ხვედელიძე ბესო 

უზარმაზარი ბაზარი

 

გუშინ კალე ნახეს მკვდარი: გულგაჩერებული, დამთავრებული, ჯინსებში, თვალებზე შავი სათვალით. ვერავინ ვერაფერი გაიგო – არც თვითმხილველი ყოფილა და არავინ. პირაღმა ეგდო, გაუპარსავ სახეზე ღიმილშემხმარი: მიყრუებულ ქუჩაში, ქარების ქუჩას რომ ეძახიან და იშვიათი რომაა იქ არათუ მანქანა, გამვლელიც კი. ყველანი დაგვკითხეს: მაინც ვერაფერი – არანაირი კვალი.

ღამე თორმეტმა გავუთიეთ. არავის გვეძინა. უბრად ვისხედით ცხედრის გარშემო და კალეზე ვფიქრობდით, უფრო კი კალესთან ბოლო შეხვედრას ვიხსენებდით. ვერც კი ვიგრძენით, ისე დაგვათენდა. კალეს თავთით დარჭობილი სანთელი მოწყენილ სტალაქტიტს ჰგავდა. დილით თვალებამოღამებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ.

– მე წავალ და საღამოს მოვალ, – თქვა ანდრომ და დაუმშვიდობებლად გავიდა.

წამოვდექი და უკან გავყევი. სადარბაზოდან რომ გავდიოდით, მერეღა შემომხედა და ნაღვლიანად გადააქნია თავი.

– რაო? – შევეკითხე მე და მივხვდი, რომ სულელურად გამომივიდა.

– რაღა რაო... – აიჩეჩა მხრები ანდრომ და მანქანას ხელი დაუქნია.

ანდრო წინ მოკალათდა, მე უკანა სკამზე გავიშხლართე. სალონში რადიო იყო ჩართული. აშკარად ესპანურად მღეროდნენ.

– ამ ბოლო დროს ვგრძნობ, რომ ყველა ენა ვიცი, – ვთქვი მე უცებ და ანდროს გავხედე.

ანდრომ თავი მოატრიალა და სინანულით აღსავსე მზერა შემომაგება.

– ერთი შენ არ უბერავდე...

– გეუბნები...

– საიდან? – მაშინვე გაღიზიანდა ანდრო.

პასუხად მხრები ავიჩეჩე და უბრალოდ ზემოთ ავიხედე.

მივდიოდით.

– ჩიტებისაც? – დამცინავად გადმომეკითხა ანდრო ცოტა ხანში.

– დიდებისაც და პატარებისაც...

– აი, მე, ესე იგი... – ჩაგვერთო საუბარში ტაქსის მძღოლი, – ორი იადონი მყავს... ერთი – სულ პატარა და ერთი – ცოტათი დიდი... დიდი არი მამა, პატარა კიდე – შვილი...

მანქანაში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.

– დედა არა ჰყავთ? – ვიკითხე მე.

– ეგრე მომიტანეს... ესე იგი, ჩემ ბიჭს მოუტანეს... აბა, მე რათ მინდოდა იადონი... ის კი არა ვარ... ანუ ჩემი ბიჭი...

რადიოში კვლავ ესპანურად მღეროდნენ.

– რას მღერიან? – უგულოდ მკითხა ცოტა ხანში ანდრომ და რადიოსკენ გაიქნია თავი.

– არაფერს ისეთს... სიზმრებია მთავარიო... სიზმრები, რომლებიც ღამე მოდიან და ასახდენ მოგონებებად იქცევიანო, – ვუპასუხე უცებ.

სიმღერა გრძელდებოდა.

– აღარც მახსოვს, სიზმარში თუ მყავს კალე ნანახი... – ჩაილაპარაკა ანდრომ და სიგარეტს მოუკიდა, – კალე, კალე... ეგ რა დაგემართა, შე საწყალო, შენა...

– დავიხოკოთ ლოყები? – ვიკითხე მე ცალყბად.

– ანდა როგორ არა... – გაახსენდა უცებ ანდროს და მაშინვე მოცოცხლდა, – ე... ამას წინებზე... ვა, კალე არ იყო ზუსტად?.. გამახსენდა... ეგაა... ვახ, რას არ გაიხსენებს კაცი...

– რასა?

– აზრზე ხარ, სიზმარში გამომეცხადა და ფული მასესხეო... ვახ...

– ისევ ბოტანიკოსი მევახშე ხარ, ნამდვილი...

– ვა, საიდან გამახსენდა... მაიცა... ჰო... ტოტალიზატორში დავდებ, თან ხვალე სტადიონზე წავიდეთო... ჩვენები თამაშობენ რუსებთანო... ვაა, ეს რა გავიხსენე!..

– მერე?

– კაი რა... რა მერე?.. სიზმარი კი არა, ცხადი მეგონა... მაგისთვის მეცლებოდა?.. მერე ხო იცი – პივა, არაყი, ხინკალი სადმე, იქვე, და მორჩა – ცოლის კივილს ვერ ასცდები მთელი ღამე... თან როდის იყო, მე ჩვენების თამაში მაინტერესებდა...

– არც ფული მიეცი?

