ხვედელიძე ბესო

აბრეშუმის გზა

 

 

ცენტრალური გზის გაყოლებაზე, სადღაც ხაშურსა და გორს შორის, დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს გზის ორივე მხარეს ჩარიგებულ, ორ და სამსართულიან სასტუმროებს, სადაც შორი რეისების შემსრულებელი ტრაილერების მძღოლები ათევენ ხოლმე ღამეს. ნამგზავრზე მართლაც არაფერი შეედრება მათთვის კაი გემრიელ ვახშამს, შემდეგ ცხელ შხაპსა და ხანდახან იქაური ჯანმრთელი გოგოთი გამთბარ ქათქათა ლოგინს. ასეთია ამ სასტუმროთაგან ზოგიერთის მომსახურების მენიუ და ეს თითქმის ყველა ჯურის მძღოლმა კარგად უწყის. გზამ დაღლა იცის. სხვანაირად იფიტება კაცი – მით უმეტეს, თუ ეს გზა ნაცნობია მისთვის და პირველად არ ადგას მას. ჰოდა, ვინც უნდა იყოს ის: აქაური, ლიხსგაღმელი, თურქი, სომეხი, რუსი თუ თათარი, ღამის სასტუმრო უკმაყოფილოს არავის ტოვებს – რა თქმა უნდა, იშვიათი გამონაკლისების გარდა.

 

XXX

ასე უნდა ყოფილიყო იმ ღამითაც. შემოდგომისა და ზამთრის საზღვარზე, როდესაც ძალიან ცივა და ქარის წამოქროლაზე სუსხი საერთოდაც ძვალსა და რბილში ატანს, ერთ-ერთ სასტუმროსთან (ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებას აზრი არ აქვს) სამი ტრაილერი იდგა. ორი მათგანი ერთმანეთს ჰგავდა: წითელ-ყვითლად შეფერილებს ფერდზე უზარმაზარი ასოებით ერთი და იმავე ფირმის სახელი ეწერათ. მესამე ტრაილერი შავი ფერის იყო. საბარგულზე, აქეთ-იქიდან, კვასკვასა თეთრად, ძახილის ნიშნები ესვა, თითქოსდა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი გადაჰქონდა.

თვალისმომჭრელი შუქით გაჩახჩახებულ სასტუმროს გარედანვე ეტყობოდა, რომ შიგნით ჯერ კიდევ არავის ეძინა, და მართლაც, ორნი, ერთნაირი ტრაილერების ასე ორმოციოდე წლის მძღოლები, სუფრის გაშლის მოლოდინში, სასადილო დარბაზში ბილიარდს თამაშობდნენ.

იქვე, კედელზე ჩამოკიდებული ტელევიზორის წინ მდგარ ტყავის სავარძელში, შავი ტრაილერის ასაკოვანი და მოწყენილსახიანი მძღოლი იჯდა და მდუმარედ შეჰყურებდა ცისფერ ეკრანს.

ცოტა ხანში ბილიარდის მოთამაშე მძღოლებმა თამაშს თავი მიანებეს და ახალგაწყობილ სუფრას შემოუსხდნენ; პირველი ლუკმა ფრთხილად წაციცქნეს – ხმისამოუღებლად იღეჭებოდნენ. მერე ჭიქებში არაყი ჩამოასხეს და ტელევიზორთან მჯდომისკენ გაიხედეს.

– ძამია! – მიმართა სუფრასთან მსხდომთაგან გამხდარმა შავი ტრაილერის მძღოლს და მანაც პასუხად ძალიან ნელა მოაბრუნა თავი.

სუფთად გაპარსულ, თუმცა კი ასაკისგან დაღარულ სახეზე მიტკლისფერი ედო, ღრმად ჩამჯდარი თვალები ამოღამებული ჰქონდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ხასიათზე არ იყო.

