ვარდ-კოზაკიანი

 (პოსტრევოლუციური ანდერძი)

 

ასე იწყებოდა: “მას მერე, რაც თბილისის მეტოპოლიტენის გვირაბში აქლემების ქარავანმა ჩაიარა, ქალაქში სენსაციური აღარაფერი მომხდარა. რომც მომხდარიყო, ვეჭვობ, ვინმეს რაიმე გაეგო. ადამიანებმა კარგახანია დაკარგეს გაკვირვების უნარი – “შშ1შშ” – ეს სინდრომი პოსტსაბჭოთა სივრცეში კიდევ დიდ ხანს იმუშავებსო, ძველებიც ამას ამბობდნენ და ახლებიც. ახლა სამსახურში გავრბივარ და არ მცალია, დაწვრილებით აგიხსნა ყველაფერი. მერე, სხვა დროს იყოს.

ისე, შეიძლება ფაილი გადმოგიგდო, ხომ მყავხარ სკაიპში? არა? დამამტე: კოკა-1990. ოკ”

– იმ საუბრიდან მხოლოდ ეს ფრაგმენტი ჩამრჩა მეხსიერებაში. უნდა ჩამეწერა, ასეა ექსპედიციის წესი: მთხრობელი, ჩამწერი, ამდენი წლის, აქა და აქ…

მაგრამ ახლა რაღა დროსია. ესეც იმიტომ გამახსენდა, რომ დღეს სარედაქციოდ შემომიტანეს ტექსტი – “პოსტრევოლუციური ანდრეზი” და ამ ჩანაწერსაც, ვიღაც კოკა წერს. ნეტა ისაა? ის როგორ იქნება, ეს ხომ თითქმის 25 წლის წინანდელი ამბავია. ჯანდაბას, დილა რომ ასე დაიწყება, დაცდილი მაქვს, საღამოთი მართლა ხდება რაღაც. იმედია, რევოლუცია არა.

იმედია, ხელფასი დაირიცხება – ყოველდღიურობის სამკაული. რა დროს რევოლუცია და აქლემებია. არა, ეს ის კოკა ვერ იქნება. ის კოკა უკვე დიდი კაცი უნდა იყოს წესით და დავიჯერო, ისევ იმაზე დაწერდა და ისევ ის ხდება და ისევ ის აწუხებს? გამორიცხულია.

დრო სწრაფად მიდისო, ამბობენ, მაგრამ გააჩნია სად? ეტყობა, ყველგან არა და “თეთრი ღამეებივით” “თეთრი დრო” დგას აქ. ანუ არსად გადის? ვახ, ეს როგორ? ანუ ჩვენ სამყაროს ჭიპი კი არა დროის პოლუსი ვყოფილვართ? ჰო, და ახლა პინგვინები თუ არა, მესაათეები მაინც ბევრი უნდა გვყავდეს, ან პარტია “დაო” (დროის ასამოძრავებელი ორგანიზაცია). სიმწრით მეცინება და სიმწრით ველაპარაკები საკუთარ თავს.

დიალოგის ტირეებსაც დასმა არ უნდა, ასე ადვილია.

ან აქვს ვინმეს დიალოგის თავი?

კოკაც ასე იწყებს: მას მერე, რაც თბილისის მეტოპოლიტენის გვირაბში აქლემების ქარავანმა* ჩაიარა, ქალაქში სენსაციური აღარაფერი მომხდარა. რომც მომხდარიყო, ვეჭვობ, ვინმეს რაიმე გაეგო. ადამიანებმა კარგახანია დაკარგეს გაკვირვების უნარი. ამ საშინელი სენის ვირუსი ჰუმანიტარულ ლობიოს* შემოჰყოლია ეროვნული შიმშილობის დროს. სამწუხაროდ მას ვეღარაფრით შველიან და ერთადერთი ,,ჩემიდედით” შედედებული მაწვნითღა ცდილობენ პროცესის შენელებას, რადგან პირდაპირ ტვინზე მოქმედებს თურმე და შთამომავლობით გამოშტერებას იწვევს. Kკიდევ კარგი, მაშინ პატარა და უჭმელი ბავშვი ვიყავი. ამ ლობიოს ბრალია, რომ დღემდე ხალხს ყველაფერი – ომიც, მიწისძვრაც, გველეშაპის კვერცხებიც*, ქათმის გრიპიც, შიმშილობაც საინფორმაციო გადაცემა ჰგონია, რომელიც ოდესმე დამთავრდება და აუცილებლად დაიწყება ცხოვრება.

