წიკლაური მარიამ

ნოველები

ვარიაციები თემაზე “სამშობლო”

 

• ბრძენი ლაო-ძი 25 საუკუნეა ამტკიცებს, ბორბლის არსს მორგვში მოქცეული სიცარიელე ქმნისო. როგორ არ მინდა, ჩემო სამშობლოვ, შენი არსიც საზღვრების შიგნით მოქცეულმა სიცარიელემ შექმნას. ჩემი ქვეყანა არც ჭურჭელია, არც ოთახი... თესლისგან დაცლილი მიწა, გლეხისგან დაცლილი სოფელი, ხეებისაგან დაცლილი ტყე, თევზისაგან დაცლილი მდინარე, შვილებისაგან დაცლილი სახლი, გმირებისაგან დაცლილი აწყმო, ღვთისაგან დაცლილი გული ვერასდროს შექმნის სამშობლოს არსს, როგორც ტაძრის არსს კედლების შიგნით მოქცეული სიცარიელე ვერ დაიბრალებს. სამშობლოს მრევლი უნდა გერქვას, თუ მოქალაქე? რამდენ კითხვას დასვამს ცხოვრება, ცხოვრების არსს კი გაუცემელი პასუხები შექმნის ყოველთვის, ვით წარმავალი ჩვენი ყოფა მარადიული სიცოცხლის არსს ქმნის აწ და მარადის . . .

• ჩემი სამშობლო საფლავზე ამოსული ყვავილივითაა. ბოლომდე ვერ ტკბები მისი სილამაზით. ის სევდიანი მშვენიერებაა. ზავია ორ მარადიულ სოფელს შორის დადებული და უკვდავებაზე დაფიცებული.

• შავი პური გავჭერი და უნებურად დავყნოსე. ოდესღაც ასეთი სუნი ტრიალებდა ჩემი წინაპრის კერაზე. შეფქვილული აბლაბუდა წამედო, თითქოს “ცოტა რამ სამშობლოს შესახებ” – ასე მერქმეოდა იმ წუთში, ლექსი რომ ვყოფილიყავი.

ასე მქვია, როცა მიწის, წვიმის, თივისა და რძის სურნელი მცემს. ასევე მქვია, როცა ვერ ვწერ ლექსებს სამშობლოზე, როცა ვუმზერ მას, ვუმზერ და ფიქრებსაც შავი პურის სურნელი ასდის.

• სამშობლო ფოლკლორივითაა – უავტორო, უჟამო, უმშვენიერესი. ერთადერთი რამ, წერტილი რომ არ ესმება, არ სრულდება . . . დედაკაცია ჩემი საქართველო. ეგონა თავისუფლებაზე ვქორწინდებიო, ხელში კი მონობა შერჩა და საქორწილო სარეცელიც უშნოდ შეჩორკნილი დახლი აღმოჩნდა. გულს მაინც არ იტეხს. დედაკაცია და იმიტომ.

• ამტკიცებენ, უძველესი ევროპელები ვართო! უძველეს აზიელობასაც არაფერი დაეწუნება, მაგრამ მე იმის მეშინია, უძველესი ამერიკელობა არ დაგაბრალონ, ჩემო ძალიან, ძალიან, სულ და მარად კავკასიის ქედზე მიჯაჭვულო საქართველოვ.

• სამშობლოს მშვენიერება მისი გმირებია. გმირი, მწერალი და წმინდანი – “ენა, მამული, სარწმუნოების” განკაცება და განსხეულება. დრო, რომელიც თავის გმირს ვერ წარმოქმნის, ბერწი და ფუჭი დროა. ისეც ხდება, რომ ეს სამება ერთ არსებად გვევლინება და ასეთი პიროვნება ერის ისტორიაში ნიშანსვეტად აღიმართება ხოლმე. იგი ასაზრდოებს ერის ცნობიერებას მარადიულობისა და უკვდავების რწმენით.

