ხარლამენკო ლუკა

ნოველები

 

სარჩევი:

SOS-ისი – გაგზავნილი SMS-ი

გატირებ

საშობაო ღვეზელი

სულელი სული ან პირდაფჩენილი ინდაურის ჭუკები – საწოლის ქვეშ

უშობელს

ფსიქოდელია

ქოხი სულის პირას

ჭრელი ქოლგა ან „ამაზრზენი თაგვი № 2 611“           

 

 

 

SOS-ისი – გაგზავნილი SMS -ი

(ლუჩიკს)

 

 – “…..მას შვილივით ვუყვარდი, მე კი დედასავით მიყვარდა… მაგრამ… მიყვირა, რა… ახ, ტი, აფერისტკა-პროსტიტუტკაოოო, ჰოდა, მეთქი, ეტო ია აფერისტკა?! ეტო ტი აფერისტკა, მეთქი და რო ვწვდი ყელში!.. ვაჯანჯღარებდი… ვახრჩობდი… მერე ეგდო და დავინახე, რომ ისევ სუნთქავდა… მივუვარდი და ვუყვირე, ოჰ, შე დამპალო, ისეც ცოცხალი ხარ, მეთქი, და მისი თავი კარადას ვურტყი, სანამ არ გავუჩეჩქვე…” – სერიულ მკვლელობებში დადანაშაულებული ეჭვმიტანილი ობოლაშვილისვე თქმით მას კიდევ ჰყავს მოკლული რამდენიმე ადამიანი, რასაც გამოძიება იკვლევს მისი დახმარებით მიგნებული სამხილების მეშვეობით…

 ეჭვმიტანილ ობოლაშვილის აღგძნებული, ბოხი, ბობოქარი და უხეშ აქცენტიანი ხმა მესმის, მის მასიურ, მასკულინური მოყვანილობების სხეულს ვხედავ ჩემს ტელევიზორში, რომელსაც RGB-პრინციპი სულ გადაავიწყდა და კატარაქტიანი, სკლეროზიანი დალტონიკის თვალთახედვით მაჩვენებს დაბინდულ კადრებს, რომლებზეც ცა და ჯინსი მუდამ მწვანეა, როგორც “მატრიცის” ეფექტის ფილტრში გატარებული ნეო, მაგრამ ყველა გეი-ალური ცისფერის ცისფერობას მაინც უცვლელად მშვენივრად გადმომცემს.

 – “…..მაშინ მატარებლით ვმგზავრობდით მე და ვიტალი… გაღებულ კართან ვიდექი, როცა დავუძახე, იდი სუდა, იდი, ჩიტო-ტო პოკაჟუ, მეთქი, ჰოდა, რომ მოვიდა, ვუთხარი, ბლიჟე, ბლიჟე, კიდე ბლიჟე, ჰოდა, რომ ვკარი ხელი, მოვისროლე მატარებლიდან და გზად სხვა მატარებელმა გადაუარა!..” – ობოლაშვილი დეტალურად მოგვითხრობს მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ. ის პოლიციას აჩვენებს მკვლელობების ადგილებს.

 ახლა წარმოვიდგინე (ან მართლაც ვშვრები), რომ ვიცვამ შენს წითელ კუებიან სარაფანს საზამთროებით, რომლებსაც კუები ჭამენ… ვიცვამ თეთრ ფოხანს, ხელში ვიღებ სამზარეულოს დანას (ამ დროს ხიჩკოკის ფსიქოც წარმოვიდგინე) და სასოწარკვეთილი ჰერმოფროდიტ-ტრანსვესტიტი დიასახლისივით მივემართები იმ უხსენებელი ლაჩრის უკვე პირდაპირი მნიშვნელობით მოსაკლავად, თუმცა რას ვერჩი – ის ხომ უკვე ისედაც მომაკვდავია და ჩემმა მავრმა ნეკროფილმა მოკაიფე-დაკაიფებულმა თეთრმა ანგელოზებმა მწვანე პირბადეებითა და უკუღმა ამოტრიალებული პენოპლასტის ფრთებით ის ხელოვნურ სუნთქვაზე შეაერთეს მისი ხრწნის სუნით გაჟღენთილ, ჩემი “შიზოფრენული” ნახატებით გაწყობილ წითელ პალატაში… Spiritual-ს უმღერიან ბოხი, ხავერდოვანი ხმებით. გუგუნებენ… არადა ერთხელ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მისი მოკვლა… უფრო სწორად… ხომ გახსოვს ჭკუანაკლული მათხოვარი სიმონიკა, ძველ პურს რომ გვთხოვდა ხოლმე?.. აი, მისთვის უნდა მეთხოვა, რომ 400 დოლარად მოეკლა ის… მაგრამ მერე შემეცოდა… სიმონიკა… სიმონიკა შემეცოდა… თანაც მეგონა, რომ შენი სტიქია სინამდვილეში არ იყო არც ჯართის ბიზნესში ყოფნა და არაბების მთარგმნელობა, არც ეკონომიკა და ბილიარდი, – მეგონა, ნახევრადგანათებული სახლის ბინადრობა, პროჟექტორი და მე, ამძაღებული ხაჭო აქოთებულ მაცივარში, დილაობით მტრედების ღუღუნი მოსკინტლულ აივანზე ვიყავით შენი ოცნება და სტიქია… მაგრამ შენ მუდამ ფიქრობდი ჩემი ლინჩის წესით გასამართლებაზე და შემდეგ ლურჯ ხავერდში გახვევაზე, მზის ამოსვლამდე ჩემს დასაფლავებაზე ჩემს საბავშვო ბაღში ჩემივე ბავშვობაში, სადაც ბავშვები დარბიან, დახუჭობანას და კლასობანას თამაშობენ, ასკინკილით დახტიან მწვანე სკამთან, რომელზეც იჯექი და მეთამაშებოდი… ან, იქნებ, ასე მგონია, შენ კი ყოველთვის ცდილობდი, არ გაგეშვი, არ ჩამძინებოდა, ამისთვის უმტკივნეულოდ მისრულებდი ჩემს თხოვნას (გამოუსწორებელი ფეტიშისტისა სადისტური მიდრეკილებებითა და დაუცხრომელი ვნებებით) – ჩემთვის გეკბინა, გეჩქმიტა და გერტყა, სანამ ჩემი ფილტვები ფორესტ გამპივით ცეკვავდა შენი გაჭვარტლული ფილტვებივით, რომლებიც 20-იანი წლების ამერიკული კინოს ზანგებს ჰგავს – გუტალინით შეღებილ თეთრკანიანებს, შავკანიანებს რომ ანსახიერებდნენ და შემდეგ “კეთილი კუ-კლუკს-კლანელები” კლავდნენ… ახლაც იცეკვოს შენმა ფილტვებმა, “იძიგძიგოს” შეზარხოშებული აფროამერიკელი ჯაზმენივით, სანამ ვინმე ნარცისი ნაცისტ-რასისტის სეგრეგაციის მსხვერპლი არ გახდები და ნარკოზს არ გაგიკეთებს… ალბათ, როცა დაღლილი ჯდებოდი ჩემს კრავის ტყავის დივანზე, დაბუჟებულ ფეხებს მაწყობდი ჩემს ფეხებზე და შენს სულს მიბერავდი რუხ თამბაქოს არომატიან ბურუსად, მხოლოდ ტკბებოდი ჩემი თაფლის თვალების ლოკვით, როცა ნეკა თითს ნელ-ნელა გილევდი წუწვნით… შენი სულის ნამწვს სიამოვნებით ვყლაპავდი, პირით ვიჭერდი, მის რგოლებში ყელთან მომდგარ ბურთებს ვისროდი… ახლაც მინდა, ვიყო შენი პასიური მწეველი, – ვიხუთებოდე შენით, ვიხრჩობოდე ამოსუნთქულ მხუთავ სულში… სულ, სანამ სული სულდგმულობს… ალბათ, ერთხელაც არ გისურვია ჩემს გალოკილ თვალებში ჩაგეფურთხებინა, როგორც მომაკვდინებელი ხუმარა სევდის მორევში, რომელშიც ტრიალი, დახრჩობა მოგბეზრდა… ან შიშმა გძლია, – შიშმა, რომელიც ერთად ვძლიეთ და რომელზეც გეუბნებოდი, რომ ის მხოლოდ შაშინელებათა ჟანრის ფილმივით შაშინელი, საშიში ილუზიაა, მეთქი… რომ მხოლოდ შიშის უნდა გეშინოდეს და რომ შიშზე საშინელი შიში არ არსებობს… გიყვებოდი: როცა პატარა ვიყავი, მამაჩემის ხელების მეშინოდა. მეშინოდა და ვტიროდი, როცა მას თავისი “ამაზრზენი” ხელები ჩემს შეშინებულ სახესთან მოჰქონდა. ის მბეჭდავია და მის ხელებზე სულ შავი საღებავია ჩამკვდარი.

