ხვედელიძე ბესო

Curiculum vitae

 

“ყველა გელა დებილია”

      გვანცა

 

 

ნახევარი საათიც და თეთრ ხალათს საკიდზე ჩამოჰკიდებს. კართან მისული უკან მოიხედავს და კიდევ ერთხელ, ზერელედ მოათვალიერებს თეთრკედლებიან კაბინეტს. დარწმუნებული, რომ არაფერი დავიწყებია, ჩააქრობს სინათლეს, გამოაღებს შუშის კარს და ყვითელი შუქით განათებულ, ცარიელ დერეფანში აღმოჩნდება. კარს პატარა, ოქროსფერი გასაღებით დაკეტავს.

ჩქარი ნაბიჯით გაუყვება დერეფანს, ფრთხილად ჩაივლის კიბეს – ერთს, მეორეს, და მაღალ ფოიეში აღმოჩნდება. ვიდრე მთავარი კარიდან გავიდოდეს, თავის ოდნავი დახრით დაემშვიდობება დარაჯს, დაიხედავს საათზე და ქუჩაში გააბიჯებს. გაჩერებაზე ორიოდე წუთით შეყოვნებული მოწევს სიგარეტს. მერე გააჩერებს ზომიერად სავსე სამარშრუტო ტაქსს. საკუთარ სადარბაზოსთან ჩამოქვეითებული კიდევ ერთხელ დააცქერდება საათს, ახედავს ცას, ხელის აწევით მიესალმება აივანზე გადმომდგარ ღიპიან მეზობელს და სადარბაზოში შევა. ლიფტთან მდგომი სამი შეშინებულსახიანი ქალბატონის დანახვაზე გაახსენდება -"Лифт приходит всегда внезапно!" – და ფეხით აუყვება კიბეს. საკუთარი ბინის კართან შეჩერებული, ჯიბიდან გასაღებების ასხმულას ამოაჩხარუნებს.

ერთ-ერთით გააღებს კარს. სამზარეულოში გაკრული ხელის დაწერილი ბარათი დახვდება. წაიკითხავს თუ არა, აუღელვებელი სახის დაჭმუჭნის და ღია ფანჯრიდან მოისვრის. მერე დალევს ორ ჭიქა ცივ კისელს, შვებით ამოისუნთქავს და სასტუმრო ოთახში გადაინაცვლებს. ჩართავს ტელევიზორს. უცებ მოათვალიერებს ყველა არხს და ერთ-ერთზე შეჩერებული ხმას ბოლომდე ჩაუწევს. მივა ტელეფონთან, აიღებს ყურმილს, აკრეფს ნომერს და მცირე ლოდინის შემდეგ იტყვის:

– ანა, მე ვარ... კიდევ შენთანაა?.. უთხარი ჩამოვიდეს... სახლში ვარ....  

დაკიდებს ყურმილს, ჩაეფლობა სავარძელში და ჩათვლემს.

ხუთიოდე წუთში, კარზე დარეკილი ზარის ხმა გამოაფხიზლებს. შემოსასვლელში გასული, ვიდრე კარს გააღებდეს, კედლის მაღალ სარკეში სახეზე შეივლებს მზერას და საკეტს გადასწევს. კარის გაღებისთანავე ცხვირში ნაცნობი სუნამოს სურნელი ეცემა.

– სად დადიხარ? – ეტყვის ცოლს მშვიდად. ცოლი ტუჩებში ხმაურით აკოცებს და სარკისკენ გატრიალდება.

– ანასთან დავიხვიე... ცუდად მაქვს?

პასუხს არ გასცემს. ზურგიდან შემოხვევს ხელებს. ცოტა ხანი ასე იდგებიან. მერე უცებ, კაბას უკნიდან თავზე გადააფარებს და იქვე, სარკის წინ, ცოლისთვის მოულოდნელად, სწრაფად და ხმისამოუღებლად უზამს იმას, რასაც იქამდე მხოლოდ ლოგინში უბედავდა.

– რა გჭირს? – შეეკითხება მერე ცოლი.

– არაფერი.

ოთახში შებრუნებული, ტელევიზორს აუწევს ხმას და კვლავ სავარძელში ჩაეფლობა.