– არ წოუქცევ ჩვენთან ერთად ჭიქას? – დაეკითხა სუფრასთან მჯდომი მეორე, მსუქანი მძღოლი და ჭიქა ღიმილით ასწია.

შავი ტრაილერის მძღოლს ხმა არ გაუღია, ისე მიაბრუნა თავი ტელევიზორისკენ და ფილმის ყურება განაგრძო.

სუფრასთან უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. მაგიდასთან მსხდომი მძღოლები ერთმანეთს გაკვირვებით შეაჩერდნენ. სახეზე ორივეს დაძაბულობამ გადაურბინა. მერე უთქმელად, სახეგაციებულებმა მიაჭახუნეს ჭიქები და უცებვე გადაჰკრეს.

ამ დროს დარბაზში მიმტანი ქალიც შემოვიდა და სუფრას მიუახლოვდა.

– კიდევ ხომ არ ინებებთ რამეს? – დაეკითხა მაგიდასთან მსხდომებს.

გამხდარმა მძღოლმა თითით მიიხმო მიმტანი და რაღაც წასჩურჩულა. მიმტანმა ტელევიზორთან მჯდომი შავი ტრაილერის მძღოლისკენ გაიხედა, მერე თავი დასწია და თავის მხრივაც რაღაც ჩასჩურჩულა გამხდარ მძღოლს.

– მაშინ კაი... – ჩაილაპარაკა გამხდარმა და თავი თანხმობის ნიშნად მძიმედ დააქნია. მიმტანი ქალი გატრიალდა და დარბაზიდან სწრაფად გავიდა.

სუფრასთან მსხდომი მძღოლები კვლავ ერთმანეთს მიაჩერდნენ.

– რაიო? – შეეკითხა მსუქანი გამხდარს ინტერესით.

გამხდარმა პასუხად წიწმატს წააწყვიტა, მჭადის ნატეხზე დაახვია და მარილში ამოწებული სწრაფად გაიქანა პირში. მერე უცებ შეავსო ჭიქები და თავისას დასწვდა.

– ყველა გაჭირებულს ღმერთმა ხელი მოუმართოს! – თქვა ამრეზით და მსუქანს ჭიქა მიუჭახუნა. მსუქანმა ფრთხილად გაიხედა ტელევიზორთან მჯდომისკენ და მერე თავი უკან მოაბრუნა.

– აღარ იტყვი?

გამხდარმა არაფერი უპასუხა – ფხალი გადაიღო და ზედ ტყემალი მოასხა.

– რა უნდა ვთქვა... – აიჩეჩა მხრები და ჭამას შეუდგა, – უცხოელი ხომ არაა-მეთქი და – არაო...

მსუქანმა ისევ ტელევიზორთან მჯდომი შავი ტრაილერის მძღოლისკენ გაიხედა, შემდეგ კვლავ სუფრას მოუტრიალდა და მანაც ვახშმობა განაგრძო.

ცოტა ხანს ისევ უთქმელად მიირთმევდნენ, თან თეფშებს ჩასცქეროდნენ. მერე გამხდარმა ისევ ჩამოასხა და ჭიქა ასწია.

– რას არ ანახვებს კაცს ცხოვრება... – მიუჭახუნა მსუქანს, თან ტელევიზორთან მჯდომისკენ მკვეთრად გატრიალდა და ჭიქა შემართა, – ძამია... ვინც უნდა იყო, მოი აქანა და დაგვილიე ერთი ჭიქა, თუ კაცი ხარ!

შავი ტრაილერის მძღოლმა ისევ ნელა მოაბრუნა თავი. უტყვად და სევდიანი მზერით იყურებოდა სუფრისკენ, შემდეგ კვლავ ტელევიზორისკენ გაიხედა და პულტით სხვა არხზე გადართო.

ტელევიზორში ფეხბურთის რეპორტაჟს გადმოსცემდნენ.

„უნდა დამეთანხმოთ, პატივცემულო ტელემაყურებლებო, რომ ჩვენი თავდამსხმელების თამაში დღეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს“, – მოისმა კომენტატორის დამჯდარი ხმა.

