ხანი ჰაზრათ ინაიათ

ბგერის მისტიციზმი   

 

მთარგმნელი – გაბუნია ლაშა

 

ჰაზრათ ინაიათ ხანი ინდოელი სუფია*, მისტიკოსი, ფილოსოფოსი, პოეტი და მუსიკოსი 1882 წელს ინდოეთის ქალაქ ბაროდაში დაიბადა. თავის დროზე მას მთელს ინდოეთში იცნობდნენ როგორც ვინაზე უბადლო დამკვრელსა და მომღერალს, რომელმაც ინდური კლასიკური მუსიკა ააღორძინა. ის პირველი იყო, ვინც მუსიკას სახელმძღვანელოთი ასწავლიდა. თვით სახელმძღვანელო მისი ბაბუის მიერ იყო შექმნილი, რომელმაც ინდური მუსიკისათვის ნოტების სისტემა გამოიგონა. 1910 წელს ჰაზრათ ინაიათ ხანი ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი პარიზში ინდური მუსიკის კონცერტების გასამართავად მიიწვიეს, სადაც მის მრავალრიცხოვან ნაცნობებს შორის კლოდ დებიუსიც იყო. კომპოზიტორს ინაიათ ხანმა რამდენიმე მელოდია აჩუქა, რომელთა მოსმენაც დებიუსის რამდენიმე სიმფონიურ ნაწარმოებში შეიძლება. 1913 წელს ის რუსეთში ჩავიდა, სადაც კომპოზიტორ სკრიაბინს დაუმეგობრდა და მასაც რამდენიმე მელოდია აჩუქა.

1914 წელს მან დაარსა მძლავრი მოძრაობა, რომელშიც სიყვარულის, ჰარმონიისა და მშვენიერების დროშის ქვეშ მისი სუფიზმის ძმები და დები გაერთიანდნენ.

ამ მოძრაობის ძირითადი არსი იყო: სულიერი თავისუფლების მიღწევა, მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისათვის ფილოსოფიური საიდუმლოებების უნიკალური ახსნა და რელიგიური, ეზოთერული ცოდნის ფსევდო-რელიგიური ძალაუფლებისგან აბსოლუტური გათავისუფლება, სულიერებისადმი ახალი მიდგომების პოვნა, რომელსაც კასტური ან აღმსარებლური განსხვავება არ ექნებოდა. სუფიურ მემკვიდრეობას, რომელიც ჰაზრათ ინაიათ ხანმა მსოფლიოს დაუტოვა, სიყვარულის, ჰარმონიის და მშვენიერების კოსმიურ სიმფონიას ადარებენ. მას „მუსიკალური აღორძინების დილის ვარსკვლავი“ შეარქვეს. გარდაიცვალა 1927 წელს. დასაფლავებულია დელიში. მან 13-ტომიანი ლექსების, პიესების, რელიგიური, მისტიკური და ფილოსოფიური ნაწარმოებების მემკვიდრეობა დატოვა. მკითხველი მათში დღესაც იპოვის პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც ადამიანებს ასე აღელვებს.

„ბგერის მისტიციზმი“ მისი ერთ-ერთი ვრცელი ფილოსოფიურ-მისტიკური ნაშრომია, რომელიც 4 ნაწილისგან და 43 თავისგან შედგება. ამჯერად მხოლოდ 2 თავის თარგმანს გთავაზობთ.

 

 

მუსიკა

 

სიტყვა მუსიკა, რომელსაც ყოველდღიურ ენაში ვიყენებთ სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი სატრფოს** გამოსახულება. სწორედ იმიტომ, რომ მუსიკა არის ჩვენი სატრფოს გამოსახულება, ასე გვიყვარს იგი. მაგრამ კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რა არის ჩვენი სატრფო და სად იმყოფება იგი?

ჩვენი სატრფო არის ის, რაც ჩვენს საწყისს და ჩვენს მიზანს წარმოადგენს; იგია ისიც, რასაც ჩვენ ჩვენი სატრფოდან ჩვენივე ფიზიკური თვალებით ვხედავთ, – ეს არის სილამაზე, რომელიც ჩვენს წინაშე წარმოჩინდება. ხოლო ჩვენი სატრფოს ის ნაწილი, რომელიც ჩვენი თვალების წინაშე არ აისახება, შინაგანი სილამაზის ფორმას წარმოადგენს, რომლის საშუალებით სატრფო ჩვენთან საუბრობს. რომ გვესმოდეს მშვენიერების ხმა, რომელიც ნებისმიერი ფორმით გვიზიდავს, აღმოვაჩენდით, რომ ის ნებისმიერ ასპექტში გვეუბნება, რომ ყველანაირი გამოვლინების უკან სრულყოფილი სული – სიბრძნის სული დგას.

რას ვხედავთ ცხოვრებაში, როგორც სილამაზის მთავარ გამოვლინებას? ეს მოძრაობაა. ხაზში, ფერში, წელიწადის დროთა ცვლილებაში, ტალღების მიმოქცევაში, ქარში, ქარიშხალში, – ბუნების სრულ მშვენიერებაში უწყვეტი მოძრაობა არსებობს.