– მოხდა რამე? – არ მოეშვება ცოლი და კალთაში ჩაუჯდება.

– რაღაც ხომ უნდა მოხდეს.

– იტყვის ჩურჩულით და თვალებს დახუჭავს.

 

***

თბილი წყლების ქალაქში გელა თეთრ ვირზე უკუღმა მჯდარი შემოვიდა. მარჯვენა ხელში ფესვიანად მოთხრილი რეჰანისფერი კანაფის დაფოთლილი ტოტი ეჭირა და ერთგულ ცხოველს დროგამოშვებით გავაზე უტყლაშუნებდა. ქალაქის შემოსასვლელში გელა შავნიღბოსნებს არ შეუჩერებიათ – ვირს შუბლზე მთავრულით PRESS ჰქონდა ამოხოტრილი.

გელამ და ვირმა სასახლემდე იჩაქჩაქეს. სასახლესთან მიახლოებისას გელამ ვირის გავაზე რეჰანისფერი კანაფის ტოტის ტყლაშუნი შეწყვიტა და შვებანაგრძნობმა ცხოველმაც ცხოველურად დაამუხრუჭა. გელა ვირიდან გადმოვარდა და ზაფხულის მზით გადახურებულ ასფალტზე მოჯდა. ფეხზე სწრაფად წამომხტარმა, ვირი იქვე ჩარიგებულ ჩაის ბუჩქთაგან ერთ-ერთზე მიაბა და ბუჩქის სურნელი მთელი ძალით შეისუნთქა.

-ჩეფირი... ჩეფირი... – აღმოხდა გელას ლამის ცხვირის ნესტოებიდან და სასახლის განიერ კიბეს, რეჰანისფერი კანაფის ტოტის ხელში, მტკიცე და თავდაჯერებული ნაბიჯით აუყვა. სასახლის შავნიღბოსან დაცვას გელამ ისეთი რიხით ჩაუარა, რომ დაცვის წევრებს, მიუხედავად გელას აღკაზმულობისა, სულ არ უფიქრიათ მისი შეჩერება. შენობაში შესულმა გელამ ღრმად ამოისუნთქა და სასახლის საპირფარეშოსკენ აიღო გეზი.

საპირფარეშოსთან შავკოსტუმიანების მთრთოლვარე რიგი დახვდა. გელამ რიგში პატიოსნად დაიკავა ადგილი. მისი ჯერი რომ დადგა, კანაფის ტოტი რიგში შემდეგს გადაულოცა და თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ საპირფარეშოში შედგა ფეხი.

შარვალი რომ ჩაიწია, გელას მაშინღა გაახსენდა, რომ კუჭში გასვლის წინ რამეს ხმამაღლა თუ არ წაიკითხავდა, შვებას ვერ ნახავდა.

გელას გრძელი ხელები ჰქონდა – საკუთარი მარჯვენა, ოდნავ გამოღებული კარის ღრიჭოდან მორიდებულად გამოიწოდა და რიგში მდგომების გასაგონად თითები ერთმანეთზე გაატკაცუნა.

რიგი გაირინდა.

-გაზეთი! – მშვიდად დაიძახა საპირფარეშოდან რიგში მდგომების გასაგონად გელამ.

გაზეთი არავის აღმოაჩნდა.

-მაშინ სიგარეტი!

ერთ-ერთის მიწოდებული სიგარეტის ღერი გელას თითებმა შუაზე გადატეხეს და ძირს უკმაყოფილოდ დააგდეს.

-მთელი კოლოფი! – მოისმა საპირფარეშოდან გელას მბრძანებლური ხმა.

რიგში მდგომებიდან ყველაზე გაჭირვებულმა საპირფარეშოს ოდნავ გამოღებული კარიდან გამოწვდილ გელას ხელისგულში გაუხსნელი VICEROY ჩადო. უნიტაზზე მჯდომმა გელამ სიგარეტის კოლოფს დახედა და ზედ წაწერილის ხმამაღლა კითხვას იეუდგა:

– VICEROY. KING SIZE BOX. FILTERS. TWENTY A CLASS CIGARETS MADE IN USA. BY BROWN&WILLIAMSON TOBBACO CORPORATION. LUISWILL KENTUKI!