მაშინ არ მესმოდა ეს. ახლა აღარ მეშინია, – შიში ხომ ილუზიაა და თუკი მას მოკლავ, სხვისი შიშები ასეთებად ჩანს – გეცინება მათზე. მაგრამ შენი შიში მტკენს ნეკნებს შორის, სადაც 1 ნეკნი ითხოვე და აღარ დამიბრუნე… როცა შენს ოცივე თითს სისხლამდე ჩავკოცნიდი სიფრიფანა ძვლებამდე და როგორც ძაღლს მტუქსავდი, “Место! Место! Фуу! Фуу!», რომ პავლოვის დამშეული ძაღლივით არ დამეღრღნა, დაუღალავად გეუბნებოდი ისევ და ისევ: “…..თეთროსნები, რომლებიც თავს შავ ანგელოზებად გაჩვენებენ და ტკბილი ხმით გთავაზობენ ტკბილეულს, გატკბილულ ფულს, ალი-ბაბას განძს, ვერხვის ფოთოლთა შრიალს, ვერ შეგცვლიან, – “წმინდა სამეულს” ხომ სწორედ ასეთი შეუყვარდი… მათგან ორმა დაუვიწყარის დავიწყება ისურვა… მე-სამემ კი თქვა: არ დამივიწყო, როცა შენს დავიწყებას არ შევძლებ მივიწყებული… მოკალათდი ჩემს კრავის ტყავის დივანზე, შენი დაღლილი შიშველი ფეხები შემომაწყვე მძიმე თავის ჭერისგან დაქანცულ მხრებზე და მისმინე მე – მას, ვისაც ყაყაჩოს დაურგავ შენს უდაბნოში, სადაც ბედუინები სირ-აქლემებზე დარბიან-დაგეძებენ… ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ სხვა არჩევანიც არსებობს – სხვა – ანუ არც-ერთი სხვა…” როცა კი ამბობ, არჩევანი ყოველთვის მაქვსო, ვბრაზდები, მაგრამ მდუმარედ სერვანდში ვზივარ ფეხმორთხმული ჩემი მსუქანი, ქოსა, მომღიმარი ბუდასავით.