ეგ კი არა და, შემოდგომის ვარდ-კოზაკიანი რევოლუციაც საინფორმაციოს სპეცგამოშვება ეგონათ, ხოლო წვიმა გამუდმებით რომ ასხამდა ზედ, მარკესიდან* გადაწერილად ჩათვალეს, რადგან იმ ავადმყოფობის გამო დაავიწყდათ, რომ რევოლუციამდე დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ჩვენმა ერმა რომ წვიმიან დღეებში მოხდებოდა მოსახდენი და ,,ჟუჟუნა წვიმა მოვიდასაც” ამიტომ მღეროდნენ დიდი ხნის წინათ. საყვედური არ გვეთქმის: .,,სი-ენ-ენ-მა”* მსოფლიოს აუწყა ჩვენი არსებობა და ,,ტელევიზორში გამოგვაჩინა”. ხალხმაც ნახა სარგებელი: გაიხსნა ცელოფანის* გადამჭიმთა შ.პ.ს-ეები. ბევრი უმუშევარი დასაქმდა დროშების სამკერვალო ფაბრიკებში*. დროშაზე გამოსახული პირვანდელი აგურების ჯვრებად გადასაკეთებლად მღებავებიც აიყვანეს სრულ განაკვეთზე საჩხერე-ჭიათურიდან (ეტყობა, კარგად იმუშავეს და მერე მთელ ქალაქში შეაღებინეს სახლები). ეროვნულად გაჩეხილ ტყეებში ნაპოვნი ტოტებიდან დროშის ტარების, ბუნიკების და პალოების გამომთლელებიც დასჭირდათ და პროფესიული გადამზადების კურსებიც გაიხსნა. არ ახსოვს ჩვენს ქვეყანას ბიზნესის ასეთი განვითარება და მოწინავე სახელმწიფოებსაც კი ჩვენგან სურს ახლა გამოცდილების შეძენა-გაზიარება. კულტურაც როგორ სწრაფად ვითარდება,ზეზვას და მზიას ოქროს ქორწილი ხომ გადავიხადეთ და ვინც თბილისის ახლადგახსნილ წიგნების მაღაზიებში ვერც ავტორად და ვერც გამყიდველად ვერ მოეწყო, ახლა მშვიდად კერავს დროშებს და ახალ ჰიმნს* ღიღინებს: ,,ამ ჩვენს დროშებს მიშიკო გუშინ მთელ დღეს ფერავდა, ეს წითელი ჯვრები კი გივიმ* გაუფერადა” ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ 30 წლის გაუტანელი ნაგავი* გაიწმინდა.

მოხდა ქართველი ხალხის გაერთიანება ერთპარტიულსივრცეში, გადაიბელა ყველა ჭადარი* და დაგუგუნდა ,,კმარაჟამიერი”!!! გაიზარდა ,,მარტო ხაჭაპურზე რო გვყოფნიდა”* ის პენსიაც და გახდა 100 ლარპატიოსანი და დღითიდღე იზრდება მეზობლის ბავშვივით. გაიზარდა ხელფასებიც. ზოგი – სამიათასი ამერიკული მწვანით, ზოგი – სამასი ქართული თეთრით და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ქართულ გაზონებში ბოლოსდაბოლოს აყვავილდა არნახული სილამაზის ჰოლანდიური* ტიტები. არადა, რამდენი ხანია ელოდა ,,ჩუმის ნატვრითა ქართველი” ევროპული ყვავილების გაშლას ეროვნულ ნიადაგში. რა ფონდს, საბჭოს, გაერთიანებას, ბანკსა და კონგრეს-ორგანიზაციებს არ მიმართავდა და ეაჯებოდა, მაგრამ ვერა და ვერ ააყვავილა ,,მუხის ფესვით შეკერილი და ვაზის ფესვით დაკემსილი” * მამულის ჰუმუსმდიდარი და ოქრომრავალი მიწა ევროპულად. ვერ იქნა და ვერ დაუმტკიცა თავისი დემოკრატიული სიყვარული მსოფლიოს. ახლა უკვე აღარ დასჭირდება ჩემს საქართველოს იმდენი ჩალიჩი და სირბილი მსოფლიოს წამყვან ,,სტოლნაჩალნიკებთან”. ყველამ დაინახა, რა შესძლებია ჩვენს ხალხს. წალენჯიხ-სტრიტიდან ბოსტან-ქალაქამდე ერთ ჯაჭვად შეკვრა და შემოქსოვა საქართველოზე ავტობუს-პერანგისა!!! უკვდავია ჩვენი ხალხი, ბრძენი და არასდროს არავის აპატიებს ღირსების შელახვას, მაგრამ… მაგრამ ,,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია?” ხალხს არც ,,უხსენებლის ეშინია, არც გველკუასი” , მაგრამ იმათ რა ვუყოთ, ვინც ისევ აქლემებს ელოდება, მეტროს გვირაბში რომ ჩაიარეს ოდესღაც? ზოგი ამტკიცებს იმ აქლემზე იჯდა სტალინიო, ზოგი ამბობს – გიორგაძე იჯდა და იქნებ კიდევ ჩამოიაროსო, ზოგი ამტკიცებს მაგ აქლემებს ჩამორჩენილმა კოზაკმა დააფრთხო მანქანა ბორითთან, თორემ დღეს გმირი ცოცხალი გვეყოლებოდაო, ზოგი – რას და ზოგი კიდევ – რას, მაგრამ მე ასეთების არ მჯერა.