– სად მქონდა? – შფოთში ჩავარდა ანდრო, – ვითომ არ იცი, რა დღეში ვარ?.. გამაგიჟეს ამ კაქტუსებმა... რაღაც ჭირი ჭირთ და ვერ გავუგე ვერაფერი... არადა, როგორ მეხვეწა – მაშინ შენი თეთრი «ბეკერი» ჩავდოთ ლომბარდში და იქიდანო... უჰ... სიზმარი კი არა, ნამდვილი სიგიჟე იყო...

– შენი «ბეკერი» რათ ვარგა... კლავიშები აქვს ჩავარდნილი...

– კლავიშს ვინ უყურებს, კოკა... მთავარია, თეთრი ფერი... არ იცი, სადა ვცხოვრობთ?.. ვიღას უნდა დასაკრავად როიალი...

– ერთი შენცა ხარ... – ავიქნიე ხელი და ქუჩას გავხედე, – მე აი აქ ჩამოვალ...

მანქანამ ნელა დაამუხრუჭა.

– საით? – გაუკვირდა ანდროს.

– გიგისთან ავალ, ვნახავ. პროსტატა აქვსო.

– ვაა... ეს რა მითხარი...

– მაშ... კალეზე ვეტყვი... ხვალე რას იზამ?

– რა უნდა ვქნა? – აღაპყრო ხელები ანდრომ, – ხვალე კი არა, საღამოსვე მოვალ... ბოტანიკის ინსტიტუტში ვარ შესავლელი... იქნებ მიშველონ რამე...

– შეენ?

– კაქტუსებს, ადამიანო... და კუბოზე ვინ ირბენს?..

– ჩვენ, ალბათ, – ვუთხარი იქვე. მერე ჩამოვედი და მანქანას ხელი დავუქნიე.

თოვდა. მოყინულ ასფალტზე ფრთხილად მივაბიჯებდი. თან კალეზე ვფიქრობდი, უფრო კი სიზმარზე, რომელიც ანდრომ ახსენა, რადგან მეც მიახლოებით იგივე მესიზმრა ამას წინათ:

თითქოს კალე მომადგა. შუადღე იყო ვითომ, და შენ მაინც მასესხე ფულიო. დავდებო. ვიციო. ისეთი სიზმარი ვნახეო – წინასწარმეტყველურიო. ხომ იცი, როგორ მიხდება სიზმრებიო. ხვალე კიდევ სტადიონზე წავიდეთო. ანდროს არა აქვს ფული და სულაც კიდიაო. როიალის დაზალოგებაზე ვკერე – არ გამოვიდაო.

ახლა მახსენდება, რომ მეც უარი ვტკიცე. თითქოს წნევა მქონდა. ჰო, წნევა მექნებოდა, აბა, რა... ვითომდა მთელი კვირა ველოდი მატარებელს დასავლეთიდან, რომელსაც «ამბავი» უნდა ჩამოეტანა. მატარებელი აგვიანებდა, სადღაც, შუა გზაში გახირულიყო თითქოს და ვეღარ მოდიოდა. მეც ვნერვიულობდი და კალეც სწორედ მაშინ მომადგა... რომელი ტოტალიზატორი... რა მესტადიონებოდა... ან ფული საიდან? პირიქით, ვალებში ვიყავი კისრამდე. რომც გადმოვეფერთხე, გროშსაც ვერ ეღირსებოდა ჩემგან. ჰოდა, მაშინ მაიტა შენი კომპიუტერი, ლომბარდში ჩავაბაროთ – ნაღდს გეუბნები, სიზმარი ვნახეო. ვმდიდრდებითო. ეჰ, კალე, კალე... კომპიუტერის მიმცემი ვიყავი? თან თვალებიც ისე უპრიალებდა. ახლა მახსენდება – უარი ვუთხარი და მოწყენილი წავიდა. მერე... მერე აღარ მახსოვს. ჰო... აბა, როგორ მეხსომება... ზუსტად მაშინ გამომეღვიძა...

გიგის სადარბაზოსთან შევჩერდი და ავიხედე. სინათლე ენთო. შევედი. ფეხით ავიარე კიბე და ზარი დავრეკე. კარი გიგის დედამ გააღო. ახალგაღვიძებულს ჰგავდა და იყო კიდეც.

– გიგის სძინავს!

– მაშინ გადაეცით, რომ...

– გიგი ავადაა! ვითომ არ იცი...

– ია დეიდა, კალე მოკვდა...

– ვინ კალე?!.

– ჩვენი კალე...

– ვინ თქვენი კალე?.. – აძგიბა გაკვირვებით წარბები გიგის დედამ, – ვინა, ის გათახსირებული ბანდიტი და მორფინისტი?!

– ვინ მორფინისტი?

– ვითომ არ იცის!.. ამ უცოდველ კრავს დამიხედეთ! კალეო?! ძალიანაც კარგი, თუ მოკვდა!..

– ია დეიდა...

– მერე და რა შუაშია აქ ჩემი გიგი?! სად ის და სად ეს?! ტოჟე მნე, კალე! მე შენ გეტყვი, რომ ზუსტად მაგ არამზადას სიკვდილის და არგადარჩენის დრო იყო!..