ადუღებული სისხლი წითლად მღებავს, შემდეგ ისევ ვლურჯდები და როცა ხელმოტეხილი შემდეგ კი უკან მიწებებული გერმანელი მევიოლინის ცქერით ვიღლები, ჯოკონდასეული ღიმილით ვიძინებ სერვიზის წინ დასვენებული… სიზმარში მუცლის და გოგოლის ცხვირის ცეკვას მიცეკვავ, სანამ ასტრალი არ ამოქროლდება ჯინის ბოთლიდან, ნირვანა კი გაუსაძლისი გახდება… და, ალბათ, სატირალი სატირაა, მაგრამ 6 წელიწადის შემდეგაც გამოღვიძებული ისევ ასეთივე ამბიციურობით გეტყვი, რომ ყველანი 1 ნეხვისანი არიან (თითქმის ყველა), ოღონდ, არა მე… რომ ჰილერის მსგავსად შენი თავიდან ამოვიღე და გადავაგდე “ის”, ვინც თავიდანვე ქილერივით მიზანში მყავდა… და რომ რაღაცით ანა ფრანკს გამსგავსებ… სულ ცოტათი… ოდნავ… როცა ისევ დასვამ შეკითხვას – “სად არის ჩემი დათუნია და ბალიშიო”, ვიტყვი, რომ ისინი მოგპარე, რათა შენი სითბოს მთელი კვინტესენცია მხოლოდ ჩემთვის შეგენახა… არც იმის თქმით დავიღლები, რომ სხეულის ყველაზე სექსუალური, აღმგძნები ნაწილი ტვინია: მისი ხვეულები, ნაოჭები ვნებას იწვევს უფრო მეტად, ვიდრე სათესლის პარკის, საზარდულის, კლიტორისა თუ პატარა ხელის გულების ნაოჭები… მისი ინტელექტის სუბსტანცია რომ მაფორიაქებს მარტის კატასავით… ალბათ, 6 წლის შემდეგაც 7 იანვარს მოვლენ ბავშვები და უსმენოდ, მონოტონურად გვიმღერებენ: “25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო…”, – ჩვენ კი მაგ დროს დაკემსილ საბანში გახვეულებს არქტიკაში გვეძინება, კარს არ გავუღებთ, “ცუკერკებს” არ მივცემთ მათ, რომ გაგვაღვიძებენ…

 – “…..ხიდთან ვიდექით, იურა სუსტი აღნაგობისა იყო… მაშინ ნასვამი იყო, ჰოდა, დანა რომ გავუყარე, პირდაპირ ჩემზე დავარდა… იქვე, გვერდითვე ხიდი იყო და პირდაპირ მდინარეში გადავისროლე… სუსტი, მსუბუქი იყო…” – მისი თქმით მას 3 ადამიანი ჰყავს მოკლული, მაგრამ გამოძიება აგრძელებს კვლევას. ობოლაშვილმა ასევე განაცხადა: სასამართლო პროცესზე თავს გავიმართლებ… ერთ-ერთ შემამსუბუფებელ ფაქტორად მოვიყვან იმას, რომ მხოლოდ სისხლისმსმელ რუსებს ვხოცავდი…

 და მე როგორ “გავიმართლებ თავს”? რომ ბუნებით ოკუპანტი ვარ და შენი ტერიტორიის თუნდაც მეხუთედის დაპყრობის მიზნით მოვკალი ის? შენ კი თავდებად დამიდგები და იტყვი, რომ ეს თავად შენ ისურვე… შენ ხომ ჯერ კიდევ პატარა ინდოელი გოგონა იყავი, როცა საარში შემოსილი ჩაის კრეფდი, უეცრად ბრიტანელი კოლონიზატორები დაგადგნენ და მოგიტაცეს, თეთრ სპილოზე შემოგსვეს – შენი თავი განეშს (ინდოელების სპილოსთავიან ღმერთს) მოტაცეს მისავე ინკარნაციაზე შემომჯდრებმა… “გადაგაკეთ-გადაგასხვაფერეს”: ჩაი რძითა და იმბირით… წვიმა და ბურუსი… სქელი ტვიდის პალტო… ქიშმირის კაშნე… Pink Floyd & Radiohead, Bristol, Joy Division, George Orwell – და მათი “ანექსიის მსხვერპლი” გახდი… მე კი ხომ მათსავით ყველაზე ჰუმანისტი ოკუპანტი ვარ… იმ “სასამართლო პროცესზე” საკუთარ თავზე ავიღებ იმასაც, რომ თოვლი არ მოვიდა, რადგან სინთეთიკური თოვლი ზაზუნებმა შეჭამეს, გადაბრუნდნენ და მოკვდნენ ნამდვილ თოვლთან ერთად, თუმცა მთაში შენთვის შემორჩა იმხელა თოვლის ზვინები, რამხელაც ჯერ არასდროს გენახა… ვიტყვი, რომ იმ ზაზუნებს მე ვაჭამე ხელოვნური თოვლი, ნამდვილი რომ არ მოსულიყო და შენთვის ჩემთან მოსვლა არ გაერთულებინა… აბდულა ოჯალანის დაჭერას, მისი ქურთებისთვის წართმევასააც ავიღებ საკუთარ თავზე, ოღონდ, ნუ გამატან მიუხვედრელ და მერკანტილურ კურტიზანებს ან დახვეწილი მანერების, ფაქიზ, მაგრამ სქელი თეთრი გრიმის ქვეშ დამანჭულ გეიშებს, რომლებიც მიჭერენ, ჩემს თავს გართმევენ…

 გავედი მეორე ოთახში, სადაც ძველი, საბჭოთა დროინდელი პატარა ტელევიზორია, რომელიც უკვე მხოლოდ წითელ ფერს აჩვენებს და მის გამობურცულ ეკრანზე გამოსახულება ასევე საბჭოთა დროინდელი პოსტერებივითაა… რა სიმბოლურია, რომ ამ ეკრანზე ახლა სწორედ “დიდების მემორიალის” ნგრევას აჩვენებენ, შემდეგ კი “უფროსი ძმის” ძეგლის დემონტაჟის აუცილებლობაზე გადის რეპორტაჟი. მისთვის ჩემნაირ “ხულიგნებს” წითელი საღებავი შეუსხამთ. ეგ წითელი ლაქა ისე კარგად, გამოკვეთილად ჩანს მის რუხ შინელზე, მონოქრომულ ფონზე… ზოგჯერ ბუნებით მეც ხომ “ტერმინატორი” ვარ, ამიტომ “მასაც” დავანგრევ ასო-ასო, სიტყვა-სიტყვით, ნელა-ნელა, სვენებ-სვენებით და სიამოვნებით, როგორც ისინი ანგრევდნენ გრაფიტიან ბერლინის კედელს აგურ-აგურ… აი, აფეთქებენ SOS-ის კვარცხლბეკს…

 მინდა, ჩემს საბავშვო ბაღში “დავრდომილთათვის”, მოხუცებისთვის გავხსნა სასადილო SOS-ისი.