ეს იყო და გელამ შვება იგრძნო.

საპირფარეშოდან გამოსულმა სიგარეტი პატრონს დაუბრუნა, საპირფარეშოში შემსვლელს თავისი რეჰანისფერი კანაფის ტოტი ჩამოართვა და იქვე შეთქმულივით დაუმარცვლა:

– ჩაი უსურნელოვანესი სასმელია!

სასახლის კიბე გელამ მსუბუქად ჩაირბინა და ვირზე კვლავ უკუღმა ამხედრებული ქალაქის მთავარი მოედნისკენ კანაფის ტოტის დროშასავით ქნევით წაჩაქჩაქდა.

გამვლელები გელას დანახვაზე ხელებს ჯიბეებში იყოფდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ.

გელამ ვირი უძეგლო მოედნის ცენტრში შეაჩერა, ვირზე უკუღმა მჯდომმა კანაფის რტო მაღლა აიშვირა და ძეგლივით გაირინდა.

გელასა და ვირის ამბავი ცოტა ხანში მთელ ქალაქს მოედო. უცხოელთა ექსკურსიები გელასა და ვირის ფერხთით ყაყაჩოების თაიგულებს აწყობდნენ და მათ ფონზე ფოტოებს იღებდნენ. სულ მალე იქ ვიდეოკამერიანები გაჩნდნენ და უცნაური სტუმრები მაგნიტურ ვიდეოფირზე აღბეჭდეს.

საღამოს, მოედანზე შეყრილი ცნობისმოყვარეთა ბრბო სასახლიდან გამოცვენილმა შავნიღბოსანთა ოცეულმა დაშალა. გელა ვირიანად დააპატიმრეს და სატუსაღოში უკრეს თავი.

სატუსაღოში გელას თავი გადაპარსეს და სველი და დაგრაგნილი ზეწრებით სცემეს, ვირი კი სასტიკად შეურაცხყვეს.

სასამართლოზე საინტერესო არაფერი მომხდარა – გელას სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი, სიკვდილი მიუსაჯეს და განაჩენზე საბოლოო ვერდიქტის დასადებად, გემრიელად ნაბეგვი, თვალახვეული და ბორკილდადებული სასახლეში თავგასიებულს მიჰგვარეს.

 

***

 

შეჯანჯღარება სიზმრისგან უხერხულად გამოაცალკევებს.

– И желание приходит всегда внезапно! – წაიბურტყუნებს ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფი და თვალებს მოიფშვნეტს.

– ასეთი რა ჩაგეძინა? – ჩაეცინება ცოლს.

– მეე? – გაუკვირდება და თვალებს მოიფშვნეტს.

– არა, მეე... – გამოაჯავრებს ცოლი და მუხლებიდან წამომხტარი ზემოდან ჩამოხედავს. – რას ამბობდი, რა უნდა მოხდესო?

პასუხს ისევ არ გასცემს.

– ჩაი შემოაგდე რა. – ეტყვის სამაგიეროდ და გემრიელად დაამთქნარებს.

– ჩაი? – გაუკვირდება ცოლს.

– ჩაი. – დააქნევს თავს.

– თუ ყავა? – ჩაეკითხება ცოლი.

– ჩეფირი მომენატრა. – აუხსნის მშვიდად და თვალს ჩაუკრავს.

ცოლი გაღიზიანებული სახით გავა სამზარეულოში და ჭურჭელს აახმაურებს.

თავატკივებული ყურებზე ხელისგულებს აიფარებს, ტელევიზორის ეკრანს შეხედავს და გოგო გაახსენდება.

 

***

გოგო ადრე (ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა) ცარიელ აგურისფერ პარკში სეირნობისას გაიცნო. გოგოს უცნაურად ეცვა და თმები ცეცხლისფრად ჰქონდა შეღებილი. მარჯვენა შიშველ მხარზე სტაფილოსფერი მზე ამოესვირინგებინა, მარცხენაზე ფოტოაპარატი ეკიდა და იქვე მოღუღუნე მტრედებს მზესუმზირით უმასპინძლდებოდა.

-ახალი თაობა ვარ... – მოურიდებელი და ენერგიული იყო გოგო. – მორისონი და მარიხუანა მიყვარს, შენ?