მე ვგრძნობ, რომ ჩემი სამშობლოს ქუჩებშიც ამოძრავდა ,,მარად მედინი” მსოფლიო დრო და გოდოც აუცილებლად მოვა იმ ხესთან, შეიძლება ცოტას აგვიანებს, მაგრამ ეს რა გოდოს ბრალია, არ მოგვეჭრა ის ხე და დროზე გვიპოვიდა კაცი.… ძნელია, ძნელი ძველი სტერეოტიპების მსხვრევა. აქაა დამარხული ძაღლის თავი. სწორედ ამ ვარდკოზაკიანმა რევოლუციამ უნდა დაამსხვრიოს ყველა ძველი ბჭე. ხალხმა უნდა დაივიწყოს აქლემები, კორუფცია, ტერიტორიები, მიწისქვეშა გადასასვლელებში ფსმა, დარუბანდები, აკადემიკოსები, მწერალ-წინასწარმეტყველები, ერთსქესიანობა, ერთპროფესიანობა, ერთსამშობლოიანობა და ამისთანა უაზრო ტრადიციები, დაესწრონ და გაიარონ ყველა ტრეინინგი, გამოისწორონ ხასიათი, და დიქცია. ინგლისურში* საშინლად ჟღერს თურმე რბილი ,,ლ”, აბა?! უნდა ვუყუროთ ტელევიზორს რომ მივხვდეთ რა კარგი გახდა ცხოვრება თითოეული ჩვენგანისათვის. რა დროს შიმშილობაა, არა ჩემია ეს აქლემი და არა ჩემიო, სად ხედავთ აქლემებს? სად? ნუ შეჭამდით ამდენ ჰუმანიტარულ ლობიოს და არც ასე მძიმედ იქნებოდა საქმე! მთელი მსოფლიო შემოგვყურებს! ფუი აქლემს, ფუი აქლემს! რა დროს წარსულია. აღსდექ საქართველოვ! აღსდექ საქართველოვ! გიხაროდენ, ხალხნო, არა მარტო სამშობლოა თავისუფალი, არამედ შენი არჩევანიც! გათავისუფლდა არჩევან-დარეჯანი ქაჯეთის ციხიდან! დღეიდან შენ დემოკრატი ხარ, ნებისმიერი რამ შეგიძლია აირჩიო, აღარავინ შელახავს შენს უფლებებს, ყველა სექტის კარი ღიაა, ყველა უნივერსიტეტის კურსები შენ გელის, ყველა ბანკი შენთვის ზრუნავს, ყველა შოუ შენთვის შოუობს, ოღონდ განახლდი და გახდი კრიტიკულად მოაზროვნე და მთელი სამთავრობო და არასამთავრობო, ლოჟის, პარტერის, ბუფეტ-გარდერობიანი მსოფლიო შენს დასაცავად აღსდგება! ნუთუ ვერ ხვდები რა ოქროსქოშოვანი მომავალი გელის, რა დუბაიობანა გიღიმის.