– ია დეიდა, რაებს კადრულობთ...

– ხმა და კრინტი! კალე! უცებ არ ვიდარდო! ეგ დამპალი ეგა!..

– კარგი რა...

– კრინტი-მეთქი!.. ძალიან კარგად ვიცი, ვინც იყო!.. ეგ არანორმალური ეგა!.. ზუსტად ამას წინათ ვნახე სიზმარში ეგ გარეწარი! წესიერს ხომ ვერაფერს ნახავ, რა ცხოვრება წამოვიდა მაინც!.. არა, თუ წარმოგიდგენია, რა მაკადრა მაგ უპატრონო იდიოტმა, მაგან?! თითქოს მოეთრა, თმააწეწილი, გაუპარსავი... რას ჰგავდა, უნდა გენახა!.. აი, ზუსტად მანდ იდგა. ჯიბიდან ხელებიც კი არ ამოუღია მაგ თავხედს და გაუზრდელს...

– ბოდიში, ია დეიდა...

– არა, მომისმინე! კარგად დამიგდე ყური!.. იქნებო გიგი ხვალე სტადიონზე გამოუშვათ, ანდროს და კოკას არ სცალიათო! არა, თუ გეყურება შენ?! გავბრაზდი, მაგრამ რა გავბრაზდი!.. კინაღამ თვალები ამოვკაწრე! ამ დღევანდელ დღეს რა ხვალე აგიტყდა-მეთქი. მერე კიდევ, შენ რა, გიგი მოცლილი ხომ არ გგონია-მეთქი, ვუთხარი და ისიც გაჩუმდა. იდგა იდიოტივით და ხმას არ იღებდა. ცოტა ხნის მერე კიდევ მაგ უნამუსომ – მაშინ იქნებ თქვენ წამობრძანდეთ ხვალო – მე გპატიჟებთო. იქნებ მოიცალოთო... გესმის?! არა, რა მკადრა მაინც ამხელა ქალს?!.. არა, ყველაზე გადასარევი ის იყო მაინც – თან იქნებ ფულიც მასესხოთ ერთი-ორი დღით, უნდა დავდოო! სიზმარი ვნახე, რაღაცნაირიო...

– მაპატიეთ, ია დეიდა, მე წავალ და გიგის უთხარით, რომ...

– მომისმინე-მეთქი, გითხარი! ზრდილობა არ გაქვს სულ! გეტყობა, სადაც გაიზარდე! ჰოდა, თუ ფული არა გაქვთ, იქნებ ეგ ბეჭედი მაინც მათხოვოთ – აგერ, ლომბარდში ჩავაბარებო... რასაც ავიღებ, მთლიანად დავდებო... უნდა გავმდიდრდეო... სულ კინწისკვრით გავაგდე ეგ დეგენერატი, ეგა! არა, რა მაკადრა მაინც! რა სტადიონი! რა დადება! რა ბეჭედი! გავალომბარდებდი მე მაგ გაიძვერას! ჰოდა, ჩემო კარგო, ძალიანაც კარგი, თუკი მოკვდა... ძაღლიც მიაკვდეს სულში!.. ბავშვებს ხომ გვიფუჭებდა? ჰოდა, მიიღო კიდეც თავისი... ვის შერჩენია რო?..

– ია დეიდა, ადამიანის სიკვდილი რა გასახარია...

– ადამიანი იყო რო ეგ?!.. ვინ გითხრა, რომ ადამიანი ბრძანდებოდა? ეგ იყო მკვლელი და ავაზაკი! საერთოდ, რა უნდოდა ჩემი გიგისგან, რომ გამითახსირა ბავშვი. ამ ასაკში მისი პროსტატა იქნებოდა?

– ნახვამდის!

– სულ კარგად ბრძანდებოდე!

კარი მომიჯახუნა.

გარეთ გამოვედი. ისევ თოვდა. ცოტა გავიარე. ვიღაც მტრედებს თოვლზე პურის ნამცეცებს უყრიდა. კაი ხანს ვუყურე, ვიდრე მაგრად არ წამოთოვა და პატარა ნისლი არ ჩამოწვა. მერე სწრაფი ნაბიჯით გადავკვეთე დათოვლილი ქუჩა და გაჩერებას შევეფარე. ჩამოვჯექი.

სიჩუმე იდგა. ზამთარს თითქოს გადაეყლაპა ქალაქი თავის დილის ხმაურებიანად. ამ თოვლიან სიჩუმეში ყოველი ჩქამი გამოსარჩევი იყო. მანქანები იშვიათად მიმოზოზინებდნენ. მოპირდაპირე მხარეს ტროლეიბუსმა ჩაიარა. პირველ მგზავრებს კრეფდა. ნელა მიჯაყჯაყებდა. მოყინულზე მაინც უჭირდა.

სახლში ჯერ არ მიისვლებოდა: ადრე იყო – ლოლას ეძინებოდა და კარს არ გამიღებდა. გავაღვიძებდი და შემჭამდა. ვიჯექი და ვფიქრობდი. ვერც კი გავიგე, როგორ ჩამთვლიმა. გუგუნმა გამომაფხიზლა. თვალი გავახილე თუ არა, სითბო შემომეფრქვა სახეში.

