ხვედელიძე ბესო

მოთხრობები

 

სარჩევი:

ახალი პლანეტა

კალიფსოს გამოქვაბული

მინდვრის ყვავილები

პლანეტობანა

ქართული მიწა

ქაღალდის თვითმფრინავები

წყევლა

 

 

ახალი პლანეტა

 

რამდენიმე გაკვეთილი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ ბოლომდე გარკვეულიყო მიწის ძალაში. მამა აძალებდა – კიდევ ერთიცო, მაგრამ თავისთვის ჯერაც უცნობ ცხოველზე შეჯდა – უკვე იქა ვარო, და ეს სამი სიტყვა სადღაც თორმეტჯერ რომ გაიმეორა, მაშინღა დააქნია მამამ მძიმედ თავი. ისიც მიხვდა, რომ შვილი ამ გაკვეთილებს არათუ უცნაურად დაეკაცებინა და დაეკუნთა, თითქოს სიმაღლეშიც გაეზარდა.

წელამდე იდგნენ მიწაში. წელს ზევით შიშვლებს ხელში ბარები ეჭირათ. შარვლები მუხლებამდე აეკაპიწებინათ. ერთმანეთს თვალებში შეჰყურებდნენ და სველი მიწა ფეხის თითებს შორის ეგლისებოდათ. ერთი თვის გადაუღებელ თავსხმას იმდენად დაელბო იქაურობა, რომ ნესტით გაჯერებული მიწა თხევადი ლავასავით გადაჰკვროდა ტრიალ ალაგებს.

– გიჟიაო, ხომ ამბობდნენ...

– ლამის წარბებითაც თქვა მამამ. – აღარავინაც აღარ ჩამოფრინდება... – დაამატა ნათქვამს და რაღაცნაირი დაჟინებით ჩააცქერდა შვილის გუგაში არეკლილ საკუთარ თავს.

– კვიცი გვარზე ხტისო. – დამაჯერებლად ჩაიბუტბუტა შვილმა, თუმცა კი მზერა განზე გასწია.

სახეზე მაინც კმაყოფილებამ დაურბინა მამას – თითქოს პასუხი ეახლობლა. მერე მძიმედ ჩამოადო მხარზე მიწიანი ხელისგული და თვალი არ მოუცილებია, ისე ჰკითხა:

– დედა გახსოვს, ბიჭო?

შვილი აღარ დაბნეულა, არც მზერა აურიდებია მამისათვის. უბრალოდ სახეზე შეეტყო, რომ გახსენება იწყო, თუმცა მამამ გააწყვეტინა – მხარზე ხელი მოუთათუნა და სახლისკენ წაიშვირა მზერა. ამოთხრილი ორმოს გარშემო სველი მიწა ეწყო გორებად.

იქვე ხის სახლიც მოჩანდა – სართულიანი, ცალი ფანჯრითა და ყვითელი ფარდებით.

– მოლოდინმა სიკვდილი იცის... ვიცოდი და დამცინოდნენ... ვამბობდი და არ ჯეროდათ... ვინღა ჩამოფრინდება, მორჩა დედამიწაზე ყველაფერი... – მამამ ცისკენ აღაპყრო თითი და კიდევ უფრო დასევდიანდა.

– დროა! – ჩაილაპარაკა მერე და ბარი ორმოს ირგვლივ აზიდულ მიწაზე აატყეპა.

შვილი არ დაფიქრებულა – მანაც იმავე სიზუსტით გაიმეორა იგივე და მამას ორმოდან ასვლაში წაეშველა: ოდნავ მოხრილმა მიწიდან აცილებულ მამის ფეხისგულს ხელისგული დაუხვედრა და მთელი ძალით აზიდა ზემოთკენ. მამა ადვილად და უცებ აძვრა ორმოდან და იქვე კუთხოვნად შემოტრიალებული ორმოში მდგომ შვილს ჩააცქერდა. ცოტა ხანი უყურა, მერე ტალახიანი ხელი შარვალზე შეიხოცა და გაუწოდა.

