დაბადება

 

ვეღარაფრით ვიხსენებ ტკივილს.

მხოლოდ შვებისა და ნეტარების განცდა მახსოვს. უსაზღვრო იყო.

მანამდე კი... მანამდე სანახევროდ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ჩემს გარშემო მოფუსფუსე ადამიანების ხმები მესმოდა.

ფანჯრებიდან მაღალი ჭადრების გაფოთლილი ვარჯი მოჩანდა.

ვიღაცას კარგახანია გადაეკრიფა ვარსკვლავიანი მინდორი.

რომელი საათია-მეთქი, ვიკითხე.

შვიდის ათი წუთიაო.

თენდებოდა.… ჩვენ მიწაზე ვიწყებდით ცხოვრებას.

მანმადე კი...

მთელი სამყაროს პულსი ჩემ წიაღში ფეთქავდა. ჩემი სხეული უხილავი ძალით იკუმშებოდა და დუნდებოდა.

ასე თუ ფეთქავს მიწაში გაბერილი პურის მარცვალი, რათა გასკდეს და ახალი სიცოცხლე ამოიტანოს დედამიწიდან.

პულსი თანდათან ჩქარდებოდა.

ახლა უკვე სიცოცხლის ზარის გამალებულ რეკვას მიჰგავდა, ჩვენი ერთარსებად ყოფნის დასასრულის მაუწყებელს.

მალე უნდა გაცხადებულიყო უფლის საიდუმლო, რომელიც ყველა ქალშიც ისევეა ჩაფიქრებული და ჩატეული, როგორც თავად ღმერთში – მთელი სამყარო.

კარგად მახსოვდა, რომ ორმოცი წამის განმავლობაში უნდა შემძლებოდა ერთი ღრმა ჩასუნთქვის უწყვეტად შენარჩუნება. დამჯერი მოსწავლესავით პირნათლად ვასრულებდი დავალებას. არაფრად მიღირდა რკინის სავარძელზე მიგდებული ჩემი სიშიშვლე, გულისპირამდე ჩაფხრეწილი თეთრი პერანგის მოჭმუჭნული და მოთხვრილი კალთები. გონება მხოლოდ იმ დროს აკონტროლებდა, რომლის განმავლობაში ძალა უნდა მომეკრიბა და ველურ ინსტინქტებს მინდობილი, შეკავებული და ჩაგუბული სუნთქვით, ძალისხმევა არ დამეკლო ჭინთვისათვის, რომ სხეული მეიძულებინა იმისაგან განთავისუფლებულიყო, ვისაც დამოუკიდებლად არსებობის უფლება მოეპოვებინა უკვე.

გზა უნდა დამეთმო მომავლისათვის არა ყვირილითა და რისხვით, არამედ სიყვარულითა და დანდობით. მახსოვდა, რომ მთელი ენერგია ორი-სამი ასეთი ქმედებისათვის უნდა შემომენახა, ყველაფერი რომ იოლად და კარგად დამთავრებულიყო.

ის ტკივილები, აქამდე რომ მაწუხებდა, სადღაც გამქრალიყო. მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს რკინის სახელურებს. მთელი ძალით კი არა, უფრო მეტით, ვიდრე ყველანაირი ძალა ერთად აღებული გამაჩნდა.

თვალებს ვხუჭავდი და ის ცა, რომელიც ყოველთვის უკიდეგანო მეგონა,ახლა ყველა ვარსკვლავითა და მზით ჩემს თვალებში ეტეოდა, სულ მთლად მუჭისტოლა ახლა ჩემს შიგნით ჩაგუბულიყო.

ვიცოდი, რომ ყვირილი არ შეიძლებოდა. სიბრალულიც არ მაძლევდა ამის უფლებას. მისთვის ხომ გაცილებით მტკივნეული იყო გზის გამოვლა, ვიდრე ჩემთვის შეტევის ატანა. ვიცოდი, რომ მისი თავის ქალა ნაკერებში იხსნებოდა, ძვლები რომ ერთმანეთში შეცურებულიყო და ასე შეკუმშულსა და დაპატარავებულს უფრო მოხერხებულად გამოევლო ის გზა, რასაც “დაბადება” ერქვა.

