ხვედელიძე ბესო

კლარა

 

 

ხელში სამართებლით სარკის წინ ვდგავარ. ჩემი სახე გასაპნულია, და არა მხოლოდ სახე – წარბებიც, თავიც, იღლიებიც, გულმკერდიც, მუცელიც, ფეხებიც, სულ ყველაფერი...

წვალებით ვისხიპავ ორი კვირის წვერს სახიდან – ასე ხომ გაცილებით ლამაზი ვარ.

შემდეგ ბავშვობის წარბებს, სამი თვის თმას, ნახევარი წლის გამოუპარსავ იღლიებს – ასე ხომ საერთოდ... მერე ტანს, ფეხებს, მკლავებს, სულ-სულ-სულ...

სააბაზანოში მძაღე ნესტია. მგრილა. მგრილა ყველგან, განსაკუთრებით ნაწარბალებზე, სლიკინა თავზე, კანის შიგნითაც, სისხლშიც.

სააბაზანოდან ოთახში ფეხშიშველი მივტანტალებ. იქაც ნესტია, რაღაცნაირი – ობიანი. ისევ მგრილა. სადაცაა კანკალი ამიტანს და კბილები ერთმანეთზე ამიჭახჭუხდება. გადასვლეპილ თავს გაყინული თითებით ვისრეს, ვცხელდები, ვხურდები. მერე მეორე ხელის თითებსაც ვიხმარ. ნაწარბალებსაც ვიზელ, ლოყებს, ნიკაპსაც, ყელს, ყურებს. ვიჩქმეტ ქუთუთოებს, საფეთქლებს, გულ-მკერდს, მუცელს, მენჯებს, წვივებს, ყველაფერს.

– ლეო! – მესმის გვერდითა ოთახიდან.

ეს კლარაა, ჩემი ბუთხუზა კლარა – ჩემი ცხიმიანი თანამეცხედრე.

რა სიტყვაა თანამეცხედრე? აშკარად რაღაც ნეკროფილური ურევია, არადა კლარა რომ ცოცხალია, ნეტა იმდენად ცოცხალი ვიყო...

-ლეო, სად ხარ? – მესმის კლარას გაქონილი სოპრანო.

ლეო ხომ მე ვარ... მაგრამ ლეო ხომ ჩვენ კატასაც ვქვია. როგორ მივხვდე, მე მგულისხმობს თუ იმას... თუ მე – მაშინ, სულ არ მანაღვლებს: მე ხომ უკვე მთელი ორი კვირაა არავის არაფერზე აღარ ვპასუხობ, და მაინც ფეხისწვერებზე მივემართები საწოლი ოთახისკენ.

– ჩემი ლეო... ჩემი სიცოცხლე ლეო... – მესმის კლარას კრუტუნი და ჩემთვის ყველაფერი გასაგებია.

ოდნავ გამოღებული კარის ჭრილში უჩუმრად ვიჭყიტები.

კლარა საწოლზე შიშვლად გაშოტილა, ფეხები განზე გადაუშლია. იქვე ლეო მოკალათებულა და ხაოიანი ენით კლარას ზღარბიან ლოკოკინას ულოშნის.

კლარას ცალ ხელში ტელევიზორის პულტი უჭირავს და ტელევიზორს უყურებს, თან კი გმინავს.

– ლეო, ამერიკას ანგრევენ! – ეს უკვე აშკარად ჩემი მისამართითაა.

შემკრთალი ლეო კლარადან ხტება და საწოლის ქვეშ შერბის.

მე კარს ფართოდ ვაღებ.

კლარა ჩემკენ იყურება და წარბები შუბლზე ადის.

– ჩაიხედე სარკეშიიი!!! – კივის იქვე უკანასკნელ ხმაზე.