მიწაზე იდგნენ – ქუსლებამდე ჩაფლულები.

ორივენი ამოთხრილ ორმოს ჩასცქეროდნენ.

ისევ წვიმდა.

მამამ მძიმედ დააქნია თავი და სახლისკენ გატრიალდა. შვილმაც წაბაძა. უმწეოდ იდგა ხის სახლი – წვიმას თითქოს კიდევ უფრო გაესაცოდავებინა. მძიმე ნაბიჯით დაიძრნენ სახლისკენ. მამა წინ მიდიოდა, შვილი მის ნაგლეს ნაფეხურებში ცდილობდა ჩაედგა ფეხისგული.

 

***

აწითლებული მამა საწოლზე იწვა, ოთახის ცალი ფანჯრიდან ნაღრუბლარი ცის მცირე ნაგლეჯს გაჰყურებდა და საჩვენებელი თითების წვერებს ერთმანეთზე იხახუნებდა.

– პიანინო რომ ჩამოგვეტანა, ეგერ დედაშენის სურათი ეკიდებოდა. – გადაიშვირა მამამ ცერი მხარუკუღმა.

საწოლთან მჯდომი შვილი მამის თავის მიღმა მდებარე სივრცეს მიაშტერდა: -დაჭიანებულ ხის კედელს ალაგ-ალაგ სველი ლაქები ეტყობოდა და აქა-იქ ობიც მოსდებოდა.

– შენ აქაური ხარ... იქაური საიდან გეხსომება.

– ჩაილაპარაკა მამამ და ჭერი ლამის მზერით გაბურღა. – ზუსტად ასეთი სახლი გვქონდა... იმ ღამეს კი, იქ, ზუსტად აგერ ვიწექით. – ჩამოუშვა მამამ ცერი და საჩვენებელი ოთახის შუა ალაგისკენ მიმართა.

შვილმა თითქოს დაირცხვინა და მზერა ფრთხილად გააპარა მინათითები ადგილისაკენ. იატაკი ამოჭმული იყო. ჭერიდან ჩამოსულ სისველეს მისთვის მუქი ღრუბლები დაემჩნია.

– ეჰ, ისეთი იყოო... ისეთი...

– წაყვინთა მამამ მოგონებებში და გაშვერილი ხელი ჰაერშივე გაუშეშდა.

შვილი ფეხზე წამოდგა. ჯერ მწოლიარე მამას დააცქერდა, მერე ოთახის შუა ალაგისკენ დაიძრა და მამის მინათითებ ალაგს ტალახიანი ფეხისგულებით დაებჯინა.

– აქა? – იკითხა ხმაგაბზარულმა და პასუხს არ დაელოდა, ისე ჩაჯდა; წვივები ერთმანეთზე გადააჯვარედინა, მუხლისთავები ნიკაპისკენ მიიზიდა და საჯდომი იატაკს მიათბო.

– მანდა. – წაიდუდუნა მამამ და მეორე ხელით შუბლთან მოფრთხიალე ბუზი აიფრთხო. მერე ის ხელი შუბლზევე გადაისვა.

შვილს ხმა არ ამოუღია, უბრალოდ ნაუცბათევად მოვარდნილი მთქნარება შეიკავა და თავი დააქნია.

– ბათათაც მოვა მერე... შენ უნდა მიხედო... ერთი იდაყვით განიერი გაუჭერი... ხომ იცი, რამდენი აქ ნაჭამი...

მაგასაც ხელი აქ ჩაქნეული...

მამამ წანაშვერი ხელი მკერდზე დაისვენა.

– ნაპოც მოვა... მაგის ვალი გვაქ... დედაშენი მაგან დამაბანინა იქ... ისეთი კარგი ხელი აქ, ისეთი... – ნაცნობად წააგრძელა მამამ და შვილისკენ გადმოიხედა. – სეთოს კიდე, წერაქვით გაუთხარე... ოხერია...