შავი ტრაილერის მძღოლმა ისევ გადართო და ამჯერად მუსიკალურ არხს მიაჩერდა.

„მე გაზაფხულზე გეპატიჟები...“ – მღეროდა გიტარიანი ჭაბუკი.

მაგიდასთან მსხდომებს კვლავაც უხერხულობამ დაურბინა სახეზე. მსუქანი წამოდგა, ტელევიზორთან მჯდომს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიუახლოვდა და თავზე დაადგა.

ცოტა ხანს წარბშეკრული დასცქეროდა.

შავი ტრაილერის მძღოლს მაინც ერთი არ აუხედავს – ეკრანს შეჰყურებდა და დუმდა.

– გაწყენიეთ რაცხა, ძამია ხარ ჩვენი თუ ბიძია? – დაეკითხა უცებ მსუქანი და თავი დაბლა დასწია.

შავი ტრაილერის მძღოლმა ამჯერად მხოლოდ წამით ახედა მსუქანს. მერე ტელევიზორი გამორთო, ფეხზე სწრაფად წამოდგა და სუფრას მტკიცე ნაბიჯით მიუახლოვდა – ცარიელ ჭიქაში თვითონვე დაისხა არაყი, ჭიქა ბოლომდე გაივსო და არაფერი უთქვამს, ისე გამოსცალა ბოლომდე.

გამხდარმა გაკვირვებით გახედა მსუქანს. სახტად დარჩენილი მსუქანი მაგიდას ნელა მიუბრუნდა და სკამზე მძიმედ დაეშვა.

– აქ რაღაც ისე არაა... – ამოიღო პირველად ხმა შავი ტრაილერის მძღოლმა და კედელს მიაცქერდა.

– დაჯექი, ძამია, დაჯექი... – გამოუწია გამხდარმა შავი ტრაილერის მძღოლს სკამი, თუმცა მას ყურადღება არ მიუქცევია, აშკარად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა.

– რა არაა ისე აქანა, ძამია? – ჩაეკითხა შუბლშეჭმუხნილი მსუქანი შავი ტრაილერის მძღოლს.

შავი ტრაილერის მძღოლი წამით ფიქრებში წავიდა. მერე უცებ გამოერკვა და სუფრასთან მსხდომებს შეწუხებული სახით ჩამოხედა.

– თქვენ ახლა მოხვედით, მე კიდევ მეორე დღეა აქ ვარ... – დაიწყო იქვე ახსნა, მაგრამ უცებვე დადუმდა, რადგან სასადილო დარბაზში კვლავაც მიმტანი ქალი შემოვიდა და მაგიდასთან შეჩერდა.

– ესე იგი, მაინც არაფერი გინდათ? – დაეკითხა დოინჯშემოყრილი თანასუფრელებს და გამხდარმაც უმალ მიაგება პასუხი:

– გვაცალე, დაია, თუ ქალი ხარ... მოგვინდება და დაგიძახებთ ხელათ...

მიმტანმა ქალმა თანხმობის ნიშნად დააკანტურა თავი და დარბაზიდან სწრაფად გავიდა.

– რაიო, რაიო? – ააცქერდა ინტერესით გამხდარი შავი ტრაილერის მძღოლს და ისიც ჯერ სკამზე დაეშვა, მერე კიდევ ერთი ჭიქა ხუხა და ღრმად ამოისუნთქა:

– ...არ მიცნობთ თქვენ და, ტიტე ვარ მე, გვარად – ყვავილია. მაღალმთიდან, წარმოშობით...

– კაი გვარი გქონია, ბიძია... – გაეღიმა მსუქანს.

შავი ტრაილერის მძღოლმა ნაღვლიანად ჩაიქნია ხელი.