მე კედლის სარკისკენ ვტრიალდები – მთელი სახე, ტანი, ნაწარბალები, თავი დასერილი მაქვს. სისხლის წვეთები გულ-მკერდსა და მხრებზე მეცემიან, მერე ქვემოთკენ მიცურავენ, ჩარბიან მუცელს, მენჯებს, ფეხებს... ჩემს ირგვლივ მუქი ბორდოსფერი გუბე დგება.

ჩემი ვეებერთელა კლარა – ელვის სისწრაფით ლოგინში ფეხზე წამომართულს, ჩემკენ უკვე ტელევიზორის პულტი აქვს მოშვერილი და კოტიტა თითებს გამალებით აჭერს რეზინის ღილაკებს, ალბათ ნერვიულობისგან, თორემ მე რა გამომრთავს სამაგიეროდ ტელევიზორში ენაცვლებიან ერთმანეთს არხები – ყველგან ერთიდაიგივე, ყველგან თვითმფრინავები ხვრეტენ მაღალ შენობებს.

კლარა გახსოვს, მე შენ რომ გაგხვრიტე პირველად?

– რასაგავხაარრააას?! – ღრიალებს კლარა.

არა, ეს ღრიალი აღარაა – ეს ვეზუვის ხელახალი ამოფრქვევა, უცაბედი ცუნამია, პენალტია ცარიელ კარში, ჩელენჯერის აფეთქებაა...

კლარა, როგორ არ გიხდება საწოლზე შიშვლად დგომა. კლარა, რად გინდა პულტი? კლარა, შენ თვითონ რას გავხარ, მე კი არა... კლარა, შენი ზღარბიდან თეთრი წვეთები წვეთავენ და საწოლს სვრიან. ისევ მაიონეზი, კლარა? მეტი ვერაფრით მიიჩვიე ლეო? კლარა, შენ ხომ არ იცი როგორ ვერ გიტან!...

კლარა ხავის და ჭერიდან ბათქაში ცვივა, კედლებს შპალერი ძვრებათ, სერვანდში მდგარი ბროლ-ფაიფური ერთხმად წკარუნობს და ადგილიდან იძვრის.

– გადიახლავედაიბანედამაგგუბემოწმინდეეე! – მეხივით ჭექს კლარა და მისი ღრიალი უკვე ათასვოლტიან სიმაღლეებს წვდება.

რომ წავიქცე, მაშინ თუ გაჩუმდება? ჩემივე სისხლის გუბეში რომ ჩავწვე და ავხროტინდე, ან ავზლუქუნდე, მაშინ თუ გაკმენდს ხმას?

ნელ-ნელა ვეშვები იატაკზე, შიგ გუბეში, სახეზე ხელისგულებს ვიფარებ და ვისვამ – სისხლს სისხლიანივე თითებით ვიტყლიზნი სახეზე, ტანზე, ყველგან, თან კლარას არ ვაშორებ თვალს. საწოლის ქვეშიდან ლეოს კუდი მოჩანს, ბრაზით აქეთ-იქით რომ მიმოიკლაკნება, თითქოს იატაკს ვგვიდეს, კლარა კი იჩუტება, ჩემი ვაერის კლარა...

ძალიან ხომ არ გიჩხვლიტე ჩემი ასეთი ქცევით, კლარა? კლარა, რატომ პატარავდები? კლარა, სულ რომ დაიჩუტო, რაღა გაგბერავს? ან ასეთ სისხლიანს ნასოსს რომელი მეზობელი მათხოვებს? კლარა, რატომ აღარ კივიხარ?...

კლარას აღარ აქვს შუბლი, ლოყები, პირი, ნიკაპი, ცხვირი, აღარაფერი – კლარა მხოლოდ თვალებია გადაბმულ წარბებთან ერთად – თვალები, რომლებშიც ზიზღის ცისარტყელა გადადინდება. კლარა მე უბრალოდ...