ჩემ წინ ტროლეიბუსი იდგა – კარები გაეღო და თითქოს მე მელოდებოდა. ავდექი და უცებ ავედი. თავისუფალ სკამზე ჩამოვჯექი.

ჩემ წინ ბებია მოკალათებულიყო ჩანთით და ცალ ხელში ცელოფანის პარკით, რომელშიც აშკარად იკვართებოდა ახალნაყიდი კვერცხები.

– დილა მშვიდობისა! – მივესალმე ბებიას.

მან თბილად გამიღიმა და მუნჯური ჟესტებით რაღაც მითხრა. მივხვდი, რომ ბებია ყრუ-მუნჯი იყო და თვალები დავხუჭე.

 

* * *

საღამოს ყველანი შევიკრიბეთ. ათნი თუ თორმეტნი. ყველანი ძმები – ერთმანეთის და კალესიც. ანდრო ყველაზე ბოლოს მოვიდა და უცებვე დავნაწილდით. ზოგი ღამის სათევად დარჩა. დანარჩენი დილის ხალხი ვიყავით – ქელეხის ამბები ადრიანად უნდა გაგვერკვია. ვიღაცები ეკლესიაში უნდა წასულიყვნენ. ზოგი გაზეთებში გავარდა ნეკროლოგის მისაცემად. ვიღაც სურათის გასადიდებლად გაგზავნეს. ვიღაცაც მებალზამესთან გაუშვეს. მე და ანდროს კუბოზე წასვლა, მისი შეკვეთა და მოტანა გვერგო. რეზოს აგვკიდეს – თავისი განუყრელი იასამნისფერი «სემით». სადღაც, ზემოთკენ, ელიაზე იცოდა მეკუბოვე. წამდაუწუმ იმეორებდა – მოყინულია, ასვლა გამიჭირდება, მაგრამ ჩემს ცეპებს ვენაცვალე, მაინც ავალო.

ფული მე და ანდროს ჩაგვაბარეს, როგორც სანდო ხალხს. ჩვენც მეორე დილისთვის დავთქვით, ადრიანად შევხვდით და დავიძარით.

რეზო საჭესთან იჯდა, მის გვერდით – ანდრო, მე – უკან. ნელა მივდიოდით. ისევ გამალებით თოვდა. თოვდა კი არა, საერთოდაც ბარდნიდა.

– საცოდავი კალე, ტო! – ამოიოხრა უცებ რეზომ და ჩვენც მძიმედ დავაქნიეთ თავი.

კაი ხანს ჩუმად მივხრიალებდით. მერე ისევ რეზომ ამოიღო ხმა.

– გახსოვთ, მდინარეში რო გადახტა? – შარშანდელს იხსენებდა, – ვიღაც მთვრალი ბიძა რო გადაარჩინა... ტანსაცმლიანად რო ისკუპა...

– უჰ! – ამოვიოხრეთ ერთდროულად მე და ანდრომ.

– არადა, იმ თახსირ დამა-ნაშასთან ერთად არ სეირნობდა სანაპიროზე?.. რა ერქვა?

– მაკასთან ერთად, – ვთქვი მე.

– ვა, შენც იცნობ, ტო? – შემეკითხა რეზო.

– როგორ არ ვიცნობთ... – ჩემ მაგივრად უპასუხა ანდრომ და განაგრძო, – მაგ ამბის მერე ხო აღარც უნახავს. მერე მე მეუბნებოდა – მგონი, ის კაცი ღმერთმა სპეციალურად გადააგდო წყალში, რომ მე გადავმხტარიყავი, მეორე ნაპირზე გამეყვანა, გადამერჩინა და მაკასთვის იმ დღეს ცოლობა არ მეთხოვაო...

– მაგარი ქალი იყო, ისე, არა?.. – ჩამოართვა რეზომ სიტყვა.

– უცნაური... – გააწყვეტინა ანდრომ, – რა მურდალი ძაღლი ჰყავდა... დოგს რო სახელი არ ერქმევა, დოგია ის?

– მაგრამ უფროსი იყო, ტო... – ისევ ჩაეჩარა რეზო, – შვილი ჰყავდა თითქმის ჩვენხელა...

– შვილიანი ქალი ნამეტანია მაინც... – თავისთვის თქვა ანდრომ.

– რას გაიგებ... – გადააქნია თავი რეზომ, – აგერ მე, მაგალითად, ჩემზე უფროსი ნაშების ზუბი ჯერაც არ ამომიღია...

– არა, მაკა მაინც სხვანაირად მაგარი იყო... – თქვა ანდრომ.

– ახლაცაა... – წამომცდა მე.

რეზო და ანდრო ერთდროულად მომიტრიალდნენ.

– ხედავ, ტო? – იკითხა რეზომ.

– უარესი, ალბათ! – ჩაიცინა ანდრომ, – არ იცი, რა ჩათლახია? – წაჰკრა რეზოს მხარი და ჩემზე ანიშნა.

– კალე უფრო მაგარი იყო, – ვთქვი მე ღიმილით და დათოვლილ ფერდობს ავაცქერდი.