სწორედ ეს მოძრაობა იწვევს ღამესა და დღეს, წელიწადის დროთა ცვლას, და ეს მოძრაობა გვაგრძნობინებს იმას, რასაც ჩვენ დროს ვეძახით. სხვა შემთხვევაში დრო არ იარსებებდა, რამდენადაც სინამდვილეში მხოლოდ მარადისობა არსებობს და ეს ჩვენ გვასწავლის, რომ ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს და რითიც აღფრთოვანებულები ვართ, ვაკვირდებით და ვაღწევთ, არის სიცოცხლე, რომელიც ყველაფერ ამის უკან იმალება, და ჩვენი ყოფაც ეს სიცოცხლეა. მხოლოდ ჩვენი შეზღუდულობის წყალობით არ შეგვიძლია დავინახოთ ღვთის სრული ყოფა, მაგრამ ყველაფერი, რაც ჩვენ გვიყვარს ფერში, ხაზში, ფორმაში თუ პიროვნებაში, ამ რეალურ სილამაზეს მიეკუთვნება, – ყველა სატრფოს. და თუკი ჩვენ გამოვიკვლევთ იმას, რაც გვიზიდავს ამ მშვენიერებაში, რომელსაც ჩვენს ირგვლივ ყველა ფორმაში ვხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ეს არის სილამაზის მოძრაობა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, – მუსიკა.

ბუნების ყველა ფორმა, მაგალითად, ყვავილები, შექმნილია და შეფერილია სრულყოფილებაში. პლანეტები და ვარსკვლავები, დედამიწა – ყველაფერი ჰარმონიის, მუსიკის იდეას გვაწვდის. არა მარტო ცოცხალი არსებები, მთელი ბუნება სუნთქავს. და ჩვენი ახირება, შევადაროთ ის, რაც ჩვენთვის ცოცხალია იმას, რაც ცოცხლად არ გვეჩვენება გვავიწყებს, რომ ყველა საგანი და არსება სრულყოფილი სიცოცხლით ცოცხლობს და სიცოცხლის ნიშანი, რომელსაც ეს ცოცხალი სილამაზე ასხივებს, არის სწორედ მუსიკა.

რა აიძულებს პოეტის სულს იცეკვოს? ეს მუსიკაა.

რა აიძულებს მხატვარს დახატოს უმშვენიერესი ტილოები, მუსიკოსს იმღეროს უმშვენიერესი სიმღერები? ეს შთაგონებაა, რომელსაც სილამაზე გვაწვდის. სწორედ ამიტომ სუფია ამ სილამაზეს „საკის“ ეძახის, რაც „ღვთიურ მომნიჭებელს“-ს ნიშნავს, ანუ მას, ვინც ყველას სიცოცხლის ღვინოს უსხამს. რა არის სუფიას ღვინო? ესაა სილამაზე ფორმაში, ხაზში, ფერში, წარმოსახვაში, გრძნობაში, მოქმედებაში, ანუ ის ყველაფერში მხოლოდ სილამაზეს ხედავს. ყველა ეს განსხვავებული ფორმა სილამაზის სულის ნაწილია, რომელიც მარადკურთხეულ სიცოცხლეს წარმოადგენს. ჩემთვის არქიტექტურა მუსიკაა, მებაღეობა მუსიკაა, ფერმერობა მუსიკაა, მხატვრობა მუსიკაა, პოეზია მუსიკაა. ყველა იმ საქმიანობაში, რასაც ჩვენ ცხოვრებაში ვაკეთებთ, სადაც შთაგონების წყარო მშვენიერებაა და სადაც იღვრება ღვთიური ღვინო, არსებობს მუსიკა.

მაგრამ სხვადასხვა ხელოვნებაში მუსიკალური ხელოვნება განსაკუთრებულად ღვთიურად ითვლება, რადგან ის იმ კანონის მინიატურულ ასლს წარმოადგენს, რომელიც მთელს სამყაროში მოქმედებს. მაგალითად, თუკი ჩვენ საკუთარ თავს შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ გულის პულსირება, ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა, ყველაფერი რიტმში მუშაობს.

სიცოცხლე მთელი სხეულის მექანიზმის რიტმულ მუშაობაზეა დამოკიდებული. სუნთქვით მიიღება ხმა, სიტყვა, ბგერა და ეს ხმა მუდმივად გვესმის, მათ შორის, შინაგანი ხმაც. ეს მუსიკაა. ის გვიჩვენებს, რომ მუსიკა ჩვენს გარეთ და შიგნით არსებობს. მუსიკა არა მარტო დიდებულ მუსიკოსს შთააგონებს, არამედ ნებისმიერ ბავშვს, რომელიც სწორედ მუსიკის რიტმში დაბადებისთანავე თავის პატარა ხელებს და ფეხებს ამოძრავებს.

ამიტომ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ მუსიკა იმ ერთიანის სილამაზის ენაა, რომელზეც შეყვარებულია ყველა ცოცხალი. ვინც ამას ცხადად წარმოიდგენს და აცნობიერებს, რომ ყოველივე მშვენიერი ღმერთია, – ჩვენი სატრფო, ის ხვდება, რატომ მაინცა და მაინც მუსიკას, რომელსაც ჩვენ ხელოვნებასა და სამყაროში განვიცდით, უნდა ერქვას ღვთიური ხელოვნება.

მსოფლიოში ბევრი მუსიკას გასართობ, დროის გასატარებელ საშუალებად აღიქვამს, მუსიკოსს კი, თავშესაქცევ ადამიანად.