• “ჩემო კარგო ქვეყანავ..” – ეს სიმღერა ჩემი სამშობლოს ჰიმნია, ისევე თავისუფლად ამოსული და ამომღერებული ქართველის გულში, როგორც ქართლის ველებზე ყაყაჩოები. რაღას ეძებენ, რა უნდათ უკეთესი. ამ სიმღერას საქართველოს “ბედის იავნანაც” შეგიძლია უწოდო, არამც თუ ჰიმნი!

• თუ ქართველების სიამაყე მათივე სიღატაკის ხარისხით განისაზღვრება, ჩვენზე ამაყი ხალხი ცოტა თუა დედამიწაზე. მაგრამ ვაი, რომ ჩვენში მდიდარი უფრო ამაყია ღარიბზე. გამოდის, რომ სიღატაკის მეფური განძი კი არ ყოფილა სიამაყე, არამედ ფუფუნების მათხოვრული ბუნებაც.

• ვერლიბრი მხოლოდ თავისუფალი კი არა, მართალი ლექსიცაა. მაგრამ ადამიანებს არ აინტერესებთ სიმართლე. ადამიანებს უყვართ იმის კეთება და ქმნა, რაც ბუნებაში არ მოიპოვება. კაცთა მოდგმის მთელი ისტორია ბუნების წინააღმდეგ ამბოხებული სულის ისტორიაა, მაგრამ რითმიანი ლექსივით მშვენიერი და ცრუ. ადამიანები აშენებენ სახლებს, იშინაურებენ ცხოველებს. გამოჰყავთ დეკორატიული მუხა და ლომი, იგონებენ კანონებს და თამაშობენ როლებს. როცა ხორბლის მარცვლიდან მწვანე ღერო ამოდის, ეს უკვე მზესთან, მიწასთან, წვიმასთან ნაპოვნი რითმაა, თუნდაც ეს მარცვალი სველ ბამბაზე იყოს გაღვივებული.

მაგრამ, როცა სულიდან ტკივილი ამოიზრდება და სამშობლოზე ფიქრობ, რითმებს უბრალოდ ვეღარ დაუწყებ თავმოყრას და ისევე გაიფანტები ფურცელზე, როგორც ვერლიბრი – მართალი ლექსი, მართალი და ულამაზო, შეუქმნელი და უჭირისუფლო. ვეღარ იტყვი ასე კოპწიად:

 ჩემი სამშობლო მწვანე ველია,

 ვისთვის სამოთხე, ვისთვის – საფლავი.

 სამშობლო ჩემი მწვალებელია,

  გაუმხელელი ცოდვის ამბავი

 

 ვერც ასე:

ვიცი, დიდია ცის სამყოფელი,

ვიცი, სამშობლო უფრო მეტია

და საამქვეყნო ციცქნა სოფელი

ჩემი სულის და ლექსის ბედია.

 

 არამედ ფიქრობ და რწმუნდები, რომ სამშობლო კი არ გაქვს, გყავს უძლური, ყბედი, ტრაბახა და სკლეროზიანიც, თან ლამაზი და ნიჭიერი. სულ თავის განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს. იქნებ საკუთარი თავისადმი რწმენაც შველის გადარჩენაში? ჩინებულია, როცა შიში არაფრისა გაგაჩნია და გგონია, რომ ღმერთი უპირობოდ შენს მხარეზეა. იქნებ, ასეც სჯობდეს ამ უსამანო კოსმოსში? სინამდვილისა და სიმართლისა ან კი რა უნდა შეიტყო კაცმა? იქნებ, სწორედ სიმღერითა და პოეზიით ვაწვდენთ ხმას მარადისობას.