– მეყვავილეების გვარია ჩვენი გვარი... – განაგრძო დაბალ ხმაზე მოყოლა, – შეიძლება გაგიგონიათ კიდეც... ათადან-ბაბადან მაგ საქმეს მივდევდით ყველა. რაც მახსოვს და გამიგია, მთელი შვიდი თაობა და იმის იქითაც მეყვავილეები იყვნენ... ჩემი დიდი ბაბუაც, ბაბუაჩემიც, მამაჩემი ხომ საერთოდ... კაი გემრიელი და პატივცემული ხალხი... ეგრეც ცხოვრობდნენ – მთელ დღეს ყვავილებთან და ყვავილებში ატარებდნენ... რა აღარ იცოდნენ მათი... სუყველაფერი... აღარაა არც ერთი ამქვეყნად... ამ ოხერ ცხოვრებას რა ვუთხარი ისე, თორემ არც მე მიჭირდა მშვიდობაში, ვაგრძელებდი წინაპრების საქმეს ჩემთვის, წყნარად, თავაუტკივებლად, მაგრამ ვინ გაცალა სიმშვიდე... მოვიდნენ ერთხელაც სატვირთო მანქანებით... რაღაც ხელსაწყოებით... დაიწყეს მთების აფეთქება და ჩამოშლა... მიწის გაზიდვა... ოქროაო ამ მიწაში... სხვა რა იქნებოდა... თან სტრატეგიული მნიშვნელობის გზა გაგვყავსო... რომელი ყვავილი გაუძლებდა იმ ორომტრიალს, გრუხუნს და უბედურებას... გადამიშენეს მთელი საგვარეულო ბაღი... რა ცხოვრება წამოვიდა მაინც... აგერ, დღეს, თქვენც მხედავთ და კი მაქციეს ერთ უბრალო მძღოლად... სადღაა ჩემი ყვავილების ბაღი... დამაქვს წინ და უკან ხან კარაქი, ხან სტროიმატერიალი და ხანაც ფქვილი... რა აღარ გადამიზიდავს... კი ვარ დატანჯული, თქვენი არ იყოს, ამ უბრალოობით... ასე მგონია, აღარ ვარ და ჩემ მაგივრად ვიღაც სხვაა ჩემს ტყავში გამოხვეული... გეუბნებით, აქამდეც იმდენი მომითმენია, მაგრამ აწი მართლა მორჩა!.. აღარაა ძალა, ამიტომ ყველაფერი მინდა მოვყვე! – შავი ტრაილერის მძღოლმა მაგიდასთან მსხდომ მსუქანსა და გამხდარს რიგრიგობით შეავლო მზერა.

ორივემ ისევ გაკვირვებით შეხედა ერთმანეთს. მერე კვლავ შავი ტრაილერის მძღოლს მიუტრიალდნენ და თანხმობის ნიშნად მძიმედ დააქნიეს თავი.

მას უკვე კარტოფილი გადაეღო, ზედ ტყემალი მოესხა და ჩანგალი ეჭირა. თან მსუქანს შესცქეროდა – თითქოსდა ელოდა, როდის შემოხედავდა, რომ დაწყებულის მოყოლა განეგრძო.

– ჰოდა, ჩემო ძმებო, შორიდან მოვუვლი და საერთოდ არ მიყვარს, გზებზე რომ სასტუმროებია... – განაგრძო კარტოფილის ჭამის პარალელურად, – კერძოდ მირჩევნია სულ... მანქანაც იქვე დავაყენო... უფრო მყუდროდ, ოჯახში ვიგრძნო თავი... თან აქაური ტრადიციების ხომ მოგეხსენებათ... ჭეშმარიტი სტუმარმასპინძლობა... საოცარი ადათები... მათი გამოტოვება ვინ გაიგონა?

– მადლიანი მხარეა დალოცვილი... – ჩააკვეხა მსუქანმა დაძაბული ხმით.

