ხვედელიძე ბესო 

მეც...

 

(რელიგიური ფილოსოფიური მინიატურა)

 

მერე რა, რომ დღეს – მზის აქ ამოსვლიდან ძალიან სხვაგან ამოსვლამდე, დღეს – აქედან და კიდევ ერთხელ აქამდე – დღეს, ის, დედამიწას, ამ ალაგ-ალაგ გამაოგნებლად ნოყიერი სიმრგვალის თავბრუს – მარადრწევადი, განივადრწევადი, სიმღერითრწევადი ხელისგულების გადამკიდე, მტკივნეულად თოთო ფეხისგულებითაც კი არ შეხებია და მხოლოდ დედის ძუძუდან წვეთ-წვეთ გადმომდინარი რძის ქორფა სურნელით ცხოვრობს.

– ძალიან მეცნობი.

– მეც...

– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთ თეთრკედლება სამშობიაროში დავიბადეთ და ერთმა რეზინისხელთათმანიანმა გამოგვამზეურა შიგნიდან გარეთ.

– მეც... და თითქოს, ჩვენი ლამაზი დედები ერთ თეთრკედლება პალატაში, ერთმანეთის პარალელურად მდგარ საწოლებზე ერთნაირ ხალათებში ისხდნენ და ხანდახან თავს იმით ირთობდნენ, რომ სახეზე შუქით, ერთმანეთში გვცვლიდნენ და ერთმანეთის ძუძუს გვაწოვებდნენ.

– ამის შემდეგ, მე ბავშვობიდან მოყოლებული ვერ ვიტან შაქრიან რძეს.

– მეც, და თან, პიანინოზე დაკვრაც ვიცი, ოღონდ დაკვრისას, ჩემი თითებით მხოლოდ დედის რძისფერ კლავიშებს ვეხები ხოლმე...

– მეც...

მერე რა, რომ დღეს – მზის აქ ამოსვლიდან ძალიან სხვაგან ამოსვლამდე, დღეს – აქედან და კიდევ ერთხელ აქამდე – დღეს, ის დედამიწას, ამ ალაგ-ალაგ გამაოგნებელი სიმრგვალის თავბრუს, ბავშვური კეფიდან ცრემლების ღაპაღუპის თანხლებით მოსახოტრი თმებითაც კი არ შეხებია და მხოლოდ ადრეთუგვიან დასამტვრევ სათამაშოებთან სერიოზულ საუბრებში გაჰყავს დღე.

– დღეს უფრო ძალიან მეცნობი.

– მეც...

– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთ საბავშვო ბაღში დავდიოდით და ერთი, წარბებიდან ფეხისფრჩხილებამდე ჭაღარა მასწავლებელი გვასწავლიდა პლასტელინიდან პატარა ადამიანების გამოცალკევებას.

– მეც... და თითქოს, ეს შენს გამოძერწილ კუზიან კაცს მოვაძვრე მე კუზი და და მისგან, ძალიან პატარა ქალი გამოვძერწე დიდი ძუძუებით.

– და თითქოს, იმ მასწავლებლის საჩვენებელი და ცერა თითების უფაფუკეს ბალიშებს, დღემდე შერჩენილი აქვთ ჩემი და შენი ყურის ბიბილოების რბილი სითბილე.

– მე ამის მერე დასანახად მეზიზღება და როცა მხვდება, ვცდილობ არასდროს გავიკარო პირში კანფეტი ნუგა.

– მეც... და თან, ყოველთვის მსურდა არისტოკრატული ფორმის ყურებიანი ცოლი მყოლოდა.

– მეც...

მერე რა, რომ დღეს – მზის აქ ამოსვლიდან ძალიან სხვაგან ამოსვლამდე, დღეს – აქედან და კიდევ ერთხელ აქამდე – დღეს, ის, დედამიწას, ამ ალაგ-ალაგ გამაოგნებლად ნოყიერი სიმრგვალის თავბრუს, გადატყაული მუხლებისა და ჭორფლიანი ცხვირიდან ნაუცბათევად წამომდინარე სისხლის მუქი წვეთების გარდა არაფრით შეხებია და ცისფერ ეკრანზე თვალმოკრული მულტფილმების დანატოვარი ღიმილით გაჰყავს დღე.

– ახლა კიდევ უფრო ძალიან მეცნობი.

– მეც...

– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვადასხვა დროს, ერთიდაიგივე სკოლის ერთიდაიგივე მერხთან მოგვიწია ჯდომა, და შენ, ჩემს მიერ მერხის ქვეშ აწეპებულ საღეჭ რეზინს გაუსინჯე გემო.