არა ჯერავს ბარის... სახეც ხომ ისეთი წაწვიტინებული აქ... – მამამ ღრმად ამოისუნთქა. – მისი გოგო კიდევ, უკვე ხომ ხვდები, ვისი მისახედიცაა...

შვილმა კვლავ თანხმობის ნიშნად დააქნია თავი.

– მეტი რა... – მარცვალ-მარცვალ იწყო მამამ დამჭკნარი ტუჩებიდან სიტყვების ამოფენა. – აწი შენზეა... და ნუღარავის დაელოდები.

შვილმა მუხლისთავებს ხელი შეუშვა, ხელისგულებით იატაკს დაეყრდნო და წამოწევა სცადა, თუმცა მამის სიტყვებმა შეაყოვნეს.

– მივდივართ ბებრები...

– აქოშინდა მამა. – შენზე ვეტყვი, რომ ჩემნაირი დაგტოვე...

– კი. – დასცდა თავისდაუნებურად შვილს.

– რომ აქაურ წყალს თვალდახუჭული აღარ სვამ.

– კი.

– რომ სეთოს გოგო დედაშენსა ჰგავს.

– კი.

– რომ... რომ... მე მემგვანები. – წაიშვირა მამამ ხელი შვილისკენ.

– კი. – ჩასცრა კბილებში შვილმა და ხელისგულები შეახოცა ერთმანეთს.

– აწი კი მოვკვდი.

– წაიმღერასავით მამამ; საწოლზე გულაღმა მწოლს ნაცნობი ჰაერი დასცდა სხეულიდან, უცებვე მოდუნდა და ღიად დარჩენილ თვალებში ფანჯრიდან შემოსხლეტილი ცის ღრუბლიანი ნაგლეჯი აერეკლა.

შვილი წამოდგა.მძიმე ნაბიჯით მიუახლოვდა საწოლს, მარცხენა ხელისგული თბილად ჩამოესვა მამას პირისახეზე და თვალები დაეხუჭა.

 

***

ეზოში, მომცრო გორაკთან იდგა შვილი. ბარზე ჩამოყრდნობილს შიშველ ზურგზე სხაპასხუპით აწვიმდა, თუმცა მის გალიპულ ზურგზე წვიმის წვეთები ცეტად სხლტებოდნენ და ირგვლივ ჩამომდგარი წვიმის ხმაურს თითქოს ტოლ ნაწილებად ანაწევრებდნენ.

შვილმა ნიკაპზე თავისუფალი ხელისგული გადაისვა.

არაფერი უკლდა შებინდებას. ორღობეზე ჩამოეწყოთ მკლავები ბებრებს: – ბათათას, ნაპოს და სეთოს. იცდიდნენ მომლოდინე ღაწვებით.

– მორჩა! – მოუტრიალდა ბებრებს შვილი და ტალახიანი ფეხისგულით მეორე ფეხის მუხლისთავი მოიქავა.

– მე რომ ცხოვრებაში მეტი მაქ ნაჭამი? – დაეკითხა ღობისიქიდან თათათა და სქელ ღიპზე ჩამოისვა ხელისგული.

– შენც მოგივლი...

– მოკლედ ჩამოქნა თხელი ტუჩებიდან შვილმა.

– მეც კი... – დაიწყო ნაპომ გაუბედავად.

– ვიცი. – მოკლედ მოუჭრა შვილმა და სველი წარბები გადაიწმინდა.

– მე ხომ...

– აადევნა სეთომ სიტყვა დიალოგს და შვილის წვეტიანი მზერის დანახვაზე საერთოდ დადუმდა.

პირქუშად იდგა შვილი. ცრემლივით სდიოდა წვიმა ლოყებზე.