– კარგად შეგიმჩნევიათ... ჰოდა, მეც ღამით მომიწია აქ გამოვლა ამ ორი დღის უკან და ისეთი ღამე დაემთხვა – არც მთვარე ჩანდა და ეგეთი უკუნი აღარ ვიცი... იმ ღამებნელში ვის უნდა მივდგომოდი... თან სპეცშეკვეთას ვასრულებ ამ ჯერზე... აბრეშუმის ჭიით, პარკიდან გამოუჩეკი აბრეშუმის ჭიით მაქვს სავსე მთელი მანქანა... ჰოლანდიური ტიტების უზარმაზარ არანჟერეას ხსნიან თურმე სადღაც ჯანდაბაში და პეპლები დასჭირვებიათ... მართალიცაა – სადაც ყვავილი, იქ პეპელაო... შეუკვეთიათ და გამოუწერიათ... ჰოდა, ბედი არ გინდა, მაინცდამაინც მე მიწევს მისი გადატანა... თან ორი ღამეა საოცრად გუგუნებს და ფუთფუთებს მთელი ტრაილერი...

მსუქანმა და გამხდარმა კვლავაც გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.

– დავჯერდი მეც ამ სასტუმროს... – განაგრძო შავი ტრაილერის მძღოლმა და ფხალი გადაიღო, – მეწყვილეს ვუცდი მეორე ღამეა... აგვიანებს ნამეტანი... არც ვიცნობ, რა კაცია, ვინაა... იქიდან უნდა მოსულიყო ჯერ კიდევ გუშინწინ უთენია, ცარიელი ტრაილერით... მე იმაზე უნდა გადავმჯდარიყავი, ის კიდევ ამას წაიყვანდა იქით... კი დამირეკა და გამაფრთხილა, – მაგვიანდებაო, მაგრამ მაგით ვუშველი ჭიას?.. რომ დაიჩეკონ იქამდე და დაწყდნენ, რა ვქნა მერე მე?.. პეპელას ყვავილი უნდა, ყვავილი!.. ეგ კი ვიცი კარგად... თან ამ სასტუმროსი ხომ ვერაფერი გამიგია და...

– რა უჭირს... ერთი ჩვეულებრივი ადგილია... – მიმოიხედა გამხდარმა, არყით სავსე ჭიქა რიგრიგობით მიუჭახუნა მაგიდასთან მსხდომთ და უცებ გადაკრა.

სასადილო დარბაზის ფანჯრებზე სქელი, ლურჯი ფარდები ეკიდა და ხით შეჭედილი კედლებიც სიძველისგან სულ გამუქებულიყო.

– ერთი ჩვეულებრივი იძახეთ და... – აიტაცა შავი ტრაილერის მძღოლმა და ფხალს ზედ მაიონეზი მოასხა, – თქვენ აგერ პირველი ღამის გათევა გიწევთ და მე კიდევ გავწამდი ორი ღამეა...

– რა ხდება აქანა მაგისთანა? – გაუკვირდა გამხდარს და მსუქანს თვალი შიშით შეავლო.

– მეც ვერ გამიგია ვერაფერი... – თქვა შავი ტრაილერის მძღოლმა და ლავაში მოიგლიჯა.

– რა ვერაფერი? – შეეკითხა შავი ტრაილერის მძღოლს მსუქანი და შესამჩნევად დაიძაბა.

შავი ტრაილერის მძღოლმა მაგიდასთან მსხდომებს ისევ რიგრიგობით შეხედა და ღრმად ამოისუნთქა.