ჩემი სხეულის თითოეული უჯრედი სითხით ივსებოდა, უფრო მეტად ელასტიკური და დამყოლი რომ გამხდარიყო. ძვლები, ეს გულქვა არსებანიც კი მორჩილად ასრულებდნენ უზენაესის ბრძანებას და ათასგვარად იცვლიდნენ ადგილსა და ფორმას. ჩემი ფილტვებიც ისე ქშენდა, როგორც საბერველი და მთელს სხეულში გიზგიზებდა საოცარი ცეცხლი, ამოსაფრქვევად გამზადებული ვულკანის მსგავსად.

ღმერთო, ხომ გესმოდა, რასაც გთხოვდი იმ წუთებში, ხომ კარგად გესმოდა ღმერთო?

მაშინ მეგონა, გარშემო ყველა სულიერი და უსულო მშობიარობდა. ქვებიც კი, სადღაც, უცხო თვალს მიფარებულნი, ტკივილით ავსილნი და მაინც მდუმარენი, აჩენდნენ პაწია კენჭებს, რომლებსაც მერე მკერდზე იხუტებდნენ და ეფერებოდნენ, თან სხვა ქვებისკენ აპარებდნენ თვალს მალულად, რომ დაენახათ, როგორ ჩაედოთ ძუძუ პირში ახალშობილისთვის. ქვის მკერდში ჩამდგარი რძე კი თავისთავად მოჟონავდა.…

მთელი სამყარო ჩემთან ერთად ელოდებოდა თავის პირმშოს, რომლისთვისაც მამის უზენაესი საიდუმლო – სიცოცხლე უნდა გადაეცა.

სხეული ზამბარასავით იჭიმებოდა. ეს არ იყო ტკივილის ფიზიკური განცდა.

ეს იყო საქმე, უმძიმესი საქმე, რომელსაც აკეთებდი დაღლილი, გაოფლილი, გასავათებული, მაგრამ ბედნიერი. და საქმეს მაშინ დაესვა წერტილი, როცა რაღაც გასხლტა ჩემი სხეულიდან. ისევე როგორც წამები სხლტებიან ჟამიდან, სხივები – სინათლიდან, წვეთები – ტალღებიდან, კივილი – შიშიდან, გრძნობა – გულიდან. რაღაც გასხლტა ჩემი სხეულიდან და ამას ის დრო დასჭირდა, რასაც მექანიკური საათი ვერასდროს დაააფიქსირებს. ეს დრო მხოლოდ ცის საათებზე აღინიშნება იმ უხილავი ღვედებითა და ზამბარებით, ვარსკვლავის ჭანჭიკებზე რომ გადაუჭიმავს განგებას.

ფანჯრებში მოჭვრიტინე ჭადრების მოხუცი ფოთლებიც კი ერთმანეთს ეჩიფჩიფებოდნენ: შეხედეთ, შეხედეთ, ხომ დაინახეთ, როგორ გადმოხტაო!

ნოემბრის ქარიც სარკმელში შემოძრომას ლამობდა.

ამ გამსხლტარ წამს ჰქონდა სიგრძეც, წონაც, ორი გაბერილი ლოყა, შუბლზე მიკრული შავი თმაც, ორი ხელი, ორი ფეხი ვარდისფერი ქუსლებით, და ერქვა ჩემი შვილი, რომელსაც ისე საგულდაგულოდ სინჯავდნენ ახლა, როგორც ნეფის მორთმეულ ძღვენს სასძლოს დობილები, როგორც შორეული ქვეყნიდან მოსულ ბარათს, როგორც უსინათლოები ერთმანეთს, სულ ამწამიერად რომ ჩაუდგათ თვალში ჩინი, როგორც ადამიანები, პირველად რომ დაინახეს ახალშობილი.…

ის კი ღნაოდა და ფილტვები ევსებოდა ჰაერით, სუნთქავდა, რომ როგორმე ჩამჯდარიყო სიცოცხლის აქაურ რიტმში. ძალიან ცდილობდა ამ უზარმაზარ კოსმოსში ფეხი არ არეოდა და სიცოცხლის ფერხულში მისი გულის რიტმიც ისეთი ყოფილიყო, რომ თავისიანად ეცნოთ ადამიანებს.