• იქნებ, დედამიწაც, ჩვენსავით ცერებზე რომ უვლის გარშემო მზეს, ჩვენივე მიუგნებელი სიმართლით იხანგრძლივებს სიცოცხლეს? ეჰ, რა პათეტიურია ეს სიტყვები, როცა სამშობლო გყავს ავად.. როცა სოფლისა და ქალაქის ხმა ერთმანეთში აირია. თიხა პლასტმასით შეიცვალა, სელი – ცელოფნით, სანთელი – პარაფინით, მარილი – ემულგატორით, ამბიონი – ეკრანით, ქალი – კაცით, ხელოვნება – ხელოვნურობით, წერილი – მესიჯით, სხივი – გამოსხივებით, მეგობარი – პარტნიორით, მწერალი – შოუმენით, მოძღვარი – ფსიქოტერაპევტით, მასწავლებელი – რეპეტიტორით, გლეხი – ვაჭრით, დამარცხებული – ლტოლვილით, მეფე – პრეზიდენტით, მდაბიო – მოქალაქით, ხმა – ჩანაწერით, ლოცვა – შელოცვით, წიგნი – სარკით, ტყე – ნაკაფით, ფიქრი – კაიფით, საქმე – მაიმუნობით, მრევლი – წევრით, განათლება – პრეტენზიით და ასე დაუსრულებლივ… როცა ფულმა შეიძლება გააღარიბოს ყველა და ყველაფერი. შენ კი უნდა დაიჯერო, ირწმუნო და მომავალს შეუნახო შენი სამშობლოს მშვენიერება და უკვდავება ისე, რომ ვერავინ შეიტყოს დედამიწაზე ეს ტანჯვა და ტკივილი. რომ მხოლოდ შენ გაგისკდეს გული და აიძულო საკუთარი თავი და შთამომავლობა, მთელი სიცოცხლე სამშობლოს მიუძღვნას, თუნდაც არაფერი ეღირსოს ქვეყნად სამშობლოს მიწის მეტი..

• მშვენიერი სამყოფელი გვაქვს ადამიანებს – დედამიწა. ჩვენი საერთო სამშობლო, სამყაროს ერთი პაწია ატომი. ასეთი ატომების ვინ იცის, რა რაოდენობა ქმნის, ვინ იცის, ვის სამშობლოს.. ფიქრი რაც უნდა უსასრულობას მოავლო, მაინც დედამიწისკენ ბრუნდება. იმ მიწისკენ, რომელზეც ბალახივით ამოსულხარ კაცთა მოდგმის თესლიდან, სიკვდილისაგან სიცოცხლედ დათესილი. ან კი, რას ტევს ამდენს ამ ციცქნა საყანეში. რას მკის, რას ფქვავს და ვის პურს აცხობს მზის ცხელ კეცზე.

• სამშობლო შენში იმდენია, რასაც შეძლებ და მოერევი, რამდენსაც დაიტევ.. საოცარი ისაა, რომ სრულიად განსხვავებული სამშობლოები ზუსტად ერთნაერად უყვართ ადამიანებს, ერთნაერად ეამაყებათ, ერთნაერად ერთგულებენ, ერთნაერად ეწირებიან, ერთნაერად აუკვდავებენ, ერთნაერად უმღერიან და ვაი, რომ ერთნაერადაც ღალატობენ, ამცრობენ, შეურაცხყოფენ, ჰყიდიან მას. ყველა ღირსეული თანამემამულე ისევე ჰგავს ერთმანეთს, როგორც ყველა უღირსი და შეცდენილი ძე, როგორც ყველა მოღალატე.

• სიბრძნე უჟამოა. ვითხრეს მე-12 საუკუნეში – “სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა”. თუ სახელი როგორმე მოიხვეჭე, მერე რა გიშავს. ხელზე შეგიძლია იმსახურო ცხოვრება. ეს კაცმა! თორემ, სახელმწიფომ მილეთის ხალხი და მათი ბედიღბალიც შეგიძლია ფეხქვეშ გათელო! ჩემს სამშობლოში უმთავრესია სახელის “გაიმასქნება”.