იქვე, ბაღში, უკან მათი – მოხუცების სასაფლაო… მათ გალეულ, მოკუნტულ, მოხრილ სხეულებს დავასაფლავებ იქ, როცა დავანაყრებ…

 მგონი, გამდის ეს ფსიქოდელია, გამოვდივარ პრასტრაციიდან და შოკში ვარ: დიდი SOS-ო ისევ დგას – არავის დაუნგრევია და მას ისევ ეთაყვანებიან მშიერი მოხუცები, რომლებსაც ბაღში დავაპურებ და დავასაფლავებ… ბავშვები, რომლებიც ალილოს მიმღეროდნენ და 2 დასაქოქი ფორთოხალი მივეცი… ობოლაშვილიც არ ჩამოუხრჩვიათ… არც ჩემი ძეგლი დაუდგამთ ჩემი ბაღის ცენტრში, სადაც შენ დამასაფლავე… ისევ უდაბნოში ზიხარ და ჯერაც არ გადაუფრინე გუგულის ბუდეს…

 რა ცუდია, რომ შენთვის SOS-ისს ასეთი მსუბუქი დატვირთვა აქვს და SOS-ისს წარმოთქვამ მხოლოდ მაშინ, როცა მაღაზიაში მას ყიდულობ, შემდეგ კი მიირთმევ… ჩემთვის კი ის ისეთი მრავლისმომცველია: SOS-ისია უფასო სასადილო მიუსაფართათვის – “კათარზისი”-ს კონკურენტი… SOS-ისია Trip-Hop-ჯგუფი, რომელშიც შენ კნავი, მე კი ვჩურჩულებ… SOS-ისი “ივერიამ” შექმნა SOS-ოს საპატივცემულოდ… SOS-ისს ყვირიან SOმალელი ბავშვები… SOS-ისს ღნავიან დაუკმაყოფილებელი ქალები… SOS-ისი ენატრებათ უკბილო ვეტერანებს, SOS-ოსთვის რომ იბრძოდნენ… ვღმუი – SOS-ისი! ჩვენ ვყვირით – SOS! Save Our Souls… ვყვირი – SMS! Save My Soul… ვკრეფ SMS-ს და გიგზავნი… გიგზავნი სირენის კივილივით გამჭოლ, ხმაურიან SMS-ს…

 

 

გატირებ

 (ლუციფერს)

“…..Если бы у меня был кожаный шлем с шипами, мы бы забодали друг друга до мозга…»

 

მოდი, მშრალად დავიტიროთ გაფატრული დელფინები, ცოცხლად გატყავებული მგლები და მელები, გატყავებულებიც კი ჯერ კიდევ რომ ფორთხავენ ყასბების სისხლით მოთხვრილ ჩექმებთან უსუსური ლეკვებივით, შემზარავი წკმუტუნით – მათმა მკვლელებმა ხომ ბავშვობაშივე დაგვიტირეს მეწამული შხეფებით და მერე თავიანთი ლეშის ნარჩენებიანი პირებით ყრონტებიც გამოგვღადრეს ადამის ვაშლის ჩატკბარუნებამდე… “ურიების” მასობრივი ჟლეტა, გატყავება და საპნად ქცევაც არ მოვინანიოთ გესტაპოს ნაცვლად?.. შემორჩენილთაგან, ვინც მათი ცხიმით იბანდა ხელებს ხომ კუილის შნოც აღარ შერჩათ, არამცთუ ურთულესი პროცედურისა, რასაც მოჩვენებითი მონანიება ქვია… ჰოდა, მოდი, ერთმანეთს ვაპატიოთ ჰოლოკოსტი… თუ მხოლოდ მოლკოს მოკრძალებულ ჰოლოკოსტს დავჯერდეთ, ნაცისტისა და გენოციდის გატყავებული მსხვერპლის სენსაციური ჩახუტებითაც არ შევიწუხოთ თავი?.. ეგ პატივმიგებული ცხედრები რომ ამოგვეთხარა წარსულიდან და ერთმანეთთან ძალით ჩაგვეხუტებინა, ერთ-ერთ ჩვენგანს მაინც ხომ აუჩუყდებოდა გულის თუნდაც ერთი პარკუჭი და წასკდებოდა გლიცერინის 1 კურცხლი, სანამ ტარანტინოს ანტიპოდი გვიღებს… ან, იქნებ, მხოლოდ ბერტოლუჩის ფილმებზე ტირი?.. თუ იმდენად ცივი ხარ, რომ მაგ შემთხვევაშიც ცრემლი ვერ აღწევს ბერტოლუჩის ყურებაში ამოღამებულ თვალებთან და გზაში იყინება?.. ზოგჯერ მგონია, თითქოს, უბრალოდ, არ გინდა უდაბნოსავით გამოშრე და ბედუინების აქლემების წითელი ხალიჩა იყო, როცა ყარაყუმისეული არაბები წყლის მორიგი პარტიის შესასყიდად მოფრინდებიან მფრინავ ხალიჩებზე… ან, იქნებ, შენი “წყარო” უიშვიათეს მინერალებს შეიცავს და მათ უკვე ჩუმად მიყიდე ის?..