ეს მოძმეთათვის თავმოწონების პირველი ცდები იყო… ამის მერე მთელი სიცოცხლე ასე გაგრძელდება...…

მე კი ვიწექი და ვკანკალებდი, ვძაგძაგებდი...…

ჩემმა პირმშომ გადამხადა ის საბანი, რომელშიც თბილად ვყავდი გამოხვეული ცხრა თვე. წაიღო სითბო დედის წიაღისა. იმ სითბოში ახლა თავად უნდა ამოიზარდოს.

ვიწექი, როგორც სულისაგან მიტოვებული სხეული, რომელსაც აღარაფერი სტკივა, და რომელსაც სიბრალულით დასცქერის განშორებული სული. განსხვავება ის იყო, რომ მე ჩემსავე სხეულში დავრჩი, მაგრამ სრულიად სხვა: განახლებული, ამაღლებული, წამიერად რომ გაიარა სამყაროული გზა. ჩემი პირმშო კი ისე მიყურებდა, როგორც განშორებული სული, რომელსაც უკვე თავისი ექნება სიხარულიცა და ტკივილიც და ყოველთვის შეაწუხებს ხსოვნა იმ წიაღისა, რომელსაც განეშორა. იგი ახლა ჩემი არსებობის გამართლება და ყველა კითხვის პასუხი გახდა.

უფლის ღიმილს მიჰგავდა ჩვილი...

თენდებოდა.

თენდებოდა ისევე ნელა და უხმაუროდ, როგორც ჩემი სხეული ივსებოდა შვილის სიყვარულით. როგორც ჩემი გულის უძირო ჭა იჭვირთებოდა მაცოცხლებელი წყლით. თვალები ვეღარაფერს არჩევდა გარშემო. მხოლოდ ახალშობილს მივჩერებოდი, რათა კარგად დამემახსოვრებინა მისი ციცქნა სახე, არასოდეს რომ ამრეოდა სხვა პატარებში. ისიც ისეთივე ჟინით მათვალიერებდა ალბათ, მაგრამ ვერაფერს ხედავდა თეთრ სხეულზე ჩამუქებული კერტის გარდა, რადგან სწორედ იქით მიცოცავდა და იქ ეძებდა სიცოცხლეზე მოსაჭიდებეელ პირველ ძალას. იმ დაბერილი დვრილიდან იწყებოდა მისთვის პირველი დილა, რომელმაც ცხადად და სამუდამოდ ასწავლა დედის სხეულის გემო და სუნი. პატარა ტუჩებით ცმუცნიდა ხსენს და სიცოცხლეს აგემოვნებდა, რომელიც ჩემთვისაც ისეთივე ძვირფასი გამხდარიყო, როგორც დედაჩემისთვის ჩემი დაბადებისას.

თენდებოდა.

ქალაქი ხმაურით ივსებოდა. ჩვენ კი არაფერი გვესმოდა, ვერაფერს ვგრძნობდით ერთმანეთის გარდა.

გვინდობდა უფალი ორ ახალშობილს – დედას და შვილს…

 1988 წელი

 

 

პაუზები

*

ისე შეითელა სამყარო, ჰორიზონტები ქუთუთოებზე ჩამომისხდნენ. არადა, მახსოვს, ცის ერდოს ოცნების ჭოკითაც ვერ ვწვდებოდი. სულ იმას ვფიქრობდი, რამდენი კიბე უნდა გადამება ერთმანეთზე, ცისთვის რომ მიმეწვდინა ხელი და ვარსკვლავები დამეკრიფა... ეს ბავშვობაში... კიბე უკვე აღარ მჭირდება. ერთადერთი საფეხურიღა დამრჩა – სიკვდილი.

*

ადრე ხალხი ცხოვრობდა ერთად...

ღმერთთან ერთად, მეფესთან ერთად, გვარ-ტომთან ერთად, ხატთან ერთად, მიწასთან ერთად... ახლა კი ცხოვრობს ცალ-ცალკე მხოლოდ პასპორტთან, ფულთან და პარტნიორთან შეწებებული. განსხვავება სულ ესაა ძველსა და ახალ ადამიანს შორის. ცა მაშინაც ლურჯი იყო, მიწა – ნოტიო, ომი კი – ბევრად მიამიტური დღევანდელ მშვიდობასთან შედარებით...