მიუხედავად ამისა, არ არსებობს ალბათ ისეთი ადამიანი, მუსიკას ხელოვნების ყველა დარგთაგან ყველაზე წმინდად რომ არ თვლიდეს. ფაქტობრივად, რაზეც ფერწერის ხელოვნება გარკვევით ვერ იმეტყველებს, პოეზია სიტყვებით გამოხატავს, მაგრამ რისი გადმოცემაც პოეტს პოეზიაში გაუჭირდება, მუსიკას შეუძლია. ამით მინდა ვთქვა, რომ მუსიკა არა მარტო ხელოვნებასა და პოეზიას აღემატება, ფაქტობრივად, ის რელიგიაზე მაღლაც დგას, რადგან მუსიკა ადამიანის სულს იმის მაღლაც კი აღამაღლებს, რასაც რელიგიის ე. წ. გარეგანი ფორმები ჰქვია. თუმცა ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს მუსიკას რელიგიის ადგილის დაკავება შეუძლია, რადგან თითოეული სული იმ ტონალობაზე ვერ იქნება აწყობილი, სადაც მართლა შეიძლება მუსიკისგან რაიმე სარგებელი მიიღოს. არც ისაა აუცილებელი, ნებისმიერი მუსიკა ისეთი ამაღლებული იყოს, ადამიანი რომ რელიგიაზე უფრო ძლიერად აღამაღლოს.

თუმცა მათთვის, ვინც შინაგან რწმენას მისდევს, მუსიკა სულიერი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის მიზეზი ისაა, რომ სულიერი განვითარების მაძიებელი სული ყოველთვის უფორმო ღმერთს ეძებს. ეჭვგარეშეა, რომ ხელოვნება სულს ამაღლებს, მაგრამ, ამავე დროს, ის ფორმას შეიცავს, პოეზია კი – სიტყვას, სახელებს, სავარაუდო ფორმებს, მაგრამ მხოლოდ მუსიკას, მთელი თავისი მშვენიერებით, ძალით, მომხიბლველობით შეუძლია სული ფორმის საზღვრებზე მაღლა აიტაცოს.

სწორედ ამიტომ, უძველესი დროიდან უდიდესი წინასწარმეტყველები დიდებული მუსიკოსები იყვნენ. მაგალითისთვის ჰინდუ წინასწარმეტყველებს შორის შეგვიძლია ნარადა გავიხსენოთ, რომელიც, ამავე დროს, მუსიკოსიც იყო; შივა, საღვთო ღვინის გამომგონი, კრიშნა, რომელსაც ყოველთვის ფლეიტით გამოსახავენ. ამავე დროს, არსებობს ცნობილი ლეგენდა მოსეს ცხოვრებიდან, რომელიც მოგვითხრობს თუ როგორ გაიგონა მან ღვთის ნებელობა სინას მთაზე Museke სიტყვებით – „მოსე შეისმინე“. ხოლო ღვთიური გამოცხადება ტონსა და რიტმს შეიცავდა, რომელსაც მან სწორედ ეს სიტყვა – მუსიკა დაარქვა, ხოლო ისეთი სიტყვები, როგორებიცაა „Music“ და „Musike“ სწორედ ამ სიტყვიდან წარმოიქმნენ.

დავით წინასწარმეტყველის საგალობლებმა საუკუნეებს გაუძლო. მისი ეს გზავნილი სწორედ მუსიკის ფორმითაა გადმოცემული.

ბერძნული მითოლოგიური ორფეოსი კარგად იცნობდა ტონისა და რიტმის საიდუმლოს და ამ ცოდნის წყალობით ბუნების უჩინარ ძალებს იმორჩილებდა. ჰინდუების სილამაზისა და ცოდნის ქალღმერთი, სარასვატი ყოველთვის ღვინით გამოისახება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მთელი ჰარმონია მუსიკაშია განსხეულებული.

ბუნებრივის გარდა, მუსიკას მაგიური ხიბლიც აქვს, რომელიც დღესაც შეგვიძლია ვიგრძნოთ. ადამიანთა მოდგმამ უძველესი მეცნიერების, მაგიის დიდი ნაწილი თითქოს დაკარგა, მაგრამ მისგან თუ რამე დარჩა, მხოლოდ მუსიკაა. ძალასთან ერთად მუსიკა თრობაცაა. თუკი ის ათრობს მსმენელს, წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მძლავრად უნდა ათრობდეს იმათ, ვინც უკრავს ან მღერის. და კიდევ, რამდენად უფრო და უფრო დაათრობს იმათ, ვინც მის სრულყოფილებას შეეხო და მასზე წლების მანძილზე მედიტირებდა.

ის მათ გაცილებით დიდ სიხარულსა და აღფრთოვანებას ჩუქნის, ვიდრე ამას ტახტზე ასული მეფე გრძნობს.

აღმოსავლელ მოაზროვნეთა აზრით ხუთი სხვადასხვა „თრობა“ არსებობს. პირველია თრობა მშვენიერებით, ახალგაზრდობითა და ძალით; შემდეგ თრობა კეთილდღეობით; მესამეა თრობა ძალაუფლებით, ბრძანებებით, მართვის უფლებით; მეოთხე თრობაც არსებობს. ეს სწავლითა და ცოდნის მიღებით თრობაა. მაგრამ ეს ოთხი თრობა მუსიკის თრობასთან ისე ფერკმრთალდება, როგორც ვარსკვლავები მზესთან, რადგან ეს თრობა ადამიანის არსის უღრმეს ნაწილებს ეხება. მუსიკა უფრო შორს აღწევს, ვიდრე გარეგანი სამყაროს მიერ მოხდენილ შთაბეჭდილებას შეუძლია შეაღწიოს. მუსიკის მშვენიერება იმაში მდგომარეობს, რომ ის შემოქმედების საწყისსაც წარმოადგენს და მისი შთანთქვის საშუალებასაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყარო მუსიკით შეიქმნა და მუსიკის მეშვეობითვე იმ საწყისს უბრუნდება, რომელმაც ის შექმნა.

