ბოლერო

გ ი ო

შურისძიება 

 

 

 

ბოლერო

                                                                                                              ეძღვნება სებასტიან სერესოს

 

კატალონიაში, ზღვისპირა ქალაქ მარესას ახლომდებარე პატარა სოფელში, ყურძნის კრეფის სეზონი ახლოვდებოდა. ამ არაჩვეულებრივი კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით განთქმულ მხარეში გლეხებს უამრავი საზრუნავი ჰქონდათ: ბაღ-ვენახები, ბოსტნები, ზეითუნის პლანტაციები. ერთი სიტყვით, ცოტაოდენ ოფლს თუ გაიღებდი, მიწაც ვალში არ დაგრჩებოდა და ასმაგად დაგიფასებდა გაწეულ ამაგს.

პატარა დიეგოც მამასთან ერთად ფუსფუსებდა, მის რჩევა-დარიგებას მონდომებით ასრულებდა. დედასაც დიდი ჯაფა ადგა– დილაუთენია დგებოდა და მუხლჩაუხრელად შრომობდა. ამ რამდენიმე წლის წინ სახადმა მისი უფროსი ქალიშვილი შეიწირა, ახლა ხუანიტა და ხორხე, მისი მეუღლე, ერთადეთ ვაჟს ცივ ნიავს არ აკარებდნენ, სწორედ მისთვის შრომობდნენ ასე თავდაუზოგავად.

დიეგო სოფლის სკოლაში დადიოდა, კარგი მოსწავლე იყო, ბეჯითი და მოწესრიგებული, აბა მშობლებს ხომ არ შეარცხვენდა. ერთი დიდი გატაცება ჰქონდა–  ცეკვა უყვარდა.

თავისუფალ დროს, სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, დღე და ღამ ბურთს რომ დასდევდნენ, თავისთვის ცეკვავდა, თავად იგონებდა ილეთებს.

ერთხელ, სოფლის ფარდულთან, ახალგაზრდა ყმაწვილის ცეკვას შეესწრო. უცნაური ცეკვა იყო, საოცრად ლამაზი. ზოგიერთი ილეთი დაიმახსოვრა კიდეც: ტანაზიდული და ხელებაწვდილი დიეგო ფეხებს სასაცილოდ აბაკუნებდა. მისი ეს იმპროვიზაცია ძნელად თუ წააგავდა ცეკვას, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან სურვილს აისრულებდა და იმ ყმაწვილივით დაატყვევებდა თანასოფლელებს.

მამას მარესაში ხშირად უწევდა ჩასვლა. ზოგჯერ დიეგოც თან მიყავდა. სანამ ხორხე თავის საქმეებს აგვარებდა, დიეგო მაღაზიებს დაივლიდა ხოლმე. აქაური ყველაფერი მოსწონდა– სახლებიც, სკვერებიც, ადამიანებიც...

ერთ-ერთ მაღაზიაში ლამაზი, წითელი მძივი შენიშნა, ისეთი, დონა რებეკას რომ ეკეთა. “ფულს შევაგროვებ და დედას აუცილებლად ვუყიდი”–  გაიფიქრა და სიამოვნებისგან გული შეეკუმშა. დედა განსაკუთრებით უყვარდა. სულ პატარა რომ იყო, ფუმფულა მკერდზე თავს დაადებდა და ისე იძინებდა.

ერთხელ მამამ ბარსელონაშიც წაიყვანა. გაოგნებული დიეგო ხმას ვეღარ იღებდა. მარესას გარდა არსად ყოფილა, ბარსელონა კი მართლაც მეტისმეტი იყო პატარა ბიჭისთვის, რომლისთვისაც მარესა იყო სამყაროს დასაწყისიც და დასასრულიც.

–  ხომ ლამაზია ბარსელონა, დიეგო?

–  ძალიან ლამაზია, ხალხიც სხვანაირია, სახლებიც.

მეთხუთმეტე საუკუნეში დაარსებულ უნივერსიტეტს ჩაუარეს:

–  კარგი იქნებოდა ერთი ნასწავლი კაცი ჩვენს გვარშიც რომ ყოფილიყო–  რას იტყვი, დიეგო?

–  რა ვიცი, აქ ცეკვას ასწავლიან?

მამას გაეღიმა და შვილს თავზე ხელი გადაუსვა.