– ყველანაირი უცნაურობა ხომ მაინცდამაინც მე უნდა მხვდებოდეს... რა დავაშავე მაინც ეგეთი... თან ეს აბრეშუმის ჭია... ყვავილების არანჟერეაო... ეგეთი უცნაური არაფერი გადამიზიდავს... ისევ ყვავილებთან რომაა ყველაფერი კავშირში, ამაზე ვირევი, თორემ მეტი კი არაფერი... წყევლაა თუ რა, ვეღარ გავიგე?.. არადა, რომ იცოდეთ, რა წყნარად გავატარე მთელი ცხოვრება... ქათამი რომ ქათამია, ისიც კი არ დამიკლავს – აღარაფერს ვამბობ ინდაურზე, ბატზე, ღორზე, ძროხასა და მისთანებზე... კი გითხარით – მეყვავილეობა მხიბლავდა და მიყვარდა სიგიჟემდე... თან როგორ – რომ იცოდეთ... გენების ამბავია, სხვას რას დავაბრალო ოხერი... გულში მისაყვედურებთ ალბათ – შეგეკლა თავი და არ დაგენებებინა ადგილ-მამულის წარყვნაო... რა ვქნა, რა გიპასუხოთ... ვერ გამოვდექი ძლიერი... კი გამომივიდა გვარის ღალატივით, მაგრამ ერთი ვიცი – როდისმე აუცილებლად დავბრუნდები... აუცილებლად... გულიც სულ სხვანაირად მიცემს ამ ბოლო დროს...

ერთიანად გასუსული მძღოლების სახეები რომ დაინახა, შავი ტრაილერის მძღოლი გამოერკვა, დანამული შუბლი ცხვირსახოცით შეიმშრალა და აღარ დაუხანებია – მაშინვე მთავარ სათქმელზე გადაინაცვლა:

– აღარ გაგაწვალებთ, ჩემო კარგო ხალხო, და მოკლედ მოვყვები აწი ყველაფერს... – გაიქანა თან უშველებელი ლუკმა პირში, – ესე იგი, ორი აქაური ღამეა და შუაღამით, ასე ორი არ იქნება შესრულებული, მძინავს ჩემთვის და ვხედავ სიზმრებს... რომ იცოდეთ, რანაირი ყვავილებიანი სიზმრები ვიცი... ისეთი სურნელოვანი, ისეთი... თან სულ ჩემს ბაღს ვხედავ ამ ბოლო დროს... თითქოს, არის ისევ, სადღაც, ძალიან უცხო ადგილას, ჩემს მოლოდინში... ეგეც საგვარეულო ამბავია, დარწმუნებული ვარ, ნიშანივითაა, მაგრამ ვინ გაცლის... მიკაკუნებენ კარზე...

შავი ტრაილერის მძღოლმა გაღეჭილი ლუკმა მადიანად გადაყლაპა. მერე მწვანილი მარილში ამოაწო და ხმაურით გაღეჭა.

– რაიო? – გაუკვირდა მსუქანს.

– მეღვიძება მეც მაშინვე... – აიტაცა კითხვა შავი ტრაილერის მძღოლმა, – კაი სიზმრები კი კაია, მაგრამ სიფრთხილეც იმხელა ვიცი... უბრალო გაფაჩუნებაზე ვაჭყეტ ხოლმე თვალს და კაკუნზე რაღა დამემართება... სხვა რა გზაა... ვინაა? – ვკითხულობ საწოლიდან წყნარად... ჩვენ ვართ – მესმის იქიდან ქალის ხმა...

შავი ტრაილერის მძღოლმა ამჯერად მწვადი გადაიღო და მის დანით დაჭრას შეუდგა.

– ვდგები მეც გაჭირვებით... წელი მაწვალებს ამ ბოლო დროს... ვყოფ ფეხს ჩუსტში... ჩუსტი მუდამ ჩემი მაქვს თან... რა ვიცი მაინც, სად მოვხვდები... საკუთარს ყველაფერს ხომ შენი გემო და სუნი აქვს... ვის უნდა ენდო ამ ოხერ-ტიალ ცხოვრებაში... ჰოდა, ვაღებ ტანზე ადიალააფარებული კარს...

მსუქანი და გამხდარი გაყურსულები უსმენდნენ შავი ტრაილერის მძღოლს.

– ...თქვენ წარმოიდგინეთ და, შემოდის სამი ქალი... ახალგაზრდები... კოხტები... აი, ისეთები, ტელევიზორში რომ გამოდიან!.. – წარმოთქვა მანაც თეატრალური რიხით და მსუქანსა და გამხდარს ამის გაგონებაზე ერთბაშად მოეშვათ.