*

მოდის სიბერე – ცხოვრება უსიყვარულოდ, როგორც მგზავრობა უბილეთოდ და რატომღაც, დამნაშავესავით, უხერხულობას ვგრძნობ.

*

ფრთამოტეხილი წეროსავით ჩამოვრჩი დრო-ჟამს. მელანივით შევაშრი ლექსებს. დეკემბრის ელამი მზე პეშვში სხივის ხურდას მიყრის. ზამთრის ბაღებში ნარინჯისფერი ხურმა ანთია.

ჩიტები ახვევია. თოვლქვეშ ახლა ფუტკარსაც სძინავს და ალბათ ჭრელ მინდვრებს ნახულობს სიზმრად მათი მფარველი სული...

ჩვენ ყველანი ერთად გამოვიზამთრებთ...

*

ნეტა ვერასდროს ამოვიდე სიცოცხლის ვალში, ნეტა არასდროს წამიტეხოს სიკვდილმა პური.

*

ბაბუაწვერავ, ვის უგზავნი ამდენ თეთრ ლექსებს?

 

*

ბაობაბები, სამყურები და ენძელები ისევ ისეთები იზრდებიან, როგორებიც გაჩნდნენ... მე და შენ კი რა მოგვდის, ადამიანო?

*

იყო შემოქმედი, ნიშნავს იყო ჭურჭელი თავისუფლების, სულ გსვამდნენ და სულ ივსებოდე...

*

ნაკლოვანი ღვინო ძმარდება, სავსე თვითონვე იწმინდება. ჩვენი სულებიც სულ სავსე რომ იყოს სიყვარულით...

*

ღამის გვიანი მგზავრი რომ მღერის შიშის დასათრგუნავად, ისე ვაბამ სტრიქონზე სტრიქონს და ცხოვრებას მივუყვები...

*

წვიმს შხაპაშხუპით. ზაფხულია. ვიცი, ცაზე ცისარტყელა აყვავილდება.

შემოდგომის ცივ წვიმებში კი, ვეღარ ასწრებს გაღვივებას და ამოსვლას მისი ჩირთები და ლეგა ღრუბლებში რჩება ხოლმე ფერადი ოცნებები. სულშიც რამდენი რამ რჩება გაუღვივებელი.

*

ადამიანი ბედნიერია მაშინ, როცა რაღაც დიდის და მთლიანის ნაწილია, თუნდაც, სათამაშოსი (სამწუხაროდ)...

*

სანამ მარჯვენით კალამს დავიჭერთ, ხელის მტევანი და თითები ერთ საოცარ მდგომარეობას იკავებს – თითქოს პირჯვრის წერისათვის ემზადება. პირველი თითი (ცერი) – რწმენა, მეორე თითი (საჩვენებელი) – იმედი და მესამე (შუათითი) – სიყვარული კალამს ჩაეჭიდება და ერთმანეთს ეკვრის, ხოლო მეოთხე (არათითი) – შრომას და მეხუთე (ნეკი) – სწავლას რომ აღნიშნავს, მორჩილად მოიხრებიან და ხელისგულს ებჯინებიან. გამოდის, რომ თითები პირჯვრისწერის მდგომარეობას იმეორებენ და ასე გამოჰყავთ სიტყვები ფურცელზე კალმით. ხომ არის სასწაული და დასტური იმისა, რომ უფალი მართლა სიტყვაა და შემოქმედება – სულის საქმე.

*

ქართული პოლიფონიური, მრავალხმიანი სიმღერა – ერთდროულად სხვა ადამიანებთან (და ხალხებთან) თანაცხოვრებისა და ინდივიდუალურობის შენარჩუნების უბრწყინვალესი ნიშანი და მაგალითია. სულის ამ უნარმა მოგვიყვანა დღემდე.

*

კალიგრაფია – ფენომენი, რომელიც დაიკარგება ხელნაწერებთან ერთად კომპიუტერის წყალობით.