დიეგოს ერთი სული ჰქონდა, სოფელში ჩასულიყო და დედისთვის შთაბეჭდილებები გაეზიარებინა.

სახლში უჩვეულო სიწყნარეს დაესადგურებინა.

–  ხუანიტა სად ხარ?–  გასძახა ხორხემ.

პასუხი არავინ გასცა. ხორხე და დიეგო საძინებელში შეცვივდნენ: ხუანიტა საწოლზე იწვა, ძლივს სუნთქავდა, ტუჩები გალურჯებოდა, წყალი მომიტანეთო, ამოიხრიალა.

დიეგო სოფლის ექიმთან გავარდა.

ექიმმა ქალი ყურადღებით გასინჯა:

–  ჩემი აზრით ასთმა უნდა იყოს, ხვალვე მარესაში უნდა ჩაიყვანოთ, თორემ შესაძლოა მორიგ შეტევას ვეღარც გაუძლოს.

მარესაში დიაგნოზი დადასტურდა. მკურნალობა დაუნიშნეს და ურჩიეს ქალაქში გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ხორხეს და ხუანიტას ძალიან უმძიმდათ მშობლიური კუთხის მიტოვება, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ხედავდნენ.

მარესაში თავის გატანა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ხორხემ დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა, სამსახური იშოვა. არც ხუანიტას მდგომარეობა გაუმჯობესებულა დიდად. სოფელი ენატრებოდათ, საუკეთესოდ მოვლილი ვენახი და თანასოფლელები, გაჭირვებაში არაერთხელ რომ ამოდგომიათ მხარში. 

გაზაფხულზე ხუანიტას შეტევებმა მოუხშირა, ბოლოს ძალზე დამძიმდა, გულმაც უმტყუნა, ლოგინიდან ვეღარ დგებოდა.

მამა-შვილი ხედავდა, როგორ დნებოდა სანთელივით მათთვის ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი. ხორხემ სმას მოუხშირა, ზოგჯერ სამსახურში წასვლაც კი ავიწყდებოდა. დიეგო რომ არა, უკვე დიდი ხნის გამოგდებული იქნებოდა.

ხუანიტაც განიცდიდა ქმრის ამბავს, საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ერთხელაც დაიძინა და აღარც გაუღვიძია. უჩუმრად წავიდა ზეციურ სასუფეველში.

დიეგო ჩონჩხს დაემსგავსა, დედას დარდობდა, არაფერი აინტერესებდა. ხუანიტას საწოლზე ჩამოჯდებოდა და ფიქრობდა, ფიქრობდა გაუთავებლად.

ხორხე მიხვდა, რომ ძველებურად ვეღარ იცხოვრებდა. მხოლოდ მაშინ სვამდა, დარდი რომ მოეძალებოდა.

ახლა მთავარი იყო, დიეგოსთვის მიეხედა, ის იყო მისი ერთადერთი ნუგეში.

ერთხელაც მარესას ცენტრისკენ გაემართნენ. კვირა დღე იყო, უამრავი ხალხი ირეოდა. დიეგო გამოცოცხლდა, ხალხს შეერია, ვიტრინებს და აფიშებს ათვალიერებდა. უეცრად გაშეშდა: ერთ-ერთი აფიშიდან ლამაზ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი უღიმოდა–  ბოლეროს დიდოსტატი მანუელ გარსია, რომელსაც სულ მალე მარესაში კონცერტი უნდა გაემართა. “ბოლერო”–  აი რა ყოფილა ის ცეკვა, რომლის სწავლაც ოცნებად გადაქცეოდა. მამასთან მივარდა და აფიშასთან მიიყვანა:

–  აი, ის ცეკვა, მე რომ გეუბნებოდი, ხომ წამიყვან კონცერტზე?

შვილის უჩვეულო გამოცოცხლებამ ხორხე ჯერ დააბნია, მერე გახარებულმა შვილი გულში ჩაიკრა:

–  რა თქმა უნდა, დიეგო!

სახლში დაღლილები დაბრუნდნენ, ივახშმეს. ხორხე დასაძინებლად დაწვა.

დიეგო სამზარეულოში შევიდა, კარი მიხურა და თვალები დახუჭა: თავი ხალხით სავსე უზარმაზარ დარბაზში წარმოიდგინა, სცენაზე იდგა და ცეკვავდა. ხალხი ოვაციებს არ იშურებდა... მერე თვალები გაახილა და ვეებერთელა დარბაზიდან მომცრო სამზარეულოში გადაინაცვლა. 