 ერთი თანამედროვე და ნამდვილსახელდაუდგენელი პოეტის ლექსის ,,ერთგულების,, პერიფრაზს გამოვიყენებ:

 მაქვს ერთადერთი გული,

 ერთადერთი გონება,

 ორი თვალი, ერთი ცხვირი,

 ორი ყური,

 ათასი აზრი,

 ხუთი ათასი სტრიქონი,

 მილიონი ფიქრი,

 ყველაფერი შენთვის.

 უთვალავი მცდელობა იმისა, რომ

 ხმა მოგაწვდინო,

 მაგრამ ამაოდ..

 თქვენდამი ერთგულებას ვერ დავამტკიცებ, ხალხნო, ყველაფერი რომ მოგიძღვნათ, რაც გამაჩნია, რადგან უმთავრესი არ მაქვს – სახელი! რომელსაც ამ ხალხივით შენც უფრო მეტად ენდობი, ჩემო საქართველოვ, ვიდრე პოეტის გულს!

• ოქროს ხბო გაფურდა, გაფუვდა, გაფულდა. ყველაფერი გადაძოვა გზაზე – დაფნა, ეკალი, ვარდი და ყაყაჩო… უკერპობას ვერ ეგუება ეტყობა ხალხი. შენ ნუ აჰყვები მათ, თორემ ისტორიისათვის უძლეველობაც პირობითი მცნებაა. არ გაშინებ! მარტო მე კი არა, ყველას გვიყვარხარ. ხშირად უნდა გესაუბროთ სიყვარულზე. ლექსები და სიმღერები მოგიძღვნათ. უნდა გეფეროთ, მოგიაროთ, შეგილოცოთ ავი თვალისა, რათა ირწმუნო შენივე არსებობის აუცილებლობა ამ უკიდეგანო სამყაროში, თუნდაც ჩვენი სიყვარულის გამო.

• მტრის სიძულვილის ნიჭი არ გიბოძა ღმერთმა. მაგრამ ვაი, რომ ეს ის კეთილშობილი უნიჭობაა, რითაც მხოლოდ საკუთარ თავს უშავებ, ჩემო საქართველოვ, თორემ შენი მიწა-წყლის ხიზნებს, იცოცხლე, რგებ და აძლიერებს, საბრალოვ..

• ძლიერ აფიქრებთ დედამიწელებს ოზონის ხვრელი. ჩემს სამშობლოსაც გაუჩნდა ასეთი საშიში ხვრელი, მას ტელე-მედია-ხვრელი ჰქვია. ეკრანი ეშმაკის თვალია, ციკლოპის თვალივით მოუხუჭველი.

• ბავშვობაში მასწავლიდნენ ერთი გმირი ჯარისკაცის ისტორიას, რომელიც მტრის ამბრაზურას გადაეფარა. ჩემი სკოლა ატარებდა მის სახელს. ხანდახან მინდა ასე გადავეფარო ამ მოციმციმე ტელე-ამბრაზურას. ნუთუ, ასე ძნელია, ეს ოხერი ყუთი და მის უკან მდგარი ინდუსტრია ზნეობის, კულტურისა და ეროვნული იდეოლოგიის სამსახურში (ძველმოდური სიტყვებია?) ჩააყენო და არა უსახურობისა და საყოველთაო გამოთაყვანების საშუალებად აქციო თავისუფალი არჩევანის და სიტყვის თავისუფლების სახელით, რაც არ უნდა დიდი ფული გიხადონ ამაში? ო, ჩემო მიამიტო აზრებო, თქვენ რომ უფლება მოგცეთ, უტელევიზორობის კვირეულებს ჩაატარებდით თვეში ოთხჯერ და ნახავდით, როგორ დამშვიდდებოდნენ ადამიანები, რომლებიც “ტელელომკის” გამო იძულებულები შეიქნებოდნენ მოეძებნათ მივიწყებული წიგნები და მეგობრები, დაერგოთ ყვავილები და გასულიყვნენ ქალაქგარეთ, ბუნების მარილის სალოკად.