მეცნიერულ და მატერიალურ სამყაროში ჩვენ მსგავს მაგალითს ვხედავთ. მანქანა ან მექანიზმი მანამ იწყებს ხმაურს, სანამ ამოძრავდება. ჩვენ გვესმის ხმა, შემდეგ კი მოძრაობას ვხედავთ. გინდ გემი იყოს, გინდ თვითმფრინავი ან ავტომობილი. ბგერის მისტიციზმი სწორედ ამაში მდგომარეობს. ბავშვი ბგერას მანამდე უსმენს, სანამ ფერით ან ფორმით აღტაცებას გამოხატავს. და თუკი არსებობს ისეთი ხელოვნება, რომელიც გაახარებს მოხუცებს, ეს მუსიკაა.

თუ არსებობს ხელოვნების ისეთი დარგი, რომელიც ახალგაზრდებს სიცოცხლითა და ენთუაზიაზმით, გრძნობით თუ ვნებით აღავსებს, ესეც მუსიკაა. ამავე დროს, ის არის რაღაც, რაც ადამიანს იმ ძალასა, მოქმედების სიმძლავრეს აძლევს, რომელიც თუნდაც ჯარისკაცს დასარტყამებისა და საყვირების ფონზე მარშირების გავლას აიძულებს. გადმოცემებში ცნობილია, რომ „სამყაროს დასასრულამდე“, „საშინელი სამჯავროს დღეს“ საყვირის ხმა იჟღერებს. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ მუსიკა სამყაროს შექმნასთან, მის გაგრძელებასთან და აღსასრულთანაა დაკავშირებული. მუსიკა ყოველი საუკუნის მისტიკოსებს უყვარდათ. სამყაროს ნებისმიერ ნაწილში მუსიკა კულტისა და ცერემონიების ცენტრი იყო. და ის, ვინც სრულყოფილ სიმშვიდეს აღწევს, რომელსაც ნირვანა, ან ჰინდუების ენაზე სამადხი ჰქვია, ამას მუსიკის დახმარებით ბევრად უფრო იოლად აკეთებს.

ამიტომ სუფიები, განსაკუთრებით ჩიშტიას სკოლაში, უძველესი დროიდან მუსიკას მედიტაციის წყაროდ მიიჩნევენ. ამ სახით მედიტირებისას ისინი გაცილებით მეტ სარგებელს ნახულობენ, ვიდრე ის, ვინც მუსიკის გარეშე მედიტირებს. ისინი ინტუიციური შესაძლებლობების სულის გახსნის ეფექტს გრძნობენ. მათი გულები, შეიძლება ითქვას, მთელი მშვენიერებისთვის იხსნება, რომელიც შიგნით და გარეთ არსებობს, მათ აღამაღლებს და ამავე დროს ის სრულყოფილება მოაქვს, რომელიც თითოეულ სულს ასე სწყურია.

მუსიკის ფსიქიკური ზემოქმედება

მუსიკის სფეროს კვლევაში უზარმაზარი ლაქები არსებობს.

თანამედროვე მეცნიერებისთვის მის ფსიქიკურ ზემოქმედებაზე ცოტა რამ თუა ცნობილი. ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ მუსიკის, ვიბრაციის ან ბგერის ზემოქმედება ჩვენამდე მოდის და ჩვენს გრძნობებს გარედან ეხება, თუმცა კიდევ რჩება ერთი პასუხგაუცემელი კითხვა: რა წარმოადგენს ზემოქმედების იმ საწყისს, რომელიც შინაგანად მოდის? ფსიქიკური ზემოქმედების ნამდვილი საიდუმლო სწორედ ამ საწყისში იმალება, – საწყისში, რომლიდანაც ბგერა მოედინება.

უბრალოდ და იოლად გასაგებია, რომ ხმა გარკვეული ფსიქიკური ფასეულობის მატარებელია, რომ ერთი ხმა მეორესაგან განსხვავდება და, რომ თითოეულ ხმას საკუთარი ფსიქიკური ძალა გააჩნია. ძალიან ხშირად ადამიანი ტელეფონში მისგან შორსმყოფი მოლაპარაკე მეორე ადამიანის პიროვნებას გრძნობს.

მგრძნობიარე ადამიანს შეუძლია მხოლოდ ხმა შეიგრძნოს, თანაც ისე, რომ მოლაპარაკეს ვერ ხედავდეს. და ბევრნი სიტყვაზე ისე არ არიან დამოკიდებულნი, როგორც ხმაზე, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. ეს გვიჩვენებს, რომ ფსიქიკური განვითარების დონე გამოისახება საუბარში, განსაკუთრებით სიმღერაში.

სანსკრიტზე სუნთქვას „პრანა“ ეწოდება, რაც თავად სიცოცხლეს ნიშნავს. მაშ, რა არის ხმა? ხმა სუნთქვაა. თუკი ადამიანში, ადამიანურ კონსტიტუციაში რამე არსებობს, რომელსაც შეიძლება სიცოცხლე დავარქვათ, – ეს სუნთქვაა. ადამიანის ხმა კი სუნთქვაა, რომელიც გარეგნულად მჟღავნდება. ამიტომ ადამიანს ყველაზე უკეთ საკუთარი თავის გამოხატვა სიმღერასა და ლაპარაკში შეუძლია.