ნანატრი დღეც დადგა. მარესას საკონცერტო დარბაზში უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ემოციებისგან ლოყებაწითლებული დიეგო გულისფანცქალით ელოდა წარმოდგენის დაწყებას.

სცენაზე მანუელ გარსია გამოჩნდა, ხალხს მიესალმა და ცეკვა დაიწყო. დარბაზი გაირინდა.

დიეგო გაოგნებული შეჰყურებდა დიდ მოცეკვავეს. კონცერტი დასასრულს უახლოვდებოდა. დიეგოს სუნთქვა შეეკრა, უეცრად წამოხტა და სცენისკენ გავარდა. ხალხი გაშტერებული შეჰყურებდა პატარა ბიჭს, რომელსაც ვერაფრით მოეხერხებინა სცენაზე ასვლა. მანუელი ბავშვთან მივიდა და სცენაზე აიყვანა.

მერე მოხდა სასწაული–  ისინი ერთად ცეკვავდნენ–  პატარა სოფლელი ბიჭუნა და სახელგანთქმული დიდოსტატი. დარბაზი აპლოდისმენტებითა და აღფრთოვანებული შეძახილებით აივსო.

იმ დღემ სამუდამოდ შეცვალა გრანადოსების ცხოვრება.

დროებით ბარსელონაში უნდა გადასულიყვნენ, რათა დიეგო დიდი მაესტროს გაკვეთილებს დასწრებოდა.

მას მერე ოც წელზე მეტი გავიდა.

დიეგო გრანადოსი უკვე მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული მოცეკვავე იყო, ბევრად უფრო სახელოვანი, ვიდრე მისი მასწავლებელი.

პარიზში გასტროლებისას თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული გაიცნო: ჟანა მხატვარი იყო, საოცრად თბილი და მომხიბვლელი. მალევე იქორწინეს. მერე რენე და ხუანიტა გაჩნდნენ. დრო გადიოდა, ბავშვები წამოიზარდნენ, სკოლა, ინსტიტუტი. ცოლ-შვილში მართლაც რომ გაუმართლა: რენე იურისტი იყო, ხუანიტა- მედდა. “რომ დავბერდები, შენ უნდა მომიაროო”–  ეტყოდა ხოლმე დიეგო ქალიშვილს. ისიც გადაიკისკისებდა, თოვლივით ქათქათა კბილებს გადმოყრიდა და ჩაეხუტებოდა.

რა ბედნიერი იყო მაშინ დიეგო!

პრაგმატიზმის სიომ აქაც დაჰბერა. სულ სხვა ტალღაზე მომართულ ახალგაზრდობას ცეკვა დიდად აღარ აინტერესებდა. არა, ცეკვით როგორ არ ცეკვავდნენ, უბრალოდ მათთვის ეს გართობა იყო და მეტი არაფერი.

დიეგოს გული წყდებოდა, რომ ის, რასაც წლები და ახალგაზრდობა შეალია, მხოლოდ ერთეულებისთვის აღმოჩნდა მნიშვნელოვანი. ერთადერთი პედრო ეიმედებოდა, მასავით ცეკვაზე უზომოდ შეყვარებული, დილიდან საღამომდე რომ არ გამოდიოდა სტუდიიდან.

ჯერ კიდევ არ იყო ხნიერი, მაგრამ დიდ სცენაზე იშვიათად გამოდიოდა–  რას იზამ, დროს ვერ აჯობებ, ჩაგისაფრდება და უმოწყალოდ გითვლის საათებს, წუთებს წამებს...

ბევრი ოცნება აისრულა ერთის გარდა, დღეს ამ ოცნებასაც აისრულებს–  თავისი თანასოფლელებისთვის იცეკვებს, ისე, როგორც არასდროს. ეს მისი ბოლო გამოსვლა იქნება, მერე ჯერი პედროზეა, ის ჩაიბარებს ესტაფეტას...

კონცერტზე დასწრების სურვილი ბარსელონას მერმაც გამოთქვა, ეს მისთვის დიდი პატივიცაა და პასუხისმგებლობაც.

ოთახში პედრომ შემოიხედა:

–  დონ დიეგო, სოფლის შემოსასვლელთან აქაურები მერის დახვედრას აპირებენ, მთხოვეს, მეც გავყვე, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?