• საოცარი რამაა ნაგავი. იგი აუცილებლობიდან ამოიზრდება ხოლმე. ის ისე უცნაურადაა შესისხლხორცებული მშვენიერ, ჯასაღ მატერიას, რომ ვერ ამჩნევ უსულო თუ სულიერ საგნებში მის არსებობას. არადა, დრო და მოვლენები განაცალკევებენ არსიდან ნაგავს, თავისთვის, წყნარად, ბუნებრივად. ხელოვნება არის ნიჭი და უნარი, არსებულ მატერიაში ფუჭებადობის დროის კოეფიციენტის გარეშე. უპირობოდ ამოარჩიო ჯანსაღი, მარგებელი, უხრწნელი ნაწილი და იგი ისეთი ფორმით და შინაარსით დაამკვიდრო ყოფაშიც და შემეცნებაშიც, რომ მასზე აღარ იმოქმედოს გარეშე ფაქტორებმა, როგორც მარილი სულისა და გონისა. მართალია, არსებობს ნაგვის გადამუშავებისა და საჭირო პროდუქციის კვლავწარმოების ტექნოლოგიებიც, მაგრამ ეს არაფერია იმასთან, რასაც სიცოცხლის მარადიული წრებრუნვა ეწოდება სა,ყაროში. ჩემი საქართველოს ისტორიაც ასე მარადიულად ბრუნავს და ვაი, რომ დღემდე ვერაფრით გამოაცალკევა ნაგავი მარგებელისაგან.

• შენ უნდა ფეთქავდე და ისე ძალუმად, მთელ კოსმოსს ესმოდეს სიმღერასავით. შენ უნდა ისმოდე ყველგან, ყოველთვის. შენ მარად ცოცხალი სისხლი ხარ სხეულისა, რომელსაც სამყარო ჰქვია და რომლის გული შენივე ხალხია. ოღონდ, გახსოვდეს, არასოდეს დაიდგა თავზე ქაფის გვირგვინი!

• სიყვარულზე საუბარი ადვილია, ვიდრე განცდა სიყვარულისა. სამშობლოსადმი სიყვარულზე საუბარი კი არც ღირს. სულერთია, არავინ დაგიჯერებს და რომ გააბრიყვო ვინმე, მაინც ვერ გააგებინებ, რაზე საუბრობ. ღადგან სამშობლო ყველას თავისებურად უყვარს და სამშობლო ყველასათვის სხვდასხვა რამეს ჰქვია. მხოლოდ ჯარისკაცებმა იციან ზუსტად, რა არის სამშობლო სინამდვილეში.

• შენით ამოთქმული ყველა სიტყვა, ყველა ბგერა, ყველაფერი ერთ პაწია ბალახის ღერში იკირება იმ ძალად, ქვას რომ ხეთქს და მზისკენ მიეზიდება ჩვენს იმედს, რათა ადამიანი დააჯეროს სიცოცხლის უძლეველობაში. შენი ისტორიაც, ჩემო საქართველოვ, სხვა არაფერია, თუ არა ამ ბალახის მოწამეობრივი არსებობა და მარადიული გზა მიწიდან ცისკენ, ციდან მიწისკენ და ასე დაუსრულებლივ, უკუნითი უკუნისამდე..

• მთელი ქვეყნიერება რომ მოიარო, ერთ ღია კარს ვერ მიაკვლევ, გარეთ რომ გახვიდე და ნამდვილი თავისუფლება შეიგრძნო. საერთაშორისო ფონდები, ბანკები, საბჭოები, ორგანიზაციები, კონვენციები, შეთანხმებები… ხომ შეიძლება, გინდოდეს ცის ქვეშ შენთვის წყნარად ყოფნა, რომ არავინ გაწუხებდეს საკუთარი ღმერთისა და სინდისის გარდა.

• პენელოპეს ერთგულებით ელოდები გმირს. ქსოვ და არღვევ საკუთარ ისტორიას და მეც მაჯერებ, რომ იგი აუცილებლად დაბრუნდება.