– მეც... და თითქოს ამ საღეჭი რეზინისგან გაბერილი ბუშტი ისე მჭახედ გავხეთქე, რომ მასწავლებელმა, ამის გამო, მეც და შენც, ორივეს სხვადასხვა დროს, ერთნაირი ორიანები დაგვიწერა სკოლის ჟურნალში.

– მე ამის შემდეგ, ორჯერ არასდროს ვრეკავ ზარს კარზე.

– მეც... და თან, ყოველთვის მსურდა ორზე მეტი შვილი მყოლოდა.

– მეც...

მერე რა, რომ დღეს – მზის აქ ამოსვლიდან ძალიან სხვაგან ამოსვლამდე, დღეს – აქედან და კიდევ ერთხელ აქამდე – დღეს, ის დედამიწას, ამ ალაგ-ალაგ გამაოგნებლად ნოყიერი სიმრგვალის თავბრუს, პირველი სტიპენდიით ნაყიდი მზესუმზირის ჩენჩოს გარდა არაფრით შეხებია და მხოლოდ სპორტული პრესის გამალებულ კითხვაში გაჰყავს დღე.

– დღეს კიდევ უფრო ძალიან მეცნობი.

– მეც...

– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვადასხვა დროს, ერთ ქალთან წოლით დავკარგეთ მოუმწიფებელი ვაჟიშვილობა.

– მეც... და თითქოს, ის ქალი იმდენად ერთნაირად, და ერთნაირად კარგად გრძნობდა თავს ჩვენს მკლავებში, რომ სხეულის თვალატრიალებული ხუჭვისას, კვნესანარევი ჩურჩულით, ერთმანეთის სახელებს გვეძახდა.

– მე ამის მერე, იქიდან მოყოლებული ვიცი, რომ დედამიწაზე ნებისმიერი ქალის გულის შიმშილისმომკვლელ ღვეზელად შემიძლია ქცევა.

– მეც... და თან, აკვიატებული მაქვს ქალური ჩვევა – თმას ძალიან ხშირად ვიმოკლებ და ისიც მხოლოდ ქალ პარიკმახერებთან.

– მეც...

მერე რა, რომ დღეს – მზის აქ ამოსვლიდან ძალიან სხვაგან ამოსვლამდე, დღეს – აქედან და კიდევ ერთხელ აქამდე – დღეს, ის დედამიწას, ამ ალაგ-ალაგ გამაოგნებლად ნოყიერი სიმრგვალის თავბრუს, გამოღებული ფანჯრიდან წკიპურტით მოშორებული სანახევროდ ჩამწვარი სიგარეტის გარდა არაფრით შეხებია და მხოლოდ დაკბილულფოთლება მცენარის მტვრის წევაში გაჰყავს დღე.

– უფრო და უფრო მეცნობი.

– მეც...

– ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სხვადასხვა დროს, ერთიდაიგივე კანონის დარღვევისთვის, ერთ ცივ და სველკედლება კამერაში მოგვიწია წლების ხეხვამ და საკუთარი ხელით ამოღებული ზემოდან მეოთხე კბილით, ჩვენი მორკალული ზურგებით შემთბარ ერთიდაიგივე კედელზე, გაუთვითცნობიერებლად, ერთმანეთის სახელები ამოვფხაჭნეთ.

– მეც... და თითქოს იმ კამერის იატაკზე მოლასლასე ბუზს, სწორედ შენ შეაწყვიტე მარჯვენა ფრთა, მე კი, სულ სხვა დროს – მარცხენა.

– მე ამის მერე, ჩემი სახლის ფანჯრები ყველაზე წვიმიან დღეებშიც კი დაჭყეტილი მაქვს.

– მეც... და თან, ჩემს საწოლ ოთახში, კედელზე ჩამოკიდულ გადამწვარ რადიოლაში ორმა მერცხალმა ბუდე რომ გაიკეთა, სულ არ გამკვირვებია.

– მეც...

მერე რა, რომ დღეს – მზის აქ ჩასვლიდან ძალიან სხვაგან ჩასვლამდე, დღეს – იქიდან და კიდევ ერთხელ იქამდე – დღეს, ის დედამიწას, ალაგ-ალაგ გამაოგნებლად ნოყიერი სიმრგვალის თავბრუს, ღმერთნარევი ფეხისგულების გარდა ვერაფრით შეხებია და ქალაქ-ქალაქ სიარულისას ადამიანების გულიდან გულში გადასვლით გაჰყავს დღე.

– ვა, შენც რკინა-კავეულში იყავი?

– შეენც?

– მეც. იყიდე რამე?

– რაც მქონდა, ოცდაათ ვერცხლად ჩავაბარე, შენ?

– მე ეს გრძელი ლურსმნები ვიყიდე.

– იატაკს აგებ?

– არა.

– აბა რად გინდა?

– ჩემი ხელისგულებისთვის.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხვედელიძე ბესო / მეც...