– უჰ, შენ რა გითხარი, ძამია! – ღიმილით დასცდა გამხდარს და არაყი ჩამოასხა.

– ვინ ეშმაკები არიან?.. რა უნდათ ამ შუაღამისას?! – გაკვირვებით გაშალა ჩანგლიანი ხელი შავი ტრაილერის მძღოლმა, – სანამ გონს მოვიდოდე, კი შემოდიან და სხდებიან პირდაპირ სავარძლებში... არც მეკითხებიან არაფერს... ფეხს ფეხზე იდებენ და ისეთი მოკლე კაბები აცვიათ, ისეთი, სირცხვილით ზედ არ შეეხედება არც ერთს...

მსუქანსა და გამხდარს ხითხითი აუტყდათ, თუმცა შავი ტრაილერის მძღოლს ამისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია.

– მერე პაპიროსებს იღებენ ჩანთებიდან... ა, სუ წვრილები რომაა... შპალერივით რომ ახატია ზედ რაღაც... ახრჩოლებენ და მიყურებენ სევდიანი სახეებით... თან კი მიბუღავენ ოთახს... არ გინდა კვამლში ძილი?.. გააღებ გასანიავებლად და კი გაიყინები... ისე სიგარეტი სიგარეტად და სულ სხვანაირი სუნი აქვს მაგათ მოწეულ სიგარეტს... ისევ ყვავილების... ნამდვილი ყვავილების... გასაგიჟებელი ამბავია... ვეკითხები – რა გინდათ?.. ვინ ხართ?.. რამ მოგიყვანათ?.. სიზმარია თუ ცხადი?

– ასეც ვიცოდი! – მოიფშვნიტა ხელები მსუქანმა და სავსე ჭიქა ასწია, თუმცა შავი ტრაილერის მძღოლმა არ აცალა.

– დგებიან და გადიან უკან გავის ქნევით... უკმაყოფილოდ... მოწყენილები... საპანაშვიდე სახეებით... გუშინწინ იყვნენ... გუშინაც მოვიდნენ... ისედაც ჩემი გამჭირვებია ამ ლოდინში და რაღა დამაძინებს მაგის მერე... იმ დღესვე შევჩივლე სასტუმროს პატრონს...

– მაგი იგი არაა? – ჩართო ღიმილით კითხვა გამხდარმა, – ქე რო დეიარება ინდოურივით მთელი დღე თეთრ შარვალში?

– ჩუ! – მიიდო ტუჩებზე თითი სწრაფად შავი ტრაილერის მძღოლმა, – აქ მგონი კედლებსაც კი ყურები აქვს...

ე ყურები კი არა, ცხვირები კიდო! – ისევ შემართა სასმისი მსუქანმა და მაგიდასთან მსხდომებს გადახედა, – ჩვენი გაცნობის იყოს, ძამია... კაი ლაზათიან ხალხს რა დალევს დუნიაზე...

სამივემ უცებ გადაჰკრა. ცოტა ხანს უთქმელად იღეჭებოდნენ. მსუქანსა და გამხდარს თავისთვის ეღიმებოდათ.

– ვინ ქალებიო?.. რა ქალებიო?.. იმანაც გაიკვირვა... არ გვყავს ჩვენ ეგეთებიო... – განაგრძო ჩურჩულით თხრობა შავი ტრაილერის მძღოლმა, – ტუტუცი ეგა... თან იცინოდა... რაა აქ სასაცილო?.. ხომ არ გელანდებაო?.. მე კიდევ თუ მელანდება რამე... მოკვდა ღრეჭით...

მსუქანსა და გამხდარს სიცილი აუტყდათ, თუმცა შავი ტრაილერის მძღოლის შეწუხებული გამომეტყველების დანახვაზე ერთბაშად დადუმდნენ.

