვის, ცემი ოჯახისთვის და ალაჰისთვის მივდივარ.

დაღამებულზე სოფელს მივადექი, საიდის სახლი აულის განაპირას იდგა. კარზე სამჯერ დავაკაკუნე, მცირე პაუზის შემდეგ კი ორჯერ. კარი საიდმა გამიღო. ინშალლაჰ მოხვედი! გამიღიმა და ჩამეხუტა. დაღლი ვიყავი, მან თხის რძე და თრიაქი შემომთავაზა, თრიაქზე უარი ვთქვი. საქმე გააზრებულად, საღი გონებით უნდა მიმეყვანა ბოლომდე.

გათანებამდე 6 საათზე მეტი რჩებოდა, ნაღმი სიმაღლის ქვემოთ მიმავალ გზაზე უნდა დამედო სადაც დილაობით ჯავშანკოლონა გადაადგილდებოდა. ეს ყველაფერი შეუმჩნევლად, იდეალური სიზუსტით უნდა შემესრულებინა, პრობლემა ის იყო რომ სიმაღლეზე მთელი ღამის განმავლობაში მორიგეობდნენ ღამის ხედვის მოწყობილობებით აღჭურვილი ამერიკელი ჯარისკაცები, მეკი ღამის ხედვის მოწყობილობა არ გამაჩდა.

 

XXX

 

დღეს სიმაღლეზე უილიამსი და მაკ-ო-დონელი დარჩება – თქვა სერჟანტმა როდრიგესმა და ქათმის პატარა ძვალი პირიდან ფურთხს გამოაყოლა.

-სიგარეტები ჩემს ყუთში დევს ბიჭებო, თუ მაინცდამაინც მოწევა მოგინდებათ სანგარში, დაბალ სიმაღლეზე მოწიეთ, ასე უფრო კომფორტული იქნება და თან საკუთარი უკანალების კოორდინატებს არ გადასცემთ ნაბიჭვრებს.

არის კითხვები?

– არა სერ!

– მშვენიერია, ახლა საქმეს მიხედეთ.

მიყვარს ღამით პატრულირება, ამ დროს მაინც გაქვს მცირე შანსი ვინმე გზააბნეულ თალიბს გადააწყდე, რომლის მოძრაობაზეც შეძლებ შენი შაშხანის შესაძლებლობების შემოწმებას. თუმცა ალბათ დღეს მე არ გამიმართლებს, სიმაღლეზე ჩემთან ერთად გამოცდილი სნაიპერი, როი მაკ-ო-დონელი იქნება. როის დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი მისი შესაძლებლობები. ერთხელ სწავლებებისას ისე შეინიღბა, ლამის თავზე დააფსა ინსტრუქტორმა, სროლითაც კარგად ისვრის და მსხვილკალიბრიანი, მ-82 ბარეტის შაშხანაც აძლევს ამის შესაძლებლობას. მოკლედ კარგი ბიჭია, ერთადერთი ნაკლი ის აქვს რომ კათოლიკეა და რომის პაპს უფრო მეტ პატივს სცემს ვიდრე ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებს. მოკლედ ამაღამ როისთან ერთად გავიყინები ამ დაწყევლილ სიმაღლეზე, იმედია მცირე შანსს მაინც დამიტოვებს ეს ირლანდიელი ნაბიჭვარი!

 

XXX

 

საიდმა ორი საარტილერიო ჭურვი მომცა. ეს ჭურვები ცოტა ხანში ნაღმად უნდა იქცეს, ნაღმად რომელმაც ჩემი ქვეყნის მტრების ჯავშანკოლონა უნდა ააფეთქოს. ახლა ჩემი მთავარი საზრუნავი მათი უსაფრთხო ტრანსპორტირებაა.