არ დაგიჯერებ, რომ ჯიხადით დამუქრებას ვერ გაუძელი… მიღალატე – მისი 1 მომლაშო წვეთიც კი არ გამასინჯე, ვიღაც შეიხი კი გაჭყიპე… Нет, я так не играю (тоже мне, Карлсон), блин, бля! Или для оккупантов прогнала «оккупантовку» и опьянив их таким образом победила войну со своим персональным алкашом?.. არ მაინტერესებს… მაინც გატირებ, გამოგწურავ მთელ წყაროს ისე, რომ სისხლით შეიღებება და შენი “კრიტიკული დღეები” სულ აირევა, ყველა “ჭაბურღილიდან” ამოგწოვ, მაგრამ არა იმ სევდის და რომანტიზმის მარწუხების ყელზე ნაზი მოჭერით, – არა, ტკივილისგან კონვულსიებს დაგმართებ, როცა საბანს ძველი ხალათებით და პიჟამებით დაკემსილი თოვლის გორასავით გადავიხურავთ, ორი გაყინული, ცივი გვამივით რომ ვიწვებით მის ქვეშ და როცა ორიოდე წუთის შემდეგ დაგცხება, ვეღარ ისუნთქებ, თავის გარეთ – პოლუსისკენ გაყოფას დააპირებ “პინგვინებისთვის” შველის სათხოვრად, მკერდში გწვდები კბილებით до того, пока на моей пасти с алой юшкой-кровушкой не смешается белое твоё молочко для нерождённого нашего… до того, пока не насыщаюсь как ненасытный, жадный зубастый младенец-уродец… შენი ოფლით დასველებულ საწოლზე (მიწისქვეშეთში) გაგაკრავ დაუსჯელი ბარაბასავით, დაგსჯი ჩემთვის განკუთვნილი ტირილის ქურდობისთვის, არ გაგიშვებ იქამდე, სანამ არ მოგინდება ჩემი “პურის და ღვინის” შეჭმა (მე ხომ ჩემში უკვე ვიპოვნე პატარა ქრისტე)… მაგრამ მერე ექვსჯერ უარმყოფ, თუკი შენი სულების კარადაში შენც იპოვნი იუდას სამოსს-სულს (მე ხომ ნიჭების საკუჭნაოში გადამალულ ძველმანებში წინასწარმეტყველიც აღმოვაჩინე)… ნუთუ გინდა, ჩვენი სულები ჰგავდეს უბედნიერეს ჩუქჩას, რომელსაც განბანვა, განწმენდა არაფრის დიდებით არც კი სურს და ჩემს ძველ, ბავშვობის დროინდელ აქლემის ბეწვის პლედზე ირმებზე ნადირობს?.. თუ მიგიყვანე, მიგაცილე სიბერემდე, როცა შენი გაუბედავი, თავშეკავებული სულიც დანაოჭდება შენი ოდესღაც ასე გემრიელი, მაგრამ დამჭკნარი მკერდივით და პირდაპირი მნიშვნელობით დაემგვანება სულს (მოფამფალავებულ რუხ ნივთიერებას), ცივი საბნის ქვეშ გაგრილებულ ქვესკნელში ისევ ვიწვებით ერთმანეთის პირისპირ, ბებრუხანა, დაღლილი გესტაპოელებივით კუილის თავიც აღარ გვექნება, მაგრამ მტკივნეული სიტყვებით მაინც ვეცდები გატირო, ოფლის და სპერმის კოქტეილის ნაცვლად ცრემლებით დაგასველებინო საწოლი, რომელსაც მიწისძვრის დემონური რხევა ასე დააკლდება… როგორ გადინო ცრემლი?.. იქნებ, იქამდე თავშეკავებული ეგოისტი ხარ, რომ ანემიასაც აიტან, ოღონდ, დეფიციტური და ცრემლის ფასი ცრემლი არ გამასინჯო?.. ან, იქნებ, დოქში გაურკვეველი დოზით ჩასხმული სითხესავით დაიხარჯა, გათავდა შენი რარიტეტული მგრძნობიარობის ნაჟური?.. როგორც არ უნდა იყოს, ყველა ეს შეკითხვა რიტორიკულია და რაც არ უნდა იყოს, მაინც გატირებ… გატირებ თუნდაც ნელი წამებით, ბრუტალურად, რადგან, ალბათ, ჩემშიცაა პატარა სასტიკი მარკიზ დე სადი, რომელიც სადიზმის ხერხითაც აგატირებს, დაგატირებინებს მთელს კაცობრიობასაც კი, თუკი შენში აღმოჩნდა დამყოლი, მომთმენი და სასოწარკვეთილი, პატარა თუ დიდი მაზოხისტი, და თუ ჩემი აკანკალებული სისხლიანი ხელები მოგწვდა ჩემი სულის გისოსებიდან…

 

 

 საშობაო ღვეზელი

 

შენი ნამუშევარი, ნაშრომი საშობაო, შენი ხელით მოზელილი ღვეზელი – მასზე, ზედ სანთელი ანთია – გვანათებს, ანათებს ჩვენს ანათემას, სახეებს სასიამოვნოდ სასოწარკვეთილს სამივეს,

 დროზე, დაანაწევრე – დაყავი, დაყავი… დავიღალე… დაგლიჯე ,– დავფლეთ,

 თემები არ გველევა ისევ სამივეს, შენი თმებიც ისევ ისე სასიამოვნოდ გვივსებს დაყოფილ თხემებს, – ისევე ვეტრფი შენს ტერფებს, ფეხებს დატანჯულს,

 მაგიდაზე დადე, დაგვიდე და დაჭერი , დაყავი, დაანაწევრე მაგ დანით ეგ შენი საოცარი, საოცნებო ღვეზელი სამივესთვის, – სხვისთვის არავისთვის – არ გაიმეტო მეტი,

 სულს ვუბერავ სანთელს,

 შენი სული, სუნი სულ მინდა – სულ, სანამ სული სულდგმულობს სხეულში,

 სამუდამოდ, საბოლოოდ დავკარგე სასოება ასო-ასო, სიტყვა-სიტყვით სიკვდილამდე, მანამდე კი დროზე, დროზე, მომეცი – უკვე ხომ გამოცხვა,

 დროში იჩქარე, დრო აღარაა, – დროზე, თორემ სხვა მოვა და მე წავალ – ის წამიყვანს წაღმა, წამათრევს ბილწს, მოწამლულს შენი რწმენით, უწამლოდ, ნაწამებს – ბორბალზე ცმულს,

 ღვეზელშია შენი გული შენახული გარინდული, გარიყული – ყელთან მადგას ჩემი გული გათანგული – გუგუნი,

 საშობაო ღვეზელია შენი გული, – ვეღარ ველი,

 დროზე, თორემ უკან მოფრინდება, დამიბრუნებს, დამიმონებს უგულო გუგული, გადამაფრენს თქვენს ყურებთან ცივ ყურეზე, თუ ღვეზელის ყუას მაინც არ მაჭმევ, სანამ ყუთში მოვთავსდები, – მშობე და შემდეგ შვებით გამიშვი...