• დროს დაეკარგა ამაღლებულის განცდა. დრო თანახმაა იყოს მდაბიური, უბრალო, ხელმისაწვდომი, მაგრამ მაძღარი და თვითკმაყოფილი. ამას გვიმტკიცებს მედია. შენც იგივეს გიპირებენ. რა უნდა შენი კეთილი გულის აჩუყებას. ორიოდე გროში მათი ჯიბიდან, ვინც სული მიჰყიდა ეშმაკს. ორიოდე ქათინაური ქართულად თქმული და იმის აღიარება, რომ ბოლოს და ბოლოს, არც მოხუცი მამა ხარ და არც ახალგაზრდა სატრფო. მაგრამ რა იციან მათ, რომ აქ მონადირეც და ბუღალტერიც პოეტია. რომ შენს მიწაზე, ჩემო საქართველოვ, საანგარიშო “ჩოთქიც” ჩანგივით მღერის და მილიონები კაპიკადაც არ უღირს “ზმანება-მტკივან” რაინდებს..

• შენი ისტორია შენივე მარილია. ნუ დაგრჩება თვალი ემულგატორით გაჭყეპილ კეთილდღეობაზე. ნურც ის ფული დაგიბრმავებს თვალს, სიღატაკის მეტი რომ არაფერი მოაქვს კაცთა მოდგმისთვის. ნუ გაგიჩნდება ეჭვი საკუთარი თავისა და ღირსების მიმართ. გახსოვდეს, რომ საფლავები მიწაში ღრმად გადგმული სიცოცხლის ხის ფესვებია და ისე გრძელია და ისე ღონიერი შენი ფესვი, მთელ დედამიწას დაიჭერს ჭანგივით, რამე რომ გაუჭირდეს სამყაროს.

• ქართულმა სულმა და ნიჭმა ერის სინდისი ლიტერატურად აქცია. ,,მეორე სახარებად” შეგვიქმნა სიტყვაკაზმული მწერლობა. Gგვარწმუნა ზნეობრიობის უპირობო უპირატესობაში უზნეობის წინაშე, დაგვაჯერა სიკეთის მარადიულობა. არამხოლოდ სულის უკვდავება გვიქადაგა, არამედ სწორედ ადამიანის ამსოფლიური წამისაც და გვაიძულა ეს წამი გვექცია მშევენიერებად. . . ტანჯვა სულის სამკაულად გვეტარებინა. შთაგვინერგა სამშობლოს ერთადერთობის და უკვდავების იდეა. შიყვარული დაგვიწესა სიცოცხლისა და ადამიანობის საზომად. ჰოდა, როგორ შეიძლება ამის პატრონმა ვერ გაარჩიო ნამდვილი და მოჩვენებითი. ვერ მიხვდე, რა გზით მიყავხარ ქართული სიტყვის მადლს ადამიანი.

• ტალახიანი ფეხებით შეგდექი გულზე, მოგაფურთხე, გაგყიდე, მოგიხმარე, გიღალატე, გესროლე, გადაგწვი, ნაგვის გროვად გაქციე, გამოგალენჩე, სახლიდან გაგაგდე ღირსება აყრილი, შერცხვენილი. მთელ ქვეყანაზე მიმოგფანტე, ცოცხალ-მკვდარი შეგიგინე, ყველა ჯურის მამაძაღლი მოგისიე. მოგიკალი მორჩილი და ჭირისუფალი. . . მაინც გთხოვ პატიებას. დამიჯერე, რომ ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავს, დამიჯერე რომ სამშობლო ღმერთმა გვობოძა, მიწაზევე რომ შევეჩვიოთ ჯოჯოხეთსა და სამოთხეს.