– მადლობთ, კარგად. – დაიბნა ის.

– ესენი ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. – მიუთითა გოგომ მტრედებზე.

– გაიცანი: – ჟან-პიერ პაპენი, სკოტი პიპენი, იოანე პაპავასილიუ და სერჟანტი პეპერსი. სერჟანტის უმცროს ძმას ჩილის, გუშინ მზესუმზირამ ავნო, გამოაყარა და მოსაკეთებლად თბილი ქვეყნებისკენ გავუშვით, თორემ იმასაც გაგაცნობდი. – დაამთავრა გოგომ მტრედების წარდგენა და გულიანად გაეცინა.

გოგოს გოგო ერქვა.

ნაცნობობის პირველ კვირადღეს ლოკოკინების ტბისკენ გასწიეს. თავიდან ჩუმად მიდიოდნენ. მერე მან გაბედა, გოგოს მარცხენა ხელისგულს თავისი მარჯვენა ჩაჰკიდა და ჯიბეში ჩაიდო. გოგოს ჯერ გაეღიმა, მერე თითქოს რაღაც გაახსენდა და სახე მოუმჟავდა.

– მოხდა რამე? – ჰკითხა მან და გოგოს ცეცხლისფერი თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა.

– რაღაც ხომ უნდა მოხდეს. – უპასუხა გოგომ.

 – რა?

– თავიდან სიუმაც ესე ქნა.

– სიუ ვინღაა?

– სიუ იყო.

მეცხრე სართულიდან გადმოხტა.

– მერე?

– მერე მის საფლავზე თეთრი ლეღვის ხე დარგეს...

– მე შავი მიყვარს.

– მე კიდევ დამურაბებული.

– მერე?

– ჰოდა, იმ ხემ ერთი ლეღვი მოისხა...

– და ისიც შენ შეჭამე?

– საიდან მიხვდი?

– და დაორსულდი.

– არა, უბრალოდ ცეცხლი მომეკიდა. – თქვა გოგომ სიცილით და თავზე ხელი გადაისვა.

– ახლაც იწვი?

გოგომ თავი დააქნია.

მან გოგოს ცეცხლისფერ თმაში ცხვირი კიდევ ერთხელ ჩარგო და თმის სურნელი ისევ ღრმად შეისუნთქა.

– გინდა ჩავაქრო? – შეეკითხა ცოტა ხნის შემდეგ.

გოგოს ჩაეცინა და სურათი გადაუღო.

– ვერ ჩავაქრობ? – შეუბრუნა მან კითხვა.

– შენამდე ბევრმა იწვალა.

– მე არ ვიწვალებ. – გოგოს თავზე ხელი გადაუსვა და ლოკოკინების ტბას გახედა. – მწვალებელი კი არა ვარ.

ტბას დილის ორთქლი ასდიოდა. ნაცნობი ბებერი მელოკოკინე გასაბერ ტივზე იჯდა და სპეციალური ბადით ლოკოკინაობდა.

– აბა რას იზამ? – შეეკითხა გოგო.

– უბრალოდ ჩავაქრობ. – უპასუხა დარწმუნებით და ტბაში გადააფურთხა.

წყალში რგოლები შემოიხაზა.

– სიუ უფრო შორს აფურთხებდა.

– თქვა გოგომ ნიშნისმოგებით და რგოლებს სურათი გადაუღო.

ამ დროს ბებერმა მელოკოკინემ ბიჭს ხელისგული დაანახა. ბიჭიც ხელის აწევით მიესალმა.

– ეგ რიჟა ფუნჯი ვისია? – დაუყვირა მელოკოკინემ ბიჭს.

ბიჭმა გოგოს თავზე ხელი გადაუსვა და თვალებში ჩახედა.

– სენა ვისი ხარ? – შეეკითხა ენის მოჩლექით.

– დედიკოსი და მამიკოსი. – უპასუხა გოგომ გაბუტულივით და მელოკოკინეს ფოტო გადაუღო.

– დადიოდა! – ყვირილით გასძახა ბიჭმა მელოკოკინეს.

მელოკოკინემ გადაიხარხარა.