დიეგომ ხელით ანიშნა, წადიო. მერე სარკესთან მივიდა: დრომ მის სხეულს ვერაფერი დააკლო. “ეჰ, ეს ჭაღარა რომ არა”–  თმაზე ხელი სინანულით გადაისვა, მერე კასტანიეტები მოიმარჯვა და ბოლეროს რამდენიმე ილეთი წაიცეკვა.

რა დასანანია, რომ დღეს მის გვერდით მისი ახლობლები არ არიან.

ხორხე ორი წლის წინ გარდაიცვალა, ჟანა და ბავშვები პარიზს სტუმრობენ... “არა უშავს”–  თავი დაიმშვიდა დიეგომ.

უცებ მხრები აეწვა, მერე კისერი, ყურებს ბაგა-ბუგი გაუდიოდა. ამ ბოლო დროს წნევა შემოეჩვია. ქალიშვილის თხოვნის მიუხედავად, წამალი არასოდეს დაულევია. საკუთარი მეთოდი ჰქონდა–  წამოწვებოდა, თვალებს დახუჭავდა, საფეთქლებს და შუბლს დაიზელდა, მერე რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქავდა და ამოისუნთქავდა.

ამჯერადაც ასე მოიქცა. უცბად თავში საშინელი ტკივილი იგრძნო, ირგვლივ ყველაფერი დატრიალდა, უნდოდა ეყვირა, მაგრამ ძალა არ ყოფნიდა. მერე წყვდიადში ჩაიძირა, სადღაც მიქროდა, ბოლოს რაღაც არაბუნებრივმა სიკაშკაშემ მოჭრა თვალი...

დედა დაინახა.

ხუანიტა უღიმოდა, თითქოს ძალდატანებით, სევდიანად.

–  დედა, არ დამტოვო, დედა!

მერე შვილს ხელი უხალისოოდ გაუწოდა და მარადისობისკენ გაუძღვა.

–  დონ დიეგო, მერი უკვე აქ არის! –  ოთახში პედრო და ხავიერი, დიეგოს ყოფილი მეზობელი, შემოვიდნენ.

დიეგო ხმას არ იღებდა, ჭერს უსიცოცხლო თვალებით მიშტერებოდა. ყველაფერი ნათელი იყო. ხავიერმა ფერწასულ დიეგოს გახედა და ცხედართან ჩაიმუხლა:

–  დღეს “ბოლერო” მოკვდა კატალონიაში–  წარმოთქვა ხმის კანკალით.

–  არასოდეს –  თქვა პედრომ და მასწავლებლის მიერ სათუთად მიწყობილი კასტანიეტები გულში ჩაიხუტა.

მთელი კატალონია ეთხოვებოდა დიეგო გრანადოსს. ბარსელონას ცენტრალურ მოედანზე უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ქალაქის მერმა ასე მიმართა ხალხს:

–  დღეს მეფეს ვეთხოვებით, ბოლეროს მეფეს!

ტაშმა გრიგალივით გადაუარა მოედანს. ეს დიეგო გრანადოსის უკანასკნელი და ყველაზე გრანდიოზული გამოსვლა იყო.

 

 

გ ი ო

 

შემოდგომა ძალას იკრებდა. წვიმიანი და ქარიანი დღეებით გაბეზრებული ხალხი მოღუშული მიუყვებოდა ქუჩას.

მაკაც ძლივს იგერიებდა ჰაერში აჭრილ მტვრის ნაკადს. სახეზე ცხვირსახოცაფარებულმა სუპერმარკეტისკენ აიღო გეზი. უეცრად ქარის ზუზუნში ჩაესმა: – ”დეიდა მშია”. შემობრუნდა. პატარა ხუჭუჭა ბიჭი მორიდებით შეცქეროდა.

თხელი, გახუნებული ქურთუკი ეცვა, ფეხზე კი რაღაც კედების მსგავსი, საიდანაც ორივე ცერა თითს ურცხვად გამოეყო თავი.

– ერთი წუთით დამელოდე– უთხრა მაკამ და სუპერმარკეტში შევიდა. ხაჭაპური, ძეხვი, ფუნთუშეული და “კოკა-კოლა” იყიდა. ბიჭი მაღაზიის კუთხეში აბუზულიყო და მყიდველებს დამფრთხალ მზერას აყოლებდა. მაკამ საჭმლით სავსე პარკი გაუწოდა.