– წახვალთ!.. წახვალთ!.. ყველას დაგმარხავთ! ისე ხო მარ დაგტოვებთ?! – აყვირდა უცებ, თუმცა სეთოსთვის თვალი არ მოუცილებია.

– რა ქენით ეგეთი იქა?! რა უქენით იქაურობას?! – აღმართა საჩვენებელი ცისკენ. – მაინცდამაინც შენ გოგოს რატომ უნდა ვაზღვევინო, რატომ?!

– ჩჩვენ არა... ჩვენ არა... – ალუღლუღდნენ ერთხმად ბებრები და მხრებს რიგრიგობით უწყეს ჩეჩვა.

– სხვებმა ქნეს ეგა... სულ სხვებმა...

– თფუი!! – გააფურთხა განზე შვილმა და ისევ საფლავს დახედა. – მერამდენეჯერ უნდა დაიწყოს ერთიდაიგივე... – ჩაიბუტბუტა და ჩჩამოყრდნობილი იდაყვი ბარის ყუიდან ასწია.

ბარი ამაღლებულ გორაკს ტარით დაეტყეპა და ისეთი ხმა გამოსცა, თითქოს ვიღაცას ზემოდან მძლავრად შემოერტყა ერთმანეთისთვის ხელისგულები.

 

***

უღრუბლო ცაზე მზე ბრჭყვიალებდა და დაუნანებლად აცხუნებდა.

შვილი ბექობზე იდგა და ცალ ხელში გვირილა ეჭირა. ჰაერის თბილ ფშვინვას ეჟვნის წკრიალი ანაწევრებდა. შვილის ფეხისგულებთან პალო ესო, რომელზედაც ძროხა იყო გამობმული.

– ამ ბოლო დროს, სულ გაფცქვნილი კიტრის სუნი მცემს და არ ვიცი საიდან... – ამოიბუტბუტა შვილმა და გვირილას თეთრი ფურცლების წაძრობა უწყო, თან ჩამოთვლასაც შეუდგა: – აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, წინიდან, უკანიდან, ზემოდან...

– შვილი აქ შეჩერდა და გვირგვინზე შერჩენილ ერთადერთ თეთრ ფურცელს დააკვირდა. მერე ყელზე მოისვა და მთელ ტანზე დახორკლა.

– ქვემოდან! – ამოთქვა მტკიცედ და ბექობზე გადღლაბნილ ძროხის ჩრდილს დააკვირდა.

– ადაამ! – მოისმა შორიდან ქალის კივილი.

შვილი გაიყურსა და მობერილ ნიავს მიუგდო ყური.

– ადაამ, სად ხაარ? – განმეორდა ქალის კივილი და შვილიც უმალ განერთხო მიწაზე. ბალახზე გულაღმა მწოლი ღრმად სუნთქავდა და თვალის კუთხით ძროხის დასკდომამდე დაბერილ ჯიქანს ხედავდა. მერე თვალები მოხუჭა.

ბექობზე ორსული ქალი ამობორძიკდა. მუცელი ცალი ხელით ეჭირა და ისე მოგოგმანებდა. ორსულმა მზერა ხელისგულით მოიჩრდილა და ძროხა დაინახა.

– სად დაუბამს... ჩაილაპარაკა თავისთვის და იქვე, მიწაზე გაშოტილსაც ჰკიდა თვალი.

სახეშეშფოთებულმა კაბა აიკაპიწა და აღმართზე სასაცილოდ გაიქცა – კანჭები უჩანდა. ახლოს მისულმა მუხლებზე წაიჩოქა და გულზე დააბჯინა ყური. ცოტა ხანი უსმენდა. მერე წარბშეკრულმა აიღო თავი.

– ადამ! – წასცრა კბილებში სახელი.

– ჰო. – მშვიდად გაეპასუხა თვალდახუჭული ადამი.

– შენ ჩაგდე სველ მიწაში დროზე ადრე, გძინავს?