 

 

სულელი სული ან პირდაფჩენილი ინდაურის ჭუკები – საწოლის ქვეშ

(ბერტოლუჩის ლუკინოსგან)

 

იცი, ჩემი ტვინი თითქოს ჰელრუფ ბიდსტრუპის კარიკატურებითაა ტატუირებული მის მერე, რაც ბავშვობაში მუხლებზე ვიდებდი მისი ნამუშევრების უზარმაზარ (ან მე ვიყავი ციცქნა, ან ალბომები იყო ვეებერთელა) ალბომებს და საათობით ვათვალიერებდი ისევ და ისევ… ხშირად სწორედ მისი კარიკატურების მსგავსად ვხედავ ხალხს, მათ სასაცილო ქცევებს… ზოგჯერ იმდენად ტრაგიკულია მათი ქცევები, რომ სასტიკად სასაცილოები არიან და მუცელი სკდება ჩუმი, უხმო შინაგანი ხარხარისგან, საიდანღაც სიღრმიდან რომ მომდის და თავში ექოდ მომესმის განსაკუთრებით კარგი რეზონანსით და სიმკვეთრით, თუკი იმ დროს სხვა ხმაური არაა… ზოგჯერ კი ყველაფერი ოტო დიქსის საშინელებებს ემსგავსება და მუცელში პატარა ცინიკოსი ნეკნებს ეჭიდება, რომ გულის წასვლისას მტკივნეულად არ დაეცეს ნაწლავის გავლით, “გვირაბის” ბოლოს შუქი რომ არ დაინახოს ნაადრევად, სანამ ნახევრადბნელშიც მშვენივრად გრძნობს თავს და ბრწყინვალედ არჩევს ბოსხისეულ მახინჯებს შიგნითაც და გარეთაც (ღირს კი გერმანიაში წასვლა?..

ალბათ, “ფრიცებიც” არსებობენ მახინჯები – რახან ნიდერლანდებშიც კი დაიარებოდნენ მათი აჩრდილები იერონიმის ტილოებიდან ბნელი შუკების ქვაფენილზე…)… ალბათ, მხოლოდ სხვა შემომქმედების დასურათებული ცხოვრებით რომ არ მეარსება, მაგიტომაც თავად დავიწყე ხატვა – დავრდომილებით, ლამაზებით, მახინჯებით და სხვადასხვა არსებებით ილუსტრირება საკუთარი მითოლოგიისა, რომელსაც ახლაც ვწერ და რომელშიც შენთვისაც მოვნახე საპატიო ადგილი წინა რიგებში უხეში, რუხი შტრიხებით დაჯღაბნილი მეასეხარისხოვანი პერსონაჟების წინ… ალაჰს, ზევსს თუ ნებისმიერ სხვა ღმერთს რომ თავისი ნაწლავიდან არ გამოვედევნე განათებული გვირაბისკენ იქამდე, სანამ ეს თავად მე მომინდებოდა, მაგიტომაც გავხდი “არაფრისტი”, არაფრისტებს კი ხომ იცი, როგორ ვერ იტანენ მორალისტები, ანანისტები, ეკზისტენციალისტები, ოფტიმისტები, კონფუციანისტები, ლეიბორისტები თუ კომუნისტები და სხვა ისტები, რომლებსაც განსაკუთრებით სძულთ ჩვენნაირი ათეისტები, ჩემო პესიმისტო მეგობარო… ჰო, ხატვაზე ვბოდავდი, მგონი… მარაზმატოკოსი ბებრუხანასავით გამომდის წამდაუწუმ ბავშვობის გახსენება, მაგრამ ესეც უნდა მოვყვე, თორემ მორიგ ბოთლს დავცლი და მუმუსავით ალკოჰოლის ტბაში ჩავახრჩობ იმ წვინტლიან ლაწირაკს, სულ რომ გიყვები მის შესახებ: ჯიბის საათი მქონდა, მიყვარდა – მისი წიკ-წიკი, წკაპუნი თავსახურის დახურვისას, ბრჭყვიალი… ერთ დღეს რატომღაც მისი დაქოქვა კბილებით მოვისურვე და ზამბარა მომეკვნიტა… დროის მანქანა გავაფუჭე – დროის მაჩვენებელი მწყობრიდან გამოვიყვანე კბენით… რამდენი ვიტირე… ვერ მაჩერებდნენ… იმავე დღეს, როცა ეს მოხდა და საათის მექანიზმმა გარდაცვლილი ადამიანის ორგანიზმის მსგავსად შეწყვიტა ფუნქციონირება, დავხატე მოხუცი ეშმაკისეული გარეგნობის მესაათე; აქეთ-იქით გაშლილი ხელის გულებზე 2 საათი-გუგული ედო, ფონად კი გატეხილი საათები და მექანიზმები იყო… მის თვალებში იკითხებოდა მბრძანებლობა, ძალაუფლება მთელ დროზე… ალბათ, მაშინ დავხატე დრო, ღმერთი, რომლის დაქოქვა მინდოდა და დასაქოქი მოვაჭამე… შემდეგ კი, როცა მესაათე ეშმაკურად იყურებოდა ორგანზომილებიანი სამყაროდან, იმ ბავშვს ეცინებოდა ისტერიულ ტირილზე, პატარა რკინის საპყრობილეში მოქცეული დროის მოკვლაზე და თვით დროზეც, რომლის ცნობაც მაშინ არც კი იცოდა… ალბათ, იმ დღეს მოვკალი, ქრონოსივით შევჭამე ღმერთები, გავაჩერე ყველა ღმერთი, რომელსაც თავს გვახვევენ ხშირად ძალზედ მერკანტილური ძიები და დეიდები, რომლების წინ იჯდა ხოლმე ის პატარა სააღდგომო კვერცხით ხელში, მის ზურგსუკან ვარდისფერი სპილოები, მწვანე პინგვინები და კუსფერი ჟირაფები რომ შიშვლები კუნტრუშობდნენ… ალბათ, შენც გექნება მსგავსი ამბავი, როდესაც დრო გააჩერე ან მოკალი, არ დაიჯერე, რომ სადღაც, 68889-ე სართულზე ზეცაში ვიღაც ზეციურ აივანზე გამოდის ხოლმე და გვაფერთხავს ხან კარგს, ხან ქაქს, – გააჩნია, როგორ ვიქცეოდით და რამდენი სანთელი დავუნთეთ, რამდენჯერ ვილოცეთ მისი რჩეულების ხატებთან, ქორწინებამდე შარავანდედმოხდილებმა დემონსტრატიულად ვიჟიმავეთ თუ არა დაჯღანული წმინდანების წინ, პირადი ნოუჰაუ-პოზებით დასურათებული კამასუტრები რომ უჭირავთ… არ მოგცემ ნებას, სხვისი ირწმუნო… მხოლოდ ჩემს ტყეში იქნები ნიმფა… მხოლოდ მე ვიფნები ფავნი, რომლის ლაბირინთშიც დაიკარგები… მხოლოდ ჩემს სოროში შემოძვრები და მასში როგორც შავ ხვრელში ჩაიკარგები, იქიდან გამოძრომა აღარ მოგინდება მაშინაც კი, როცა ცხვირწინ ვარდისფერ კაბას დაგიქნევენ, მაშინაც კი, როცა ბრძენს მოგიყვანენ ანოტაციების წასაკითხად, – და თუ დააპირებ გაძვრომას, ლამაზ ტერფებში ფწვდები და უკან შეგათრევ, რომ ისევ ვიხარხაროთ, ისევ იტირო… მხოლოდ ჩემს მითოლოგიაში იცხოვრებ და მხოლოდ ჩემს მცნებებს დაიცავ, ჩემი ლექსიკით იმეტყველებ და მას მოკლავ, რომ მხოლოდ მე მეთაყვანო… რა გონორით ისმის, არა?.. და სასაცილოდაც… მაგრამ ხომ არ გავიწყდება, რომ ეგოისტი ვარ – ეგოცენტრიკოსიც კი… და რომ ჩემს სიამაყეს არ აქვს საზღვრები ისევე, როგორც რუსეთს და გენმოდიფიცირებული ნედლეულით დამზადებულ ჰამბურგერებზე გასიებული ყოფილი მავრი მონების წონას… ეგოისტი და ამაყი პიროვნებები ხომ ხშირად ბავშვურები ჩანან, როცა უცებ ჯიუტად დაიჩემებენ – “მინდა, მინდა, მინდაო!” და სწყინთ, თუ არ მისცემენ იმას, რის მიცემასაც ითხოვდნენ გაფართოებული გუგებით… არ გეშინია, რომ ერთხელ დალაი-ლამასავით თავი გადავიპარსო, პამპერსი ამოვიცვა, შენს საწოლთან ოთხზე მოვხოხდე ფეხაუდგმელი აღუასავით და დავიწყო ჭყიპინი – “მინდიხარ, მინდიხარ, მონდიხარ!” მეთქი?.. და თუ მიმიკარებ, მიმიკრავ, მთელს შენს რძეს ამოგწოვ ვამპირი მამოლოგივით?.. მაგრამ მანამდე მიგახვედრებ, რომ შიშზე საშინელი შიში არ არსებობს და რომ მხოლოდ შიშის უნდა გეშინოდეს, თორემ სულ ქვეშაფსია-ქვეშაჯვია იქნები და როცა ისევ აქოთდები, ისევ მომინდება შენი გატყეპვა, ისევ მომიწევს შენი საფენების გამოცვლა… ხედავ, სულ გამომათაყვანა სასმელმა და რას ვბოდავ, მეც აღარ ვიცი… მაგრამ სალვადორსაც ხომ ჰქონდა ბოდვითი შეტევები – მის ტილოებზე ხომ სწორედ ამიტომაა ასეთი სასწაულები (სალვადორ ალიენდე კი არა – დალი, ოღონდ, ნადირობის ქალღმერთი არა…).