– ამას წინებზე დამესიზმრა, ტო... – დაიწყო უცებ გახსენება რეზომ.

– შეენც? – გაუკვირდა ანდროს.

რეზომ თავი თანხმობის ნიშნად დააქნია.

– მანქანას ვაკეთებ თითქოს ჩემთან, ეზოში... კარბიურატორი აჩმახებს... ჰოდა, შემოდის ეგ ჩემისა... ვახ, მკვდარზე რაებს ვამბობ... ღმერთო, მაპატიე, ღმერთო, მაპატიე, ღმერთო, მაპატიე! – გადაიწერა რეზომ პირჯვარი სამჯერ და სარკეში ვარცხნილობა შეისწორა, – მოკლედ, სიზმარში მეუნება, სიზმარი ვნახეო... მე ვთქვი – რა სიზმარი, ტო... იმან კიდევ – მაყუთია დასადები ტოტალიზატორშიო. მე ვეუნები – მაიცა რა, კალე, რა სიზმარი, ხომ არ გძმარავს-მეთქი. არაო!.. აზზე ხართ?.. ნაღდი გიჟი იყო. თვალები უბრწყინავდა ღმერთივით... ვახ, მკვდარზე რაებს ვიძახი, ტო... ღმერთო, მაპატიე, ღმერთო, მაპატიე, ღმერთო, მაპატიე! – ისევ სამჯერ გადაიწერა პირჯვარი რეზომ და ქურთუკის ბოლო ღილი შეიკრა, – იტოგში, ოცდოლარიანი მქონდა ვითომ ჯიბეში... ჰოდა, ამოვიღე, ვაძლევ, მაგრამ არ გამომართვა – ცოტაა, გაიკეთე უკანო. მე დიდ მაყუთზე მაქვს ბაზარიო. დავაი, შენი მანქანა დავაზალოგოთ და იქიდან დავდოთო. გეუბნები, ვმდიდრდებითო, ტო...

– რაღა გინდა მეტი... – მომიტრიალდა ნიშნის მოგებით ანდრო, – მერე თქვი, არ არსებობსო!

– მერე, მერე? – შევეკითხე რეზოს.

– რა მერე, ტო?!.. მერე ვითომ მანქანით გავიყვანე. მთელი გზა მეჩალიჩებოდა, მანქანა ჩავდოთო ანდა ხელზე გავმაზოთო. კიდევ გვაქვს დროვო. მაინც ვერ დამკერა. ეგრე სადაა, ტო... მინდა მე სიზმრები და ოცნებები?.. მერე ნაცნობების გახსენება დაიწყო... ვინ აღარ ჩამოთვალა – მკვდარი, ცოცხალი... მაყუთიანი მაინც ვერავინ გაიხსენა. თითქოს ყველას დანძრეული ჰქონდა. კალესაც, არ ვიცი, რა სჭირდა. სიზმარმა ეგრე როგორ უნდა აგაგდოს, ტო?..

– თან სიზმარში, – თქვა ანდრომ.

– მოვიპარავო მაშინო... – განაგრძო რეზომ, – დღისით-მზისით, ტო! ვაწყნარებ ვითომ, ვამშვიდებ. მაინც არაფერი. ატეხილი იყო. მე ვიცი, როგორცო... მაგის მეტი რა ვიციო... ჰოდა, გადამიხტა ვითომ წითელზე...

– მერე ვერ გააჩერე? – გაღიზიანდა ანდრო.

– მაიცა რა, ანდრეი... – აიქნია ხელი რეზომ, – გავაჩერე რა, გაი ვარ?..

– ეგეთი რა თამაში უნდა ყოფილიყო? – მომიტრიალდა ცოტა ხანში რეზო.

– ჩვენები და რუსეთი.

– ე... ეგ ხომ იყო? – გაუკვირდა რეზოს, – შუქი რო ჩაქრა, ტო... ვისთან ვიყავით?.. შენთან, ტო... – გაიხსენა იქვე და სარკიდან გამომხედა, – გიგიმ პივა რომ ამოიტანა და ბლომად თევზიც რომ ამოყარა...

თავი თანხმობის ნიშნად დავუქნიე.

რეზომ მოლიპულ აღმართზე მანქანა გაჭირვებით ააღოღიალა, რაღაც ჟანგიან ჭიშკართან შეაჩერა, თავზე ქუდი მოირგო და გადავიდა. გარეთ ისევ თოვდა.

– შექსპირ! – დაიძახა რეზომ სახლის მიმართულებით ხმამაღლა და შეცვლილი ხმით. თოვლში მისი ყვირილი კიდევ უფრო უცნაურად გაისმა.

მე შევიჭმუხნე და ანდროს გავხედე.

– უბერავს?

– პაროლია, ალბათ, – ამიხსნა დამცინავი ღიმილით ანდრომ.

– შექსპირ! – დაიძახა კიდევ ერთხელ რეზომ.

სახლიდან ვიღაც თავსაფრიანი ქალი გამოვიდა.

– Iტრცგბჰ ლჯვფ? – დაუყვირა რეზომ.

– Iტრცგბჰ ევტჰ! – გასცა პასუხი იმავენაირი ყვირილით ქალმა.