გარეთ უკუნეთი სიბნელეა, მთვარე არ არის რაც ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს. დანიშნულების ადგილამდე 5 კილომეტრზე მეტი რჩება, თუმცა უნდა გავიარო ამერიკელების პატარა ბაზა, რომელიც გორაკზეა. გორაკზე პატრული იქნება, ამიტომაც მარცხენა მხრიდან უნდა მოვუარო რომ შეუმჩნეველი ვიყო. ალლაჰი ჩემთანაა, ამიტომაც მე შევძლებ! შევძლებ ამის გაკეთებას! გორაკი სულ უფრო ახლოვდება, მგონი იქ ვიღაც დგას. ორნი არიან, ერთ-ერთი სიგარეტს ეწევა. მხოლოდ მათ სილუეტებს ვხედავ. ძნელია შეუმჩნეველი იყო მტრისგან რამდენიმე მეტრში, თან მაშინ როცა ჩანთაში ნაჭრებდახვეული ორი საარტილერიო ჭურვი გიდევს.

გული უფროდაუფრო მიძგერს. გორაკის ძირს, დამშრალი მდინარის ხეობას უნდა გავყვე, კლდე ჩემს ზემოთ მოექცევა და ასე უფრო შეუმჩნეველი ვიქნები. უხმაუროდ უნდა ვიარო, ჩემი თითოეული არასწორი ნაბიჭი შესაძლოა ჩემივე სიცოცხლისთვის აღმოჩნდეს სახიფათო. სხვა გზა არ მაქვს, სიმაღლის ირგვლივ გაშლილი ველია, მხოლოდ ნახევარი კილომეტრის დაშორებითაა ერთი პატარა შენობა, რომელიც შეიძლება თავშესაფრად გამოვიყენო. გზას ამერიკელები აკონტროლებენ. კლდეს მივუყვები, იმდენად ახლოს ვარ მტრის სიმაღლესთან რომ უკვე მათი ლაპარაკის ხმაც მესმის, აქ კი თავში ერთი იდეა მომდის, იდეა რომელიც ჩემი აზრით უფრო ეფექტური იქნება ვიდრე გზის დანაღმვაა. იმედია მაპატიებენ ჩემი ძმები ამ ავანტიურისტულ ნაბიჯს.

 

XXX

 

მაკ-ო-დონელი თითქმის არასდროს ლაპარაკობდა, თუმცა დღეს ტრადიცია დაარღვია და პირველმა ამოიდგა ენა.

– უილიამს, არ გინდა მაგ ნაგავს თავი რომ დაანებო?

– სიგარეტს გულისხმობ?

– ხო.

– არა, მიყვარს მოწევა, ამ დროს უფრო მშვიდად ვარ

– სამაგიეროდ მე ვღელავ მაშინ როცა შენ ეწევი ღამით, განსაუთრებით მაშინ თუე ს პოსტზე ხდება!

– კარგი რა როი, აქ მაინც არავინ დადის, მგონი ღმერთს საერთოდ დაავიწყდა ეს ადგილი.

– კარგი, მე უბრალოდ გაგაფრთხილე.

როიმ ზურგი შემაქცია, ღამის ხედვის ოპტიკურ სამიზნეზე დაყრილ მტვერს სული შეუბერა და მისი წმენდა დაიწყო.

უცებ შემოტრიალდა, რამდენიმე წამი ჩუმად მიყურებდა და მკითხა – ხმა გაიგონე?

 

XXX

 

15 წუთია ვცდილობ ორი საარტილერიო ჭურვი ერთმანეთს ელექტროსადენებით დავაკავშირო. როგორც იქნა მოვახერხე, ზედ პლასტიდის მოზრდილი ნაჭერი დავაკარი და დეტონატორი დავსვი. კლდის ქვეშ, ლოდის ძირს ხელებით დავიწყე მიწის ამოთხრა, რამდენიმე წუთის შემდეგ ორმო მზად იყო, ჭურვები ორმოში მოვათავსე და ზედ მიწა დავაყარე. ახლა იმ შენობამდე უნდა მიმეღწია უჩუმრად რომელიც ველის შუაგულში იდგა და საიდანაც კარგად სჩანდა სიმაღლე. ჩემი ვარაუდით ცეცხლის გახსნის შემდეგ რომელიმე ამერიკელი სწორედ ამ ლოდის ქვეშ აირჩევდა პოზიციას, აქედან შენობა კარგად ჩანდა, ამერიკელები კი სასროლად ყოველთვის კარგ პოზიციას ეძებენ. როგორც კი ლოდის ქვეშ ჩასაფრდებოდა ჯარისკაცი ნაღმიც მაშინვე ამოქმედდებოდა.