*

სტუმარ-მასპინძლობა. მასპინძელი – მარადიული კატეგორიაა ცხოვრებასავით, სტუმარი – ცვალებადი, ჩვენსავით.

*

გული რომ უგანცდოდ ყოფნას არ მიაჩვიონ, უსასრულობას რომ საზღვარი არ დაუდონ, მარადისობა რომ წამს არ დაატოლონ, ხორცზე მეტად სულმა უნდა ღვაროს ოფლი.

*

ვანქის ბაზარზე სამი გირვანქა იყიდებოდა როცა ილია, ნუ გეგონებათ, რომ ის დღეები შორს წასულია და ჩავლილია.

*

ლექსები – მარადისობის საკენკია.

*

როგორც დედამიწა – ჯუჯებს, პოეტები – სმარაგდებით გვამარაგებთ.

არ გვინდ, მათი ბრწყინვალება საჩინოს ხდის ჩვენს სიბნელეს.

*

ინფორმაციული წარღვნაა. კიდობანი შეიჭედება, მაგრამ შიგნით, სულში და, სამწუხაროდ, ვერავის შეიყვან შიგ, საკუთარი თავის გარდა...

*

ქუჩას ასფალტის თალხი აცვია. მოშორებით მწვანე სკვერი ღრმა დეკოლტესავით ჩანს.

 

 *

იმდენი წიგნი ცხოვრობს ჩემს სახლში, ჩემზე კაი ხნით უფროსი, ზოგჯერ მდგმური მგონია თავი... ისე შევციცინებ მათ თვალებში, ისეთი რიდი მაქვს... ხანდახან ბატონობით მინდა მივმართო...

*

ქარი ხის კენწეროს არხევს... ფესვები მშვიდად მიიწევენ მიწის წიაღში და ქარების არ ეშინიათ... იმ ქარიშხლისგან დაგვიფარე, ღმერთო, ფესვიანად რომ შეუძლია ყველაფრის მოთხრა...

*

ბავშვი ძილში იზრდებაო.

დიახ, ბავშვი – ძილში, მოზარდი – ურთიერთობაში, დიდი – ფიქრში.

*

მუდმივად იქ მახსენდები, სადაც არასდორს ვყოფილვართ ერთად – ცხადში.

*

რამდენჯერ მინახავს ვარსკვლავის მოწყვეტა ცაზე... ცას კი არაფერი ემჩნევა... როგორც დედამიწას ადამიანების სიკვდილი.

*

ასფალტითა და ცელოფნით დაბინტულ მიწას, სადღა აქვს უნარი, შენი ნაბიჯი იგრძნოს და დაიმჩნიოს...

*

სად არის ცხოვრება, ფეხი რომ ავუწყო? ან დრო სად არის? განა ჩამორჩენას ან გასწრებას ვჩივი... ხომ უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთს. ხომ უნდა დავიმახსოვროთ ერთმანეთი...

*

 ყველა რელიგია, კულტურა, ფილოსოფია, მთელი ხელოვნება პოეზიით, მუსიკით, მხატვრობით, ერთადერთ მიზანს ემსახურება – კაცობრიული სულის სიცოცხლის მარადისობას. ელოლიავება, უვლის, ზრდის, როგორც დედა შვილს. არ ვიცი, მართლა საიდანმე ვართ აქ, მიწაზე, მოსულები თუ დაბადებიდანვე მიწისანი ვიყავით, მაგრამ ერთი რამ ცხადია და უდაო – სული, რომელიც სხვადასხვა ერშია განფენილი, ერთი მთლიანი და განუყოფელი არსებაა.

არსება, რომელსაც თითოეული ერისა და ადამიანის სული ერთი პა-წია უჯრედივით ემსახურება, უჯრედივით, რომელიც თავის თავში შეიცავს და იმეორებს მთელ სამყაროს, განუყოფელი სულის არსებობის კანონზომიერებას და საფუძველს. უდიდესი – უმცირესში! უსასრულობა სასრულში! უჟამობა ჟამში! გარეგანი შინაგანში!