თუკი სამყაროში არსებობს რამე, რასაც გონებასა და გრძნობებს შეუძლია გამოსახვა მისცეს, – ეს ხმაა. ხშირად ადამიანი რომელიმე თემაზე სასაუბროდ ათასობით სიტყვას ხარჯავს, მაგრამ ზემოქმედებას მაინც ვერ ახდენს, თუმცა სხვა ადამიანმა შესაძლოა რომელიმე აზრის გამოსახატად სულ რამდენიმე სიტყვა გამოიყენოს და ღრმა შთაბეჭდილება მოახდინოს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ძალა არა სიტყვებში, არამედ იმაშია, რაც სიტყვებს მიღმაა, ანუ ხმის ფსიქიკურ ძალაში, რომელიც „პრანიდან“ მოდის. ხმა მსმენელზე შთაბეჭდილებას ამ ძალის შესაბამისად ახდენს.

 

მევიოლინეს თითებსა და ფლეიტისტის ტუჩებზეც იგივეს პოვნა შეგვიძლია. მუსიკოსი, საკუთარი აზრებიდან გამოსული გავლენის შესაბამისად, თავისი ინსტრუმენტის საშუალებით ახდენს ზემოქმედებას. ის შეიძლება ძალიან მცოდნე იყოს, მაგრამ თუ მისი თითები სიცოცხლეს ვერ შეიგრძნობენ, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. იმ მუსიკის გარდა, რომელსაც ის უკრავს, არსებობს „პრანის“, ანუ ფსიქიკური ძალის გავლენაც, რომელსაც მუსიკოსი თავის მუსიკას ანიჭებს.

ინდოეთში ვინაზე*** შემსრულებლებიც არსებობენ, რომლთაც გავლენის მოსახდენად და სულიერი ფენომენის გამოსამჟღვნებლად სიმფონიის დაკვრა სულაც არ სჭირდებათ.

მათ ამისთვის ხელში ვინას აღება და ერთი ბგერის გამოცემაც ჰყოფნით. გამოსცემენ თუ არა, ეს ბგერა სულ უფრო და უფრო ღრმად აღწევს. ამ მუსიკოსებს აუდიტორიისთვის განწყობის შექმნა ერთი ან ორი ნოტითაც შეუძლიათ. ხმა ყველა ნერვზე მოქმედებს. ეს იმ ლიუტნაზე დაკვრას ჰგავს, რომელიც ყველას გულშია. მათი ინსტრუმენტი იმ წყაროდ იქცევა, რომელსაც ყოველი ადამიანის გული ეხმაურება, – როგორც მოყვარის, ისევე მტრის. ყველაზე მტრულად განწყობილი ადამიანიც კი ვინაზე ნამდვილი შემსრულებლის წინაშე რომ წარსდგეს, სიავეს ვერაფრით შეინარჩუნებს.

შეეხება თუ არა ნოტები ამ ადამიანს, ის ვეღარ შეეწინააღმდეგება იმ ვიბრაციებს, რომელიც თავად მასში წარმოიქმნება და ვეღარ შეძლებს არ გახდეს მეგობარი. ამიტომ ინდოეთში ასეთ შემსრულებლებს ხშირად მუსიკოსებს კი არა, „ვინას მაგებს“ უწოდებენ. მათი მუსიკა მაგიას წარმოადგენს. მართლაც, „მუსიკალური სული“ ის სულია, რომელსაც საკუთარი თავი მუსიკაში დაავიწყდა, ისევე როგორც ნამდვილი პოეტია ის, ვისაც თავი პოეზიაში ავიწყდება, ხოლო „სამყაროს სულები“ ისინი არიან, ვინც საკუთარი თავს სამყაროში ივიწყებს. ღვთიურია სული, რომელმაც თავი ღმერთში დაივიწყა. ყველა დიდებული მუსიკოსი, – ბეთჰოვენი, ვაგნერი და ბევრი სხვა, რომელთაც მსოფლიოს დაუტოვეს ნაშრომები, რომლებიც ყოველთვის განძად ჩაითვლება, – ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას, საკუთარ საქმეში თავი რომ არ დაევიწყებინა. მათ ყველამ საკუთარი ყოფის იდეა დაკარგეს და ამგვარად ჩაიძირნენ იმ ერთადერთ საგანში, რომლისთვისაც მოვიდნენ და რომლადაც იქცნენ, რათა მსოფლიოსთვის მიეცათ.

სრულყოფილების გასაღები სწორედ თავდავიწყებაში შეგვიძლია ვიპოვოთ.

მუსიკის მოსმენის განსხვავებული საშუალებები მოიპოვება. არსებობს ერთგვარი ტექნიკური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი, რომელიც განვითარებულ ტექნიკას ფლობს და საუკეთესო მუსიკის დაფასება ნასწავლი აქვს, შედარებით დაბალი ხარისხის მუსიკის გამო წუხს. მაგრამ ისეთი სულიერი მდგომარეობაც არსებობს, რომელიც ტექნიკასთან არ არის დაკავშირებული. მან უბრალოდ საკუთარი თავი მუსიკაზე უნდა ააწყოს, ამიტომ სულიერი ადამიანი მუსიკის ხარისხზე არ ღელავს. ეჭვგარეშეა, რომ რაც უკეთესია მუსიკა, მით სასარგებლოა ის სულიერი ადამიანისთვის, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტიბეტში ცხოვრობენ ლამები, რომლებიც კონცენტრირებენ და მედიტირებენ ერთგვარ ჟღარუნაზე, რომლის ხმა არც ისე მელოდიურია. ისინი იმ გრძნობას ავითარებენ, რომელსაც ადამიანი ვიბრაციის საშუალებით უმაღლეს მიზნამდე აჰყავს.