– დიდი მადლობა დეიდა, ამდენი რად მინდოდა!

– როგორ არ გინდა, ოღონდ ერთბაშად ნუ შეჭამ, კუჭი არ გეტკინოს.

– ამდენს რა მაჭმევს– რაღაც ღიმილის მსგავსი გამოესახა ქარისგან დასუსხულ და გამომშრალ სახეზე.

– რა გქვია?

– გიო.

– რამდენი წლის ხარ, გიო?

– შვიდისა შევსრულდი.

– აქაური ხარ?

– არა, ქართლიდანა ვარ, დვანში ვცხოვრობდით მე და ჩემი დედ-მამა.

მაკას გული შეეკუმშა, მიხვდა გიოც იმ წყეული ომის მსხვერპლი იყო სხვათა მსგავსად.

–  გიო, წამო, აგერ იმ სკვერში დავსხდეთ, თან ჭამე, თანაც ვილაპარაკოთ, კარგი?

– თქვენ როგორც იტყვით!

ლამაზად მოწყობილ სკვერში, ქარის მიუხედავად, უამრავი ბავშვი ირეოდა. ზოგი აიწონა-დაიწონას თამაშობდა, ზოგი ბურთს დასდევდა, ზოგიც ერთმანეთს. გიო და მაკა სკამზე ჩამოსხდნენ

– აბა, მომიყევი, აქ საიდან აღმოჩნდი.

– ომის დროს წამოვედი, ლტოლვილი ვარ.

– მერე ქუჩაში რა გინდა, მშობლებს ხომ არ გამოეპარე?

ბავშვმა ჭამა შეწყვიტა, ხმას ვეღარ იღებდა. მაკას ეგონა ყელში ლუკმა გაეჩხირა;

– გიო, ცუდად ხომ არ ხარ, ჩქარა კოკა-კოლა მიაყოლე!

მერე მიხვდა, რომ ბავშვი ტიროდა, ოღონდ არ იმჩნევდა, კაცურად უმკლავდებოდა გულსმიბჯენილ დიდ ტკივილს.

– დამშვიდდი, პატარა, ვაჟკაცი არა ხარ? ომი გამოიარე და ახლა დედლობა იქნება? აბა შემომხედე!

გიომ ერთ-ორი ამოისლუკუნა და დამშვიდდა:

– დედ-მამა აღარა მყავს.

მამა შარშან დამეღუპა, ნაღმზე აფეთქდა, დედა კი ჩემ თვალწინ, შვიდ აგვისტოს. ლამაზი ქალი იყო დედაჩემი– დასძინა სერიოზულად.

– ეჭვი არ მეპარება, შენც დედასავით ლამაზი ხარ.

– ლამაზი არა! – დაიმორცხვა გიომ და მტვრიან კულულებზე ხელი გადაისვა.

– დედას რა ერქვა?

– მადინა. დედაჩემი ოსი იყო.

– მერე ოსი და ქართველი რამ გაყო, თანაც ოსის ქალები მართლაც ლამაზები არიან.

გიოს სახე გაუნათდა. მაკა მიხვდა, რომ ბავშვის გული საბოლოოდ მოინადირა.

– მეგობრები თუ გყავს, გიო?

– როგორ არა, პალაკაანთ დათო– ჩემი ძმაკაცი იყო.

– მერედა სად არის პალაკაანთ დათო?

– ომის დროს დედასთან და დასთან ერთად გამოიქცა. მამა არც იმას ჰყავს. ალბათ სხვა ლტოლვილებთან ერთად იქნებიან.

– არა უშავს, აუცილებლად მოვძებნით, პირობას გაძლევ.

– თქვენც არავინ გყავთ?

– რას ამბობ, გიო, ახლობლების მეტი რა მყავს!

– ქმარი?

– მყავდა, დიდი ხნის წინ წავიდა. ჰო, გიო, შეიძლება რაღაც გთხოვო?

– როგორ არა!

– აი, იმ თეთრ სახლს ხომ ხედავ, იქ ვცხოვრობ.

ახლა წავიდეთ, დაიბან, დაისვენებ, თანაც მოვიფიქროთ როგორ მოვიქცეთ– სულ ასე ქუჩა-ქუჩა ხომ არ იხეტიალებ!