 

XXX

 

– რა მოგელანდა ?

– ჩუმად!

როი სანგრის განაპირას ჩაიმუხლა და შაშხანა მოიმარჯვა. ადგილზე გავიყინე, ძნელია არ დაუჯერო შენზე გამოცდილ მებრძოლს, რომელიც თითქმის სუნით გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს.

მან შაშხანა გადატენა, ის იყო კვლავ ოპტიკურ სამიზნეში უნდა გაეხედა, ამ დროს მისი ბღავილი გავიგონე – “დაბლა! თერთმეტი საათის მიმართულებით! შეიარაღებული პირი!” – ამ დროს სროლის ხმაც გაისმა, თუმცა ეს არ იყო მაკ-ო-დონელის შაშხანის ხმა, ეს საბჭოთა კალაშნიკოვიდან ნასროლი ჯერი რომელმაც როის ირგვლივ მიწა გათხა. ჩაწექი ო-დონელ! ვიყვირე და იარაღი გადავტენე, თუმცა როი სანგარში არ ჩაწოლილა. ახლოს მივხოხდი, მიწა სველი იყო, როის კი ჯერ ისევ უცემდა გული. რადიოკავშირი მოვიმარჯვე – ბრავო ერთი ალფას! ბრავო ერთი ალფას! ბაზაზე თავდასხმაა! დაჭრილი გვყავს! ბრავო ერთი ალფას! როდრიგეს!!! სერჟანტო როდგიგეს!

სიმაღლიდან ჩვენს ბაზამდე 150 იარდი იყო, უკვე მესმოდა როგორ ახმაურდნენ ჩვენი თანამებრძოლები. კვლავ როის მივუბრუნდი და მისი პულსი შევამოწმე, ის უკვე აღარ ცემდა... ხელები საძილე არტერიასთან მივიტანე, ტყვიას ყელში გაევლო, მაკ-ო-დონელი მკვდარი იყო. როის შაშხანა ავიღე და და კვლავ სანგარში ჩავწექი.

სიმაღლე მიზანში იყო ამოღებული, ალბათ ბლომად იქნებიან, ჯობია ქვემოთ ჩავბობღდე და ლოდებში ჩავიმალო – გავიფიქრე და ხოხვით გავყევი სანგრის ბოლომდე, აქედან მოკლე გზა იყო რომელიც ქვემოთ, კლეებში ჩადიოდა.

 

 XXX

 

გავრბივარ, მივუყვები დამშრალი მდინარის კალაპოტს რომელიც უახლოესი გზაა შენობამდე, შენობამდე რომელიც ახლა ჩემი ერთადერთი იმედია.

როგორც კი ნაღმი დავდე, ჩემგან დაახლოებით 50 მეტრში სნაიპერი შევნიშნე, უკვე ჩემსკენ აპირებდა შემოტრიალებას თუმცა არ ვაცალე. მარტო არ იქნებოდა, იქ სხვებიც იქნებოდნენ, ამიტომაც სირბილით გავეცალე დანაღმულ ტერიტორიას, დიდი შანსია ხელყუმბარა გესროლონ, მან ნაღმი აამოქმედოს და აფეთქებული კლდის ლოდებმა მტერთან ერთად შენც ჩაგქოლოს.

 

XXX

 

კლდის პირას ერთი დიდი ლოდი ეგდო, საუკეთესო პოზიციაა! პირდაპირ ხედავ რა ხდება შენს დაბლა ველზე. უკვე თენდებოდა. ბიჭების ხმა მესმოდა, ისინი პოზიციებს იკავებდნენ. ღმერთმა დაწყევლოს! გადარბენის დროს რადიოკავშირი დავკარგე, ახლა კავშირის გარეშე ვარ. მარტო, შაშხანით ხელში! აი ჩემი შანსი! შანსი რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობდი! მე შემიძლია მტრის ლიკვიდაცია! მე შემიძლია ჩემი თანამებრძოლებისთვის საცეცხლე მხარდაჭერის გაკეთება! მე შემიძლია როი მაკ-ო-დონელის სისხლის აღება!