რით ვერ გაიგე, რომ დერეფან-შუშაბანდ-აბრეშუმი კი არა, გზა ყოფილხარ და პოლიგონ-ტერიტორია! ყოფილხარ ევროპა აზიაში და აზია ევროპაში, ყოფილხარ მარილი დემოკრატიისა, აკვანი რევოლუციისა, ვარდი სილაში, აღმაშენებელი მეჩეთში და სამხრეთ ოსეთი ჩრდილოეთ საქართველოში!!! ჩვენ გვიცავს ჩვენი ტელევიზია* – ფანჯარა მსოფლიოში და რაღა დროს აქლემები და ტრადიციებია.

რომ მოჭკნეს ეს ევროპული ყვავილი რა გვეშველება? სადღეგრძელო-ლექს-შელოცვა თუ წირვა-ლოცვიან-ტრადიციულ-ფესვებიანი სულიერება უშველის ჩვენს გასაჭირს მერე? უმადურია, უმადური და ჩამორჩენილი ჩვენი ხალხი. ყველაფერში ცუდს როგორ ხედავს?! ამ ჩვენს მშვენიერ ჯვრიან დროშეაზე ამბობენ, ეგ რა არისო, სასწრაფო დახმარება თუ წითელი ჯვრის ორგანიზაცია ვართ თუ ათასწლოვანი ერი და სახელმწიფოო? ეს დროშა სულ დაჭრილ-სისხლდაცლილობა-დახმარების მოიმედეობას დაგვაბედებსო, რა მესიჯს ვუგზავნით მსოფლიოს, თქვენი ჭირიმე, გვიშველეთ, ვკვდებითო? Gგვეყოფა, ბატონოო, ერთი ფერშალ-პრეზიდენტი ხო გვყავდა და გვეყოფაო.

 ღირსია ეს ხალხი ყველაფრის, რა! უნდა შესვა იმ აქლემებზე და გააყოლო უდაბნოს გზას! მაგრამ ამ ჰუმანიზმს რა ვუთხარი მე და ამ ცრემლიან თვალებს, თორემ მაგათ წითელი ბორშჩი როგორ უნდა აჭამო უფასოდ? ანდა დაგვეტოვებინა ყველა ,,მარტოხაჭაპურზეროყოფნიდა” იმ პენსიაზე და ენახათ, როგორია ცხოვრება ინტეგრაციისა და ტრანშის* გარეშე.

მე კი, როგორც ახალგაზრდამ და სინდის-მოდერნმა, კარგახანია, ვირწმუნე ახალი ცხოვრების ყოველგვარი სიკეთე, დავამთავრე სკოლა, ეროვნული გამოცდებით ჩავირიცხე სახელმწიფო ადაპტირების ინსტიტუტში. სამ თვეში გავიარე გვირაბი ბოლოში სინათლით, ინტერნეტით დავამთავრე ჯერ ლონდონის ,,ქალიშვილობის ინსტიტუტი”, მერე თავისუფლების ინსტიტუტის უფასო კურსი (მანმადე დაუსწრებლად ვსწავლობდი სიღნაღის თავისუფლების კოლეჯში), ახლა მაგისტრატურისათვის ვემზადები ,,შავი ზღვისა და თეთრი აფრების საერთაშორისო უნივერსიტეტში”. პარალელურად ვამზადებ სადისერტაციო ნაშრომს გენდერულ თემაზე : ,,უკრაინელი ქალის როლი პოსტსაბჭოთა ქართველი მამაკაცის ცნობიერების ჩამოყალიბებაში”, ვვარჯიშობ ხრიდოლ-კარატეში და პარალელურად ვასრულებ ერთ-ერთი გამომცემლობის შეკვეთას ,,პატარა ვეფხისტყაოსანზე”, რომელშიც სულ 12 სტროფი იქნება, ითარგმნება ინგლისურად და პრეზენტაცია მოეწყობა ერთდროულად მსოფლიოს ,,პოპულის” ქსელის ყველა სუპერმარკეტებში.. ამით მოვხსნით მადონასა* და როულინგის* შედეგებს და იმ მკითხველს დავუბრუნებთ ლიტერატურას, რომელიც ერთდროს ჰყავდა ,,მგლის ბილიკსა და ,,ანასტასიას და გიორგის მოგზაურობას სიზმარეთში”. ბევრი სხვა პერსპექტივაც გამოგვიჩნდა ახალგაზრდებს, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს. ერთი კი ვიცი, როცა დედა გავხდები, შვილს არასგზით ჩავაკრავ აკვანში ბაზალეთის ტბის ფსკერზე. როგორც ფსიქოლოგებმა დაადგინეს მთელი ჩვენი ჩამორჩენილობის, აგრესიის და საკუთარი დედის თვითგინების მიზეზი ეს ყოფილა! გაუშვით, იხოხონ ბავშვებმა თავისუფლად ქუჩებში, ბაზრებში, მეტროსადგურებში, იმღერონ, შეაგროვონ ფული, ჯართი, იყიდონ წებო. რა არის ამაში ცუდი? რა უნდა ბავშვს ტბის ფსკერზე? დედა კი იარაღითა და თასით ხელში ამვლელ-ჩამვლელს ეგებება. აი, ამ ფსევდო-ეროვნული ტრადიციებისაგან უნდა გათავისუფლდეს ერი.