– ეგრე გადაეცი, დედიკოსი იქიდან მოყოლებული აღარ ხარ, რაც მის ჭიპს შეგაჭრეს, მამიკოსი კი – მას მერე, რაც ვიღაც ჯეელმა აპკი დაგიზიანა-თქო.

-გაიგონე? – მიუტრიალდა ბიჭი გოგოს.

– აჰა. – დაუქნია თავი გოგომ.

– უზრდელია, არა?

– მართალია. – თქვა გოგომ და მელოკოკინეს კიდევ ერთხელ გადაუღო ფოტო. – გამოდის რომ აღარავისი ვყოფილვარ...

– გოგო შეყოვნდა. – აღარც სიუსი...

– ...იმიტომ რომ აღარაა?

– ჰო.

ლოკოკინების ტბის პირას მარტონი იდგნენ.

– ჰოდა, მაშინ ჩემი იყავი. – შესთავაზა მან გოგოს და ხელზე ხელი მოუჭირა.

გოგომ გაიღიმა და დაფიქრდა.

-და მე რომ ყვავილი ვარ? – იკითხა ცოტა ხნის შემდეგ.

– მერე რა...

– და ყვავილი რომ იქამდეა ნამდვილი ყვავილი, ვიდრე მინდორშია...

– მე არ მოგწყვეტ. – მიუხვდა ბიჭი და თვალები აუცრემლდა.

– ეგ როგორ? – გაუკვირდა გოგოს.

ბიჭმა მელოკოკინესკენ გაიხედა. ის ისევ თავისი საქმით იყო დაკავებული.

-აარონ! – დაუძახა ბიჭმა.

მელოკოკინემ თავი ასწია და ფეხზე წამოდგა.

– აარონ! – დაიყვირა ბიჭმა. – ჩართე რა რამე შენებური!

მელოკოკინემ ლოკოკინებით სავსე ბადე წყლიდან ამოათრია და ტივის კაუჭზე გამოაბა.

– რომელი? – დაიღრიალა იქვე.

– სულ ერთია! – დაუძახა აქედან ბიჭმა.

მელოკოკინემ ჩაახველა, კისერი დაჭიმა და ძალიან თანხმოვნებიან, უცხო ენაზე მელოდიურად აღრიალდა. მალევე მორჩა.

– რაო? – შეეკითხა გოგო ბიჭს.

უკვე ტბას წრეს არტყამდნენ.

– ყველა პეპელა ტირის. – უპასუხა მან და მელოკოკინეს მადლობის ნიშნად ხელი აუწია.

მელოკოკინე დაჯდა, ნიჩაბს ხელი დაავლო და ტივი ტბის სიღრმეში შეაცურა.

– რატომ ტირის? – დაინტერესდა გოგო.

– სულ ფრენაშია...

– ეგ ვიცი.

– ყველგან თავის ყვავილს ეძებს, სხვაზე ჩამოჯდომა კი არ შეუძლია.

– რატომ არ შეუძლია?

– შენ შეგიძლია იმ საწოლში მშვიდად ძილი, სადაც სულ რაღაც ხუთი წუთის წინ სხვები იწვნენ? – დაეკითხა ბიჭი.

– სხვებს გააჩნიათ.

– გვერდზე მწოლს?

– გვერდზე მწოლსაც. – დაეთანხმა გოგო. – მერე?

– ჰოდა, პეპელაც იღლება და ტირის.

– და რომ იპოვნოს?

ბიჭმა გოგოს გადახედა. გოგო განაბული იდგა და ოდნავ მოჭუტული თვალებით ცას ასცქეროდა.

ბიჭმა არაფერი უპასუხა.

– თუ ეგრეა... – თქვა ამ დროს გოგომ და აღარ დაუსრულებია – ბიჭისკენ გატრიალებულმა, კიდევ ერთხელ გადაუღო ფოტო და ხელი ჩაჰკიდა.

 

***

 

ფიქრებიდან ცოლის შუბლზე კოცნა გამოიყვანს. ყურებიდან ხელისგულებს მოიცილებს და ცოლს ცარიელი მზერით ააცქერდება.

– ჩაი ადუღდა.

– ეტყვის ცოლი. – სად დაფრინავ...