ლოდის ამოვეფარე, შაშხანის სადგარი გავხსენი და მიწაზე მოვათავსე.

სამიზნეში არაფერი ჩანს, ველი სუფთაა. ეტყობა ტერორისტების პატარა ჯგუფი იყო. დაახლოებით 550 იარდში, შენობასთან მოძრაობა შევნიშნე. თენდება. ცოტაც და ყველაფერი უფრო ნათლად გამოჩნდება. ჩემები უკვე პოზიციებზე არიან. სანგრიდან ხმა მესმის.

– სერჟანტო როდრიგეს! უილიამსი ვარ, დაბლა ვარ, 12 საათზე შენობაში მოძრაობაა, კონტროლზე მყავს აყვანილი – ვიყვირე ხმამაღლა

უცებ შენობის უკან სილუეტი შევნიშნე, ალბათ მზვერავი იყო და შორიდან გვაკვირდებოდა.

ოპტიკურ სამიზნეში მას უკვე გარკვევით ვხედავდი, კედელს ამოფარებული იყურებოდა ჩვენი მიმართულებით. ჰაერი ჩავისუნთქე, 1,2,3,4,5,6... სამიზნის მიმართულებით ბარეტიდან ცეცხლი გავხსენი. უცებ შეხტა და მიწაზე დავარდა. არის! ესეც პირველი ტერორისტი ჩემს აქტივში!

 

 XXX

 

 მხარი გადაგლეჯილი მქონდა, გაფლეთილი კუნთიდან სისხლი მოჩქეფდა რომელსაც თან ჩემივე ძვლის ნამსხვრევები გამოჰქონდა ორგანიზმიდან. ნახევარი მეტრი ვიხოხე და კედელს მოვეფარე. დამთავრდა, ჩემი მოკლე ცხოვრება დამთავრდა.

მეც ისევე დავეცი თავისუფლებისთვის ბრძოლაში როგორც ოდესღაც ჩემი ძმები, ჩემი თანამებრძოლები და მამაჩემი. ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა, რომ შვილი, შვილი ვერ დავუტოვე ჩემს ქვეყანას. ტანსაცმელი სისხლით გაიჟღინთა. მცივა, თანდათან მზის სხივებსაც ეცვლება ფერი, თვალი მიბნელდება, ჰაერი თითქოს მეყინება ფილტვებში. ალლაჰ! ჩაიბარე ჩემი სული! ალლაჰ შენ გააძლიერე ჩემი ხალხი!

 

XXX

 

უილიამს ტერიტორია სუფთაა! ტერორისტი მარტო მოქმედებდა! შენ შეძელი მისი ლიკვიდაცია დამპალო ნაბიჭვარო! მომესმა ედი ფიშერის სიხარულით ნათქვამი სიტყვები.

 ღმერთო, რა უჩვეულო გრძნობაა, კლავ ადამიანს და გიხარია. თავი ჩავღუნე მუზარადი ოპტიკურ სამიზნეს ჩამოვადე. თვალიდან ერთი წვეთი ცრემლი ჩამოსრიალდა, გადაიარა მტვრიანი სახე და ნიკაპთან გაჩერდა.

ფეხის ხმა გავიგონე, ფიშერი ჩემსკენ მოდიოდა, წამოვდექი და... ღმერთო, მგონი ისევ შენთან ვარ, მაგრამ რატომ ცხელა აქ ასე? რატომ მტკივა სხეულის ყველა უჯრედი? ან რატომ ძვრება ჩემს ორგანიზმს სხვადასხვა ნაწილები? ნაღმი! ღმერთო, ნუთუ მართლა ნაღმზე ვიწექი? ასეთები ხართ თქვენ, არ შეარგებთ ადამიანს სიხარულს! ჯანდაბა! მე ავფეთქდი! ზუსტად ერთი წუთის წინ ამაყი საზღვაო ქვეითი, კაპრალი უილიამსი ვიყავი, ახლა კი მტვრის, ლითონის ნამსხვრევების და დაკეპილი ხორცის პატარა გროვა ვარ... ღმერთო, ნეტა იგივეს გრძნობდა ის თალიბი მებრძოლიც? ჯანდაბას!