– ნწ. – გაეპასუხა ადამი და თვალი გაახილა.

ქალმა ხელი ჩაიქნია და ფეხზე წამოდგა.

– გაფცქვნილი კიტრის სუნი მცემს ამ ბოლო დროს, და არ ვიცი საიდან... – ამოიხვნეშა შვილმა და წამოჯდა.

– ეგ რაღაა? – დაეკითხა ქალი.

– კი-ტრი... – დამარცვლა თან თავისთვის. ადამმა პასუხად მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ქალს მუცელზე ხელისგული ჩამოუსვა.

– გვირილამ მითხრა... ქვემოდანო. – თქვა მერე და ძროხას გახედა.

– კიტრი... კიტრი... – ჩაიბუტბუტა ქალმა.

– ლამაზი სიტყვაა... ჰაცე! – მიარტყა მერე ძროხას მიწიდან ამოძრობილი პალო და ბექობზე ზანტად ჩამავალს მძიმე ნაბიჯით მიჰყვა.

– წვიმას იწყებს! – ამოსძახა თან მხარუკუღმა ბექობზე მჯდომს და ძროხიანად თვალს მიეფარა.

ადამი ფეხზე წამოდგა და მიდამოს გახედა: – მხოლოდ ერთი ხის სახლი დაინახა, რომლის გარშემოც მომცრო ბორცვაკები აკოკოლავებულიყო.

სახლს კვამლი ასდიოდა.

– ქვემოდან... ქვემოდან... – წაიჩურჩულა ადამმა და გვირილაზე შერჩენილ ცალ ფურცელს სული შეუბერა. ფურცელი ნიავმა გაიტაცა და მის მზერას მალევე წაართვა.

– ქვემოდან, აბა საიდან... – დაამატა შემდეგ მტკიცედ და ძირს დაიხედა.

ახალი პლანეტის ახალ მიწაზე მდგომს ცხვირში ჯერ კიდევ უცნობი კიტრის სურნელი უღიტინებდა.

პენ-მარათონი 2002. თბილისი

 

 

კალიფსოს გამოქვაბული

ტელე-მოთხრობა

 

გზა

 

 ჩართვა პირველი

 

 – მიუვალი და იდუმალი ადგილები, მათი მონახულება და ტელე-კამერით აღნუსხვა ჩვენი ტელე-პროექტის პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამ მიზნით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს ჩვენ, გადაცემა “მისია”, გავდივართ ტელე-ექსპედიციაში, რომელშიც მთელი ტელე-ჯგუფი მონაწილეობს. ნებისმიერი მიუვალი და იდუმალი ადგილისკენ სვლა ჩვენი ლურჯი “რაფით” ხდება.

მის საჭეს მუდამ ძია რომანი ამშვენებს. ძია რომანი ჩვენი კეთილი, ულვაშა ძია და მარადი თამადაა. ექსპედიციის წარმატებით დასრულებისას, და იგი, როგორც წესი, წარმატებით სრულდება, ყოველ ჯერზე, სწორედ ბატონი რომანი უძღვება ჩვენს შინაურულ, საზეიმო სუფრას, ოღონდ, როგორც ტელე-ექსპედიციის ტრადიცია ითხოვს – მისი სასმისი სავსეა ხოლმე მხოლოდ და მხოლოდ წყლით. ძია რომან, რას იტყოდით ამ ტელე-პროექტის შესახებ?

 – მე, შვილებო, ბევრი მინახავს: მიუვალიც და გატკეპნილიც. ორივეს თავისი მუღამები აქ... მალე აიმ ფლატემდე მივალთ, მერე სოფელი კალიფსოა, დანარჩენი კი, ვნახოთ...

 – საინტერესოა, ამ გამოქვაბულის შესახებ რა სმენია ჩვენი ტელე-ექსპედიციის კიდევ ერთ ლეგენდარულ წევრს, ჯგუფის ძარღვსა და ლურსმანს, ოპერატორ გოგი ბაქრაძეს. გოგი, შენ ახლა გზას იღებდი.