კლარა პულტს ხელს უშვებს. საწყალი პულტი. საცოდავი პულტი. უბედური პულტი. რა შუშაში იყო პულტი... ის იატაკზე ეცემა და ნაწილ-ნაწილ იმსხვრევა. მისი ნატეხები ფეირვერკივით იფანტება აქეთ-იქით, ტელევიზორში კი კვლავაც თვითმფრინავი ხვრეტს მაღალ შენობას.

კლარა, მე რომ თვითმფრინავი ვყოფილიყავი, აუცილებლად ზუსტად ასევე გაგხვრეტდი და შენშივე ავფეთქდებოდი. კლარა, რატომ გავხარ თავისუფლების ქანდაკებას? ხელები მაინც ჩამოუშვი. კლარა, ასე მგონია, ახლა გაფრინდები! კლარა, დაწყნარდი! მე უბრალოდ გავიპარსე კლარა – ხომ ვამბობდი, თმა ჭუჭყია-მეთქი, სულის ჭუჭყი, რომელიც სულს კანსგარეთ გამოაქვს-თქო და არ მიჯერებდი. შენ ხომ არ იცი – ისეთი მძიმე ვიყავი მისით, ისეთიი – ვეღარ გავუძელი. ალბათ, მაგიტომაც ვიღლებოდი ამ ბოლო დროს ატელიეში ფოტოების ღებისას. კლარა, მე ჩემი სულის ჭუჭყი უნიტაზში ჩავრეცხე. კლარა, ნუ...

სახეზე და სხეულზე თითების ტყლიზვნას ვასრულებ და გარინდულ კლარას შევყურებ.

ლოგინზეა ამართული ჩემი ფოტოგენური კლარა, ხელები განზე გაუშვერია, აუტანლად თეთრია და უბუსუსო. ერთ მკრთალ ნაოჭსაც რომ ვერ უპოვი მთელ სხეულზე – ისეთი სიპი და სლიპინაა.

კლარა, ხმა ამოიღე, კლარა! კლარა, არ გიხდება დუმილი! შენი სტიქია ხომ ხმაურია, მძვინვარებაა, ქარაშოტია, ჭექა-ქუხილია. რას გავხარ კლარა?!...

კლარა ხელებს დაბლა უშვებს, ჯერ ერთს, მერე მეორეს. ტელევიზორშიც ასევე ინგრევა შენობები – ჯერ ერთი, შემდეგ შემდეგი.

კლარა, მე სულ არ მეგონა, რომ ეს შენ დაგეჯახნენ თვითმფრინავები. მე ამ ყველაფერს ხომ ტელევიზორში ვხედავდი... კლარა, ნუთუ მე ვიყავი ის თვითმფრინავები? კლარა, ნუთუ ასე ძალიან დაგაზიანე?

კლარა ნელ-ნელა იკეცება მუხლებში და საწოლში ჯდება, თან თვალს არ მაცილებს, ანდა როგორ, როდესაც უკვე ერთი მთლიანი, უზარმაზარი, წარბიანი თვალია ჩემი კლარა.

მე გუბიდან ვდგები და ისევ სარკისკენ ვტრიალდები.

აი მე! აი მე, კლარა! ნახე, როგორი ვყოფილვარ! ვიდრე სისხლი კანის ქვეშ მიჩქეფდა, ხომ სულ სხვანაირი გეგონე – ახლა კი კანს ზემოდან მაჩქეფს. კარგად დამაკვირდი კლარა... აი რა ნამდვილი ვარ! არ გინდა მომეფერო, ჩემო გაზულუქებულო კლარა? შენი სქელი და ხაოიანი ენა გამოვყო და ფეხის ნეკიდან კეფის მწვერვალამდე გამსლაქო, გამტლიკო, გამლოშნო, არ გინდა? კლარა, მე შენში ხომ ყოველთვის ვამჩნევდი რაღაც კანიბალურს. ლეოც დაგეხმარება, შენი ფუმფულა ლეო. როგორ დამფრთხალა. მხოლოდ კუდი უჩანს კლარა... მოძრავი კუდი.