სულის ამაღლებისათვის მუსიკაზე უკეთესი საშუალება არ არსებობს. რა თქმა უნდა, მუსიკის ძალა დამოკიდებულია სულიერების იმ დონეზე, რომელსაც ეზიარა.

არსებობს ისტორია იმპერატორ აკბარის უდიდეს მუსიკოს ტანსენზე. ერთხელ იმპერატორმა ჰკითხა მას: „ო, დიდებულო მუსიკოსო, მითხარი ვინ იყო შენი მასწავლებელი“? ტანსენმა უპასუხა: „თქვენო უდიდებულესობავ, ჩემი მასწავლებელი უდიდესი მუსიკოსია, უფრო მეტიც, მე მას „მუსიკოსადაც“ ვერ ვუხმობ და „მუსიკას“ ვუწოდებ“. იმპერატორმა ჰკითხა: „შემიძლია მოვუსმინო როგორ მღერის“? ტანსენმა მიუგო: „შეიძლება. ვეცდები. მაგრამ მისი სასახლეში მოწვევა არც კი იფიქროთ“. იმპერატორი დაინტერესდა: „მაშინ შეიძლება ვეწვიო“? ამაზე მუსიკოსმა უპასუხა: „მისი თავმოყვარეობა შეიძლება იმაზე ფიქრითაც კი შეილახოს, რომ ვალდებულია მეფის წინაშე იმღეროს“. მაშინ აკბარმა შესთავაზა: „შეიძლება მას ვეახლო, როგორც შენი მსახური“? ტანსენი დათანხმდა: „დიახ, მაშინ არის იმედი“.

ისინი წავიდნენ ჰიმალაის მაღალ მთებში, სადაც ბრძენს მუსიკის ტაძარი გამოქვაბულში ჰქონდა.

ის ცხოვრობდა ბუნებაში, რომელიც უსასრულობით სუნთქავდა. ჩასვლისას მუსიკოსი ცხენზე იჯდა, ხოლო აკბარი ფეხით მიდიოდა. ბრძენმა დაინახა, რომ იმპერატორი მისი მუსიკის მოსასმენად ჩამოვიდა და გადაწყვიტა ემღერა. როდესაც განწყობა იგრძნო, სიმღერა წამოიწყო. მისი შესრულება შესანიშნავი იყო, ეს ფსიქიკური ფენომენი გახლდათ და სხვა არაფერი. ყველას ეჩვენებოდა, რომ ტყეში ყოველივე, – ხე თუ ბალახი ვიბრირებდა, – ეს სამყაროს სიმღერა იყო.

აკბარისა და ტენსენის არსება ისეთმა ღრმა შთაბეჭდილებამ შეიპყრო, რომლის ატანაც მათ არ შეეძლოთ. მათ ტრანსის, მშვიდობისა და სიმშვიდის მდგომარეობაში შეაბიჯეს. სანამ ასე იყვნენ, ოსტატმა გამოქვაბული დატოვა. როდესაც იმპერატორმა და მუსიკოსმა თვალი გაახილეს, ბრძენი აღარ დახვდათ. იმპერატორმა თქვა: „ო, რა უცნაური ფენომენია! მაგრამ ოსტატი სად წავიდა“? ტანსენმა მიუგო: „თქვენ მას ამ გამოქვაბულში ვეღარასოდეს ნახავთ, რადგან თუ ადამიანმა ეს მუსიკა დააგემოვნა, ყველგან დაუწყებს მას ძებნას, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად. იგი ამქვეყნად ყველაფერს აღემატება“. ისინი შინ დაბრუნდნენ.

ერთხელაც იმპერატორმა მუსიკოსს ჰკითხა: „მითხარი რომელ რაგას და რომელ ტონალობაში მღეროდა შენი მასწავლებელი“? ტანსენმა მას რაგას სახელი უთხრა და მისთვის იმღერა კიდეც, მაგრამ აკბარი ვერ დაკმაყოფილდა: „დიახ, ეს მსგავსი მუსიკაა, მაგრამ ისეთივე სული არა აქვს. ნეტავ რატომ“? მუსიკოსმა მიუგო: „ამის მიზეზი ისაა, რომ მე ამას თქვენთვის, ქვეყნის იმპერატორის წინაშე ვმღერი, ჩემი ოსტატი ღმერთის წინაშე მღეროდა. აი, ამაშია განსხვავება“.

თუკი ჩვენ თანამედროვე ცხოვრებას ვსწავლობთ, მიუხედავად მეცნიერებაში მიღწეული უზარმაზარი პროგრესისა, – რადიო, ტელეფონი, გრამოფონი და ამ საუკუნის ყველა სასწაული, – აღმოვაჩენთ, რომ მუსიკის, პოეზიის და ხელოვნების ფსიქიკური ასპექტი ისე განვითარებული არ არის, როგორც საჭიროა. პირიქით, ის უკან იხევს. და თუ ჩვენ ვიკითხავთ, მაინც რაშია საქმე, პასუხი იქნება, რომ თანამედროვე კაცობრიობის მთელი პროგრესი მხოლოდ მექანიკურია. ეს კი ინდივიდუალურ პროგრესს ხელს უშლის. მუსიკოსი ახლა ჰარმონიზაციისა და კონტრაპუნქტის კანონს უნდა დაემორჩილოს.