ის ხელს ცოლს თეძოზე ჩამოუსვამს.

ცოლი მორცხვად გაიწევა განზე.

– რა დროსია... დაგისხა?

– მე თვითონ.

– დღეს რაღაც სხვანაირი ხარ.

– როგორი?

ცოლი მხრებს აიჩეჩავს და ტელევიზორს გახედავს.

ის ფეხზე უტყვად წამოდგება და სამზარეულოსკენ წავა.

– მე უკვე ვწვები. – შემოესმება ცოლის უკმაყოფილო ხმა. პასუხად თავს დააქნევს და მაინც სამზარეულოში შევა.

გაიკეთებს მუქ ჩაის. მიუჯდება მაგიდას.

ჭიქიდან ფრთხილად მოხვრეპს ცხელ ყლუპს და ტანში მსუბუქად გააჟრჟოლებს. მერე ჭიქას მაგიდაზე დადგამს, ¬უნებურად მიელულება თვალები და ისევ სიზმრისკენ გადაიხრება.

 

***

 

თავგასიებულის აპარტამენტში გელა ორმა შავნიღბოსანმა შეიყვანა. წინა დღის ნაქეიფარ თავგასიებულს თვალები დაეხუჭა და რბილ სავარძელში იყო ჩაფლული.

-ესე იგი შენ ხარ ის! – ამოიგრგვინა თვალდახუჭულმა თავგასიებულმა და გელა მიხვდა, რომ მას მიმართავდნენ, მაგრამ თვალახვეული კითხვის დამსმელს ვერ ხედავდა და დუმილი ამჯობინა.

თავგასიებულმა ცალი თვალი გაახილა და ორ შავნიღბოსანს შორის მდგომი ტუსაღი დაინახა.

– თვალები. – ამოიხვნეშა თავგასიებულმა და შავნიღბოსნებმა გელას მაშინვე შეხსნეს თვალსახვევი. გელამ სავარძელში ჩაფლულ, უზომოდ დიდთავა, ჭაღარა კაცს მოჰკრა თვალი და მიხვდა, რომ თავგასიებულის წინაშე იდგა.

– ესე იგი შენ ხარ-მეთქი ის! – გაიმეორა ცალთვალგახელილმა თავგასიებულმა და გელა ცალი თვალით ჩაათვალიერა. 

გელას ხმა არ ამოუღია. მზერა დარბაზის შორეულ კუთხეში მჯდომი მბეჭდავ-მემანქანისკენ გაექცა. ის თავგასიებულს პირში მიჩერებოდა და დაგრეხილი თითები ჰაერში აეფშიკა.

– სახელი! – ამოიგმინა ცალთვალდახუჭულმა თავგასიებულმა.

– ჩემი? – დაინტერესდა გელა.

– არა, ჩემი! – გაბრაზდა თავგასიებული და მეორე თვალიც გაახილა.

– შენი? – გამოცოცხლდა გელა. – შენი ალბათ ვახტანგი ან დავითი, შეიძლება გიორგი, ან ერეკლე, ან სულაც...

– გააჩუმეთ! – იღრიალა თავგასიებულმა.

შავნიღბოსნებმა გელას წაუთაქეს და გელაც გაჩუმდა.

– ასაკი! – იკითხა თავგასიებულმა და გელას მზერა გაუსწორა.

– ჩემი? – შეუბრუნა კითხვა გელამ.

– არა, ჩემი! – ისევ გაჯავრდა თავგასიებული.

– შენ იქნები ასე ლეტ სემდესიატ-სემდესიატ შესტ...…– დაიწყო გელამ.

– გააჩუმეთ! – ამოიხრიალა თავგასიებულმა.

შავნიღბოსნებმა გელას ისევ წაუთაქეს და გელაც ისევ გაჩუმდა.

– შენობით რატომ მელაპარაკები. განა არ იცი, ვინ ვარ? – დაიბოღმა თავგასიებული.

– ჯერ ერთი რომ უზარმაზარ შენობაში ვარს...

– გულგრილად ახედა გელამ ჭერს.

– და მეორეც? – ჩაეკითხა თავგასიებული.

 

1 2 3
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხვედელიძე ბესო / Curiculum vitae