კლარა დანგრეულია. კლარა ნანგრევებია, მაგრამ კლარა აქ არ მთავრდება. ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნიუანსია კლარაში. კლარა აუცილებლად მომიზღვავს, სამაგიეროს უსიკვდილოდ გადამიხდის კლარა ომს გამომიცხადებს და არაფერს შემარჩენს.

მართლა, კლარა? ნუთუ ასე გაგთელე კლარა?...

– მორჩა. – ამბობს უცებ კლარა.

არა, ეს კლარას არ უთქვამს. ეს სიტყვა მხოლოდ მისმა პირმა გამოვყო, მისმა სქელმა და ცხიმიანმა ტუჩებმა გამოძერწეს ეს ნათქვამი ჩემ გასაგონად სადღაც შიგნიდან – კლარას შიგნიდან.

კლარა, ნუთუ შენ მართლა მოგეძევება კიდევ რამე შიგ? არ მჯერა! მე კი... მე ნამდვილად მაბადია რაღაც შიგ, მაგრამ შეენ, კლარა? არ არსებობს... აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი... რა ხანია ერთად ვართ და მაგდაგვარი არაფერი შემინიშნავს შენში შიგ. ნუთუ მატყუებდი, კლარა? ნუთუ მართლა გქონდა რაღაც შიგ და ასე გულმოდგინედ მიმალავდი?...

– მორჩა-მეთქი! – ქშინავს კლარა და დაჩუტული ძუძუები თვალისდახამხამებაში ებერება, თვითონაც დიდდება, ბუმბერაზდება, პირვანდელ ზომას უახლოვდება, მალევე სცდება. გახეთქვაზეა კლარა, იმხელაა.

აი ეგრე კლარა! ახლა კი, ზუსტად ვიცი, რომ მზად ხარ, კლარა! ახლა უნდა წამოხტე და დაჭრილი მამონტივით, ღრიალით გამომეკიდო! ხომ იცი, რომ კარგად გიცნობ მაგხელას, გაბერილს, ცხიმიანს, ვეებერთელას...

კლარა ლოგინიდან იწევა და თვალს არ მაშორებს. მეც მოჭიმული ვარ – ყველაფრის მოლოდინში.

კლარა საზარელი ზმუილით ავლებს კუდში გაქონილ ხელს საწოლის ქვეშ შემძვრალ ლეოს, თვალებდაქაჩული აბზრიალებს ვაერში და ჩემკენ გამეტებით ისვრის. ძლივს ვასწრებ რეაგირებას და განზე ვხტები. ლეო მცდება – დიდ ოთახში არტყამს წრეს და ბუმერანგივით მიფრინავს კლარასკენ.

კლარა ამას ნამდვილად არ ელოდება, ვერც ინძრევა, ლეო კი პირდაპირ მაიონეზიან ზღარბში ხვდება და თვალის დახამხამებაში, სხმარტალით უძვრება წებოვანი ლოკოკინას სიღრმეში.

ეს რა მოხდა კლარა? ეს რამხელა გახდი კლარა? კლარა, ვინ გიკნავის მუცელში?

კლარა ინთება, ადგილზე ტრიალებს, ლეოს ეძებს... მერე ყველაფერს ხვდება, შეშდება, თრთის კიდეც. მერე ხელს მკლავამდე იყოფს შიგნით, ზღარბიან ლოკოკინაში – ლეოს ეძებს, უნდა რომ ისევ კუდში მოავლოს ხელი და გარეთ გამოათრიოს აბეზარი.

კლარა, ვერ პოულობ? ამდენი ფათური რაღაა, კლარა?

კლარა ლეოს მაგივრად შიგნიდან ჩემს “ზენიტს” იღებს და გაკვირვებული დასცქერის.

– ეგ ხომ ის “ზენიტია”, კლარა, ამას წინათ ჩვენი ფოტო-ატელიედან რომ მოგვპარეს?