 შენკენ მოვლასლასებ კალაშნიკოვის სისტემის იარაღის ჯერ კიდევ ცოცხალი გამომგონებელივით, – მე ხომ შენს მიმართ მამობრივი გრძნობები მაქვს… შენ ხომ ჩემი პატარა გოგონა ხარ (მაგრამ ჯულიეტა მაზინაზე მაღალი)… ფუი, მაგის! კინაღამ მანქანამ გამიტანა! მანქანა რად უნდათ, ნეტავ… სულაც არ მჭირდება… რად მინდა ვინმესთვის ჩემი ავტომობილი თვალებგანათებულ ურჩხულად იქცეს ცხოვრების ბოლო წუთებში… მე ხომ არც მობილური ტელეფონი, არც მზის სათვალე, უჯრები, შეყვარებული და ქოლგა მქონია ოდესმე, წინა ცხოვრებაშიც კი… ამიტომ უავტომობილოდაც მშვენივრად მოვბარბაცდები შენთან, რომ პირადად გაგიზომო სიცხე… ძამპანოს მასხარასავით გაწითლებულ ცხვირზე რაღაც ცივი დამეცა… ჯერ იყო, მეგონა, გადარეულმა ღამის ჩიტმა ან ჩვეულებრივმა, ჩვეულებრივი ორიენტაციის ღამურამ დამასკინტლა მეთქი, მაგრამ შემდეგ ჩემი სპირტში მარინირებული ტვინიც კი მიხვდა (ბალზაკი თუ ყავით იჭყიპებოდა და ბოლოს ყავის აბაზანაშიც კი ჩაიხრჩო, მე რატომ არ უნდა ჩავიძირო სპირტიანი სასმელის ბოთლში ჯინივით, რომელსაც გამოუშვებ და მოვუსმენთ Radiohead-ს - The Gloaming-ს?..), რომ ახლადგანდევნილი ფეკალიები ყოველთვის თბილია, – აელმებულმა თვალებმა ცხვირს დახედეს და გამოსახულებითი სუსტი სიგნალი ძლივს მიაწოდეს გამოლაყებულ თავს, რომ ის ცივი, თეთრი რაღაც თოვლის ამ სეზონზე პირველი ფიფქი იყო, ოღონდ, არა ისეთი, საახალწლო ბარათებზე რომ ხატავენ, – ჩვეულებრივი, დაგორგოლავებული ბამბის მსგავსი პატარა ბურდი, რომელიც ცხვირზე, როგორც გავარვარებულ ნათურაზე მადნება… ხომ გეუბნებოდი, თოვლსაც გაჩუქებ მეთქი… ვინ იცის, იქნებ, მან დაგიგდოს სიცხე… ირგვლივ ზოგ გამვლელს პირბადე უკეთია, – შეიძლება, მათაც გაუგიათ ინდაურის ჭუკებზე, რომლებიც წვიმის დროს პირებს აფჩენენ და წვიმას ყლაპავენ იქამდე, სანამ არ დაიხრჩობიან… იქნებ, მათ ეშინიათ ან მზრუნველმა, ქოთქოთა “დედლებმა” დაარიგეს, რომ თუ თოვლის ყლაპვაც დაიწყეს, ისევე დაიხრჩობიან, ამიტომ თუკი “ცდუნებას” აყვნენ – თავები გადახარეს, პირები ხარბად დააღეს, პირბადე დაიცავს მათ მათი სისულელისგან… ზაზუნაც ხომ მომკვდარან საახალწლო ნაძვის ქვეშ დადებული ბუტაფორიული ბამბის თოვლის ჭამით… მაგრამ ის თოვლი იყო ფუმფულა და თბილი, – და თუკი “ჭუკების ანალოგები” (იმის განურჩევლად, ეს ინდაურის ჭუკები არიან ინდუისტები თუ იუდაისტები) ამ ნატურალურ, მაგრამ არა ეკოლოგიურად სუფთა, რეალურ თოვლს გადაყლაპავენ – ესკიმოდ ქცეულ ესკიმოსებად გადაიქცევიან, შიგნიდან გაყინული ბროილერის ფრინველებივით მიწაში დაერჭობიან, სანამ ვინმე მათ გასალღვობად არ წაიყვანს ცივ მორგში, შემდეგ კი ცვალებადი ტემპერატურის მიწაში მიაბარებს ოდესღაც მათსავით მოფუსფუსე “ინსექთებს”… აგერ, ვულგარული პოტენციური (თეორიულად, მაგრამ ფაქტიურად, უბრალოდ, თავისი არსით ტრივიალური მეძავები, რომლებიც უმეტესად მუსიკის ჟანრსსას კი “მსუბუქი ყოფაქცევისას” ანიჭებენ) მაგდალინელებიც აქვე დაიარებიან სიცივის მიუხედავად, საკმაოდ გამომწვევად შემოსილები ფიქტიურ შეფუთვაში, რომ კარგად გაიყიდონ, ენთუზიაზმით და პროფესიონალიზმით ყინვისგან იხსნან გაყინული ინდაურის ჭუკები, რომელთა განსხვავებით, მათ არ უკეთიათ პირბადეები, რადგან მათი მოვალეობა პირის დაფჩენა და ყლაპვაა… ამ ყველაფერზე კი მეფიქრება შეშუპებულ გონში, მაგრამ სქოლიოზით დამახინჯებულ ზურგში, ხერხემალში, დაზიანებული ზურგის ტვინით სულ სხვა რამეზე ვფიქრობ, სხვა რამეს ვგრძნობ– ჩემთვის ჩვეული შეურაცხადობით მინდა, რომ შენს გალაქტიკაში “ლაიკასავით” გამოვემგზავრო, ოღონდ, მანამდე უკვე გაფრენილი “სტრელკა” დავაძინო მაგ უსასრულო კოსმოსში, სადაც სხვა გვამები გახრწნილან და ანათებენ – მთვარედ ქცეულ სტრელკასა და მზედ ქცეულ ლაიკას გარშემო ვარსკლავები არიან, სანამ გენიალური ნობელის სული – დინამიტი ბოლომდე არ ააფეთქებს ჯვარცმულ ღმერთს, რომელიც ბევრი ქალიშვილისა თუ პოტენციური ქალბატონის ორ “გოლგოთაზეცაა” ხოლმე აღმართული… ნუთუ ასე საღად აზროვნებენ მთვრალები?..