იმ ლობიოს ჭამასაც უნდა გადავეჩვიოთ, რით არ სჯობს ლობიოს ბრინჯი? ხომ ხედავ როგორ ამრავლებს ბრინჯი ხალხს და როგორ შეგვაკვეკვესტრა ამ ლობიომ თუ გონებრივად თუ რაოდენობრივად? უნდა ვიგრძნოთ პროგრესის სუნი საიდან მოდის. ინტერნეტში ამოვქექე, გაკვირვების უნარის აღსადგენად და პროგრესული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად ანანასის ცხელ-ცხელი ტომატის საფენებიაო კარგი შუბლზე და სამარხვო ძროხის (მარტო ბალახზე გაზრდილის) ფაშვის კოტლეტები. ვისაც ვუთხარი, არავინ დამიჯერა: სად ანანასი და სად ეროვნულ-პროგრესული ცნობიერებაო? მაგრამ თურმე საფენების ხშირი ცვლა და ზედ კოტლეტების ჭამისას ,,იავნანას” ხშირი მოსმენა, მართლა შველის დაკარგულ მეხსიერებას. და თუ ამანაც ვერ გიშველა, ვაი, შენ მწერალო და წინასწარმეტყველო, აღარ ყოფილა შენი ადგილი სამშობლოში, არც ლიტერატურულ კაფეში, არც ლიტერატურულ ვებგვერდებზე, ვერც საბა გიხსნის და ვეღარც დავითი.*

უნდა აიკრა გუდა-ნაბადი და იმ აქლემებს უნდა გაჰყვე, როკის გვირაბში* რომ მოჰკრეს თვალი უკანასკნელად.

მე მაინც არ ვკარგავ იმედს, რადგან ბრძენია ჩვენი ხალხი. იგი აუცილებლად აუწყობს ფეხს პროგრესულ მსოფლიოს, რომლის დედააშენებულმა ეკონომიკამ უზარმაზარი ინვესტიციები შემოიტანა ჩემს დედადანგრეულ და ღობე-ყორემორღვეულ სივრცეში, რათა ხვალ ყველა ვიყოთ ბედნიერი! მადლობელი ვარ ყველასი: “ მადლობა რუსსა* და სომეხს*, არაბსა* და ამერიკელს*, უკრაინელსა* და ყაზახს*”! ეს მსოფლიომ გვაჩუქა გადარჩენის ახალი ფორმულა” ,,გადაფხიკე და მოიგე”! აი, ამ ორ ჯადოსნურ სიტყვაშია ჩვენი მარად არსებობის ძალა შენახული. ჩვენ უნდა გადავფხიკოთ არაფრისმაქნისი და გაბუდაყებული ხსოვნა, ტრადიცია, მეხსიერება, წარსული, აწმყო და მოვიგებთ მომავალს, პროგრესს, სიმდიდრეს, განვითარებას! გადავფხიკავთ შოთას და მოვიგებთ ხერხეულიძეს*, გადავფხიკავთ ილიას და მოვიგებთ ჯორჯს, გადავფხიკავთ კულტურას და მოვიგებთ შოუს, გადავფხიკავთ ეკლესიას და მოვიგებთ საგუშაგოს, გადავფხიკავთ ქართლს და მოვიგებთ ოსეთს, გადავფხიკავთ აფხაზეთს და მოვიგებთ რუსეთს, გადავფხიკავთ კაცს და მოვიგებთ ქალს!… ვფხიკოთ, ვფხიკოთ და აუცილებლად მოვიგებთ რამეს, აბა, უსაშველო ხო არ დაგვემართება. სიმბოლოებით აზროვნება უნდა ისწავლო, ქართველო! ჯერ კიდევ როდის ჩააყოლეს ციხეს ზურაბი, თვითშეწირვა უნდა შეგეძლოს ქვეყნისათვის, ვარდის ეკლით ფხიკვაც უნდა შეძლო. ჯერ კიდევ როდის დარბოდა საქართველოს სიყვარულით ფანტიაი* და გაჰყვიროდა: “თუ საქართველო გიყვართ და ვერაფერს უკეთებთ, ვირბოლოთ მაინცო” და დარბოდა ისეთ ცუდ გზებზე და ჩვენ კი რაღა დაგვიშლის ასეთ განათებულ და ასეთ გაასფალტებულ გზებზე რბოლას? მივიღოთ თითოეულმა მონაწილეობა ქვეყნის აღორძინებაში, მერე რა რომ ძალიან მსუქანია ბენდუქიძე*? აბა, სად ჩაეტიოს ამდენი მოწადინება, გენაცვალე, მერე რა რომ სხვა მსუქანი კიდევ თვალებს აცეცებს? გაბრწყინებული ივერიის* შუქი ჭრის თვალს და რა მაგის ბრალია? ნუ იქნებით უმადურები, აუწყვეთ ფეხი ცხოვრებას, არ გადართოთ რევოლუცია სხვა არხზე, არც პროგრესი გადართოთ, არც ევროპა გადართოთ, არც ამერიკა, როცა დაიწყება და არც კოზაკს აუქშიოთ, თქვენს სავაჭრო დახლში თუ შემოეხეტა, გახსოვდეთ კოზაკი დიდი გარდაქმნებისა და განვითარების სიმბოლოა.…