კლარა აღარ ფიქრობს. კლარა კეფიდან ქუსლებამდე უსქესო ინსტიქტია. კლარა “ზენიტსაც” მთელი ძალით მესვრის. ვაერშივე ვიჭერ, ობიექტივს უმალ კლარას ვუმიზნებ და ფოტოს ვუღებ.

ისევ იყოფს კლარა მკლავიანად ხელს შიგნით, ზღარბიან ლოკოკინაში, აფათურებს, კვლავ ლეოს ეძებს. არადა, რა აშკარად მესმის ლეოს კნავილი, კლარას მუცლიდან რომ მოიძურწება...

კლარა ამჯერადაც ვერ ახერხებს ლეოს მოხელთებას, სამაგიეროდ შიგნიდან მეორე ჯერზე ჩემი “ზენიტის” ფეხებგაშლილ შტატივს იძვრენს.

ხი-ხი, კლარა. ეგ შტატივი სრულიად შემთხვევით, ის შტატივი ხომ არაა, “ზენიტთან” ერთად რომ დაიკარგა ჩვენი ფოტოატელიიდან?

კლარა შტატივსაც გამეტებით მესვრის. მასაც ვაერში ვიჭერ, ფეხებზე ვაყენებ, ზედ თვალისდახამხამებაში ვამაგრებ ფოტოაპარატს და კლარას ისევ ფოტოს ვუღებ. კლარა კი კვლავ ძიებაშია და ხელი უკვე ლამის იღლიამდე შეიყოს.

– ფის, ფის, ლეო! – ცდილობს ნაზად დაუძახოს, პასუხად კი მხოლოდ ლეოს კნავილი ესმის.

მესამე ჯერზე კლარა შიგნიდან ვერაფერსაც ვერ იძვრენს და მუცელაკნავლებული შლეგი მზერით მიყურებს.

დროა გავიქცე, მოვკურცხლო, თავს ვუშველო.

გავრბივარ. გავრბივარ კისრისტეხით, თავქუდმოგლეჯით, სველი ფეხი სისხლიან პარკეტზე მისრილებს და თავს ძლივს ვიმაგრებ, ზურგსუკნიდან კი კლარას თქარათქური მესმის.

კლარა, შენი ნაბიჯები ამ სახლს მთლიანად აზანზარებენ. კლარა, ცოტათი ფრთხილად, შეიცოდე მეზობლობა. კლარა, ნუ დაიდებ მთელი კორპუსის ცოდვას კისერზე.

სააბაზანოში შევრბივარ, წკიპზე ვასწრებ კლარას და კარს ცხვირისწინ ვურაზავ. გული ამოვარდნას მაქვს.

რომ დაგეჭირე კლარა, ხომ ვიცი, ვერ გადაგირჩებოდი...

– გააღე-მეთქი!! – ღრიალებს კლარა ძველებურად და კარს ხელს ამ-------უშტავს.

ნამდვილი კლარა. ჩემი მსუქანი კლარა.

რას აბრახუნებ?! უცებ არ გავაღო... მუხისაა კარები, კლარა. ნუთუ აღარაფერი გახსოვს? შენ თუ მაგის ხელით შემომტვრევი ხარ და...

კლარა, რატომ არ გამოხვედი ბადროს მტყორცნელი? რას მერჩოდი მე, ან საკუთარ თავს? კლარა, რატომ არ დაიბადე გდრ-ში? ხომ იქნებოდი ახლა ფეხბანჯგვლა მძლეთამძლე და ვაიკე დრექსლერის დაქალი?... ოღონდ უჩემოდ კლარა, უჩემოდ და ჩემგან შორს, კლარა...

– გააღე-მეთქი!! – უკვე ერთი უზარმაზარი მუქარაა კლარა და ლეოც რომ მისკენაა?... მისკენ რომელია, სულაც მასშია.