• ისინი, ვისაც თვალში ეპატარავები, ესირცხვილები და ეყიდვინები, არაფერზე დაგიფიცებენ. სახარებასაც მოიშველიებენ: “არა ჰფუცოო.” ისინი შენი ცრემლებით პირს დაიბანენ და იკეკლუცებენ უცხოტომელთა წინაშე – სად თქმულა სამშობლოს ხატობაო. სახარებასაც დაიმოწმებენ: “არ შეიქმნაო ხატი ჩემს გარდა”. ისინი შეგამკობენ ახალ-ახალი კანონებით, ღერბებით, დროშებით, ჰიმნებით, რადგან უხდება მოსაკითხი უპოვარს და მორთვა მიცვალებულს. ისინი შექმნიან ეპოსს დემოკრატიის საგმირო საქმეებზე და მით უფრო გამდიდრდებიან რაც უფრო გაუძლიერდებათ უსამშობლობისა და უსინდისობის უნარი. ნუ შეახსენებთ მათ ნურაფერს საქართველოზე. გულს ნუ ატკენთ იმის მტკიცებით, რომ ჩვეულებრივი, ისტორიული ქართველები ყოფილან.

 • სახლად და ეზო-კარად ქცეულო მამულო, ვინ გიბედავს, ცხრაკლიტულში გამოგამწყვდიოს? ვინ, ვინ ბედავს თვალშეუდგამი გალავნები შემოგავლოს და ნაწილ-ნაწილ დაისაკუთროს შენი მშვენება? აკაკის, სატრფო ქაჯეთის ციხეში ეგულებოდა, მისტიროდა და ვალალებდა. ახლა ეს ვითომდა გამოხსნილი ნესტანი მისხალ-მისხალ დაგვინაწილებია და საკუთარ ქაჯეთის ციხეებში ჩაგვიმწყვდევია და თანაც ვამტკიცებთ ქვეყანა მშვენდება და შენდებაო.

• ნურასოდეს შეგრცხვებათ სიყვარულის. მით უფრო სამშობლოს სიყვარულისა. მას არ სჭირდება მალვა. ის რელიგიაა, რომელსაც წმინდა გულით უნდა ემსახურო. როგორც ყველა რელიგიას, სამშობლოსაც, თავის მწვალებლები ჰყავს. არ იციან, რომ სამშობლო ბედისწერაცაა, სისხლის მეხსიერებაც, სინდისიც და გნებავთ, მფარველი ანგელოზიც. არ შეიძლება, ის მოდაში იყოს, გემსახუროს, ვალი ემართოს. მით უფრო, შეუძლებელია ლუკმად აქციო მამული და ამქვეყნიური კეთილდღეობის გარანტად გაიხადო. სამშობლოს გულითაც უნდა ხედავდე, გიყვარდეს და გრძნობდე. შენივე სამშობლოს წიაღში უნდა აღმოაჩინო მთელი ქვეყნიერება და მთელი სამყარო, როგორც ღმერთი – ადამიანში. სამშობლოს სიყვარულიც ისევე “უსწავლელ არს” ვით “უსწავლელ არს ღმრთისა მიმართ სიყვარული”.

• ადამიანები გაცილებით ცოტას ცოცხლობენ, ვიდრე მათ მიერ შექმნილი უსულო საგნები. ხოლო ადამიანთა მიერ შექმნილი სულიერება მარადისობაში მკვიდრდება. ვინც შენ გქმნიდა, ჩემო სამშობლოვ, შენსავე უკვდავებაში განიმქვრა, შენი სულია მათი სულების მარადიული სამკვიდრო და სასუფეველი.

დედამიწა ყველაფერს იზიდავს და შთანთქავს საბოლოოდ. ერთადერთი, სწორედ რომ სულია, რომლის მიზიდვა ვერცერთმა მსოფლიურმა ძალამ ვერ შესძლო გარდა ღმერთისა, რომლისკენაც თავისივე ნებით მიემართება სული კაცისა. ჩემი საქართველოს სულიც იმ ღმერთისაკენ მიისწრაფის მარადიულად, ამიტომაც არ მაშინებს ათასგვარი განსაცდელი, რაც შენს თავს ტრიალებს, საქართველოვ!