რეზო მანქანაში დაძმარებული სახით დაბრუნდა.

– ვა, მომკვდარაო... აზზე ხართ?

– არ იცოდი? – გავეხუმრე მე.

რეზო ვერ მიხვდა და სიგარეტს მოუკიდა. ანდრომ მე გადმომხედა.

– ეს უკვე დიდი ლიტერატურაა, არა?

თავი დავუქნიე.

– მერე? – დამეკითხა ანდრო.

– მერე?.. მერე აქ ყველაფერი ინახება... უძიროა... – მივიკაკუნე თავზე თითი, – რა წაშლის სიკვდილის მეტი...

რეზომ მანქანა მოქოქა.

– რა ვქნათ? – ჩაილაპარაკა თავისთვის და უცებ იქვე გაიხსენა, – ა, მაიცა, კიდევ ერთი ვიცი... მაგრამ შორია...

– რა ჰქვია, მოლიერი? – შეეკითხა ანდრო.

– ვისა? – ისევ ვერ მიხვდა რეზო.

– მეორე მეკუბოვეს, – განვუმარტე მე.

– არა, რა მალიარი, ტო... უსერიოზულესი მეკუბოვეა... სირი კი არ ვარ... – გაღიზიანდა რეზო, – წავედით, აბა, ისე ხომ არ დავტოვებთ კალეს... ფაქტი ხომ არა გიდევთ რამე?.. – შეგვათვალიერა უცებ ორივე და იქვე ხელი ჩაიქნია, – თუმცა ვინ უნდა იყოს ამ თოვლში...

– მე, როგორც ყოველთვის, სუფთა ვარ, – თქვა ანდრომ.

– მე გუშინ ვიბანავე, – გავიღრიჭე მე და რეზომაც მანქანა ადგილიდან დაძრა.

ქარი ფანტელებს ჰაერში ატრიალებდა. მანქანები იშვიათად გვხვდებოდნენ. ქუჩაში თითქმის არავინ იყო.

– საფლავზე ვინ წავიდა? – იკითხა ანდრომ.

– საფლავი არი... – თქვა რეზომ, – მამამისის გვერდით. მაგათი იყო თავიდანვე...

– რა ამინდია... – ვთქვი მე.

– აბა? – ჩაილაპარაკა რეზომ, – ეგეთი ყინვა მესამე კლასის მერე აღარ მახსოვს.

– სულ რამდენი გაქვს დამთავრებული? – გაელაზღანდარა ანდრო.

რეზომ მანქანა მოწყვეტით შეაჩერა და ანდროს მტრულად გადახედა.

– შენ ხომ არ გაჟრიალებს, ვაჟკაც?

– მორჩით ახლა! – დავუცაცხანე მე.

რეზოც უმალ მოეშვა და მანქანა დაძრა. კაი ხანს ჩუმად მივსრიალებდით.

– ძლივს არ ვნახე თბილისი ლამაზი?.. – აღმოხდა ანდროს, – არადა, ისე რა საშინელია... ჭუჭყიანი... სუნიანი... შურიანი... სუფთა უჟასი...

– სასაფლაოზე უფრო დიდი თოვლი იქნება, – შევაწყვეტინე მე.

– ავალთ, – დამამშვიდა რეზომ.

– გაკვალავდნენ ვითომ? – დაინტერესდა ანდრო.

– შენ რა ფრაერი ხარ, ანდრეი... – მიუგდო პასუხად რეზომ, – სტატისტიკის აზზე არა ხარ, ტო!

– რა სტატისტიკის? – ვერ მიხვდა ანდრო.

– დღეში რამდენი კაცი კვდება, იცი?

– მე რა ვიცი, დღეში რამდენი კაცი კვდება... არც ქალი ვიცი... მიქელგაბრიელი კი არ ვარ, – დაიწყო ანდრომ თავის მოკატუნება.

– ნუ, მინიმუმ? – ჩაეძია რეზო.

– აგერ, კალე მოკვდა ერთი – ეგ ნაღდი ვიცი, – თქვა ანდრომ და სიგარეტს მოუკიდა.

– ჰოდა, გაკვალული იქნება უკვე, – დააქნია თავი რეზომ და შესახვევში აუხვია, – ა, აგერაა...

– აკი შორსააო, – ვთქვი მე და უცებ მივხვდი, რომ კაი ხანს მოვდიოდით.

რეზო მანქანიდან გადავიდა და აღარ დაუძახია – პირდაპირ შევიდა ჭიშკარში.

– რას გადაეკიდე? – შევეკითხე ანდროს რეზოზე.

– ნერვებს მიშლის თავისი ტოებით ეგ ამება, ეგა... – მოკლედ მომიჭრა ანდრომ და მომიტრიალდა, – რაო გიგილომ?

– დედამისმა გააღო, არ შემიშვა... ავადააო. მეც კაი დებილი ვარ, დილის ცხრა საათზე ვადგები...

– გიგის დედა მაგარია, – ჩაილაპარაკა ანდრომ.

ჭიშკრიდან რეზო ვიღაც დაბალ, გაქუცულ კაცთან ერთად გამოვიდა. ჩვენც გადავედით.