 

XXX

 

-ორი დაღუპული და ერთი დაჭრილი. გვარები უილიამსი და მაკ-ო-დონელი

– დაჭრილის გვარი?

– ფიშერი, დედი ფიშერი

– როგორია მისი მდგომარეობა?

– სტაბილურად მძიმე სერ. ფეხი დაკარგა, თუმცა მგონი მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

– სამწუხარო ფაქტია. თუმცა არავინ ვიცით როდის დავიღუპებით, ჩვენი პროფესია ომია, ომი სერჟანტო როდრიგეს. აქ ამისთვის ვართ, რაიცი, იქნებ ხვალ თქვენ ან მე ზუსტად იგივე ბედი გავიზიაროთ.

ჩვენ ხომ აქ მშვიდობის დასამყარებლად ვართ...

– გეთანხმებით სერ...

 

XXX

 

2009 წლის 15 თებერვალს კიევის “ავღანელთა კლუბი” ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის დასასრულს და ქვეყნიდან ჯარების გამოყვანის 20 წლისთავს აღნიშნავდა. დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს ამ თარიღს ულოცავდნენ და იმ ბძოლებს იხსენებდნენ რომელიც ერთად გადაიტანეს ავღანეთში. ყოველი შეკრება ტრადიციულად რესტორანში მთავრდებოდა.

“სარატოველი კოლია სოკოლოვი გახსოვს? შარშან დაიღუპა საწყალი.” – უთხრა კარგად შეზარხოშებულმა პოლკოვნიკმა გერასიმენკომ ძველ თანამებრძოლ ვიტალი კუჩმას. “რა დამავიწყებს” – ღიმილით უპასუხა კუჩმამ. “ერთხელ ყანდაღარში, ხეობაში მივდიოდით, უცებ გორაკიდან ცეცხლი გაგვიხსნეს. კოლიამ და დავითმა გახსნეს საპასუხო ცეცხლი, გახსოვს დავითი? აი მაგათ იყოჩაღეს. გვეგონა “დუშმანები” ბლომად იყვნენ, ბე-ემ-პე-ების უკან ჩავიმალეთ.

ჩხარტიშვილმა ავიაცია გამოიძახა, სიმაღლე ხუთ წუთში “კრაკადილებმა” დაამუშავეს. რომ ავედით მხოლოდ ორი კაცი დაგვხვდა, ერთი მკვდარი იყო, მეორე სისხლისგან იცლებოდა. წყალი დავალევიეთ, ორი სიტყვა თქვა; ჰამიდ და ალლაჰ. პირველი ვერ გავიგეთ რას ნიშნავდა, მგონი ვიღაცის სახელი უნდა იყოს... შენადა, როგორ დაიღუპა სოკოლოვი?”

– შარშან ჩამოაგდეს საქართველოში, ეგ ბოლოს მოზდოკში იყო, სუ 24-ის პილოტად მსახურობდა.

კუჩმას გაეღიმა

 – რატომ გაიღიმე? ჰკითხა გერასიმენკომ.

 – სოკოლოვი ჩვენივე თანამებრძოლის, დათო ჩხარტიშვილის ბიჭებმა ჩამოაგდეს, ჩხარტიშვილი დღემდე საქართველოს შეიარაღებული ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთ-ერთ დანაყოფს ხელმძღვანელობს.

აჯობა თანამებრძოლს. ცხოვრება ასეა ჩემო პოლკოვნიკო, დღეს შეიძლება ძმები ვიყოთ, ხვალ კი ერთმანეთს იარაღი მივუშვიროთ.

ყველაფერი პოლიტიკოსების ნება-სურვილზეა დამოკიდებული. არ ვიცით ვინ როდის დავიღუპებით, ჩვენი პროფესია ომია, სისხლიანი და გრანიტის გულიანი ომი ბატონო პოლკოვნიკო.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / წეროძე გიორგი / გრანიტის რკალი