• სულისშემძვრელია, მოხუცი პრიამოსის გოდება აქილევსის წინაშე: “. . . რას მოვესწარი! ხედავ, გიკოცნი ჩემი შვილის მკვლელს საძულველ ხელებს! მომირთმევია დიდძალი ძღვენი. გთხოვ დამიბრუნო ცხედარი მაინც! . . . “ ჩვენც რომ ლიქნით შემოგციცინებთ, ტაშს გიკრავთ და გეერთგულებით, ტიკინა კერპებს გაწონებთ თავს და ხმასაც კი გაძლევთ. რას მოვესწარი, ჩემი სამშობლოს სული და უფლება უნდა ვიყიდო. მისსავე მკვლელებს ვუკოცნო ხელები და ფეხქვეშ გავეგო, თავისუფალი მოქალაქის როლი მოვირგო სიხარულით და აღტაცებით, უძლურმა მონამ. და სწორედ მისგან მოვიპოვო მოწონება, აღიარება, სიქველე, ტაში, ვინც უძვირფასესი მომიკლა და ისიც თვალწინ.

• როცა ჩვენ საზოგადოებას ვუყურებ, ღვაწლმოსილი და პატივცემული ადამიანების ქცევას, ტიფონის მითი მახსენდება ხოლმე.

იგი ისეთი ურჩხული იყო, რომლის მსგავსი სამყაროს ჯერ არაფერი მოვლენოდა. ასი თავი ება, ცეცხლისმფრქვეველი თვალებით. იგი სხვადასხვანაირ ხმას გამოსცემდა. შეეძლო, ღმერთივით ესაუბრა, ძაღლივით ეყეფა, ლომივით ეღრიალა, გველივით ესისინა. ტიფონის რისხვას რომ გადარჩენოდნენ, ღმერთებმა ეგვიპტეში გაქცევით უშველეს თავს, როცა მან ოლიმპოსიც შეაზანზარა. მის მზერას რომ დამალვოდნენ, ზევსი ცხვრად გარდაისახა, დიონისე – თხად, ჰერა – ძროხად, არტემისი – კატად, არესი – ტახად. ყველამ, ყველამ იცვალა სახე გარდა ათენასი.

ათენას საქცილემა აიძულა შეშინებული ზევსი ნამდვილი სახე დაებრუნებინა. იგი საბოლოო დამარცხებამდე შეებრძოლა ტიფონს და მიწისქვეშეთში ჩამარხა ურჩხული. დღევანდელ დღეზეაო ზედგამოჭრილი თითქოს ეს მითი. ჩემი სამშობლოს დღევანდელობაზეც. ეს გაუმარჯოს მას, ვინც თავის ნამდვილ სახელს არ უღალატებს, არ შეშინდება და ღმერთებსაც კი გამარჯვების რწმენით აღავსებს, არამც თუ ადამიანებს! ნუ დაივიწყებთ სიმართლეს, ნუ შეიცვლით სახეს, ნუ იქცევით ცხოველად. დღევანდელობას ტიფონზე საშინელი ხმა აქვს, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ ათენა!

• გვიჩიჩინებენ, დაძლიეთო სტერეოტიპი! სირცხვილიაო, სამშობლოს, სიყვარული უმტკიცო! არც არავისგან ითხოვ ამას. ნეტავი, თავს დაგანებებდეს ყველა ჩემნაერი გიჟი და შეშლილი.

ნეტავი, გაცლიდნენ, შენს ნებაზე ყოფნას. ვისთვის მიწავ, ვისთვის რეგიონო, წყალო, ღვინოვ, ბაზარო, სიმღერავ, მაგისტრალო, ნეტავი გაცლიდნენ საქართველოდ ყოფნას და დაგეხსნებოდნენ მტრისა და მოყვრის ჯიბრით გაუხარელო მამულო, ჩემო ყველაისავ და არავისო, ჩემო ცისა და მიწის შუა გახიდულო, შეჩერებული ისტორიის წამო.

 2004 წელი

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / წიკლაური მარიამ / ნოველები