– ხვალე იქნებაო, – თქვა რეზომ და მეკუბოვე გაგვაცნო, – გაიცანით – რემიზი. ნაღდი პრაფესიონალი პიროვნება თავის ამბავში...

ჩვენ რიგრიგობით ჩამოვართვით ხელები ჯმუხ და ხშირწარბებიან კაცს, რომელსაც ძალიან უხეში ხელისგული ჰქონდა.

– როგორ მიდის მუშაობა?.. – ჰკითხა ანდრომ მოწიწებით, – არის კლიენტი?

– ზამთარია... – გაშალა ხელები რემიზიმ უკმაყოფილოდ, – სეზონი გაზაფხულზეა... მარტი... მაისი...

– ვაა... – გაუკვირდა რეზოს.

– და ჩვენ როგორ მოგვივლი? – შევეკითხე მე.

– ხვალისთვინ, ბიჭებო... უფრო მალე ვარიანტი არაა, კი ვიცი... – ამოხრინწა რემიზიმ დასავლური აქცენტით.

– ესე იგი, როდის? – დაეკითხა ანდრო და ჯიბიდან ფული ამოიღო.

– ხვალე საღამოთი, – თქვა რემიზიმ, – წამი არ გადასცდეს ცხრა საათს. თუ გინდათ, რვაზეც მოდით... ნარდი ითამაშეთ... ოტკას გაგასინჯებთ... ნაღდი კარალიოკისაა...

– რამდენი დაგიტოვოთ? – ვკითხე მე და ფულის დანარჩენი ნაწილი ამოვიღე ჯიბიდან.

– ნახევარი, – ჩაიდუდღუნა რემიზიმ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, – მასალა ძვირია, დენი იწვება...

– მერე ლევი დენი არა გაქ? – შევეკითხე მე.

– ლევი, რა, არ იწვება? – კითხვითვე მომიგო რემიზიმ.

ანდრომ რეზოს შეხედა.

– ას ორმოცდაათი – ახლა და დანარჩენი – მერე... – ახსნა რეზომ.

ანდრომ კაცს დასტა გაუწოდა. რემიზიმ ჩამოართვა.

– რუჩკები ექნება? – შეეკითხა იქვე რეზო.

– ექნება... რუჩკებიც ექნება და ჯვარიც, – უპასუხა რემიზიმ, – თქვენ ზომები დამიტოვეთ და...

– რისი ზომები?

– კუბოსი.

– აუ, ჩემი! – იტკიცა უცებ შუბლში ხელი რეზომ, – ზომები როგორ დაგვავიწყდა, ტო?!

– რა დაგვავიწყდა?! – გაბრაზდა ანდრო, – არაფერიც არ დაგვვიწყებია... მე ვარ მეტრა ოთხმოცი... ნუ, კალე იქნებოდა ორი სანტიმეტრით მაღალი. ჩაიწერე, ძია! – მიუბრუნდა ანდრო რემიზის.

– შენა თქვი და მე დავიხსომებ, – უპასუხა რემიზიმ და სმენა დაძაბა.

– ესე იგი, სიმაღლე – მეტრი ოთხმოცდაორი. სიგანე – ჩემსისქე იყო კალე, არა? – გადმომხედა ანდრომ.

მე მხრები ავიჩეჩე.

– შენსისქე არა, ისა... – აყვირდა რეზო, – რა შენსისქე, ტო?! შენ ხარ იმასავით... მერკურისთან რო მღერის...

ანდრომ ყური არ ათხოვა.

– მოკლედ, სიგანე – ანუ წონა: ოთხმოცდაათი.

– სიგანე წონა არაა, ტო, – აშკარად გაბრაზებული იყო რეზო.

რემიზიმ უცებ ჯიბიდან მეტრიანი ამოიღო, გაშალა და ანდროს წელზე შემოაზომა.

– აეგრე რა! – თქვა ანდრომ.

– მკვდრები რო პატარავდებიან? – იკითხა რეზომ.

– პატარა პატარავდება, დიდი დიდდება, – ვთქვი მე.

რეზომ და ანდრომ გაკვირვებით შემომხედეს. მერე კაცს გადახედეს. კაცმა ჩაახველა და მეტრიანი ჯიბეში ჩაიდო.

– ჩაეტევა, – თქვა მერე მოკლედ და ჭიშკრისკენ გატრიალდა.

ჩვენ მანქანისკენ წამოვედით.

– არა ვჭამოთ? – მომესმა უცებ რეზოს შეკითხვა და თავი დავუქნიე.

– ნელსონასთან ჩავიდეთ! – თქვა რეზომ და მანქანაში ჩავსხედით.

– ეგ რომელია, ადმირალი? – ჰკითხა ანდრომ.

– ვინ ადმირალი, ტო?.. – თქვა რეზომ, – არაფერი შენ არ იცი... ჩვენი ზანგუშტი... იცი, რა ხინკალს აკეთებს?

რეზომ მანქანა ადგილიდან დაძრა.

