ხასია გიორგი

განავლის კვლევა ბიოტუალეტების ეპოქაში

 

ა. პლუცერ-სარნოს მიხედვით

 

წინასიტყვაობის მაგიერ

 

ზამთრის ერთ უჩვეულოდ თბილ საღამოს, როცა მე და ვაკო ტუალეტის რიგში ვიდექით და ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, შესასვლელთან მჯდომმა ქალბატონმა ტრაგიკულად მცირე ზომის თაბახის ნაგლეჯები გამოგვიწოდა, ვაკომ გალურჯებული ტუჩებით მიჩურჩულა:

– შეგიძლია, დაწერო ამაზე?

   და მე ვუთხარი: “შემიძლია!”

 

 

  საზოგადოებრივი ტუალეტი

 

ვინ ცურავს განავალში? – სვამს კითხვას პოეტი დ.ა. პრიგოვი. პრაქტიკულად ყველა – პასუხობს იქვე. ჭკვიანი ადამიანი განავლის მიღმა იხედება, ბრძენს კი მასში კანფეტის დანახვაც შეუძლია, ამიტომ, ვცადოთ ზევიდან, ქვევიდან, მარჯვნიდან თუ მარცხნიდან მოწოლილ განავალში ტკბილეულის აღმოჩენა თუ არა, მის მიღმა გახედვა მაინც.

  როგორ გროვდება განავალი? საქმე ისაა, რომ უკანალი არასდროს ისვენებს, მუდმივად აწარმოებს განავალს, არა აქვს გამოსასვლელი დღეები და რადგან, როგორც იტყვიან, საკუთარ განავალს სუნი არ უდის და რომც უდიოდეს, არაფერი ჯობია საკუთარი სიმყრალის სუნთქვას, როცა მას შეეჩვევი, ჩვენც ვართ ასე, თვალებს ვაფარხულებთ და აზრების გამოთქმა ქვედა ტუჩთან ამოსული განავლის გადაყლაპვის გარეშე შეუძლებელია.

 

 

ყლუპი პირველი – პროფესიონალი განავალჭამიები

პოლიტიკოსი აწარმოებს იმაზე მეტ განავალს, ვიდრე თეორიულად ამის გამოყენება შეუძლია. ბუნება აქვს ასეთი.

არსებობს დაუწერელი კანონი, რომ პოლიტიკოსმა საკუთარ განავალში არ უნდა იცურაოს, სხვა უნდა აცურაოს მასში.

ხომ გახსოვთ ძველი გამოთქმა – პოლიტიკა განავალში შეტყუების ხელოვნებააო.  ქართველი პოლიტიკოსი ძირითადად საკუთარ განავალში იმყოფება. იქ არის მისი ადგილი. შიგნით ცოტა ვინმეს თუ შეიტყუებს, თანაც სულ ცოტა ხნით. უბრალოდ, დამაჯერებლად ვერ ამბობს, რითი ჯობია მისი განავალი სხვისას. თანაც, როცა ამბობს მემარჯვენულიაო, რევოლუციური აღმოჩნდება, როცა ამბობს მემარცხენულიაო, მემარჯვენული სუნი უდის. ხალხი იბნევა, ვერ ხვდება ვის ქაქში ჯობია, იმისაში, ვინც გენმოდიფიცირებული პროდუქტებით იკვებება, თუ იმისაში, ვინც მხოლოდ ქართულ ორგანულ საკვებს მიირთმევს.

ამიტომ (ხალხს) აპათია იპყრობს და ისევ საკუთრ განავალში იკეტება. ცოტა ხნით. ერთხელ ერთმა სუფთა კაცმა თქვა – მე არ გთავაზობთ საკუთარ განავალს, მაგრამ არ მინდა აღგზნებული ადამიანების განავალში აღმოჩნდეთო. მერე იმ კაცს გულმა უმტყუნა. ასეთი ისტორიაა.

 

 

 ყლუპი მეორე. თხევადი განავალი – ასე იტყოდა ლენინი

 

ქართველ ინტელიგენტს უკანალი ძირითადად ჩრდილოეთისკენ აქვს მიმართული და მელაკუდურად იხედება წინ და უკან. თუ აქედან კითხავენ რას აკეთებო, იტყვის – როგორ ვერ ხედავთ, ვაჯავრებ, თან მისკენ მივმართე ფეკალიებიო.

იქიდან თუ კითხეს..... არა, იქიდან არაფერსაც არ კითხავენ, ხელს მოუთათუნებენ, დაუყვავებენ, ეტყვიან – მობრძანდით, აქ ჩაიკუზეთ ჩვენს ვრცელ ტრამალებშიო. ერთი საინტერესო მომენტი ახლავს ამ პროცესს: ინტელიგენტის განავალი მაინც აქ რჩება ყოველთვის. არ მიაქვს. იქ ისე იქცევა, ვითომ განავალი საერთოდ არ არსებობს. ამასთან მუშაობს განავლის ანიჰილაციის კანონი – სივრცეში შემხვედრი ორი განავლის ნაჭერი სწრაფად ანიჰილირდება(ქრება) და რჩება მხოლოდ იის მსუბუქი სურნელი.

  ე.ლიმონოვის რომანის გმირი, ემიგრანტი ედიჩკა, ცოლისგან მიტოვებული და სასოწარკვეთილი, გრძნობს რა, რომ არავის სჭირდება, გადაკუზული და უკანალზე ხელებშემოწყობილი, ნიუ-იორკის რომელიღაც ბნელი ქუჩის კუთხეში შავკანიან ახალგაზრდა მამაკაცს ეხვეწება გამჟიმეო.