თუ ის ერთი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც სხვებისგან განსხვავდება, მისი მუსიკა ეჭვქვეშ დგება. რუსეთში ყოფნისას ტანეევს, დიდებულ მუსიკოსს, სკრიაბინის მასწავლებელს ვკითხე, რას ფიქრობდა დებიუსის მუსიკის შესახებ. მან მომიგო: „მე მისი გაგება ვერ შევძელი“. ჩვენ თითქოს შეზღუდულები გავხდით, ერთფეროვნებას მივეჯაჭვეთ. ფრთას ვერ ვშლით. ზუსტად იგივეს მედიცინისა და მეცნიერების სამყაროშიც შეამჩნევთ.

ხელოვნებაშიც კი, სადაც უზარმაზარი თავისუფლებაა საჭირო, ადამიანი განსაკუთრებული ერთფეროვნებითაა შებორკილი. მუსიკოსები და მხატვრები საკუთარი ნამუშევრების აღიარებას ვერ ახერხებენ.

ისინი იძულებულნი არიან ბრბოს მიჰყვნენ კვალში იმის მაგივრად, რომ დიად სულებს მისდიონ. ყველაფერი საზოგადო კი ბანალურია, რადგან ადამიანების ფართო მასები მაღალ კულტურას არ ფლობენ. მხოლოდ ერთეულებს აქვთ დახვეწილი გემოვნება, ტკბებიან და აფასებენ ლამაზ საგნებს, და მხატვრისთვის არც ისე ადვილია ამ ერთეულთა შორის მოხვდეს. ასე, რომ ინდივიდუალურ განვითარებას ხელს ის უშლის, რასაც ერთფეროვნება ჰქვია. დღეს ბავშვების განათლებისას აუცილებელია ეს გავითვალისწინოთ და მათ მუსიკის ფსიქიკური დანიშნულება შევასწავლოთ. ეს ერთადერთი იმედი და ერთადერთი გზაა, რომლისგანაც დროთა განმავლობაში შეგვეძლება უკეთეს შედეგებს ველოდოთ. მუსიკის შესწავლისას ბავშვებმა არა მარტო ის უნდა იცოდნენ, რა არის მუსიკა, არამედ ისიც, თუ რა დგას მის მიღმა და როგორ უნდა მივიტანოთ იგი ადამიანებამდე.

რა თქმა უნდა, ამ საკითხს ორი მხარე აქვს: გარეგანი პირობები და ხელოვნების წარდგენა, მისი მიწოდება.

გარეგანი პირობები შესაძლოა მეტ-ნაკლებად სარგებლის მომტანი იყოს. მუსიკა ან სიმღერა, რომელიც ორი-სამი სულიერად ახლობელი, თანამგრძნობი, ჰარმონიული კაცის წინ სრულდება, სრულიად სხვაგვარ ვიბრაციას იწვევს, ქმნის განსხვავებულ ეფექტს, რომელიც განსხვავდება იმ მუსიკისგან ან სიმღერისგან, რომელიც იკვრება ან იმღერება ხუთასი ადამიანის წინაშე. რაზე მიგვანიშნებს ეს? ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ადამიანი ინსტრუმენტს ჰგავს. როდესაც კარგი მუსიკა მის წინაშე ჟღერს, ის ეხმაურება და ეწყობა მას, მთლიანად მუსიკას წარმოადგენს, ამ მუსიკის ნაწილი ხდება და ასე იქმნება ფენომენი. ამ ფენომენს შეუძლია უმაღლეს იდეალს მიაღწიოს, რაც შეიძლება მუსიკიდან მომდინარეობდეს, რომელიც არის სულის თავისუფლების გაცნობიერება ან რეალიზაცია, ანუ ის, რასაც აღმოსავლეთში ნირვანას ან მუკტის, ხოლო ქრისტიანობაში გადარჩენას უწოდებენ. ქვეყნად მუსიკის გარდა არ არსებობს ისეთი რამ, რასაც სულის განვითარებაში უკეთ დახმარება ძალუძს. მედიტაცია გვამზადებს, მაგრამ მუსიკა სრულყოფილებასთან შეხებისთვის უმაღლეს მდგომარეობას წარმოადგენს.

მე მუსიკის ფსიქიკური ძალის მიერ ჩადენილი ბევრი სასწაული მინახავს, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ამისთვის ხელსაყრელი გარემო არსებობს, – ხუთი-ექვსი ადამიანი, მთვარიანი ღამე, აისი ან დაისი...

როგორც ჩანს, მუსიკოსს მუსიკის შესრულებაში თავად ბუნება ეხმარება და ისინი ორთავენი მუშაობენ, რადგან ერთ მთლიანს წარმოადგენენ. თუკი უდიდეს ოპერის მომღერალს ან სოლისტ-მევიოლინეს ათი ათასი ადამიანის წინაშე მოუწევს გამოსვლა, რაც უნდა ნიჭიერი იყოს, ვერ შეძლებს იქ დამსწრე ყოველ სულს შეეხოს. რასაკვირველია, ეს არტისტის სიდიადეზეცაა დამოკიდებული. რაც უფრო დიადია არტისტი, მით მეტს მიაღწევს, მაგრამ მას იმის გათვალისწინებაც უხდება, რა ახარებს აუდიტორიას და არა მარტო იმის, თუ რა ესიამოვნება ღმერთს. როდესაც მუსიკა კომერციული ხდება, მას სილამაზე და მისი დანიშნულების დიდი ნაწილი სცილდება.