კლარა, როგორ უხდებით შენ და მუქარა ერთმანეთს? ფეხები არ მომჭამო კლარა! მიდი, მიდი! აქ ვარ ძვირფასო, შენი საყვარელი ფისოს სეხნია – ჩემივე სისხლით გადაღებილი ლეო. შემოამტვრიე! შემოდი! მეძგერე კლარა!...

ვაი... ჩამიჩუმიც რომ აღარ ისმის... აღარც ლეოს კნავილი... არაფერი...

კლარა სად ხარ? თავს ხომ არ იკატუნებ ლეოთი მუცელში? ან რა გჭირს? ცუდად თუ ხარ, ვალერიანკა სამზარეულოშია, კლარა, მაცივარში9 – ვალიდოლიც, კლარა... ვოლოკარდინიც, როხიპნოლიც, სოლუტანიც, პაპავერინიც, რიბოქსინიც, ნახშირის აბებიც კლარა...

– გააღე თორე ნაჯახით შემოვამტვრევ!!

შენ გენაცვალე თანთალა ღიპში, კლარა. რომელი ნაჯახით? ნაჯახი სადღა იშოვე? ეგეც შიგნიდან ხომ არ გამოიძვრინე, კლარა? თუ ჩვენი ხორცის საჭრელი ნაჯახით, კლარა?...

მიდი, კლარა! ურტყი და ურტყი! არ შეყოვნდე არც ერთი წამით, კლარა! ლორწოიანი ოფლით გაიხვითქე მედუზასავით სხეული! მე კიდევ, მანამდე აგერ, უნიტაზზე ჩამოვჯდები და შენ სახელზე კუჭში გავალ. რას იტყვი, როგორ გინდა, კლარა, სქლად ვქნა, თუ თხლად? იქნებ ორივენიცა? შენ მანამდე ურტყი ეგ ნაჯახი კარს, კარგად დაუმიზნე, ისე რომ რამე არ წაიჭრა, კლარა! კაი ძალა კი გქონია, თუმცა ეგ ხომ აქამდეც ვიცოდი, კლარა. სუ-სუ ცოტაღა გიკლია. მე კი მანამდე გამოვიხოცავ. რა თქმა უნდა, კვლავ შენს სახელზე, კლარა. ქაღალდს უნიტაზში ჩავაგდებ. არა, ჯერ კედელს წავაცხობ... ასოებს დავწერ... მართალ ასოებს, კლარა. ვინ თქვა, რომ მძღნერით სიმართლე არ იწერება? აი, უყურე, თუმცა რას დაინახავ:

– ლეო გავყოთ კლარაზე უდრის სიკვდილს!

არა! არ ვარგა! ნამეტანი ყალბია. ვის რაღაში სჭირდება ეს ვითომორიგინალურობა? წავშალოთ. აი ასე. რამე სხვა, არა, კლარა?... უფრო მართალი. უფრო მეტი... თუნდაც აი ასეთი უბრალო:

– კლარა რა ყლე ხარ!

როგორია? ხომ არა უშავს? მაშინ ტაში, კლარა! რატომ აპლოდისმენტები არ მესმის?... სიმართლემ თვალები ხომ არ ამოგკაწრა?

ახლა კი ჩავრეცხავ ამ ქაღალდს, კლარა. ისევ შენ სახელზე. რატომ გაჩერდი, კლარა? ხომ არ დაიღალე? პირი ხომ არ მოუბლაგვდა ნაჯახს?

– იცოდე მოგკლაამ!! – მესმის გარედან კვლავ კლარას ლორწოვანი მუქარა.

კლარა ნაჯახით კარის მტვრევას განაგრძობს.

უკვე ვფრთხილობ, რაიმე მძიმეს ვეძებ თავის დასაცავად. თუმცა რას იპოვი... სულ ჯაგრისები და კბილის ჯაგრისები – კბილის ნაირფერი ჯაგრისები.