სინამდვილეში რა ამოძრავებს ინტელიგენტს, რომელიც ამავე პოზაში დგას, მაგრამ არაფერს ამბობს? შეუცნობელნი არიან ზრახვანი მისნი

 

 

  ყლუპი მესამე. უშუალო წვდომა

 

ერთხელ პეტრემ ვენტილატორზე მოისაქმა. თათბირზერ დაცხა და ვენტილატორი ჩართეს. თათბირის ბოლოს ჭორფლიანი თანამშრომლები ერთმანეთს ყნოსავდნენ – მამაჩემის მონათხრობიდან.

   1961 წელს, იტალიელმა მხატვარმა პიერო მანძონიმ საკუთარი ფეკალიები 90 დანომრილ ქილაში თანაბრად გადაანაწილა – თითოში 30 გრამი და დააწერა – ”მხატვრის 100%-ით სუფთა განავალი”. 2007 წელს ერთ-ერთი ასეთი ქილა 124 000 ევროდ გაიყიდა “სოტბის” აუქციონზე. გეხსომებათ რემედიოსიც, მარკესის პერსონაჟი, გოგონა, საკუთარი განავლით ჟირაფებს რომ ხატავდა. განავლით ხატვის პრაქტიკა ჩვენთანაც არსებობს.

დიდი, საჩვენებელი, არა, ცერა თუ ნეკა-თითითაა შესრულებული რომელიმე სურათი ჩვენს საზოგადოებრივ ტუალეტებში, ამის გარკვევა მონასმის სიგანის მიხედვით შეიძლება. გვხვდება სურათები, რომლებშიც ხელის მთელი მტევანი მონაწილეობს. გულუბრყვილობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ტუალეტის ქაღალდის არ-ქონის ან უკმარისობის გამო ხდება. და საერთოდაც, ეს არ არის უბრალოდ ხატვა, ეს კვლევაცაა და უფრო კვლევაა, იმიტომ რომ რიგითი ქართველისთვის განავალი მუდმივი ჭვრეტისა და დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს, რადგან ის სიბრძნისკენ არის მიდრეკილი.

  რუსეთ-საქართველოს ომამდე არც ისე დიდი ხნით ადრე, გორის ერთ-ერთ საზოგადოებრივ ტუალეტში შესულს, კედლიდან არც მეტი არც ნაკლები, განავლით შესრულებული პიკასოს “გერნიკას” ასლი მიმზერდა!!! რა იყო ეს, რუსულ-ქართული ომის წინასწამეტყველება, პოსტმოდერნული ღიმილი თუ სხვა რამ?

 

 

  ყლუპი მეოთხე. გადავყვეთ განავალს?

 

ჩეხური წარმოშობის მწერალი მილან კუნდერა თავის რომანში “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” სტალინის შვილის – იაკობის გარდაცვალების არაოფიციალურ ვერსიაზე საუბრობს. დატყვევებულ იაკობს, რომელიც ინგლისელ ოფიცრებთან ერთად იმყოფებოდა გერმანელთა ბანაკში, მოსაქმების შემდეგ ჩარეცხვა არ უყვარდა.

ინგლისელებმა უსაყვედურეს, გაასუფთავე რასაც დასვრიო. ამან შორს დაიჭირა. ჩხუბში გადაიზარდა ეს ამბავი. იაკობმა ბანაკის უფროსთან იჩივლა. ბანაკის უფროსმა არ ისურვა კაკაშკებზე საუბარი. იაკობმა ვერ აიტანა დამცირება და დენზე მიერთებულ მავთულებს შეახტა. ამიერიდან ის ვეღარასდროს აწარმოებდა განავალს.

არ ჯობდა საკუთარი განავალი სწორად დაებინავებინა? იაკობი მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი კაცის შვილი იყო, ლამის ღმერთის. ყველაზე დამამცირებელი მისთვის ალბათ ის იყო, რომ მას, ღვთისშვილს განსჯიდნენ არა რაღაც ამაღლებულის, არამედ განავლის გამო. მაგრამ იქნებ თვითონ არ ჯეროდა იაკობს რომ ეს მისი ქაქი იყო? ანდა იმის, რომ ის ყარდა? ნუ იგნორირებ, თორემ სულს მოგთხოვს – ასეთია განავლის დაბინავების მთავარი კანონი.

 

ყლუპ ყლუპ ყლუპ ყლუპ ყლუპ

 

ახალგაზრდობაში ზედმეტად ხშირად მიჩნდებოდა ჯიბლიბო (ქუქუ).

მტანჯავდა, წამწამებს მაცლიდა. ერთდროულად სამიც მქონია ერთ თვალზე. მეგობრები შეშინებული სახით მეუბნებოდნენ – A ვიტამინის ნაკლებობა გაქვს მეგობარო, თავს მიხედეო. ექიმებმა – ნუ აშტერდები განავალს, მაგან იცისო.

ყველას გვაქვს ჯიბლიბო, უბრალოდ ზოგს გვაწუხებს, ზოგს – არა. ყველას გვაქვს, სხვანაირად არ გამოდის. არსებობს განავლისგან დაცული ტერიტორიები? – გაჩნდება კითხვა. როგორც განავალოლოგიაში კარგად გარკვეული კაცი ამბობს, ასეთი ადგილი სულია. თუ სულში არ გვაქვს განავლის არც ერთი მისხალი, ის იქ ვერასდროს მოხვდება. და თუ მოხვდა, ე.ი. აქამდეც ყოფილა.

გამოსავალიც არსებობს ასეთ დროს: უნდა ჩაიკეტო საკუთარ თავში – ნაკლებად ყარს ამ დროს და თურმე უკეთაც ინახება.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხასია გიორგი / განავლის კვლევა ბიოტუალეტების ეპოქაში