 კაცობრიული სული რომ წარმავალი არ გახდეს, არ განილიოს, არ მიიცვალოს, სწორედ ამისათვის იქმნება ხელოვნება. ამისათვის არსებობს პოეზიაც. რატომ არის, რომ შემოქმედება იმასვე ამტკიცებს დღეს, რასაც ათასწლეულების წინათ ამტკიცებდა, იმიტომ, რომ ის დარაჯობს და აყუ-რადებს კაცობრიული სულის სიცოცხლის წარუვალობას, მარადიულობას. პოეზიით განუწყვეტლივ აფხიზლებ კაცთა მოდგმას, რათა მათ არ დაივიწყონ ჭეშმარიტი მისია – მარადიულისა, ამაღლებულისა, სიყვარულისა და არ დაუშვან არც ერთი წამით, რომ ისინი წარმავალი არსებანი არიან. პოეზია უქ-რობთ მათ შიშს სიკვდილისას, შიშს სასრულებისას, შიშს წამიერებისას. სიტყვა არის უხორცო არსის უხრწნელი სული, ანუ მატარებელი იმ მარადიულობის, რასაც ჩვენი ფიზიკური წარმავლობით, ჩვენი სიკვდილ-სიცოცხლით ვკვებავთ ადამიანები.

სამყაროს იდუმალების შეგრძნებას აადვილებს პოეზია. სხვადასხვა ხალხთა მითების, ზღაპრების, ლეგენდების ძირისძირში მიაკვლევ მარადისობის ფესვს და გაგიხარდება, რომ ამხელა სულის ნაწილი ხარ და აღარ გაშინებს არც სიკვდილი, არც ბოროტება. გჯერა, რომ სიცოცხლე უსასრულოა და უსასრულოდვე მშვენიერი... და გიათასკეცდება ძალა და რწმენა, რომ, სხვებთან ერთად, შენც უნდა იხსნა სამყარო წარმავლობისგან.

 2004 წელი

 

 ომი

 

ხშირად პური გვრჩებოდა, ძველდებოდა და ვაგდებდით. რაც უნდა მტრედებისთვის გადაგეყარა, რაც უნდა ბეღურებისთვის, ძაღლისთვის. არადა, სულ მესმოდა საყვედური, პურს ნუ ყრით, ომი იცისო. ახლა ვერ ვიხსენებ, ვინ გვსაყვედურობდა...

მამა? ნუთუ უჭმელი და კნაჭა ბავშვებიც მონაწილეები ვართ ამ დიდი უბედურებისა, ომი რომ ჰქვია... დედა კი ამბობდა, იმდენი ბიჭი იბადებაო, იმდენიო, სამშობიაროში მუშაობდა ... ესეც ომს სცოდნია.…მე კი დიდი ვნებიანი სიყვარულის ბრალი მეგონა ბიჭის დაბადება, ტყუპ ბიჭებზე ვოცნებობდი... თუმც მარტოს მეძინა და დედულეთის ცა მესიზმრებოდა ხშირად თვითმფრინავებით სავსე, მართლა მესიზმრბოდა, ცხელოდა სიზმარში, გადამწვარი მინდვრების სუნი ტრიალებდა. ომი, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენთვისაც დაიწყო. დაიწყო და აღარ დამთავრებულა. ჩაგვისახლდა შინ.

ნეტა გვეჭამა პური ბოლომდე, თურმე მშვიდობის უგემრიელეს ლუკმებზე ვამბობდით უარს. ბებიაჩემი იხსენებდა ბებიამისის ნათქვამს ; “კვერცი მილიონი რომ გახდება, მეფე მაშინ ჩამოვარდებაო” . ბებია გამუდმებით იმარაგებდა ასანთს, ნავთს, საპონს, მარილს. სულ მიკვირდა, რათ უნდოდა? ამ ყველაფრით მშვიდობის ციხეს აშენებდა და ეგონა,შიგ შვილებსაც ჩატევდა, შვილიშვილებსაც, სახლ-კარსაც. მაგრამ ის მარილი ცრემლის მარილად იქცა, ის ასანთი გადამწვარ სოფლებად, ის ნავთი ბომბებად... აკი გვაფრთხილებდა უფალი, ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზეო? კვერცხი მართლა გახდა მილიონი (კუპონი), მეფეც ჩამოვარდა, კავკასიონიც გაიხვრიტა, საქართველოში სხვა “სახელმწიფოებიც” გაჩნდა და ომიც ისე მოგვიშინაურდა, ლამის მშვიდობა გვიკვირს. დაკარგული სოფლები ხიდან ჩამოვარდნილ ფოთლად გვიღირს, რა მოხდა მერეო? ჯერ დასაღვრელი სისხლის მაცნედაც ისევ ჰყვავიან ყაყაჩოები ქართლში, მშვიდობის იმედიც ლამისაა გადაგეწუროს.