– თქვენთვის მინდოდა, ჩემო ძმებო, მეთხოვა... – აუკანკალდა უცებ ხმა შავი ტრაილერის მძღოლს, – ახლა კი გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ მაინც მინდა შემოგბედოთ... ერთი პროფესიის ხალხი ხომ ვართ დღეს?.. საჭე გვიჭირავს ხელში, ცუდი არაფერი დაგვაჭერინოს ღმერთმა... თან გაზიც ვიცით რაა და ტორმუზი ხომ კიდევ უფრო უკეთესად... ჰოდა, არ დამზარდეთ იქნებ... რა ვიცი... უხერხული კია, ასეთ გვიანობას რომ გეპატიჟებით, მაგრამ რა ვქნა, აბა?! ძალიან უნდა გთხოვოთ... მეტი რომ არ შეიძლება... შემოხვიდეთ იქნებ ორი საათისთვის ჩემთან და გამარკვიოთ რამეში... თან სამნი არიან... შოლტებივით... ჯიშიანები... რა დედამ შობა მაინც...

მსუქანმა და გამხდარმა კვლავ გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს.

ზუსტად ამ დროს, დარბაზში ისევ მიმტანი ქალი შემოვიდა და მაგიდასთან მსხდომებს მიაჩერდა.

– გავიმეორო რამე?

გამხდარმა ხელისგულის მოძრაობით იუარა და მიმტანიც მაშინვე გავიდა სასადილო დარბაზიდან.

– არ შეგვჭამა? – გაუკვირდა მსუქანს.

– ძალიან გთხოვთ, ჩემო ძმებო... – მუდარაზე გადავიდა შავი ტრაილერის მძღოლი და მსუქანი და გამხდარიც უხერხულობისგან ადგილზე აწრიალდნენ, – მართლა გემუდარებით... ერთი უბრალო კაცი ვარ... ცოლი მე არ მყოლია და შვილი არასდროს... ყვავილები მიწევდნენ მაგათ მაგივრობას... კი გითხარით – მაღალმთაში, სოფელში, მთელი ბაღი მქონდა საგვარეულო... რომელი ყვავილი გინდა, სულო და გულო, იქ არ გენახა... ნაირ-ნაირები... სულ ფერად-ფერადები... თან სასწაულ ადგილებში მოგზაურობაზე ვოცნებობდი, ახალი ყვავილების მოძიებაზე... მაგრამ მაინც ვერ წავედი შორს, ანდა რაღა შორს, როცა აქ ეგეთები ხდება... ეს საჭეც ხომ გადარეულმა ცხოვრებამ დამაჭერინა ხელში, თორემ რა მინდოდა მე აქ... – შავი ტრაილერის მძღოლი ფეხზე სხარტად წამოდგა და სავსე ჭიქა ნერვიულად შემართა, – აღარც კი ვიცი, რა ვიფიქრო...

მსუქანმა და გამხდარმა ერთდროულად მოიფშვნიტეს ხელისგულები.

– მეხუთეში ვარ, ჩემო ძმებო... კი აწერია ზედ ოქროსფრად... – აუკანკალდა ხმა შავი ტრაილერის მძღოლს, – თუ დამპირდებით, რომ ორი საათისთვის შემომიკაკუნებთ სამჯერ, სულ არ დავიძინებ... მაშინვე მივხვდები, რომ თქვენ ხართ... ისინი სულ სხვანაირად აკაკუნებენ... სულ სხვანაირად... არ დამაღალატოთ, თქვენი ჭირიმე... მშვიდობა მოგვცეს ყველაზე მაღალმა და... გელოდებით ხომ, ძმებო?..

მსუქანმა და გამხდარმა თანხმობის ნიშნად ერთდროულად დააქნიეს თავი. ამის დანახვაზე შავი ტრაილერის მძღოლი ოდნავ მოხალისდა და მხრები შეათამაშა.

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხვედელიძე ბესო / აბრეშუმის გზა