აღმოსავლეთში იყო დრო, როცა არისტოკრატია ძლიერ ცდილობდა მუსიკა კომერციალიზაციისგან გადაერჩინა და გარკვეული დროის მანძილზე ამ ძალისხმევას უკვალოდ არ ჩაუვლია. მუსიკოსებს ფიქსირებულ თანხას არ უხდიდნენ. მათი მოთხოვნილებები მაშინაც კი კმაყოფილდებოდა, როცა ისინი ექსტრავაგანტულები იყვნენ.

მუსიკოსები გრძნობდნენ, რომ მათი გარემოცვა ჰარმონიული და ლამაზი უნდა ყოფილიყო. ისინი დიდსულოვნები იყვნენ და მათი კარი სხვებისთვისაც ყოველთვის ღია იყო. მათ ყოველთვის ჰქონდათ ვალები, მაგრამ ამ ვალებს მეფე ისტუმრებდა.

ამის გარდა, მუსიკოსი რამე პროგრამით შეზღუდული არ იყო. მას ისღა დარჩენოდა, საკუთარი ინტუიციისთვის მიენდო იმის გარკვევა, თუ რა სურდა ხალხს. ეს მას მაშინაც შეეძლო ეგრძნო, როცა მის წინაშე წარსდგებოდა, ხოლო დაიწყებდა თუ არა დაკვრას ან სიმღერას, უფრო მეტს იმეცნებდა. ადამიანთა გონების ქიმიური მოქმედება ატყობინებდა, თუ რა სურდათ მათ, შედეგი კი სულიერი ზეიმი იყო.

მთელი მაგნეტიზმის საიდუმლოს, რომელიც პიროვნებაში ან მუსიკაშია გამოხატული, სიცოცხლე წარმოადგენს.

სწორედ სიცოცხლე გვხიბლავს, გვიტაცებს. ის, რისკენაც ყოველთვის მივილტვით სიცოცხლეა და მაგნეტიზმის არარსებობა სწორედ სიცოცხლის არარსებობას შეიძლება ვუწოდოთ. და თუკი მუსიკალური განათლება ამ პრინციპს დაეყრდნობა, ის თავისი ფსიქიკური შედეგით გაცილებით წარმატებული იქნება. სწორედ სხეულის, აზრის, წარმოსახვის და გულის, – რომელიც ძალზედ ხშირად ცივია და გაყინული, – ფიზიკურ სიჯანსაღეზეა ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა დამოკიდებული; და ადამიანი, თავისი თითებით ვიოლინოზე ან ხმით სიმღერისას სწორედ სიცოცხლეს გამოხატავს. რას ეძებს მსოფლიო და რისკენ მიისწრაფიან ადამიანთა სულები? ეს სიცოცხლეა, რომელიც მუსიკით, ფერებით, ხაზებით ან სიტყვებით მოდის. რას ნატრობს თითოეული? – სიცოცხლეს. ნამდვილი კურნების წყაროს სწორედ სიცოცხლე წარმოადგენს.

თუ მუსიკაში სიცოცხლეა, მას კურნება შეუძლია.

ამის მიღმა არავითარი საიდუმლო არ იმალება, თუ ადამიანს შესწევს უნარი ჭეშმარიტება მის უბრალოებაში შეიმეცნოს. როდესაც ადამიანი მექანიკურად უკრავს, თითები პიანინოსა თუ ვიოლინოზე ავტომატურად დარბიან, და მას მხოლოდ დროებითი ეფექტის მოხდენა შეუძლია, რომელიც მალე გაივლის. სულის მკურნალი მუსიკა შემამსუბუქებული მოქმედების მუსიკაა. შეიძლება შემსუბუქებული ან უხეში ეფექტი შეიქმნას და ეს არა მხოლოდ მუსიკოსზეა დამოკიდებული, არამედ კომპოზიტორზეც, იმ განწყობაზე, რომელმაც მას მუსიკა შთააგონა. ადამიანი, რომელსაც მუსიკის ფსიქოლოგიური ზემოქმედება შემეცნებული აქვს, უბრალოდ მიხვდება, როგორ განწყობაზე იყო კომპოზიტორი, როდესაც წერდა. თუ მან მუსიკაში სიცოცხლე და სილამაზე ჩააქსოვა, ის ათასი წლის შემდეგაც მშვენიერი და სიცოცხლისუნარიანი იქნება. ეჭვგარეშეა, რომ სწავლა და კვალიფიკაცია მუსიკოსს საკუთარი თავის უკეთ გამოვლენაში ეხმარება, მაგრამ ის, რაც მართლა საჭიროა, არის სიცოცხლე, რომელიც უკიდეგანო ცნობიერებიდან, ღვთიური ნათელიდან გადმოდის და ჭეშმარიტი ხელოვნების საიდუმლოს, მთელი მისტიციზმის სულს წარმოადგენს.

––

* სუფია – სუფიზმის მიმდევარი.

სუფიზმი – მუსულმანური რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება.

** სატრფო – ასე უწოდებენ სუფიები შემოქმედს.

*** ვინა – ინდური ნაციონალური სიმებიანი საკრავი.

–––

ალმანახი „ახალი თარგმანები“, დეკემბერი, 2005 წელი.

 

 

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხანი ჰაზრათ ინაიათ / ბგერის მისტიციზმი