კლარა, შენს ყოველ კბილს ხომ თავისი პერსონალური ჯაგრისი აქვს? კლარა, ახლავე გეტყვი რამდენი ძვირფასი კბილი მოგეძევება პირში და ხარხარით დაგცინებ კიდეც.

რაო? მხოლოდ ოცდარვა? ასე ცოტა, კლარა? სიბრძნის კბილები რა უყავი ჩემო სიცოცხლევ? იქნებ შემთხვევით შემოგეჭამა, კლარა, ხრაშუნ-ხრაშუნით? თუ ჯერ არ ამოგსვლია? საერთოდ ამოგდით რო?...

– მოგკლააამმეთქიი!!! – სააბაზანოს ნესტიან სივრცეს კარის საბოლოო ჩეხვის ხმა და კლარას დამბურძგლავი ხავილი ყინავს.

კლარა ერთი დიდი თვალია მუცელში ლეოთი, რომელიც ჩახამხამებას მიქადის.

კლარა ნაჯახს მიქნევს.

დუმპ!!

მმმ, ეს რა ვქენი, კლარა? კლარა, ნუთუ თავი გამიპე? კლარა, ნუთუ შენი საყვარელი და სუსტი აგებულების, ფოტოგრაფი თანამეცხედრე გააცხედარე? კლარა, რატომ გაქვს მშფოთვარე სახე?... კლარა, რატომ გიკნავის მუცელი? კლარა არ გინდა... ნუ გივარდება ნაჯახი ძირს. ამერიკულ კინოში ხომ არ გგონია თავი, კლარა? ნუ იჩუტები, კლარა... მერე რა მოხდა, ვინ არ მოუკლავთ. შენც ხომ სულ ჩემს სიკვდილს ლამობდი, განსაკუთრებით კი ამ ბოლო დროს. ვიცი, ჩუმ-ჩუმად ლოცულობდი კიდეც ამაზე. საჭმელშიც მირევდი რაღაცას.

აი, აგისრულდა. მე უკვე მკვდარი ვარ, კლარა, თავგაჩეხილი და მუქი სისხლის გუბეც დგას ჩემს გარშემო. ჩემი მშობლიური სისხლის, კლარა. ხედავ კლარა, როგორი მუქი მქონია გონება? სხვას რას ელოდი... შავბნელი ფიქრებით ამოვსებულ თავში სხვა რა უნდა მქონოდა.

ახლა რას იზამ, კლარა? ნუთუ ტელეფონს დააცხრები და ნარნარი ხმით პოლიციას გამოუძახებ? მერე რას ეტყვი? ვის დააბრალებ?... მე ხომ არა, კლარა? იქნებ ლეოს? მაგრამ ლეოს ვინ ასწავლა ნაჯახის ასე ხმარება? ლეომ შენი ზღარბიანი ლოკოკინის ტლეკა იცის მხოლოდ!... ან სააბაზანოს მუხის კარების მტვრევა საიდან? თან ხომ მუცელშია და აბა როგორ? და იქნებ სულაც თავი მოვიკალი?... ნაჯახი ჩემივე გამხდარი ხელებით გამეტებით ჩავირტყი თავში?...

ევ, კლარა, ვერავისაც ვერაფერს ვერ დააბრალებ, ვერც გამოუძახებ, კრინტსაც ვერ დაძრავ!

რას შვრები კლარა? სად მიმათრევ? რა მსუბუქი ვარ, არა, კლარა? ლამის ლეოს წონის. ლეოს წონის ლეო. შენთვის ისედაც ყოველთვის აუტანლად მსუბუქი ვიყავი. კარებთან რა გინდა, კლარა? გარეთ როგორ გამიტან? ხომ დაგინახეს მეზობლებმა? თან მუცელი გიკნავის. არ გამოგივა, კლარა. ხელს მიშვებ?

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხვედელიძე ბესო / კლარა