თან რა უცნაური ომი აღარ გამოიგონა კაცობრიობამ ომი ომად, მკვდარი მკვდრად... მაგრამ ეს უხორცოო, ეს უხილავიო, ეს ცივიო, ეს საინფორმაციოო, ეს ბაქტეორლოგიურიო... მე დღეს უკვე ყველა ომის ვეტერანი ვარ. სოფელ შინდისში, იმ 17 გმირის მემორიალთან რომ ამიყვანა ერთმა მასწავლებელმა, მაშინ ვიგრძენი როგორ ვედექი სიკვდილს მკერდზე, როგორ ბორგავდა მიწა ჩემს ტერფებქვეშ, როგორ შხუოდა სისხლი მიწაში და როგორ გამდიოდა სხეულში ტყვიები და არ მკლავდა, ცრემლიც ტყვიის მეკიდა თვალზე. იქვე ლიანდაგი გადავკვეთე და გავხედე ტყიან ჰორიზონტს და ეს ტყეც მიწიდან ამოსული ომი მეგონა, ხეებიც ხომ დიდი ბალახებია, ჰოდა ეს იყო ომის საფლავზე ამოსული ბალახი და ომის საფლავია საქარტველო, ომის სოფელიც, ომის სფლავიც, ომის ბედისწერის ქვეყანაც. პოეტებიც ომს წერენ: ერთს ერცხვინება სამშობლო დამარცხებულ ნახოს, მეორე პირდაპირ ეკითხება, ხომ არ შეგეშინდაო? კიო შეგეშინდაო! – პირში მიახლის. მესამე ეუბნება, მშვიდობისა უნდა გცხვენოდეს, ქარტველოო, ხმალი ხელს იკარო! მეოტხე კი გამოუსწორებელი პაციფისტია და მეხუთესტან ერტად “სტოპაგრესორ”!!! “სტოპენემი”!!!– გაჰყვირის.

მე კი მეშინია, როცა ომია, როცა ჩემი შვილი აივანზე დგას და მტელი ხმიტ ყვირის, “ჩამოყარეთ, დროზე ჩამოყარეთ ეგ ბომბები და გაათავეთო, დროზეო!!!”, ზევიდან კი გაურკვეველი მიმართულებით ისმის სამხედრო ვერტმფრენების საზარელი ხმა, როცა მშვიდობაა და მაინც წამლით ვიხოცებით, სიმთვრალით ვიხოცებით, უსიყვარუოდ ვიხოცებით, დანებს მეგობრების გულმკერდზე ვლესავთ, როცა გესლით გულებს ვუხეთქავთ ერთმანეთს, როცა გაფუჭებულ პროდუქტს ჩვენსავე შვილებს ვაჭმევთ და ამით ფულს ვაკეთებთ. მერე რა, რომ სანგრებში არ ვსხედვართ? ეტყობა,ომია “ბოლო ჟამიც”, ბოლო ომია ეტყობა... ისე მიხარია,სამსახურიდან დაღლილი რომ ვბრუნდები, და კარადაში პურის ერთი ლუკმაც არ მხვდება, მიხარია... ჩემი ცარიელი საპურე ლურჯ, მშვიდობიან ცას გავს, ვერც ტყუპი ბიჭი გავაჩინე, გოგონები მეტი ჩნდებაო, ღვთისმშობელო, მარიამ, შენ გაუთენე მშვიდობიანი დილა ჩვენს პაწია, შეშინებულ დედამიწას...რატომ ჰყავს ომს ღმერთი?

 2010

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / წიკლაური მარიამ / ნოველები