2004 წ.

 

 

 შენიშვნები:

 

*აქლემების ქარავანი – მწერალ–წინასწარმეტყველის ირაკლი ლომოურის მისნობიდან, მსოფლიოს არაბიზაციის პროგრამის საქართველოს სექტორის კოდური სახელწოდება.

*ლობიო – დასაჩურჩი პარკოსანი მცენარე, რომელსაც მასონები ოდითგანვე ავრცელებენ მსოფლიოში რელიგიური მიზნით.

*გველეშაპის კვერცხი – სულარსებობის გურული სინდრომი

*რევოლუცია – ძვ. უგარიტული მითოლოგიის გმირი, რომელიც სულ იყო და არასდროს არსებობდა. ქართულ მითოლოგიაში მისი შესატყვისია: ,,გაულაწუნე ციციკორე”

მარკესი – მწერალი, რომელსაც ,,საბა’’ ჯერ არ მიუღია, არც “გალა”.

*სი-ენ-ენი – ქართულად ითარგმნება: “გამოჩნდა ბიჭი?”

*ცელოფანი – ქართულად: მიწადვერმქცეველი

*ფაბრიკა – დაწესებულება, სადაც 5 წლის საქმეს ჯერ 4 წელიწადში ასრულებენ, მერე 3 წელიწადში, მერე 2-ში და ბოლოს სულ გაქრა

*ჰიმნი – პოპური თემაზე: ,,აქ უყვარდა სიარული აკაკის და გალაკტიონს”

*გივი – რაინდი, რევოლუციის ბარძიმის მფლობელი, რომელიც თავმდაბლობის გამო სახედრით დაიარება გაჭირვებულ ქვეყნებში. არტურ მეფის შთამომავალთა იმ შტოს განეკუთვნება რომელიც მფარველობს “ხმებს”.

*ნაგავი – იხილეთ ჰერაკლეს მეექვსე გმირობა.

*არპატიოსანი – უძველესი კოლხური ხურდა

*ჰოლანდია – ქართულად: მშვენიერი სანდრას ქვეყანა

*,,მუხის ფესვით შეკერილი” – იგულისხმება მამული (გიორგი წერეთლის აზრით)

*ინგლისური – ენა, რომელზეც წერდა შექსპირი 66-ე სონეტს

*პოლიგონი – ქართულად: ,,რადგან დეიდა ნატომ თქვა, მოვალო, აუცილებლად მოვა”

*ბორჩში – უკრაინელი და ქართველი ხალხის უკვდავი მეგობრობის სიმბოლო სუფრაზე ჩადგმით

*ტრანში – ქართულად: ,,დეიდებო, ბიძიებო, დედას გეფიცებით”