მგონი, ამის მიზეზი ჩემი თანდაყოლილი “გონების დაბინდულობაა”… დაბურული გონების, რომლის მიღმა ასეთი წკრიალა, ნორმალური და დალაგებული, გამჭვირვალე გონებებით შთაბერილი თავები დაგორავენ ჩემი გილიოტინის წინ იქამდე, სანამ ვარდისფერ სპილოებთან, კუსფერ ჟირაფებთან და მწვანე პინგვინებთან ერთად პოლუსისკენ არ გავცურდები კიდობნით, რომელიც გუშინ გაზეთის ფურცლებით ავაგე… იქ კი ნახევრადგაყინული, მონოქრომული, პირდაფჩენილი წრიპინა პინგვინები დამხვდება, მდუმარე უბედნიერესი ესკიმოსების ირგვლივ რომ დაბაჯბაჯებენ და თოვლის ბატი-ბუტებს იჭერენ რეზინის ნისკარტებით… ალბათ, იქაც ჩემი უტოპია იქნები, მაგრამ როცა ძალიან მომბეზრდება ოცნება, თოვლისგან თოვლის სარას გავაკეთებ ხოლმე, პოლარულ ნათებას ვუყურებ, როგორც ოდესღაც შენ გაშტერდებოდი… იქ არ მომიწევს სულის განბანვის მომაბეზრებელი პროცედურების ჩატარება – ეგ რუტინა იმ მხარეში არავის უშლის ცხოვრებაში… იქნებ, ყველაფერთან ერთად მაღალი სიცხეც მაქვს… მაგრამ არ მეშინია, – მე და შენ ხომ ქათმის გრიპიც გადაგვიტანია – H5N1… H1N1-საც გადავიტანთ, და თუკი ვერ – შენც წაგიყვან, შენთვისაც მოვნახავ ადგილს კიდობანში, სადაც ჩამომხრჩვალი დუჩე ხატია და მწვანე, გაცრეცილი პინგვინი კუსფერ, გატეხილ ჟირაფს კისერზე აძვრება, ჰორიზონტს რომ გახედოს…

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხარლამენკო ლუკა / ნოველები