–  რა ვიცი აბა, უხერხულია– თავი ჩაღუნა გიომ.

– აბა, წავედით. უი, მართლა, სულ დამავიწყდა– მე მაკა მქვია, თუ გინდა მაკა დეიდა დამიძახე, წავედით?

– წავედით!

ბავშვმა ინსტიქტურად ხელი ჩაავლო და ორივენი ლამის სირბილით გაუყვნენ გზას.

სააბაზანოდან გამოსულ გიოს მაკას აღტაცებული შეძახილი მოჰყვა:

– გიო, ეს რა ბიჭი ყოფილხარ! ისე, თმები ხომ არ შეგვეკრიჭა, ჰა? ნამეტანი მოგზრდია.

– თქვენ როგორც იტყვით

– ეგ შენი გადასაწყვეტია, ისე რაღა დაგიმალო და კულულებიც გიხდება.

გიომ უხერხულად გაიღიმა და თვალი სარკისკენ გააპარა:

– ჯერჯერობით იყოს, მერე ვნახოთ.

– კარგი. ახლა ერთი თხოვნა მაქვს: თავი მისკდება,წამალი დავლიე და ცოტა თუ წამთვლიმა, იცოდე არსად წახვიდე, კარგი? აგერ სავარძელში ჩაჯექი და ჟურნალები დაათვალიერე, შევთანხმდით?

– შევთანხმდით.

მაკა სამზარეულოდან ატეხილმა ჭახა-ჭუხმა გამოაღვიძა. ფეხაკრეფით მიუახლოვდა სამზარეულოს კარებს და შეაღო:

ღრუბელმომარჯვებული გიო ჭურჭელს რეცხავდა, თანაც თავისთვის ღიღინებდა. მაკა სიყვარულით შეცქეროდა პატარა ობოლ ბიჭუნას, ოდნავ რომ გაუთბო გული და ისიც, მადლიერების ნიშნად, ცდილობდა თუნდაც მცირედი სამსახური გაეწია თავისი კეთილისმყოფლისთვის.

– გიო, რას აკეთებ, მაგას მე მივხედავ!

– რას ამბობთ მაკა დეიდა, დედას რომ არ ეცალა, ჭურჭელსაც ვრეცხდი და ტანსაცმელსაც.

– წამოდი, რაღაც უნდა გიამბო. იცი საოცარი სიზმარი ვნახე.

¬– მართლა?

– ჰო, იცი ვინ მესიზმრა?

– ვინ?

– დედაშენი, მადინა. ძალიან ლამაზი იყო, შენსავით ლამაზი ცისფერი თვალები ჰქონდა.

– არაფერი თქვა?

– როგორ არა, მითხრა ძალიან კარგად ვარ, ვხედავ, რომ ჩემო გიოც კარგად არის, აქედან ყველაფერს ვხედავო.

თეთრი მაისური ეცვა, ძალიან უხდებოდა.

– ჰო, მართლა ჰქონდა თეთრი მაიკა, მამამ უყიდა ბაზრობაზე. ყელზე არაფერი ეკიდა?

– როგორ არა, ოქროს ძეწკვი ჯვრით.

– და ღვთისმშობლის პატარა ხატით, არა?

– მართალი ხარ. კიდევ იცი რა მითხრა? გიოს გადაეცი კარგად ისწავლოს, კაცი დადგეს, სამშობლოს და თავის თავსაც გამოადგესო.

გიომ ხელები თავქვეშ ამოიდო და მეოცნებე მზერით ჭერს მიაშტერდა:

– ალბათ პოლიტიკოსი გამოვალ!

– ოჰო, ნაკლები არ იქნება?

– პოლიტიკოსობა ჯობია– ქვეყანას დავამშვიდებდი, ომი აღარ იქნებოდა და ვიცხოვრებდით ბედნიერად. .

   უეცრად წამოხტა, – ვაიმე, დედაო– დაიძახა და აბაზანაში შევარდა. შეშინებული მაკა უკან მიჰყვა. გაფითრებული გიო თავის დაძონძილ ქურთუკს ეცა და ჯიბეებს დაუწყო ქექვა. მერე რაღაც ამოიღო და იქვე ჩაიმუხლა.

მაკამ ბავშვი ტახტამდე ძლივს მიიყვანა, მუჭა გაუხსნა. 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ჭელიძე მანანა / მოთხრობები