*როულინგი და *მადონა – საბავშვო ლიტერატურის ორი ფერია, რომელიც პრინცესას ნათლობაში არ დაპატიჟეს და რომლებმაც გადაწყვიტეს, ასი წლით მიაძინონ ქართველი მწერალი-ფერიები თავის ნათლულიანად, სანამ არ მოვა მათთან პრინცი ბაკო და არ გააღვიძებს წრფელი კოცნით

*ტელევიზია – ქართულად “რუსთავი-2”, ძვ. ინდური მითოლოგიის გმირი ,,ყველგან მყოფი და თავისად მზირალი თვალი”. ასევე ეწოდებოდა აგნის, ცეცხლის ღვთაების გამზრდელს და ითარგმნება ,,ცეცხლის ვარდი”

*როკის გვირაბი – ქართული მითოსიდან, დარანი, რომელშიც გასული უნახავთ და შემოსული არავინ

*რუსი, *სომეხი, *არაბი, *უკრაინელი, *ყაზახი – ხმა ფილმიდან: “კტო ეტა პასტრადავში? ონ გავარიტ: ია ტოჟე ხაჩუ”

*დავითი – მწერლის ზოგადი სახელია საქართველოში (გურამიშვილი, კლდიაშვილი, წერედიანი, ჩიხლაძე, ბარბაქაძე, მაღრაძე, ტურაშვილი, ტაკიძე, ქართველიშვილი, კვიცარიძე, მჭედლური, ზურაბიშვილი, გოგიბედაშვილი და სხვა)

*ფანტიაი – გ. ჩოხელის პერსონაჟი, კოდური სახელწოდებით “ვირბოლოთ”,რომელის გამუდმებით დარბის, რადგან სხვას ვერაფერს უკეთებს სამშობლოს. არადა, უყვარს, ძალიან უყვარს

*ბენდუქიძე – ლიტერატურული პერსონაჟი ჯემალ ქარჩხაძის ,,განზომილებიდან”. იხ.

გვერდი 114, 2002 წლის გამოცემა. იგივე ,,ბარაქაგოგიმსოფლიოს” სათავო ოფისის წარმომადგენელი საქართველოში კოდური სახელწოდებით ,,წადი შენი”

*ივერია – ქვეყანა, რომელშიც ნობელის პრემია ჯერ არცერთ მწერალს მიუღია

*ხერხეულიძე – დებატფართის მუდმივმომქმედი პერსონაჟი (როგორც მდედრი,ასევე მამრი სქესისა) მწერლური მიდრეკილებითა და ჰალუცინაციებით, რომელიც წარსულში იბეჭდებოდა ,,ცხრა ძმის” ფსევდონიმით.

 და ომი? და აგვისტო? და აყრილი სოფლები? და გმირები? და პრეზენტაციები? და პროექტები? და ბულვარები, პალოები და პალოები, და დევნილები და დევნილები და დევნილები და დოვენ-დოვინ-დოვლი? დოვინ-დოვენ-დოვლი, დოვინ-დოვენ-დოვლი, დოვინ-დოვენ-დოვლი... აძრულია ქვეყანა, აძრულია ხალხი, აძრულია გზებიც, და არავინ იცის რატომ? საით? როდემდე? ის კი არადა, მსხვერპლიც საკუთარი ფეხით მიდის საკურთხევლამდე.

 გრცხვენოდეს ავტორო, ოდეს ყოფილ არს აქომამდე, რომ სამშობლოსთვის ასე დაგეცინოს? მოხვალ იქ! იქ,იქ,იქ! ამოხვალ იქ! იქ! იქ! ჩამოხვალ იქ! იქ! იქ!

 წერო მიფრინავდა შორს, თავისთვის, მშვიდად და არც იცოდა, რომ კავკასიონს, რომელიც ასე დიდებულად გამოიყურებოდა, კარიესი გაუჩნდა და ნერვიც მოუკლეს. დასაპლომბი ცემენტი კი ჯერ ვერ შემოიტანეს. ჯერ შაბიამნის პარტია შემოვიდა. იდგა 2004 წელი. ელაპარაკე ეხლა ამ კოკაა თუ ვიღაცას, უმტკიცე, რომ ეს არ არის ლიტერატურა, გააგებინე რომ ადამიანები გადიქცნენ ისევ დევებად, რომ “ანდრეზ მართალ ას, სხვა ყველაფერი ტყუილი”.

რომ დრო აღნიშნე, დრო, დრო...

 

გაგრძელება იქნება

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / წიკლაური მარიამ / ნოველები