მართლაც, რომ მშვენიერი ხედებია...

 – ხედები კაი გვაქ, პროსტო ხალხი არ ვარგა... ისე, ჯერ მშვიდობით ჩავიდეთ და მერე გამოჩნდება... მე როგორც ვიცი – მანდ კაციშვილს არ შეუდგამს ფეხი ასი წელიაო... ქალიშვილებზე სულ აღარაა ბაზარი...

 – დეგენერატო!.. ვიწერ, ვერ ხედავ?.. ჯონი მელია კი მართლა მელია არ გეგონოთ. ისაა ჩვენი ტელე-ექსპედიციის რეჟისორი და ჯგუფის ხელმძღვანელიც. საზოგადოება კარგად იცნობს მის კინო-ნამუშევრებს: “ერთი დღე ზემოთ”, “თეთრი ბლის სამშობლო”, “მოქალაქე დ.”, “ყინულის ისტერია” და სხვა... ჩვენთვის ერთგვარი მოულოდნელობაც იყო მისი მონაწილეობა ტელე-პროექტში. და მაინც, რატომ გადაწყვიტეთ ამ გადაცემასთან თანამშრომლობა, ბატონო ჯონი, როდესაც თქვენი სახელის პატრონს გქონდათ გაცილებით მაღალანაზღაურებადი შემოთავაზებები ქვეყნის გარედანაც კი?

 – რთული კითხვების დასმა გიყვარს ჩემო თიკო. გეტყობა კაი ოჯახიშვილი რომ ხარ... გამიჭირდება მოკლედ ახსნა... ბავშვობიდან რომ მხიბლავს იდუმალებით მოცული ადგილები, მაგას რად უნდა ლაპარაკი... სულ წიგნების ბრალია... ისე კი, მე ამ გადაცემის ერთ-ერთი თავგადაკლული ქომაგი ვარ. მხოლოდ ამის შემდეგ – მისი ხელმძღვანელი... მაშ... ჰოდა, როცა ჩავთვლი, რომ ამოვწურე ამ გადაცემაში ჩემი თავი, მერე ვილაპარაკოთ სხვა შემოთავაზებებსა და უცხოეთზე... რამხელა ინტრიგაა მაინც – ჩვენ სადღაც ერთ საათში ვიქნებით ისეთი უიშვიათესი ადგილის მისადგომებთან, სადაც ცოცხალ ადამიანს საუკუნეა არ დაუდგამს ფეხი...

 – და ბოლოს, წარმოგიდგენთ ჩვენი ტელე-ექსპედიციის კიდევ ერთ წევრს – გადაცემის წამყვანსა და ამავდროულად რეჟისორის ასისტენტს, თიკო მეგრელიტიშვილს, რომელიც თავად მე გახლავართ.

რა შემიძლია ვთქვა გადაცემა “მისიის” შესახებ... მიუხედავად იმისა, რომ გადაღებული მასალის მრავალჯერ ნახვა და გახმოვანება მიწევს, მაინც სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე მის ეთერში გასვლას. გადაცემის იდეა საერთოდაც გენიალურია – მასში ხომ ჩვენი მზიური ქვეყნის სწორედ იმ ადგილებზეა საუბარი, რომელთაც მოახერხეს და შეინარჩუნეს პირველყოფილი ხიბლი. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ არც კალიფსოს გამოქვაბული გვიმტყუნებს... განა ბევრია საქართველოში ეგეთი ადგილი?.. გარწმუნებთ, ვიდრე ჩვენი ტელე-პროექტი არსებობს – ეგეთი ადგილებიც არ დაილევა ქვეყანაზე... მოვრჩი! როგორი ვიყავი, ბატონო ჯონი?

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხვედელიძე ბესო / მოთხრობები