 

* * *

კუპეში ვისხედით. შვიდასორმოცდაათიანი ბოთლი არაყი თითქმის ჩაცლილი გვქონდა, ხინკალი – სანახევროდ გათავებული, ლუდიც – ბლომად ნახვრეპი, კარი ხმაურით რომ გაიღო და კუპეში თავი ნელსონმა შემოყო.

– კიდო რაცხა-რაიმეს ხომ არ ინებებთ? – იკითხა იმერული აქცენტით და რეზოს და ანდროს ერთდროულად ჩაეცინათ.

ნელსონმა კუპეში შემოალაჯა, კარი მიიკეტა და მზერა მაგიდისკენ გააპარა.

– დავუსხათ! – გასცა განკარგულება რეზომ და მეც იმწამს ავავსე ჭიქა არყით.

– ჯერ არ გათენებულა... – ამოიწრუწუნა ნელსონმა, თუმცა აღარ დაუსრულებია. გამოწვდილი ჭიქა მოქნილი მოძრაობით მიიტანა ტუჩებთან და ხმაურით გადაიპირქვავა.

– ეგრე რა, – ვთქვი მე, პურს პატარა წავატეხე და ნელსონს გავუწოდე, – რა ხდება, ნელსონ... რა ისმის აფრიკიდან?..

– უჰ! – ამოიხვნეშა ნელსონმა, მიწოდებული პურის ნატეხი წინა კბილებით გაღეჭა და თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა, – გლახა ამინდები ყოფილა... «დისკავერიმ» ანახა...

– შენც იცნობდი კალეს? – დაინტერესდა უცებ ანდრო.

ნელსონი დანაღვლიანდა და მხრები აიწურა.

– კალეს ყველა იცნობდა, ტო... – ნელსონის მაგივრად თქვა რეზომ.

კუპეში სიჩუმე ჩამოვარდა. მე ფანჯრისკენ გავიხედე. ისევ ბარდნიდა.

– ნელსონს რატომ გეძახიან? – შეეკითხა უცებ ნელსონს ანდრო.

– მქვია და... – ჩაილაპარაკა ნელსონმა და ცარიელ ჭიქაში არაყი უკვე თვითონ დაისხა, – აწი ხსოვნა, ნათელი და სანთელი იყოს კალესი... გევიმეორო? – იკითხა იქვე და მეორე ჭიქაც უცებ გადაკრა.

– ლუდიც და არაყიც, – რეზომ ანდროს და მე ჩამოგვისხა და თავისთვისაც აივსო.

– მანდელას პონტში დაგარქვეს?.. – დასკვნასავით გამოუვიდა ანდროს და თვალი ჩამიკრა.

– მანდელასი კი არა!.. – გაღიზიანდა ნელსონი, – ესე იგი – ერთი ოტკა და სამი პივა?..

– და ეს ხინკალი შეგვიწვი, – მივუთითე შეცივებულ ხინკალზე.

ნელსონმა ხინკლიანი ლანგარი აიტაცა და კუპედან გავიდა.

– არ მომწონს, – ჩაიბურტყუნა უცებ ანდრომ და რეზოს მზერა გაუსწორა.

– ნელსონა, ტო?.. – ღიმილით აიქნია ხელი რეზომ, – ნელსონა ჩვენია.

– ჩვენია? – გაკვირვება მეჭეჭივით გამოეზარდა სახეზე ანდროს.

– დედამისიც აქ მუშაობდა ადრე... ისიც ჩვენი იყო... რამდენჯერ გადავურჩენივართ მე და კალე ადრე. პატარა ოთახი ჰქონდა აქ, იქ ეძინა. საწოლის ქვეშ გვმალავდა...

ანდროს ჩაეცინა.

– თუ საბნის?

რეზომ ხინკლის ცივი ნარჩენი გაღეჭა.

– მერე ვიღაც ზემოვოლტელებმა იხმარეს ძალით და ეგრე... კალონკაზე მუშაობდნენ ჩამსხმელებად...

– და ქვემოვოლტელებმა რა თქვეს?.. – ჰკითხა ანდრომ და არაყი ჩამოასხა.

– მე რავი... ვინ ქვემოვოლტელებმა? – ვერ მიხვდა რეზო.

– ადგილი აქ, რა, მემკვიდრეობით გადადის? – დაინტერესდა ანდრო.

– მეტი რა ექნა... რაც შეძლო, ეგ იყო, ძმაო... შვილს ადგილი შეუნახა და მოკვდა. ცოტაა, ტო? – გაიკვირვა რეზომ.

– იმათ რაღა უქნეს? – იკითხა ანდრომ ცოტა ხანში.

– ვისა, ზემოვოლტელებს?..

ანდრომ თავი თანხმობის ნიშნად დააქნია.

– რა უნდა ექნათ... ქალს არ უჩივლია და...

ანდრო რეზოს ეჭვის თვალით მიაცქერდა.

– შენ საიდან იცი ყველაფერი ეს?

– ვიცი... აგერ, კოკამაც იცის...

ანდრომ მე გადმომხედა. მე თავი დავუქნიე.

– ნელსონმა თუ იცის?.. – ჩაეძია ანდრო რეზოს.

 

1 2 3 4 5 6 7 8
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ხვედელიძე ბესო / უზარმაზარი ბაზარი